ძებნის რეზულტატი:

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, მრავალათასიანი აქცია გაიმართა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, მრავალათასიანი აქცია გაიმართა. „ხარკოვი უკრაინაა“, „შეწყდეს რუსული აგრესია“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. „ჩვენ არ გვინდა რუსეთი. მე ყირიმში დავიბადე. საკმარისია, მათ მე უკვე წამართვეს სამშობლო. მე აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ, ჩემი მშობლები რუსეთიდან არიან, მაგრამ აღარ მსურს ოკუპანტების ნახვა“, - ამბობენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან 42 კილომეტრში მდებარეობს.

ამირან გამყრელიძე: მძიმე პაციენტთა რაოდენობა არ იზრდება, „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაცია სერიოზულია და აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია. „პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბთს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებითმ რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია. 210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცი 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტლებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ. თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, სტამბოლსა და ერევანს შორის ორმხრივი ჩარტერული ფრენები 2 თებერვალს განახლდა. პირველ მგზავრებს ყვავილებითა და შოკოლადებით დახვდნენ. ზვარტნოზის აეროპორტმა პირველი რეისი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ორ თებერვალს, 02:20 საათზე მიიღო. რეისი Pegasus Airlines-მა შეასრულა. 2020 წლის თებერვალში თურქეთის ავიაკომპანია Atlasjet-ის გაკოტრების შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი ფრენები არ განხორციელებულა. ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს სომეხთა გენოციდის, სომხეთის მიერ ყარსის ხელშეკრულების არცნობის და თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერის საკითხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას, თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს „ციურიხის ოქმებს“ 2009 წელს, მაგრამ ვერ მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში. ორმხრივმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციის თვალსაზრისით ცოტა ხნის წინ, ახალი განზომილება შეიძინა. თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სერდარ კილიჩმა და რუბენ რუბინიანმა 14 იანვარს გამართეს პირველი შეხვედრა მოსკოვში, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებდნენ მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე, რაც მიზნად ისახავს ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში კიდევ ერთი დადებითი კონტურია, რომ სომხეთი თურქულ იმპორტზე ემბარგოს აუქმებს.  ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სავარაუდოდ, მარტში, თურქეთის ყოველწლიურ ანტალიის დიპლომატიის ფორუმს დაესწრება, თუმცა სომხეთს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

ბიძინა კოლუმბეგოვი: თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება

თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კოლუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. ბიძინა კულუმბეგოვი დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მაჩვენებლებს აქვეყნებს და აცხადებს, განსხვავებებს სწორედ ვაქცინაციის მაჩვენებელი განაპირობებს. "დანია - აქტიური შემთხვევები 575 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%); ვაქცინაციის მოცვა 84.4%. დიდი ბრიტანეთი - აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%); ვაქცინაციის მოცვა 81%. საქართველო - აქტიური შემთხვევები 210 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%); ვაქცინაციის მოცვა 33%. ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!", - წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.

მექსიკაში, საკატეკასის შტატის 2 სხვადასხვა ქალაქში, 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ცენტრალურ მექსიკაში, საკატეკასის შტატის 2 სხვადასხვა ქალაქში, 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ცხედარი ქალაქ ფრესნილოში, 6 კი პანფილო ნატერაში აღმოაჩინეს. სამართალდამცველები დანაშაულის ორივე ადგილზე მუშაობენ. საკატეკასის შტატი ნარკოტიკებით მოვაჭრე ორი ჯგუფის დაპირისპირების ადგილია. ნარკოკარტელები ერთმანეთს აშშ-ის შავ ბაზარზე ნარკოტიკის გასატანი მარშრუტების გამო ებრძვიან.

უცხოური მედია: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან არსებული მუქარა NATO-ს ქვეყნების მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. ბრიტანული გამოცემა „მირორის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა.  

