ძებნის რეზულტატი:
კელი დეგნანი: რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს
რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. “საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის. საქართველო უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.
კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოლიტიკიდან გასულიყო, მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს
"ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. “ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა. ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს", - განაცხადა დეგნანმა.
თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში დაწერა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. „COVID19-ის ტესტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან“, – ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს. ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.
ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება
ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ შუადღეს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. აალების მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 362 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 383 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 979 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%, ბოლო 14 დღის - 30.65% ხოლო 7 დღის - 27.00%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 089 091. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 212 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა - 1 456, იმერეთი - 2 988, ქვემო ქართლი - 1 008, შიდა ქართლი - 1 147, გურია - 417, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 233, კახეთი - 828, მცხეთა-მთიანეთი - 336, სამცხე-ჯავახეთი - 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 72. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 274 საიდანაც: 5 850 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 354, აჭარაში - 781, იმერეთში - 1 246. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 150, იმერეთში - 352. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პაციენტი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 42, იმერეთში - 29. 1 962 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 569 - აჭარაში. 202 462 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 3.
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 2 443-მა ადამიანმა გაიკეთა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 443-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 750 228 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 314 603 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 089 154, გარდაიცვალა 15 202 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
საქართველოში 12-17 წლის 13 757 მოზარდია კორონავირუსზე ორჯერადად აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 12-15 წლის მოზარდებში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 954 (2.23%) სრულად აცრილია 2 852 (1.61%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 468 (15.38%) სრულად აცრილია - 10 905 (13.45%). 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 443-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 750 228 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 314 603 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 089 091, გარდაიცვალა 15 212 პაციენტი.
ავსტრიაში ზვავის გამო 8 ადამიანი დაიღუპა
ავსტრიაში, ტიროლში, 2 დღის განმავლობაში, ზვავის გამო, 8 ადამიანი დაიღუპა. სულ, 2 დღეში 3 ზვავი ჩამოწვა. მიზეზი ტემპერატურის მოულოდნელი მატებაა, რამაც თოვლის მასის მოწყვეტა გამოიწვია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. იქამდე, კიდევ ერთ ზვავს 42 წლის ავსტრიელი მოთხილამურე და გიდი, ასევე, მასთან ერთად მყოფი 4 შვედი დამსვენებელი ემსხვერპლა. ამავე ჯგუფის ერთმა შვედმა წევრმა, სამაშველო სამსახურის გამოძახება შეძლო და გადარჩა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, 112 განცხადებას ავრცელებს
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილია. 112 მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. „112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც მუშაობას აფერხებს. გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად: • 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება; • 112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური; • 112-2 -Covid -19 Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე. 112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები, შემდგომი მონიტორინგისთვის, გადაეცემა ოჯახის ექიმებს. თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ, დარეკოთ ცენტრალური ონლაინკლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში, თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“, - აღნიშნულია 112-ის განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში აცხადებენ, რომ 112 პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა
უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ჯარისკაცები მეორე ნაწილის ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.
ამერიკის ელჩი: ვერ გეტყვით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრიორიტეტების სიაში სად არის
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ია მეურმიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რამდენად მალე შეიძლება ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდეს. კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა. „ამ საკითხზე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს აქვს მთავარი როლი. ვერ გეტყვით იმას სად არის ეს საკითხი პრიორიტეტების სიაში. ის, რის თქმაც შემიძლია, ის არის რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე უწყვეტად ვმუშაობთ. გასულ წელს ჩვენს შორის ვაჭრობამ ისტორიაში პირველად 1 მლრდ დოლარს მიაღწია. აშშ-ში ქართული ღვინის ერთი მილიონი ბოთლი გაიყიდა. ჩვენს შორის ვაჭრობა ფართოვდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, თუ მის გარეშე. ეს საკითხი განრიგშია, თუმცა ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში აშშ მე-5 პოზიციაზეა. საქსტატის ანგარიშით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.
