ძებნის რეზულტატი:

ყაზახეთმა შუა დერეფნით, ბელგიაში ბრინჯის პირველი ექსპორტი განახორციელა

Kazakhstan Temir Zholy-ის (KTZ) შვილობილმა კომპანიამ — KTZ Express — ბელგიის Port of Antwerp-ში ყაზახური დაქუცმაცებული ბრინჯის პარტიის [საპილოტე] ექსპორტი განახორციელა. მიწოდება შესრულდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), ე.წ. შუა დერეფნის გამოყენებით, იუწყება Trend News Agency KTZ-ზე დაყრდნობით. ტრანსპორტირება მულტიმოდალური ფორმატით — კასპიისა და შავი ზღვის მიმართულებით, რკინიგზისა და საზღვაო გადაზიდვების კომბინაციით შესრულდა. ლოგისტიკური ჯაჭვი შემდეგ მარშრუტს მოიცავდა:ყიზილორდა – აქტაუს პორტი – ფოთის პორტი – ანტვერპენის პორტი. მანამდე, ხსენებული მიმართულებით ტვირთები ძირითადად, სახმელეთო გზით, რუსეთის გავლით გადაიზიდებოდა, სემიგლავის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემდეგ კი, ტრანზიტი ბრესტისა და დუისბურგის მიმართულებით გრძელდებოდა. ახალი მარშრუტით ტრანსპორტირების ღირებულება კი, ჩრდილოეთ დერეფანთან შედარებით, დაბალია, მიწოდების სიჩქარის შენარჩუნების პირობებში. ტვირთის ტრანზიტის სავარაუდო ხანგრძლივობა დაახლოებით 30 დღეა. შუა დერეფანი წარმოადგენს სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრადიციული დერეფნების ალტერნატივას ქმნის. მარშრუტი იწყება ჩინეთში, გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებზე — ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი — შემდეგ კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და საბოლოოდ, ევროპას აღწევს. ეს მარშრუტი სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელ საზღვაო გზებთან შედარებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზია-ევროპის სატრანსპორტო კავშირების დივერსიფიკაციაში.  

სომხეთი პოლონეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან ტექნიკურ-სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. ეს გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის კაბინეტის სხდომაზე მიიღეს. „შეთანხმების ხელმოწერა შეავსებს თანამშრომლობის დღის წესრიგს, შექმნის საფუძველს ორი თავდაცვის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის წინ წაწევას,“- ნათქვამია გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში. ასევე, შეთანხმება მიზნად ისახავს ორ მხარეს შორის ტექნიკურ-სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და პროცედურების დადგენას, რომლის მიხედვითაც, ისინი ითანამშრომლებენ თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსასარგებლო პრინციპების საფუძველზე. სომხეთსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს, 2004 წლის 6 სექტემბერს, ვარშავაში სომხეთისა და პოლონეთის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.  

რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას „კომპრომისად“

დახმარების სხვა ფორმების შემცირების მიუხედავად, უკრაინის მიმართ აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერა არ შემცირებულა. ინფორმაციის გაცვლა 2025 წლის მარტში რამდენიმე დღით შეჩერდა, მაგრამ მოგვიანებით, ორივე მხარის თქმით, განახლდა. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა და მისთვის იარაღის უფასო გადაცემა. გამოცემა Axios-ის ცნობით, რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, ევროპამ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაანაცვლა. უკრაინის მხარდაჭერის კილის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ევროპის მთავრობებმა და ინსტიტუტებმა უპასუხეს ტრამპის მოწოდებას და სამხედრო დახმარება – 67 პროცენტით, ხოლო ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა 59 პროცნტით გაზარდეს. „აქსიოსის“ თანახმად, ტრამპი აიძულებს NATO-ს მოკავშირეებს, შეიძინონ ამერიკული იარაღი და თავად დააფინანსონ უკრაინის თავდაცვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის ოკუპაციისგან ბოლო პერიოში 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება. „ვერ იტყვით, რომ ომში ვმარცხდებით. გულწრფელად, ჩვენ ნამდვილად არ ვმარცხდებით. საქმე იმაშია, გავიმარჯვებთ თუ არა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  მისი თქმით, აშშ და რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასი დათმოს. „ამერიკელებიც და რუსებიც გვეუბნებიან: თუ გსურთ, ომი ხვალვე დასრულდეს, დონბასიდან გადით,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე. „მზად ვართ, ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან. მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ მივიღოთ ულტიმატუმები. ისინი აგრესორები არიან. ყველამ აღიარა ეს. ეს არ შეცვლილა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბევრი ქვეყანა, რომელიც ომის დასაწყისიდანვე იყო ან ცდილობდა, ყოფილიყო შუამავალი, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე, სხვა ქვეყნებში, ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია. „ამიტომაც უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“ - ეს დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% წაიღეს. და ჩვენ მზად ვართ, ამ მომენტში მშვიდობაზე ვისაუბროთ „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“-ს საფუძველზე. ეს დიდი კომპრომისია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა მზად არის კომპრომისებისთვის, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის. „რას გვთავაზობს რუსეთი „კომპრომისად?“ რისთვის არიან მზად? მათ თქვეს: „ჩვენ მზად ვართ, არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები.“ მაგრამ ეს ტერორიზმია. ეს ტონიც კი, ტერორიზმია. „მზად ვარ, არ მოგკლათ - მოგვეცით ყველაფერი.“ რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: მზად ვართ, კომპრომისებისთვის, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ხალხს და შვილებს, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და უკიდურესად სახიფათოა, რომ ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ. „მათ იციან, როგორ დაიცვან თავი რაკეტებისგან, სხვადასხვა ტიპის დრონებისგან - მათ შორის, ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებისგან - FPV-დან დაწყებული შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დამთავრებული. ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე სწავლობენ, რადგან ჩვენ რუსეთის თავდასხმებს ვპასუხობთ. ასე რომ, მათ აქვთ ეს შესაძლებლობა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ისინი ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ. „რას იზამენ ამ ცოდნით? სულ მცირე, ისინი ამ ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჟენევაში მომდევნო ათი დღის განმავლობაში გაიმართება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება. „ის ფაქტი, რომ ამჟამად ვერავინ ხედავს ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე დადებით განვითარებას, რეალობაა და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო საკითხებში, განსაკუთრებით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხში, პროგრესი იყო, ხოლო პოლიტიკურ საკითხებში - მათ შორის ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და სხვა მგრძნობიარე საკითხებზე - მხარეების პოზიციები განსხვავებული რჩება. ასევე ცნობილია, რომ ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო მონიტორინგის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია -  შეერთებული შტატები პირველ პასუხისმგებლობას აიღებს. კერძოდ, აშშ მომავალში ცეცხლის შეწყვეტის პროცესის მონიტორინგს უხელმძღვანელებს.  

რა ვარიანტებს განიხილავს ტრამპი ირანთან დაკავშირებით

Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს. განიხილება სხვა ვარიანტებიც. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლო სამხედრო ვარიანტებიც წარუდგინეს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისა და მისი შვილის განეიტრალებას გულისხმობს. „ტრამპი მზად იქნება, რომ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც რეალური იქნება და რომლის პოლიტიკურად „გაყიდვასაც“ აშშ-ში შეძლებს. თუ ირანელებს თავდასხმის თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ წინადადება უნდა შემოგვთავაზონ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით,“ - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, „თუ ირანი „თამაშს“ გააგრძელებს, მაშინ ტრამპს მოთმინება ამოეწურება.“ თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ის განიხილავს ირანზე შეზღუდული სამხედრო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას - ზეწოლა მოახდინოს ირანის ლიდერებზე, რათა ახალ შეთანხმებაზე დაითანხმოს. პრეზიდენტმა ეს კომენტარი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა დარტყმის შესაძლებლობის შესახებ განაცხადეს. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი წინადადებას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შეიმუშავებს და აშშ-ს წარუდგენს. ტრამპის თქმით, ირანისთვის შეთანხმების დასადებად მიცემული ვადა, მაქსიმუმ, 10-15 დღეა.   

აშშ-ის უდიდესი ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. BBC Verify-მ დაადასტურა, რომ Gerald R Ford-მა პარასკევს, გიბრალტარის სრუტეში ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით გაიარა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდისა და მისი თანმხლები დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნა ბრძანა, რადგან ტრამპი ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ზომების მიღების საკითხს განიხილავს. მოსალოდნელია, რომ ავიამზიდს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება ახლო აღმოსავლეთში მისასვლელად და ირანის წინააღმდეგ მოქმედებების დასაწყებად მზადყოფნისთვის. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკამ დიდი ძალები გადაისროლა. რა ვარიანტებს განიხილავს ტრამპი ირანთზე  

ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა

ამერიკამ მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია, ოვალურ კაბინეტში ხელი მოვაწერო აღმასრულებელ ბრძანებას ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი გლობალური ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდება“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა. ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის აპრილში დაწესებული მასშტაბური გლობალური ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა. ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“ და აღნიშნა, რომ „სხვა ალტერნატივებს“ გამოიყენებდა. „ახლა სხვა მიმართულებით წავალ, ალბათ იმ მიმართულებით, რომელიც თავიდანვე უნდა ამერჩია. ეს თავდაპირველ არჩევანზე უფრო ძლიერი იქნება,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-ის ლიდერის თქმით, ახალი ტარიფების დაწესებას 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის თანახმად განიხილავდა. თუმცა ხსენებული ტარიფები ძალაში 150 დღის განმავლობაში დარჩება, თუ მათი მოქმედების ვადის გაგრძელებას მხარს აშშ-ის კონგრესი არ დაუჭერს.  

პოლონეთი ნაღმების გამოყენების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას ტოვებს

პოლონეთი რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხისგან აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად, ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს გამოიყენებს - ქვეყანამ ოფიციალურად დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას ან გამოყენებას კრძალავს. „ეს ნაღმები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია იმ თავდაცვითი სტრუქტურისა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთში, ჩრდილოეთით რუსეთთან და აღმოსავლეთით ბელარუსთან საზღვარზე,“ - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ. მან აღნიშნა, რომ პოლონეთმა თავი უნდა დაიცვას რუსეთისგან, ქვეყნისგან, რომელსაც ძალიან აგრესიული განზრახვები აქვს მეზობლების მიმართ და რომელსაც თავად არასდროს აუღია ნაღმების აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება. პოლონეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების, რომელიც „ოტავას კონვენციის“ სახელითაც არის ცნობილი, რატიფიცირება 2012 წელს მოახდინა და 2016 წელს დაასრულა საკუთარი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგის განადგურება. დოკუმენტი ხელმომწერ მხარეებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას ან გამოყენებას უკრძალავს. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეზობელი ქვეყნები ხელახლა აფასებენ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობას. გასულ წელს ვარშავა შეუერთდა ფინეთს, სამ ბალტიისპირულ სახელმწიფოს - ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, უკრაინას და გამოაცხადა, რომ ხელშეკრულებიდან გადიოდა. რუსეთი შეერთებულ შტატებთან ერთად თითქმის სამ ათეულ ქვეყანას შორისაა, რომელიც არასდროს მიერთებია ოტავის ხელშეკრულებას.  

თურქული სამხედრო ხომალდი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად განლაგდა

DPA-ს ცნობით, თურქული სამხედრო ხომალდი TCG Anadolu, რომელიც ბალტიის ზღვაში NATO-ს სამხედრო მანევრებში მონაწილეობს, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შემაკავებელი ძალის სახით იქნება გამოყენებული. დრონების ტრანსპორტირებისა და გაშვებისთვის აღჭურვილი ხომალდი ლატვიის სანაპიროსკენ მიემართება და NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის (AIRCOM) დაქვემდებარებაში გადავა. Anadolu ამფიბიური თავდასხმის ხომალდია. ოთხშაბათს, NATO-ს წვრთნების „Steadfast Dart“ ფარგლებში, ჯარისკაცები და სამხედრო მასალები გემიდან ჩრდილოეთ გერმანიაში, პუტლოსის სამხედრო საწვრთნელი ტერიტორიის მახლობლად გადმოიყვანეს. NATO-მ „აღმოსავლეთის სენტრის“ მისია გასული წლის სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსული გამანადგურებლები და კამიკაძე-დრონები საჰაერო სივრცეს არღვევდნენ. მისიის მიზანია ალიანსისთვის დამატებითი სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მობილიზება.  

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში, „უსაფრთხოების ზონაში“ მუდმივად დარჩება

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარები ღაზის სექტორში, „უსაფრთხოების ზონაში“ მუდმივად დარჩება. „თავდაცვის ძალები სამუდამოდ დარჩება ღაზის უსაფრთხოების ზონაში,“ - აღნიშნა კაცმა. მან ისრაელის მიერ იემენსა და ირანზე გასულ წელს განხორციელებული დარტყმებზე ისაუბრა. „მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას - და ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, ახლო თუ შორს. დღევანდელი პოლიტიკა ინიციატივის, გადამწყვეტობის, საფრთხეების მოხსნისა და ისრაელის საზღვრებისა და თემების მტრის ტერიტორიიდან დაცვის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.  

დასავლეთი უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის 600 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს - შმიგალი

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო და დასავლელი პარტნიორები პარიზში უკრაინისთვის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის სახით 600 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. შმიგალის განმარტებით, გამოყოფილი თანხები შემდეგნაირად ნაწილდება: შენატანები უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდში, რომელთა ჯამური ოდენობა 250 მილიონ ევროს აღემატება, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებები SPARK პროექტის მეშვეობით ცალკე დახმარების პროგრამაზე, რომლის ჯამური ღირებულება 276 მილიონი დოლარია, საფრანგეთისგან მიღებული 71 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც 2026 წლის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი. პარიზში შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, დანიის, კანადის, ლატვიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ფინეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან.  

ტრამპმა აშშ-ის მთავრობას უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ფაილების გასაჯაროება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის სამინისტროსა და სხვა უწყებებს დაავალებს, გამოაქვეყნონ ფაილები, რომელიც მათ უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ აქვთ. „გამოვლენილი უზარმაზარი ინტერესის საფუძველზე, დავავალებ ომის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან (UAP) და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და გამოქვეყნების პროცესი, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, რომელიც დაკავშირებულია ამ ურთულეს, მაგრამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ტრამპმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა „საიდუმლო ინფორმაციის“ გამჟღავნებაში დაადანაშაულეს. „არ ვიცი, რეალურია თუ არა. შემიძლია გითხრათ, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია გასცა. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. მან დიდი შეცდომა დაუშვა,“ - აღნიშნა ტრამპმა. კითხვას, მართლაც არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, ობამამ უპასუხა: „ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს.“ მან ასევე უარყო შეთქმულების თეორიები ნევადაში არსებული სამთავრობო ობიექტის შესახებ, სადაც თითქოს, დედამიწის მიღმა სიცოცხლის ნიმუშები არსებობს. ყოფილმა პრეზიდენტმა Instagram-ის პოსტში განმარტა, რომ სამყაროს უკიდეგანობის გათვალისწინებით, ის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის სტატისტიკურ ალბათობას გულისხმობდა. 2024 წლის ანგარიშში პენტაგონმა განაცხადა, რომ „არ არსებობს მტკიცებულება“, რომელიც ადასტურებს, რომ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს უცხო პლანეტების სიცოცხლეს შეხვედრიან. ობიექტების უმეტესობა, რომლებიც შეცდომითაა მიჩნეული უცხოპლანეტელებად, დედამიწაზე შექმნილი ჩვეულებრივი პროდუქტები იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1950-იან და 1960-იან წლებში უცხოპლანეტელებისადმი ინტერესის ზრდა შეიძლება მივაწეროთ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების სატესტო ფრენებს და გარკვეული კოსმოსური ტექნოლოგიების ტესტირებას.  

ბელორუსელმა მინისტრმა ტრამპის „მშვიდობის საბჭოზე“ დასასწრებად ვიზა ვერ მიიღო

ბელორუსის წარმომადგენელი ვერ დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ბელარუსი საბჭოში ოფიციალურად მიიწვია. „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის დედაქალაქში ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ რიჟენკოვი უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზა არ მისცეს. რიჟენკოვი ლუკაშენკას ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამო მოქმედებს ევროკავშირის სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და კანადის სანქციები. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაქსიმ რიჟენკოვი ვაშინგტონში, „მშვიდობის საბჭოს“ სხდომას არ ესწრებოდა, ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტამ“ გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი, რომლის თანახმად, აშშ-ის შესაბამის სამსახურებს დროულად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სხდომაში მონაწილეობას მაქსიმ რიჟენკოვი მიიღებდა და დადგენილი წესით გაუგზავნეს დოკუმენტები ვიზის გასაფორმებლად, თუმცა მინსკის მიერ პროცედურების დაცვის მიუხედავად ვიზა არ გაიცა. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „რომელ მშვიდობასა და თანმიმდევრულობაზეა საუბარი, როცა ორგანიზატორებმა არ შეასრულეს ბელორუსის მონაწილეობისთვის საჭირო საბაზისო ფორმალობებიც კი.“ შეგახსენებთ, აშშ-ის კონტაქტები ბელორუსთან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აღადგინა. 2025 წლიდან ლუკაშენკომ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შედეგად გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა დროს დაკავებული რამდენიმე ასეული პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, აქტივისტი და ჟურნალისტი. „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაში, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა 19 თებერვალს ვაშინგტონში უმასპინძლა, 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. სახელმწიფოთა პირველ პირებს შორის იყვნენ ინდონეზიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტები და უნგრეთის, სომხეთის, ალბანეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები. „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე გადაწყვეტილება გამოაცხადა: ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ, ბაჰრეინმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და კუვეიტმა ღაზის სექტორის აღსადგენად საბჭოს ბიუჯეტში შეიტანეს, საერთო ჯამში, შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი, კიდევ ათ მილიარდს კი აშშ შეიტანს. ორი მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდება გაეროს მეშვეობით. FIFA-ს ინიციატივით სპორტული პროექტებისთვის 75 მილიონი დოლარი შეგროვდება. „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე ტრამპმა გამოაცხადა ღაზის სექტორში სტაბილიზაციის ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაც: სამხედროებს და პოლიციელებს გაგზავნიან ინდონეზია, მაროკო, ალბანეთი, კოსოვო და ყაზახეთი. ყველაზე მეტს, რვა ათასამდე სამხედროს - ინდონეზია. საერთაშორისო კონტინგენტს, რომელშიც, საერთო ჯამში, 20 ათასი სამხედრო უნდა იყოს, ამერიკელი გენერალი ჯასპერ ჯეფერსი უხელმძღვანელებს. საერთაშორისო ძალებმა ღაზის სექტორში უსაფრთხოება უნდა დაიცვან ისრაელსა და ეგვიპტესთან ერთად და ადგილობრივი საპოლიციო ძალები უნდა მოამზადონ. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, აშშ ღაზის სექტორში გეგმავს ხუთი ათას სამხედროზე გათვლილი ბაზის განთავსებას. აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას. საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც. აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და რუსეთიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა. „მშვიდობის საბჭოში“ მუშაობაზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა. ტრამპის ინიციატივისადმი კრიტიკულად განწყობილთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად უკვე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო. „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ საბჭო არ იქნება გაეროს შემცვლელი. 2025 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ გაიყვანა გაეროს არაერთი სტრუქტურიდან და შესაბამისად, მათი დაფინანსებაც შეწყვიტა. აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივანი გააფრთხილა, რომ ორგანიზაციას ფინანსური კოლაფსი ელის.  

უნგრეთი უკრაინას 90 მლრდ-იანი სესხის დაბლოკვით, სლოვაკეთი კი, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენის გავლით, რუსული ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა. მისი თქმით, „უკრაინა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არღვევს.“ „უკრაინა ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით, ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით უნგრეთს შანტაჟს უწყობს, რათა არჩევნებამდე საწვავის ფასები გაიზარდოს. ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება,“ - წერს სიიარტო X-ზე. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით ორშაბათამდე არ განაახლებს, მაშინ ის „შესაბამის სლოვაკურ კომპანიებს დაავალებს, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმავე დღეს შეაჩერონ.“ სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით, „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო, ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს. უკრაინის სახელმწიფო ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის, „უკრენერგოს“ მონაცემებით, სლოვაკეთზე უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტის დაახლოებით 17% მოდის. ცნობისთვის, შარშან დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდ ევრომდე გამოუყოფენ. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. პირველი სახსრების გამოსაყოფა ჯერ კიდევ საჭიროებს ევროკავშირის საბჭოს საბოლოო დამტკიცებას, რომელიც ეროვნული მინისტრებისგან შედგება. ახლა კენჭისყრა გადაიდო. დაგეგმილი თანხები განკუთვნილია უკრაინის ყველაზე გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად 2027 წლის ბოლომდე. საერთო თანხიდან 60 მილიარდი ევრო თავდაცვისთვის არის განკუთვნილი. 18 თებერვალს უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეწყვიტეს დიზელის საწვავის მიწოდება უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენი “დრუჟბა” მწყობრიდან გამოვიდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა, რომლებიც დიდწილად დამოკიდებულნი არიან მილსადენით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე, კიევს ადანაშაულებენ იმაში, რომ პოლიტიკურ მიზეზთა გამო შეგნებულად აჭიანურებს სარემონტო სამუშაოს.  საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ უნგრეთს შეახსენა, რომ რუსული ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ რუსეთის აგრესიამ და დრუჟბას ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე მისმა დარტყმებმა გამოიწვია.  თავის მხრივ, ხორვატიის ეკონომიკის მინისტრმა ანტე შუშნიარმა განაცხადა, რომ ხორვატია მზადაა, დაეხმაროს უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის ტრანზიტში, მაგრამ არა რუსული ნავთობის, რადგან ის აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. მან აღნიშნა, რომ ადრიას მილსადენი მზადაა და შესაბამისად, აღარ არსებობს ტექნიკური გამართლება იმისა, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა რუსულ ნავთობზე დამოკიდებული დარჩეს.  ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ნავთობის იმპორტზე (მათ შორის მილსადენების საშუალებით) შეზღუდვები დააწესა, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, გამონაკლისი დაუშვა. 2026 წლის 16 თებერვალს ბუდაპეშტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ასევე დროებით გამონაკლისი დაუშვან ზღვაზე გასასვლელის მქონე ხორვატიისთვისაც, რათა ნავთობსადენ „ადრიას“ (Adria) საშუალებით, ბუდაპეშტმა შეძლოს რუსული ნავთობის მიღება. „უკრინფორმმა“ 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია წერილის შესახებ, რომელიც ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობამ გაუგზავნა ევროკომისიას. წერილში ნათქვამია, რომ მილსადენ „დრუჟბას“ მიმდინარე რემონტთან დაკავშირებით უკრაინის მხარე გამოდის წინადადებით, განიხილონ ევროპის ქვეყნებში ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მათ შორის, საზღვაო გზით „ოდესა-ბროდის“ მილსადენის მეშვეობით. „ნავთობსადენის შეკეთების ვადებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმყოფებით უწყვეტ კონტაქტში უკრაინასთან, ვცდილობთ, გავარკვიოთ, რამდენად სწრაფად შეძლებს „დრუჟბა“ მუშაობის განახლებას,“ - განმარტა ევროკომისიის პრესსპიკერმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო მზად არის, მოიწვიოს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი შესაბამის მხარეებთან ერთად, საწვავის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების განსახილველად. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის საკმარისი მარაგები აქვთ და მათი მომარაგების უსაფრთხოებას მოკლევადიან პერსპექტივაში პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით, ნავთობის მიწოდება იანვრის ბოლოდან შეფერხდა რუსული დაბომბვის გამო. კიევი ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის შესყიდვები ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებას.  

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი, რომლის მონაწილე საქართველოა, ახალ ეტაპზე გადავა

მარტის დასაწყისში, სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, ახალ ეტაპზე გადავა. ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონში განახლებადი ენერგიის ტრანზიტისა და ექსპორტის გაძლიერებას.  კერძოდ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა ისაუბრა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ დაგეგმილ პროექტზე, რომელშიც აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი მონაწილეობენ.  მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR დიდი ხანია, თურქეთისთვის მთავარი მომწოდებლები არიან და რომ უახლესი შეთანხმება უზრუნველყოფს ენერგეტიკული ვაჭრობის გაგრძელებას 2030 წლის შემდეგაც. მანვე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა მხოლოდ ბუნებრივი აირით არ შემოიფარგლება. „არსებობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, ნახჩივანში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთსა და ევროპაში. პირველი ხელმოწერები უკვე გაკეთებულია. სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, მარტის დასაწყისში, ჩვენ ვგეგმავთ პროექტის გადაყვანას შემდეგ ეტაპზე,“ — განაცხადა ბაირაქტარმა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესში ენერგეტიკის სფეროში პოტენციური თანამშრომლობის შესახებ კითხვაზე ბაირაქტარმა განაცხადა, რომ სომხეთიც შეიძლება, გახდეს „მწვანე დერეფნის“ ინიციატივის ნაწილი. „როდესაც ნორმალიზაციაზე ვსაუბრობთ, ასევე ვგულისხმობთ ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციას.“ „ჩვენ შეგვიძლია, ენერგეტიკის სფეროშიც განვავითაროთ თანამშრომლობა. შესაძლოა, იქ კარგი შესაძლებლობები იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ყველასთვის სასარგებლო გზით წავა,“ - განაცხადა ალპარსლან ბაირაქტარმა. ბაქო იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან  

კალასის დოკუმენტში, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის მხრიდან დათმობებს ეხება, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც არის საუბარი

„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ,“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „თუმცა პირველი საკითხია ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკვე არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს,“ - განაცხადა კაია კალასმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სულ მცირე, 30 შეთანხმება და ვალდებულებაა, რომლებსაც რუსეთი ახლა არ ასრულებს. „მოლდოვაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდნენ. ასევე, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც,“ - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. კალასის განცხადებით, სიმართლეა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ბევრი ტერიტორია და მათი ძალები განლაგებულია სხვადასხვა ნაწილში — იქნება ეს საქართველო, თუ იქნება ეს მოლდოვა. ამიტომ, ევროპელი დიპლომატის შეფასებით, ცხადია, რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭიროა, მათ დატოვონ ყველა ის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც იმყოფებიან. მისივე შეფასებით, ევროკავშირის ეს მოთხოვნები საჭიროა მოლაპარაკებებში სიტუაციის ოდნავ დასაბალანსებლად და ფოკუსის რეალურ პრობლემაზე გადასატანად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას.  უფრო ადრე, მედია წერდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების დონის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისადმი ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა ითვალისწინებს ბელორუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში.  

ევროკავშირმა რუსი მოსამართლეები, პროკურორი და გამომძიებელი დაასანქცირა

ევროკავშირმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რვა პირს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ სასჯელაღსრულების კოლონიებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელები. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამო ევროკავშირმა რუს მოსამართლეებს, ერთ პროკურორსა და ერთ გამომძიებელს სანქციები დაუწესა. „დღეს საბჭომ სანქციები დაუწესა რვა პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებზე, ასევე რუსეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. დაწესებული სანქციები მათთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.  

ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს უკრაინის ენერგოქსელის სტაბილიზაციაში დახმარების თხოვნით მიმართავს, ის ასეთ დახმარებას აღარ მიიღებს. ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს, სლოვაკეთი მზადაა, მიიღოს შემდგომი ზომები, მათ შორის გადახედოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას. ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგო“ აცხადებს, რომ სლოვაკეთიდან საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინის ენერგოსისტემაზე გავლენას არ მოახდენს. კომპანიის განცხადებით, უკრაინამ სლოვაკეთს საავარიო დახმარება ერთ თვეზე მეტი ხნის წინ სთხოვა და ძალიან შეზღუდული მოცულობით. „საავარიო დახმარება სლოვაკეთიდან საკმაოდ იშვიათად შემოდიოდა უკრაინის ენერგოსისტემაში და საუბარია მოკლევადიან მიწოდებაზე,“ – აღნიშნა კომპანიამ. „უკრენერგომ“ ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთის სისტემური ოპერატორი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ. ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას „შანტაჟსა“ და რუსული ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზეზი ნავთობსადენზე განხორციელებული რუსული თავდასხმაა.  უნგრეთი უკრაინას 90 მლრდ-იანი სესხის დაბლოკვით, სლოვაკეთი კი, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება  

დააკავეს ბრიტანეთში აშშ-ში ყოფილი ელჩი, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს - მედია

ლონდონის პოლიციამ აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააკავა. Sky News-ის ცნობით, პიტერ მანდელსონი პოლიციამ „თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე დააკავა.“ ლონდონის პოლიციამ ოფიციალურ განცხადებაში დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა. პოლიციის ცნობით, უილტშირისა და კამდენის რაიონებში მდებარე ორ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ცნობისთვის, აშშ-ში ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პიტერ მანდელსონი აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე გასული წლის თებერვალში დანიშნა, ხოლო სექტემბერში გაათავისუფლა. ეპშტეინის მასალების თანახმად, მანდელსონმა გარდაცვლილ ფინანსისტს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები გაუგზავნა. მასალების საფუძველზე დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მანდელსონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.  

კალასი: ვმუშაობთ, რომ შენგენის ზონაში არ დავუშვათ ასობით ათასი ყოფილი რუსი ჯარისკაცი

ევროკავშირი რუსეთის დიპლომატიურ მისიას 40 თანამშრომლამდე შეზღუდავს და ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ დავასანქცირეთ კიდევ უფრო მეტი პირი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. მე ასევე გადავწყვიტე, რომ მაქსიმუმამდე შევამცირო ევროკავშირთან რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის რაოდენობა – 40 ადამიანამდე. ჩვენ არ შევეგუებით დიპლომატიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და კომისიასთან ერთად ვმუშაობთ, რომ შენგენის ზონაში არ დავუშვათ ასობით ათასი ყოფილი რუსი ჯარისკაცი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ქუჩებში ომის დამნაშავეები და დივერსანტები დადიოდნენ,“ - განაცხადა კალასმა. კალასმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის (FIMI) საკითხზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე ომი არამხოლოდ იარაღით, არამედ, „ტყუილებითა და ალგორითმებით“ მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი წელს გავლენის მოხდენის კამპანიებზე მილიარდების დახარჯვას გეგმავს. კალასი მტრული ონლაინ საქმიანობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა. მან დემოკრატიების დასაცავად, დეზინფორმაციული ქსელების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. „იმ ქერა ვირთხამ, თქვა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასიათასობით ყოფილმა რუსმა სამხედრომ შენგენის ზონაში ფეხი ვერასდროს დადგას. რა დანაკლისია ჩვენი მებრძოლებისთვის. რა გაეწყობა, მათ შეუძლიათ, თუ მოინდომებენ, იქ უვიზოდაც შევიდნენ,“ - წერს მედვედევი. ევროკავშირმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რვა პირს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ სასჯელაღსრულების კოლონიებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელები.  

დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV-ს“ სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს.“ დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების [მომსახურება, როცა ერთი პირი ან კომპანია მართავს სხვის ქონებას, აქტივებს ან უფლებებს მის ნაცვლად, შეთანხმებული პირობებით] აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას. სანქცირების საფუძველზე საუბრისას დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ხსენებული მედიასაშუალებები ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, ძირითადად საქართველოში მყოფი აუდიტორიისთვის -  ინფორმაციას, რომელიც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.“ ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ ორივე ტელევიზია რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.“ ცნობისთვის, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. განახლება: დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას განცხადებით გამოეხმაურა „იმედი.“