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რობერტ სტურუასათვის ქონების გადაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რობერტ სტურუასათვის ქონების გადაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა - ნაგებობის სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა. მასში აღნიშნულია ბატონი რობერ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით. რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება. რობერტ სტურუას შემოქმედება 180-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის. დადგმული აქვს ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“ და სხვა. მისი სპექტაკლები შესულია მე-20 საუკუნის მსოფლიო დადგმათა ოქროს ფონდში. მის მიერ დადგმული „რიჩარდ მესამე“ მსოფლიო პოლიტიკურ დადგმათა ათეულშია შესული, „მეფე ლირი“- ბრიტანეთის აკადემიის მიერ შეტანილია შექსპირის დადგმების ისტორიის სახელმძღვანელოში, ხოლო „ჰამლეტი“ „შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ“ შეიტანა მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის „ჰამლეტის“ საუკეთესო დადგმათა ათეულში. რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს ჩვენს კომპეტენციას აღარ განეკუთვნება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ევროპარლამენტარი: რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით

გერმანელი პოლიტიკოსი მიჰაილ გალარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, უკრაინას ეწვია. „გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. დავაფიქსირეთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური მისწრაფების მიმართ, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას. რუსეთს მკაფიო მესიჯს ვუგზავნით: შეწყვიტეთ უკრაინის საქმეებში ჩარევა და დესტაბილიზაცია. თავი შეიკავეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრეცედენტო სანქციები გემუქრებათ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა - ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები, რომლებსაც მოქალაქეები მთიდან ჩამოჰყავთ. ძაბვის ვარდნის გამო, კომპანიის ინფორმაციით, დამსვენებლებს რაიმე საფრთხე არ შექმნიათ. მათივე ცნობით, მთიდან დაახლოებით 50-მდე დამსვენებელს ჩამოიყვანენ. „ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო დროებით გამოირთო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომლებიც ახორციელებენ დამსვენებლების ჩამოყვანას მთიდან. საგანგაშო და საშიში არაფერი არ ხდება. რასაკვირველია, ყველა უვნებელია და ძალიან მალე აღმოიფხვრება პრობლემა“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენელმა, თამთა იაშაღაშვილმა.

პარლამენტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო და საკითხს ხვალ განიხილავენ. საკომიტეტო განხილვის შემდეგ, კომიტეტის მომზადებული დასკვნა იმის თაობაზე, უნდა შეუწყდეთ თუ არა აღნიშნულ დეპუტატებს სადეპუტატო უფლებამოსილება, პლენარულ სხდომას 14-18 თებერვლის კვირაში წარედგინება.

საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა

საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. განახლებული რეგულაციები 2022 წლის 7 თებერვლიდან შევა ძალაში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში. ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით. ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანია ბაკურიანში სამაშველო ოპერაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია ინფორმაცია წარმატებით დასრულდა. "ბაკურიანში, მიტარბზე, ძაბვის ვარდნის გამო, საბაგირო დროებით გამოირთო. გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან", - იტყობინება მთის კურორტების განვითარების კომპანია. ამავე თემაზე ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაითიშა - ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო ჯგუფები

ნორვეგიაში ჩასვლის შემდეგ, „თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს

„თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავიდა, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე „თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ჰაირულა შინვარი წერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორის, შაფი აზამის განცხადებით, ქალები ხშირად მანიპულირებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, რათა უცხოეთში თავშესაფარი მიიღონ. მისივე თქმით, ასეთი ქალები პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ქვეყანას დისკრედიტაციას უწევენ. „თალიბანის“ დელეგაცია ოსლოში იანვრის ბოლოს იმყოფებოდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქმა ავღანელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს უმასპინძლა.

პატრიარქმა ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავს ულოცავს. მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს გვერდზე განთავსდა. „თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს. თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია, როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“, - წერია მილოცვის ტექსტში. 

ჭაში ჩავარდნილი მაროკოელი ბიჭის გარდაცვალების გამო მსოფლიო თანაგრძნობას გამოხატავს

მაროკოში, ქალაქ ტამოროთში, 5 წლის ბიჭი, რომელიც ჭაში 5 დღის წინ ჩავარდა, გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა რაიანის მამა ჭის შეკეთებას ცდილობდა. მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ბავშვს რამდენიმე წამით მოაშორა თვალი, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა.  სამაშველო ოპერაცია რამდენჯერმე შეჩერდა, რათა ეკიპაჟებს შეემოწმებინათ, რომ ბორცვი დაცული იყო ჩამონგრევისგან. ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას სოლიდარობა გამოეხატა. მის ამოყვანას ადგილზე შეკრებილები სიხარულით შეხვდნენ. სოციალურ მედიაში გაჩნდა „ჰეშთეგი“ #SaveRayan, რომელიც პოპულარული იყო მაროკოსა და მთელ მსოფლიოში. მოგვიანებით, მაროკოს სამეფო სახლმა გაავრცელა ოფიციალური ცნობა, რომ 5 წლის რაიანა გარდაიცვალა. ჭაში ჩაშვებული კამერიდან ხუთშაბათს გადაღებულმა კადრებმა აჩვენა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო, მაგრამ მას შემდეგ მისი მდგომარეობის შესახებ სიახლე აღარ ყოფილა. მაშველები ცდილობდნენ ბიჭისთვის ჟანგბადის, საკვებისა და წყლის მიწოდებას, მაგრამ გაურკვეველი იყო, შეეძლო თუ არა რაიანს მისი გამოყენება. მაშველებმა ჭაბურღილის გვერდით უზარმაზარი თხრილის გასაჭრელად ბულდოზერები გამოიყენეს. ბავშვი 32 მეტრის სიღრმეში იყო. „დღეს მინდა ვუთხრა რაიანის მშობლებსა და მაროკოელ ხალხს, რომ ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ზე. 5 წლის ბიჭის მშობლებმა, ხალედ ორამმა და ვასიმა ხერშეშმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა მათი შვილის გადასარჩენად. „ეს არის ღვთის ნება“. „მადლობას ვუხდი ყველას დახმარებისთვის“, - განუცხადა რაიანის დედამ სატელევიზიო მედიას.  რომის პაპმა ფრანცისკემ მწუხარების გამოხატვასთან ერთად, სამაშველო ოპერაციის დროს გამოვლენილ სოლიდარობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ხშირად გვიწევს უბედური შემთხვევების, მკვლელობების შესახებ ამბების ნახვა ტელევიზიით... მაგრამ საოცარი იყო იმის დანახვა, თუ როგორ ეხმარებოდნენ მაროკოელები ერთმანეთს, როდესაც ისინი ცდილობდნენ რაიანის გადარჩენას“... საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ალჟირელმა ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა გამოაქვეყნა პოსტი, მას თან ახლდა სურათი, რომელზეც ცაში ბუშტთან ერთად აფრენილი ბიჭი, მაროკოს დროშის ფერებშია გამოსახული. „რაიანის გამბედაობა დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - დაწერა ფეხბურთელმა. მომზადებულია BBC-ის და Guardian-ის მიხედვით.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში შეიჭრას უკრაინაში

რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში, ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. "თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ჯეიკ სალივანის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის დასავლეთის ბერკეტი და არა – ვლადიმერ პუტინის, ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენის პროექტი აღარ განხორციელდება.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მოსკოვში ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა ნატო-სა და ევროკავშირთან“.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 თებერვალს ქუთაისში თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, აქაც თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია ნავარაუდევი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. რუსთავში ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.    

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა, პირად ბლოგზე დაწერა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაზის ფასების ზრდამ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია გაზარდა.  „იმ მძიმე კრიზისის გამო, რომელსაც ჩვენ ამჟამად გავდივართ რუსეთთან, ეს გახდა არა მხოლოდ ფასის საკითხი, არამედ მიწოდების უსაფრთხოების საკითხიც. ენერგეტიკულ პოლიტიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში: ევროკავშირის გაზის იმპორტის 40 პროცენტზე მეტი რუსეთიდან მოდის, ხოლო რუსეთის იმპორტის შემოსავლების 60 პროცენტი ევროკავშირზე. რუსეთიდან გაზის იმპორტის მთლიანი კოეფიციენტის შემცირებით, ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს არა მხოლოდ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში, არამედ ჩვენი სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირებაში“, – წერს ბორელი.

საქართველოში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი.   Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 905 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 924 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 981 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%, ბოლო 14 დღის - 27.37% ხოლო 7 დღის - 30.99%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 130 ადამიაი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 106 221. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 246 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 133 შემთხვევა, აჭარა - 1 139, იმერეთი - 1 376, ქვემო ქართლი - 628, შიდა ქართლი - 563, გურია - 184, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი - 344, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 194, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 204 345 საიდანაც: 5 947 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 426, აჭარაში - 773, იმერეთში - 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 175 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 453, აჭარაში - 154, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პაციენტი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 45, იმერეთში - 30. 1 926 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 187 - თბილისში, 526 - აჭარაში. 196 472 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 3.