ძებნის რეზულტატი:
საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, ლონდა თოლორაიას სარჩელი დროულად განიხილოს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაია სარჩელი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლონდა თოლორაიამ საიას დახმარებით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით, უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიები. საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით, განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების პროცესი დაიწყო 2022 წლის 25 იანვრიდან და 1 თებერვალს დამთავრდა. აღნიშნულმა კომისიებმა თითოეული თანამდებობისათვის უნდა შეარჩიონ არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურა, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება. 2022 წლის 4 თებერვალს ჩანიშნულია კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს კანდიდატები, რომლებიც არჩევის შემთხვევაში, შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 1 მარტიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: სვენ მიქსერმა ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სვენ მიქსერმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. „გზავნილები იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმება იმისთვის, რომ პროგრესი გვქონდეს და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ნენსი პელოსი: აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. ნენსი პელოსის თქმით, აშშ-ის კონგრესი მზად არის, ხისტი სანქციები დაუწესოს როგორც რუსეთს, ასევე ვლადიმერ პუტინს. „სანქციები ბევრად უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში შეჭრაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს ქვეყნებზე, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, თუ რუსები უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა ტკივილი უნდა იგრძნოს და ეს ტკივილი მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ვლადიმერ პუტინმაც უნდა იგრძნოს. არავინ იცის, რას აპირებს. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
იან კელი ამერიკელ კონგრესმენს: არ გიხდებათ უვიცობა
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითრებაზე ალექსანდრია ოკასიო კორტესის, ამერიკელი პოლიტიკოსის, დემოკრატიული პარტიის წევრის კომენტარს პასუხობს. „კონგრესმენო, ისაუბრეთ იმაზე, რაც გესმით. არ გიხდებათ უვიცობა და იდიოტობა", - წერს იან კელი. მანამდე, კორტესმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი ღრმად შემაშფოთებელია, მაგრამ სამხედრო კონფლიქტი გამოსავალი არ არის. ჩვენ უნდა ვეძიოთ დიპლომატიური გადაწყვეტა და არა დაძაბულობის ესკალაცია და თავიდან ავიცილოთ სანქციები, რომლებიც დააზარალებს უკრაინელ ხალხს“.
საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ემანუელ მაკრონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდება. პირველ თებერვალს, უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს. ცნობისთვის, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლო თანამშრომლობაც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით და გამოხატეს ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.
რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს
რუმინეთი ახალი თაობის F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენას კვლავ გეგმავს. პორტუგალიიდან და ნორვეგიიდან გამანადგურებლების შეძენის შემდეგ, რუმინეთი საჰაერო ძალების განახლებას განაგრძობს, მაგრამ ახალი თაობის მებრძოლები ექსპლუატაციაში მხოლოდ 2030 წლის შემდეგ შევა. „F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს რუმინეთის არმიას, უფრო ეფექტურად შეასრულოს მისია, თუმცა საჰაერო ძალების მოდერნიზაცია აქ არ შეჩერდება; ჩვენ ასევე ვგეგმავთ ახალი თაობის თვითმფრინავების, F-35-ის შესყიდვას“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტის შემდეგ. იოჰანისმა დაამატა, რომ რუმინეთმა გადაწყვიტა, განავითაროს თავისი სამხედრო შესაძლებლობები NATO-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. რუმინეთს ამჟამად 17 F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტი ჰყავს. რუმინეთი, რომელიც NATO-ს 2004 წელს შეუერთდა, 2026 წლამდე 9,8 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად. F-35 მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელზეც მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყეს. აშშ-მ F-35 - ის გამოყენებით, პირველი საბრძოლო ოპერაცია 2019 წლის მაისში ჩაატარა. კერძოდ, F-35-მა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით გვირაბებზე მიიტანა იერიში, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ.
დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარლამენტის წევრის დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. „აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ – ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო. ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
უცხოური მედია: იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველად მოიაზრება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ნორვეგიის მთავრობა ცენტრალური ბანკის ახალ მმართველს დღეს გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ 3 თებერვალს ჟურნალისტებმა NATO-ს გენერალური მდივანი ოსლოში შენიშნეს. ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. მისი მანდატი 2022 წლის 30 სექტემბერს იწურება. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა
თურქეთი ევროპის საბჭოს ოსმან კავალას საქმეზე გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის საბჭო სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და სასამართლო პროცესის პატივისცემის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა. თურქეთის საგარეო უწყებამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ნაბიჯს, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, „მიკერძოებული“ და „შერჩევითი“ მიდგომა უწოდა. „აშკარაა, რომ ეს არის წინასწარ განზრახული და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც უგულებელყოფს შიდა სამართალწარმოებას და ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის მიმართ სანდოობას ჩრდილს აყენებს“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა.
ამერიკამ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, $1.2 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
აშშ-ის საელჩომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აშშ აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში. „შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში. ჩვენ ახლახან გადავეცით საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა. ეს ნაწილია წვრთნისა და აღჭურვის მიმდინარე მრავალწლიანი პროგრამისა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ხელმძღვანელობს. აღნიშნული ემატება აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევას, ქართველ პარტნიორებთან ერთად ხელი შეუშალოს ამ იარაღების, მათთან დაკავშირებული მასალისა და სისტემების გავრცელებას. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სხვა პროექტებთან ერთად ეს ყოველივე აძლიერებს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და გააუმჯობესოს შავი ზღვის რეგიონის საერთო უსაფრთხოება“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის პრეზიდენტი: დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს, ხოლო ევროპაში არ არიან ლიდერები, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასრულებაში. „სამწუხაროდ, დასავლეთს აქამდე არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მხოლოდ აუარესებენ სიტუაციას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას იმიტომ, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე დავინახე, რომ ჩვენ უკვე გვქონდა შეთანხმება ამ საკითხებზე. ამ დროისთვის ევროპაში სერიოზული პრობლემაა ამ საკითხის მოგვარების კუთხით. როდესაც შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას ვაკვირდებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ ვერ შეძლო ამ პროცესისადმი დადებითი მიდგომის გამოვლენა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე ჯერჯერობით შედეგისკენ პროგრესი არ დაფიქსირებულა. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, მხარეები ცდილობენ, გაააქტიურონ მუშაობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარების გეგმებისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის დაკავშირებაზე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მხარეები აპირებენ, განავითარონ თანამშრომლობა “რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი” ფორმატის ფარგლებშიც. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული ახალი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ცივი ომის ეპოქის პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსებს აღემატება. „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავენ ტექსტის ავტორები. განცხადებაში, რომელიც ოთხი თავისგან შედგება, აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი „ფერად რევოლუციებსა“ და NATO-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. განცხადების ავტორები თვლიან, რომ „ზოგიერთი აქტორი, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე უმცირესობას წარმოადგენს, საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად ცალმხრივი მიდგომის ადვოკატირებას განაგრძობს და ძალის გამოყენების გზით ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, არღვევს მათ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, ხელს უწყობს დაპირისპირებას“. „მხარეები არიან ერთსულოვანი იმის გაგებაში, რომ დემოკრატია არის უნივერსალური ადამიანური ღირებულება და არა ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, მისი ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიო საზოგადოების საერთო ამოცანაა“. „მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ფორმირებას და ინარჩხუნებენ სიფხიზლეს აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებას გამოხატავენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების ბლოკების (AUKUS) შექმნის გამო. მხარეები თანმხდებიან, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნებს, ზრდის რეგიონში შეიარაღების ირგვლივ შეჯიბრის საშიშროებას და წარმოადგენს ბირთვული იარაღის გავრცელების სერიოზულ რისკებს. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოამზადა
ევროპის კავშირმა მოამზადა „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ფონ დერ ლაინის თქმით, მომზადდა „მტკიცე და მრავლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები“, რომლებიც შეიცავს საერთაშორისო კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას და განსაკუთრებით ტექნიკური ბუნების პროდუქტის ექსპორტზე კონტროლს. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სადავო მილსადენი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2", ასევე სანქციების პაკეტის ნაწილია და მისი ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. მისივე ცნობით, სანქციები შეეხება ასევე პუტინის ახლო წრეს და ოლიგარქებს. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 თებერვალს ტელეფონი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შემდეგ უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ 7 თებერვალს რუსეთს ესტუმრება, ხოლო 8 თებერვალს - უკრაინას.
აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში, კომპანია“მაქრო კონტრაქშენის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შრომის შეუსაბამო ანაზღაურებას და აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ მუშაობას აპროტესტებენ. მათივე თქმით, თანამშრომლებს კომპანიის ხელმძღვანელობა სამსახურიდან უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, "შრომითი ხელშეკრულება კი თვალით არ უნახავთ". ცნობისთვის, ორგანიზაცია "მაქრო კონტრაქშენი" აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება.
ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირებისას GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იქნება
ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირებისას GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იქნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ინიცირებისთვის უკვე მზადაა. ცვლილებებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლება ექნება, განსაზღვროს GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის სავალდებულო წესით წარმოდგენის ეტაპობრიობა და პირობები. მთავრობა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია. საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 4 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ასევე ფაქტების ამსახველი ვიდეო-აუდიომტკიცებულებები, საიდანაც იკვეთება, რომ ქრთამის აღებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმე განსახილველად პირველ კოლეგიას გადასცა. ამის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა. „მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია საქმეზე ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1673). მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 2022 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეგიებისთვის საქმეთა განაწილების რიგითობის წესის დაცვით, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სასამართლო შემადგენლობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლო, საქმის განხილვისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გაავრცელებს ინფორმაციას №1673 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ჩატარებისა ან/და საქმეზე სამართალწარმოების სხვა პროცედურის განხორციელების შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით 28 იანვარს მიმართა.