ინტერვიუ

ფენილკეტონურიის მქონე ბავშვები. მშობლები სავალდებულო გენეტიკური ანალიზის პრობლემაზე საუბრობენ

6 წლის ანასტასია ფენილკეტონურია და ის 10 000-ში ერთია. როგორც Europetime-ს ანასტასიას დედა თეონა გუბელაძე უყვება, მის შვილს ათეულობით ბავშვის მსგავსად, სამედიცინო სისტემის უყურადღებობის ან გულგრილობის მიზეზით, ფენილკეტონურიის დიაგნოზი დაბადებიდან რამდენიმე დღის ნაცვლად, 4 წლის ასაკში დაუსვეს. მისივე ინფორმაციით, 4 წლამდე რამდენიმე არასწორი დიაგნოზით მკურნალობდნენ. 3 წლის ასაკში კი, ძლიერი ფსიქოტროპული პრეპარატები დაუნიშნეს. ბავშვი წამლებისგან ითიშებოდა. მშობლის პროტესტის მიუხედავად, ექიმები მისი მკურნალობის მეთოდებს არ ცვლიდნენ. ეს ყველაფერი პატარა ანასტასიამ მხოლოდ იმიტომ გაიარა, რომ დაბადებიდან 42-78 საათის განმავლობაში ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა, ფენილკეტონურია არ გამოავლინა. ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებს, ცილების გადამუშავება არ შეუძლიათ. ამიტომ, მათ რაციონში მკაცრად შეზღუდულია ცხოველური საკვები. დედის რძეც კი მომწამვლელია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი დიაგნოზის ადრეულ ასაკში აღმოჩენა, რომ არასწორი კვების გამო, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება არ შეფერხდეს, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ტვინი არ დაზიანდეს. იშვიათი გენეტიკური დაავადება ფენილკეტონურია განაჩენი არ არის, ის განსხვავებული ცხოვრების წესია და დროული დიაგნოზის შემთხვევაში, ბავშვები დიეტოთერაპიის თანხლებით სრულფასოვნად ცხოვრობენ. ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებითაც კი გამოირჩევიან. ანასტასიას დედამ, თეონა გუბელაძემ Europetime-ს იმ რთული გზის შესახებ უამბო, რომელიც ბავშვთან ერთად მცდარი დიაგნოზებით მკურნალობისას გაიარა. „დაგვიანებული დიაგნოზის გამო, ბავშვი სიარულს ვერ ახერხებდა და მენტალური პრობლემებიც დაეწყო, ვერაფერს ხვდებოდა, ვერ მცნობდა. ფაქტობრივად რეაქციები არ ჰქონდა არაფერზე. თითოეულ არასწორ დიაგნოზზე რამდენჯერ მომკლეს და რამდენჯერ მოვკვდი, ვერ წარმოიდგენთ. ბრძოლა დავიწყეთ 1.2 წლიდან. მანამდე ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. პედიატრს ვეუბნებოდი, რომ ვერ ჯდებოდა კარგად,თუმცა მეუბნებოდნენ, რომ არაუშავს. როდესაც ფიზიკური განვითარების პრობლემა პირველად შევნიშნე და რამდენიმე ექიმთან მივიყვანე, თავიდან მითხრეს, რომ ეს იყო ცერებრალური დამბლა, რომელიც არ იკურნება და უნდა შევგუებოდი. მერე ეპილეფსია და სხვა კიდევ ბევრი დიაგნოზი დასვეს. ნელ-ნელა ცილამ იმატა და უკუსვლა მოხდა. იმდენ თერაპიაზე დაგვყავდა ბავშვი, ისე დაისტრესა, ბოლოს დამამშვიდებლებს აძლევდნენ. ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებს. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფსიქიატრთან დამყავდა და ისეთ წამლებს აძლევდა, თიშავდა ბავშვს. მე რომ ვაპროტესტებდი, მეუბნებოდა შენ თუ ამ წამლების მიცემაზე უარს იტყვი, მერე ძალიან ინანებო. მაგ დროს აღარ იცი რა ქნა. ბავშვი დატანჯეს, გააგიჟეს იმდენი აწვალეს. მერე უკვე სწორი დიაგნოზის დროს, სპეციალისტებმა მითხრეს, კიდევ კარგი საერთოდ არ დაკარგა მეტყველების უნარი და ტვინი საერთოდ არ დაუზიანდაო. როცა სწორი დიაგნოზი დაისვა, ექიმებმა გვითხრეს, საოცრებაა, ამდენი რამის შემდეგ, ბავშვს ტვინი რომ არ დაუზიანდაო. ერთ ბავშვზე ვიცი, რომ 2 წლის ასაკში აღმოუჩინეს და ტვინი უკვე დაზიანებული ჰქონდა. დროული დიაგნოზის და დიატოთერაპიის თანხლებით ცხოვრების შემთხვევაში, ანასტასია სრულფასოვან ცხოვრებას გააგრძელებდა. სამშობიაროს და სკრინინგ ცენტრის უყურადღებობის გამო, მე და ჩემს შვილს, ბოლო წლები ჯოჯოხეთის გავლა მოგვიწია. პირადად მე, უკვე 7 ბავშვზე ვიცი, რომ სამშობიაროში ვერ აღმოუჩინეს ფენილკეტონურია და დიაგნოზის დაგვიანების გამო, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეფერხდა. ანალიზის სწორად ჩატარების შემთხვევაში, შეუძლებელია დაბადებისთანავე არ გამოჩნდეს ეს დიაგნოზი. ფენილკეტონურია გენეტიკური დაავადებაა და ქუსლიდან აღებულ სისხლის ანალიზში შეუძლებელია, არ გამოჩნდეს, თუ ანალიზის აღების პროცედურები სწორად დაიცვეს და სკრინინგიც ხარისხიანად ჩატარდა. სამშობიარო კლინიკა ვალდებულია, ყველა ახალშობილს დაბადებიდან 48-72 საათის განმავლობაში 3 გენეტიკურ დაავადებაზე, სავალდებულო ანალიზი გაუკეთოს, მათ შორის ფენილკეტონურიაზე. სასამართლოში საჩივარი შევიტანე. ვუჩივი სამშობიარო კლინიკას და სკრინინგს. იმიტომ, რომ ზუსტად არ ვიცით, რომელმა დაუშვა შეცდომა, ანალიზის აღებისას. ეს სასამართლო საქმე უკვე ერთ წელზე მეტია, გრძელდება და ერთ ადგილს ვტკეპნით. გენეტიკოსი განიხილავს, რომ ექთნების ბრალია. ყველა ბავშვის შემთხვევაში ექთანი როგორ შეცდა?! მე ვფიქრობ, უფრო სკრინინგში აპარატურის და უხარისხო მასალების ბრალია ის, რომ დაბადებისთანავე ვერ დაფიქსირდა ეს გენეტიკური დავაადება. საერთოდ არ ვიცოდი გენეტიკური ანალიზი რა იყო. მშობლების სრულმა უმრავლესობა არ იცის, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ფენილკეტონურიაზე საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ყველა დედას ვურჩევ, მოითხოვეთ ეს ანალიზი და თან დამადასტურებელი საბუთი გამოართვით. ძალიან მალევე, აუცილებლად გადაამოწმეთ. არ ვიცი ეს სამი წელი როგორ გადავიტანეთ. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, პროგრესი გვაქვს. ჩვენც გვიკვირს, როგორ მივაღწიეთ პროგრესს. მე სხვა ბავშვებზე ვიცი რომ 2 წლის ასაკში აღმოაჩინეს და ვერ უშველეს, ტვინი ისე ჰქონდა დაზიანებული. ჩვენ 4 წლის ასაკში გავიგეთ“, - ამბობს ანასტასიას დედა. Europetime-მა რამდენიმე ისტორია მოიძია, როდესაც სამშობიარო კლინიკის ან სკრინინგ ცენტრის შეცდომის გამო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა ასეთი ფაქტები ათეულობით ფიქსირდება. ზოგ შემთხვევაში მკურნალობა ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა. ამ დროისთვის საქართველოში სულ 178 ფენილკეტონურიის მქონე პაციენტი ფიქსირდება. 3 წლის დემეტრე ერთ-ერთია იმ ბავშვებიდან, რომელსაც სამედიცინო სისტემის ხარვეზების გამო, 10 თვის ასაკში, დაგვიანებით დაუდგინეს ფენილკეტონურიის დიაგნოზი,. „დღევანდელი დემეტრე, რომელიც 3 წლის და 7 თვისაა, რადიკალურად განსხვავდება იმ დემეტრესგან, რომელიც საწოლზე 10 თვის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, დღეს აქტიური და ჭკვიანია. დაგვიანებული დიაგნოზის მიუხედავად გაგვიმართლა და განვითარება დაიწყო. ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ ყველაფრის სწავლა. იმის გამო, რომ დიაგნოზი თავიდანვე არ ვიცოდით და მისთვის დედის რძეც კი საწამლავი იყო, ჯანმრთელობის დარღვევების სერიოზული პრობლემების წინაშე დავდექით. როგორმე თავის ასაკს რომ დაეწიოს, ბევრი შრომაა საჭირო, მუდმივი თერაპიები, რომ მისი ტვინი არ მოდუნდეს, რაც შეიძლება მეტი ახალი რამე შეისწავლოს, მუდმივი ცოცხალი კომუნიკაციაა საჭირო. მშობიარობის შემდგომ, სკრინინგის შედეგად მისი დიაგნოზი ვერ გამოვლინდა. დღემდე არ ვიცი პასუხი ვის უნდა მოვკითხო - სამშობიარო სახლს თუ სკრინინგს, რადგან ალბათ ვერასოდეს გავიგებ ანალიზის აღების წესი დაირღვა თუ თვითონ სკრინინგი არ კეთდება ეფექტურად. ამისთვისაა საჭირო მეტი ინფორმირებულობა, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რას მიაქციონ ყურადღება, რომ განგაში ატეხონ და ჩვენსავით მათაც დიდი დრო არ დაკარგონ. აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წამოწყება, რაშიც სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩართული. პანდემიამ ხელი ძალიან შეგვიშალა, უამრავი გეგმა გვქონდა“, - აღნიშავს Europetime-თან საუბარში პატარა დემეტრეს დედა იაკო მგალობლიშვილი. Europetime კიდევ ერთ დაზარალებულ მშობელს მაგდა ქსოვრელიშვილს ესაუბრა, რომლებიც სხვა დედებს რამდენიმე რჩევას აძლევს. „თუ ბავშვი ექვსი თვის ასაკში ვერ ჯდება და შარდს მძაფრი, უსიამოვნო სუნი აქვს, პედიატრებმა და ექიმებმა კი ფენილკეტონურიაზე ვერ იეჭვეს, იმიტომ რომ არ იციან მის შესახებ, რასაც მოწმობს არაერთი არასწორი დიაგნოზი და დაგვიანებული შემთხვევა, მშობლებმა თვითონ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და ექიმებს გენეტიკური ანალიზის ჩატარება სთხოვონ. ჩემს შვილს განვითარების ჩამორჩენა ექვსი თვის ასაკში შევამჩნიეთ, რადგან ბავშვი დაჯდომას ვერ ახერხებდა. ორი თვის განმავლობაში დაუსრულებელი არასწორი დიაგნოზების შემდეგ, საბოლოოდ ერთმა ექიმმა ეჭვი მიიტანა ფენილკეტონურიაზე. 8 თვის იყო ბავშვი, როცა განმორებითი გენეტიკური ანალიზი აუღეს, მაგრამ ანალიზის პასუხს 4 თვე ველოდებოდით. ფენილკეტონურიის მქონე ბავშვებს არათუ ოთხი თვე, ერთი კვირის დაგვიანებაც კი დიდ ზიანს აყენებს. ერთი წლის ასაკში ჩემი შვილი ახალდაბადებული ბავშვის უნარებით იყო. როცა დიაგნოზი დაისვა, ერთი წლის ასაკში და ცილების კონტროლი და სწორი მკურნალობა დავიწყეთ, ახალ დაბადებულის ნიშნულიდან დაიწყო განვითარება. როცა დიაგნოზი იცი, ცილებს აკონტროლებ. ახლა ორი წლისაა და ერთი წლის ბავშვის განვითარება აქვს. პროგრესი გვაქვს და იმედია მალე დავძლევთ ამ ყველაფერს“, - ამბობს მაგდა. Europetime ფენილკეტონურიაზე და მისი დროული დიაგნოსტირების პრობლემებზე გენეტიკოსს ლალი მარგველაშვილს ესაუბრა. გენეტიკოსის განმარტებით, ფენილკეტონურია იშვიათ გენეტიკური დაავადებაა. ნივთიერებათა ცვლის დეფექტი, რომლის მიზეზიც არის ფენილანინის მონელების დარღვევა. რასაც იწვევს, შესატყვისი ფერმენტი, რომელმაც უნდა დაშალოს ფენილანინი. ფერმენტი თუ არ არის სისხლში და ღვიძლში ვერ მოხდება ამ ფენილანინის დაშლა. მოხდება მისი ნახევარ დაშლილის პროდუქტების მოგროვება და ბავშვის ნერვული სისტემა დაზიანდება. „ამ დიაგნოზს სვამენ ახალშობილთა სავალდებულო მასიური სკრინინგით, რომელიც ტარდება მშობიარობიდან 72 საათის განმავლობაში. დაბადებიდან 48 საათი უნდა იყოს გასული, რომ აიღონ სისხლი. ანალიზის შედეგებსა თუ სისხლში ფენილანინი მომატებულია, მაშინ ეჭვი მიგვაქვს ამ დაავადებაზე. ამის დასადასტურებლად, შემდეგ უკვე გენეტიკური ანალიზია საჭირო. ერთი შემთხვევა მახსენდება როცა კლინიკამ სკრინინგი არ ჩაატარა, დიაგნოზი დაგვიანებით დაისვა და ამის გამო ძალიან მკაცრად დაისაჯა, როგორც ფინანსურად, ისე ადმინისტრაციულად. სამწუხარო ისაა, რომ ახალ დაბადებულზე თუ ეს არ გამოვლინდა, მშობელი სინდრომს მხოლოდ მაშინ შეამჩნევს, როცა ბავშვის განვითარება რეგრესს დაიწყებს. ეს ნიშნავს რომ ბავშვთან უკვე გამოხატულია დაავადება. ამ დროს, მშობლები მიმართავენ ნერვოპათოლოგებს. რომლებმაც ყურადღება უნდა გაამახვილონ სიმპტომებზე და საერთო ევროპული გაიდლაინის თანახმად, ბავშვი ნივთიერებათა ცვლის გამოსაკვლევად გაგზავნონ. ჩემთან როცა მოდიან ბავშვები, ყველას აქვს გართულების, ან დაგვიანებული მკურნალობის თავისი მიზეზი. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მშობიარობიდან 48 საათის განმავლობაში ფენილანინი ნორმაშია, რადგან ბავშვი ჯერ კარგად არ არის მომწიფებული და სათანადოდ არ ჭამს. ამ დროს,შეიძლება ფენილანინმა 48 საათში ვერ მოასწროს აწევა. ზუსტად ამიტომ არის მოწოდება, რომ ნერვოლოგებმა და პედიატრებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ. თუ ხედავენ განვითარების შეფერხებას, მაშინვე გენეტიკოსთან უნდა გადაამისამართონ. მშობელი ამას ვერ მოითხოვს, ეს უნდა მოითხოვს ოჯახის ექიმმა ან ნერვოლოგმა. მშობელი ყურადღებით უნდა იყოს, რომ მალევე შენიშნოს მისი ბავშვი, როდიდან ვეღარ ვითარდება. დიაგნოზის დასმის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შეუწყობს ხელს მშობელი, როგორი სიზუსტით გააგრძელებს შვილის მკურნალობას და კვების ხელშეწყობას. ძირითადი პრობლემა არის, ის რომ მარტო ექიმი და მარტო საზოგადოება ბავშვს ვერ დაეხმარება, თუ მშობელიც არ არის აქტიური. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ფენილკეტონურების ასოციაცია არსებობს. საერთო ევროპული გაიდლაინის მიხედვით დამტკიცებული მკურნალობის გაიდლაინი გვაქვს, რომელიც მთავრობის მიერ ფინანსდება. სახელმწიფო ამ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს სპეციალურ ამინომჟავურ ნაკრებს, რომლის გარეშეც დიეტური თერაპია შეუძლებელია.ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს თავისი შესატყვისი კონცენტრაცია და კვლევები და კონსულტაციები არის უფასო. ამჟამად 178 პაციენტია აღრიცხვაზე“, - აღნიშნავს გენეტიკოსი. Europetime ს კრინინგ ცენტრ მედიქალ სოფტ"-ის დირექტორს გიორგი კალანადაძეს ესაუბრა იმ მიზეზებე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ადრეულ ეტაპზევე სწორი დიაგნოზის დასმა და რა ხარვეზები ფიქსირდება სკრინინგ სისტემაში. „ყველა ტესტს აქვს ცრუ დადებითის, ან ცრუ უარყოფითი პასუხის პროცენტული მაჩვენებელი, მათ შორის ფენილკეტონურიას ტესტსაც. დიაგნოზის გამოპარვის, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ტესტის შესაძლო ცრუ მაჩვენებლის ალბათობა. ჩვენი ყველა ტესტი ხარისხიანია, მაგრამ ზოგადად ნებისმიერ დაავადებაზე ჩატარებულ ტესტს აქვს ცდომილება, მათ შორის კოვიდ ტესტებს. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს, თვითონ სისხლის ანალიზის არასწორად აღების ბრალი. სისხლის ანალიზის ასაღებად, 48 საათი უნდა გავიდეს დაბადებიდან. თან ბავშვს ძუძუთი კვება უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს. ყველა სამშობიარო ყველა ექთანი გაფრთხილებული გვყავს რომ დროულად, რეკომენდაციების ფარგლებში აიღონ სისხლის ანალიზი. ამას ჩვენ ასე ვერ გავაკონტროლებთ, ჩვილის სამედიცინო ისტორიაში კეთდება ჩანაწერი, როდის აუღეს. შეიძლება ეს მიზეზიც იყოს, ექთნების შეცდომა“, - აცხადებს გიორგი კალანდაძე. ერთ-ერთი მშობელი თეონა გუბელაძე ამბობს, რომ მსოფლიოში სკრინინგის მეთოლოგია და ტექნიკა ისე განვითარდა, ცდომილება არ უნდა არსებობდეს. „მათ რომ ხარისხიანი ტექნიკა და მასალები ჰქონდეთ შეცდომა არ მოხდებოდა. გენეტიკოსისგან ვიცი, რომ მთელს მსოფლიოში უკვე ჩასუნთქვის შემოწმებითაც კი ადგენენ, მაღალია თუ არა ცილების რაოდენობა. იმ დონეზეა განვითარებული სამედიცინო ტექნოლოგიები. ჩვენთან კი სწორ დიაგნოზსაც ვერ სვამენ. საქართველოში, ყველაზე დაბალი ხარისხის სკრინინგია“, - აღნიშნავს თეონა გუბელაძე. იაკო მგალობლიშვილი საზოგადოებაში არსებულ სტიგმაზე ამახვილებს ყურადღებას და იმ ბარიერების გადალახვის გზებზე საუბრობს რომელთან შეჯახებაც ფენილკეტონურიის მქონე ბავშვების მშობლებს უხდებათ. „ფენილკეტონურიასთან ერთად ცხოვრება მარტივი არაა, თუმცა არც განაჩენი. ამას ახლა ვფიქრობ, რადგან დემეტრეს მდგომარეობა დიდი ბრძოლის შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა. მას გენეტიკური დიაგნოზი ფენილკეტონურია 10 თვის ასაკში, დაგვიანებით დაუსვეს. რამაც მისი ფიზიკური და მენტალური განვითარების დაყოვნება გამოიწვია. როდესაც დიაგნოზის შესახებ გავიგე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში არანაირი ინფორმაცია არ იძებნებოდა და ამის გამო უფრო ვიყავი შეშინებული, დათრგუნული, რადგან არაფერი ვიცოდი. შემდეგ მშობლები გავიცანი, გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს და თითქოს ნელ-ნელა დავლაგდი. თუმცა ცხოვრების ახალი ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა დემეტრეს განვითარებისთვის ბრძოლა დავიწყეთ. იყო მომენტი, როდესაც შეგუებული ვიყავი მის უსუსურ მდგომარეობას და მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, როგორ დამეცვა საზოგადოებისგან. ხშირად უკითხავთ - რა სჭირს? რატომ ვერ ლაპარაკობს? რატომ ვერ თამაშობს ბავშვებთან, თუმცა არასოდეს არ დამიმალავს მისი მდგომარეობა, პირიქით, ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი, რადგან მისი არსებობა და მდგომარეობა არ ყოფილიყო სტიგმა. მშობლებს დღესაც უჭირთ ამ თემაზე საუბარი, და ზოგჯერ მგონია რომ ისინი თავად ამკვიდრებენ სტიგმას საზოგადოებაში.სულ ვფიქრობ, რომ არა დემეტრეს განსაკუთრებული მისია ალბათ ვერ მექნებოდა ის ძალა, რაც ახლა მაქვს. ჩემი შვილი განსაკუთრებულია, რადგან 10 ათასში ერთია. მას განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, რაც სპეციალურ კვებასთანაა დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთვის ამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრება რთული მარტო იმიტომაა, რომ მათ სპეციალური საკვები სჭირდებათ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ხშირად საქართველოში არც იშოვება და უცხოეთიდან ვიწერთ. არცერთ დიდ ჰიპერმარკეტში ვერ შეხვდებით ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ დაბალ ცილოვან საკვებს“, - აღნიშნავს 3 წლის დემეტრეს დედა იაკო მგალობლიშვილი. 3 წლის დემეტრე 6 წლის ანასტასია სწორი დიაგნოზის და სწორი მკურნალობის შემდეგ

თორნიკე შარაშენიძე: ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციამ თავის მარცხად აღიქვა და არა კომპრომისის გზად

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში შეხვედრებს მართავს და ყველა განცხადებაში, განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობას. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ ეუთოს დასკვნის თანახმად, 2020 წლის არჩევნები საქართველოში, იყო თავისუფალი და კონკრენტუნარიანი. შეიცვალა თუ არა დასავლეთის საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება? რა ეტაპზეა ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებები და რამდენად რეალურია კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა? - აღნიშნულ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. - ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების პრორუსულობის საფრთხეებზე ალაპარაკდა, თქვენ მაშინ განაცხადეთ, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხარდაჭერას ასე ადვილად არ დაკარგავდა და მის დაბრუნებას შეეცდებოდა. შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების და ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით, დღეს როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას? - „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა დასავლეთის მისკენ შემობრუნება. მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს არ იყო გასაკვირი, რადგან "ოცნებას" ჰყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც დასავლეთთან მუშაობა იცის. დიდი ხნის განმავლობაში, დასავლეთთან ურთიერთობაში, "ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აშკარად სჯობნიდნენ ახლა ეს მონოპოლია დაკარგეს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი საპარლამენტო გუნდი გადაახალისა და ისეთი ხალხი შემოიკრიბა, ვისაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. ბოლო მოვლენების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ძალიან გაუჭირდება დასავლეთში კიდევ ვინმეს დარწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. - ხელისუფლების მხრიდან, დასავლეთის კეთილგანწყობის დაბრუნება, ევროკავშირის მედიატორობით დაწყებული დიალოგის პროცესში გამოვლენილმა ფაქტორებმაც ხომ არ განაპირობა, შარლ მიშელის და კრისტიან დანიელსონის მხრიდან კონკრეტული გარემოებების საფუძვლიანად გაცნობამ, ოპოზიციისა და ხელისუფლების რეალური მოტივების გაგებამ? - ორივე მხარე ჯიუტობს. ოპოზიცია აქამდე ახერხებდა, დასავლეთი თავის სიმართლეში დაერწმუნებინა, მაშინაც კი, როცა არ იყო მართალი, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს, რადგან ეს არ არის ასე მარტივი. ოპოზიციაც აშავებს აშკარად. ფაქტია, ხელისუფლებამ დასავლეთიც დაარწმუნა ამაში, რომ "ჩვენ ნაკლებად დამნაშავეები ვართ ვიდრე ოპოზიცია".. როგორც ჩანს მოახერხეს დასავლეთის ამაში დარწმუნება. არგუმენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. - მიმდინარე დიალოგის პროცესზე რა შეიძლება ითქვას? რა მოლოდინები გაქვთ? ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შეთანხმების მიღწევის რა პერსპექტივა იკვეთება? მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოიწია. - დიალოგის წარმატებით დასრულებას ხელს უშლის ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღეს, ქუჩაში გამოსვლისთანავე დააყენა, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელი სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც 2009 წელს, როცა ოპოზიციის დიდი აქციები დაიწყო, მთავრობის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით. მერე, როცა დაინახეს, რომ მთავრობა არ მიდიოდა და ვერც ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, აქციების დასრულება გაუჭირდათ, რადგან თვითონაც აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. დაახლოებით ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა ეს ოპოზიცია, რეალურად თავიდანვე ეს იყო მათი სერიოზული შეცდომა, რადგან მანევრირების შესაძლებლობა მოიჭრეს. დაიტოვეს მარტო ერთი - რადიკალური გზა. ნიკა მელიას დაპატიმრებამ, მათ გარკვეულწილად უშველა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ეს დაპირისპირება მოეგოთ. როგორც ვხედავ, საბოლოო ჯამში, კომპრომისი და პოზიციების დაახლოება თითქმის შეუძლებელია. ამას მოწმობს ის, რაც გუშინ მოხდა, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციამ თავის დამარცხებად აღიქვა. - ბორელის განცხადებებზე გამოხმაურებას გულისხმობთ? - დიახ. ბორელის განცხადებები მათ აღიქვეს ისე, რომ „აი, ევროპამ ზურგი შეგვაქცია“. დღის ბოლოს ამას, ასეთი გიჟური განცხადებებიც მოჰყვა, თითქოს ევროპამ საქართველო რუსეთს გადააბარა. ეს პოზიცია კომპრომისად კი არ აღიქვეს, აღიქვეს ისე, რომ ევროპამ ხელისუფლების მხარე დაიჭირა. ვერანაირი კომპრომისი ვერ შედგა. ვერც შედგებოდა კომპრომისი, იმ მოთხოვნების და წითელი ხაზების დაწესების ფონზე, რომელიც ძირითადად მაინც ოპოზიციიდან მოდიოდა. - თუმცა, რაღაც მომენტში, როდესაც დანიელსონი ახალი ჩამოსული იყო, გიგა ბოკერიამ განაცხადა - "მზად ვართ პლებისციტი განვიხილოთ, თუ ყველა სხვა საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთო, გულისხმობდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, ასევე პატიმრების გათავისუფლებას". ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის კომპრომისის ნიშნები გაჩნდა, სხვა პარტიების განცხადებებშიც. -ძალიან ჭკვიანური იყო, ის რომ ბოკერიას პარტია მაინც წავიდა პლებისციტზე და მასზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა წამგებიანი. პლებისციტზე უარის თქმა ნიშნავს, ხალხის უზენაესი ნების გამოხატვაზე უარის თქმას. ჭკვიანურად მოიქცნენ, მაგრამ, რადგან არ ვიცით, მერე რა მოხდა შიგნით, მოდი ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ამაზე ვერ ვიმსჯელებ. - შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ, ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გავრცელდა, რადგან ოპოზიციაში კონკრეტულ ძალებს შეთანხმების მიღწევა არ სურთ და სხვა სცენარი ურჩევნიათ. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტებს? - აღნიშნული ფარული ჩანაწერების გავრცელება, აშკარად ემსახურებოდა ერთ პოლიტიკურ ძალას, ამ ბრალდებაშიც არის სიმართლის მარცვალი. - ამის გათვალისწინებით, შეიძლება იმის თქმა, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწონა ამ მოლაპარაკებების პროცესში სხვა პარტიების პოზიციები? - ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ეს ძალა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალაა და მთლიანდ ოპოზიციას თუ რამის იმედი აქვს, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი შეუძლია, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ საკუთარი თავი და თავისი მხარდამჭერები ქუჩაში დააყენეს, ჩამოკიდებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“. -რა რეკომენდაციას მისცემდით, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. თქვენი პირადი მოსაზრებით რა კომპრომისზე უნდა წავიდეს, ოპოზიცია, რა არის მნიშვნელოვანი, რისთვის უნდა იბრძოლოს? და ხელისუფლებამ რა უნდა დათმოს? რა იქნება უფრო სწორი, რეალისტური, პრაგმატული და გამართლებული? - აზრი არ აქვს, მე ან სხვა რას ურჩევს, იმიტომ, რომ ოპოზიციამ თავიდანვე დააწესა წითელი ხაზები დ აქედან გამომდინარე უჭირს მანევრირება. ასე რომ, მე რაც არ უნდა ვურჩიო და ვინც არ უნდა, რა გენიოსობაც არ უნდა მოიფიქროს ურჩიოს, არ გამოვა.

გერმანული საერთაშორისო სკოლის 29 მოსწავლე წელიწადში 4000 ევრომდე გადასახადს იხდიდა, თუმცა მოსწავლეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ იყო

გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლის მშობელმა იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილმა, რომელმაც სკოლას 65 ათას ლარზე მეტი გადაუხადა, 5 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი შვილი განათლების სამინისტროს მოსწავლეთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ იყო. როგორც Europetime-ს იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილმა აცნობა, მისი შვილი უკვე მე-6 კლასში იყო, როდესაც შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ის განათლების სამინისტროს EMIS-ის რეესტრში არ ფიქსირდებოდა. ბიკოვას თქმით, მისი შვილის მსგავსად, მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არ აღმოჩნდა აღნიშნული სკოლის კიდევ 29 მოსწავლე. მშობელმა აღნიშნული დარღვევის შესახებ, განათლების სამინისტროს აცნობა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომისია, მონიტორინგის მიზნით, 2020 წელს სკოლაში შევიდა, 2020 წლის 26 დეკემბერს კი სკოლის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული დასკვნა Europetime-მ მოიპოვა. დასკვნის თანახმად, ირკვევა რომ თბილისში მდებარე გერმანულ საერთაშორისო სკოლაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეების ჩარიცხვა-ამორიცხვის შესახებ ბრძანება არ იწერება. მოსწავლეების სკოლაში სწავლის ერთადერთი მტკიცებულება, სკოლის მეილზე მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მიმოწერაა. „2020 წლის 9-11 სექტემბრის მონაცემებით, 29 მოსწავლე, რომელიც რეგისტრირებულია სკოლის შიდა ბაზაში, არ არიან რეგისტრირებულნი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. აღნიშნული 29 მოსწავლიდან 2 მოსწავლე მიღებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, 5 წლის ასაკში“, - წერია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ სააგენტოს დასკვნაში. როგორც Europetime-ს სააგენტოში განუცხადეს, გერმანული საერთაშორისო სკოლის საქმე ბოლომდე არ დასრულებულა და ჯერ ისევ განიხილება. აღმოჩენილი დარღვევების გამოსასწორებლად, სკოლის ადმინისტრაციას 60 დღის ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ, საკითხს ხელახლა განიხილავენ. იანა ბიკოვამ გერმანულ სკოლას სასამართლოშიც უჩივლა და სხდომის ჩანიშვნას ელის. დაზარალებული მოსწავლის მშობლის ცნობით, პრობლემა 2020 წლის ივლისში აღმოაჩინა, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, მე-6 კლასიდან შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა გადაწყვიტა,კერძო სკოლა „ლოგოსში“ „ლოგოსში“ ბავშვმა მისაღები გამოცდა ჩააბარა, სკოლაში მიიღეს და კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. დაველოდეთ სასწავლო წლის დაწყებას. რამდენიმე დღეში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რაღაც ხდება და ჩემი შვილი მოსწავლეთა ერთიან ბაზაში არ იძებნება. თვითონაც გაოცებულები იყვნენ. მითხრეს გერმანულ სკოლასთან გამერკვია, რატომ შეიქმნა პრობლემა. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, ნებისმიერი მოსწავლე EMIS-ის რეესტრში დაარეგისტრიროს. აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი და კიდევ 29 ყოფილი და ახლანდელი მოსწავლე EMIS-ის რეესტრში რეგისტრირებული არ არის. სკოლაში სადაც, ჩემი შვილის განათლებისთვის, ყოველწლიურად ვიხდიდი საშუალოდ 4000 ევროს, აღმოჩნდა რომ ჩემი შვილი არაოფიციალურად სწავლობდა. შესაბამისად, მის მიერ მიღებული განათლება და შეფასებები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სკოლასთან საუბრისას გაირკვა, რომ ხუთი წელია, მოსწავლის განათლების უფლებასა და თავისუფლებას თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა უხეშად არღვევს. ერთი შეხედვით, გერმანული სკოლა სწორედ, ასეთი ჩანდა: ორმაგი - გერმანიისა და საქართველოს აკრედიტაცია/ავტორიზაცია, ადმინისტრაციის დაპირებები - საუკეთესო გერმანელი და ქართველი პედაგოგები, კარგად გამართული ინფრასტრუქტურა… სწორედ ამიტომ მივიყვანე ჩემი შვილი და ამიტომ ვიხდიდი ამხელა თანხას. საბოლოოდ, ყველაფერი ფასადური აღმოჩნდა, რადგან სკოლამ უხეშად დაარღვია ჩემი შვილის განათლების მიღების და მშობლის კანონიერი ნდობის პრინციპები!“, - განუცხადა Europetime-ს იანა ბიკოვამ. დაზარალებული მშობელი სკოლასთან ურთიერთობის დაწყების დეტალებს იხსენებს და სკოლის ფინანსურ სქემაზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი შვილი განათლების სისტემის გარეთ აღმოჩნდა, როგორც არაოფიციალური მოსწავლე. "გერმანულ სკოლასთან ჩემი ოჯახის თანამშრომლობა 6 წლის წინ დაიწყო, როცა ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბავშვი აღნიშნული სკოლის საბავშვო ბაღში შევიყვანეთ. სკოლაში მისვლის დრო, რომ მოვიდა, ბავშვი ჯერ არ იყო ექვსი წლის, ორ კვირაში ხდებოდა, ამიტომ მიღებაზე უარი გვითხრეს, კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ მივიღებთ ექვსი წლის ჯერ არ არისო. გადავწყვიტეთ მომავალ წელს დავლოდებოდით. თუმცა რამდენიმე ხნის მერე, სკოლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, გამონაკლისის სახით მიიღებდნენ, რადგან ერთი 5 წლის მოსწავლე უკვე მიღებული ჰყავდათ. რა თქმა უნდა, გაგვიხარდა და ბავშვი სკოლაში მივიყვანეთ. სკოლასთან კონტრაქტი მეხუთე კლასამდე გავაფორმეთ. პრობლემები სწორედ მეხუთე კლასში დაიწყო. ჩემი შვილის კლასში ჩატოვებას ცდილობდნენ, მათემატიკაში, როცა კომაროვში დამყავდა და იქ რომ ვიკითხე, მითხრეს რომ შეუძლებელი იყო ბავშვი მათემატიკაში ჩაჭრილიყო. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაც ხდებოდა და ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა გადავწყვიტე“, - აღნიშნავს მშობელი. როგორც Europetime-ს აღნიშნული მოსწავლის ერთ-ერთმა ახლობელმა უამბო, კლასში ჩატოვების წინასწარგანზრახული მიზნით, მასწავლებლების დამოკიდებულების გამო, ბავშვი იმდენად დაითრგუნა და თვითშეფასება იმდენად დაუქვეითდა, საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა დაიწყო. „ჩემი ვარაუდით ერთგვარი სქემა ჰქონდათ. ბაზაში არ არეგისტრირებდნენ ისეთ მოსწავლეებს, ვისზეც იცოდნენ, საქართველოში დროებით ცხოვრობდა. ჩემი შვილი მეორე კლასში იყო, როცა აღმოაჩინეს, რომ საქართველოს მოქალაქეობაც აქვს, სამშობლოში საცხოვრებლად საბოლოოდ დავბრუნდით და წასვლას აღარსად ვაპირებთ. სკოლის ადმინისტრაცია მაშინვე მოთხოვნით შესულა განათლების სამინისტროში, ერთი წლის დაგვიანებით, ჩემი შვილის მოსწავლეთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირება უცდიათ, რაზეც სამინისტრომ უარი განუცხადა. იმის მაგივრად, რომ ეს ამბავი ჩემთვის ეთქვათ და შეცდომა ეღიარებინათ, დამატებით ოთხი წელი მახდევინებდნენ სწავლის საფასურს 4000 ევრომდე, ისე, რომ ჩემი შვილი განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულიმოსწავლე არ იყო. ბავშვი მეოთხე კლასში იყო, როცა ძველ დირექტორს კონტრაქტი ამოეწურა, პრობლემა ახალ დირექტორს გადააბარა, ისიც გაჩუმდა და გადაწყვიტა ჩემი შვილის მეხუთე კლასში ჩატოვებით გამოესწორებინა შეცდომა. მე რომ სხვა სკოლაში გადაყვანა მოვისურვე, მიხვდნენ რომ ვეღარაფერს დამალავდნენ. დახმარების თხოვნით სამინისტროს მივმართე. სამინისტროში მითხრეს, რომ მე-6 კლასში ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან პირველ კლასში სასწავლო წლის დაწყებისას ჯერ 6 წლის არ იყო. ვთხოვე, გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ უარი მითხრეს, 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანეს მოსწავლეთა ერთიან ბაზაში, როგორც მე-5 კლასის მოსწავლე. „ლოგოსშიც“ მე-5 კლასში აიყვანეს, რადგან მე-6 კლასელთა ბაზაში არ იყო. ჩემი შვილი დღემდე ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა“, - აღნიშნავს დაზარალებული მოსწავლის მშობელი იანა ბიკოვა-ღუღუნიშვილი. Europetime გერმანულ საერთაშორისო სკოლასაც დაუკავშირდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა ასევე გერმანიის საელჩომ. აღსანიშნავია რომ 15 მარტს განათლების სამინისტრომ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), საგანმანათლებლო ისტორია არ აქვს და აღნიშნული მოსწავლეები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში არ არიან. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის აღნიშნული მოსწავლეების სიტემის გარეთ დარჩენის კონკრეტული მიზეზები. ასევე არ არის დაკონკრეტებული 10 404 მოსწავლეში შედიან თუ არა კერძო სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც სკოლამ EMIS-ის რეესტრში არ დაარეგისტრირა.

ვაქცინის გაკეთების მსურველებმა აცრამდე სპეციალური კითხვარი უნდა შეავსონ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანამდე რამდენიმე საათი დარჩა. Astrazeneca-ს ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დილით ელოდებიან. Сovid19-ის ვაქცინაციის დაწყებამდე უნდა გაიარონ თუ არა რაიმე სამედიცინო პროცედურა აცრის გაკეთების მსურველებმა, ამ და ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვებით, Europetime-მა ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა. „საერთოდ, ვაქცინაცინაციასთან მიმართებით რაიმე წინასწარი გამოკვლევები არც ერთ ქვეყანაში არ კეთდება, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. ერთადერთი, რაც ვაქცინასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციები და ა.შ. ამიტომ, აუცილებლობად მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ვაქცინას გაიკეთებს, ჯერ შეავსებს სპეციფიკურ კითხვარს, რომელსაც გააცნობენ: ალერგიის ანამნეზი ისტორიულად ხომ არ ჰქონდა რომელიმე წამალზე, მედიკამენტზე; ხომ არ გადაიტანა ეს დაავადება; რაიმე ქრონიკულ დაავადებას ხომ არ ატარებს, ან ახლა ხომ არ აქვს ამ დააავადების გამწვავება? ბუნებრივია, ეს კითხვები გათვალისწინებულია და არსებობს საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების მართვის პროტოკოლი (ქალბატონი მაია გოთუა და მეორე ავტორი მე ვარ), აქაც არის ეს კითხვარი მოცემული. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ტრენინგი ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ჩაატარებენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამიტომ, ეს ყველაფერი, რაც ხდება სტანდარტულად, ადამიანის ჯანმრთელობის გამოკითხვა აუცილებლად მოხდება, მექანიკურად ვაქცინა არავის არ გაუკეთდება“. _არიან თუ არა რაიმე რისკჯგუფები, რომლებისთვისაც ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის? ცალსახად, ვაქცინის ჩატარება არ ხდება იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში არიან მცირე ასაკის, ანუ 18 წლამდე ბავშვები, ასევე, რომლებიც არიან ორსულობის სტადიაში. მათთვის ჯერჯერობით ვაქცინა არ გამოიყენება. ასევე, ალერგიის კუთხით არსებობს ასეთი წინაღობა, ვაქცინაში არსებობს შემავალი კომპონენტები, როგორიც არის პოლიეთილენგლიკოლი და პოლისორბატი, თუ მათ მიმართ ადამიანს ანამნეზში დადგენილი ალერგია აქვს ალერგოლოგის მიერ, რადგანაც ვაქცინები ამ ნივთიერებებს შეიცავენ ასეთი პერსონებისთვის და პიროვნებებისთვის ვაქცინები არ შეიძლება. მეორე მხრივ, თუ მსგავსი ტიპის ალერგია არ ჰქონია არასოდეს და ეს ვაქცინები ორდოზიანია და პირველ დოზაზე იქნება ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა ასეთ ადამიანებს პირველი დოზის ალერგიის შემთხვევაში აღარ გაუმეორდებათ. ჯერჯერობით, მხოლოდ ესენი არიან, ვისთვისაც არ შეიძლება - ასაკობრივი ჯგუფები, ორსულები და უკვე ცნობილი ალერგია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ვაქცინაში შედის. _რა რეკომენდაციებია გათვალისწინებული ვაქცინირებული ადამიანებისათვის, არის თუ არა რაიმე წესები, რაც ვაქცინაციის შემდეგ უნდა დაიცვან? არა, რაიმე წესები ვაქცინაციის შემდგომ არ არსებობს. ვაქცინაციის შემდგომ ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ვაქცინაციის ადგილზე ტკივილი, შეიძლება იყოს კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე 2 ან 3 დღის განმავლობაში, ტემპერატურული რეაქცია საშუალოდ 10%-ს შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ მათ ეძლევათ რეკომენდაციები როგორ მოიქცნენ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი გამოიყენონ. მეტი რეკომენდაცია არ არსებობს. _როგორც ვიცით, რიგ ვაქცინირებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრა, ვაქცინირებულებისთვის გარკვეული პრივილეგიები არსებობს, მაგალითად აშშ-ში, დახურულ სივრცეში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ პირბადე არ ატარონ? როგორ ფიქრობთ, საქართველოში ვაქცინირებულ ადამიანებს უნდა მიენიჭოთ თუ არა კოვიდრეგულაციების დაცვის კუთხით შეღავათები და რამდენად რეკომენდებულია მსგავსი ზომები? ის რომ, საქართველოში, ქვეყნის შიგნით ვაქცინირებულ ადამიანებს რაიმე უპირატესობა უნდა ჰქონდეთ რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან სხვა რაიმე აქტივობის, ეს ქვეყნის შიგნით სრულიად წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიმაჩნია.

გაუმართლებლად მიმაჩნია, ვაქცინირებულ ადამიანებს ქვეყნის შიგნით კოვიდრეგულაციების შემსუბუქების კუთხით რაიმე შეღავათი ჰქონდეთ - ბიძინა კულუმბეგოვი

უნდა სარგებლობდნენ თუ არა კორონავირუსზე ვაქცინირებული ადამიანები რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან რაიმე სხვა აქტივობის კუთხით შეღავათებით, ამ თემაზე Europetime-ის შეკითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხ. კითხვაზე რიგ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული შეღავათები არსებობს, რამდენად რელევანტურია მსგავსის არსებობა საქართველოში, კულუმბეგოვი გვპასუხობს, რომ მას რაიმე სახის პრივილეგიების არსებობა ქვეყნის შიგნით წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიაჩნია. ,,პრივილეგიებს სხვა ქვეყნები აწესებენ უფრო და საერთაშორისო მგზავრობას შეეხება, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს იქ უვიზო მიმოსვლა და ეს შეიძლება იყოს მწვანე ბარათი, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდგომ. „ის რომ, საქართველოში, ქვეყნის შიგნით ვაქცინირებულ ადამიანებს რაიმე უპირატესობა უნდა ჰქონდეთ რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან სხვა რაიმე აქტივობის, ეს ქვეყნის შიგნით სრულიად წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიმაჩნია", - განაცხადა კულუმბეგოვმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინა დაჩქარებული ტემპით, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა და საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება.

თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე

„ენერგომომარაგების მიმართულებით, თურქეთი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე“, - ამის შესახებ Europetime-ს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განუცხადა, თურქეთში რუსეთის მიერ ატომური ელექტრო სადგურის „აკუიუს“ მესამე ბლოკის მშენებლობის დაწყების ფაქტის შეფასებისას. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის აშენების შემდეგ, თურქეთი გაცილებით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და იმპორტს შეამცირებს, მისი ენერგოდამოუკიდებლობა ამით არ გაიზრდება. „პირიქით, უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე, რადგან სავარაუდოდ სადგურის მუშაობა, მთლიანად რუსეთის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ფინანსური ინტერესისა, რუსეთის მთავარი ინტერესი სწორედ ეს იყო. სადგურზე ატომური საწვავის, შეტან ,და ნარჩენების უტილიზაცია დიდი ალბათობით რუსეთის მიერ მოხდება. ამ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ენერგომომარაგების კუთხით, თურქეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე “, - განაცხადა პაატა ცინცაძემ. Europetime-თან საუბრისას, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი ასევე განმარტავს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე, თურქეთში ატომური ელექტრო სადგურის აშენებამ. პაატა ცინცაძის ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად მილიარდ ნახევრამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას შეისყიდის, სამი ქვეყნიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. „უკვე 15 წელია, თურქეთში ელექტრო ატომური სადგურის პროექტს ამუშავებენ. რა ინფორმაციაც ვრცელდება, აღნიშნული სადგური საკმაოდ ძვირ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, როგორც მე ვიცი, კილოვატ საათის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება. რაც, შესაძლოა, საქართველოს მიერ თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახოს და ტარიფი გაძვირდეს. ვიდრე ელექტროენერგიის იმპორტი დაგვჭირდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა იყო და თურქეთი ჩვენგან ყიდულობდა ელექტროენერგიას. მაგრამ ბოლო წლებში, საქართველოში იმდენად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, ტურიზმის განვითარების გამო, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან ყველას მომსახურების სფეროს სჭირდება კონდიციონერი და სხვა სახის სერვისი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს. ამიტომ, ელექტროენერგიის იმპორტი დავიწყეთ. ატომური ელექტრო სადგურის აშენების შემდეგ, საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენ შეიძლება თურქეთის სახით, ელექტროენერგიის ტრადიციული საექსპორტო ბაზარი დავკარგოთ, რომლის გამოც აშენდა სპეციალური ელექტროგადამცემი ქსელი, თავისი მუდმივი დენის ჩანართით. ამ ქსელით, აზერბაიჯანს და რუსეთს თურქეთში, საქართველოს გავლით ტრანზიტულად გააქვთ ელექტროენერგია. საიდანაც ჩვენს ქვეყანას გარკვეული შემოსავალი აქვს და შიძლება ეს ტრანზიტიც მკვეთრად შემცირდეს და ამხელა ინფრასტრუქტურა უფუნქციო გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს პაატა ცინცაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს. პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია. ინტერვიუ სრულად ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ - ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!

ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!

წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. დღეისთვის შეჩერებულია სამი დიდი ელექტროსადგურის ნენსკრა, ნამახვანჰესის და ხუდონჰესის მშენებლობა, რომლებიც ქვეყანის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდიდა და ექსპორტიორ ქვეყნადაც აქცევდა. თუმცა ენერგოდამოუკიდებლობის საპირწონედ დგას სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ დაყენება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, უნიკალური მიკროკლიმატური ზონების შეცვლა და რაც მთავარია ჰესის, წყალსაცავის უსაფრთხოება წყალსაცავიანი ელექტროსადგურების მიმართ მოსახლეობის და გარემოს დამცველების აღნიშნული შიშები გამოწვეულია სახელმწიფო კვლევითი და საექსპერტიზო ინსტანციების მუშაობის ხარისხის მიმართ, უნდობლობით. ასევე სხვა ახალ აშენებულ ჰესებზე მომხდარი ავარიებით. რა ენერგო პოტენციალი აქვს საქართველოს? ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ამ სიტუაციიდან სად არის გამოსავალი? შესაძლებელია თუ არა დიდი ჰესების უსაფრთხოდ აშენება და ამისთვის რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - აღნიშნულ საკითხებზე Europetime ენერგეტიკის აკადემიის წევრს პაატა ცინცაძეს ესაუბრა. _თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატური თანხა იხარჯება ნამახვანჰესის დაპროექტებასა და მშენებლობაზე? პროექტის ხარჯების შემცირება, ხომ არ ხდება პროექტის უსაფრთხოების ხარჯზე? ასეთი დიდი ნაგებობის უსაფრთხოება განისაზღვრება სამ ეტაპზე. პირველი - ეს არის პროექტირების სტადია, რომელიც უნდა გაკეთდეს აუცილებლად მაღალ დონეზე. მეორე არის მშენებლობა, მესამე ეს არის ექსპლუატაციის პერიოდი. როცა უკვე ჰესი მუშაობს. არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მაღალი კაშხლების ასოციაცია ICOLD, შვეიცარიაში აქვს შტაბბინა. მათი მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ყველაზე ხშირად, ჰიდროსადგურებზე ავარიები ხდება პირველ 3-5 წლიან ინტერვალში. ამ ვადაში გამოჩნდება ხოლმე პროექტირებისას და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები. შემდეგ, 50 წელი ძალიან იშვიათობაა ავარიები და 50 წლის შემდეგ, ისევ ჩნდება ავარიების საშიშროება იმიტომ, რომ აქ უკვე იწყება გამოყენებული მასალების და კონსტრუქციების ე.წ დაღლილობა, დაძველება და ამან შეიძლება, გამოიწვიოს რაიმე ავარია. თუ ნამახვანიჰესი აშენდება ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და პროექტი მაღალ დონეზე იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს. დაახლოებით 20 წლის წინ შემოიღეს ერთი ფანჯრის პრინციპი, გამარტივებული პროცედურები, როცა პროექტირებისთვის და მშენებლობისთვის არავითარი ლიცენზიის მოთხოვნა აღარ ხდება, ასეთ პროექტებზე ეს არ არის სწორი მიდგომა. როგორ შეიძლება ტექნიკური ნაგებობის ექსპერტიზა არ ჩატარდეს, ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონი სპეციალისტების მიერ?! ამის მაგალითია ავარიები მესტიაჭალაჰესზე, შუახევჰესზე და ა.შ. აღნიშნული ავარიები ძირითადად მოხდა პროექტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. ან მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების მიზეზით. ჩვენ ამ პროექტებს სათანადო ექსპერტიზა ვერ ჩავუტარეთ. სახელმწიფომ ვერც ტექნიკური ზედამხედველობა ვერ განახორციელა, სათანადო დონეზე მშენებლობის პერიოდში. _მიზეზი რა არის? შესაბამისი სამსახურების არარსებობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, თუ კიდევ სხვა სახის დამატებით პრობლემებთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაციის საკმარისი კადრები არ გვყავს. ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ, როცა გავაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა 1987 წელს და გახარებულები ვიყავით ამით, ვამბობდით, რომ ეს არის ჩვენი ყველზე დიდი მიღწევა, ამის შედეგია ეს ყველაფერი. ხუდონის მშენებლობა იცით როგორ იყო დაგეგმილი? ენგურჰესის მშენებლობა 1983 წელს დამთავრდა. ენგურჰესზე ჩამოყალიბდა ჰიდროტექნიკური მშენებლობის უზარმაზარი სკოლა. 15-18 წელი შენდებოდა ენგურჰესი და ინჟინრების, მშნებლების და ტექნიკური პერსონალის მთელი თაობები გაიზარდა. ამის გარდა, გაჩნდა უზარმაზარი სამშენებლო ბაზა და ტექნიკა. ხუდონჰესის გაჩერებასთან ერთად ეს ყველაფერი ჩვენ მოვკალით. ჩვენი ხელით გავანადგურეთ ყველაფერი. ისეთი საქმე გავაკეთეთ, მტერს რომ მოესურვებინა ის ვერ დაგვიშავებდა ამდენს. ხუდონჰესს 1.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა. ამით არსებულ დეფიციტს შევავსებდით, ხუდონს კიდევ დამატებით სხვა, ძალიან ბევრი პლიუსი ჰქონდა. მისი აშენების შემდეგ, ენეგურჰესზეც გავზრდიდით წარმოებას. ენგურჰესის წყალსაცავი ილამება. ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესის ექსპლუატაციის პერიოდი დაახლოებით 100 წლით გაიზრდებოდა. გარდა ამისა, ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობა 2 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზარდა. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევუწყვეტთ ელექტროენერგიის მიწოდებას და ამაში ხუდონჰესს განსაკუთრებული როლი ექნებოდა. ერთი სიტყვით ხუდონჰესის გაჩერება იყო მომაკვდინებელი დარტყმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რომლის ნაყოფსაც ახლა ვიმკით. ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების რეალური შესაძლებლობა არსებობს და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაკეთდება. სჯობს ადრე გაკეთდეს. ნამახვანსაც იგივე ეხება. ორივეს აშენება, რა თქმა უნდა შეიძლება. უნდა შევძლოთ და გავაკეთოთ პროექტების ექსპერტიზის და მშენებლობის ზედამხედველობა თანამედროვე სისტემა გამართული და არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. _ახლა რა ხარისხის პროექტიც არის და რა დონის ექსპერტიზა, ზედამხვედველობის სისტემა, ამ მოცემულობით რამდენად მიზანშეწონილია ნამახვანჰესის აშენება? ჰესის მშენებლობა სახლის მშენებლობას არ ჰგავს. პროექტირება ფაქტობრივად სრულდება, მაშინ როდესაც მშენებლობა სრულდება. მაგალითად, ენგურჰესზე მშენებლობის დროს, 200 კაცი მუშაობდა საპროექტო ჯგუფში, რომელიც იყო განთავსებული ენგურზე. მშენებლობის მიმდინარეობისას პერიოდულად ცვლილებები შედიოდა პროექტში, ანუ პროექტირება მშენებლობის დროსაც გრძელდება. ამიტომ, დღევანდელი მონაცემებით კი ბატონო, შეიძლება მშენებლობის დაწყება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გვაქვს პროექტის ხარისხიან ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თავი არ გვყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები, პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ სხვა ქვეყნიდან მაინც მოვიწვიოთ, კვალიფიციური კომპანიები, რომელიც სათანადო ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს. _ერთ-ერთ ექსპერტის მოსაზრება იყო, რომ თუ არსებული ჰესების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება გარკვეული მოცულობის თანხა, აქამდე წარმოებული ენერგიის 20-25 პროცენტამდე გაზრდა შესაძლებელია. თქვენ როგორ აფასებთ ამ ინიციატივას, რამდენად რეალისტურ გათვლებს ეფუძნება და განსახორციელებლად რამდენად რეალისტურია? რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომც მოხდეს, 25 პროცენტით მაინც ვერ გაიზრდება. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, მაგალითად ლაჯანურჰესის წყალსაცავი რომ გავასუფთაოთ, რომელიც დალამულია. კატასტროფულად ძვირი დაჯდება. ძალიან რთულად განსახორციელებელი საქმეა. გაწმენდა ასე იოლად არ ხდება. სად უნდა წავიღოთ ამდენი ლამი და ქვიშა, მაგაზე ვინმე პასუხს გვეუბნება? რა არის გასაკეთებელი, სად არის ეს რეზერვი, რომელ ჰესზე? თუ საუბრობენ კონკრეტულადაც უნდა თქვან. ენგურჰესის რეაბილიტაცია ახლა კეთდება. გვირაბიდან წყლის გაჟონვის გამო დაახლოებიტ 300 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია იკარგებოდა. იმედია რეაბილიტაცია სწორად ჩატარდება და 300 მილიონ კილოვატ საათს დავიმატებთ. სამწუხაროდ 300 მილიონი, ჩვენი ჯამური წარმოების ელექტროენერგიის 3 პროცენტიც არ არის. არავითარი რეაბილიტაცია ამას არ უშველის. ის ელექტროენერგია, რაც დღეს გვაკლია, მთლიანად, რეაბილიტაციის ხარჯზე რომ დავფაროთ, შეუძლებელია. _რაც შეეხება ნამახვანჰესს, რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის შიშები ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების კუთხით და მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით? რატომ გაჩნდა ასეთი პროტესტი, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს მოსახლეობა და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები? ახლა ნამახვან ჰესზეა საუბარი, თორემ ყველაფერი დაიწყო ხუდონიდან. როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველოში ჰესები უნდა ავაშენოთ, ამის ქვეშ ხშირად არის საუბარი, რომ მოდი მცირე ჰესები ავაშენოთ, 13 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურებზეა საუბარი. ასევე საშუალო სიმძლავრის 50 მეგავატამდე სადგურებზე. მცირე და საშუალო სიმძლავრის სადგურებს წყალსაცავები არ სჭირდება. წყალსაცავი სჭირდება დიდ ჰესებს. ჩვენი მდინარეები არის სეზონური. ზაფხულში ბევრი წყალია, ზამთარში ცოტა. ბევრ წყალს ვკარგავთ. წყალსაცავი საჭიროა სწორედ იმისთვის რომ ზამთრისთვის მოხდეს დაგროვება და ზამთარში ამ წყლის მარაგის გამოყენება. აქ არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, ავაშენოთ წყალსაცავიანი ჰესები და ზაფხულში მდინარეების ჭარბნადენი დავაგროვოთ, ამ წყალსაცავებში. შემდეგ გავხარჯოთ ეს ენერგია ზამთარში, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდეს. დღევანდელი მონაცემებით, იმპორტს ვახორციელებთ წელიწადში 9 თვე. ასეთი მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვს. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, ადაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. მისი თითქმის ნახევა რი ამ ორ მდინარეზე . ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას. ევროკავშირის „ენერჯი კომუნითის“, წევრი საქართველო 2016 წელს გახდა. ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ენერგეტიკა შევიდა ევროკავშირში. რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი, რომელსაც „ენერჯი კომუნითი“ ითხოვს წევრებისგან. პირველ რიგში ეს არის ელექტროენერგისს ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენტული გარემოს შექმნა, სექტორში და თვითკმარი ენერგეტიკული სექტორის არსებობა. არავის არ უნდა მიიღოს ისეთი წევრი რომელიც, ასე ვთქვათ იქნება ევროკავშირის სარჩენი. მით უმეტეს წევრი, რომელიც ენერგეტიკულად არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. ჩვენ ელექტროგადამცემი ხაზებით პირდაპირ დაკავშირებული არ ვართ ევროკავშირთან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. _რატომ ვერ ხერხდება ამ ელექტროგადამცემი ხაზების აშენება, თანხების გამო, თუ თვითონ ევროკავშირიც არ აქტიურობს ამ კუთხით და მისთვის სტრატეგიული ღირებულება არ აქვს? როგორც ნავთობ და გაზსადენებზე მოხდა, უცხოური ინვესტიციებით, მშენებლობა, ელექტროენერგიის დერეფნის კუთხით რატომ ვერ ხერხდება? ასეთი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. ჩვენ ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანას არ ვესაზღვრებით. ერთი, ძალიან რთული გზაა თურქეთის გავლით შევძლოთ ევროპის ბაზარზე გასვლა, რასაც თურქეთი კატეგორიულად ეწინააღდეგება. მეორე გზა არის შავი ზღვის ფსკერზე, სადენების გაყვანა, რაც ასევე ძალიან ძვირი და ძალიან რთული პროექტია. რა თქმა უნდა შეიძლება, თუ ევროკავშირის ქვეყნები დაინახავენ რომ საქართველოში ამისთვის რამე კეთდება. ჩვენ 30 წელია არაფერი ახალი არ აგვიშენებია. ჰესებს ვგულისხმობ, მწვანე ენერგიაზეა აქ საუბარი. მათ არ სჭირდებათ თბოსადგურების საშუალებით მიღებული ელექტროენერგია. თუ იქნება წარმოებული დიდი რაოდენობის მწვანე ენერგია, რომელიც შიდა ბაზარსაც დააკმაყოფილებს და ექსპორტის საშუალებაც იქნება, ამ შემთხვევაში ამ საკითხის დასმა შეიძლება. მაგრამ ახლა ევროკავშირში ხედავენ, რომ საქართველო ორ მეგავატიანი სადგურის აშენებასაც ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ამ ქსელის აგების პროექტიც დღის წესრიგში არ დგას. რისთვის უნდა აშენდეს? თურქეთეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზიც უფუნქციოდ გვრჩება. რომელსაც საშუალება აქვს 700 მეგავატი გაატაროს, ამ დროს არ ატარებს 20-30 მეგავატზე მეტს. თუ ჩვენ ენერგეტიკას განვავითარებთ ისე, როგორც საჭიროა, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ელექტროკავშირების განვითარებაზე ევროპამაც იზრუნოს და მხოლოდ ჩვენ საზრუნავი არ გახდეს. _თუ ელექტროგადამცემი ხაზით ვერ ვუკავშირდებით ევროპას და თურქეთსაც ვკარგავთ, როგორც ელექტროენერგიის პოტენციურ შემსყიდველს, საქართველოში დიდი ჰესების აშენება კიდევ საჭირო ხდება? რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მხოლოდ თურქეთზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი. მოხმარება იზრდება, რა ვქნათ, ეს მოხმარება უნდა დავაკმაყოფილოთ, ან საკუთარი წყაროებიდან, ან ვიყიდოთ სხვა ქვეყნისგან. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს. არის კიდევ ერთი გზა, რომ თბოსადგურები ავაშენოთ, მაგრამ თბოსადგურების აშენების შემთხვევაში, გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, არსებობს, დამოკიდებულების ზრდა აზერბაიჯანზე. ჩვენ არ გვაქვს ეს გაზი და აზერბაიჯანიდან უნდა შემოვიტანოთ. ასე რომ, ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე.

კორნელი კაკაჩია: საზოგადოებაში იმდენად ძლიერია პროდასავლური განწყობები, რომ საგარეო კურსს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეცვლის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შედეგად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყებამ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივა გააჩინა. განხილვის თემად იქცა შეთანხმებისთვის საჭირო რამდენიმე კომპრომისული ვარიანტიც, მათ შორის პლებისციტის საკითხი, თუმცა ბოლოო დღეებში, ფარული ჩანაწერების გავრცელებამ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. გაჩნდა კითხვები, ვინ ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას და ამ ვითარებაში, რა შედეგს მიაღწევს კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში თავისი წარმომადგენლის სტატუსით დანიშნა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის რანგში, დანიელსონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. აღნიშნულ საკითხებზე Europetime პოლიტოლოგს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. - თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია. რომელსაც თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, დამატებით, პანდემიით გამოწვეული გართულებები. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ჯერჯერობით ვერ გამოდის ამ კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პარტიული პოლიტიკა, რომლის მიზანიც უნდა იყოს, ქვეყანა გამოიყვანოს ამ პოლიტიკური ჩიხიდან, ჩვენ კიდევ, ჯერჯერობით ჭრილობაზე მარილის მოყრა გამოგვდის. _ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ზოგადი რეკომენდაციები, რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ეს ორივე მხარე შემდგომ ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, თქვენ, როგორც პოლიტოლოგს, თუ გაქვთ კონკრეტული მოსაზრება, რეკომენდაციები, კონკრეტულად რა უნდა დათმოს ოპოზიციამ და რა ხელისუფლებამ? თითოეულმა მათგანმა რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რა კომპრომისზე უნდა წავიდეს? ასე კონკრეტულად თქმა რთულია, ოქროს გასაღები არავის აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მხარეებმა უნდა გამონახონ გამოსავალი. თუმცა რამდენიმე ვარიანტის დასახელება შესაძლებელია. ერთი ვარიანტი ეს არის, რომ რაც უკვე გაცხადებულია ოპოზიციის მხრიდან - გონივრულ ვადებში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ იქნება ორივე მხარისგან პოლიტიკური ნება და შემდეგ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს პოლიტიკური ძალაუფლების საკითხი. მეორე კომპრომისული ვარიანტია, ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამას პლუს ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე და მოხდეს ხელისუფლების გადანაწილება ოპოზიციასთან. რამდენიმე მინისტრის პოსტი ოპოზიციას უნდა დაუთმოს, ასევე პარლამენტშიც. სხვანაირადაც შეიძლება ამას შევხედოთ. ასე ვთქვათ, შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას მომავალ არჩევნებამდე მიიყვანს. ეს უფრო იაფიც დაგვიჯდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოცემულობიდან ორივე ვარიანტი უტოპიურად ჟღერს, ეს ვარინტები ჯობს სხვა ცუდ სცენარებს, რომლებსაც კონფრონტაციისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივყავართ. _თქვენ საუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა დათმოს ხელისუფლებამ. თქვენი აზრით, ოპოზიცია რა კომპრომისზე უნდა წავიდეს და ხელისუფლებისთვის წაყენებული მოთხოვნებიდან რომელი პუნქტები შეიძლება, რომ დათმოს და რომელი აირჩიოს? ბოლო დროს, თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნების ჩატარების კითხვით, პლებისციტის თემა წამოიწია. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ პოლიტიკოსების ნაცვლად, რადგან აქ კიდევ სხვა გარემოებებია გასათვალისწინებელი, რომლებიც თვითონ პოლიტიკოსებმა უკეთ იციან, მაგრამ გარედან ყოველ შემთხვევაში ისე ჩანს, რომ სხვა ვარიანტებიც არის და თუ კიდევ იქნება შემოთავაზებული შუამავლების მეშვეობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ სხვა სამუშაო ვარიანტებიც გაჩნდება, მათ შორის პლებისციტის თემაც, რომელიც ასევე გამოსავალია. ორივე მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი და თანმიმდევრული ამ მიზნის მიღწევაში. თუმცა ჯერჯერობით ამ კუთხით სანუგეშოს ვერაფერს ვხედავთ. რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ ესაა - აგრესიული რიტორიკა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუ ევროკავშირის აქტიურმა მედიაციამაც არ გამოიღო შედეგი, ფაქტობრივად, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ თვითონ მოაგვაროს პრობლემები. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს ინსტიტუტი, რომელსაც ექნება რამე ნდობა, რომელიც ამ დაპირისპირებული მხარეებისთვის მოლაპარაკების რამე ჩარჩოს შექმნის. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაშიც არის განსხვავებები. არიან გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თავისი ვიწრო პარტიული დღის წესრიგი აქვთ, არიან დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი წინადადება იქნება შემოთავაზებული შუამავლების მხრიდან. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ევროკავშირის ჩართულობა. _შარლ მიშელის ვიზიტის შედეგებს როგორ შეაფასებთ, თუნდაც იმ გარემოებას, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მან თავისი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, თანაც ევროკავშირში საკმაოდ მაღალი რანგის პირი. კრისტიან დანილესონი - 2013 წლამდე იყო ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი და 2015 წლიდან სამეზობლო საკითხების გაფართოებაზე მოლაპარაკებების საქმეთა წარმოების გენერალური დირექტორი. თუნდაც მისი ეს სტატუსი, ეს რანგი, რაზე მიანიშნებს? სამწუხაროდ, ეს იმაზე არ მიანიშნებს, რაც ჩვენ გვსურს, რომ ამოვიკითხოთ ამ ადამიანის გამოცდილებასა და თანამდებობრივ პოზიციებში, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დანიშვნა უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად იცნობს ჩვენს რეგიონს, ევროკავშირის სამეზობლოს და იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან. კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ეს მედიაცია ევროკავშირსაც სჭირდება. ბოლო პერიოდში, ევროკავშირის როლი საკმაოდ გაფერმკრთალდა რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, სადაც ჩანდა, რომ დასავლეთი ფაქტობრივად გათიშული იყო ამ მოვლენებიდან. ამ ფაქტმა უამრავი შეკითხვა გააჩინა ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაცია სჭირდება, როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ეს მონდომება უნდა იყოს ორმხრივი. თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველმა პოლიტიკოსებმა. ვერც ევროკავშირი, ვერც სხვა საერთაშორისო შუამავალი, მათ ნაცვლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. უბრალოდ, ისინი შექმნიან მოლაპარაკებების ხელშემწყობ პლატფორმას და ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებენ მხარეებს. _შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გავრცელება დიალოგის დაწყებას საეჭვოდ დაემთხვა და კონკრეტულ ძალებს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა არ სურთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოვლენებს? ეს ვარაუდი რეალობას მოკლებული არ არის. ვიცით, რომ ორივე მხარეს არიან რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, დაკონკრეტებისგან შეგნებულად თავს შევიკავებ; რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ კვლავ შეუზღუდავი ძალაუფლების მანდატით მოსვლა, ძალაუფლების ყოველგვარი განაწილების გარეშე. ამ ჯგუფების აზრი, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის მოლაპარაკებაში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას. თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. _რევოლუციური სცენარის მომხრეებს გულისხმობთ? დიახ, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი ინტერესები და დღის წესრიგი. პატარა პარტიების ინტერესია, რომ შეინარჩუნონ მონაპოვარი და რაღაც სტაბილურობას მიაღწიონ, თავი დაიმკვიდრონ. დიდ პარტიებს სხვა ამბიციები აქვთ, აქედან გამომდინარე, მათი მადა უფრო დიდია. ასევე, ზოგიერთი პარტიის ლიდერებს აქვთ ეგოების თემა, რაც დაუკმაყოფილებელი აღმოჩნდა ამ საპარლამენტო არჩევნების დროს. რაც ზოგიერთ მათგანს აიძულებს, ყველა გზას მიმართოს, პოლიტიკური ბრძოლის დროს, მათ შორის რადიკალურსაც. ყველაზე საწყენი ისაა, რომ მეგონა ამ კომპრომატების თემა დამთავრდებოდა და როგორც ჩანს, ორივე მხარე ერთმანეთის წინააღმდეგ, ისევ წარმატებით იყენებს ძველ, ასე ვთქვათ აპრობირებულ, ბინძურ მეთოდებს. _თქვენ რა სცენარსაც განიხილავთ, გარე ძალების ფაქტორი ნაკლებად ჩანს? ბუნებრივია, არსებობენ გარე ძალები, რომელთა ინტერესია, რაც შეიძლება უფრო მეტი არასტაბილურობა იყოს საქართველოში. მე ვერ ვიტყვი, რომ სინქრონი არსებობს, მაგრამ გამორიცხული არ არის ასეთი ვარიანტიც, რომ ეს გარე ძალები ხელს უწყობდნენ ამ პოლარიზაციის გაღრმავებას, რომ კიდევ უფრო გართულდეს ეს მოლაპარაკებები. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი, გარე ძალებს აწყობთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ჩვენივე ხელით ვაკეთებთ და ხელს ვუწყობთ ფაქტობრივად, კონკრეტული გარე ძალების საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას საქართველოში, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. _თქვენ ახსენეთ ოპოზიციაში განხეთქილება, რომ ყველა პარტიას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს, თუნდაც ამ სიტუაციაში. ოპოზიციურ სპექტრში ხედავთ ისეთ რესურსს, პარტიების ან პოლიტიკოსების სახით, რომლებიც რადიკალური ფრთის მცდელობის მიუხედავად, ევროკავშირის მედიაციით, ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას და ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლას შეძლებენ? ბოლო დღეებში განცხადებებს, თუ დავაკვირდებით, როგორც ჩანს, მცირე პარტიების წარმომადგენლების პოზიციები განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციისგან. ისინი მზად არიან, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ შევიდნენ პარლამენტში. პრინციპში ქართველი ამომრჩეველიც ამას ითხოვს, რასაც NDI-ის ბოლო კვლევებიც ადასტურებს. დასავლეთიც ამ სცენარს უჭერს მხარს. თუმცა არის ფუნდამენტური თემები, რომლებიც აერთიანებს ოპოზიციას, მაგრამ არის ტაქტიკური საკითხები, სადაც მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ეს უკვე ჩანს ბოლო დღეების რიტორიკიდან, თუ ხელისუფლება წამოვა გონივრულ კომპრომისებზე, ძალიან გაუჭირდებათ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე, მით უმეტეს, თუ ეს კომპრომისი ევროკავშირის მხრიდან იქნება მოწონებული და საზოგადოებაც ნახავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, უარი თქვას ერთპარტიულ მმართველობასა და სხვა არადემოკრატიული მართვის ფორმებზე. _თქვენი შეფასებით, რამდენად რეაგირებს ხელისუფლება დასავლეთის რეაქციაზე. NDI-ს ბოლო კვლევებით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ემხრობა. მხოლოდ ამ ფაქტორის გამო ცდილობს დასავლეთის კეთილგანწყობის შენარჩუნებას, თუ რეალურად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის დასავლეთის დამოკიდებულება და პროდასავლური პოლიტიკის ერთგულება? ეს ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, საგარეო პოლიტიკური აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. იმას არ ვამბობ, რომ არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, დინებას, უფრო მიჰყვებიან. მათ არ შეუტანიათ რამე ახალი შტრიხი, ახალი ხედვა საგარეო პოლიტიკაში. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც ყველა ხელისუფლების დამსახურებაა, მათ ხელმოწერით უბრალოდ დაასრულეს ეს პროცესი. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ხედვა რაიმე სიახლის შემცველი არ არის. ძირითადად, ეს არის რეაგირებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა - რაღაც რომ მოხდება და ჩვენ მხოლოდ რეაგირება უნდა მოვახდინოთ, ზოგჯერ, ეს რეაგირებაც დაგვიანებულია. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის არა რაღაც რეაგირებაზე აგებული პოლიტიკა, არამედ, წინასწარ გაწერილი, ფასეულობებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობთან, ანუ ერთიანი ახალი ხედვა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო რეალობას მოერგება. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ჩვენს რეგიონში გასულ წელს, ასევე საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - ძალიან გამიჭირდება ისეთი პოლიტიკოსის, კონგრესმენის ან სენატორის პოვნა შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოუპოვა საქართველოს, როგორც მხარდამჭერი. მიუხედავად იმისა, რომ ლობისტების დასაქირავებლად უზარმაზარ თანხებს ხარჯავს „ოცნება“, ისევე, როგორც ოპოზიცია. ოპოზიციამ, წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კარგად გამოიყენა ეს რესურსი და მათ ეს კონტაქტები და იდეოლოგიური კავშირები დღემდე აქვთ, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ისე ამერიკაში. ჯერჯერობით, არ მახსენდება არც ერთი კონგრესმენი ან სენატორი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. „ნაციონალების“ დროს, უამრავი სენატორი და კონგრესმენი გახდა საქართველოს მხარდამჭერი და დღემდე აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რამდენად დიდი განსხვავებაა ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის საგარეო პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, ისე არ გამიგოთ, რომ საერთოდ არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, ისეთი ენერგია არ იგრძნობა, როგორიც ეს იყო ყოფილი ხელისუფლების დროს. _რამდენად რეალურად, ან საფუძველს მოკლებული მიგაჩნიათ ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების პრორუსულობაზე? ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორების ცვლილების კუთხით კონკრეტული საფრთხე იკვეთება? -ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან ამბობდა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, დასავლეთს და რუსეთს გეოპოლიტიკური ჭიდილში არ უნდა ვიყოთ ჩათრეულიო. სწორედ ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, რაშიც შედიოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა, რომელზეც თვითონაც მიხვდნენ, რომ არ გაამართლა. ეგონათ, რომ თუ განსხვავებული პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთი შეცვლიდა საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა აბსოლუტური ილუზია და ამას მგონი, თვითონაც კარგა ხანია, მიხვდნენ. _დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნებაში“ პროდასავლური პოლიტიკის მომხრე პოლიტიკოსების გავლენების თანაფარდობა როგორია სხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსების წონასთან და გავლენასთან? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალურ-კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი, რომელთა რაღაც ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას. ასე რომ, მოსახლეობის ამ სეგმენტის შეხედულება გათვალისწინებულია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას, ფაქტია, რომ რაც არ უნდა მოინდომოს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პერსონამ თუ პარტიამ, საქართველოში იმდენად ძლიერია პროდასავლური განწყობები, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, ან ლიდერი შეძლებს ამის შეცვლას. ამას თავის დროზე სწორად მიხვდა ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან ჩამოვიდა საქართველოში. ასევე ბუნებრივია, ამას მიხვდა „ქართული ოცნებაც“, აქედან გამომდინარე, რომც უნდოდეთ კიდეც ასეთი პოლიტიკის გატარება, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, ამ თემაზე არსებობს ძალიან მყარი საზოგადოებრივი კონსენსუსი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს პროდასავლურ კურსს და ის არ დაუშვებს საქართველოს პრორუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.

მეთიუ ბრაიზა: დიპლომატების წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს

„ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს განუცხადა, რითაც უცხოელი დიპლომატების ღია წერილს გამოეხმაურა. ამ წერილს თავად ბრაიზაც აწერს ხელს. „ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს (წერილის წერისას ჩვენ არ ვიცოდით, რომ დანიელსონი ევროკავშირის მედიატორი იქნებოდა). ძალიან კარგია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიატორი დანიშნა. ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი კრისტიან დანიელსონი მისცემს ბიძგს. მე ვმუშაობდი კრისტიან დანიელსონთან ერთად 2007-2008 წლებში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ევროკომისიის განყოფილებას, რომელიც კურირებდა ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობების პროცესს. ის ძალიან ჭკვიანი, სტრატეგიულად მოაზროვნე, სამართლიანი. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ის შესანიშანვი მედიატორი იქნება“, - განუცხადა ბრაიზამ Europetime-ს. საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებით.

ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან შესაძლოა, სამი ძირითადი მოთამაშე იდგეს - ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ბესიკ ალადაშვილი საეჭვოდ მიიჩნევს ფარული ჩანაწერების გავრცელებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. Europetime-თან საუბრისას, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერი, შარლ მიშელის მედიატორობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გამოქვეყნებულიყო, რადგან მისი აზრით, შესაძლოა, რომელიმე ძალა ცდილობს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება არ შედგეს და ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ქართულ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას ურჩევს, ვიდრე ასეთი ჩანაწერების გამო ემოციებს აჰყვებიან და ემოციურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, კარგად დაფიქრდნენ, ვის აწყობს მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელება, რა მიზნით და ხომ არ ეხმარებიან ისინი მათ, ამ მიზნის მიღწევაში. _თუ კარგად გავიხსენებთ, ყველა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება, კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას მოჰყვება ხოლმე. ასეთი ჩანაწერები სააშკარაოზე გამოდის მაშინ, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბულია. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ აქ პოლიტიკური მოთამაშეები არიან ჩართულნი. კონკრეტული ჩანაწერის, კონკრეტულად, სიტუაციის ანალიზისგან თავს შევიკავებ, კონკრეტული გვარების დასახელება არ მინდა, რადგან პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ და ნეიტრალური დავრჩები. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა მაშინ, როცა ოთხთვიანი არასტაბილურობის გადაწყვეტის შესაძლებლობა გაჩნდა, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად ევროკავშირის პირველი პირი ჩამოვიდა. შარლ მიშელის რანგის პირები ხშირად არ ჩამოდიან და მნიშვნელოვანი მინიშნებაც იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა კონკრეტული მიზნებით და სერიოზული მონდომებით, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დაგვხმარებოდა. სწორედ ამ დროს შემოაგდეს ეს ჩანაწერი“, - აღნიშნავს ალადაშვილი. ექსპერტის განმარტებით, რეალურად, ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან შესაძლოა, სამი ძირითადი მოთამაშე იდგეს: პირველი - პოლიტიკური მოწინააღმდეგე ძალა ქვეყნის შიგნით, მეორე - ეს შეიძლება იყოს შიდა პარტიული საქმეების გარჩევა და მესამე - შესაძლოა, ეს არის მართვადი ქაოსის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც გარედან არის მართული. „ზოგადად, ფარული მოსმენების ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, თითქმის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა აღჭურვილია რადიოელექტრონული დაზვერვის და მოსმენის შესაბამისი ტექნიკით. შეიძლება, ესენი იყვნენ ფინანსურად შეძლებული პოლიტიკური პარტიები იმიტომ, რომ არსებობს პორტატული მოსასმენი საშუალებებიც, რომლებიც რამდენიმე ათეული ათასი დოლარი და უფრო მეტიც ღირს. ასევე, შეიძლება იყოს იმავე ქვეყნის სპეცსამსახური და ხელისუფლების შიგნით შიდა დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. რაც მთავარია, როგორც ხდება ხოლმე, ფარული ჩანაწერები ინახება იმ კონკრეტული შემთხვევისთვის, იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც საჭირო იქნება მისი გარეთ გამოსვლა. კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. ერთი ვარაუდი - ის რომ, თვითონ ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, შიგნით ხომ არ არის რომელიმე ძალა, რომელსაც არ სურს შეთანხმება. ან ეს ხომ არ არის ძალა გარედან, რომელიმე სახელმწიფოდან, რომელსაც მართვადი ქაოსის სცენარი სჭირდება, რომ არ მოხდეს შარლ მიშელის მედიატორობით დაწყებული შეთანხმება“, - აღნიშნავს Europetime-თან ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების თემა რეალურად, მთელი მსოფლიოს პრობლემად იქცა და ამოუწურავი თემაა. ექსპერტი დასძენს, რომ განსაკუთრებით, სატელეფონო მოსმენების თავდაცვის მექანიზმი არ არსებობს. Europetime-ს კითხვაზე საქართველოში ფარული ჩანაწერების გავრცელების მუდმივი პრობლემა ხომ არ გამომდინარეობს იქედან, რომ დღემდე არც ერთ ჩანაწერზე არავინ დასჯილა, უფრო მეტიც, არც ერთი მსგავსი საქმე ბოლომდე გახსნილი არ არის? ექსპერტი პასუხობს, რომ რეალურად მსგავსი საქმეების დადგენა ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან რთულია. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა გამომდინარეობს იმ მთავარი ძირითადი მიზეზიდან, რომ ძალზედ რთულია იმის დადგენა, ვინ განახორციელა ჩაწერა ან ატვირთვა. ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ოფიციალურმა ფიჭურმა ოპერატორმა შესაძლოა, საერთოდ არ იცოდეს, რომ მის ქსელში ვინმეს უსმენენ. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, რეალურად, მაქსიმალურად დაცული არავინ არის . არსებობს სპეციალური დაცვის ტექნიკური საშუალებები პრეზიდენტებისთვის და სახელმწიფოს მეთაურებისთვის, თუმცა ბოლომდე ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფოს მეთაურების საუბრებიც გარანტირებულად დაცულია. მით უმეტეს, რიგითი მოქალაქეები, უფრო დაუცველები ვართ. ახლა, აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, თუ საქართველოში, ხელისუფლების უმაღლესი პირების ტელეფონების კონტროლი ხდება, ყველაზე ცუდი ეს არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებს ეხება, თავდაცვას და ეროვნულ უსაფრთხოებას, ვის შეიძლება ჰქონოდა წვდომა ქვეყნის პირველი პირების საუბრებზე “, - განუცხადა Europetime-ს ექსპერტმა. ალადაშვილი 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების წინაპირობებთან ავლებს პარალელს და დასძენს, რომ ქართულ პოლიტიკაში პრაგმატიზმს ემოციები სჭარბობს, რასაც ქვეყანა ცუდ შედეგებამდე მიჰყავს. „ქვეყანაც იღლება. კოვიდისგან ეკონომიკა დანგრეულია და ბუნებრივია, რომ არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში, ვიდრე ქუჩებში ეს ამბავია. ბუნებრივია, პროტესტის გამოხატვა ყველას უფლებაა, მაგრამ ეს გაფიცვები გზების გადაკეტვა, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყანაზე ცუდად აისახება. სამწუხაროდ, კვლავ იმ 30-წლიან სპირალზე ვტრიალებთ. 90-იან წლები მახსენდება, 91-92 წლები, მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მრგვალი მაგიდა, შეხვედრები ოპოზიციასთან. საბოლოო ჯამში, ვითარება მაინც ისე გამწვავდა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა, რამაც ქვეყანა ათწლეულებით უკან დახია. სამწუხარო პარალელებია, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე განვითარდეს, მაგრამ ერთი უნდა დავასკვნათ - სამწუხაროდ, ჩვენივე შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ჩვენი მოწინააღმდეგე ამას იყენებს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ალბათ ჩვენს მენტალიტეტშიც არის ეს რაღაც შეურიგებლობა, პირველობის სურვილი. პოლიტიკური სისტემა ვერ მოერგო ქართულ ხასიათს. პრაგმატიზმს ემოციები სჭარბობს. ზოგჯერ, პოლიტიკურია პარტია, ან პოლიტიკოსი გზას თვითონ იჭრის და შემდეგ ფიქრობს, როგორმე ამ ჩიხიდან გამოვიდეს. ზოგადად, პოლიტიკა, ეს არის პრაგმატიზმი პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. როცა პოლიტიკაში ემოციები სჭარბობს და პრაგმატიზმი ნაკლებია, ამ დროს ძალიან მარტივია გარედან სიტუაციის მართვა. ჩვენ ცოტა უნდა ავმაღლდეთ ამ რაღაცებზე, გავაანალიზოთ და ვისწავლოთ. ზოგი ამბობს, რომ ჩვენთვის ვის სცალია, რუსეთს ხელისუფლებას თავისი პრობლემები აქვს, კოვიდი და სხვა პრობლემები. ყველა დიდ ქვეყანაში, როგორც წესი, თავის სტრატეგიულ ინტერესებზე ფიქრობენ, ნებისმიერ ვითარებაზე, საქართველოზეც ბევრი ფიქრობს და ისე მოქმედებენ, როგორც თავიანთ სტრატეგიულ ინტერესებში შედის“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი. შეგახსენებთ, რომ „ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს ესაუბრება. TV პირველის მტკიცებით, ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში მას მხარს უჭერს. „ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები, დაახლოებით 2017 წლით თარიღდება.

ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას - დიპლომატები და ანალიტიკოსები

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას შეფასებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები, რადგან როგორც უკვე ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება. როგორც ბათუ ქუთელიამ Europetime-ს განუცხადა, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად დაიმსახურებს აშშ-ს ამ მხარდაჭერას საქართველო დემოკრატიული განვითარების კუთხით იმ ფონზე, როდესაც ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულ ფასეულობებზეა აგებული. ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა და თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად; ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება, რაც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება. „რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა. ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს“, - აღნიშნავს დიპლომატი. მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდაზე, გასათვალისწინებელია, რა ფორმაში იქნება საქართველო და იქნება თუ არა ის ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს. „თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნებათ საქართველოში, სახელისუფლებო გუნდშიც უფრო მეტი პროდასავლური აქტორი გამოჩნდება. ასეთი აქტორები შეიძლება გამოჩდნენ „ქართული ოცნების“ გუნდშიც, არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით“, - აცხადებს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელია. რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდამ, ამის შესახებ Europetime საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, დიპლომატსა და ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, 90-იან წლებში ის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც აზერბაიჯანს და ნაწილობრივ საქართველოსაც აუმაღლა სუვერენიტეტის დონე, აშშ-ის ინიციატივა იყო. სწორედ ამ პროექტებმა მისცა აზერბაიჯანს შესაძლებლობა, რომ გაემყარებინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ახლა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორია. „რომ არ ყოფილიყო კლინტონის ადმინისტრაცია, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. ან შედგებოდა ბევრად უფრო გვიან, ან სხვანაირად. ფაქტია, რომ 90-იან წლებში ამ პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო ამერიკის მსოფლიო ლიდერობამ. აშშ-ის ადმინისტრაციას სერიოზული მუშაობა მოუწია უამრავი კომპანიის დასარწმუნებლად, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტირება ნამდვილად ღირდა. როდესაც ამერიკა ნაკლებ ყურადღებას გაქცევს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვან პარტნიორს, ნიშნავს, რომ რუსეთის მსგავს ქვეყნებს უჩნდებათ შესაძლებლობა, უფრო აგრესიულად და თამამად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ჩვენს რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს. ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფანს. რეალურად, რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს სხვა ქვეყნების თვალში“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მისივე თქმით, ამერიკა უნდა დაბრუნდეს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტი და მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია დიდი პოლიტიკური ფასის გარეშე ავნოს საქართველოს ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯები არის ძალიან დამაიმედებელი და ამას განვითარება მოჰყვება. „განვითარებაში ვგულისხმობ, რომ გაძლიერდეს ამერიკის მიერ საქართველოს ინტერესების ლობირება. მათ შორის NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან მუდმივად იქნებიან ევროპის ქვეყნებში ისეთები, რომლებიც შეეცდებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს. ამერიკის აქტიური ლობირების გარეშე, საქართველო ვერ მოხვდება NATO-ში. ამერიკის აქტიური პოზიციის გარეშე საქართველოს Nato-ში გაწევრიანება გამორიცხულია. სულ მცირე, დამაიმედებელია ამერიკის პირველივე ნაბიჯებს შორის საქართველოს საკითხის დაყენება რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ბადრიძემ. როგორც Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, როცა სახელმწიფო ბევრი კუთხით დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე, ასეთ სიტუაციაში დასავლეთიდან მხარდაჭერის დაკარგვა, ძალიან მძიმე აღმოჩნდება საქართველოსთვის. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არასდროს ჰქონია დასავლეთის ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების შემდგომ ჰქონდა. 2007 წლის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთს არ გამოუთქვამს ისეთი მწვავე კრიტიკა, როგორც ეს ბოლო კვირებში მოხდა. ხელისუფლებამ რიტორიკა რომც არ შეცვალოს, დარწმუნებული ვარ, მელიას მაინც გამოუშვებს, რადგან არ მგონია, მელიას გამო, საბოლოოდ „გადაიკიდოს“ დასავლეთი. მე არ მჯერა იმ ზღაპრების, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა და მათ სურთ, საქართველო დააბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ, არ მგონია, მელიას გადააყოლონ ეს ამბავი. შეიძლება, ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ არც დასავლეთს არ უნდა, ხელი ჰკრას მას“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე. 4 მარტს, ენტონი ბლინკენმა განცხადა, რომ ამერიკა აქტიურად დაბრუნდება იმ რეგიონებში, სადაც ბოლო წლებში აშშ-ის მხარდაჭერა შესუსტდა. „ჩვენ ახლა გვჭირდება ქვეყნები თანამშრომლობისთვის, ისე როგორც არასდროს. გლობალურ გამოწვევებს, ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკა დაბრუნდა. ამერიკას აქვს უნიკალური ძალა სახელმწიფოები პრობლემების მოსაგვარებლად გააერთიანოს. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. სამყარო თავის თავის ორგანიზებას თავად ვერ შეძლებს. ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების წარდგენისას.

გია ნოდია: პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა

პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა, ახლა ეს არის ყველაზე რეალისტური და ოპოზიციას რეალიზმის გრძნობა უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ Europetime-ს პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა. „პლებისციტი იქნებოდა სერიოზული მიღწევა. რაღაც დონეზე შარლ მიშელის ვიზიტმაც იქონია გავლენა. ​ეს საკითხი ახლა შეიძლება უფრო ფართოდ განიხილება, მაგრამ მანამდეც განიხილებოდა. უბრალოდ, მოულოდნელად, ახლა მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ პლებისციტის წინააღმდეგია. თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის გავლენას და ავტორიტეტს ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მან განსხვავებული აზრი გამოთქვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად, ოპოზიცია, ან თუნდაც მისი პარტია ამას საბოლოოდ უარყოფს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამან შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, შეიძლება, არც შეცვალოს. მე ვფიქრობ, დათანხმება გონივრული კომპრომისი იქნებოდა. გასაგებია, რომ ოპოზიციას მაქსიმუმი უნდა. მაქსიმუმი არის, ის რომ დღესვე გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვთქვათ შემოდგომაზე, გაზაფხულზე ტექნიკურად ვერ მოესწრება. არც ოპოზიციის ინტერესში შედის ასე მოკლე ვადაში არჩვენების დანიშვნა“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას გია ნოდია. მისივე თქმით, დასავლეთისთვის დემოკრატია არის საპარლამენტო დემოკრატია, ინსტიტუციის ჩარჩოებში მოხვედრილი დემოკრატია. „მართალია, დასავლეთი ეთანხმება იმას, რომ იყო სერიოზული დარღვევები, მაგრამ არ ეთანხმება იმას, რომ არსებობს ცალსახა საბუთი იმისა, რომ სინამდვილეში ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში და ვთქვათ წაართვა მას გამარჯვება ხელისუფლებამ. ეს იყო მიზეზები, რის გამოც ცალსახა დამოკიდებულება ჰქონდა დასავლეთს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. მაგრამ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, გარდატეხა მოხდა. არა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი აღარ ეუბნებიან პარლამენტში შედითო, უბრალოდ, ისინი ახლა უფრო მეტი გაგებით ეკიდებიან ოპოზიციის შეხედულებებს. ეთანხმებიან იმას, რომ ოპოზიცია რომ შევიდეს პარლამენტში, საჭიროა რაღაც წინაპირობები და ფაქტობრივად, ეს წინაპირობების სია არის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული შეხვედრის ძირითადი შედეგი იყო“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი. როგორც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვას ბიძინა ივანიშვილის იდეად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ამ მოდელს თავს ბიძინა ივანიშვილი გვახვევს. პარტიების ნაწილი, მათ შორის „სტარტეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება. „მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პლებისციტთან დაკავშირებით მსჯელობაზე ხელისუფლება უარს არ ამბობს. „მსჯელობა რასაკვირველია ღირს, ვინაიდან, ეს საკითხია და მოლაპარაკების მაგიდასთან არგუმენტები ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ის რომ, სააკაშვილი აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს, ეს განსახილველი თემა ვერ იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. „ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი - იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს“, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერნა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს

„რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით ისე, რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია", - ამის შესახებ Europetime-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი და ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს. მისი თქმით, რეალურად რუსეთის ინტერესია, აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, რათა ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს სხვა ქვეყნების თვალში. „მთიანი ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფნის შექმნით, რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს, დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით და პირიქით. რუსეთის პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას აკავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად, თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არ ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო“, - განმარტავს გიორგი ბადრიძე. საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების მიზნით, ანაკლიის პროექტის აშენების დაჩქარების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილიც. მისი თქმით, ყარაბაღის სატრანსპორტო დერეფნის შექმნას დიდი დრო დასჭირდება და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ თავისი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად, სატრანზიტო ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად უნდა განახორციელოს. როგორც Europetime-სთან საუბრისას ბატიაშვილი აღნიშნავს, მაშინ როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს და დროულად უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტები შავ ზღვაში შემოსული გემების 75 პროცენტს გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია, რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება. ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება", - განუცხადა Europetime-ს ზურაბ ბატიაშვილმა. მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს ბათუ ქუთელია: ანაკლიის პროექტი გვჭირდება, არა მხოლოდ პორტის, არამედ როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი ექსპერტი: როგორც ჩანს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომებს ასწორებს

ექსპერტი: მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეცდომებს ასწორებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის, სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის, დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს. როგორც Europetime-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი; თუ ახალი მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება. მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. „ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას ვიღებთა. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა - რუსეთზე გამავალი. როდესაც საუბარია საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს როგორც აშშ-დან ისევე ევროკავშირიდან. ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობაა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ. მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

ანაკლიის პროექტი გვჭირდება არამხოლოდ როგორც საპორტო პროექტი, არამედ - გეოპოლიტიკური დერეფანი - ბათუ ქუთელია

„ანაკლიის პროექტი საქართველოს სჭირდება არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი", - ამის შესახებ Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა. „სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად. კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ისაა, რომ გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. აი სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა ეფექტურობა რომ შეიძინოს, ქვეყნას „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ", - აღნიშნავს ბათუ ქუთელია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. კონსორციუმმა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, საქართველოს მთავრობას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. „გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით. ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება”, - განაცხადეს კონსორციუმში. დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინვესტორის შესარჩევად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ზურაბ ბატიაშვილი: ანაკლიის პორტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არასდროს ჰქონია, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნების პრობლემა აფერხებს

„ანაკლიის პორტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არასდროს ჰქონია, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნების პრობლემა აფერხებს“- ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტვირთბრუნვის მასშტაბიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია, რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება. ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება“, - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურა ბატიაშვილმა. მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს. .

შარლ მიშელის ვიზიტის მიზანი ხელისუფლების გაფრთხილებაც იყო, რომ რუსული გზით არ  წავიდნენ - ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი

რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე, შარლ მიშელის ვიზიტზე, ევროკავშირის გზავნილებსა და რუსეთის ფაქტორზე, Europetime ანალიტიკოს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. _საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმყოფებოდა. რა გზავნილია ეს ევროკავშირის მხრიდან და რა გავლენას მოახდენს მისი ჩამოსვლა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე? რეალურად, საქართველოში არსებული სიტუაცია ერთი მხრივ არის მარტივი, მეორე მხრივ რთული. მარტივი არის იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს, საბჭოთა კავშირში რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება. ამაზე შეთანხმებულია ქართული საზოგადოება და რატომღაც, ყოველთვის დგება ხოლმე საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საკითხი და ეს იწვევს დიდ პრობლემებს. ვფიქრობ, რაც არ უნდა სცადონ, ამ გეზს ვერ გადაუხვევენ და ყველა მცდელობა კრახით დასრულდება. ვხედავთ დასავლეთის აქტიურობას. ხელისუფლებისთვის ეს ადვილად გადასატანი ნამდვილად არ არის. უკვე დაიწყეს საუბარი დიალოგზე. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა იყოს. დასავლეთის მხრიდან ეს ინტერესთა მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული პროცესებისადმი, საქართველოსთვის იყო და იქნება მუდმივად. მაგრამ ამ მიმართულებით ქართულმა საზოგადოებამაც უნდა იაქტიუროს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციები იქნება, ოღონდ დღეს, ხვალ - არა. იმ შემთხვევაში, თუ პრორუსული პოზიცია და დემოკრატიიდან გადახვევა უკვე სისტემურ ხასიათში გადავიდა, სანქციები რა თქმა უნდა იქნება კონკრეტული ადამიანების მიმართ. _გულისხმობთ იმას, რომ მხოლოდ ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენებით არ განსაზღვრავს დასავლეთი საბოლოო რეაქციას? რა თქმა უნდა. მელიას საქმე ხომ ამ პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. ოპოზიციას ვინ აკავებს? რუსეთი, ბელარუსი და ასეთი ქვეყნები. დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ხელისუფლებამაც არაერთხელ აღიარა, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის. ამიტომ, სასამართლოს პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების ნებისმიერი ასეთი მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩება არც ქართულ საზოგადოებას და არც მსოფლიო თანამეგობრობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთის პოზიცია არის მკაფიო და ჩვენი მიზანიც ძალიან მკაფიოა. _ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება რეაგირებს დასავლეთის რეაქციაზე? - რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში ტყუილებით და იაფფასიანი ტრიუკებით ვერ გავა ფონს. _თუ ხელისუფლება რეაგირებს დასავლეთის მწვავე რეაქციაზე, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების პრორუსულობაზე საფუძველს მოკლებულია? პრორუსულობაა, როცა ოპოზიციას იჭერ, სასამართლო დამოუკიდებელი არ გაქვს. ასეთი ამბები რუსეთსა და ბელარუსში ხდება. ის რომ, დასავლეთის რეაქციაზე რეაგირებს, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადახვევა არ გამოდის და ისევ, ასე ვთქვათ, ძველი კურსისკენ შემობრუნება ხდება. სიტუაცია მარტივია იმ მხრივ, რომ ან მელია გაათავისუფლონ და ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ან გააგრძელონ რეპრესიები - სხვა ოპოზიციონერები დაიჭირონ, მედია ჩაახშონ. ან იქით უნდა იყოს, ან აქეთ, შუაში ვერ იქნები. _შარლ მიშელის ვიზიტი რა გავლენას იქონიებს ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებზე? მისი ვიზიტის მიზანიც დემოკრატიული პროცესებისადმი მხარდაჭერაა. ხელისუფლების გაფრთხილება, რომ არ წავიდნენ რუსული გზით და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს. _უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი არჩევნებიც შესთავაზა. ამ პროცესებში რამდენად იგრძნობა რუსეთის გავლენა? რა თქმა უნდა, კავკასიაში რაც ხდება ერთი დიდი სურათის ნაწილია, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა. ყარაბაღის მეორე ომმა აჩვენა, რომ პირველი ეტაპი მათთვის წარმატებულად დასრულდა, რადგან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალები განლაგდნენ. ფაშინიანზე ბევრი კამათობს, პროდასავლურია თუ არა. ყოველ შემთხვევაში პრორუსული არ არის. ახლა, რუსეთის გეგმის მეორე ნაწილია არაპრორუსული ფაშინიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ჯერ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის და პროტესტის გზით სურდათ ამის გაკეთება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა სამხედროები ჩართეს ამ საქმეში. სომხეთის სამხედროების უმეტეს ნაწილს განათლება რუსეთში აქვს მიღებული და რუსეთთან კავშირებშია შემჩნეული. სწორედ მათ გააკეთეს განცხადება, რომ პრემიერი უნდა გადადგეს. ზოგადად, სამხედროების საქმე არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, მათ თავიანთი საქმე აქვთ. ფაშინიანს, რომელიც ხალხის არჩეულია, ხალხი თუ გადაირჩევს. აქ ღიად ჩანს, მხოლოდ ოპოზიცია ვერ ახერხებდა და ახლა უკვე სამხედროები ჩართეს საქმეში. ფაშინიანმა თავის მხარდამჭერებთან ერთად დემონსტრაცია ჩაატარა. ამ აქციით გამოჩნდა, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ფაშინიანს ჯერ ისევ მხარს უჭერს და მაინცდამაინც რუსეთისკენ სწრაფვა არ შეინიშნება ამ ნაწილში. თუმცა ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ის, რომ საზოგადოების მეორე ნაწილი ოპოზიციის მხარეს არის და ამ დაპირისპირებას ვხედავთ. ვერ შეიკრიბა პარლამენტიც, რომელსაც შეიძლებოდა ფაშინიანის გადაყენება არ გადაყენების საკითხზე ემსჯელა. მოკლედ, სომხეთშიც ის პროცესები მიდის, რომელიც რუსეთში დაიწერა. რუსეთი ამ სამოქალაქო დაპირისპირების სცენების დაწერაში დახელოვნებულია და კარგად გამოსდის. ამ ეტაპზე სომხეთში ჯერჯერობით არაფერი გამოსდის, მაგრამ ეს სცენარი კარგად აქვთ შეთვისებული. საქართველოში 90-იანებში რაც მოხდა და კიდევ სხვაგან, ბევრგან, იგივე ხდება სომხეთშიც. უბრალოდ, ამ სცენარში იცვლება ქვეყნის დასახელება და მოქმედი პირები. _სომხეთის ოპოზიციაში რამდენად არიან პროდასავლური ძალები. დასავლეთისთვის რამდენად არის დასაყრდენი რომელიმე პოლიტიკური ძალა? დასავლეთს სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის მეორე ომის დროს. ზოგადად, რეგიონისთვის ნაკლებად სცალია, სამწუხაროდ. ყარაბაღის ომის დროს ბაიდენმა მხოლოდ განცხადებების დონეზე მოახდინა რეაგირება, მეტი არაფერი. თუმცა მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და რა თქმა უნდა, ნაკლებად ეცალათ რეგიონისთვის. მეორე მხრივ, პანდემიამ აშშ-ის ძალიან დაარტყა. ნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი ჰყავთ, ეკონომიკურადაც. ევროპაშიც პანდემიის გამო, ჯერ ისევ ჩაკეტილია ქვეყნები. პროცესებისადმი ინტერესი აქვთ, მაგრამ ისეთი არა, როგორიც საჭიროა და როგორიც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს. _გულისხმობთ იმას, რომ პანდემიიით ისარგებლა რუსეთმა? კი, რა თქმა უნდა, რუსეთმა პანდემიით ბევრი კუთხით ისარგებლა, არამხოლოდ ყარაბაღის თემაზე, იგივე დეზინფორმაციის გავრცელებით, ანტივაქცინური კამპანიებით. _აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას. საქართველოს ინტერესებში რამდენად შედის ამ პლატფორმაში ჩართვა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჯერ დეტალები არ არის გაცხადებული, თუ რას გულისხმობს ყარაბაღის აღდგენის პლატფორმა. თუ ეს გულისხმობს და არის იგივე, რაც 3+3, თურქეთის ინიცირებული ექვსთა პლატფორმა, მაშინ ჩვენი ადგილი ამ პლატფორმაში არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირე ქვეყნების, თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს, პატივს ვცემთ, მაგრამ ისეთ ქვეყანასთან ერთად, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ერთ პლატფორმაში ყოფნა შეუძლებელს ხდის გრძელვადიანად თანამშრომლობას. ამ ინიციატივაზე დათანხმება იქნებოდა მხოლოდ ვიღაცისთვის მაამებლური პოზიციის დაკავება და საქართველოსთვის არც თუ ისე მომგებიან პოზიციაში ჩაყენება. თუმცა, თუ აქ იგულისხმება, მაგალითად, ყარაბაღში და მის გარშემო რაღაც სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო, სადაც ქართულ კომპანიებსაც შეიძლება ჰქონდეთ რაღაც ფუნქცია, მაშინ რატომაც არა, ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება. ჯერჯერობით, იდეის დონეზეა და ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება ამ იდეის დადებითი და უარყოფითი მხარეები. წინასწარ რაც არის გაცხადებული, ამას დამატებით ინფორმაცია, დაკონკრეტება სჭირდება. _რაც შეეხება თვითონ ამ დერეფანს, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდის ავლით დაუკავშირდება თურქეთს, სომხეთი კი ასევე საქართველოს გვერდის ავლით რუსეთს, არადა მანამდე ორივე ქვეყნისთვის, ამ მარშრუტით, უალტერნატივო გზა ვიყავით. დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად ხელს აძლევს საქართველოს ამ სატრანსპორტო დერეფნის შექმნა? აქ არის რამდენიმე ასპექტი. პირველი - დროის ამბავი. ერთ და ორ დღეში ეს ვერ გაკეთდება. ის გზა, რომელზეც ახლა საუბრობენ, ჯერ დასაგეგმ-ასაშენებელია. მეორე - რამდენად ფუნქციური გახდება, რადგან იმ გზაზე კონტროლი, ისევ რუსეთის ხელში იქნება. ეს გზა შეიძლება იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად - რუსეთს როცა მოუნდება, დაკეტოს და როცა მოუნდება - გახსნას. სხვა ბევრ რამეშიც სიცხადე შეტანილი არ არის. ვინ უნდა ააშენოს ეს გზა? თანხები ვინ უნდა გადაიხადოს? აზერბაიჯანმა უნდა გადაიხადოს სომხეთში გამავალი გზის მშენებლობის თანხები? - ეს ცოტა უცნაურია. ასევე რკინიგზასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვის ნიშანია. ისევ ამ პოლიტიკური რისკების გამო, სომხეთში არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო, ხვალ-ზეგ რა იქნება, გაურკვეველია. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს არ დაუკარგავს თავის ფუნქციას. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო. რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს იმიტომ, რომ ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და მათ შორის ბუნებრივია, რომ ტვირთბრუნვა იზრდება და ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. _თქვენი შეფასებით რა აფერხებს ანაკლიის პროექტს? ფულის პრობლემა ანაკლიის პორტს არ ჰქონია არასდროს. იქ იყო პოლიტიკური ნების პრობლემა. როგორც გამოჩნდა, რუსეთის ფაქტორი იყო გათვალისწინებული, რაც ძალიან არასწორია. ჩვენ თუ რუსეთის ნებაზე ვიარეთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დაგვრჩება. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და გრძელვადიანად უნდა თვლიდეს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ანაკლიის პორტი სასწრაფოდ არის ასაშენებელი. _ყარაბაღის ომის შემდგომ, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა მოახდინონ აფახაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ასეთი სურვილი უკვე აქვთ. შესაძლოა, ფარული ზეწოლის საშუალებები უკვე არსებობს და ახორციელებდნენ კიდეც ასეთ ზეწოლას. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, საზოგადოებას ამაზე ექნება მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება და შეიძლება, ხელისუფლებაც გადაიყოლოს ამ თემამ.

ბათუ ქუთელია: საქართველო გეოპოლიტიკურად უნდა იდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად და არა როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა

ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირველმა ნაბიჯებმა და განცხადებებმა რუსეთის მიმართ მოლოდინები გაზარდა, რომ ამერიკა უფრო მკაცრი და შეურიგებელი იქნება დემოკრატიული პრინციპების და ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. საქართველოსთვისაც ეს შესაძლოა სწორედაც რომ ახალი შესაძლებლობა იყოს გაამყაროს ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე თავის მისწრაფებები, თუმცა შიდაპოლიტიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მისამართით მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკა ისმის... გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ახლანდელ პოზიციებზე, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობასა და ახალ ეგრეთ წოდებულ რეგიონული გაერთიანებების ინიციატივების მიმართ საქართველოს ინტერესებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საუბრობს. _ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმში განხორციელებული აგრესიისთვის პასუხი აგოს. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკელი ლიდერების მხრიდან, თუ ყოფილა მსგავსი მესიჯი, რომ არამხოლოდ გმობს ანექსიას და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგო. საქართველოსთან მიმართებაშიც ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თუმცა არა ასეთი კონკრეტული. თქვენი შეფასებით, რაზე მიანიშნებს ამერიკის პრეზიდენტის ეს გზავნილები? პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს გზავნილები. ხშირად საუბრობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება. რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად, დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა. ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს. უკრაინის თემა პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო ნორმების პრინციპებს არღვევს, გეოსტრატეგიულადაც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიზანი იყო, რომ აღნიშნული ზონა იყოს რუსეთის ექსკლუზიური უფლებების და გავლენის ზონა. ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სწორედ აქ არის გამოწვევა. ის გაჰყვება, ამ გავლენის ზონებად გადანაწილებას, თუ ფასეულობებზე აგებული საგარეო პოლიტიკა ექნება, სადაც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ნორმების დაცვა და ქვეყნების თავისუფალი არჩევანი. ამიტომაც, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ჯერჯერობით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი. შემდგომ, როგორ გარდაიქმნება ეს კონკრეტულ პოლიტიკაში, საგარეო კუთხით, საინტერესო სანახავი იქნება და აი, როდესაც უკვე ბოლომდე დამტკიცდება საგარეო პოლიტიკური გუნდი, მერე უფრო მეტ კონკრეტიკას ვიხილავთ, ამ კუთხით. _რაც შეეხება საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებას, ამერიკის მხარდაჭერის ხარისხის გაზრდა რა კონკრეტულ შედეგებში აისახება. რა მოქმედებებსა და ნაბიჯებში. ასევე, რა სარგებელს მიიღებს საქართველო, კონკრეტული პროექტების მაგალითზე? აქ უკვე ორი კონკრეტული საკითხი არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი მხარდაჭერაზე, აქ საუბარია იმაზე, საქართველო რა ფორმაში იქნება. იქნება თუ არა საქართველო ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს, რადგან ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა. დემოკრატიის სამიტის იდეაც სწორედ ამას ემსახურება. თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად და ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, მაშინ რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება. _სწორედ ამ კონტექსტში, რაზეც თქვენ საუბრობთ, საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები, აისახება თუ თუ არა ამერიკის მხრიდან მხარდაჭერის ხარისხზე? თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკამ საუდის არაბეთის რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, მის ყველაზე დიდ მოკავშირეს მუსულმანურ სამყაროში, არის თუ არა ეს მკაფიო გზავნილი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს ერთნაირი ყურადღებით მოეკიდება, განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან და კიდევ, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ არა, რომ საქართველოზე თვალს არავინ დახუჭავს, დემოკრატიის დასუსტების შემთხვევაში? დღევანდელი მოცემულობა სტატიკური არ არის. ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვევა, ჩვენ დავრჩებით ამერიკის პოზიტიურ დღის წერიგში, თუ გავხდებით ბელარუსის მაგვარი ავტორიტარული სახელმწიფო. ამიტომაც, თეორიულად, თუ იმ ტრაექტორიას გავაგრძელებთ, რაც ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნებაა - რომ იყოს დასავლური ევროპული დემოკრატია, მაშინ ბუნებრივია, ახლა არის საქართველოსთვის საუკეთესო მომენტი, რადგან დემოკრატიების მხარდაჭერა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ღიად დეკლარირებული ამოცანა. ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე საკითხზე მუდმივი დებატი მიმდინარეობს, ერთ-ერთი არის ეს საკითხი - პრაგმატული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფასეულობითი კომპონენტები და ამ ორს შორის სწორი ბალანსის პოვნა. ბაიდენის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ დემოკრატიული ფასეულობები არის მთავარი და ამაში სჭირდება პარტნიორები. ბაიდენმა მიუნხენში თქვა, რომ ახლა ისტორიული მომენტია. ამ ახალ ისტორიულ მომენტში, საქართველო როგორ ჩაეწერება - როგორც ამერიკის სტრატეგიული დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში? ირგვლივ ასეთი ქვეყნები ცოტაა. სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკას საქართველოსთან მიმართებით. მთელი მისი პოლიტიკური რესურსი და დღის წესრიგი დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ტიპის კლეპტოკრატიის შეჩერებაზე, თუ პირიქით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ ახლა. რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, რამდენად ვერ მოახერხებს დღევანდელი საქართველოს მთავრობა რუსული ტიპის ავტოტორიტარიზმის რეალურად გაფორმებას და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ისე გაფუჭებას, როგორც დღეს უკვე ჩანს იმ განცხადებებში და ღია კრიტიკაში, რასაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორებისგან. _თქვენი აზრით, სახელისუფლებო გუნდში არის ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მყარად შენარჩუნებას და განვითარებას შეძლებს? ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც დღეს შექმნილი მოცემულობის პოზიტიურისკენ შემობრუნების რაიმე ბერკეტები შეიძლება ჰქონდეთ, როგორც გუნდის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის დასაბრუნებლად? ბოლო პერიოდში, ჩემი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები ინტენსიურად მეკითხებიან იგივეს. სასურველი იქნებოდა, ამაზე პოზიტიური პასუხი მქონოდა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ფორმალური მმართველობის ანატომია და მიტაცებული სახელმწიფოს ბერკეტები, რომლებიც სახეზეა, თითქმის გამორიცხავს ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორების ყოფნას. ვხედავთ კიდეც, წინა პრემიერ-მინისტრების ისტორიის მაგალითზე. ნებისმიერი მათგანი, როგორც კი შეეცდება, ცოტა უფრო დამოუკიდებელი და პროდასავლური პროფილი შეიძინოს, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებული ხედვიდან გამომდინარე, მყისიერად გაურკვეველ ვითარებაში ასრულებს კარიერას. თუმცა, აქ არის უკუღმა ლოგიკაც. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აქტორები შეიძლება, გამოჩდნენ „ქართული ოცნების გუნდში“. არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით, თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში. თუ გავიხსენებთ, ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდშიც. როდესაც ამერიკას ჰქონდა უკვე დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოსა და რეგიონში, უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების კუთხით (ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, იგივე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარება). მას შემდეგ, რაც გაჩნდა ღიად გამოხატული ამერიკული ინტერესი, ავტომატურად შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდშიც მოიმატა პროდასავლურმა განწყობებმა. მაშინ, ძალიან ცოტა იყო პროდასავლური, იდეალისტი პოლიტიკოსი და აქტორი. აი, ამ ღიად გამოხატულმა და დაფიქსირებულმა ინტერესებმა უბიძგა ბევრ აქტორს, რომ პრაგმატულად ემოქმედათ, მოტივაციის მიხედვით. აქედან გამომდინარე, თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პოლიტიკოსებიც. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგში დატოვება იქნება ძალიან ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისკენ მიდრეკილი კლეპტოკრატიული სისტემა შეაჩეროს. პლუს, გააძლიეროს დემოკრატიული ინტერესები პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც. _აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეგიონში ექვსთა პლატფორმის შექმნაზეც იყო საუბარი. ყარაბაღში დაგეგმილი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა კი, სწორედ ამ ხუთ ქვეყანას აკავშირებს. საქართველოს ინტერესებში, რამდენად შედის მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაში ჩართვა?დასავლეთის პოზიცია როგორია ამ პლატფორმის მიმართ? ნებისმიერ მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთო მაშინ, როდესაც ხელსაყრელი პოზიციები გაქვს. თუ არა, სჯობს საერთოდ არ ჩაერთო. თუ საქართველოში იქნება ავტორიტარული მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ქვეშ, დანარჩენი მსოფლიო კი გაგვაკრიტიკებს და იტყვის, რომ აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და არც ევროპული მომავალი აღარ გვაქვს, ასეთ პირობებში რაიმე ტიპის ექვსთა ფორმატში შესვლა ნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ დავიცავთ. საქართველოს ერთადერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ რეგიონში უნდა ვიყოთ დემოკრატიის შუქურა და ამის გამო გვქონდეს დასავლეთის და აშშ-ის მხარდაჭერა. აი ასეთ ტანდემში, ნებისმიერ ფორმატში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაშინ, როდესაც დემოკრატიული უკანდახევის გამო გვაკრიტიკებენ, ჩვენი პოზიციონირება იქნება სუსტი, ბუნებრივია, ეს ფორმატი აბსოლუტურად წამგებიანია საქართველოსთვის და არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. ყველა საერთაშორისო ფორუმზე ვამბობ ხოლმე - საქართველო არ უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა. რაღაც რეგიონული ძალთა ბალანსის გადანაწილების ნაწილი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის რეგიონის ევროპული ტიპის ქვეყანა. სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად. ეს სამხრეთ კავკასიური ინდენტიფიკაცია ხელს აძლევს რუსულ ლოგიკას, რომ ეს არის რუსეთის და ძლიერი სახელმწიფოების გავლენის სფერო და ისინი თავისი ინტერესების მიხედვით დაალაგებენ ბალანსს. სწორედ შავი ზღვის ევროპულ ქვეყნად ყოფნა არის ის სტრატეგიული ხედვა, რომელიც უნდა გვქონდეს. მაგრამ დღეს, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არც მსგავსი ხედვა ჩანს და უფრო მეტიც ამის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ ქვეყანაც და ქვეყნის ინტერესებიც. _რაც შეეხება ყარაბაღის პლატფორმას, რამდენად უნდა ჩაერთოს საქართველო ან არ ჩაერთოს და რატომ? ბევრი კონკრეტული ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ორივე მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ - ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური. მნიშვნელოვანია, რომ ყარაბაღის თემაში, საქართველომ არა პასიური, არამედ აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიციონირება მოახდინოს. აქტიური ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში დასავლური ინტერესების მთავარი დასაყრდენი უნდა ვიყოთ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, საქართველო უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საქართველო. თავისი დემოკრატიული ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციით. მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით თავის სასარგებლოდ უნდა გადახაროს ბალანსი. ჩვენ ვერც მხოლოდ ფულით, ეკონომიკით ან შეიარაღებული ძალებით ვერ ვიპოზიციონირებთ ეროვნული ამოცანების მისაღწევად, თუ ეს ერთიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილი არ იყო, რაზეც ზემოთ ვისუბრე. ეს აქტიური ნეიტრალიტეტი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენი მორალური უპირატესობა რეგიონში დემოკრატიის და დასავლეთთან სწორი ურთიერთობებით იმდენად იყოს გაზრდილი, რომ იგივე ექვსთა ფორმატში, ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს რაღაცების გადანაწილება რეგიონში. _ექვსვთა პლატფორმის შექმნა, ნიშნავს თუ არა რუსეთის გავლენების პირდაპირ გაძლიერებას ჩვენს რეგიონში? ექვსთა არა, უკვე ხუთთა. კიდევ კარგი ჩვენმა საგარეო სამინისტრომაც განაცხადა, რომ არ ჩაერთვებიან, თუმცა ინსტიტუციურად მოშლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პირობებში ეს განცხადება არ წარმოადგენს გარანიტიას, რომ საწინააღმდეგო არ მოხდება. _თუმცა 2020 წლის დეკემბერში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ ფორმატზე და პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა აღნიშნულ ინიციატივაზე? სალომე ზურაბიშვილმა დეკემბერში რაც განაცხადა, ეს იყო წამგებიანი. მე ვფიქრობ, მას ეს თავისი ინიციატივით არ უთქვამს. ეს იყო ხელისუფლების მცდელობა, რეაგირება გაეტესტათ უბრალოდ, საერთაშორისო და შიდა რეაგირება იმდენად მწვავე იყო. სხვათა შორის, ესეც მომენტუმით სარგებლობის შემთხვევა იყო. ვიდრე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ახალ საგარეო პოლიტიკას დაალაგებდა, იყო მცდელობა, რომ ეს იდეა „გაეძვრინათ“. ეს არ არის ახალი იდეა - 2008 წელს,( აჰმედ დავით ოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ომი ახალი დამთავრებული იყო, ეს იდეა რომ გააჟღერა თურქეთმა. რუსეთი სულ ცდილობს, საგარეო პოლიტიკის მიკრორეგიონალიზაცია მოახდინოს. საქართველოსთვის ასეთი ტიპის რეგიონალიზაცია წამგებიანია, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ევროპული დემოკრატიული იდენტიფიკაცია და არა სამხრეთ კავკასიური ავტორიტარული სახელმწიფო ან რაიმე ან სხვა ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსი. როცა ვსაუბრობთ, რომ გეოპოლიტიკურად ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ არის. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები. მაგალითად, კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა რომ ეფექტურობა შეიძინოს, „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ.

ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით - ბენ ჰოჯესი

„ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რითაც საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. სამწუხაროდ, დღევანდელი ქმედებები საქართველოსთვის უკანგადაგდგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, თუ როგორ იყენებს მთავრობა ასეთ ძალას და მიმართავს ძალადობას ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისზე თავდასხმისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაპატიმრებლად. ეს არ არის ის, რასაც ველოდები ლიბერალური დემოკრატიისგან, რომელიც დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებასა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც დღეს დაშავდა მალე გამოჯანმრთელდება. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი მხარს უჭერს ამ ქმედებებს სხვადასხვა საშუალებით.ეს არის მისი სტანდარტული მიდგომა - დესტაბილიზაციის გამოწვევა, უნდობლობის შექმნა და რა თქმა უნდა, მათი საზღვრების სიახლოვეს თავისუფალი, წარმატებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებსთვის ხელის შეშლა. რადგან მათ არ სურთ საკუთარმა მოქალაქეებმა დაინახონ, თუ რამდენად უკეთესი შეიძლება იყოს ცხოვრება, როდესაც ახალგაზრდა ხალხს აქვს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი და როდესაც თავისუფლება დაცულია თავისუფალი მედიის, სამართლიანი არჩევნებისა და მრავალპარტიული პარლამენტის საშუალებით. ამიტომაც, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტულმა პირებმა ვერ შეძლონ უკანონო ანარასათანადო კონტროლის განხორციელება იმაზე, რასაც სახელმწიფო პროცესები უნდა წარმოადგენდეს. ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც სხვები სწრაფად,ხმამაღლა და გარკვევით იტყვიან, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენი მეგობრებისგანრეგიონში, რომლებიც ისწრაფვიან დასავლეთთან მჭიდრო კავშირებისკენ, თავიდანაიცილონ ძალის გამოყენება და უზრუნველყონ გამჭვირვალობა ნებისმიერ საქმეში,რაც დღევანდელ ქმედებებს მოყვება. მე ასევე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად იმუშავებს შავი ზღვის რეგიონისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც მოიცავს არამხოლოდ დიპლომატიურ და ინფორმაციულ, არამედ ეკონომიკურ დახმარებას და თანამშრომლობას ყველა ჩვენს მეგობართან და მოკავშირესთან რეგიონში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარებასა და იქ მცხოვრები ყველა ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და რეგიონში მცხოვრები სხვა ერების ახალგაზრდებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში“, - განუცხადა ჰოჯესმა Europetime-ს.

საქართველომ უნდა დაიცვას NATO-ს კრიტერიუმები - მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრიაზა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს. ამერიკელი დიპლომატი აშშ-ის საელჩოს განცხადებას იშველიებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. „შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება აღვიქვი როგორც გარკვეულწილად დაგმობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა, ჩაეტარებინა რეიდი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და დაეკავებინა პარტიის ლიდერი ნიკა მელია. მანამდე საელჩოს მიდგომა უფრო მეტი ბალანსის დაცვის მცდელობას ნიშნავდა, რომლის მიზანიც როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპოზიციის დარწმუნება იყო, დაესრულებინათ ბოიკოტი და შესულიყვნენ პარლამენტში. საელჩოსა და ამერიკის მთავრობის მიდგომიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად არსებობს აღქმა, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო რჩება ძალიან პოლარიზებული და დემოკრატიული ინსტიტუტები ნორმალურად არ ფუნქციონირებენ. საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს დემოკრატიაზე NATO-ს კრიტერიუმები, თუ მას საბოლოოდ მიიწვევენ ალიანსში. იმედი მაქვს, ოპოზიცია იპოვის გზას და მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნამდვილად იღებს პასუხისმგებლობას; მზად არის რთული პოლიტიკური სამუშაო ჩაატაროს და აიძულოს მთავრობა, დაბრუნდეს დემოკრატიისკენ. ეს რთული იქნება იმის შემდეგ, რაც მოხდა, როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუპირისპირდეს ოპოზიციას, თუმცა თუ ოპოზიცია ასე იმოქმედებს, ამგვარი ძალისხმევა დაიმსახურებს აშშ-ს და ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.