ამირან გამყრელიძე: იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა
იანვარში კორონავირუსით რეინფიცირების რაოდენობამ 50 ათას შემთხვევას გადააჭარბა, - ამის შესახებ "კურიერთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონის დამახასიათებელი ნიშნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვერდს უვლის სხვა შტამებს და რეინფიცირების შანსი ბევრად დიდია, ვიდრე სხვა ვარიანტების დროს. "ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, ის 14 პროცენტი იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და 50 000-ზე მეტი, დაახლოებით 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში," - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. ამასთან, გამყრელიძის თქმით, ქვეყანა ახლა კოვიდის გავრცელების პიკში იმყოფება, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება.
შსს-ს ცნობით, თბილისსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ამოიღეს
თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, 3 პირი დააკავეს, რომელთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, EKOL-ის ფირმის, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე, კუსტარულად გადაკეთებული 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.შ. -ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 2 ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ე.წ. ბარაბნიანი პისტოლეტი და სანადირო თოფის ორი მასრა. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ხ.ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ხონში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვი-პმ-ის“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. აღნიშნული დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ამერიკის ელჩი: ვაკვირდებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, როგორც ინდიკატორს, რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემსუბუქების თემაზე ისაუბრა ამერიკის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა ამ საკითხს შეერთებული შტატები. ელჩის შეფასებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. „ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ წვლილს და მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
კელი დეგნანი: შეერთებული შტატები და საქართველო, როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით
ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ქვეყნისთვის ღირებული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ წელს და მანამდეც აშშ-ის კონგრესიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან დემოკრატიულ პროცესების უკუსვლაზე შეშფოთებები მოვისმინეთ. პირადად თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ დემოკრატიული პროცესის დასაცავად. საქართველოს მთავარობა კი აცხადებს, რომ რეფორმების პროცესი გეგმიურად პარტნიორებთან კოორდინაციით მიდის. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ურთიერთწინააღმდეგობა. შეერთებული შტატები მეტ რეფორმას ითხოვს, საქართველოს მთავრობას კი დამკვირვებლების შეფასებით, რეფორმების ნაწილში ჩავარდნები აქვს? რის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ უკეთესს პროცესს შეუწყოს ხელი და რა მოხდება, თუ არაფერი შეიცვლება? - ამ კითხვით მიმართა კელი დეგნანს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა. „ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლო და საარჩევნო რეფორმები მთავარ პრიორიტეტად დაისახეს. ამ მხრივ, მეტი ძალისხმევა უნდა დავინახოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, იმისთვის, რომ რეფორმები ღირებული იყოს, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს. საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა დიდი ხანია, რაც აქვს და ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც კარგი მეგობრები, ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით და როგორც კარგი მეგობრები, ერთმანეთს უთანხმოებაზე ვეუბნებით. ხდებოდა სწორედ ეს, პირდაპირი გამოხატვა იმის, თუ რა იმედები გვაქვს, ან რისკენ მოვუწოდებთ საქართველოს საკუთარი დემოკრატიის ასაშენებლად. აშშ მზადაა, საქართველოს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში დაეხმაროს. ვერაფერს, რაც ამას ეწინააღმდეგება და რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, გვირჩევია ეს კერძო საუბრები იყოს, მაგრამ ზოგჯერ საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს, როდესაც რეფორმების ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ეს ღია საუბარია და ჩვენ ამას როგორც საქართველოს მეგობარი, ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის. „არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა. პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ეპიდემიისგან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. გეგმური აუდიტორული შემოწმება მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის პერიოდს მოიცავს. როგორც 2016 წელს ჩატარებული შიდა აუდიტისა და 2013 წელს ჩატარებული აუდიტის დასკვნებში, მიმდინარე წლის 4 თებერვლის დასკვნაშიც მძიმე დარღვევებზეა საუბარი. „აღნიშნული ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი), ამასთან, ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება
პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. ასევე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება. ამასთან, დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის გამოსაკვლევი საკითხი იქნება ასევე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება.