ძებნის რეზულტატი:

უკრაინელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით, გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი მიმდინარეობს

NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების ცნობით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან. „საერთაშორისო კურსის მონაწილეები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-გადარჩენისა და ევაკუციის ტექნიკას ეუფლებიან. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენებაც უწევთ. ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. მათ თოვლიან რელიეფზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც მათ ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე და ზემოთ სროლა განახორციელეს. ზამთრის შუალედური სამთო კურსი 11 თებერვალს საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში დაიხურება“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: არავინ ამბობს, რომ უკრაინა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება

არავინ ამბობს, რომ უკრაინა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. უკრაინას ქვეყნის შიგნით ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ France 24-თან ინტერვიუში. „არავინ ამბობს, რომ უკრაინა ნატოში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. უკრაინას ქვეყნის შიგნით ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ ასევე გვჭირდება კონსენსუსი ნატოს შიგნით. დღეს ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსი უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, არცერთ მესამე მხარეს არ აქვს ვეტოს უფლება სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრი შედეგები ემუქრება

"უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური ემუქრება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა მოამზადა სანქციების "მყარი" და "ყოვლისმომცველი" პაკეტი მოსკოვისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაზე უარესი სცენარი განხორციელდება. ”არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა დიპლომატიაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.

პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა.

შს მინისტრის მოადგილე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინ ფურლისთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმარს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში სტრუქტურული რეფორმისა და საკადრო რესურსის გაზრდის კუთხით განხორციელებული პოზიტიური სიახლეები, რომლებიც თავშესაფრის პროცედურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი – „საზღვრის და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის“ (BMMAG). პროექტი 2022-2023 წლებში განხორციელდება და სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს რიგ აქტივობებს, თავშესაფრის პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის.

რუსთავის სასამართლომ დავით კირკიტაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი მოთხოვნა იყო, მოსამართლეს კირკიტაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა. ამასთან, სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ ბრალდებას არ ეთანხმებოდა.

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი: 18 წლის ასაკიდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მგონია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი ფრანკ ულრიხ მონტგომერი 18 წელს გადაცილებულების სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა 2023 წლის ბოლომდე უნდა მოქმედებდეს. „18 წლის ასაკიდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა უახლოესი ორი წლის განმავლობაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მგონია“, - განაცხადა მონტგომერმა.

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, დედამიწას „პოტენციურად საშიში“ ასტეროიდი უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, ასტეროიდი, რომელიც 43000 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს, დედამიწას 4 მარტს მოუახლოვდება.

იენს სტოლტენბერგი: NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ

NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ისინი NATO-ს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს შემდგომი გაფართოებისგან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. „საუბარია არა NATO-ს გაფართოებაზე, არამედ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლების პატივისცემაზე, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, სურთ თუ არა ალიანსის წევრობა. ნატო პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ NATO-ს ნაწილი გამხდარიყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კოვიდვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს. პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ. ვაქცინაციის კამანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის მოსახლეობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი წახალისების პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიანი დანამატის მიღებას გულისხმობს.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას  მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მათივე ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა. „სამართალდამცველები მაშინვე ჩაერთნენ საქმეში. რაც შეეხება ქანდაკების დაზიანებას, 2017 წელსაც მოხდა მსგავსი რამ, ქანდაკებას მოტეხილი ჰქონდა ხელი და თავი. ქანდაკება არის ბრინჯაოს მხედარი ქალი, რომელიც დაიდგა 2016 წელს. მისი ავტორი გახლდათ მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია“, – განაცხადა დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსმა, ნანა ხუბუამ.

ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებებს პასუხობს

ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებებს პასუხობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია კონკრეტული პირების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის ტირაჟირება სხვადასხვა წყაროებით. „მაგალითად, აქვთ მცდელობა საზოგადოების თვალში 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი დააზიანონ, რასაც უკვე აქვს კამპანიური ხასიათი. საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დეზინფორმაციისა და ცილისწამების კამპანია დღეს ორკესტრირებულად გაგრძელდა ზოგიერთ მედიასაშუალებაში თითქმის იდენტური სიუჟეტებით. „პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია ხსენებული პროცესის მიმართ (მისი პოზიციები კი საეჭვოდ ემთხვევა ცალკეული ძალების დაუფარავ საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაციისთვის), მაშინ როცა, შუალედური არჩევნების გამოცხადების მომენტიდან, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული ნაბიჯი გამოირჩეოდა მაღალი გამჭვირვალობით და საჯაროობით, როდესაც ცესკოს თითოეული წევრი - პროფესიული ნიშნით არჩეული თუ პარტიების მიერ დანიშნული, აქტიურად იყო ჩართული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევისას გასაუბრების პროცესში. გასაუბრება კანდიდატებთან წარიმართა ცესკოს სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირებით (კონკურსანტების თანხმობით); ცესკოს წევრების უმრავლესობამ გამოიყენა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა. პირდაპირი ეთერით წარიმართა ცესკოს სხდომაც, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის კონკურსი ფორმალური იყო და მიუკერძოებლობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ქუთაისი-საირმეს მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი დაწესდა

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კმ28-კმ50 მ,(ქუთაისი-საირმე) მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერმა ქარმა ბოდბისხევში მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  როგორც ცნობილია, თავშესაფარში ამჟამად 14 მოხუცი ცხოვრობს. „თავშესაფარს მეორე სართულზე ცემენტი აქვს დასხმული და წვიმის შემთხვევაშიც კი იქ წყალი არ ჩავა. ამიტომ მოხუცები ადგილზე დარჩებიან“, - თქვა მერის წარმომადგენელმა ვახტანგ გოზალიშვილმა.

აშშ-მ ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა

აშშ-მ ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა, რათა ამოქმედდეს ბირთვულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში საბოლოო ფაზაში შედის.   სანქციების შეზღუდვის მექანიზმი გააუქმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როცა მან აშშ-ს ბირთვული შეთანხმება დაატოვებინა და კვლავ დაუწესა თეირანს გამანადგურებელი სანქციები. სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი ანგარიში, რომელშიც ახსნილია, რომ სანქციების გარშემო გამონაკლისების დაშვება ხელს შეუწყობს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებას, მიაღწიონ მონაწილეებმა ბირთვული შეთანხმების - „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) აღდგენას.  სანქციების შეზღუდვის მექანიზმის აღდგენა გაამარტივებს დისკუსიას, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ კვლავ განხორციელების გარშემო შეთანხმებას და საფუძველს შეუქმნის ირანს, დაუბრუნდეს ამ გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - ვკითხულობთ ანგარიშში, რომლის ასლიც Reuters-ის სააგენტომ მოიპოვა.

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი: უკვე პიკში ვიმყოფებით. ალბათ პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია.  „ვფიქრობ, უკვე პიკში ვიმყოფებით. ალბათ პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს . შესაბამისად, მომართვიანობამაც მოიმატა, მოიმატა ტესტირების მსურველთა რაოდენობამ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიმატა აცრის მსურველებმა. „დელტას“ შემთხვევაში ბევრად მეტი იყო მძიმე პაციენტები, შედარებით ნაკლებია „ომიკრონის" შემთხვევაში. თუმცა მათ, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ვისაც აქვს მძიმე მიმდინარეობა, მკურნალობის პრინციპი ერთი და იგივეა“, - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ირანის პარლამენტის 290 წევრიდან 50-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის პარლამენტის 290 წევრიდან 50-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანელმა დეპუტატმა ალირეზა სალიმიმ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო YJC-ს განუცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტის სესია ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით ჩატარდება. პარლამენტის წევრებს შორის კორონავირუსის გავრცელების გამო ირანის პარლამენტმა გასული წლის აპრილში მუშაობა ორი კვირით შეაჩერა. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსს რამდენიმე დეპუტატი ემსხვერპლა.

კელი დეგნანი: ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, კარგი ამერიკული კომპანიები მოვიზიდოთ, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა.„ინვესტორებს სურთ, კარგად ესმოდეთ საინვესტიციო გარემო, სურთ, იცოდნენ ის, რომ თუ საკონტრაქტო დავა ექნებათ, გადაწყდება თუ არა ის სწრაფად სასამართლოში, სამართლიანია თუ არა თამაშის წესები, ტენდერებში ვინმეს ფავორიტები იმარჯვებენ თუ უცხოელი ინვესტორები - ამით იქმნება რეპუტაცია. საქართველომ უნდა შექმნას რეპუტაცია.ინვესტორები ეძებენ ბაზრებს და როდესაც კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, უნდა დაინახონ, რომ საქართველო ფულის ჩასადებად უსაფრთხო ქვეყანაა. აქ მთავრობას საკუთარი როლი აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება. მთავრობას სტრატეგიული გეგმები უნდა ჰქონდეს, რომლებსაც ინვესტორებს აჩვენებს და იტყვის თუ საით მიდის ქვეყანა. ამაში შედის პორტები, საგზაო და კომუნიკაციების ქსელი. თუ მთავრობა ამას საქართველოს მარკეტირების მიზნით გააკეთებს, ვფიქრობ, უფრო მეტ კარგ ამერიკულ ბიზნესს მოვიზიდავთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი: უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა

"უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა. მისივე თქმით, უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი. „საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, ძალიან რთული პერიოდები იყო. ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი არაფერია. ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი.საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ახლა უნდა აღსრულდეს და უნდა მოხდეს კანონის დამოუკიდებელი აღსრულება. კარგად ჩანს, თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.      

კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მთავრობას „მტკიცედ სთხოვს“, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს. როგორც კელი დეგნანი „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში„ხედვა ვაშინგტონიდან“ განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ბრალდებები, რათა „საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“. „ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად ცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს. ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს და მის წინააღმდეგ ბრალდებები სრულად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.