ძებნის რეზულტატი:
ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადის დედაქალაქ ოტავაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, წითელ ზონაში სხვადასხვა კონსტრუქცია აღმართეს. აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე კანადის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას არ გააუქმებს. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, ხოლო ხულიგნობის, ქურდობის და სხვისი ქონების დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის 60 საქმე აღძრ. „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ასახავს სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მიმდინარე დემონსტრაციებით წარმოიქმნება. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას მუნიციპალურ ადმინისტრაციაში, რათა ქალაქ ოტავას საშუალება მიეცეს, შეფერხების გარეშე მართოს ბიზნესი მისი მცხოვრებლებისთვის საჭირო აუცილებელი სერვისებისთვის“, - ნათქვამია ოტავის მერიის განცხადებაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 722-მა ადამიანმა გაიკეთა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 722-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 751 192 აცრა გაკეთდა. მ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 325 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 106 221, გარდაიცვალა 15 246 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 18-20 თებერვალს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ჩასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწროს. ღონისძიებაში, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართება, 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩინეთს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი (შესაძლოა ონლაინ რეჟიმში). საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩამოსვლაზე ჯერ კიდევ განიხილება. „არავითარ შემთხვევაში არ მსურს რუსეთის გამორიცხვა. მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის შესაძლებლობას, არამხოლოდ წერილებით წარუდგინოს თავისი პოზიცია აშშ-სა და NATO-ს, არამედ კიდევ ერთხელ წარუდგინოს კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მასპინძელმა ვოლფგანგ იშინგერმა. გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა. წელს, ორგანიზატორებმა მკაცრი ზომების დაცვა გადაწყვიტეს. მონაწილეთა რაოდენობა აქამდე 2000-ს აღემატებოდა, ახლა არაუმეტეს 600 ადამიანის დაშვებაა ნებადართული რისკის შესამცირებლად. მკვეთრად შემცირდა ჟურნალისტების რაოდენობაც. იშინგერისთვის, რომელიც 14 წელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იყო, ეს ბოლო ფორუმი იქნება. 2022-ის შემდეგ, ის ხელმძღვანელობას ანგელა მერკელის ყოფილ მრჩეველს და გერმანიის ყოფილ წარმომადგენელს გაეროში კრისტოფ ჰეუსგენს გადასცემს.
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა
2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში ჰუმანიტარული სტატუსი 38-მა პირმა მიიღო, საიდანაც ყველაზე მეტი, 10 ადამიანი სირიის მოქალაქეა, 9 კი ავღანეთის. ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა ერაყის 5 და უკრაინის 4 მოქალაქეს. მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) ჰუმანიტარული სტატუსი სულ 5 პირს მიენიჭა, ხოლო პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი) 11-ს. ამავე პერიოდში გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაც - 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული, რაც წინა სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 59-ით მეტია. თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ირანის 45, თურქეთის 35, ხოლო ავღანეთის 7 მოქალაქე. რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსმინიჭებულ პირებს, გასული წლის ბოლო კვარტალში ეს სტატუსი 14-მა ადამიანმა მიიღო, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 9-ით მეტია. მათ შორის არიან ირანის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები. ამასთან, 2021 წლის ბოლო სამ თვეში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა სხვადასხვა ქვეყნის 114 მოქალაქეს (თურქეთი - 13, ეგვიპტე - 11, პაკისტანი - 11 და ა.შ.).
სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად კიდევ ერთ თეატრში გამოცხადდა
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. „კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა სამმა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ, თეატრის ყოფილმა დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნანა წერეთელმა და რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ. კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ. რაც შეეხება ორ სხვა კანდიდატს, ერთ-ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მათგანის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი ხასიათისაა და არ ემყარება ჭიათურის თეატრის საჭიროებებს. შესაბამისად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ საკანონმდებლო ორგანოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს იბარებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვითხოვთ, რომ ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ახალი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სარტყელი რეგიონში და საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელი. ეს არ არის NATO-სა და ევროკავშირის ალტერნატივა, მაგრამ, როგორც მან განმარტა, ეს არის შესაძლებლობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მივიღოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, „უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ“. „ამიტომ როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
დღეიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ
7 თებერვლიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით. მგზავრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ვალიდურად ითვლება, ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში; წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით. წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამავე თემაზე საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა
3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
„თბილისი ენერჯოს“ ცნობით, დიდუბის რაიონში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა. შედეგად, 3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე – სს ,,თი ბი სი ბანკს”, უზნაძის ქუჩაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 სთ-დან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდა, ნახეთ ბმულზე.
თელასი: თუ აბონენტებს, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ შეუძლიათ, მოგვმართონ
სს „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თუ მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ, კომპანია „თელასს“ შესაბამისი განცხადებით მიმართონ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, განცხადება უმოკლეს ვადებში იქნება განხილული. „იმ შემთხვევაში თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასი“-ს ვებ-გვერდის ონლაინ ჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო. მათ მიერ აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს, თუმცა, როგორც კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ეცდებიან, საკითხის შესწავლა თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში დაასრულონ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება. ამის შესახებ თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ხელმძღვანელმა, დევლეთ ბაჰჩელიმ განაცხადა. „ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ცხადია, ეს არის რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მჯერა, რომ ბატონი ერდოღანი 2023 წლის ივნისის არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვებს და„სახალხო ალიანსი“ ასევე მიაღწევს მორიგ გამარჯვებას“, – თქვა ბაჰჩელიმ.
ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე
The Washingtonpos Post-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ორშაბათს თეთრ სახლში ხვდება, უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისმა მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს თანამდებობა დაიკავა. „რეალობა ის არის, რომ გერმანია არის NATO-ს უდიდესი პარტნიორი ევროპაში; რომ ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალებს; ჩვენ ვართ ძალიან კარგი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან NATO-სა და [ევროკავშირში] შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს უკრაინის მიმართ, რომელიც მოდის რუსეთიდან. ჩვენი მკაცრი პასუხია ის, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება მათ (რუსეთის, რედ.) შეჭრას. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ჩვენ ვართ უკრაინის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მხარდამჭერები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ განახლებად ენერგიებსა და სამომავლო ტექნოლოგიებზე, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მეტი ეკონომიკური/ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავს შოლცი. ხალხი აკრიტიკებდა გერმანიას უკრაინაში 5000 ჩაფხუტის გაგზავნის გამო, მაგრამ იარაღი არ გაგიგზავნიათ, ჟურნალისტის ამ კითხვას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ჯერ უკრაინამ წამოაყენა მოთხოვნა ჩაფხუტების გაგზავნის შესახებ, რაზეც გერმანიამ რეაგირება მოახდინა. „მეორე საკითხია, რომ არის მკაცრი საექსპორტო კრიტერიუმები კრიზისულ რეგიონებში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებსაც მივყვებით. გერმანიის საექსპორტო შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რომელიც ყოფილი მთავრობის მხრიდან მოქმედებს“. კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნის პროცესს, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს? ოლაფ შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან მტკიცენი, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“. რა ნაბიჯები იდგმება რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად? ოლაფ შოლცის თქმით, ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას და ქარის ელექტროსადგურების ამუშავებას. „2045 წელს,სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით გერმანიაში გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტისაგან, რადგან ჩვენ უბრალოდ დავეყრდნობით განახლებად რესურსებს“. „ჩვენი ენერგიის მხოლოდ 25-დან 26 პროცენტამდეა ბუნებრივი აირი და მისი მხოლოდ ნაწილი მოდის რუსეთიდან. ასევე არის ნაწილი ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. რას ელის შოლცი აშშ-ში ვიზიტისგან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეერთებული შტატები გერმანიისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ჩვენ ერთად ვართ NATO-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთავარ პარტნიორს, ტრანსატლანტიკურ მხარეებს და შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ძლიერი პარტნიორობა იყოს. მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში. ძალიან რთული დღის წესრიგი აქვთ. მაგრამ ეს არის ძალა და ლიდერობა, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ანტისაოკუპაციო საბჭო დაფუძნდა
პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ საოკუპაციო ხაზთან განაცხადეს. საბჭოში „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ გაერთიანდნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში უნდა დააბრუნონ. „ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ: დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში. ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა“. საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.
ივანე ჩხაიძე: ბოლო კვლევებით, ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონისგან“ დაახლოებით, 60%-ით, ე.წ. რესპირატორი N95 კი, 85%-ით იცავს
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა. „პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 114 შემთხვევა. კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთხელ გადაიტანეთ კორონავირუსი, იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ ხანგრძლივი. თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა „ომიკრონმა“. დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. არცერთი სხვა ვარიანტი, მათ შორის „დელტა“ არ წარმოადგენს დაბრკოლებას „ომიკრონისთვის“. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ რესპირატორი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება. „ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, რესპირატორი. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში. ამავე თემაზე საქართველოში კოვიდინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 722-მა ადამიანმა გაიკეთა
მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, რომ მის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაის მოუწოდებს, სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს. „მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით. მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს - ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუს-ის მივლენილმა პირმა. თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან. ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს - ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!“ - აცხადებს სააკაშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი კენჭისყრაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააყენეს. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ამ პოზიციის მიუხედავად, ელენე ხოშტარიას საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განეხილათ, თავად ხოშტარიასთვის მიემართათ და შემდეგ სხდომაზე მომხდარიყო საკითხზე მსჯელობა.
საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ. პროექტით უკვე ისარგებლეს იმერეთის რეგიონში. ჭიათურასა და ხარაგაულში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, ჭიათურაში ამცრელ პუნქტამდე სოფელ უსახელოსა და ბერეთისის მცხოვრებთა ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის, ვარძიის და ხიდრის სოფლების მოსახლეობა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ადგილზე, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით აიცრნენ. ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე ისაუბრა
ვლადიმერ სალავიოვთან ინტერვიუში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე ისაუბრა. ვლადიმერ სალავიოვის კითხვაზე, როდის აღიარებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „დამოუკიდებლობას“, ალექსანდრე ლუკაშენკომ უპასუხა: ამის რამე აუცილებლობა არსებობს? როგორც კი გავიგებ და რუსეთის პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს...
უცხოური მედია: აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაცემული სამხედროების ნაწილი 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთის გადაკვეთისას. ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამ ნაბიჯის საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომის დროს დაღუპული აზერბაიჯანის სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი სავარაუდო დაკრძალვის ადგილების შესახებ.
ნიკოლას ტენზერი: რუსეთთან ნდობით სავსე დიალოგი ძალიან რთულია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შეკავება და სანქციებია
პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორი, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) უფროსი თანამშრომელი, ნიკოლას ტენზერი უკრაინის კრიზისის გარშემო მიმდინარე პროცესებს Europetime-თან აფასებს. ნიკოლაზ ტენზერს ასევე ეკავა საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობა. მუშაობდა სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად პრემიერ-მინისტრის აპარატში. მსახურობდა საფრანგეთის მთავრობის სპეციალური მისიის ხელმძღვანელად ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ალჟირში, უკრაინაში, მონტენეგროში, ეგვიპტეში, სერბეთში, ჰაიტიში, მაროკოსა და იორდანიაში. Europetime-თან საუბარში ის აცხადებს, რომ მოსკოვთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი ძალიან რთულია, ამიტომ აქცენტი რუსეთის შეკავებასა და მის წინააღმდეგ სანქციებზე უნდა გაკეთდეს. „რუსეთთან ძალიან გულწრფელი და ნდობით აღსავსე დიალოგი ძალიან რთულია. რა უნდა დავთმოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა?! ევროპული უსაფრთხოება?! ეს შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის შეკავება და სანქციები. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინაზე ახალი თავდასხმა მოხდება, ჩვენ უკრაინას მეტ ლეტალურ იარაღს მივაწვდით. ასევე შევთავაზებთ მეტ დახმარებას დაზვერვის კუთხით და რა თქმა უნდა, დავაკვირდებით სიტუაციას. ასევე, ბერკეტია სანქციები პუტინის ახლო წრის წინააღმდეგ, ვგულისხმობ იმ ოლიგარქებს, რომლებიც პუტინის რეჟიმისგან დიდ სარგებელს იღებენ“, - აღნიშნავს პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი. მისივე თქმით, ასევე შეიძლება იყოს საუბარი Swift-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვაზე; ეს არის ის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და მას რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების შესაძლო დაჩქარების პროცესს, ნიკოლას ტენზერი რეფორმების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ასევე ხაზს უსვამს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით მუშაობას, რადგან ევროკავშირი მოითხოვს ზუსტად ქვეყნების მხრიდან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას. საქართველოზე საუბრისას ნიკოლას ტენზერი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის დამოუკიდებლობის მიმართ ჭეშმარიტი ერთგულება გამოავლინოს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარია
ელიავას ბაზრობაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სამშენებლო მასალების პავილიონში გაჩნდა. ამ დროისთვის, ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის 6 ჯგუფია მობილიზებული. როგოც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.