ძებნის რეზულტატი:
ერთი დოლარის ღირებულება სამლარიან ნიშნულს ჩამოსცდა
1 აშშ დოლარი ხვალ 2.9867 ლარი ეღირება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9867 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0312 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.4248 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.4042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 5 თებერვალს შევა.
ვიქტორია ნულანდის თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოებას სწორედ რუსეთი ემუქრება, რომელიც საქართველოში შეიჭრა და მან ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია. ვიქტორია ნულანდმა,Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის გამო ევროპაში ომის დიდი საფრთხე არსებობს. კერძოდ, ნულანდმა ისაუბრა რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, თითქოს NATO-ს გაფართოება არღვევს ე.წ. უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ნულანდის თქმით, ასეთ საფრთხეს ქმნის სწორედ რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ინარჩუნებს სამხედრო ძალას მოლდოვაში, ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში. ნულანდმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების სამხედრო დახმარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები უკრაინიდან. დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებლი. მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას უარყოფს.
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს იდენტური ვაქცინა შექმნეს
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს კოვიდვაქცინის იდენტური პრეპარატი შექმნეს, რითაც იმედოვნებეენ, რომ კონტინენტზე ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება. მკვლევრებს მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO). BBC წერს, რომ ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა აფრიკის კონტინენტისთვის, რადგან mRNA ვაქცინების დიდი უმრავლესობა მდიდარ ქვეყნებში გაიგზავნა, დაბალი შემოსავლის ქვეყნებს კი მათზე ნაკლები წვდომა ჰქონდათ. Moderna-ს პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი. BBC-ის ცნობით, Moderna-მ ადრე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ვაქცინის პატენტს, რამაც კეიპტაუნის მეცნიერებს მისცა უფლება, ვაქცინის საკუთარი ვერსია შეექმნათ.
პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა
ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ზამთრის ოლიმპიადას 4-20 თებერვალს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის თხუთმეტ სახეობაში გათამაშდება მედლები. ქართველები კი მხოლოდ სამ სახეობაში გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, პირველები სარბიელზე ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლები გავიდნენ, ამასთან, ისტორიაში პირველად, საქართველო ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრშია წარმოდგენილი, ეს კი კაცთა და ქალთა ერთეულებში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში ასპარეზობებს ითვალისწინებს. ჩინეთის ხელისუფლების მიერ უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, ოლიმპიადას ბოიკოტი აშშ-მ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს. ზამთრის ოლიმპიადის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კელი დეგნანი: იმედი მაქვს, ანაკლია ისევ აშენდება
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ისევ განხორციელდება. „როდესაც იქ ხარ, ხედავ, რომ პროექტი კარგ პროექტად რჩება...სამწუხაროა, რომ ასე დაყოვნდა, ის ჯერ ისევ არის კარგი პროექტია. ფოთში, შაბათს, ტერმინალის გახსნის დროს მითხრეს - როდესაც პორტს აშენებ, ტვირთი იქ მოდის, არ უნდა დაელოდო ჯერ ტვირთს და მერე ააშენო პორტი. უნდა არსებობდეს ხედვა, სტრატეგიული გეგმა იმის დასანახად თუ, რა არის საჭირო და შემდეგ, ამის მარკეტინგი გააკეთო ინვესტორებთან. იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება, შესაძლოა, ეს არ მოხდეს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას საფუძველი ჩაეყრება“, - განაცხადა კელი დეგნანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. ინფორმაციისთვის, 2 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად შეაფასა. ამის შესახებ ელჩმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ, ფოთში ტერმინალის გახსნაზე ვიყავი. ეს მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ფოთის მონახულების შემდეგ წავედი ანაკლიაში, რომ დამეთვალიერებინა იქაურობა და უბრალოდ გული დამწყდა, რადგან ამ პორტში გემები უნდა შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ეს ბიზნესისთვის უნდა იყოს გახსნილი... მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ვხედავთ, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ანაკლიის სახით რაღაც მნიშვნელოვანი "დაედო მაგიდაზე“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. მისივე თქმით, ახლა საქართველოს აქვს გეგმები ქაღალდზე და თუ ინვესტორები აპირებენ შემოსვლას, მათ უნდა დაინახონ, რომ მთავრობა ასი პროცენტით დგას ამ პროექტის უკან. ცნობისთვის, ზაფხულში, Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. მისი თქმით, ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა.
პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტს ამზადებს
პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების და თავდაცვითი იარაღის მორიგი პარტიის მიწოდების საკითხს განიხილავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, უკრაინის ელჩმა პოლონეთში ანდრი დეშჩიციამ სეიმის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა პრაქტიკული დახმარებისა, რომელსაც პოლონეთი უკვე უწევს უკრაინას, პოლონელი პარლამენტარების ძლიერი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და მათი მზადყოფნა, დაიცვან უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნებთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ინფორმაციისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის თქმით, პირველი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი უკრაინაში მომავალ კვირაში გაემგზავრება. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის
ნედ პრაისი: პუტინის მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს ვერ აანაზღაურებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის მისი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, თუმცა უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ შედეგებს ვერ აანაზღაურებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ჩინელ კოლეგას და ჩინეთმა აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. საუბრობენ ჩინეთსა და რუსეთს შორის კოორდინირებულ პოზიციებზე. გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ახალი ალიანსი ყალიბდება აშშ-ის პოლიტიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მთელ მსოფლიოში?ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა. „პასუხს ორ პუნქტად გავყოფ. პირველი - ეს არის ის, რაც ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მდივან ბლინკენს გასულ კვირას ჰქონდა საშუალება, ესაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ამ საუბრის ფარგლებში მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს დაძაბულობა, რომელიც წარმოიქმნება მოსკოვის არასაჭირო პროვოკაციებისა და სამხედრო გაძლიერების შედეგად. რუსეთის პოტენციური შეჭრა უკრაინაში - ეს არის მოვლენა, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს, არამედ ამის მიღმა, მათ შორის ჩინეთს. რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. რეალურად რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება. ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე. „ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე სანქციებით ემუქრება.
საერთაშორისო მედია NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს
NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განიხილებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული სააგენტო ავრცელებს. იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ამ პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის აქამდე სახელდებოდნენ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. ინფორმაციისთვის, 2014 წელს NATO-ს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, 2000-01 და 2005-13 წლებში. ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1990-იან წლებში. მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გახდება.
უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში ჩავიდნენ
აშშ-ის პირველი ჯარისკაცები, რომლებიც NATO-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში აძლიერებენ, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე გერმანიაში ჩავიდნენ. იტყობინება Reuters-ი აშშ-ის ევროპული სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით. „მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსის ჯარისკაცები დღეს ვისბადენში ჩავიდნენ. ისინი გერმანიაში შტაბს შექმნიან, რათა მხარი დაუჭირონ 1 700 მედესანტეს, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის ინფორმაციისთვის, 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. ამასთან, აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების კანდიდატურები ცნობილია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს. „კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა. საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს. საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან: • მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; • ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; • გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; • ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; • გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, აღნიშნულ შემადგენლობას ააიპ - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი ემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა
სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. 27 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არცერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა. „სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. რაც შეეხება სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა. კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში (რაც სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარმოსადგენად). რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ქვეყნის დროშით მოუძღოდნენ სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გახსნილად ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა. ზამთრის ოლიმპიადის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციისთვის ჩინეთის ხელისუფლების მიერ უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, ოლიმპიადას ბოიკოტი აშშ-მ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს.
"ვეფხისტყაოსანი" ბანგლადეშში ბენგალურ ენაზე გამოიცა
ბანგლადეშში პირველად გამოიცა შუა საუკუნეების პერიოდის დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე ნათარგმნი წიგნი. პოემის თარგმანი ეკუთვნის ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი, ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები მოამზადა ბატონმა მაჰმუდ ჰასანმა. "საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ფასდაუდებელი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ამ დიდი პოემის ბენგალურ ენაზე თარგმნა და გამოცემა. როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში. წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული, რიად მაჰმუდი წარუდგენენ „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ მისცემს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას. საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), გამოხატავს მადლიერებას ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსულის, რიად მაჰმუდის მიმართ მის მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის ქართული ლიტერატურის შედევრის წარმატებულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში", - აღნიშნულია ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
ჯენ ფსაკი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა
რამდენიმე წლის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მა, პარტნიორებთან ერთად, მოიპოვა გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ცდილობს რუსეთი გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გამართლებისთვის. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა სიცრუე და აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის ფარული ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, - განაცხადა ფსაკიმ.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, თოვლჭყაპი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი: პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. „ღუდუშაურის კლინიკაში პრენატალური სერვისი შევთავაზეთ ორსულებს, მშობიარეებს და მელოგინეებს. ისინი აბსოლუტურად იზოლირებულები არიან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია. ეს რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია, როგორც ნაყოფს, ასევე დედას პრობლემები შეექმნას. „ორჯერადი აცრა კარგია, მაგრამ აუცილებელია ბუსტერ დოზა. ომს რომ შევადაროთ, ეს იმას ნიშნავს ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
განათლების სამინისტრო: სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება
სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა, – ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა. ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. „შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით უწყვეტად მიმდინარეობს. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი გრძელდება. ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსების სასწავლო წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის - 26.16% ხოლო 7 დღის - 29.28%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა - 2 207, იმერეთი - 3 566, ქვემო ქართლი - 1 379, შიდა ქართლი - 1 050, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 611, კახეთი - 1 014, მცხეთა-მთიანეთი - 497, სამცხე-ჯავახეთი - 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 122. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც: 5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 347, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 234. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 146, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 44, იმერეთში - 27. 1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 549 - აჭარაში. 200 951 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 224-მა ადამიანმა გაიკეთა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 224-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 747 141 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 295 505 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 071 560, გარდაიცვალა 15 174 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს
400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს. მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი პირადად გაეცნო სკოლის ექიმების მიერ მასწავლებელთა ტესტირების პროცესს. მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას.