ინტერვიუ
ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, ყაზახეთის მსგავსი სიტუაციის გადადების ალბათობა არსებობს - ზურაბ ბატიაშვილი
ყაზახეთში არეულობის და მოქალაქეების მღელვარების კერად წლების განმავლობაში დაგროვილი შიდა პრობლემები იქცა. ამაზე აქტიურად მიუთითებენ ის ანალიტიკოსები და სხვა ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირი ჰქონიათ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანასთან, ადგილზე საქმიანობდნენ კიდეც და კარგად იცნობენ მოსახლეობის განწყობებს. თუმცა ტრადიციულად, რუსეთს მიზეზის და საბაბის საკუთარი ვერსია აქვს, რომლის მტკიცებას და გამყარებასაც ცდილობს, აქ მას მხარს უჭერს ყაზახეთის დღევანდელი პრეზიდენტი თოყაევიც, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც გაიგზავნა ჯარი ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სახელით და რუსეთის ხელმძღვანელობით. ორივე - რუსეთიც და ყაზახეთიც ამას გარე საფრთხეებით ხსნიან. ყაზახეთიდან ზუსტი ინფორმაციის მიღება დღესაც პრობლემაა, სხვადასხვა წყარო, ოფიციალური თუ არაოფიციალური ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებს, მათ შორის შეტაკებების შედეგად მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაც ამ დრომდე უცნობია. ბოლოს, ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინებოდა მედია, რომ 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით, ეს ტექნიკური შეცდომით ახსნეს. თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ არეულობის დღეს, ადამიანები დაიღუპნენ. მაინც, მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ, და არის თუ არა დასავლეთი პასიურ პოზიციაში, ამ საკითხებთან და ყაზახეთის ირგვლივ არსებულ სურათთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვებით მიმართა რონდელის ფონდის ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს. ის მიიჩნევს, რომ ყაზახეთში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ახლა ერთიანად ამოიფრქვა. „ყველა ქვეყანა, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ინსტიტუტები არ მუშაობს, განწირულია პროცესების ასეთი განვითარებისთვის და ეს ვნახეთ ყაზახეთის შემთხვევაშიც. ამას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო განზომილება, იმიტომ, რომ პუტინი უფრთხის მის გარშემო გამოსვლებს, რომლებსაც თავისი რეჟიმისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს. მას ეშინია, საპროტესტო აქციების ტალღა არ გადაედოს“... ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, მსგავსი არეულობა ხდება იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს; სადაც არ არის დემოკრატიული წყობა; შესაბამისად, ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, მსგავსი ტალღის გავრცელების ალბათობა არსებობს. „პუტინს იმდენად არ ეშინია NATO-ს ჯარების და ატომური იარაღის, რამდენადაც მსგავსი გამოსვლების, რადგან მასაც არადემოკრატიული რეჟიმი აქვს, სადაც ხალხს არ აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი ნება; სადაც პიროვნებები წყვეტენ ყველაფერს და არა - ინსტიტუტები; არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, ასეთი საფრთხე ასეთ ქვეყნებში ყოველთვის არსებობს და ძალზედ მოჩვენებითია ხოლმე ერთგვარი სტაბილურობა გარედან, ყაზახეთის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ქვეყნის შიგნით სულ სხვა მუხტია. საწვავზე ფასის მატება საბაბი უფრო გახლდათ, ვიდრე მიზეზი. ქვეყანაში გამეფებული იყო კორუფცია. მოგეხსენებათ, ყაზახეთი ნავთობითა და გაზით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ შემოსავლები არასამართლიანად ნაწილდება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. ზურაბ ბატიაშვილის თქმით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ კარგავს ყაზახეთს, დემონსტრანტებსაც დაარბევს და უარს არ იტყვის უხეში ძალის გამოყენებაზე. „ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს. პუტინის იდეის განხორციელება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ყაზახეთის გარეშე. ყაზახეთი თუ არ იქნება, ის კარგავს შუა აზიის სხვა რესპუბლიკებსაც, გასასვლელი ეკეტება დანარჩენ რესპუბლიკებში. ყაზახეთი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პროექტისთვის, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ „საბჭოთა კავშირი2“, სადაც მოიაზრებს: ბელარუსს, უკრაინს, ყაზახეთს, კავკასიის ქვეყნებს... რუსეთი არღვევს ყველანაირ ხელშეკრულებას, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება გულისხმობს გარე საფრთხისგან დაცვას, ყაზახეთის შემთხვევაში კი გარე საფრთხე არ ყოფილა, შიდა გამოსვლები იყო. რუსეთი და ყაზახეთი კი ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, ეს გარედან იყო ორგანიზებული. ხან ვაშინგტონისკენ იშვერენ ხელს, ხან - კიევისკენ... ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, აქ უნდა გამოვრიცხოთ გარე ჩარევა, რადგან ეს იყო ათწლეულების განმავლობაში ხალხში დაგროვილი უკმაყოფილების გამოვლინება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მხრიდან სამხედროების გაგზავნის ცნობა ყველასთვის ცნობილი გახდა სომხეთის პრემიერის განცხადებიდან, რომელიც ახლა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ითავსებს. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს გარემოება, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით სომხეთთან და რა სურათს ქმნის ის რეგიონისთვის. ზურაბ ბატიაშვილი ამ საკითხსაც განიხილავს Europetime-თან ინტერვიუში. „ნიკოლ ფაშინიანი მძევლად იქცა, თითქოს, დემოკრატიული იდეებით გამოდიოდა, ახლა სამწუხაროდ, პუტინის „რუპორად“ ჩამოყალიბდა. სომხეთი გახლავთ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და ბედის ირონიაა, რომ ფაშინიანს მოუწია ამ განცხადების გაკეთება. რეგიონში რუსეთის ნებისმიერი გაძლიერება სახარბიელო და არასასურველია. თუმცა ჩვენზე ამ შემთხვევაში ნაკლებად არის დამოკიდებული, რა მოხდება ყაზახეთში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ისააა, რომ ჩვენი სვლა დასავლეთის მიმართულებით შეუქცევადი გავხადოთ. ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემა დაგვიგროვდა, უნდა ვეცადოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გავაძლიეროთ, და ყველაფერი გავაკეთოთ დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით, მათ შორის სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომელიც ხელისუფლებამ რატომღაც დაიქვემდებარა და თავის მომსახურე ორგანიზაციად აქცია. მაშინ, როდესაც დასავლეთის რჩევებს უნდა ვითვალისწინებდეთ, ლამის ყოველ მეორე დღეს, „ქართულ ოცნების“ ლიდერები დასავლეთს, მის ინსტიტუტებს და დასავლელ ელჩებს ლანძღავენ. ეს ყველაფერი კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს არ წაადგება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. არის თუ არა დასავლეთი პასიური ყაზახეთთან მიმართებით, ზურაბ ბატიაშვილი საკითხის ასეთ ანალიზს გვთავაზობს: „ინფორმაციის ნაკლებობაა, ასევე ოპოზიცია ფიზიკურად არ არსებობს ყაზახეთში. იქ სახალხო მღელვარებას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევდნენ პროცესებს. შესაბამისად, დასავლეთს დრო სჭირდება ვითარებაში გასარკვევად. თუმცა ვნახეთ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, ასეთი აგრესიული ჩარევა მეზობლების შიდა საქმეებში, მაშინ, როდესაც რუსეთი სხვებს ადანაშაულებს ამაში. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს კარგია, რომ დასავლეთი ამ დროისთვის კონცეტრირებულია უკრაინის საკითხზე, რადგან უკრაინის თემას რუსეთის ამბიციებისთვის საციცოხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დასავლეთმა აქ უკან არ უნდა დაიხიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურად დგება საბჭოთა კავშირის აღდგენის საკითხი... და, ამას ჩვენზეც პირდაპირი გავლენა ექნება, ამიტომ, ის რომ, დასავლეთი ჯერ ბოლომდე ვერ არის გარკვეული ყაზახეთის საკითხებში, ძალზედ ბუნებრივია, თუმცა იმედის მომცემია, რომ უკრაინაზეა კონცეტრირებული და მკაფიო პოზიცია აქვს“. ცნობისათვის, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.
პოლ გობლი: ანაკლიის პროექტის ჩაშლა აშკარად მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილი იყო
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოლ გობლი, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში კი ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ანაკლიის პროექტის ჩაშლა, შეიძლება, არ იყო რუსეთის უმაღლესი პრიორიტეტი, მაგრამ აშკარად მისი დღის წესრიგის ნაწილი იყო. „კანონის უზენაესობა გადამწყვეტია დასავლური ინვესტიციებისთვის. დასავლეთის წარმომადგენლებს არსად სურთ ინვესტირება, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ სასამართლო დაიცავს მათ და თავისი საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. ამრიგად, სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან. პოსტსაბჭოთა ქვეყნების და ბალტიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველთან Europetime-ის ინტერვიუს თემა ასევე იყო რეგიონსა და უკვე ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც კიდევ უფრო ამტკიცებს მოსაზრებას, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია. „დასავლეთი რთულ მდგომარეობაშია იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიწვია რუსული ძალები. ვიმედოვნებ, ყველა მხარისთვის გასაგებია, რაც ლიდერებმა საჯაროდ თქვეს: ,,ჩვენ არ გვჯერა, რომ ასეთი ინტერვენცია გამართლებული ან კანონიერია იმის გათვალისწინებით, რომ ის გამოიყენება სახალხო აჯანყების ჩასახშობად“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანამ რამდენად შეუწყო ხელი ცენტრალურ აზიაში რუსეთის დომინანტური პოზიციების ზრდას, ამ თემის განხილვისას, ანალიტიკოსი Europetime-თან აღნიშნავს, რომ „ავღანეთში ამერიკელების ყოფნა შეუძლებელი გახდა, რადგან საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ჯარების გაყვანას და მთავრობამ ვერ შეძლო იქ დარჩენის საჭიროების ლოგიკური დასაბუთება“. „არ მგონია, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ უზრუნველყო რუსული გავლენის გაზრდა, მაგრამ მოსკოვს პროცესებში ჩართვის უფრო დიდი შესაძლებლობა მისცა. დარწმუნებული არ ვარ, რომ მოსკოვის გავლენა გაიზრდება მისი ინტერვენციის შედეგად. ამან შეიძლება ზოგი დააშინოს, მაგრამ სხვებს გააბრაზებს“, - მიიჩნევს ჯეიმს ბეიკერის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე განიხილავს საკითხს, თუ რა როლი აქვს ჩინეთს ამ პროცესებში. „ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ინტერვენციას, რადგან ის ეწინააღმდეგება ხალხისთვის გავლენის დათმობას (ძალუფლების მინიჭებას) და ასევე, იცის, რომ რუსეთი „ისაკუთრებს“ მიღებულ შედეგებს და რომ ამ შედეგებმა შესაძლოა, არ გააძლიეროს რუსეთი რეგიონში, მაგრამ შეასუსტოს და პეკინს მეტი შანსი მისცეს“, - აღნიშნავს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა გასულ წლის ზაფხულში, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და ამ კონტექსტში, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ანაკლიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ამერიკა- საქართველოს შორის, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. სრულად იხილეთ: https://europetime.eu/ka/article/10108-pilip-rikeri-anaklia-da-qvela-didi-inprastrukturu
2021 წლის 10 მნიშვნელოვანი ვიზიტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინა
ექსპერტების შეფასებით, 2021 წელს გლობალური უსაფრთხოების კონცეფციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, რაც გარკვეულწილად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკით და სხვა გლობალური ფაქტორებით იყო განპირობებული. მსოფლიო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესი კი ნაწილობრივ საქართველოზეც აისახა კონკრეტული მაღალი რანგის ვიზიტებით, ახალი ინიციატივებით, სამიტებზე მიღებული დეკლარაციებით და გადაწყვეტილებებით. Europetime წარმოგიდგენთ 2021 წლის 10 მნიშვნელოვან ვიზიტს და პოლიტიკურ მოვლენას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 1. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. როგორც Europetime-ს საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა,, მამუკა ჟღენტმა განუცხადა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირწმინდად წააგო ეს საქმე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. ეს ეხება არამხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ მითითებულია, რომ მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჯერ კიდევ 7 აგვისტოს. სასამართლომ ასევე ცნო რუსეთი კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დამრღვევად, რაც ეხება საკუთრების უფლების დარღვევას, „სიამაყეა, ტკივილია, სიხარულია, ემოციებია, სამართლიანობის განცდაა“, - Europetime-თან საუბრისას, ასე შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის,უშანგი სოფრომაძის მეუღლემ, თეა ტაბატაძემ. „დიახ რუსეთი ნამდვილად დამნაშავეა! ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი გმირების დაღვრილმა სისხლმა უკვალოდ არ ჩაიარა და სამართალმა იზეიმა“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ. 2. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში - აშშ-ის და NATO-ს მიერ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად გამოცხადება ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს, როგორც საექსპერტო წრეებში, ისე მთავრობაში ისტორიული ვიზიტი უწოდეს. ოსტინის მაღალი რანგის გარდა, ვიზიტის ისტორიულობას განაპირობებდა რეგიონული ტურნეს მთავარი თემა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ამერიკის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაფორმდა ახალი მემორანდუმი. ლოიდ ოსტინმა ქართულ მხარესთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც პენტაგონი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი შესაძლებლობების შექმნაში უნდა დაეხმაროს. ვიზიტის შემდეგ კი ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას, ასევე საქართველოს რუსული აგრესიის საპასუხოდ. „საქართველო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო საქართველო და მსოფლიო ჩვენს შესანიშნავ ურთიერთობებში. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, რომელიც საქართველოდან უკრაინასა და რუმინეთში გაემგზავრა, იქიდან კი პირდაპირ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება იყო. პენტაგონის უფროსის აღნიშნული ტურნეს შემდეგ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, აშშ-მ და NATo-მ კონკრეტული აქტივობები დაიწყეს. ლოიდ ოსტინის გარდა, ისტორიის მანძილზე საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ორი მდივანი სტუმრობდა . პირველად თბილისს, 2001 წელს, დონალდ რამსფელდი ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მეორე აშშ-ის თავდაცვის მდივანი, რომელიც საქართველოს ეწვია ჩაკ ჰეგელი იყო, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. 3. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში და მისი პირადი ჩართულობა საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ქართულ საექსპერტო წრეებში ასევე ისტორიულ მოვლენად და ევროკავშირის საქართველოსადმი განსაკუთრებულ ინტერესად შეფასდა ევროკავშირის პირველი პირის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი. აღსანიშნავია რომ 2021 წელს შარლ მიშელი საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების განსახილველად, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი გადაჭრის მიზნით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს პირველად 28 თებერვალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის ფუნქცია იკისრა. მედიაციის პროცესში ევროკავშირმა 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეადგინა, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას შეთანხმების შესაძლებლობას მისცემდა. პარალელურად აშშ-დან და ევროპარლამენტიდან არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის გარე ძალებიდან გამწვავების შესახებ. შარლ მიშელის და მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის პირადი ჩართულობით, საბოლოოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება გაფორმდა. ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ხელისუფლებამ კი რეფორმების განხორციელების ვალდებულება აიღო, ასევე ხელი მოაწერა თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტიანი ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მეორედ საქართველოს აპრილში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მემორანდუმის გაფორმების მეორე დღეს ეწვია. ხელმოწერის ცერემონიალს კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. ივლისში ხელისუფლებამ უარი თქვა 43%-იანი ბარიერის პუნქტის შესრულებაზე და შარლ მიშელის შეთანხმება დაარღვია. თუმცა თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ანი ბარიერი გადალახა ივლისის თვეში, შარლ მიშელი საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა, მოლდოვას თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 4. აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საქართველოს უკრაინის და მოლდოვას საერთო მემორანდუმის და დეკლარაციის გაფორმება საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი 17 მაისს, კიევში გააფორმეს. 19 ივლისს კი, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა პეტრას ციხეზე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა. მემორანდუმის გაფორმებამდე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პირველად, ინიციატივა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსსმა Europetime-თან საუბარში ექსკლუზიურად გააჟღერა. კუბილიუსის ინტერვიუს ქართველი ექსპერტები გამოეხმაურნენ და მის ინიციატივას დადებითი რეზონანსი მოჰყვა. როგორც Europetime-ს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, თავის დროზე სწორედ ასე მოიქცნენ ვიშეგრადის ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. მისი თქმით, ევროინტეგრაციის მათი ერთიანი სამოქმედო გეგმა გახდა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც ევროკავშირში ამ ოთხი ქვეყნის წარმატებით გაწევრიანება განაპირობა. ოთხივე ქვეყანა, არამხოლოდ დეკლარირებდა, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობებს აფუძნებდა ევროკავშირის თანამშრომლობით პრინციპებზე. 5. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ რიკერის ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ის ხელისფლებაში, 2021 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირველი ვიზიტი განხორციელდა საქართველოში. NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებზე რიკერმა საჭირო რეფორმებსა და შიდა დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ისაუბრა NATO-ს 2021 წლის სამიტზე განსახილველი საკითხებზე, რუსეთის აგრესიის შეჩერების გეგმებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე. „მიუხედავად კოვიდით გამოწვეული მდგომარეობისა, ნატო-მ გასულ წელს მიიღო ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც მას შეუერთდა. ამ სამიტზე განხილული იქნება, ნატოს სამოქმედო გეგმა და გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ასევე ის გამოწვევები, რომელიც ნატოს წინაშე დღესდღეობით არსებობს, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, იქნება ჩინეთის საკითხი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება და განიხილება ის საკითხები, რაც ემსახურება ნატოს კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. 6. NATO-ს სამიტი 2021 წლის NATO-ს სამიტზე , ალიანსის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით, მიწვეული იყო საქარველოც. სამიტის ფორუმს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ექსპერტთა ნაწილის შფასებით, იქიდან გამომდინარე რომ 2021 წლის 14 ივნისის NATO-ს სამიტი თემა გაფართოება არ ყოფილა, საქართველომ აღნიშნული სამიტიდან იმის მაქსიმუმი მიიღო, რისი მიღებაც ამ სამიტიდან შეიძლებოდა. 14 ივნისის სამიტზე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია განახლდა, სადაც სტრატეგიულ ინტერესად შავი ზღვის რეგიონი ჩაიწერა, აღნიშნული რეგიონის ქვეყნად კი საქართველოც მოიაზრება. NATO-ს კონცეფცია 10 წელიწადში ერთხელ ახლდება და 10 წლიან პერსპექტივაში ალიანსის ძირითად სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) ასოცირებული პროფესორის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა არა მხოლოდ NATO-ს კომუნიკაშია საქართველოზე ლაპარაკი, არამედ სტრატეგიული კონცეფციაშიც. „ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულმა კონცეფციამ დაადასტურა NATO-ს მზადყოფნა, რომ მას სურს გაფართოვდეს და შავი ზღვის რეგიონი იყოს დაცული. ამიტომ ამ კონკრეტული სამიტიდან, ამ მინი, სამსაათიანი სამიტიდან ეს იყო მაქსიმუმი, რისი წამოღებაც შეიძლებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელი უნდა დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა“, - განმარტა თენგიზ ფხალაძემ. 7. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და ერდოღანის 3+3 ფორმატის ინიციატივა 2021 წლის 28 იანვარს ტურნეს ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია. საქართველოს გარდა ირანის პირველი დიპლომატი აზერბაიჯანს, სომხეთს და რუსეთს სტუმრობდა. აზერბაიჯანში ვიზიტისას, მან მედიას განუცხადა, რომ ტურნეს ერთ-ერთი მთავარი თემა 3+3 ფორმატის განხილვა იყო. ე.წ ექვსთა კავშირი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ინიცირებულია და თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კავშირს გულისხმობს. თურქეთს მხარს უჭერს აზერბაიჯანიც. ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივა 2020 წლის ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გაჟღერდა. 2021 წელს საქართველოს ეწვივნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი. აზერბაიჯანში კი საქართველოს პრემიერი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. 3+3 ფორმატის ინიციატივის განხილვის დაწყების შემდეგ, სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი დაიწყო. ახალი ალიანსის იდეის მიმართ, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანამ ინტერესი გამოხატა. ექვსი ქვეყნის ასეთი კავშირით განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსეთი. აღნიშნულ ინიციატივას ქართულ საექსპერტო წრეებში კრიტიკულად შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ოკუპანტ რუსეთთან ერთად ნებისმიერ ალიანსში საქართველოს ყოფნა პოლიტიკურად წამგებიანი და მიუღებელია. ქართული საექსპერტო წრეების მოსაზრებას იზიარებენ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებიც. საქართველოში ვიზიტისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 3+3 ფორმატზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიდრე კრემლი რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას. 10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის ნაცვლად, 3+2 ფორმატში შეხვედრა შედგა, რადგან საქართველო არ დაესწრო. მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშა მაინც აღმართეს. „ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი იმედოვნებს რომ 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრას საქართველოც დაესწრება. „მოსკოვში „3+2“ პლატფორმის შეხვედრა, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. საქართველო არ დაესწრო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაესწრება შემდეგ შეხვედრას, რომელიც, როგორც ვვარაუდობთ, თურქეთში გაიმართება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან კომენტარი გააკეთა. „მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად იმუშაონ სადავო საკითხების გადასაჭრელად და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. მაშინ, როდესაც გარე აქტორებს შეუძლიათ, პროდუქტიული როლის შესრულებით დაუჭირონ მხარი ამგვარ ძალისხმევას, რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის შექმნა მათ არ უნდა სცადონ“, - აღნიშნულია ტექსტში, რომელიც Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის სახელით მიიღო. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. . „სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში“, - განუცხადა Europetime-ს პიტერ სტანომ. 8. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) მე-6 სამიტი 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. სამიტს საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკური დეკლარაცია მიიღეს. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას. დეკლარაციის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო გეგმა განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა“ და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. თუმცა ბელორუსი აღმოსავლეთ პარტნირობის პროცესს გამოეთიშა. 9. სამხრეთ კავკასიაში NATO-ს ახალი წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში 2021 წელს, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღნიშნულ პოსტზე ხავიერ კოლომინა დაინიშნა. ხავიერ კოლომინა საქართველოს ოქტომრბის თვეში ეწვია „შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. NATO ავითარებს შეკავების პოლიტიკას და მხარს უჭერს ალიანსის სამ მოკავშირეს, რუმინეთს, ბულგარეთსა და თურქეთს. ასევე, აქტიური ჩართულობა გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან. მხარს ვუჭერთ თავდაცვის სფეროში რეფორმის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას, სანაპირო დაცვას წვრთნების ჩათვლით, რაც სფეციფიკური მაგალითია, როგორ ვთანამშრომლოთ ბოლო წლების განმავლობაში. საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია NATO-სთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მაქსიმალურად ვეხმარებით საქართველოს, რუსეთის ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. NATO ხედავს არსებულ გამოწვევებს. რეგიონში არსებული გამოწვევების უმრავლესობის უკან რუსეთი დგას. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევის ზრდა თავდაცვისა და შეკავების სფეროში. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აქვს NATO-ს, რომ უპასუხოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ეს თავდაცვითი ძალისხმევაა, რომელიც გვჭირდება რეაგირებისთვის, მზადყოფნისთვის“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. 10. საქართველოსა და ვატიკანს შორის პირველი ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო - ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს.
როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ქართულ სამეფო კარზე, სამთავროებსა და სხვადასხვა კუთხეში
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ადამიანების უმრავლესობას განსაკუთრებული განწყობა უჩნდება. ეს განწყობა კი ხშირად გამოწვეულია საახალწლო ტრადიციებით და რიტუალებით, რომლის შესრულებასაც განსაკუთრებული ემოცია და ბედნიერი წლის მოსვლის იმედი ახლავს თან. მშობლებისგან, პაპა-ბებიებისგან შემონახული ტრადიციები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვა და სხვაგვარია. თუმცა, თანამედროვე საახალწლო ტრადიციების უმრავლესობა სახეცვლილია და თანამედროვე გლობალური ელემენტებით გაჯერებული. Europetime დაინტერესდა საუკუნეების წინ, როგორ აღნიშნავდენ ახალ წელს საქართველოს სამეფო კარზე, მეფეები, მთავრები, თავადები, ასევე როგორი იყო სხვადსხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საახალწლო რიტუალები, უბრალო ხალხში. რომელი მათგანი დაიკარგა და რომელი მათგანი შემოგვინახეს პაპა-ბებიებმა. Europetime-მ უძველესი საახალწლო ტრადიციების შესახებ, რამდენიმე ისტორიულ წყაროს მიაგნო, მათ შორის ერთ-ერთია მე-14 საუკუნეში დაწერილი „ხელმწიფის კარის გარიგება“, სადაც დეტალურად არის აღწერილი სამეფო კარის საახალწლო რიტუალები. 1927 წელს, კი ქართულ საახალწლო ტრადიციებზე დეტალური აღწერა გამოაქვეყნა სერგი მაკალთიამ. 1901 წელს, სამეგრელოს მთავრის, დადიანის კარზე საახალწლო ტრადიციები იტალიელმა მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ აღწერა. ქართული სამეფო კარის სახაალწლო ტრადიციები და რიტუალები ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ ქართულ სამეფო კარზე, ახალი წლის რიტუალები რამდენიმე დღე გრძელდებოდა და საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მეფის სასახლეში ახალი წლის შეხვედრის წესები მკაცრად ყოფილა განსაზღვრული, რომელსაც ზედმიწევნით იცავდნენ. ამ ტრადიციებს საწელიწადისთაოს უწოდებდნენ. მეფეს და სამეფო ოჯახის წევრებს, ახალი წლის შესახვედრად, ერთი კვირით ადრე ამზადებდნენ. მსახურთ-უხუცესი, მოლარეთ-უხუცესისგან იღებდა სადღესასწაულო მოსართავებს და სხვა ძვირფას ნივთებს, რითიც სამეფო სასახლის სადარბაზო ოთახს სადღესასწაულოდ რთავდნენ. ცნობებში არ არის შემონახული, როგორი საახალწლო დეკორაცია გამოიყენებოდა იმ დროს, თუმცა შემორჩა მცირე ცნობები მეფის საახალწლო შესამოსელის შესახებ. საახალწლოდ მეფის ძვირფასი შესამოსელით შემოსვა მონადირეთუხუცესს ევალებოდა. „წელიწადის თავს მეფე მონადათირეთ-უხუცესისგან შეიმოსების ყვითლით ყაბარჩით, სახელ მოკლით, ტყავიანითა, მოყვენთუსლითა, არა დია პრტყელად თავსა და საყელოსა კარგისა ყვნდიზისა და მაღლად აშვერილსა, მჭლოდ შეკრულსა ქუდსა დაარქვამს“ - აღწერილია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“. მონადირეთ-უხუცესის მიერ სადღესასწაულოდ შემოსილ მეფეს, საახალწლო ტაბლასთან მაღალ სკამზე დააბრძანებდენ და წინ უდგამდნენ ნანადირევი ველური ტახის თავით გაწყობილ ლანგარს. მეფის გარშემო წოდებების მიხედვით, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგს კი მეფის დაბრძანების შემდეგ, დაჯდომის უფლება ჰქონდა . ისტორიული წყაროების თანახმად საახალწლო სუფრასთან დაჯდომის უფლება ჰქონდათ ასევე მკერვალთ-უხუცესს და ტყისმცველებს. სამეფო პროტოკოლის თანახმად, ახალი წლის ღამეს ცისკრის ლოცვის დაწყებამდე პირველი მეკვლეობა და მეფისთვის მილოცვის უფლება ვაზირთაშორის უპირველესს, მწიგნობართ-უხუცესს ჰქონდა. მწიგნობართ-უხუცესი ჯვრით, ხატით და ძვირფასი ნივთებით ულოცავდა მეფეს. შემდეგ კი ტკბილეულის მილოცვით „დააბერებდა“ . ტკბილეულით დაბერების ტრადიცია საქართველოში დღემდეა შემორჩინილი. ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი ოჯახის წევრებს ტკბილეულს აჭმევს და ლოცავს სიტყვებით „ასე ტკბილად დამიბერდი“. პირველ იანვარს, წირვის შემდეგ მეფეს უკვე ერისთავები ულოცავდნენ ძღვენით. ერისთავების შემდეგ, ულოცავდნენ ვაზირები სამეფო კარის სხვა მოხელეები. ყოველი მათგან ერთმანეთს ეჯიბრებოდა ვინ უფრო უკეთეს ძღვენს მიართმევდა მეფეს. პირველ იანვარს ვაზირთა შორის პირველი მილოცვის უფლება ბაზიერთ-უხუცეს ჰქონდა, რომელსაც საუკეთესო ქორ-შევარდენი და ველური ტახის მოოქროვილი თავი უნდა მიერთმია მეფისთვის. მეჯინიბეთ-უხუცესს კი ოქრო-ვერცხლით შეკაზმული ცხენი უნდა ეჩუქებინა, ხოლო ამირ-სპასალარს - ბურთი, ჩოგანი და ცხენი . დადიანს ყოველწლიურად მეფისთვის სამი ცხენი უნდა მიერთმია ძღვნად, როგორც "ხელმწიფის კარის გარიგებაშია“ აღწერილი „ორი უკეთესი ცხენი და ერთი სატალახე. საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა შორის ერისთავნი ულოცავდნენ მეფეს არა კეთილთა ცხენის მირთმევით“. სამეფო კარზე ახალ წელს, მეფეს ასევე ჩუქნიდნენ ისარს და წყელვა-კრულვით მოიხსენიებდნენ მეფის მტრებს შემდეგი სიტყვებით „მრავალ-ჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი და ისარი ესე, განერთხას მეფობისა თქვენისა ორგულთა“. ვაზირთა და ერისთავთა მილოცვის შემდეგ, მეფეს ულოცავდა „სრულიად დარბაზის ერნი და დიდებულნი, ბოლოს სპანი და ლაშქარნი“ მისალოცი დარბაზობის შემდეგ, დიდი ლხინი იმართებოდა, მომღერლებით, მოცეკვავეებით, მოშაირეებით, მაშინდელი მსახიობების წარმოდგენებით და ა.შ. ასევე იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა და საბელზე თამაშობა. ახალი წლის მეორე დღე, 2 იანვარი განკუთვნილი იყო ნადირობისთვის, რადგან სამეფო კარზე ნადირობა-ლაშქრობის ტრადიციებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რაც მაშინდელ საახალწლო რიტუალებში და სამეფო პროტოკოლშიც ნათლად ჩანს. 2 იანვარს ბედობა დღეს, ნადირობის, სავაჟკაცო ასპარეზობის და გართობის დაბედება სურდათ. ნადირობის ტრადიცია მათ რწმენაში დაკავშირებული იყო დამდეგ წელს მშვიდობის, ბედნიერების და გამარჯვების მოტანასთან. ისტორიკოს სერგი მაკალთიას ცნობით, ახალ წელს ნადირობას სწორედ რომ სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, ნადირის სახით მათ თავიანთი მტრები ჰყავდათ წარმოდგენილი. ამიტომ ყველანი ცდილობდნენ სამიზნისთვის არ აეცდინათ და მტერზე გამარჯვება დაბედებოდათ. მესამე დღეს 3 იანვარს, სახელმწიფო ანგარიშების, დავთრების შემოწმების ტრადიცია არსებობდა. აღსანიშნავია რომ დღევანდელ ქართლის სოფლებში 3 იანვარი ბარაქის დოვლათის დაბედების დღედ ითვლება და მას კრუხობას ეძახიან. ეს ტრადიცი უფრო ძველ თაობაშია შემორჩენილ და მეკვლედ ყველაზე ძლიერი მეურნეობის მქონე მეზობლებს, ან ნათესავებს არჩევენ. როგორც ჩანს სახელმწიფო ქონების დათვლის და დაგეგმვის საახალწლო სამეფო ტრადიცია, უბრალო ხალხის ტრადიციებში დოვლათის დაბედების ტრადიციად გავრცელდა, რომლებიც დოვლათს წვრილფეხობით, მათ შორის შინაური ფრინველების გამრავლებით განსაზღვრავდნენ. 3 იანვარს სამეფო კარის წარმომადგენლები, ვეზირები ფულად ჯილდოებსაც იღებდნენ. თავადების და მთავრების საახალწლო ტრადიციები რაც შეეხება ფეოდალებს და მთავრებს, დადიანების კარზე საახალწლო ტრადიციები 1901 წელს აღწერილი აქვს იტალიელ მისიონერს, არქანჯელო ლამბერტის. როგორც ლამბერტი წერს, სამეგრელოს მთავარი ახალი წლის დღესასწაულს არაჩვეულებრივი ზარ-ზეიმით ხვდებოდა. რომელშიც მონაწილეობას იღებდენ იმ დროის სამეგერელოს წარჩინებულნი, რომლებსაც მთავრისთვის ძღვენი უნდა მიერთმიათ. სამეგრელოში დადიანების კარზე ახალი წლის მომლოცველთა პროცესია „კირიელეისონის გალობით მიემართებოდა დადიანების სასახლისკენ. შესვლისთანავე ერთი მათგანი მთავრის ეზოს ალაყაფის კარს სუროთი ამკობდა. სამეგრელოს წარჩინებულთა მილოცვებს სამეგრელოს მთავარი, დადიანი იღებდა. მირთმეულ საჩუქრებს კი დედოფალი სინჯავდა. სერგი მაკალთიას ცნობით, მსგავსი საახალწლო ტრადიციები ჰქონიათ გურიელების სამთავრო კარზეც. ახალი წლის ღამეს მოძღვართუხუცესი კარებზე სამჯერ აკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით „კარი გამიღე“-ო. კითხვაზე გურიელი სამჯერ პასუხობდა „რა მოგაქვს“ , რასაც მოძღვართ-უხუცესი ყველა იმ სურვილის და ნივთების ჩამოთვლით პასუხობდა რაც გურიის მთავრებს გაახარებდა. რის შემდეგაც გურიის მთავარი კარს უღებდა მას. მოძღვართუხუცეს უკან მოჰყვებოდა გურიის წარჩინებულების პროცესია. პროცესიას წინ მიუძღვოდა ჩიჩილაკი და ძღვენით დატვირთული ლანგრები. ლანგრებზე ელაგა ღორის თავი, პურები, სიმინდი, ღომი, ღვინო, ტკბილეული და სხვა სანოვაგე. ერთ-ერთ საახალწლო ლანგარზე გურიელების საოჯახო რელიქვიები, თავად გურიელის ძვირფასი, ძველებური ნივთები ელაგა, რომლებსაც სტუმრები ხელით ეხებოდნენ და სინჯავდნენ. ე.წ ძღვენის მიმრთმევთა პროცესია გურიელების სასახლეს სამჯერ გარშემო უვლიდა. როგორი იყო საახალწლო ტრადიციები ძველად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მე-20 საუკუნის დასაწყისში ისტორიკოს სერგი მაკალთიას მიერ შეგროვილი ცნობების მიხედვით, მიუხედავად განსხვავებული საახალწლო ტრადიციებისა, საქართველოს ყველა კუთხეს ერთი საერთო ტრადიცია აერთიანებდა, ყველგან ცხვებოდა კვერები, ბასილას ქანდაკება და თითქმის ყველა კუთხის საახალწლო სუფრაზე იყო ღორის თავი. ხევსურეთი ხევსურები ერთმანეთს ახალ წელს სახლის კართან ულოცავდნენ, რადგან მათი ტრადიციით სახლებში მიმოსვლა მხოლოდ ახალი წლის მესამე დღეს შეიძლებოდა. პირველ იანვარს ოჯახის ერთ წევრ მამაკაცს ხატში გზავნიდნენ და იმდენ სანთელს ატანდნენ რამდენი წევრიც ოჯახში იყო. სალოცავიდან დაბრუნებამდე დანარჩენი ოჯახის წევრები სახლიდან არ გადიოდნენ. ოჯახის წევრი მეკვლე სალოცავიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ ოჯახში, შემდეგ კი საქონლის სადგომში შედიოდა და სალოცავიდან წამოღებულ „ჭიჭს“ (ლუდის საფუარს) გადააბნევდა, თან ილოცებოდა: „ასე აფუებული ყოფილიყავითო“. ამ რიტუალის შემდეგ მას სამეკვლეო პურს აწოდებდნენ. მეკვლე სამჯერ შეაგდებდა მას მაღლა. წაღმა დალაგებული პური ოჯახის კეთილდღეობის მომასწავებელი იყო. კახეთი კახეთში ტყიდან მოჰქონდათ ხე, რომელიც დიდხანს იწვოდა, რათა ახალი წლის ღამეს კერაზე ცეცხლი არ გამქრალიყო. ეს ხე ოჯახში ღვთის ძალის შემოტანას ნიშნავდა. მეკვლე სახლში ცოცხალი ხის ტოტებს შემოიტანდა და ილოცებოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა“, ხის ტოტებს ნაკვერჩხალს დაარტყამდა და რამდენი ნაპერწკალიც აალდებოდა, ამბობდა: ამდენი შვილი, ამდენი ბედნიერება და ბარაქა თქვენს ოჯახსო. ასეთივე ტრადიცია ჰქონდათ მთიულეთ-გუდამაყარშიც, მაგრამ იქ მეკვლის როლს ოჯახის თავკაცი ასრულებდა. იგი სანთელს ანთებდა და ცეცხლს შემდეგ დაარტყამდა ხის ტოტებს. თუშეთი თუშები ახალ წელს „წელიწდობას“ ეძახდნენ. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ. ლუდის მოხარშვა გვარის მნათეს ევალებოდა. გარდა ამისა, აცხობდნენ გულიან კოტორს – „ქრისტეს საგძალს“. მამაკაცებისთვის განკუთვნილს „ბაცუკაცს“ ეძახდნენ, ქალებისთვის კი მრგვალი კვერები ცხვებოდა. ცხვებოდა საქონლისთვის განკუთვნილი კვერებიც, რომლებზეც სხვადასხვა ნიშანი იყო გამოსახული. ყველა კვერს ხონჩაზე აწყობდნენ და ზედ მატყლს, მარილს, ერბოს და ყველს ადებდნენ. დიასახლისი სახლის ან ფუძის ანგელოზისა და კერის კვერებს აცხობდა. კერის კვერი პატარა და მრგვალი იყო. მას ნაღვერდალში წვავდნენ და სადმე ისეთ ადგილას აგდებდნენ, სადაც თაგვი ჭამდა. ფშავი „წელიწდობის“ შესახვედრად ფშაველები წინა დღეს ემზადებოდნენ და ამ დღეს „ლიტან დღეს“ ეძახდნენ. ახალი წლის დილას ოჯახის დიასახლისი გათენებისთანავე ფქვილს ცრიდა და „გოგების“ ბედის კვერებს აცხობდა. პირველად აცხობდნენ ხარის ფორმის კვერს, რომელიც მათი რწმენით პურის მოსავალს და საქონლის მატებას დააბედებდა. ოჯახიდან ერთი წევრი დილით წყალზე უნდა წასულიყო, რომელსაც საუზმე მიჰქონდა, წყალში ყრიდა და ამობდა „წყალო ნაყრი მოგიტანე ბედი გამომაყოლეო“ ახალ წელს ფშავში, შუაფხოვში, საუზმის შემდეგ ერთმანეთს ცეცხლში ქუდებს უგდებდნენ. გამოცხობილ ხარის ფორმის კვერებს კი ხარის კისერზე ამტვრევდნენ და მათ აჭმევდნენ. საახალწლოდ ხევისბერები ხატში მიდიოდნენ, იწმინდებოდნენ და ხატს ღამეს უთენებდნენ.ოჯახი ახალ წელს აუცილებლად ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. ოჯახის უფროსს სახლში ხონჩით თოვლი შეჰქონდა და ამბობდა: „ასე თეთრად დამიბერდით“. სვანეთი სვანეთში ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსი გარიჟრაჟზე დგებოდა, სულის დაუბერავდა კერაზე ცეცხლს ანთებდა. რის შემდეგაც ოჯახის უფროსი, ოჯახის უფროს ქალთან და ოჯახში ყველაზე კეთილი გულის მქონედ მიჩნეულ ვაჟთან ერთად ყველაზე დიდი ტანის ხარი უხმოდ მიჰყავდათ მდინარესთან. წყლის დალევის შემდეგ კალოზე თოვლის ზვინს დგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს სვამდნენ და სახლში ასე ბრუნდებოდნენ. სვანეთში ახალი წლის ღამეს სანოვაგეს გიდელში ალაგებდნენ და სახლის გასავალ კარებზე კიდებდნენ, რომ მეკვლეს მზად დახვედროდა. სახლში შესვლისას მეკვლე კერას სამჯერ შემოუვლიდა, დიდ ჯვრიან პურზე ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს დააწყობდა, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლიდა და დღესასწაულს ულოცავდა. ქართლი ქართლში შობა-ახალი წლებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ: აცხობდნენ „ბასილას“, რომელსაც მამაკაცის გამოსახულება ჰქონდა, ორ-ორ ბედის კვერს ოჯახის თითოეული წევრისთვის და თითოსაც – შინაური პირუტყვისთვის, მათთვის დამახასიათებელ ნიშნებით. ოჯახის უფროსი გათენებამდე ხონჩაზე მოხარშულ ღორის თავს დებდა და გარშემო ბედის კვერებს შემოუწყობდა, ზედ „ბასილას“ დაასვენებდა, დასაბედებლად მასზე თაფლში ამოვლებულ პურის ნაჭრებსაც მოათავსებდა და მასზე ანთებულ სანთელს მიაკრავდა. ეს ახალ წელთან შეხვედრის აუცილებელი ტრადიცია იყო. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ. გათენებისას ოჯახის უფროს საახალწლო ხონჩა გარეთ გაჰქონდა და სახლს ლოცვით გარშემო, სამჯერ უვლიდა. შემდეგ ბოსლისკენ მიდიოდა საქონლის მისალოცად. ბოსლიდან ისევ სახლში, „აბრამიანს“ სახლის კერასთან დგამდა, მუგუზალს იღებდა და რამდენიმე ნაპერწკალს აყრევინებდა რა დროსაც ხმამაღლა წარმოსთქვამდა, რამდენი ხარი სურდა მის ოჯახს, რამდენი ძროხა, ღორი და ფრინველი. ამის შემდეგ ოჯახის ყველა წევრს თაფლიან პურს აჭმევდა სიტყვებით „ასე ტკბილად დამიბერდი“ ჯავახეთი ჯავახეთში ახალ წელს ქართლის მსგავსად ხვდებოდნენ, მხოლოდ იმ განსხვავებეით რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელის რკინის ჯოხით სახლს სამჯერ უვლიდა გარშემო, თან სახლის ანგელოზებს სთხოვდა მისი ოჯახი ეშმაკისგან დაეცვა. გათენებისას ტაბლით ხელში სახლის ბანზე ადიოდა და შემდეგ სიტყვებს იძახდა „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლ-შვილო გწყალობდეთ ღმერთი“, შემდეგ ბანიდან კაცის ფორმის პურის ნამცხვრებს ჰყრიდა და გადაყრილი ნამცხვრების მდებარეობის მიხედვით დამდეგი წლის ბედს მკითხაობდნენ. სახლში შესული ოჯახის შესვლისას ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულს აჭმევს და ტკბილად დაბერებას უსურვებს. მესხეთში განსაკუთრებით დიდი მოწიწებით იცავდნენ „ახალი წლის მიგეგების“ წესს, რადგან, მათი რწმენით, ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული მათი ოჯახის კეთილდღეობა. ამიტომ, წინა დღეს განათხოვრებულ ავეჯს და ჭურჭელს იბრუნებდნენ, რათა მათი დოვლათი და ბარაქა მეზობლების სახლში არ დარჩენილიყო. საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო კვერს აცხობდა. ჯერ „ბასილას“, რომელსაც გრძელი „წვერი“ და ნიგვზის თვალები ჰქონდა, შემდეგ „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს და ცხვრის „ბიჟუნას“ ამზადებდა. „ბედის პური“ მოცულობით ძალიან დიდი იყო. მის ცომში თეთრ აბაზიანს დებდნენ, ვისაც ეს აბაზი შეხვდებოდა, იმ წელს აუცილებლად გაბედნიერდებოდა. იმერეთი ძველი იმერული ტრადიციით, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო. გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს დღემდე „კალანდა“ ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. გურიას და სამეგრელოს მოსახლეობას, როგორც მათ მთავრებს დაახლოებით მსგავსი საახალწლო ტრადიციები ჰქონდათ. კალანდის შემოსვლას ღამით თოფის გასროლით ეგებებოდნენ. გურია გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა და მარანში შედიოდა. იქ ოჯახის უფროსი საახალწლო გობს ხმა ამოუღებლად დგამდა მიწაზე. ჩაფს ღვინით ავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას შესთხოვდა. შემდეგ გობიდან კაკალს იღებდა და წმინდა ბასილს ევედრებოდა მისი ოჯახი კაკალივით სიუხვით აევსო. თხილი და კაკალი მსოფლიოში ნაყოფიერების და სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა. თუ გატეხვისას კაკალი ცარიელი აღმოჩნდებოდა უბედურებას და სიღარიბეს მოასწავლებდა, ამიტომ წმინდა ბასილს ევედრებოდნენ მისი ოჯახი დამდეგ წელს ცარიელ კაკალს არ დამსგავსებოდა. თუ ჯანსაღი ნაყოფი აღმოჩნდება, მიიჩნევდნენ რომ ნაყოფიერი და ბედნიერი წელი ელოდათ. მარნიდან სახლში დაბრუნებული ოჯახის უფროსი კარზე აკაკუნებდა. დიასახლისი კითხულობდა რა მოგაქვს? . გურულები თავის იუმორს აქაც არ ივიწყებდნენ პასუხობდა „.მომყავს ოსმალეთის ფაშა, სპარსეთის შაჰი და მათი სიმდიდრით დატვირთული ჯორებიო“ . ასე ჩამოთვლიდა სანატრელ და სანუკვარ ნივთებს რაც ოჯახს სურდა. სახლში შესვლის შემდეგ ცხემლის ნაფოტს კერაზე აგდებდნენ და ოჯახს ულოცავდნენ. გურიაში ასევე ყოფილა შემდეგ ტრადიცია. ახალი წლის ღამეს გათენებისას კერაზე ცეცხლს ანთებდნენ და ოჯახის წევრები ცეცხლს ზემოდან ახტებოდნენ. რის შემდეგაც ოჯახის უფროსი ჩიჩილაკს იღებდა და ახალი წლის მოსალოცად გარეთ გადიოდა. სამეგრელო სამეგრელოში ახალ წელს ოჯახის უხუცესი მამაკაცი ღამეს სხვა სადგომი ათევდა. გამთენიისას ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლებიანი ჯამით , რომელზეც კვერცხიც იდო, დილაადრიან გარეთ გადიოდა. მარცვლის თესვით ეზოს სამჯერ გარშემო უვლიდა სიტყვებით „ღმერთო, ამ რაოდენობის საქონელი მომანიჭე“. შემდეგ საქონლის დ პირუტყვის სადგომებს მოივლიდა და სახლში ბრუნდებოდა მეკვლედ. სახლის კარზე სამჯერ აკაკუნებდა. კარი თეთრებში გამოწყობილ ოჯახის ქალს უნდა გაეღო. ოჯახის უფროსი ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, „ბასილა“, ხაჭაპურები, ხილი და სხვა ტკბილეულობა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებდა“, საუზმის შემდეგ ოჯახის უფროსი ეზოში ბროწეულის ხესთან ღვინის ჭიქით მიდიოდა და ახალ წელს ულოცავდა. მერე ბროწეულის, თუთის, ან თხილის ტოტებით ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ. რაც შეეხება ორ იანვარს, ბედობა დღეს, მეგრელები კუჩხის უწოდებდნენ. როგორც სერგი მაკალთია წერს: „ უწინ ალბად, როდესაც სამეგრელოში ვაზი ჰხარობდა, კუჩხა დღეს ასეთი ჩვულება სცოდნიათ. მეკვლე ზურგზე გიდელ აკიდებული, რომელშიაც ეწყო ყურძნის მტევნის მსგავსი გამომცხვარი კვერები, საწნახელთან მიდიოდა და ქვით სცემდა შემდეგი სიტყვებით „ჩანა, ჩანა ჩქიმ მამულს ყურძენი დო შხვამ მამულს ფურცელი“. მაკალთიას აღნიშნული ცნობით ირკვევა, რომ ძველად სამეგრელო ღვინის და ვაზის ტრადიციებით ტოლს არ უდებდა კახეთს, რაც საახალწლო ტრადიციებშიც აისახა. აფხაზეთი აფხაზეთში კვერების ცხობის სხვა ძირითადი ტრადიციები თითქმის იგივე ქონდათ. თუმცა ქოდათ გამორჩეული ტრადიცია. ახალ წელს იმდენ ძროხას, მამალს ან თხას კლავდნენ, ოჯახში რამდენი მამაკაციც იყო. აჭარა აჭარაში საახალწლო სუფრას სხვა სანოვაგესთან ერთად, აუცილებლად ამშვენებდა მჭადი. ოჯახის უფროსი გამცხობილ მჭადის ნატეხებს ოჯახის ყველა წევრს ურიგებდა, რომლებიც ღამით თავქვეშ იდებდნენ და დილით ადრე, მამლის ყივილამდე ჭამდნენ. რაჭა საახალწლოდ რაჭაში ორ „ბაჟულას“ აცხობდნენ, ერთს – ახალი წლისათვის, მეორეს – ძველისთვის. აცხობდნენ, ასევე, „ბასილას“ და ერთ დიდ პურს – „კერია-ბერიას“, რომელსაც სხვადასხვა სახით აჭრელებდნენ. ამ ყველაფერს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებდა და ბეღელში ინახავდა. მამლის პირველი ყივილისას ცეცხლს დაანთებდა, შემდეგ გარეთ გავიდოდა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავდა, ჩიჩილაკს აიღებდა და ჯერ ბეღელში შედიოდა, შემდეგ კი სახლში შემდეგი ლოცვით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი – შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, მერე კი წყლის მოსატანად მიდიოდა. მის დაბრუნებამდე ოჯახის წევრები დგებოდნენ, მეკვლე ყველას ხელ-პირს დააბანინებდა, საუზმის დროს კი „კერია-ბერიას“ უნაწილებდა. თბილისი დედაქალაქში ახალი წლის დადგომა დიდი ხამურით იწყებოდა. შუა ღამის დადგომამდე, თოფების სროლა და ისეთი ყიჟინა ისმოდა, ვინმეს შეიძლება მტრის შემოსევა გონებოდა. ახალი წლის დადგომისას, ოჯახის დიასახლისი ტაბლაზე დგამდა მურაბით, გოზინაყით, ნამცხვრებითა და ხილით სავსე ლანგარს. ტკბილეულითა ხილით გაფორმებულ სუფრას ოთხივე კუთხეში სანთელს უნთებდნენ. ასევე ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ბასილა. ძველად სწამდათ, ახალ წელს ბედნიერებას და იღბალს შეიძლებოდა გვერდით ჩამოევლო, ამიტომ კარს ღიად სტოვდნენ, რომ მათთანაც შეევლო. ოჯახის უფროსი პატარა ტაბლით ხელში მთელს სახლს მოივლიდ ხოლმე. სჯეროდათ, რომ თან ანგელოზი დაყვებოდა, რომელიც მათ კეთილდღეობას და ბარაქას მოუტანდა.
რუსეთის „უტიფრობას“ პასუხი მხოლოდ განცხადებებით არ უნდა გაეცეს. NATO-ს მხრიდან საჭიროა ქმედებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს წინ უძღვის უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრის გარშემო აშშ-ის, მისი ევროპელი მოკავშირეებისა და NATO-ს შეშფოთება და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ულტიმატუმის ენა მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში NATO-სგან მოითხოვა, უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაიცა. რუსეთს მალევე უპასუხეს ბრიუსელიდან და შეახსენეს, რომ მიუღებელია, როდესაც ის ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები. რუსეთის პერიოდულად გააქტიურება კიდევ ერთხელ აქტუალურს ხდის საკითხს, ხომ არ არის უფრო ქმედითი ნაბიჯებისა და კონკრეტული ინიციატივების შეთავაზების დრო ქვეყნებისადმი, რომლებიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და რომლებიც მუდმივად არიან რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა გადასცა გზავნილი, რომ რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, NATO-ს პასუხი არ შეიძლება, შემოიფარგლოს მხოლოდ იმით, რაც ჩვენ მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან, ან რა განცხადებებსაც აწი მოვისმენთ. კერძოდ კი, NATO-მ განცხადებებს„ „უნდა მოაყოლოს ქმედებები“. „ეს ქმედება უნდა იყოს მეტის შეთავაზება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო. მაგალითად, გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, რომლისთვისაც რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, რომელსაც NATO-მ პასუხი უნდა გასცეს. რუსეთის ფედერაცია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს, ითხოვს გარანტიებს, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ არის. ეს არის სუვერენიტეტის სრული უგულვებელყოფა - ქვეყანას არაფერს ეკითხები და ისე ცდილობ, მისი ბედი გადაწყვიტო - რუსეთისთვის დამახასიათებელი სტილია, იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია არის ის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე, უკრაინას მისცა გარანტიები (ბუდაპეშტის მემორანდუმი მაქვს მხედველობაში) და მერე თავადვე დაარღვია“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ამ რეგიონის თაობაზე ჩანაწერი ძალიან ნათლად უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც უნდა დამტკიცდეს მომავალში, შემდეგ, უკვე ჩნდება კითხვა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მადრიდის სამიტზე. „ეს არის ქვეყანა, რომელმაც ხელაღებით დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და არღვევს დღესაც, ამიტომ, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რაიმეს ითხოვდეს სხვისგან, ეს არის უტიფრობა, რასაც პასუხი მხოლოდ განცხადებით არ უნდა გაეცეს, რადგან ეს რუსეთს არ გააჩერებს“, - მიიჩნევს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - მეტის შეთავაზება ასოცირებული ტრიოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ბრიუსელში 15 დეკემბერს სამიტზე შეიკრიბებიან მაშინ, როცა შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ფლანგი უფრო და უფრო ცხელი წერტილია ევროპის უსაფრთხოებისთვის, წერს თენგიზ ფხალაძე გამოქვეყნებულ სტატიაში (ევროპის მოქმედებების დროა - აღმოსავლეთ პარტნირობის სამიტი და შავი ზღვის რეგიონის მომავალი) რომელშიც აღნიშნავს, რომ "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუქარა ცენტრალური საკითხი იყო რიგაში, NATO-ს მინისტერიალზე და ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სტოკჰოლმში. და, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ცენტრალური საკითხი ბრიუსელის სამიტზეც". როგორც ცნობილია, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს მოლოდინი აქვთ, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე. Europetime-თან საუბრისას თენგიზ ფხალაძე მიუთითებს, რომ შემდგომი სამიტი უნდა იყოს მეტი, ვიდრე რიგითი ტექნიკური ღონისძიება, რაც გარკვეულწილად გამოწვევაა ევროკავშირისთვისაც. „შეუძლებელია, წევრობაზე ვილაპარაკოთ, რადგან ამისთვის არც ევროკავშირია მზად და არც ჩვენ, მაგრამ ცხადია, მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტის შეთავაზების შესაძლებლობა ევროკავშირს აქვს და ამ ქვეყნებს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სწორედ ეს უნდა შესთავაზოს. თუმცა, ზუსტად ვიცი, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ და ზოგადად, ამ სამიტის წინააღმდეგ, და არ არის დასამალი, რომ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მუშაობენ ძალიან აქტიურად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაინც წარმატებას მივაღწევთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Eurpetime-თან. სტატიაში კი ის ასევე მიუთითებს, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი ბრძოლის ველი შავი ზღვის რეგიონში, და რომ საქართველო რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლია. „ქვეყნის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია. მცოცავი ოკუპაცია (ანუ რასაც რუსეთი „ბორდერიზაციას“ უწოდებს), მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, წამება, ქართველების ეთნიკური დევნა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სხვა დარღვევები სასტიკ რეალობად იქცა საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. მოლდოვა ასევე განიცდის ტერიტორიულ პრობლემებს, რომელშიც მთავარი დამნაშავე რუსეთია. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი მოლდოვაში არ არის ისეთი სერიოზული, როგორც საქართველოში - რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე - მოსკოვი იყენებს სხვა ინსტრუმენტებს ქვეყანაზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად, მათ შორის ენერგომომარაგების საკითხს. გასული წლის ივლისში, ასოცირებულმა ტრიომ ხელი მოაწერა ბათუმის დეკლარაციას, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ურყევი ვალდებულება, განაგრძოს ევროკავშირში მათი ინტეგრაციის პროცესი ყოვლისმომცველი რეფორმების გზით…“ და გააძლიერონ სამმხრივი თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და გაიმეორონ დაპირება, რომ ერთად იმუშავებენ მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული ევროპული მომავლისთვის. შარლ მიშელმა, რომელიც დაესწრო ხელმოწერის ცერემონიას, ბათუმის სამიტს უწოდა „მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც „ხაზს უსვამს განსაკუთრებულ კავშირებს ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორებს შორის. მან ხაზი გაუსვა, რომ სამი ასოცირების შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეები არის თანამშრომლობის ყველაზე ამბიციური ფორმა, რომელიც ევროკავშირს აქვს ნებისმიერ მესამე ქვეყანასთან“. მომავალ კვირას, ბრიუსელის სამიტი შეიძლება მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს. დღეს ევროკავშირი არ არის მზად აღმოსავლეთის ინტეგრაციისთვის ახალი პოლიტიკური ვალდებულებების აღებისთვის და ასოცირებულ სამეულს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტური გახდება. თუმცა, თანამშრომლობისთვის ახალი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და უნდა გადაიდგას, რაც გამოავლენს ყველა მხარის გრძელვადიან ერთგულებას რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ასეთი ამბიცია შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას უმაღლეს განათლებაში და უკეთეს შესაძლებლობებს სტუდენტებისა და მეცნიერთა გაცვლისთვის, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურისა და სერვისების რეგულირებაზე (მაგ. როუმინგის რეგულაციები) და ახალი პროექტების/მინი საგზაო რუკების დაწყებას უკეთესი სექტორული ინტეგრაციისთვის. უფრო მეტიც, ევროკავშირს შეუძლია, „ასოცირებული ტრიო“ „სამი ზღვის ინიციატივაში“ მიიწვიოს. ასეთი ინიციატივები იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რომ ევროკავშირი არის ერთიანი და მტკიცე ევროპელი მეზობლების მიმართ, და რომ მზადაა, გამოიყენოს პრინციპი „მეტი მეტისთვის“. ის, რაც ხდება შავი ზღვის რეგიონში, არ რჩება რეგიონში - და, საბოლოოდ, ეს გავლენას მოახდენს ევროკავშირზე. ევროკავშირს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს პასიური. რუსეთის ახალი აგრესიით უკრაინის მიმართ, რეგიონს სჭირდება ევროპა“, - წერს თენგიზ ფხალაძე სტატიაში.
ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი: ქვეყნებმა დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ
Europetime-თან კომენტარში აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებზე საუბრობს. ინტერვიუს თემა ასევე იყო რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლებიც საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება. საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება, უმჯობესდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. რაც შეეხება რუსეთს და მისგან მომდინარე საფრთხეებს, საელჩოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ სიფხიზლე, რათა მოხდეს დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია/რეაგირება, რომ მან მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ET: რა პერსპექტივა აქვს ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებას, რაზეა დამოკიდებული მისი განხორციელება? საელჩოს პრესსპიკერი: აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები ღრმავდება და უმჯობესდება. გასულ წელს, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისი მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. ET: საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები. ასევე დეზინფორმაცია, რომელთანაც გამკლავება სულ უფრო და უფრო რთული ხდება... ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარების ხელშესაწყობად ბევრი აქვს გაკეთებული...რას გვეტყოდით ამის შესახებ, როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა კიდევ უფრო ეფექტიანად ამ საფრთხეებს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად? საელჩოს პრესსპიკერი: დეზინფორმაცია პრობლემაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ქვეყნებმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის, კლასიფიკაციისთვის და მასზე რეაგირებისთვის, რომ მან მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი, პლურალისტური მედია. მთავრობამ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რათა დაიცვას ჟურნალისტები, როგორც ფიზიკურად, ისე მედიასივრცეში, რომ მათ საზოგადოების ზუსტი, ობიექტური ინფორმირება და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების კონტროლი შეძლონ.
ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით
Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. „სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების გათავისუფლებასა და „ნაღმების რუკების“ გადაცემაში. ევროკავშირმა ასევე დაუჭირა მხარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რაც მოიცავს 17 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის განაღმვის სამუშაოსა და ადრეული აღდგენისთვის. ევროკავშირი ასევე მზადაა, ტექნიკური დახმარების გზით დაუჭიროს მხარი საზღვარზე დეესკალაციას და დელიმიტაციას, როგორც ეს მხარეებს ესაჭიროებათ. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მომავალში, ყოვლისმომცველი შეთანხმება სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია. ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან აქტიურ კონტაქტს განაგრძობს და მათი მანდატის შესრულებას სრულად უჭერს მხარს, რაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობით, ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველ მოგვარებას გულისხმობს“, - განაცხადა პიტერ სტანომ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ
ბენ ჰოჯესი: NATO-მ და ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინამ და საქართველომ კრემლს მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო სამართლის და სუვერენიტეტის დარღვევას არ მოვითმენთ
Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი საუბრობს ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის თავმოყრაზე, NATO-სა და პარტნიორების მხრიდან უფრო მკვეთრი და მტკიცე გადაწყვეტილებების საჭიროებასა და NATO-სა და აშშ-ის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის აუცილებლობაზე შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ET: მოგესალმებით ბატონო გენერალო, მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. იმდენი რამ ხდება, აღარ ვიცი საიდან დავიწყო კითხვა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ყველაფერი საბოლოოდ ერთმანეთთან კავშირშია.. ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლუკაშენკოს მიერ სანქციების საპასუხოდ, მუქარის ინსტრუმენტად გამოყენებული ლტოლვილებიდან დაწყებული, დამთავრებული რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის და ტექნიკის განმწესებით. ამ ფონზე კი ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს.. ასევე ნიშანდობლივია NATO-ს გენერალური მდივანის განცხადებებიც უკრაინასთან მიმართებაში.. როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს, ფაქტია, დაძაბულობამ პიკს მიაღწია..როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში? უკრაინაში მიმდინარე კინეტიკური კონფლიქტის გაფართოება არ არის გარდაუვალი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს მოქმედებას, არსებული კონფიგურაცია მას ამის საშუალებას მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო NATO-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მისთვის NATO-ს შეშფოთების გამოხატვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ET: საქართველო როგორ გამოიყურება და სადაა მიმდინარე პოლიტიკურ ლანდშაფტში? საკმაოდ მღელვარე და გამოწვევებით სავსე პროცესებია ქვეყანაშიც... ასევე მოგეხსენებათ, ციხეში შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხოლო უკვე თითქმის 14 დღეა, საკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია. მთელი ეს სიტუაცია ხაზს უსვამს NATO-ს და აშშ-ის სტრატეგიის აუცილებლობას შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის ერთგვარი ღუზა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის უკიდურეს აღმოსავლეთში და ადგილი, რომელიც წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და ევრაზიას შორის. ამგვარად, აშშ-ის მთავრობა და NATO დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო იყოს სტაბილური, უსაფრთხო, დემოკრატიული, კრემლის მავნე გავლენისადმი მდგრადი და შეძლოს, მოახდინოს თავისი, როგორც ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების პოტენციალის რეალიზება. ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით. ET: უკრაინაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაცია, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ლტოლვილების კრიზისი... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჩემი აზრით, უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება, მომდევნო ფაზა იმისა, რაც მოხდა უკრაინაში და მის ირგვლივ ჯერ კიდევ გაზაფხულზე. მას შემდეგ, მიუხედავად თავდაცვის მინისტრ შოიგუს ცრუ განცხადებებისა, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის (RF) შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ დაბრუნებულან თავიანთ ყაზარმებში - რუსეთმა ადგილზე დატოვა ლოგისტიკის დიდი ნაწილი „ზაპად-21“ წვრთნების შემდეგ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერდა უამრავი ძალიან მკვეთრი/უხეში გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიერ, ასევე იყო კითხვები და ტრაბახი უკრაინის მომავლისა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ. თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - ჯარების გადაადგილებას/განლაგებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეწოლის და სამხედრო შესაძლებლობების სტაბილური ესკალაცია რეგიონში არც არასოდეს შეჩერებულა. რა თქმა უნდა, ამას საქართველოზეც აქვს გავლენა, თუ გათვალისწინებით ყირიმთან და აზოვის ზღვასთან მის სიახლოვეს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა მათ აჩერებენ. NATO-ს და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მტკიცე გადაწყვეტილება, რათა კრემლს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ დარღვევას. ET: საფრანგეთმა კონკრეტული და ძალიან მკაფიო მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთთან მიმართებით... ზოგადად, ევროკავშირიც ნამდვილად არაა პასიური... ვფიქრობ, მიგრანტების შეიარაღება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არ არის შემთხვევითი და ის დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის აქტივობებთან უკრაინასა და მის გარშემო; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დაზვერვითი ხასიათის, საბოტაჟის ან ყურადღების გადატანის მცდელობასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ყველა ზემოაღნიშნული. რამდენიმე დღის წინ, ლატვიის მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრისას, მათ აღნიშნეს, რომ ამას სულ მცირე სადაზვერვო მოქმედებად თვლიან; ისინი აკვირდებოდნენ ბელარუსის (ან რფ?) სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებიც ითვლიდნენ, თუ რა დრო დასჭირდებოდათ ლატვიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს მიგრანტების შემოჭრის მცდელობებზე რეაგირებისთვის. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება, იყოს უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ ვიყავი კიევსა და ოდესაში და გეტყვით, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ყოველივე ამით. ვფიქრობ, ევროკავშირი როგორც იქნა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ყურადღება მეტად უნდა იყოს მიმართული კრემლზე და ნაკლებად ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო იმსახურებს ნებისმიერ სანქციებს და სხვა სახის არაკონსტრუქციულ ქმედებებს, თუმცა ამაზე მეტი მის წინააღმდეგ არც არაფერია გასაკეთებელი; მიგრანტების/სასაზღვრო კრიზისის გასაღები არის თვითონ კრემლი, რომელიც ამ მომენტში არ გრძნობს არანაირ ზეწოლას და შესაბამისად, არც არანაირი ინტერესი აქვს, ბოლო მოუღოს ამ კრიზისს. რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირი მათ ნაწილობრივ ადანაშაულებს ბელარუსში მიგრანტების ჩაყვანაში, რაც ასევე ხელს უწყობს კრემლის მიზნების განხორციელებას და აძლიერებს განხეთქილებას ალიანსში და/ან თურქეთსა (გასაღები შავი ზღვაზე) და ევროპას შორის. სუვალკის დერეფანიც ყოველივე ამის მთავარი ნაწილია. პოლონეთი-ლიეუტვის ტერიტორიის ეს ვიწრო ნაწილი, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს შორის მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ის არის სახმელეთო კავშირი ჩვენს ბალტიისპირელ მოკავშირეებს (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი) და დანარჩენ NATO/ევროკავშირს შორის. თუ რუსეთის ფედერაციის და ბელორუსის შეიარაღებული ძალები დაკეტავენ მას, მაშინ რეალური პრობლემა შეგვექმნება. არსებობს ამის შესაძლებლობა (არა გარდაუვალი), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე (რომელიც მთლიანად ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შექმნილია) გადაიზრდება სერიოზულ პრობლემაში, რა დროსაც რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ უნდა ჩაერიოს „ჰუმანიტარული კრიზისის“ ან სხვა რაღაცის გამო და ამ პროცესში „დროებით“ დახურავს დერეფანს, თავისი ორი გზითა და ერთი რკინიგზით. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელი. მთლიანობაში, სწორედ ეს არის კლასიკური რუსული „ომი“ - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით. ET: ენერგორესურსები და რუსული გაზი ასევეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, მოლდოვის მაგალითიც კმარა ამისთვის... რუსული გაზი ასევე წარმაოდგენს აშკარა „იარაღს“ და ისიც ზემოაღნიშნულის ნაწილია; ყველა ერთადაღებული კი მიზნად ისახავს ევროკავშირში არეულობის/დესტაბილიზაციის შეტანას, დასავლეთის თვალში უკრაინის წარმოჩენას „არშემდგარ სახელმწიფოდ“ და ჩვენს გამოყვანას წონასწორობიდან - ცივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად, და ვიდრე გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობა შეიქმნება, იმედია - დეკემბრის შუა რიცხვებამდე. აშშ-ის ადმინისტრაცია სამართლიანად არის შეშფოთებული ამით და მიხარია, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბოლოსდაბოლოს გარკვევით საუბრობს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა ასევე გარკვევით ისაუბრა, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ შავი ზღვის რეგიონში ვიზიტით ყოფნისას.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ძლიერი დემოკრატია ასევე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევი მტრებს
Europetime-მა ევროპარლამენტარ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ჩეხმა პოლიტიკოსმა საქართველოში განვითარებული პროცესები შეაფასა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. _როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ექსპრეზიდენტი ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. მრავალფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოწოდებების მიუხედავად, ის ჯერ არ გადაუყვანიათ სამოქალაქო კლინიკაში. ამ მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს ოპოზიციონერი ლიდერიც. რა შეფასებას აძლევთ თქვენ როგორც ევროპარლამენტარი ამ პროცესს? ვფიქრობ, ყველა საზოგადოებაში, პირველ რიგში, ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიენიჭოს პრიროტეტი და სწორედ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მესმის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მტკიცე პოზიცია აქვს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, ამ საქმის სენსიტიურობის გათვალისწინებით, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ისე ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას უსაფრთხოება ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გზით. ძლიერი დემოკრატია ასევე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევი მტრებს. _რა რესურსები არსებობს ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიზისული ვითარების გადაჭრისთვის? ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დააკმაყოფილონ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებით, თუმცა მსგავს საქმეებში ევროკავშირის მხრიდან შემდგომი ჩართვის პრეცედენტი არ არსებობს. _ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სააკაშვილი მზად არის, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო კლინიკაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში სწორედ ამ გარემოებაზეა მითითება. როგორ ფიქრობთ, რა როლს შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ამ პროცესში. ასევე წაიკითხეთ: რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილების გამო და კიდევ უფრო მიხარია, რომ ბატონი სააკაშვილი მზადაა, ასეთ პირობებში შიმშილობა შეწყვიტოს. ველოდები „ქართული ოცნების“ რეაქციას ამასთან დაკავშირებით და ასევე გადაწყვეტილებას, გადაიყვანენ თუ არა მას საავადმყოფოში.
პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ჯანმო რიგ ქვეყნებში კვლევებს იწყებს
ერთი თვის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჩამოყალიბდა უნივერსალური ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შეფასების ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი (Universal Health and Preparadness Review (UHPR) Technical Advisory Group), რომელშიც 21-კაცია გაერთიანებული, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. პირველი შეხვედრა 28-29 ოქტომბერს ონლაინ გაიმართა და მას ჯანმოს გენერალური მდივანიც ესწრებოდა. ჯგუფი ამიერიდან თვეში ერთხელ შეიკრიბება. მრჩეველთა საბჭოში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად არის ზაზა წერეთელი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველიც, რომელიც კოლეგებთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას. რატომ გახდა საჭირო ამ ჯგუფის შექმნა, რა არის მისი მიზანი და როგორ შეიძლება ის მომავალში შეეხოს საქართველოსაც, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Europetime ზაზა წერეთელს ნორვეგიაში დაუკავშირდა. ზაზა წერეთელი: პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველა ქვეყანამ დაინახა, რომ გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდნენ ამ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რამდენად განვითარებული იყო ესა თუ ის ქვეყანა. ამიტომ, პირველი თვეების განმავლობაში ბევრი პრობლემა იყო და როდესაც ეს დაინახეს, 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე გადაწყდა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყნები უკეთ იყვნენ მომზადებულნი ასეთი კრიტიკული სიტუაციებისთვის. ჯანმომ გადაწყვიტა, შეეფასებინა, როგორია მზაობა ქვეყნების ასეთი კრიტიკული სიტუაციებისადმი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რათა გაითვალისწინონ ეს შეცდომები და ეცადონ მის გამოსწორებას. გადაწყდა, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, ეს იქნება ინდიკატორების კრებული, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ თავის ქვეყანაში უნდა შეკრიბოს და ამის მიხედვით შეფასდება ქვეყნის მზაობაც და გამოჩნდება, სად რა პრობლემებია. ჯანმოსთან ჩამოყალიბდა ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ინდიკატორების ნაკრები, შემდეგ ჩაატაროს პილოტირება ქვეყნებში, გააანალიზოს მისი შედეგები და წარმოადგინოს მექანიზმები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოიტანს მსოფლიო ასამბლეაზე. თუ ის ქვეყნების მიერ დამტკიცდება, ყველა ქვეყანამ უნდა დაიწყოს მისი გამოყენება, რათა შეაფასოს თავისი მდგომარეობა, მზაობა შემდგომი კრიტიკული სიტუაციებისთვის. პირველებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ და პორტუგალიამ გამოხატეს სურვილი, რომ საპილოტე პროგრამა დაიწყონ თავიანთ ქვეყნებში. იქნებიან სხვა ქვეყნებიც და პილოტირების დროს შეგროვდება ინფორმაცია, როგორ მართეს ამ ქვეყნებმა პანდემია და შესაბამისად, საუკეთესო მაგალითების ან შეცდომების ანალიზი მოხდება. არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლებსაც ქვეყნები ყოველწლიურად აგროვებდნენ, ასევე - საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციები, რომლებიც სწორედ მიმართული იყო კრიტიკული სიტუაციების დროს ქვეყნების მოქმედებაზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო, რადგან ქვეყნებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს თავისი მზაობა სიტუაციის ასეთი გამწვავებისთვის. ახლა ქვეყნები გამოცდილების საფუძველზე ფიქრობენ, გამოყონ ინდიკატორები, რომლებიც უფრო ნათლად მისცემს ამ ქვეყნებს საშუალებას, მიხვდნენ, რამდენად მზად არის მათი ჯანდაცვის სისტემა, მართვის სისტემა, კანონმდებლობა, ასევე - ფინანსურად როგორ იყვნენ მზად, რათა ვითარების გაანალიზება მოხდეს. გარდა ამისა, მოხდება სხავდასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნის შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გაკვეთილების შეგროვება და დოკუმენტირება. თუ ჯანმომ დაამტკიცა ეს ახალი მექანიზმი, შემდეგ ქვეყნებმა უნდა გამოხატონ თავისი მზაობა, რომ ჩაატარონ ასეთივე შეფასებები თავიანთ ტერიტორიაზე. ცხადია ასეთივე შეთავაზება ექნება საქართველოსაც და თანხმობის შემთხვევაში უკვე საქართველომაც უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ჩაატარებს ასეთ კვლევას ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოს და მსოფლიოსაც ეცოდინება, როგორია მზაობა საგანგებო სიტუაციებისადმი. _რას შეუწყობს ხელს მექანიზმის ამოქმედება? _თვითონ ქვეყნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაინახონ, სად აქვთ პრობლემები და რა არის გასაუმჯობესებელი. ასევე, ეს ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას, რადგან პანდემიის დაწყებისას, მაგალითად, ქვეყნებმა არ იცოდნენ, ჩაეკეტათ თუ არა საზღვრები, შემოეშვათ თუ არა სხვა ქვეყნიდან თავისი მოქალაქეები, ასევე იყო უკმაყოფილება თუ გახსოვთ, რომ ჯანმომ დააგვიანა პანდემიის გამოცხადება. ასე რომ, ეს ყველანაირად შეუწყობს ხელს ქვეყნებს, გააანალიზონ თავისი მდგომარეობა და მეორე - საერთაშორისო საზოგადოებამაც შეაფასოს და გადააფასოს, როგორ შეხვდა ის კოვიდპანდემიას, რომ თუნდა რაღაც მექანიზმები დაიხვეწოს. ეს შეფასება ასევე განიხილება როგორც ეფექტური საშუალება, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ახალი და განვითარებული საკითხების იდენტიფიცირებას და და მხარდაჭერის მობილიზებას საერთო გამოწვევების დასაძლევად. ეს გააძლიერებს ეროვნულ შესაძლებლობებს პანდემიისადმი მზადყოფნისათვის საერთო ანგარიშვალდებულების, თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის გზით. _რა კრიტერიუმით შეირჩა ქვეყნები პილოტირებისთვის? დიახ, იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეერჩიათ ქვეყნები. შეთანხმდნენ, რომ რთულია 100%-ით წარმატებული ქვეყანა გამოყო, რადგან რაღაც მიმართულებით ყველგან იყო პრობლემები. ამიტომ, აიღეს ის ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს და ის ქვეყნები, სადაც ყველა მაგალითის შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება. გერმანიამ და საფრანგეთმა გამოთქვეს სურვილი, არის კიდევ აფრიკის და აზიის რამდენიმე ქვეყანა. პორტუგალია წარმატებულია, 90% ჰყავს აცრილი, მაგრამ მას აინტერესებდა, კიდევ უფრო უკეთესად იყოს მზად მისი ჯანდაცვის სისტემა და ქვეყანა. აქ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ არის, მიმდინარეობს ანალიზი იმაზე, თუ როგორი იყო მულტისექტორული ურთიერთობა, როგორ მონაწილეობდნენ სხვა სექტორები, მართვა და საზოგადოების ჩართულობა. ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ჩაატარონ საპილოტე პროგრამა, ჯანმო მიეხმარება და შემდეგ, თუ დამტკიცდება ეს ჯანმოს მიერ, ყველა ქვეყანა იქნება ვალდებული, ჩაატაროს კვლევა, რათა მსოფლიოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჰქონდეს საშუალება, შეაფასოს არამარტო თავისი ქვეყნის ვითარება, არამედ იცოდეს, რა მდგომარეობაა მის მეზობლებთან და უფრო უკეთ დაგეგმონ, რისი გაკეთება იქნება საჭირო. _რას ელის ჯანმო მრჩეველთა ჯგუფისგან? ჯანმოს უნდოდა, ჩვენ გამოგვეყენებინა მეტ-ნაკლებად ის ინდიკატორები, რომლებსაც ქვეყნები ადრეც იყენებდნენ, მაგრამ ახლა დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ახალი ინდიკატორებიც გამოვიყენოთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, ქვეყნებმა კი იცოდნენ, რამდენი ექიმი ჰყავთ, რამდენი საწოლი აქვთ, მაგრამ ეს როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი, რომ მზად ყოფილიყვნენ სიტუაციის მკვეთრი ცვლილებისთვის. ამიტომ, მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტული ინდიკატორების შემუშავებაზე, რაც ქვეყანას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მზაობის ანალიზი მოახდინოს კრიტიკული სიტუაციის დროს და არა ის, თუ რამდენი საწოლია ჰოსპიტლებში. ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო კრიტიკული განყოფილების საწოლების რაოდენობა და ასე შემდეგ. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა საუბარი, რომ რაღაც ახალი მექანიზმი ჩამოყალიბდეს, რომ ინდიკატორები დაიხვეწოს და ქვეყნებსაც კონკრეტული ანალიზის საშუალება მიეცეთ, რადგან შემდგომ პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდნენ. _როგორ აპირებენ პანდემიის მართვის შეფასებას? როგორც აღმოჩნდა, ყველაზე პრობლემური საკითხია, როგორ მართავენ ქვეყნები სიტუაციას. გამოიკვეთა სახელმწიფოს როლი, არიან ინდივიდები, ბიზნესსექტორი, მაგრამ მთავარი როლი სახელმწიფოს ენიჭება პანდემიის მართვაში. მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტური და მოქნილი იყო ეს მართვა, ხომ არ დააგვიანეს გადაწყვეტილების მიღება და თუ დააგვიანეს, რითი იყო ეს გამოწვეული. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც თქვეს, ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ მართვა არ აღმოჩნდა ისეთი მოქნილი, რომ მაშინვე გამოევლინათ ალღო შექმნილი კრიტიკული სიტუაციის დროს. მეორე საკითხია - ადამიანის უფლებები. ამ 21-კაციან ჯგუფში, ერთი ადამიანი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიდანაც არის, რადგან ახლა ხომ მიმდინარეობს მსჯელობა მაგალითად, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია მანდატორული და ასე შემდეგ. ასევე, შეზღუდვების დროსაც ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რამაც შეაფერხა გარკვეული ღონისძიებების გატარება. ამიტომ, ამ სიტუაციის შეფასებასაც აპირებენ, რათა გაანალიზდეს, როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული ისე, რომ ადამიანის უფლება არ შეილახოს, მაგრამ ყველაზე მთავარი - ჯანმრთელობის უფლება რომ იყოს დაცული. _რას ფიქრობენ ვაქცინაციის სავალდებულოობაზე, გარკვეული ჯგუფისთვის უნდა მოქმედებდეს ეს ზომა? მაგალითად სკანდიავიაში, ჩვენთან არც იყო საუბარი სავალდებულო ვაქცინაციაზე, რადგან მოსახლეობა იმდენად გათვიცნობიერებული იყო და აღქმა ჰქონდათ იმის, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, არავის უფიქრია, არ აცრილიყო. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში არანაირად არ იყო საჭირო სავალდებულოობა. თუმცა არიან ქვეყნები, სადაც მოსახლეობა „ფეხს ითრევს“, ძალიან მცირე რაოდენიბით არის აცრილი და სხვა გამოსავალი არ რჩება. მაგალითად, რიგი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, გამოიყენონ „მწვანე ბარათები“, რომლის საშუალებითაც, აცრილებს აქვთ სერვისებთან წვდომა. ასეთი საშუალებით ცდილობენ, გაზარდონ ვაქცინაციის ტემპი და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. საქართველოში ძალიან დაგვიანდა, უკვე ნოემბერი დაიწყო, ზამთარში ვირუსი უფრო ძლიერდება, რასაც გრიპიც დაემატება. ჩემი აზრით, საქართველოში პრობლემა იქნება არა ის, რომ გამოაცხადებენ, არამედ, როგორ გააკონტროლებენ, რა მექანიზმს შემოიღებენ, მაგალითად, სხვა ქვეყნებში, ექიმები, რომლებიც არ იცრებოდნენ, სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს, ან უფასო შვებულებაში გაუშვეს. როგორ ეტყვი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში თანამშრომელს - თუ არ აიცრები ხელფასს არ მოგცემ. რთული საკითხია. ალბათ ამიტომაც მისაღები იქნება საქართველოში „მწვანე ბარათები“ და აცრილებს ჰქონდეთ უფრო მეტი უფლება, ვიდრე მათ, ვინც აუცრელია. _რაც შეეხება ნორვეგიას, ვიცით, რომ შეზღუდვები მოიხსნა, როგორია ეპიდვითარება ამჟამად? შემთხვევების რაოდენობამ ცოტა მოიმატა სკოლის მოსწავლეებში, ამიტომ, ნორვეგია ცდილობს, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრები დააჩქაროს. იმისთვის, რომ სწავლა არ შეფერხდეს, ყოველკვირეულად მიმდინარეობს ტესტირება, რომ სწრაფი გამოვლენა და კარანტინში გადაყვანა მოხდეს. უბრალოდ, მოსახლეობა მაინც იცავს დისტანციას, ცდილობენ, მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. პირბადეებს არ ატარებენ, გარდა მატარებლებისა და ტრანსპორტისა, სადაც ბევრი ხალხია. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ისეა, როგორც პანდემიამდე. მოსახლეობის 80%-მდე აცრილია და ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნორვეგია და დანია, მოახერხეს მასობრივი ვაქცინაცია და ახლა გრიპის საწინააღმდეგო აცრებიც ტარდება. ერთადერთი - საზღვრებს მაინც აკონტროლებენ, არიან ქვეყნები, საიდანაც შესვლა, კარანტინს მოითხოვს, ხოლო მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუ გაქვთ კოვიდპასპორტი, შეგიძლიათ, კარანტინის გარეშე შემოხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარანტინი მოგიწევთ. _ოფიციალური პროტოკოლი როგორია? კოვიდსიტუაციას ვმართავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოვხსენით და დავუბრუნდით ძველებურ ცხოვრებას. ვმართავთ ისე, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს, ვაკონტროლებთ სიტუაციას. წლის ბოლოსთვის მთავრობა შეიკრიბება, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც შეაფასებენ, როგორი ეპიდსიტუაცია იქნება, განსაკუთრებით, ჰოსპიტლებში ავადმყოფების რაოდენობას, რომლის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაიმე ზომა შეცვალონ თუ გაამკაცრონ. ყველას ეუბნებიან, რომ კოვიდი არ დასრულებულა და ჩვენ მისი მართვა მოვახერხეთ, ამიტომ გთხოთ, დაიცვათ ის წესები, რომლებიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ თქვენი და სხვისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩააგდოთ.
რასა იუკნევიჩიენე 3+3 ფორმატზე: მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის ამა თუ იმ ალიანსის მხარეს
დიპლომატიური კრიზისი თურქეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის, 3+3 ფორმატი, რუსეთის როლი, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და სხვა საკითხები იყო Europetime-ის ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუს თემა ევროპარლამენტარ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრ რასა იუკნევიჩიენესთან. ევროდეპუტატთან ინტერვიუ მოახლოებულ არჩევნებსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მის მნიშვნელობაზე შეკითხვით დავიწყეთ. რასა იუკნევიჩიენე: ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგან ჩვენს საზღვრებთან პოლიტიკური ვითარება არ არის სტაბილური. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ყველა ქვეყანა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევეა ჩემი ქვეყანა, ლიეტუვაც. მაგრამ საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია: ევროპული ტიპის სტაბილური პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები შეძლებენ ერთმანეთთან საუბარსა და კომპრომისის პოვნას, ძალიან დიდი დრო სჭირდება. პოლიტიკური პარტიები ზედმეტად არიან დაკავშირებულნი პიროვნებებთან და მათ კონფლიქტებთან, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ორიენტირებულნი გარკვეულ საკითხებზე. ასე რომ, არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ატარებენ მმართველი პარტიები (ვგულისხმობ ყველგან, იქნება ეს უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა თუ საქართველოში და სხვა ქვეყნებში) არჩევნებს. ახერხებენ თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავშეკავებას, როგორ ექცევიან ოპოზიციას და მოქმედებენ თუ არა დემოკრატიულად. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ყველა ქვეყნისთვის და ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება. _განსაკუთრებულ ყურადღებას რა საკითხები იქცევს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ დაკვირვებაზე? სასამართლო სისტემა, მმართველი პარტიის ქცევა, ადმინისტრაციული რესურსები, ფინანსური რესურსის გამოყენება, და დამოკიდებულება ოპოზიციისა და სამართლიანობის მიმართ. კანონის უზენაესობა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის, ასევე, მოქალაქის ძირითადი უფლებები, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს მომავლისთვის. ამის გარეშე, ევროკავშირსა და სხვა უფრო დემოკრატიულ ალიანსებში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. _ აქ საგულისხმობა, რომ საქართველო ემზადება 2024 წლისთვის ევროკავშირში განაცხადის შესატანად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს ამას, როდესაც გავიგეთ მმართველი პარტიისგან მათი მოლოდინების, დაპირებების შესახებ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამის შესახებ მათ პროგრამაშიც საუბრობდნენ, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მაგრამ ერთია კარგი პრეზენტაციის ან კარგი განცხადების კეთება, მაგრამ სხვა რამ არის, იმოქმედო როგორც ევროპელმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის, ყველა მხარისთვის, რომ შეეცადონ იმოქმედონ, როგორც ევროპელებმა, რათა ევროკავშირის პარტნიორებს აჩვენონ, რომ მზად არიან წევრობაზე განაცხადისთვის. მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ გადაწყვეტილებებს. თქვენ გყავთ მეგობრები ევროკავშირში და მათი მხრიდან დიდია მხარდაჭერა. სამწუხაროდ, თქვენს პოლიტიკოსებს ზოგჯერ არ ესმით, რომ თქვენი მეგობრებისთვის ევროკავშირში არც ისე მნიშვნელოვანია, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება ამა თუ იმ მთავრობაში. მთავარია, რას აკეთებენ და ხანდახან ვფიქრობ, მმართველ პარტიაში ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, თუ ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩვენთან ერთად იყოს. ამის იმედი მაქვს და ვნახე კიდეც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, როდესაც ქართველების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროპულ გზას და იმას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში. მაგრამ ამისთვის საქართველოს სჭირდება წარმატებული ევროპული რეფორმები. და თუ საქართველო არ დაბრუნდა ამ პროევროპული რეფორმების, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გზას, ძალიან რთული დასაჯერებელი იქნება, საქართველო მზად იქნება ასეთი განაცხადისთვის 2024 წელს. _აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის დაჩქარება ასოცირებული ტრიოს საერთო მიზნებშია, როგორ აფასებთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საერთო ძალისხმევებს? ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ აქ, ევროპარლამენტში, რათა დავარწმუნოთ ბევრი პოლიტიკოსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ ასოცირებული ტრიოს სტრატეგია ერთადერთი გზაა გარკვეული გარღვევის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მაგრამ ეს ძირითადად ქვეყნებზეა დამოკიდებული. დღეს ვხედავ, რომ მოლდოვა ხდება ლიდერი თავის მისწრაფებებში, აქვს ძალიან ძლიერი მისწრაფებები, პოლიტიკური ნება, გახდეს ევროპული ქვეყანა რეფორმების გატარებით. ისინი ევროპელები არიან, მაგრამ სურთ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ევროკავშირთან. საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო, საქართველო ლიდერია რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესში, მაგრამ ახლა ბევრი მეგობარი მწვანეებში, ლიბერალებში, სოციალ-დემოკრატებში, კონსერვატორებსა და ევროპარლამენტში ძალიან იმედგაცრუებულია, განსაკუთრებით შარლ მიშელის წინადადების შემდეგ, როდესაც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამა უარი თქვა, ხელი მოეწერა ამ დოკუმენტზე და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ შეთანხმება გააუქმა. მოდით, შევხედოთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის? იმის გამო, რომ უმაღლესი დონის წინადადება უარყოფილია, ახლა ყველა ყოყმანობს რაღაცის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ასოცირების ტრიო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედგაცრუება ამძიმებს სიტუაციას. მეტის გაკეთება გჭირდებათ. ევროკავშირის მისწრაფებები უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, აუცილებელ რეფორმებს. _ქვეყანა ასევე ისწრაფვის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამ მხრივ საინტერესოა თქვენი ქვეყნის გამოცდილებაც. NATO ასევე არის ორგანიზაცია დემოკრატიებისთვის. ასე რომ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს ჩვენი მისწრაფებები, გავმხდარიყავით NATO-ს წევრი 2004 წლამდე, იგივე მოთხოვნები გვქონდა მაგიდაზე. NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ სამხედრო რეფორმებს არ ეხება, ეს არის სახელმწიფოს ძალისხმევა, მათ შორის მრავალი სხვა რთული საკითხი. თუ საქართველო დაბრუნდება წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო ახლოს იქნება NATO-ს წევრობასთან. ასე რომ, ეს არის თითქმის იგივე პროცესი, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ NATO-ს წევრები. ვფიქრობ, 2008 წელს, შეცდომა იყო, როდესაც ამ ქვეყნებს არ მიანიჭეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, თქვენმა ქვეყანამ დღეს კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ლიდერი ქვეყნები NATO-ში, მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს საზღვრებთან რუსეთი გვყავს, ისინი ძალიან ეწინააღმდეგებიან NATO-ს გაფართოებას. არ მინდა ვთქვა, რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ირგვლივ არსებული ყველა გარემოება. ასე რომ, თქვენ ახლა გჭირდებათ უფრო წარმატებული რეფორმები. მძიმე სამუშაოა. დედაქალაქში უფრო აქტიური მუშაობა გჭირდებათ და, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. თქვენი ქვეყნის რეფორმების შესახებ კარგი გზავნილების გარეშე, გადაწყვეტილების მისაღებად გარემო არ იქნება კარგი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ იპოვოთ საერთო საკითხები ამ ძალიან ლამაზი ერისთვის, მისი მომავლისთვის, საბოლოოდ NATO-ში გაწევრიანებისთვის, და საერთო განცხადებაზე ხელმოწერის სახით, მაგალითად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რათა შემუშავებული იყოს აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას რეფორმების კუთხით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. ამ შეთანხმების გარეშე, ასეთი ბრძოლებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, როცა მართლმსაჯულების საკითხი შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ, სათითაოდ გააკეთოთ მიმართვა, როგორ გსურთ გახდეთ NATO-ს წევრი, მაგრამ თუ ამას საქართველოდან ცუდი ამბები მოჰყვება, დარწმუნებული არ ვარ, რომელიმე პოლიტიკოსი სიამოვნებით მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს MAP-ის ან წევრობის შესახებ. შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება NATO-ს, ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს ვერ ვხედავ პასუხისმგებელ პოლიტიკურ საზოგადოებას, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ერთად იკისრებს პასუხისმგებლობას ამაზე. რუსეთი, კრემლი კი თავის საქმეს აკეთებს. ამ ქაოსის შენარჩუნებას ცდილობენ. თქვენი მეგობრები ევროპარლამენტშიც კი ვერ გააკეთებენ უფრო მეტს საქართველოსთვის, როცა, მაგალითად, თქვენი პრემიერ-მინისტრი თავს დაესხმება მათ. _ თქვენც ახსენეთ რუსეთი და შევეხოთ 3+3 ფორმატსაც. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები შეახსენებენ რუსეთს, რომ მოსკოვმა უნდა გაამახვილოს ყურადღება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე რაიმე ახალ სადისკუსიო პლატფორმას წაახალისებს... რუსეთის გეგმები აშკარად ნათელია. მათ სურთ, საქართველო დაშორონ NATO-ს და ევროპული გზას. მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოსთვის ალტერნატივაა. ასე რომ, საქართველოს არჩევანია, რა გზით წავა. მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის სადღაც, ამა თუ იმ ალიანსის მხარეს. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე და არა, ებრძოლოს ევროკავშირს ან ვინმეს ევროპარლამენტში. რთული სათქმელია, როგორ დაუბრუნდებით იმავე გზას, როგორც ეს იყო შემოთავაზებული შარლ მიშელის მიერ და როგორ დაუბრუნდეთ შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებთან, მაგრამ ეს თქვენი მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანაა. მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ერთგვარი გადატვირთვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ახალი ბიძგი. ვიდრე თქვენი ლიდერები არ აიღებენ პასუხისმგებლობას და არ შეწყვეტენ ამ ძალიან სასტიკ ბრძოლას ივანიშვილ-სააკაშვილს შორის ან რაიმე მსგავსს, სიტუაციის დაძლევა ადვილი არ იქნება. და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს ამ სიტუაციით. ეს ასევე დამოკიდებული იქნება ხალხზე, იქნება თუ არა საკმარისი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური სისტემა და კანონის უზენაესობა. ხალხის გადასაწყვეტია, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს მისი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ რუსეთი საქართველოს უკეთეს ეკონომიკას ვერ უზრუნველყოფს. ევროკავშირში სხვა სახელმწიფოებრიობაა. შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღეს და გაწევრიანებამდე. _და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანი თემა საქართველოსთვისაც. როგორ იმოქმედებს NATO-ს წევრი თურქეთის ბოლოდროინდელი დაძაბულობა დასავლეთთან მის მომავალ ურთიერთობებზე, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში? ვფიქრობ ეს საკითხი მოგვარდება. როგორც ვხედავ, ყველა მხარეს სურს სიტუაციის დეესკალაცია. თურქეთი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მოხარული ვარ, რომ თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია. თურქეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება რუსეთის, კრემლის მონაწილეობას გარკვეულ პროცესებში. მესმის, რომ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებამ, საჭიროა მოთმინება. ამის დროც დადგება. გადაწყვეტილებებს ყველა ქვეყანა ერთად იღებს, ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი გადაწყვეტილების მისაღებად. NATO-ში ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია.
ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს
იმ ფონზე, როდესაც NATO შავი ზღვის რეგიონში თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა ნაწილი ასევე NATO-ს წევრი ქვეყნები არიან, ბუნებრივ აირზე ფასი გაუძვირდათ. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კანდიდატი ქვეყანა მოლდოვა კი იძულებულია, ბუნებრივ აირზე შექმნილი დეფიციტის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რადგან გაზპრომი კონტრაქტის განახლებას უჭიანურებს. მოლდოვა, რომელიც უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, იძულებულია რუსეთისგან ოთხჯერ უფრო ძვირად იყიდოს გაზი. ბუნებრივ აირზე ფასის მატებას ასევე წინ უძღვის აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გერმანია ვალდებულია, ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას, როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი უკვე დაუჭირა. ექსპერტების განმარტებით, „სამხრეთ კავკასიური დერეფნის“ ამოქმედების შემდეგ, იტალიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე „გაზპრომის“ მონოპოლია შესუსტდა. ამიტომ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდას და დანაკლისის ანაზღაურებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტით გეგმავს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე Europetime ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს გიორგი ჭაღიაშვილს და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ელჩ ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა. როგორც Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, ეს არის საკმაოდ რთული პოლიტიკური თამაში, სადაც ერთმანეთში გადახლართულია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები, ენერგოუსაფრთხოების ფაქტორები და ა.შ, მაგრამ რეალურად იმისთვის, რომ ევროპამ რუსეთს ხელიდან გამოაცალოს ენერგობერკეტები, მან უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალურ ვარიანტების განვითარებაზე. ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკით, რუსეთი ცდილობს განახორციელოს თავისი სტრატეგიული მიზნები და ტაქტიკური ამოცანები. „სტრატეგიული არის ის, რომ ამ კრიზისის შექმნით მოქმედებაში შეიყვანოს "ჩრდილოეთ ნაკადი 2". ტაქტიკური მიზანი არის ის, რომ ისარგებლოს, ხელი მოითბოს ხელოვნურად გაბერილ ფასებზე. დღესდღეობით ევროპის ბაზრებზე, რუსული გაზის მიწოდების სამი საშუალება არსებობს. ერთი ეს არის უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა, მეორე, რომელიც არის იამალი-რუსეთი- ბელორუსი პოლონეთის საშუალებით და მესამე ჯერ კიდევ მწყობრში არ ჩამდგარი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, უკვე არსებულ "ჩრდილოეთ ნაკადი 1"-თან. ევროპაში გაზზე მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ზამთრისთვის შესაბამისი მარაგები შექმნილი არ არის და საკმაოდ ცივი ზამთრის მოლოდინია. შესაბამისად ამან გამოიწვია გაზზე აჟიოტაჟური მოთხოვნა. ნორმალური პარტნიორი ამ შემთხვევაში არსებულ გაზსადენებზე, მოითხოვდა მეტ სატრანზიტო მოცულობას და ევროპას მიაწვდიდა მეტ დამატებით გაზს. მაგრამ რუსეთი თავისი მოქმედებებით კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მისთვის გაზის მიწოდება არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური იარაღი, რისი საშუალებითაც ცდილობს თავისი პოზიციების გამყარებას ევროპის ბაზარზე და არა მხოლოდ ბაზარზე, ზოგადად ევროპაში თავისი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას. ეს რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივებში, რუსეთს რაღაც დივიდენდებს მოუტანს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დააჩქარებს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესუსტებას“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის ეს ქმედება ევროკავშირს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მოსახსნელად ახალი პროექტის დაჩქარებისკენ უბიძგებს. ევროპაში გაზის გაძვირებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფრთხე და ევროკავშირის მხრიდან გამოსავლის ძიების გზები, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესასუსტებლად საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. როგორც Europetime-თან საუბარში ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, გლობალურად და სტრატეგიულად, რა თქმა უნდა მწვანე ენერგიაზე გადასვლაა საჭირო, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უნდა გაკეთდეს ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდების რეალური დივერსიფიცირება. „რაც შეეხება რეალურ დივერსიფიცირებას, აქ არის ორი ძირითადი საშუალება. პირველი, მე ვფიქრობ, რომ დივერსიფიცირების ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა არის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის რეალობაც არის გაცილებით ხელშესახები კასპიის ზღვის კონვენციის 2014 წელს ხელმოწერის შემდეგ. სხვათაშორის კასპის ზღვის ყველა ქვეყანა რუსეთის ჩათვლით მოახდინა მისი რატიფიცირება ირანის გარდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ირანი მთავარი მოთამაშე არ არის. ამიტომ რეალურად, ტრანსკასპიური გაზსადენის ამოქმედებით შესაძლებელი იქნება დამატებითი რამდენიმე მილიარდიკუბური მეტრი გაზის მიწოდება ევროპული ბაზრისთვის, რაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. რა თქმა უნდა, აქედან საქართველოც ძალიან ისარგებლებს. სატრანზიტო გადასახადის სახით, სხვა სიკეთეებზე აღარ ვსაუბრობთ დიდი ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მივიღებთ. მეორე გზაა, თხევადი გაზის მიწოდების სისტემების გამართვა, ანუ მეტი შესაბამისი გათხევადების სადგურების პოტენციალის შექმნა ევროპაში. დღეს თხევად გაზზე ძირითადი მოთხოვნა არის აზიაში. თხევადი გაზის ძირითადი ნაწილი, სწორედ იქ მიდის, მაგრამ შედარებით მეტი ფასის შეთავაზების პირობებში, რა თქმა უნდა, ევროპისკენ გადამისამართება შესაძლებელია. თხევადი გაზის ძირითადი სამი წყაროა. ეს არის ჩრდილოეთ აფრიკა, არაბეთის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს მეორე შესაძლებლობაა, რომელზეც ევროპამ უნდა იმუშაოს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გვერდს გვივლის და უშუალოდ ევროპასა და მის პარტნიორებს ეხებათ. მესამე გზას რაც შეეხება ეს არის საკმაოდ პერსპექტიული საბადოები, რომელიც ისრაელმა აღმოაჩინა თავის ტერიტორიაზე. ისრაელ სერიოზულ პროექტებს აყალიბებს. როგორც ექსპერტები საუბრობენ, ისრაელი ამ საბადოებზე დიდი რაოდენობით გაზის მოპოვებას შეძლებს. შესაძლებლობა გაჩნდება ევროპას დიდი რაოდენობით მიაწოდოს გაზი. იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც არ არის რთული ისრაელიდან ევროპაში გაზის მიწოდების ქსელის აწყობა. მე ძალიან მიკვის რომ კასპიის კონვენციის ხელმოწერის დღიდან ევროპა თურქმენული გაზის ათვისების მიმართულებით პასიურობს. ამ კონვეციაში არის სპეციალური მუხლი რომელიც უშვებს ნებისმიერი ორი ქვეყნის მხრიდან პროექტების განხორციელებას კასპიის ზღვის ფსკერზე. ეს საკითხი ეხება მარტო აზერბაიჯანს და თურქმენეთს. ამით ორივე ქვეყანა იგებს. თურქემენთი, რომელიც ევროპულ ბაზარზე წვდომას იღებს, ყველაზე მომგებიან ბაზარზე. იმ ბაზართან შედარებით სადაც ახლა თურქმენეთი გაზს აწვდის. თურქმენეთი ახლა თავის ძირითად რესურს ჩინეთს აწვდის დ ასევე რუსეთს . აზერბაიჯანი მწარმოებლის გარდა ტრანზიტური ქვეყანა ხდება და აქედანაც შესაბამის მოგებას მიიღებს. აღარ ვსაუბრობ საქართველოს მოგებაზე და რაც მთავარია ევროკავშირის სარგებელზე . ამიტომ ეს ფაზლი ისე იკვრება რომ მე ძალიან მიკვირს ამ მიმართულებით აშშ-ის და ევროკავშირის ენერგოდიპლომატია რატომ არის ასეთ პასიური“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა. საქართველოს როლი და პოტენციალი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ჯაჭვში Europetime-თან საუბარში ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი განმარტავს, თუ რა აფერხებს „სამხრეთ დერეფნის“ მაგისტრალური გაზსადენით თურქმენული გაზის ევროპაში ექსპორტს და ალტერნატიულ პროექტზე საუბრობს, რომელიც ევროპას მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება. ენერგოანალიტიკოსი თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის ნაცვლად, თურქმენეთში ელექტროენერგიის წარმოებასა და ევროპაში პირდაპირ ელექტროენერგიის ექსპორტზე საუბრობს. მისი თქმით, იგივე შეიძლება გაკეთდეს გაზის მომპოვებელ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ყაზახეთში ან აზერბაიჯანში. „როგორც ვიცით ევროპა შესყიდული გაზის 65-70%-ს ძირითადად მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოებისათვის. 21-ე საუკუნეში კი მაგისტრალური გაზსადენის მაგისტრალური ელექტროსადენებით ჩანაცვლება რთული არ არის. მით უმუტეს, უფრო უსაფრთხო, იაფი და სწრაფი საშუალებაა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მივიყვანოთ ელექტროენერგია. თანამდეროვე ტექნოლოგიებში კი უხვადაა ახალი სრულყოფილი კაბელების წარმოება, მათ შორის წყალქვეშა კაბელების წარმოება და სხვა მეტად საიმედო ტექნოლოგიები“, - აღნიშნავს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი. როგორც Europetime-ს გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა, ნორვეგია საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ შავი ზღვის ფსკერზე, ფოთიდან ბულგარეთის ქალაქ კონსტაცამდე, დიდი გამტარობის ელექტროსადენები გასულიყო, თუმცა ეს სულ სხვა პროექტის ფარგლებში. „მაგრამ თუ ეს პროექტი განხორციელდა და დიდი გამტარობის ელექტროგადამცემი ხაზი აეწყობა შავი ზღვის გავლით, ბულგარეთამდე, მერე ევროპის სხვა ქვეყნების დაერთება ამ ხაზზე პრობლემა არ იქნება. შესაბამისად გამარტივდება კასპიის ზღვის ფსკერზეც იგივე მაგისტრალური ელექტროსადენების გაყვანა, რაც შესაძლებელს გახდის ამ მაგისტრალურელექტროსადენს მიებას ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობ - თურქმენეთში ადგილობრივი გაზით ელექტროენერგიის წარმოება და ამ ელექტრო ენერგიის ექსპორტი ევროპაში. ელექტროსადგურების აშენება და ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მაგისტრალური გაზსადენის. თანაც უფრო ნაკლები დრო სჭირდება ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ვიდრე გაზის. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ენერგიების ასოციაციას“, გაფორმებული აქვს მემორანდუმი ნორვეგიულ კომპანიასთან, რომელიც წყალქვეშა ელექტროსადენებს აწარმოებს. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივა იყო შავ ზღვაში სადენების გაყვანა. პროექტის პრეზენტაციას პირადად ვესწრებოდი. მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამით დიდად არ დაინტერესდა. პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან შავი ზღვის ფსკერის კვლევაა საჭირო, რასაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი სჭირდება. სწორი პოლიტიკის და საკმარისი აქტივობის შემთხვევაში, ამ პროექტისთვის ინვესტორის პოვნა არ გაჭირდება. ვხედავთ რომ ევროპაში გაზის დეფიციტია. თუ შავი ზღვის ფსკერზე ეს ელექტროსადენები გავა, გაცილებით მარტივი იქნება იმ პროექტის მიბმა, რაზეც ვსაუბრობთ და საქართველო კიდევ უფრო დიდ სატრანზიტო მნიშველობას შეიძენს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლით. ევროპელი ლიდერები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად უკვე აქტიურად საუბრობენ მწვანე ენერგიაზე გადასვლაზე. თუ გაზით ელექტრონერგიის წარმოება ევროპის ტერიტორიაზე არ მოხდება და სხვა ქვეყანაში წარმოებულ ელექტრო ენერგიას შეიძენენ, ესეც მწვანე ენერგიის ნაწილად ჩაითვლება, რადგან ევროპის ტერიტორიაზე გამონაბოლქვის გარეშე მიიღებენ სუფთა ენერგიას. რაც შეეხება თურქმენული გაზის სამხრეთ ნაკადზე დაერთებას, ახლო წარსულში, სამხრეთის დერფანს უნდა ჰქონოდა განვითარების სხვადასხვა ფაზა და მას ხან ნაბუქოს, ხან ტანაპის, და ხან სამხრეთის ალტერნატიულ მარშრუტს ეძახდნენ, რასაც გაზის მიწოდების უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა ევროპის სიღრმეში და ის განიხილებოდა ევროპაში ალტერნატიული გაზის მიწოდების წყაროდ, თუმცა აღნიშნული გაზსადენის სრული დატვირთვა დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან 1– აზერბაიჯანის საბადოებს არ გააჩნიათ იმის მაქსიმალური პოტენციალი რომ მილსადენი სრულად დატვირთულიყო (30–31 ტრლნ მ3 წელიწადში) ; 2) აუცილებელი იყო და არის მას მიუერთდეს ყაზახეთის ან თურქმენეთის გაზის მაგისტრალური მილსადენები და მათივე გაზით დაიტვირთოს ქსელი; საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, ყაზახეთის მილსადენების და ზოგიერთი გაზის საბადოც ისედაც გაზპრომის კუთვნილებაა, ხოლო თუქმენეთის გაზის საბადოდან გაზის მიწოდება სამხრეთის დერეფანში ყაზახეთის გავლის გარეშე წარმოუდგენელია. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ რუსეთი და ყაზახეთი ცალკე ეკონომიკური კავშირის წევრები არიან და მათ ინტერესებში ისედაც, ეკონომიკურად არ შედის სამხრეთის ნაკადის სრული დატვირთვა. ამჟამად სამრეთის ნაკადი 50%-მდეა დატვირთული და მასში გადის 16 მლრდ მ3 გაზი წელიწადში სადაც 6.6 მლრდ მ3 ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ ევროპაში გაედინება, ეს იმით არის განპირობებული რომ, გაზის საბადოებს დამუშავების სტადიებიდან გამომდინარე დამატებითი რესურსი შეზღუდული აქვს. ელექტროენერგიის თურქმენეთში წარმოებას და მის ექსპორსტ ვფიქრობ გაცილებით ნაკლები დაბრკოლება შეექმნება თუნდაც ყაზახეთისგან“, - განმარტავს ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი Europetime-თან საუბრისას. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღამასრულებელი საბჭოს წევრის განცხადებით, იმისთვის რომ ევროპამ რუსეთს ენერგობერკეტი ხელიდან გამოაცალოს, მან რეალურად უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალური ვარიანტების განვითარებაზე. ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ამ პროცესში ქართული მხარეც უნდა იჩენდეს ინიციატივას საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად, რაც შემდგომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას გაზრდის. „მე ვფიქრობ ეს საკითხი საქართველოს ენერგოპოლიტიკის დღის წესრიგშიც უნდა იყოს. ისეთ პროექტზე, სადაც ჩვენი სარგებელიც იკვეთება, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებზე, ჩვენი მხრიდან მუდმივად პედალირება უნდა ხდებოდეს. ჩვენი დღევანდელი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ალბათ ამისთვის არავის არ სცალია და არავინ არ ფიქროს. არადა ეს შეიძლება იყოს საქართველოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების, არამედ საერთოდ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი. ძალიან მიკვირს ამ ვითარების ირგვლივ ასეთი პასიურობა. იმედია მიმდინარე კრიზისის ფონზე, ევროპელები დაფიქრდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ზაზა უჯმაჯურიძე: დანიაში პანდემია საერთოდ აღარ იგრძნობა
დანია იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოსახლეობის 90% სრულად არის აცრილი და სექტემბერში პირველი სახელმწიფო იყო ევროპაში, რომელმაც აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოხსნა, როდესაც 70% სრულად ვაქცინირებული აღრიცხა. ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარების გარეშე. ერთადერთი ბერკეტი, რასაც ეს ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების ყოველდღიურად დაბალი მაჩვენებლის ფონზე იყენებს, ისევ ვაქცინაციაა, თუმცა დანიაში უკვე აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია მესამე დოზებზე და ელიან, რომ ის გრიპის ვირუსის მსგავსად, მუდმივად იქნება საჭირო. უფრო ვრცლად იმაზე, თუ როგორ მოახერხა დანიამ COVID19-ის მართვა და როგორია ცხოვრება გლობალური პანდემიის პირობებში „პანდემიის გარეშე“, Europetime კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგს, სხივურ თერაპევტს ზაზა უჯმაჯურიძეს ესაუბრა. ზაზა უჯმაჯურიძე: დანიაში რეალურად, საერთოდ აღარ იგრძნობა, რომ პანდემიაა. პირბადეც აღარ გვიკეთია და არც ხელის დეზინფიცირებაა საჭირო, თუმცა მე მაინც ვიყენებ ხსნარს, რადგან სადმე როცა შედიხარ, პატივისცემას და პასუხისმგებლობას გამოხატავ. ჩვეულებრივად ვურთიერთობთ, შევდივართ მაღაზიაში, რესტორანში, კაფეში. ადრე თუ სამ კაცზე მეტი არ შეიძლებოდა მაღაზიებში, ახლა არავითარი შეზღუდვა აღარ არის, მათ შორის არც ტრანსპორტში. სერიოზული ავადობა აღარ არის, საავადმყოფოები კოვიდინფიცირებული პაციენტებით დატვირთული არ არის. ყოველდღიურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მაგალითად, გუშინ, კოვიდინფექციით არავინ გარდაცვლილა და გრაფაში ეწერა - 0. 1250 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი დღის წინ, ორი ადამიანი გარდაიცვალა და 1247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილების რაოდენობა არის - 0, 1, 2, 3, 4. ეს თემა აღარც კი შუქდება პრესაში. ამ დონეზე ვართ, 2700-ზეც არ არის ასული საერთო გარდაცვლილების რიცხვი. _შეზღუდვების მოხსნა როგორ აისახა გავრცელებაზე? რიცხვი იმატებს და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ყველაფერი გაიხსნა და გასაგებია, რომ ასეთ დროს მობილობა მაღალია. მოიმატა მეორედ აცრილთა ინფიცირების რიცხვმაც, ამიტომ დავიწყეთ უკვე მესამე აცრა, მაგრამ მთავარია, რომ საავადმყოფოები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები არ არის გადატვირთული. როცა მოჰყავდათ არგუმენტი, რომ გრიპითაც ამდენი ადამიანი იღუპება, ახლა გაცილებით ნაკლები იღუპება, ვიდრე გრიპით. გრიპი შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს ლეტალური, მაგრამ საზოგადოებაში ეს არ იგრძნობოდა და ამაზე არავინ საუბრობდა. დაახლოებით, ასეთი რაღაც ხდება კოვიდის შემთხვევაში, არის, თუმცა უკანა პლანზეა გადასული. _აცრილების მართვის პროტოკოლი როგორია? თუ აცრილი ხარ, ტესტიც კი აღარ გჭირდება, ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. მაგალითად, ჩემმა კოლეგამ გუშინ მითხრა, რომ მთელ ოჯახშია გავრცელებული ვირუსი, მათ შორის პატარებში, 10 და 6 წლის ბავშვებში, თუმცა თავად იზოლაციაში არ მიდის, რადგან გადამდები არ არის, ბავშვებმა კი სავარაუდოდ, სკოლიდან მოიტანეს ვირუსი. ჩემს კოლეგას ტესტიც კი არ მოსთხოვეს, ორჯერ აცრილია და აღარც სჭირდება. ეს მოსალოდნელიც იყო, რომ რაღაც პერიოდში, შესაძლოა, მესამე და მეოთხე აცრა დაგვჭირდეს, როგორც სეზონური გრიპის დროს, ამას უნდა შევეგუოთ. ეს აცრების არაეფექტურობაზე კი არ მიუთითებს, თავისი კონდიციები აქვს მას. _ზოგადი რეკომენდაციები როგორია მთავრობის მხრიდან მოსახლეობისადმი? ახლა სულ სხვა საკითხებით არიან დაკავებულები. არანაირი პროტოკოლი არ არის. რა თქმა უნდა, ხდება მონიტორინგი, მესამე აცრები ფართოვდება, მეც მომივიდა მოწვევა, სხვები უკვე აიცრნენ და ასე შემდეგ. ჯგუფების მიხედვით აიცრებიან. არის ცენტრები, სადაც აცრები მიმდინარეობს. არის ტესტირების ცენტრებიც, შემთხვევები როცა იზრდება, ბუნებრივია, მეტი ადამიანი იტარებს ტესტს. ალბათ, დანიაში იქნება 2-3 განყოფილება, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს იღებენ, თუ მათთვის საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ასევე არიან ზემდგომი ორგანოები, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებენ. ცოტა სავალალო სიტუაციია პატარა ჯგუფში, ბავშვებში, ახალგაზრდებში, რომლებიც არ იცრებიან. ზოგი ძალიან პატარაა, როგორც გრიპი და ადენოვირუსი გადადის, ასევე გადავა ეს ვირუსიც და სწორედ ისინი ხდებიან გადამტანები. ახალგაზრდებში გადაინაცვლა ვირუსმა და შემთხვევებიც მათ ხარჯზე მატულობს. რამდენიმე თვეა, 12 წლიდან იცრებიან. თუმცა არის საუბარი, რომ პატარების აცრაც დაიწყოს. 2021 წლის განმავლობაში სიკვდილიანობა 70+ ასაკში იყო. ძირითადი იარაღი არის აცრები, პანდემიას ვაჩერებთ და აცრები გავრცელების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა, თან ნორმალური ცხოვრების საშუალებას გვაძლევს, შეზღუდვებით ნორმალურად ვერ ვცხოვრობთ. _სხვადასხვა კვლევა ქვეყნდება ვაქცინირებულთა გარდაცვალების მიზეზებზე, მაგალითად, იტალიის შემთხვევაში მათი ასაკი ძირითადად 85-ია, ასევე, მათ შორის არიან მძიმედ დაავადებულები, თქვენი პრაქტიკა რას აჩვენებს? აცრები კარგად მოქმედებს იმ ადამიანში, რომელიც ჯანმრთელია და კარგი იმუნური გამოხაძილია. ბუნებრივია, რაც უფრო მოხუცია ადამიანი და რაც უფრო მეტი თანხმლები დაავადება აქვს, ან ხანმოკლე იქნება მისი იმუნური პასუხი ან სუსტი, ან ორივე ერთად. ამიტომ, მესამე აცრა მაღალი რისკ-ჯგუფის ვაქცინაციით დავიწყეთ. ჩემმა ბევრმა პაციენტმა უკვე გაიკეთა მესამე აცრა. სხვათა შორის, ქიმიის და სხივური თერაპიის ფონზე. ის რომ, მაგალითად, შეცდომაა ასეთი მიდგომა, რომ ჯერ ქიმია დაამთავრო და მერე გაიკეთო აცრა, რადგან ზუსტად მაშინ ხარ ყველაზე კარგი სამიზნე ვირუსისსთვის და ამ დროს არის საჭირო აცრა. ასევე შეცდომაა ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანების მიდგომა, რომ მე ჩემი იმუნიტეტის მჯერა, ეს შეიძლება საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს, არ შეიძლება ამ ვირუსთან ხუმრობა. ამიტომ, არ უნდა გავრისკოთ და ყველას მოვუწოდებ აცრისკენ. ახლობელი მიყვებოდა, რომელიც არ იყო აცრილი, როგორი ჯოჯოხეთი გამოიარა. ეს სჯობს თუ ერთი აცრა, რომელსაც შეიძლება პატარა შეწითლება და შეშუპება მოჰყვეს ნანემსარზე?! სად არის ლოგიკა?! _მთავარი რჩევა რა იქნებოდა საქართველოში მცხოვრებთათვის, სადაც აცრის დაბალი მაჩვენებელია? ხშირად მაკრიტიკებენ, რატომ მომყავს დანიის მაგალითი და ცუდი მაგალითი რატომ უნდა მოვიყვანო?! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და დანიის მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, როცა არსებობს აცრები, უნდა ავიცრათ, ეს არის უპირველესი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად და ეს არის ფაქტი. სტატისტიკით დასტურდება, რომ აცრილებში კოვიდინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და სიკვდილიანობა 20-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე აუცრელებში. ერთადერთი რაც არის სწორი, ეს არის აცრა და აქ კონტრარგუმენტები უსუსურია.
რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში
ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს. პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები იმართება. როგორ ისარგებლებს რუსეთი რეგიონში შექმნილი კრიზისით, როგორ აისახება ეს საქართველოზე და რა გახდა ვითარების დაძაბვის მიზეზი, ამ საკითხებზე, Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ირანის დაპირისპირება აზერბაიჯანთან და თურქეთთან. რუსეთის შესაძლო ნაბიჯები რეგიონში შექმნილი კრიზისის ფონზე როგორც Eropetime-თან საუბარში რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, ბოლო ათწლეულებში კავკასიაში არაერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნილა და დღეისათვის, როგორც ჩანს, რეგიონში კიდევ ერთი ახალი, ამჯერად უკვე ირანულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მომწიფდა, რომელიც მხოლოდ ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება. ანალიტიკოსის თქმით, მას შემდეგ რაც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა, რუსეთს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთის კუთვნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით (IL-76-ებით) სავარაუდოდ ცოცხალი სამხედრო ძალის გადასროლა მოხდა რეგიონში. „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის სულერთი არ არის რა მოხდება და როგორ მოხდება. როცა ირანი და თურქეთი საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რუსეთიც არ გამორიცხავს ძალისმიერი ქმედებების ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაზე რუსეთს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, ცხადია, რომ მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე მოვლენებს და დიდი ალბათობით, მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მათი რეაგირების დრო ჯერჯერობით არ დამდგარა. თუ გავიხსენებთ, კრემლი ასევე მოიქცა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სიჩუმეს ინარჩუნებდა. რუსეთის ნებისმიერი ქმედება, საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ საქართველო მისი თითოეული ნაბიჯის მიმართ ყურადღებით უნდა იყოს. ჯერჯერობით, დაძაბულობა არის აზერბაიჯან-ირანის საზღვართან, სომხეთის სამხრეთთან, რომელიც ესაზღვრება ნახიჩევანსაც და დანარჩენ აზერბაიჯანსაც. სწორედ ამ საზღვრის გარშემოა კონცენტრირებული რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალები. რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, დასავლეთს ამ ეტაპზე ნაკლებად სცალია კავკასიისთვის, ირან-აზერბაიჯანის დაძაბულობისთვის, თუ დაძაბულობა ცხელ ფაზაში არ გადავიდა", - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა. აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის განმარტებით, ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს „ხაიბარის დამპყრობლები“ უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. „საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი. ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ტარდება თურქული სამხედრო წვრთნები. იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში, ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება, თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა“, - აცხადებს ანალიტიკოსი. აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, საქართველოში, თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საზღვრის ორივე მხრიდან მიმდინარე სამხედრო წვრთნების და რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალების კონცენტრირების პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მდებარე ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. აღნიშნულ საჰაერო მარშრუტს აზერბაიჯანი ნახიჩევანთან კავშირისთვის იყენებდა. თურქეთმა კი, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, დამატებითი სამხედრო ნაწილები გადაისროლა აზერბაიჯანში, ერთობლივი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წრთვნებისთვის. „ირანი არაა ის ქვეყანა, რომ ეს ამბავი ადვილად გაატაროს. ასე რომ, ველით პასუხს თეირანის მხრიდან. საქართველოს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ვხედავთ, რომ თურქული სამხედრო სატრანსპორტო საშულებები საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ. სხვანაირად, ფიზიკურად ვერ დაუკავშირდება აზერბაიჯანს. იმის გათვალსიწინებით, რომ თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა და საქართველო კი NATO-ს მოკავშირე, რაიმე შეზღუდვა და ვალდებულება არ გვაქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრას თურქეთს საჰაერო სივრცის დათმობაზე. ირანის კონკრეტულ რეაგირებას რაც შეხება, ირანი ცნობილია თავისი ძლიერი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებით. ეს არ ეხება მხოლოდ აზერბაიჯანს. ეს ეხება ყველა ქვეყანას. პასუხის გაცემა არის მისი პოლიტიკის ნაწილი. ამას ვხედავთ ისრაელთან და პაკისტანთან მიმართებით. ირანი ის ქვეყანაა, რომელსაც მის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე აქვს რეაგირება. რა ნაბიჯს გადადგამს ძნელი სათქმელია. ამისთის არაერთი ბერკეტი გააჩნია. სამხედრო შესაძლებლობების გარდა, მას აქვს ასევე ეკონომიკური ბერკეტები, პოლიტიკური და ა.აშ“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. როგორც აღმოსავლეთმცოდნე Europetime-თან საუბარში აღნიშნავს, კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა არ შედის საქართველოს ინტერესებში, თუმცა, ოფიციალური თბილისის შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე, ამ მხრივ ძალზედ შეზღუდულია. რამ გამოიწვია ირანის და აზერბაიჯანის სამხედრო დაძაბულობა რამდენიმე დღის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს. „ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ. Europetime-თან საუბარში ზურაბ ბატიაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ირანი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა. ანალიტიკოსი დაპირისპირების ორ მთავარ მიზეზს გამოყოფს: ირანის პოზიციების შესუსტებას ყარაბაღის ომის შემდეგ და ისრაელთან აზერბაიჯანის თანამშრომლობას. „ვითარების დაძაბვის მიზეზების სია გრძელია და შორს წაგვიყვანს. ამ შემთხვევაში დაპირისპირების ახალი ტალღა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ძალთა ახალ ბალანსს მოჰყვა, როდესაც თეირანმა საკუთარი პოზიციების შესუსტება იგრძნო და რასაც, მისი შეფასებით, საფრთხეების მომატება მოჰყვა. თეირანისთვის მიუღებელია, როგორც აზერბაიჯან-ისრაელის და აზერბაიჯან-თურქეთის მჭიდრო კავშირები, ისე სომხეთის პოზიციების მკვეთრი შესუსტება რეგიონში, რაც აშკარად შესამჩნევია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. ამას მოყვა თუქრულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები, ამას მოჰყვა კორიდორების გახსნის მოთხოვნა სომხეთის მიმართ, რომელიც ასევე აღიზიანებს ირანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი თავისი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნის წინადადებას, მაშინ ამას აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებდა. ცხადია, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არამხოლოდ იკეტებოდა რუსეთთან და შავ ზღვასთან ირანის დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზები, არამედ, თეირანის გადმოსახედიდან, ირანის გარშემო შეიკვრება ერთიანი თურქულ-აზერბაიჯანული რკალი, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო გააღვივოს ნაციონალისტური განწყობები ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ნაციონალისტური გრძნობები გაღვივდა როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისე ირანის ჩრდილოეთში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. თვითონ აზერბაიჯანის მოსახლეობა კი სულ 10 მილიონს შეადგენს", - განმარტავს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსის განმარტებით, ისრაელის ფაქტორი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ირანი აზერბაიჯანთან დაპირისპირებას არ მოერიდა. „ცნობილია, რომ ისრაელში წარმოებული დრონები აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღის მეორე ომში. ამჟამად ირანი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო დანაყოფებია განლაგებული. აღნიშნული ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირანმა. მეორე მხრივ კი, ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანს უკვე მალე ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ეს მოვლენები შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც ჩართეს 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში - 50 000 ირანელი ჯარისკაცით“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, თუმცა იგი გრძელვადიანია და ეს პრობლემა კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს ამ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების გამწვავების შემდეგ საქართველომ მედიატორის ფუნქცია იკისრა, რის გამოც როგორც დასავლეთისგან, ისე თურქეთიდან და კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, განაგრძოს აქტიური მედიაციის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის ერდოღანი: ფაშინიანისგან პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ ფაშინიანი ერდოღანის განცხადებას პასუხობს და შეხვედრის მზაობას გამოთქვამს რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
დიეგო კოლასი: საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულების შემთხვევაში
„საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი, დემოკრატიულ ინსტიტუტების გაძლიერების და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულების შემთხვევაში“, ამის შესახებ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიეგო კოლასმა საქართველოში ჩატარებული 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები შეაფასა. დიეგო კოლასმა უპასუხა კითხვას, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები და რა გავლენას იქონიებს ის პოლიტიკურ კრიზისზე, ახალი პოლიტიკური განვითარებების დამატებით და ბოლო პერიოდში არაერთი კრიტიკული შეფასების გათვალისწინებით. „მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების, თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის გამო. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ სრულფასოვანი საერთაშორისო საარჩევნო მისია აკვირდებოდა 2 ოქტომბრის კენჭისყრას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის დასკვნებს. ევროკავშირის განცხადებაში ასევე კმაყოფილებით აღვნიშნეთ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ჩვენი რეკომენდაცია იყო და რამაც გაააუმჯობესა საკანონმდებლო ჩარჩო, რაც კარგია. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ რიგი ხარვეზები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს გადაუდებელ დამატებით ძალისხმევას, როგორც მეორე ტურის წინ, ასევე მის მიღმა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი შეშფოთება განსაკუთრებით ჟურნალისტების დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, რომლის გარეშეც არ შეიძლება, არსებობდეს ჯანსაღი, დემოკრატიული ევროპული სტილის სახელმწიფო. მე ხაზი გავუსვი ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩემი აზრით, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც საქართველო დგას, საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალისხმევა განხორციელდება; თუ დემოკრატიული ინსტიტუტები ამგვარად გაძლიერდება, სასამართლო და კანონის უზენაესობა კი ფართოდ იქნება განხილული, როგორც ღირსეული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“, - განუცხადა დიეგო კოლასმა Europetime-ს. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ელჩთან
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა
„ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც 2 ოქტომბრის კენჭისყრა შეაფასა. ჩეხი პოლიტიკოსი არჩევნებს კოლეგებთან ერთად აკვირდებოდა. „როგორც დაკვირვების შედეგად შევამჩნიეთ, შაბათის არჩევნები ძირითადად კარგად ადმინისტრირებული და მშვიდი იყო. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ არჩევნებისადმი ასეთი მიდგომისთვის. მათ აჩვენეს, რომ დაძაბულ ატმოსფეროშიც კი სურთ, თავიანთი დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა. ჩვენ ვგმობთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციას. საკუთარი თვალით ვნახეთ ძალადობის წამქეზებელი რეკლამა, მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა კანდიდატის წინააღმდეგ ზეწოლასა და მმართველი და სხვა პარტიების კამპანიის დაფინანსების დისპროპორციულობაზე. თუმცა მჯერა, ახლა ყველა პარტია დაიწყებს ფოკუსირებას იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლებიც პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, ასევე მოქალაქეებს მისცეს. ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით“, - განუცხადა Europetime-ს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდნენ. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგებოდა: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ამავე თემაზე: ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, ODIHR-ის დოკუმენტიდან დებულებები არ გამოარჩიონ და მასზე ყურადღება სერიოზულად გაამახვილონ ექსკლუზივი: რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ექსკლუზივი: მარკეტა გრეგოროვა: მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო ექსკლუზიური ინტერვიუ: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს
ჰუბერტ ქნირში: კოალიციური მთავრობის წევრები გერმანიიდან საქართველოში, ევროინტეგრაციისადმი მხარდამჭერი ძლიერი გზავნილებით ჩამოვლენ
Europetime-მა საქართელოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ექსკლუზიურ ინტერვიუ ჩაწერა. 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გარდა, ელჩმა Europetime-ის შეკითხვებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზეც უპასუხა. ელჩის თქმით, არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება. „ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებები. ისინი აკვირდებოდნენ მოწესრიგებულ და კარგად ორგანიზებულ კენჭისყრის დღეებს კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად. მეორე მხრივ, მათ შენიშნეს არათანაბარი საასპარეზო პირობები წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მცირე და ახალი პარტიებისთვის ძალიან რთულია, კონკურენცია გაუწიონ უფრო დიდ და არსებულ პარტიებს და მათ ამის შესახებ შეჯამებაც გააკეთეს. ასე რომ, ეს არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი. ჰუბერტ ქნირშმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ „რთული ამოცანა იტვირთეს“ და „ასე მოწესრიგებულად ჩაატარეს არჩევნები“. კითხვაზე, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, დარჩენილი გადასაჭრელი საკითხები კი ყველას ამოცანად რჩება. „ეს არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ეს არის არჩევნები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შედეგად გაუმჯობესებული კანონმდებლობის დაცვით ტარდება, მაგრამ ის ასევე აჩვენებს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი და ეს რჩება ყველას ამოცანად, მათ შორის პარლამენტისთვის, მთავრობისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის - მათი კონკურენციისა და ურთიერთქმედებისას არამხოლოდ არჩევნების დროს, არამედ შემდეგი არჩევნების წინ, რომელიც იწყება“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება გერმანიის არჩევნებს და მის გავლენას საქართველოზე, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. „ჩვენ ვაკვირდებით კოალიციის შექმნის პროცესს. ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა, რაც იყო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს მოიცავს ევროკავშირის ურთიერთობას თავის აღმოსავლელ მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან. მე მოუთმენლად ველი გერმანიის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტებს და ისინი თავად ჩამოიტანენ ამ გზავნილებს“, - განაცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. ასევე, ინტერვიუს თემა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, შესაძლო საფრთხეები და მის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა. ჰუბერტ ქნირშის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან. „ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით. ბოლო დროს, გერმანიაში, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი გაიზარდა. ისინი კვლავ აკვირდებიან ამ საკითხს და განიხილავენ საქართველოს მთავრობასთან, ეს არის მუდმივი პროცესი “, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან
Europetime-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ევროპარლამენტარებს ჰკითხა, რა მოლოდინები აქვთ მოახლოებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც სადამკვირვებლო დელეგაციაში შედიან და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევიან. მაგალითად, ჩეხი პოლიტიკოსი მარკეტა გრეგოროვა ყველა მხარეს საკუთარი ამომრჩევლის დამშვიდებისკენ მოუწოდებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი კი მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიიჩნევს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ის შეახსენებს „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ის ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკიდურესად მნიშვნელოვან არჩევნებს უწოდებს 2 ოქტომბრის კენჭისყრას გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. ევროპარლამენტარს იმედი, აქვს, რომ ამას ყველა მხარე გააცნობიერებს და საქართველოსთვის, თანამშრომლობასა და არა პოლარიზაციაზე დაყრდნობით ყველა ერთად იმუშავებს. ევროპარლამენტარების მოსაზრებებს Europetime ექსკლუზიურად გთავაზობთ: ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი),მარკეტა გრეგოროვა, ჩეხი პოლიტიკოსი: არჩევნების წინ იყო ძალადობა და შიში იმისა, რომ ეს კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო. ყველა პარტიას ჰქონდა შანსი, ეჩვენებინა რისთვის იბრძვის - ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ხმის მიცემით მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, სადამკვირვებლო მისიების მუშაობის შედეგად მივაღწევთ წარმატებულ არჩევნებს ყოველგვარი გადაცდომის გარეშე. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტია“ (ქრისტიან დემოკრატები), ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ვისურვებდი, რომ არჩევნებმა არა შემდგომი დაყოფა, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებისა და ქართულ პოლიტიკაში პროევროპულ რეფორმებზე ფოკუსირების გზა მოიტანოს. ამაზე, „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, რომ ჩაატაროს ეროვნული არჩევნები თუ ადგილობრივ არჩევნებში ის მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს. ევროპარლამენტარი, საგარეო კომიტეტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები), გერმანელი პოლიტიკოსი მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას. ისევე, როგორც ქართველი ამომრჩეველი, მეც ველოდები, რომ პოლიტიკოსები ისწავლიან ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას პარლამენტში და არა ქუჩაში. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ევროპარლამენტარები ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა ექსკლუზივი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ექსკლუზივი: ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს
ნორვეგია კოვიდშეზღუდვების მოხსნის შემდეგ: რა ეტაპზე გადავიდა ქვეყანა
დღეიდან, ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდა. სკანდინავიური ქვეყანა შეუერთდა მცირე, მაგრამ მზარდ ქვეყნებს, მათ შორის დანიასა და ბრიტანეთს, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს. როგორ მიაღწია ამას ნორვეგიამ და რა ნაბიჯები გადადგა შედეგის მისაღწევად, ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურად საუბრობს. როგორც ირკვევა, ნორვეგია პანდემიის მართვას პრემიერის სლოგანის კვალდაკვალ, კოვიდვითარების 4 ინდიკატორით შეფასების საფუძველზე განაგრძობს. ქვეყანა პანდემიის კონტროლის რეჟიმზე გადავიდა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ ადამიანი დარჩეს სახლში და გაიკეთოს კოვიდტესტი. ეს ასევე ეხებათ ვაქცინირებულებსაც. „უპირველეს ყოვლისა: უნდა აღნიშნოს ის დევიზი/სლოგანი, რომელიც გამოიყენა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, როდესაც მან შეზღუდვების მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ შაბათიდან, 25 სექტემბრიდან, ნორვეგიაში იწყება ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება გაზრდილი მზადყოფნით. ანუ, შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა „თავქუდმოგლეჯილი გადაეშვება პანდემიამდე არსებული ცხოვრებისკენ“. ქვეყანა კარგად აანალიზებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ყოველდღიური ცხოვრება ნორმალურს უბრუნდება, პანდემია არ დასრულებულა. ზოგიერთი ადამიანი მაინც დაავადდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს აცრილი რაც შეიძლება მალე. გარდა ამისა, ნორვეგიამ გამოიყენა პანდემიის წელიწადნახევარი, რათა ესწავლა პანდემიის მართვა, გაეძლიერებინა მზადყოფნა, რომ ქვეყანამ შეძლოს სწრაფად განახორციელოს ზომები, თუკი სიტუაცია ამას მოითხოვს. პირობების შემსუბუქებასთან ერთად, ეროვნულ დონეზე გაგრძელდება ძლიერი მონიტორინგი, რომელიც სწრაფად გამოავლენს ეპიდაფეთქებებს და ვირუსის ახალ ვარიანტებს, და ადგილზევე გაგრძელდება ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება ისე, რომ ქვეყანა მზად იქნება სიტუაციის მოსაგვარებლად, თუ ის შეიცვლება. რა იყო ამ გადაწყვეტილების მთვარი მიზეზი - ვაქცინაციის მაღალი დონე, რაც ეპიდემიის გავრცელებას აფერხებს. ახლა ვაქცინაციის მაჩვენებელი თითქმის 84%-ს შეადგენს, იმავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია მიზნისთვის, რომ 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 90 პროცენტი სრულად იყოს აცრილი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ახლა კონტროლის ქვეშაა, არსებობს მნიშვნელოვანი გაურკვევლობა ზამთართან, კორონავირუსთან, გრიპთან და სხვა ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით. ამიტომ გრძელდება მოთხოვნა ჰიგიენური წესების დაცვისა, ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ ადამიანი დარჩეს სახლში და გაიკეთოს კოვიდტესტი. ეს ასევე ეხებათ ვაქცინირებულებსაც. თუ კორონავირუსით ხართ დაინფიცირებული, თქვენ უნდა იზოლირდეთ, რათა სხვები არ დაინფიცირდნენ. ეს არ იქნება რეკომენდაცია, მაგრამ წესია, რომლის დარღვევისთვისაც შეიძლება, დაჯარიმდეთ. აქამდე მთავრობის სტრატეგიის მთავარი მიზანი იყო პანდემიასთან ბრძოლა, ახლა, რაც აცრით მოცვა ასეთი მაღალია, ქვეყანა გადავიდა პანდემიის კონტროლის რეჟიმზე. ახალი მიზანი მთავრობის სტრატეგიაში არის ის, რომ პანდემიამ არ გამოიწვიოს დაავადების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისად, გადატვირთოს მუნიციპალიტეტებისა და საავადმყოფოების შესაძლებლობები. ამავე დროს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ყველაზე ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება. ნორვეგია განაგრძობს შუქნიშნების მოდელის გამოყენებას სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის. თუ ცალკეულ მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ ინფექციის მდგომარეობა მიუთითებს ადგილობრივი ზომების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე, შუქნიშნის მოდელი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების მიღებას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ მაქსიმალურად ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია აცრილი, შეიძლება, კვლავ შეიქმნას სიტუაციები, როდესაც საჭიროა ადგილობრივი ზომების მიღება და მუნიციპალიტეტები ამისთვის მზად არიან. სიტუაცია თვითდინებაზე არ იქნება მიშვებული და ქვეყანა მუდმივად შეაფასებს არსებულ მდგომარეობას საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად. კოვიდსიტუაციის შესაფასებლად კი, ეს ოთხი ინდიკატორი იქნება გამოყენებული: რამდენი ადამიანია ჰოსპიტალიზებული; რამდენია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; ჰოსპიტალიზებულთა ასაკობრივი განაწილება, მუნიციპალიტეტების (ჰოსპიტლების და პირველადი ჯანდაცვის სისტემის) შესაძლებლობები, ანუ, რომ გავიმეოროთ ის, რაც დასაწყისში აღვნიშნე - შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ნორვეგია თავქუდმოგლეჯილი გადაეშვა პანდემიამდე არსებულ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ფინანსისტი ირაკლი ერაძე: 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი გახდა
საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. 2021 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა. ირაკლი ერაძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის გაუქმების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჰესების არ აშენება, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ბოლო რამოდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ვიღებთ მილოცვებს ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორის, „ენკას“ პროექტიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რეალურად რას გვილოცავენ: ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უცხო ქვეყნების იმედზე დატოვებას, მზარდი ელექტრომოხმარების პირობებში თბოსადგურებისთვის მეტი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვას, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის პოტენციალის მინიმუმ განახევრებას, ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციის საბოლოოდ განადგურებას, მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ენერგომატარებლების შესაძენად, ბევრად მეტი თანხის გადახდას, საერთაშორისო სავაჭრო ანგარიშის გაუარესებას,შესაბამისად ლარის სავალუტო კურსის გაუარესებას და კიდევ ბევრ ცუდ ამბავს. მისალოცად კი ნამდვილად აქვს საქმე რუსეთს. მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. ჩავთვალოთ, რომ რუსი ჯარისკაცი დავსვით იმ ე.წ „რუბილნიკთან“, რომლის ჩართვა-გამორთვაზეა იქნება დამოკიდებული მთლიანად ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ძალიან ახლო მომავალში. ის მაინც მოვახერხოთ, რომ ამ „პატრიოტული“ მილოცვების მიღებისას მადლობა შიშნარევი, დაბალი ხმით გადავიხადოთ", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ. ფინანსისტის ცნობით, უკანასკნელი წლების სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა და 2017 წლიდან მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. როგორც Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. „მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე. მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვთ. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. რესურსის ნახევარი ამ ორ მდინარეზე მოდის. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი, რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა. ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული სტატისტიკა დღეს BPN-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ კომპანია Enka Renewables-მა ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები ნამახვანჰესის არსებული პროექტით აშენებას აპროტესტებენ. პროექტის შეჩერების მოთხოვნით არაერთი მასშტაბური აქცია მოეწყო. რიგი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ჰესის ასაშენებლად სათანადო კვლევები არ არის ჩატარებული. სახელმწიფომ ახალი ექპერტიზა დანიშნა და უცხოეთიდან საექსპერტო კომპანიები მოიწვია. "ენკას" მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე. ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?! თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე