ანალიტიკა

ბენ ჰოჯესი: NATO-მ და ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის უკრაინამ და საქართველომ კრემლს მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ საერთაშორისო სამართლის და სუვერენიტეტის დარღვევას არ მოვითმენთ

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი საუბრობს ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის თავმოყრაზე, NATO-სა და პარტნიორების მხრიდან უფრო მკვეთრი და მტკიცე გადაწყვეტილებების საჭიროებასა და NATO-სა და აშშ-ის მხრიდან ერთიანი სტრატეგიის აუცილებლობაზე შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ET: მოგესალმებით ბატონო გენერალო, მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. იმდენი რამ ხდება, აღარ ვიცი საიდან დავიწყო კითხვა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ყველაფერი საბოლოოდ ერთმანეთთან კავშირშია.. ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლუკაშენკოს მიერ სანქციების საპასუხოდ, მუქარის ინსტრუმენტად გამოყენებული ლტოლვილებიდან დაწყებული, დამთავრებული რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის და ტექნიკის განმწესებით. ამ ფონზე კი ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებაზე იწყებენ საუბარს.. ასევე ნიშანდობლივია NATO-ს გენერალური მდივანის განცხადებებიც უკრაინასთან მიმართებაში.. როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს, ფაქტია, დაძაბულობამ პიკს მიაღწია..როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში? უკრაინაში მიმდინარე კინეტიკური კონფლიქტის გაფართოება არ არის გარდაუვალი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს მოქმედებას, არსებული კონფიგურაცია მას ამის საშუალებას მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო NATO-ს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან და მისთვის NATO-ს შეშფოთების გამოხატვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ET: საქართველო როგორ გამოიყურება და სადაა მიმდინარე პოლიტიკურ ლანდშაფტში? საკმაოდ მღელვარე და გამოწვევებით სავსე პროცესებია ქვეყანაშიც... ასევე მოგეხსენებათ, ციხეში შიმშილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხოლო უკვე თითქმის 14 დღეა, საკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია. მთელი ეს სიტუაცია ხაზს უსვამს NATO-ს და აშშ-ის სტრატეგიის აუცილებლობას შავი ზღვის დიდ რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის ერთგვარი ღუზა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის უკიდურეს აღმოსავლეთში და ადგილი, რომელიც წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და ევრაზიას შორის. ამგვარად, აშშ-ის მთავრობა და NATO დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველო იყოს სტაბილური, უსაფრთხო, დემოკრატიული, კრემლის მავნე გავლენისადმი მდგრადი და შეძლოს, მოახდინოს თავისი, როგორც ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების პოტენციალის რეალიზება. ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით. ET: უკრაინაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაცია, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ლტოლვილების კრიზისი... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჩემი აზრით, უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება, მომდევნო ფაზა იმისა, რაც მოხდა უკრაინაში და მის ირგვლივ ჯერ კიდევ გაზაფხულზე. მას შემდეგ, მიუხედავად თავდაცვის მინისტრ შოიგუს ცრუ განცხადებებისა, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის (RF) შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ დაბრუნებულან თავიანთ ყაზარმებში - რუსეთმა ადგილზე დატოვა ლოგისტიკის დიდი ნაწილი „ზაპად-21“ წვრთნების შემდეგ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერდა უამრავი ძალიან მკვეთრი/უხეში გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიერ, ასევე იყო კითხვები და ტრაბახი უკრაინის მომავლისა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ. თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - ჯარების გადაადგილებას/განლაგებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეწოლის და სამხედრო შესაძლებლობების სტაბილური ესკალაცია რეგიონში არც არასოდეს შეჩერებულა. რა თქმა უნდა, ამას საქართველოზეც აქვს გავლენა, თუ გათვალისწინებით ყირიმთან და აზოვის ზღვასთან მის სიახლოვეს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა მათ აჩერებენ. NATO-ს და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მტკიცე გადაწყვეტილება, რათა კრემლს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ დარღვევას. ET: საფრანგეთმა კონკრეტული და ძალიან მკაფიო მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთთან მიმართებით... ზოგადად, ევროკავშირიც ნამდვილად არაა პასიური... ვფიქრობ, მიგრანტების შეიარაღება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არ არის შემთხვევითი და ის დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის აქტივობებთან უკრაინასა და მის გარშემო; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დაზვერვითი ხასიათის, საბოტაჟის ან ყურადღების გადატანის მცდელობასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ყველა ზემოაღნიშნული. რამდენიმე დღის წინ, ლატვიის მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრისას, მათ აღნიშნეს, რომ ამას სულ მცირე სადაზვერვო მოქმედებად თვლიან; ისინი აკვირდებოდნენ ბელარუსის (ან რფ?) სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებიც ითვლიდნენ, თუ რა დრო დასჭირდებოდათ ლატვიის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებს მიგრანტების შემოჭრის მცდელობებზე რეაგირებისთვის. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება, იყოს უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ ვიყავი კიევსა და ოდესაში და გეტყვით, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ყოველივე ამით. ვფიქრობ, ევროკავშირი როგორც იქნა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ყურადღება მეტად უნდა იყოს მიმართული კრემლზე და ნაკლებად ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო იმსახურებს ნებისმიერ სანქციებს და სხვა სახის არაკონსტრუქციულ ქმედებებს, თუმცა ამაზე მეტი მის წინააღმდეგ არც არაფერია გასაკეთებელი; მიგრანტების/სასაზღვრო კრიზისის გასაღები არის თვითონ კრემლი, რომელიც ამ მომენტში არ გრძნობს არანაირ ზეწოლას და შესაბამისად, არც არანაირი ინტერესი აქვს, ბოლო მოუღოს ამ კრიზისს. რა თქმა უნდა, თურქეთი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირი მათ ნაწილობრივ ადანაშაულებს ბელარუსში მიგრანტების ჩაყვანაში, რაც ასევე ხელს უწყობს კრემლის მიზნების განხორციელებას და აძლიერებს განხეთქილებას ალიანსში და/ან თურქეთსა (გასაღები შავი ზღვაზე) და ევროპას შორის. სუვალკის დერეფანიც ყოველივე ამის მთავარი ნაწილია. პოლონეთი-ლიეუტვის ტერიტორიის ეს ვიწრო ნაწილი, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს შორის მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ის არის სახმელეთო კავშირი ჩვენს ბალტიისპირელ მოკავშირეებს (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი) და დანარჩენ NATO/ევროკავშირს შორის. თუ რუსეთის ფედერაციის და ბელორუსის შეიარაღებული ძალები დაკეტავენ მას, მაშინ რეალური პრობლემა შეგვექმნება. არსებობს ამის შესაძლებლობა (არა გარდაუვალი), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე (რომელიც მთლიანად ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შექმნილია) გადაიზრდება სერიოზულ პრობლემაში, რა დროსაც რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ უნდა ჩაერიოს „ჰუმანიტარული კრიზისის“ ან სხვა რაღაცის გამო და ამ პროცესში „დროებით“ დახურავს დერეფანს, თავისი ორი გზითა და ერთი რკინიგზით. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელი. მთლიანობაში, სწორედ ეს არის კლასიკური რუსული „ომი“ - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით. ET: ენერგორესურსები და რუსული გაზი ასევეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, მოლდოვის მაგალითიც კმარა ამისთვის... რუსული გაზი ასევე წარმაოდგენს აშკარა „იარაღს“ და ისიც ზემოაღნიშნულის ნაწილია; ყველა ერთადაღებული კი მიზნად ისახავს ევროკავშირში არეულობის/დესტაბილიზაციის შეტანას, დასავლეთის თვალში უკრაინის წარმოჩენას „არშემდგარ სახელმწიფოდ“ და ჩვენს გამოყვანას წონასწორობიდან - ცივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად, და ვიდრე გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობა შეიქმნება, იმედია - დეკემბრის შუა რიცხვებამდე. აშშ-ის ადმინისტრაცია სამართლიანად არის შეშფოთებული ამით და მიხარია, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბოლოსდაბოლოს გარკვევით საუბრობს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა ასევე გარკვევით ისაუბრა, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ შავი ზღვის რეგიონში ვიზიტით ყოფნისას.

ენერგოექსპერტი: მაშინ როცა, გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება, კაშხლიანი ჰესების მშენებლობა უნდა შემცირდეს

გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. როგორც Europetime-თან საუბარში ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილი აღნიშნავს, შესაბამის კვლევას საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum” აქვეყნებს, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორია. "მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით ასიათასობით ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. დიდი ოცეულის ქვეყნებმა 30-31 ოქტომბრის სამიტზე ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად, ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად 100 მილიარდი ევრო გამოყონ", - აღნიშნავს გიორგი ჭარიაშვილი. ენერგოუსაფრთხოების საკითხი აქტუალურ თემას საქართველოში დიდი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობასაც ეხმაურება კლიმატური ცვლილებების კონტექსტში და აცხადებს რომ დიდი წყალსაცავიანი ჰესები მწვანე ენერგეტიკად არ მოიაზრება და ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს კლიმატურ ცვლილებებზე. მისი თქმით, იმ ფონზე როდესაც მთელი მსოფლიო კლიმატური ცვლილებების მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად ერთიანდება, საქართველოში ასეთი ჰესების მშენებლობა, ალტერნატიული ენერგო პროექტებით უნდა ჩანაცვლდეს. "21-ე საუკუნის დასაწყისიდან, კლიმატის გლობალური ცვლილების შერბილებისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების კვალდაკვალ, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სათბური გაზების გაფრქვევა წყალსაცავებიდან. მიმდინარე საკითხი ძირითადად ეხება წყალსაცავებიდან სათბური გაზების გაფრქვევის მოცულობას და მათ გავლენას კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობაზე. ეს თემა ასევე აქტუალური ხდება საქართველოში განსახორციელებელი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების გარშემო მიმდინარე ხმაურიანი დებატების ფონზე. და მაინც? არის თუ არა დიდი ჰიდროენერგეტიკა მწვანე ენერგეტიკა? წყალსაცავებიდან სათბური გაზების გაფრქვევის წყარო არის ბიომასის ხრწნა. ეს ბიომასა წარმოიქმნება შემდეგი გზით:1. ბიომასა რომელიც იტბორება წყალსაცავის გავსებისას – ეს შეიძლება იყოს ტყეები;2. ბიომასის უწყვეტი შემოდინება წყალშემკრები ფართობებიდან – მდინარეების მიერმოტანილი ნაშალი (ხეები და სხვა მცენარეები);3. ახალი ბიომასა რაც წარმოიქმნება წყალსაცავში – წყალმცენარეები, ცოცხალი ორგანიზმების სუნთქვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგი და სხვა. სათბური გაზების ყველაზე დიდი რაოდენობით გაფრქვევა ხორციელდება წყალსაცავის გავსებიდან პირველი 10–15 წლის განმავლობაში, შემდეგ ეს მაჩვენებელი მცირდება ან უმნიშვნელო დონეს აღწევს. ამიტომ კაშხლიან-წყალსაცავიანი ჰიდროელექტრო სადგურები, ზოგადად მწვანე ენერგეტიკის კლასიფიკაციიდან უნდა ამოვიღოთ. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ გაეროს მიერ 2012 წლის შემდეგ ჰიდროელექტრო სადგურები „კარბონ კრედიტებით“ ვეღარ სარგებლობენ (სათბური ემისიების შემცირების კონპენსაცია ორგანიზაციებს) რაც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ“, – განმარტავს Europetime-თან საუბარში გიორგი ჭაღიაშვილი. დიდი 20-ეულის გადაწყვეტილებით G-20-ის ქვეყნები, წლიურად 100 მილიარდი დოლარის მობილიზებას მოახდენენ იმისთვის, რომ ღარიბ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარონ. დიდი 20-ეულის ორ დღიანი სამიტი 31 ოქტომბერს დასრულდა. დღეს კი გლაზგოში გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. მიუხედავად გარემოზე გარკვეული ზემოქმედებისა, კაშხლიანი ჰესების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტების ნაწილი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ქვეყანა ელექტრომომარაგების კუთხით რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული. როგორც Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა, 2021 წელს, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. მიმდინარე წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი. "მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო", - აღნიშნავს ირაკლი ერაძე და დასძენს რომ "ნამახვანჰესის" მსგავსი კაშხლიანი ჰესები საქართველოში აუცილებლად უნდა აშენდეს. Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. "ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე. წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა. ენერგოუსაფრთხოების პეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილის თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები. „რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი. ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული ურსულა ფონ დერ ლაიენი: სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლა, ევროკავშირს უფრო დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშეს გახდის

რასა იუკნევიჩიენე 3+3 ფორმატზე: მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის ამა თუ იმ ალიანსის მხარეს

დიპლომატიური კრიზისი თურქეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის, 3+3 ფორმატი, რუსეთის როლი, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და სხვა საკითხები იყო Europetime-ის ექსკლუზიური ვიდეო ინტერვიუს თემა ევროპარლამენტარ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრ რასა იუკნევიჩიენესთან. ევროდეპუტატთან ინტერვიუ მოახლოებულ არჩევნებსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში მის მნიშვნელობაზე შეკითხვით დავიწყეთ. რასა იუკნევიჩიენე: ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგან ჩვენს საზღვრებთან პოლიტიკური ვითარება არ არის სტაბილური. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ყველა ქვეყანა განიცდის პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევეა ჩემი ქვეყანა, ლიეტუვაც. მაგრამ საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია: ევროპული ტიპის სტაბილური პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები შეძლებენ ერთმანეთთან საუბარსა და კომპრომისის პოვნას, ძალიან დიდი დრო სჭირდება. პოლიტიკური პარტიები ზედმეტად არიან დაკავშირებულნი პიროვნებებთან და მათ კონფლიქტებთან, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ ორიენტირებულნი გარკვეულ საკითხებზე. ასე რომ, არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ატარებენ მმართველი პარტიები (ვგულისხმობ ყველგან, იქნება ეს უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთსა თუ საქართველოში და სხვა ქვეყნებში) არჩევნებს. ახერხებენ თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან თავშეკავებას, როგორ ექცევიან ოპოზიციას და მოქმედებენ თუ არა დემოკრატიულად. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ყველა ქვეყნისთვის და ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რაც ხდება. _განსაკუთრებულ ყურადღებას რა საკითხები იქცევს საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ დაკვირვებაზე? სასამართლო სისტემა, მმართველი პარტიის ქცევა, ადმინისტრაციული რესურსები, ფინანსური რესურსის გამოყენება, და დამოკიდებულება ოპოზიციისა და სამართლიანობის მიმართ. კანონის უზენაესობა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის, ასევე, მოქალაქის ძირითადი უფლებები, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს მომავლისთვის. ამის გარეშე, ევროკავშირსა და სხვა უფრო დემოკრატიულ ალიანსებში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. _ აქ საგულისხმობა, რომ საქართველო ემზადება 2024 წლისთვის ევროკავშირში განაცხადის შესატანად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს ამას, როდესაც გავიგეთ მმართველი პარტიისგან მათი მოლოდინების, დაპირებების შესახებ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამის შესახებ მათ პროგრამაშიც საუბრობდნენ, ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მაგრამ ერთია კარგი პრეზენტაციის ან კარგი განცხადების კეთება, მაგრამ სხვა რამ არის, იმოქმედო როგორც ევროპელმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის, ყველა მხარისთვის, რომ შეეცადონ იმოქმედონ, როგორც ევროპელებმა, რათა ევროკავშირის პარტნიორებს აჩვენონ, რომ მზად არიან წევრობაზე განაცხადისთვის. მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ გადაწყვეტილებებს. თქვენ გყავთ მეგობრები ევროკავშირში და მათი მხრიდან დიდია მხარდაჭერა. სამწუხაროდ, თქვენს პოლიტიკოსებს ზოგჯერ არ ესმით, რომ თქვენი მეგობრებისთვის ევროკავშირში არც ისე მნიშვნელოვანია, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება ამა თუ იმ მთავრობაში. მთავარია, რას აკეთებენ და ხანდახან ვფიქრობ, მმართველ პარტიაში ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, თუ ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩვენთან ერთად იყოს. ამის იმედი მაქვს და ვნახე კიდეც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, როდესაც ქართველების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროპულ გზას და იმას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მომავალში. მაგრამ ამისთვის საქართველოს სჭირდება წარმატებული ევროპული რეფორმები. და თუ საქართველო არ დაბრუნდა ამ პროევროპული რეფორმების, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გზას, ძალიან რთული დასაჯერებელი იქნება, საქართველო მზად იქნება ასეთი განაცხადისთვის 2024 წელს. _აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის დაჩქარება ასოცირებული ტრიოს საერთო მიზნებშია, როგორ აფასებთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საერთო ძალისხმევებს? ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ აქ, ევროპარლამენტში, რათა დავარწმუნოთ ბევრი პოლიტიკოსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ ასოცირებული ტრიოს სტრატეგია ერთადერთი გზაა გარკვეული გარღვევის მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მაგრამ ეს ძირითადად ქვეყნებზეა დამოკიდებული. დღეს ვხედავ, რომ მოლდოვა ხდება ლიდერი თავის მისწრაფებებში, აქვს ძალიან ძლიერი მისწრაფებები, პოლიტიკური ნება, გახდეს ევროპული ქვეყანა რეფორმების გატარებით. ისინი ევროპელები არიან, მაგრამ სურთ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ევროკავშირთან. საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო, საქართველო ლიდერია რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესში, მაგრამ ახლა ბევრი მეგობარი მწვანეებში, ლიბერალებში, სოციალ-დემოკრატებში, კონსერვატორებსა და ევროპარლამენტში ძალიან იმედგაცრუებულია, განსაკუთრებით შარლ მიშელის წინადადების შემდეგ, როდესაც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამა უარი თქვა, ხელი მოეწერა ამ დოკუმენტზე და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ შეთანხმება გააუქმა. მოდით, შევხედოთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთვის? იმის გამო, რომ უმაღლესი დონის წინადადება უარყოფილია, ახლა ყველა ყოყმანობს რაღაცის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ასოცირების ტრიო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედგაცრუება ამძიმებს სიტუაციას. მეტის გაკეთება გჭირდებათ. ევროკავშირის მისწრაფებები უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, აუცილებელ რეფორმებს. _ქვეყანა ასევე ისწრაფვის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამ მხრივ საინტერესოა თქვენი ქვეყნის გამოცდილებაც. NATO ასევე არის ორგანიზაცია დემოკრატიებისთვის. ასე რომ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს ჩვენი მისწრაფებები, გავმხდარიყავით NATO-ს წევრი 2004 წლამდე, იგივე მოთხოვნები გვქონდა მაგიდაზე. NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ სამხედრო რეფორმებს არ ეხება, ეს არის სახელმწიფოს ძალისხმევა, მათ შორის მრავალი სხვა რთული საკითხი. თუ საქართველო დაბრუნდება წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო ახლოს იქნება NATO-ს წევრობასთან. ასე რომ, ეს არის თითქმის იგივე პროცესი, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ NATO-ს წევრები. ვფიქრობ, 2008 წელს, შეცდომა იყო, როდესაც ამ ქვეყნებს არ მიანიჭეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, თქვენმა ქვეყანამ დღეს კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ლიდერი ქვეყნები NATO-ში, მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს საზღვრებთან რუსეთი გვყავს, ისინი ძალიან ეწინააღმდეგებიან NATO-ს გაფართოებას. არ მინდა ვთქვა, რომ რუსეთს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ირგვლივ არსებული ყველა გარემოება. ასე რომ, თქვენ ახლა გჭირდებათ უფრო წარმატებული რეფორმები. მძიმე სამუშაოა. დედაქალაქში უფრო აქტიური მუშაობა გჭირდებათ და, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. თქვენი ქვეყნის რეფორმების შესახებ კარგი გზავნილების გარეშე, გადაწყვეტილების მისაღებად გარემო არ იქნება კარგი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საუბრის დაწყება და რაიმე სახის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ იპოვოთ საერთო საკითხები ამ ძალიან ლამაზი ერისთვის, მისი მომავლისთვის, საბოლოოდ NATO-ში გაწევრიანებისთვის, და საერთო განცხადებაზე ხელმოწერის სახით, მაგალითად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რათა შემუშავებული იყოს აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას რეფორმების კუთხით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. ამ შეთანხმების გარეშე, ასეთი ბრძოლებით, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ციხეშია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, როცა მართლმსაჯულების საკითხი შეშფოთებას იწვევს, შეგიძლიათ, სათითაოდ გააკეთოთ მიმართვა, როგორ გსურთ გახდეთ NATO-ს წევრი, მაგრამ თუ ამას საქართველოდან ცუდი ამბები მოჰყვება, დარწმუნებული არ ვარ, რომელიმე პოლიტიკოსი სიამოვნებით მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს MAP-ის ან წევრობის შესახებ. შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება NATO-ს, ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ, დღეს ვერ ვხედავ პასუხისმგებელ პოლიტიკურ საზოგადოებას, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი ერთად იკისრებს პასუხისმგებლობას ამაზე. რუსეთი, კრემლი კი თავის საქმეს აკეთებს. ამ ქაოსის შენარჩუნებას ცდილობენ. თქვენი მეგობრები ევროპარლამენტშიც კი ვერ გააკეთებენ უფრო მეტს საქართველოსთვის, როცა, მაგალითად, თქვენი პრემიერ-მინისტრი თავს დაესხმება მათ. _ თქვენც ახსენეთ რუსეთი და შევეხოთ 3+3 ფორმატსაც. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები შეახსენებენ რუსეთს, რომ მოსკოვმა უნდა გაამახვილოს ყურადღება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე რაიმე ახალ სადისკუსიო პლატფორმას წაახალისებს... რუსეთის გეგმები აშკარად ნათელია. მათ სურთ, საქართველო დაშორონ NATO-ს და ევროპული გზას. მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოსთვის ალტერნატივაა. ასე რომ, საქართველოს არჩევანია, რა გზით წავა. მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის სადღაც, ამა თუ იმ ალიანსის მხარეს. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებული პროევროპული რეფორმების გზაზე და არა, ებრძოლოს ევროკავშირს ან ვინმეს ევროპარლამენტში. რთული სათქმელია, როგორ დაუბრუნდებით იმავე გზას, როგორც ეს იყო შემოთავაზებული შარლ მიშელის მიერ და როგორ დაუბრუნდეთ შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერებთან, მაგრამ ეს თქვენი მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანაა. მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ერთგვარი გადატვირთვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ახალი ბიძგი. ვიდრე თქვენი ლიდერები არ აიღებენ პასუხისმგებლობას და არ შეწყვეტენ ამ ძალიან სასტიკ ბრძოლას ივანიშვილ-სააკაშვილს შორის ან რაიმე მსგავსს, სიტუაციის დაძლევა ადვილი არ იქნება. და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს ამ სიტუაციით. ეს ასევე დამოკიდებული იქნება ხალხზე, იქნება თუ არა საკმარისი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური სისტემა და კანონის უზენაესობა. ხალხის გადასაწყვეტია, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს მისი ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ რუსეთი საქართველოს უკეთეს ეკონომიკას ვერ უზრუნველყოფს. ევროკავშირში სხვა სახელმწიფოებრიობაა. შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღეს და გაწევრიანებამდე. _და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანი თემა საქართველოსთვისაც. როგორ იმოქმედებს NATO-ს წევრი თურქეთის ბოლოდროინდელი დაძაბულობა დასავლეთთან მის მომავალ ურთიერთობებზე, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში? ვფიქრობ ეს საკითხი მოგვარდება. როგორც ვხედავ, ყველა მხარეს სურს სიტუაციის დეესკალაცია. თურქეთი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მოხარული ვარ, რომ თურქეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია. თურქეთთან კარგი ურთიერთობა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება რუსეთის, კრემლის მონაწილეობას გარკვეულ პროცესებში. მესმის, რომ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებამ, საჭიროა მოთმინება. ამის დროც დადგება. გადაწყვეტილებებს ყველა ქვეყანა ერთად იღებს, ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი გადაწყვეტილების მისაღებად. NATO-ში ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია.

ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს

იმ ფონზე, როდესაც NATO შავი ზღვის რეგიონში თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა ნაწილი ასევე NATO-ს წევრი ქვეყნები არიან, ბუნებრივ აირზე ფასი გაუძვირდათ. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კანდიდატი ქვეყანა მოლდოვა კი იძულებულია, ბუნებრივ აირზე შექმნილი დეფიციტის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რადგან გაზპრომი კონტრაქტის განახლებას უჭიანურებს. მოლდოვა, რომელიც უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, იძულებულია რუსეთისგან ოთხჯერ უფრო ძვირად იყიდოს გაზი. ბუნებრივ აირზე ფასის მატებას ასევე წინ უძღვის აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გერმანია ვალდებულია, ზომები მიიღოს, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას, როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი უკვე დაუჭირა. ექსპერტების განმარტებით, „სამხრეთ კავკასიური დერეფნის“ ამოქმედების შემდეგ, იტალიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე „გაზპრომის“ მონოპოლია შესუსტდა. ამიტომ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდას და დანაკლისის ანაზღაურებას „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტით გეგმავს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე Europetime ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს გიორგი ჭაღიაშვილს და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ელჩ ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა. როგორც Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა განუცხადა, ეს არის საკმაოდ რთული პოლიტიკური თამაში, სადაც ერთმანეთში გადახლართულია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები, ენერგოუსაფრთხოების ფაქტორები და ა.შ, მაგრამ რეალურად იმისთვის, რომ ევროპამ რუსეთს ხელიდან გამოაცალოს ენერგობერკეტები, მან უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალურ ვარიანტების განვითარებაზე. ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკით, რუსეთი ცდილობს განახორციელოს თავისი სტრატეგიული მიზნები და ტაქტიკური ამოცანები. „სტრატეგიული არის ის, რომ ამ კრიზისის შექმნით მოქმედებაში შეიყვანოს "ჩრდილოეთ ნაკადი 2". ტაქტიკური მიზანი არის ის, რომ ისარგებლოს, ხელი მოითბოს ხელოვნურად გაბერილ ფასებზე. დღესდღეობით ევროპის ბაზრებზე, რუსული გაზის მიწოდების სამი საშუალება არსებობს. ერთი ეს არის უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემა, მეორე, რომელიც არის იამალი-რუსეთი- ბელორუსი პოლონეთის საშუალებით და მესამე ჯერ კიდევ მწყობრში არ ჩამდგარი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, უკვე არსებულ "ჩრდილოეთ ნაკადი 1"-თან. ევროპაში გაზზე მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ზამთრისთვის შესაბამისი მარაგები შექმნილი არ არის და საკმაოდ ცივი ზამთრის მოლოდინია. შესაბამისად ამან გამოიწვია გაზზე აჟიოტაჟური მოთხოვნა. ნორმალური პარტნიორი ამ შემთხვევაში არსებულ გაზსადენებზე, მოითხოვდა მეტ სატრანზიტო მოცულობას და ევროპას მიაწვდიდა მეტ დამატებით გაზს. მაგრამ რუსეთი თავისი მოქმედებებით კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მისთვის გაზის მიწოდება არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური იარაღი, რისი საშუალებითაც ცდილობს თავისი პოზიციების გამყარებას ევროპის ბაზარზე და არა მხოლოდ ბაზარზე, ზოგადად ევროპაში თავისი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას. ეს რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივებში, რუსეთს რაღაც დივიდენდებს მოუტანს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დააჩქარებს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესუსტებას“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის ეს ქმედება ევროკავშირს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მოსახსნელად ახალი პროექტის დაჩქარებისკენ უბიძგებს. ევროპაში გაზის გაძვირებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფრთხე და ევროკავშირის მხრიდან გამოსავლის ძიების გზები, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესასუსტებლად საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. როგორც Europetime-თან საუბარში ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, გლობალურად და სტრატეგიულად, რა თქმა უნდა მწვანე ენერგიაზე გადასვლაა საჭირო, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უნდა გაკეთდეს ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდების რეალური დივერსიფიცირება. „რაც შეეხება რეალურ დივერსიფიცირებას, აქ არის ორი ძირითადი საშუალება. პირველი, მე ვფიქრობ, რომ დივერსიფიცირების ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა არის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის რეალობაც არის გაცილებით ხელშესახები კასპიის ზღვის კონვენციის 2014 წელს ხელმოწერის შემდეგ. სხვათაშორის კასპის ზღვის ყველა ქვეყანა რუსეთის ჩათვლით მოახდინა მისი რატიფიცირება ირანის გარდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ირანი მთავარი მოთამაშე არ არის. ამიტომ რეალურად, ტრანსკასპიური გაზსადენის ამოქმედებით შესაძლებელი იქნება დამატებითი რამდენიმე მილიარდიკუბური მეტრი გაზის მიწოდება ევროპული ბაზრისთვის, რაც არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. რა თქმა უნდა, აქედან საქართველოც ძალიან ისარგებლებს. სატრანზიტო გადასახადის სახით, სხვა სიკეთეებზე აღარ ვსაუბრობთ დიდი ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მივიღებთ. მეორე გზაა, თხევადი გაზის მიწოდების სისტემების გამართვა, ანუ მეტი შესაბამისი გათხევადების სადგურების პოტენციალის შექმნა ევროპაში. დღეს თხევად გაზზე ძირითადი მოთხოვნა არის აზიაში. თხევადი გაზის ძირითადი ნაწილი, სწორედ იქ მიდის, მაგრამ შედარებით მეტი ფასის შეთავაზების პირობებში, რა თქმა უნდა, ევროპისკენ გადამისამართება შესაძლებელია. თხევადი გაზის ძირითადი სამი წყაროა. ეს არის ჩრდილოეთ აფრიკა, არაბეთის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს მეორე შესაძლებლობაა, რომელზეც ევროპამ უნდა იმუშაოს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გვერდს გვივლის და უშუალოდ ევროპასა და მის პარტნიორებს ეხებათ. მესამე გზას რაც შეეხება ეს არის საკმაოდ პერსპექტიული საბადოები, რომელიც ისრაელმა აღმოაჩინა თავის ტერიტორიაზე. ისრაელ სერიოზულ პროექტებს აყალიბებს. როგორც ექსპერტები საუბრობენ, ისრაელი ამ საბადოებზე დიდი რაოდენობით გაზის მოპოვებას შეძლებს. შესაძლებლობა გაჩნდება ევროპას დიდი რაოდენობით მიაწოდოს გაზი. იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც არ არის რთული ისრაელიდან ევროპაში გაზის მიწოდების ქსელის აწყობა. მე ძალიან მიკვის რომ კასპიის კონვენციის ხელმოწერის დღიდან ევროპა თურქმენული გაზის ათვისების მიმართულებით პასიურობს. ამ კონვეციაში არის სპეციალური მუხლი რომელიც უშვებს ნებისმიერი ორი ქვეყნის მხრიდან პროექტების განხორციელებას კასპიის ზღვის ფსკერზე. ეს საკითხი ეხება მარტო აზერბაიჯანს და თურქმენეთს. ამით ორივე ქვეყანა იგებს. თურქემენთი, რომელიც ევროპულ ბაზარზე წვდომას იღებს, ყველაზე მომგებიან ბაზარზე. იმ ბაზართან შედარებით სადაც ახლა თურქმენეთი გაზს აწვდის. თურქმენეთი ახლა თავის ძირითად რესურს ჩინეთს აწვდის დ ასევე რუსეთს . აზერბაიჯანი მწარმოებლის გარდა ტრანზიტური ქვეყანა ხდება და აქედანაც შესაბამის მოგებას მიიღებს. აღარ ვსაუბრობ საქართველოს მოგებაზე და რაც მთავარია ევროკავშირის სარგებელზე . ამიტომ ეს ფაზლი ისე იკვრება რომ მე ძალიან მიკვირს ამ მიმართულებით აშშ-ის და ევროკავშირის ენერგოდიპლომატია რატომ არის ასეთ პასიური“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა. საქართველოს როლი და პოტენციალი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ჯაჭვში Europetime-თან საუბარში ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი განმარტავს, თუ რა აფერხებს „სამხრეთ დერეფნის“ მაგისტრალური გაზსადენით თურქმენული გაზის ევროპაში ექსპორტს და ალტერნატიულ პროექტზე საუბრობს, რომელიც ევროპას მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება. ენერგოანალიტიკოსი თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის ნაცვლად, თურქმენეთში ელექტროენერგიის წარმოებასა და ევროპაში პირდაპირ ელექტროენერგიის ექსპორტზე საუბრობს. მისი თქმით, იგივე შეიძლება გაკეთდეს გაზის მომპოვებელ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ყაზახეთში ან აზერბაიჯანში. „როგორც ვიცით ევროპა შესყიდული გაზის 65-70%-ს ძირითადად მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოებისათვის. 21-ე საუკუნეში კი მაგისტრალური გაზსადენის მაგისტრალური ელექტროსადენებით ჩანაცვლება რთული არ არის. მით უმუტეს, უფრო უსაფრთხო, იაფი და სწრაფი საშუალებაა ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მივიყვანოთ ელექტროენერგია. თანამდეროვე ტექნოლოგიებში კი უხვადაა ახალი სრულყოფილი კაბელების წარმოება, მათ შორის წყალქვეშა კაბელების წარმოება და სხვა მეტად საიმედო ტექნოლოგიები“, - აღნიშნავს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი. როგორც Europetime-ს გიორგი ჭაღიაშვილმა განუცხადა, ნორვეგია საქართველოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ შავი ზღვის ფსკერზე, ფოთიდან ბულგარეთის ქალაქ კონსტაცამდე, დიდი გამტარობის ელექტროსადენები გასულიყო, თუმცა ეს სულ სხვა პროექტის ფარგლებში. „მაგრამ თუ ეს პროექტი განხორციელდა და დიდი გამტარობის ელექტროგადამცემი ხაზი აეწყობა შავი ზღვის გავლით, ბულგარეთამდე, მერე ევროპის სხვა ქვეყნების დაერთება ამ ხაზზე პრობლემა არ იქნება. შესაბამისად გამარტივდება კასპიის ზღვის ფსკერზეც იგივე მაგისტრალური ელექტროსადენების გაყვანა, რაც შესაძლებელს გახდის ამ მაგისტრალურელექტროსადენს მიებას ის პროექტი, რომელზეც ვსაუბრობ - თურქმენეთში ადგილობრივი გაზით ელექტროენერგიის წარმოება და ამ ელექტრო ენერგიის ექსპორტი ევროპაში. ელექტროსადგურების აშენება და ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მაგისტრალური გაზსადენის. თანაც უფრო ნაკლები დრო სჭირდება ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ვიდრე გაზის. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ენერგიების ასოციაციას“, გაფორმებული აქვს მემორანდუმი ნორვეგიულ კომპანიასთან, რომელიც წყალქვეშა ელექტროსადენებს აწარმოებს. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივა იყო შავ ზღვაში სადენების გაყვანა. პროექტის პრეზენტაციას პირადად ვესწრებოდი. მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამით დიდად არ დაინტერესდა. პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან შავი ზღვის ფსკერის კვლევაა საჭირო, რასაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი სჭირდება. სწორი პოლიტიკის და საკმარისი აქტივობის შემთხვევაში, ამ პროექტისთვის ინვესტორის პოვნა არ გაჭირდება. ვხედავთ რომ ევროპაში გაზის დეფიციტია. თუ შავი ზღვის ფსკერზე ეს ელექტროსადენები გავა, გაცილებით მარტივი იქნება იმ პროექტის მიბმა, რაზეც ვსაუბრობთ და საქართველო კიდევ უფრო დიდ სატრანზიტო მნიშველობას შეიძენს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლით. ევროპელი ლიდერები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად უკვე აქტიურად საუბრობენ მწვანე ენერგიაზე გადასვლაზე. თუ გაზით ელექტრონერგიის წარმოება ევროპის ტერიტორიაზე არ მოხდება და სხვა ქვეყანაში წარმოებულ ელექტრო ენერგიას შეიძენენ, ესეც მწვანე ენერგიის ნაწილად ჩაითვლება, რადგან ევროპის ტერიტორიაზე გამონაბოლქვის გარეშე მიიღებენ სუფთა ენერგიას. რაც შეეხება თურქმენული გაზის სამხრეთ ნაკადზე დაერთებას, ახლო წარსულში, სამხრეთის დერფანს უნდა ჰქონოდა განვითარების სხვადასხვა ფაზა და მას ხან ნაბუქოს, ხან ტანაპის, და ხან სამხრეთის ალტერნატიულ მარშრუტს ეძახდნენ, რასაც გაზის მიწოდების უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა ევროპის სიღრმეში და ის განიხილებოდა ევროპაში ალტერნატიული გაზის მიწოდების წყაროდ, თუმცა აღნიშნული გაზსადენის სრული დატვირთვა დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან 1– აზერბაიჯანის საბადოებს არ გააჩნიათ იმის მაქსიმალური პოტენციალი რომ მილსადენი სრულად დატვირთულიყო (30–31 ტრლნ მ3 წელიწადში) ; 2) აუცილებელი იყო და არის მას მიუერთდეს ყაზახეთის ან თურქმენეთის გაზის მაგისტრალური მილსადენები და მათივე გაზით დაიტვირთოს ქსელი; საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, ყაზახეთის მილსადენების და ზოგიერთი გაზის საბადოც ისედაც გაზპრომის კუთვნილებაა, ხოლო თუქმენეთის გაზის საბადოდან გაზის მიწოდება სამხრეთის დერეფანში ყაზახეთის გავლის გარეშე წარმოუდგენელია. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ რუსეთი და ყაზახეთი ცალკე ეკონომიკური კავშირის წევრები არიან და მათ ინტერესებში ისედაც, ეკონომიკურად არ შედის სამხრეთის ნაკადის სრული დატვირთვა. ამჟამად სამრეთის ნაკადი 50%-მდეა დატვირთული და მასში გადის 16 მლრდ მ3 გაზი წელიწადში სადაც 6.6 მლრდ მ3 ს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მლრდ ევროპაში გაედინება, ეს იმით არის განპირობებული რომ, გაზის საბადოებს დამუშავების სტადიებიდან გამომდინარე დამატებითი რესურსი შეზღუდული აქვს. ელექტროენერგიის თურქმენეთში წარმოებას და მის ექსპორსტ ვფიქრობ გაცილებით ნაკლები დაბრკოლება შეექმნება თუნდაც ყაზახეთისგან“, - განმარტავს ენერგოუსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი Europetime-თან საუბრისას. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის აღამასრულებელი საბჭოს წევრის განცხადებით, იმისთვის რომ ევროპამ რუსეთს ენერგობერკეტი ხელიდან გამოაცალოს, მან რეალურად უნდა იმუშაოს დივერსიფიცირების რეალური ვარიანტების განვითარებაზე. ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ამ პროცესში ქართული მხარეც უნდა იჩენდეს ინიციატივას საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად, რაც შემდგომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას გაზრდის. „მე ვფიქრობ ეს საკითხი საქართველოს ენერგოპოლიტიკის დღის წესრიგშიც უნდა იყოს. ისეთ პროექტზე, სადაც ჩვენი სარგებელიც იკვეთება, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებზე, ჩვენი მხრიდან მუდმივად პედალირება უნდა ხდებოდეს. ჩვენი დღევანდელი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ალბათ ამისთვის არავის არ სცალია და არავინ არ ფიქროს. არადა ეს შეიძლება იყოს საქართველოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების, არამედ საერთოდ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი. ძალიან მიკვირს ამ ვითარების ირგვლივ ასეთი პასიურობა. იმედია მიმდინარე კრიზისის ფონზე, ევროპელები დაფიქრდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მეთიუ ბრაიზა: ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებაზე მიუთითებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს. „მოდით, გავყვეთ დეტალურად, რა თქვა თურქეთის მთავრობამ. პრეზიდენტი ერდოღანი აკეთებს განცხადებას, რომ ავალებს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს, გამოაცხადოს ელჩები, მათ შორის აშშ-ის ელჩი პერსონა ნონ გრატად. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა მოაგვაროს ეს სიტუაცია. პრეზიდენტმა ერდოღანმა არ მოითხოვა მათი გაძევება. თავის მხრივ, აშშ-ის საელჩო კომენტარისგან თავს იკავებს. რა შეიძლება ითქვას? შესაძლოა, ელჩები არ გააძევონ, მაგრამ პრეზიდენტი ერდოღანი მათ უბრალოდ პერსონა ნონ გრატად აცხადებდა, რაც ქვეყნისთვის არასასურველ პიროვნებას ნიშნავს. ცალკე პროცედურაა მათი გაძევება. ასე რომ, ისინი შეიძლება კვლავ დარჩნენ ქვეყანაში. თუ გავიხსენებთ თურქეთის ურთიერთობას მის მოკავშირეებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, 10 დასავლური ქვეყნის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ჯერ კიდევ უპრეცედენტო მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ეს ასახავს თურქეთის მთავრობაში არსებულ განხეთქილებას, კერძოდ მათ შორის, ვისაც სურს ურთიერთობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და მათ, ვისაც ამის სურვილი არ აქვს. და მათ, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით იყურებოდეს, ხშირად - რუსეთისკენ", - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე. მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ეს განხეთქულება გამჟღავნდა, მაგალითად, თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო სისტემის შეძენის დროს. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, მაშინ, ზოგიერთი, თურქეთის მთავრობაში თვლიდა, რომ ეს იქნებოდა შეცდომა და ჰგავდა თურქეთის მოძრაობას რუსეთის მიმართულებით, ზოგი კი ამას მხარს უჭერდა. თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, როგორც ცნობილია, აღნიშნული, რუსული სარაკეტო სისტემის შეძენა არჩია, რითაც გამოიწვია სანქციები და სასჯელი შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც ვაშინგტონმა თურქეთი გაიყვანა F-35 რეაქტიული პროგრამიდან. „თურქეთმა მიმართა შეერთებულ შტატებს მისი არსებული საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზაციის მიზნით, რადგან NATO მოკავშირე ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საჰაერო ძალები F-35 თვითმფრინავების შესყიდვის ჩაშლის შემდეგ, აცხადებენ საკითხთან დაკავშირებული წყაროები. მაგრამ ბოლო კვირებში გავრცელდა ხმები, რაც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სიმართლეც იყოს. კერძოდ, თურქეთს და შეერთებულ შტატებს სერიოზული კონსულტაციები აქვთ ამ განხეთქილების დასაძლევად. ეს დავა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა და გამოწვევა აშშ-თურქეთის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თურქეთმა შეიძინოს F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები აშშ-სგან. ეს ჩანს კიდეც აშშ-სა და თურქეთს შორის დავის განმუხტვის გზად“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ასევე წაიკითხეთ: თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო ის მიუთითებს, რომ თურქეთის მთავრობაში, გარკვეულ, მაღალ წრეებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება, აქედან გამომდინარე, ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს: „მე მინდა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, როდესაც აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა გადადგეს ეს გაბედული ნაბიჯი ოსმან კავალას გათავისუფლების მოთხოვნით, თქვენ უნდა აჩვენოთ მათ, რომ ახლა თურქეთი არ აპირებს ვითარების დაძაბვას. მე არ ვცდილობ, სურათი წარმოვაჩინო როგორც - აშშ რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. რასაც მე ვამბობ, ისაა რომ, თურქეთის მთავრობის შიგნით, წინააღმდეგობრივი რაღაცები ხდება, რაც აჩვენებს ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს აშშ-სთან და ურთიერთობების გაუმჯობესების - ევროპასთან. აშშ-ს ელჩის და სხვების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება კი, სრულიად ეწინააღმდეგება ნორმალიზების გზას. უბრალოდ, პრეზიდენტი ერდოღანი რჩევებს იღებს ორი, განსხვავებული ბანაკიდან. აშშ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალურ რელსებზე დაბრუნების პერსპექტივა ბუნდოვანი გახდება, თუ თურქეთი ელჩს გაიწვევს, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია თუ გადაწყვეტს, თურქეთს მიჰყიდოს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები, კონგრესისთვის წარმოუდგენელი იქნება, მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას თურქეთის პოლიტიკური გადაწყვეტილების ფონზე. თავის მხრივ, ამას ამბოხების ეფექტი მოჰყვება თავად თურქეთის მთავრობაში, რომელიც იტყვის, თუ არ მოგვყიდით F-16-ს, არჩევანს რუსეთის შემოთავაზებაზე გავაკეთებთ, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, - მიიჩნევს მეთიუ ბრაიზა. შეგახსენებთ, აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს. „ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ვითხოვთ“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერმა Europetime-ს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის, ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები.

ოსტინის ევროპული ტურნე: ბაიდენის ადმინისტრაცია ფოკუსირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ჯეი ოსტინმა ევროპული ტურნე ბელგიაში ვიზიტით დაასრულა. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბოლო გაჩერება ბრიუსელი იყო, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის სტუმრობდა საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს. Europetime-მა უფრო დეტალური ინფორმაცია ლოიდ ოსტინის ევროპული ტურნეს შესახებ სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის NATO-ს და თავდაცვის დეპარტამენტის ცნობებზე დაყრდნობით შეკრიბა. ალიანსის ცნობით, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპიძლა, მადლობა გადაუხადა მისი ლიდერობისთვის და შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულების გამო NATO-სადმი. ამასთან, განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ალიანსის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ბრიუსელში ლოიდ ოსტინის ვიზიტი თავდაცვის დეპარტამენტმა შეაჯამა „თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მინისტერიალზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა NATO-ს სამხედრო ადაპტაციის კუთხით პროგრესს და იმის უზრუნველყოფას, რომ ალიანსი მზადაა, მომავალში უპასუხოს გამოწვევებს. მან დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება NATO-ს მიმართ და ხაზი გაუსვა მის როლს, როგორც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. "ამ ვიზიტმა დაასრულა მდივან ოსტინის რეგიონული მოგზაურობა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მას, განეხილა უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია და ევროპაში თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველი“, - აღნიშნავს თავდაცვის დეპარტამენტი. NATO-ს 11 მოკავშირის თავდაცვის მინისტრებმა, მათ შორის ლოიდ ოსტინმა სამი მრავალეროვნული მაღალი ხილვადობის პროექტი (CBRN) (ქბრბ) უსაფრთხოების აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. შესაბამის დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა. CBRN თავდაცვის ობიექტების ქსელის პროექტის ცხრა მონაწილე იმუშავებს ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გაიზიარონ და გამოიყენონ ეროვნული CBRN თავდაცვითი საშუალებები, როგორიცაა, სასწავლო ადგილები და ბიოლოგიური ლაბორატორიები, რათა გაიზიარონ ერთმანეთის შესაძლებლობები. ეს შეთანხმება გააუმჯობესებს მონაწილეთა მზადყოფნას მომავალი CBRN გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მონაწილე მოკავშირეები არიან ბელგია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. მოკავშირეებმა ასევე განიხილეს NATO-ს რეაგირება რუსეთის სარაკეტო სისტემების მზარდი საფრთხეების მიმართ. მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ავღანეთში NATO-ს ჩართულობის დროს მიღებულ გაკვეთილებზე და ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწევების შენარჩუნების შესახებ. „რა თქმა უნდა, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა შავ ზღვაში, რადგანაც შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს NATO-სთვის. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან, შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი, საქართველო და უკრაინა, ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და რუსეთის აგრესიული ქცევა შავ ზღვაში. ასე რომ, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა რეგიონში, ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე და მუდმივად ვაფასებთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ნაწილობრივ ყოფნის გაზრდით, მაგრამ ასევე, საჭიროების შემთხვევაში ძალების სწრაფად განლაგების შესაძლებლობის გაზრდით. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი მზადყოფნა", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ვიზიტი რუმინეთში თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მდივანმა ლოიდ ჯეი ოსტინმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და თავდავის მინისტრ ნიკოლაე ჩიუკასთან შეხვედრაზე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება აშშ-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ და აღიარა რუმინეთის ლიდერობა ალიანსში პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით. „ლიდერებმა აღნიშნეს 10 წლის იუბილე როგორც ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციის, ისე ორმხრივი ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის შესახებ შეთანხმების". ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია მდივანმა ასევე განიხილა რუსეთის მავნე ქმედება შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვის რეგიონულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალი გამოწვევები. მინისტრმა ჩიუკამ და მდივანმა ოსტინმა ვრცლად ისაუბრეს თავდაცვის მოდერნიზაციის შესახებ. ისინი შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი 10-წლიანი საგზაო რუკის განხორციელება ამ მიზნის მისაღწევად მთავარია. მდივანმა რუმინეთში ვიზიტი დაასრულა შავი ზღვის სანაპიროს მახლობლად მდებარე მიხაილ კოგალნიცეანუს საჰაერო ბაზაზე განლაგებულ აშშ-ის როტაციულ ძალებთან შეხვედრით. მან მადლობა გადაუხადა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს თავდადებისთვის და ჩვენს რუმინელ მოკავშირეებთან მუშაობისთვის, რათა დაეხმარონ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“. ვიზიტი უკრაინაში თავდაცვის მდივან ლოიდ ჯეი ოსტინის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მდივან ანდრი ტარანთან, ლიდერებმა დაადასტურეს აშშ-უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის პარტნიორობის სიძლიერე და მდივანი უკრაინას დაჰპირდა აშშ-ის მხარდაჭერას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები რუსეთის მხრიდან, აღმოსავლეთ უკრაინასა და ოკუპირებულ ყირიმში, ისევე როგორც ჩინეთის მავნე გავლენა რეგიონში. „მდივანმა ოსტინმა დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალებს მათ შორის უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერების მცდელობების ჩათვლით და წაახალისა გაღრმავებული რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის. მდივანმა ოსტინმა მოუწოდა უკრაინას, შეინარჩუნოს პროგრესი თავდაცვისა და თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმებში, რათა წინ წაწიოს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მინისტრმა ტარანმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ს, მხარდაჭერისა და უკრაინის თავდაცვის რეფორმის დღის წესრიგისადმი ერთგულებისთვის. მდივანმა ოსტინმა და მინისტრმა ტარანმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახლახან ხელმოწერილი, აშშ-უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო, რომელიც ასახავს ორმხრივ პრიორიტეტებს და აძლიერებს სტრატეგიულ თავდაცვის პარტნიორობას“. ვიზიტი საქართველოში აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობით დაასრულა. თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, როდესაც განაცხადა, რომ ინიციატივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლას შეუწყობს ხელს. "ეს მემორანდუმი აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთს შეახსენა, რომ აშშ გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის მხრიდან სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. "სიმბოლურია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სწორედ NATO-ს უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოებში, საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ალიანსის წევრ, რუმინეთში ვიზიტი გადაწყვიტა", - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი სიგნალი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ის ფოკუსირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე. "გასათვალისწინებელია, რომ რუმინეთი ამერიკული ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების თვალსაზრისით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ვიმედოვნებ, მდივანი ოსტინი ასევე ეწვევა NATO-ს წევრ თურქეთს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი კი Europetime-თან აცხადებს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშკარა სიგნალია იმისა, რომ აშშ საქართველოს, მომავალში, NATO-ს წევრობის გზაზე მყოფ სახელმწიფოდ განიხილავს. გობლი სრულიად იზიარებს თავდაცვის მდივნის მოსაზრებას, რომ მოსკოვი უბრალოდ ცდილობს, გამოიყენოს სიტუაცია ახალი მოქმდების ადგილის შესაქმნელად, სადაც მას შეუძლია, სცადოს სხვებზე წეზოლის მოხდენა, ვიდრე შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეგახსენებთ, ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა. პირველად დონალდ რამსფელდი, 41-ე პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო.

სამხედრო ანალიტიკოსი: ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება, აუცილებელია საზღვაო თავდაცვის გაძლიერება

"ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება. მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლების დაცვის გაძლიერება, რომელიც არის დესანტსაშიში", - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ირაკლი ალადაშვილმა Europetime-ს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის შეფასებისას განაცხადა. როგორც სახმედრო ანალიტიკოსი Euroepetime-თან საუბრისას განმარტავს, 1993 წელს აფხაზეთის ომში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული დესანტის გადმოსხმის ცუდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ სანაპირო დაცვის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთის. "ჩვენთვის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხელახლა შექმნა რთულია, რომელიც 2008 წლის შემდეგ გავაუქმეთ და გავაერთიანეთ შსს-ს სანაპირო დაცვასთან. ფლოტს ვერ შევინახავდით. ომის დროსაც გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვიყენებდით. საჭიროა ჩვენი სანაპირო დაცვის გაძლიერება. მოწინაღმდეგის საზღვაო დესანტისგან დასაცავად, ასევე პორტების ბლოკირებისგან დასაცავად. თუ ჩვენ ვაძლიერებთ ტანკსაწინაღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, იგივე ჯაველინების შეძენის სახით და იგივე საფრანგეთისგან საზენიტო მისტრალების შესყიდვით, ასევე ლოგიკური იქნება ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო დაცვის გაძლიერება. სანაპირო დაცვას პატარა კატარღების ტყვიამფრქვევებით ვერ შევძლებთ. აქ არის საუბარი მართვად ხომალდსაწინაღდეგო რაკეტების შეძენის საჭიროებაზე, მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია, მაგრამ შუძლიათ, 100-300 კილომეტრამდე მანძილზე მოწინაღმდეგის ხომალდის დაზიანდება. ამას აკეთებს უკვე უკრაინა, თავისი ნეპტუნის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების წარმოებით. ესტონეთმა ისრაელთან გააფორმა ხელშეკრულება თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სისტემას ყიდულობს. იგივეს აკეთებს, ლიეტუვა, ლარვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამივე ქვეყანა NATO-ს წევრი ქვეყნები არიან. მათ იციან, რა არის საზღვაო დესანტის საფრთხე", - განმარტავს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორი და ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში საქართველო აშშ-ს შორის კონკრეტული შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა ვიზიტის მთავარი თემა მაინც შავი ზღვის აკვატორიაა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით, აშშ-ს და საქართველოს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას“ ითვალისწინებს. ანალიტიკოსი მოიაზრებს რომ ეს შეთანხმება საქართველოს საზღვაო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასაც გულისხმობს. აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატზე: ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას ლოიდ ოსტინი: საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში

ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს. პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები იმართება. როგორ ისარგებლებს რუსეთი რეგიონში შექმნილი კრიზისით, როგორ აისახება ეს საქართველოზე და რა გახდა ვითარების დაძაბვის მიზეზი, ამ საკითხებზე, Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ირანის დაპირისპირება აზერბაიჯანთან და თურქეთთან. რუსეთის შესაძლო ნაბიჯები რეგიონში შექმნილი კრიზისის ფონზე როგორც Eropetime-თან საუბარში რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, ბოლო ათწლეულებში კავკასიაში არაერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნილა და დღეისათვის, როგორც ჩანს, რეგიონში კიდევ ერთი ახალი, ამჯერად უკვე ირანულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება მომწიფდა, რომელიც მხოლოდ ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება. ანალიტიკოსის თქმით, მას შემდეგ რაც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა, რუსეთს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთის კუთვნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით (IL-76-ებით) სავარაუდოდ ცოცხალი სამხედრო ძალის გადასროლა მოხდა რეგიონში. „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის სულერთი არ არის რა მოხდება და როგორ მოხდება. როცა ირანი და თურქეთი საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, რუსეთიც არ გამორიცხავს ძალისმიერი ქმედებების ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაზე რუსეთს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, ცხადია, რომ მოსკოვში ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე მოვლენებს და დიდი ალბათობით, მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მათი რეაგირების დრო ჯერჯერობით არ დამდგარა. თუ გავიხსენებთ, კრემლი ასევე მოიქცა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სიჩუმეს ინარჩუნებდა. რუსეთის ნებისმიერი ქმედება, საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ საქართველო მისი თითოეული ნაბიჯის მიმართ ყურადღებით უნდა იყოს. ჯერჯერობით, დაძაბულობა არის აზერბაიჯან-ირანის საზღვართან, სომხეთის სამხრეთთან, რომელიც ესაზღვრება ნახიჩევანსაც და დანარჩენ აზერბაიჯანსაც. სწორედ ამ საზღვრის გარშემოა კონცენტრირებული რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალები. რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, დასავლეთს ამ ეტაპზე ნაკლებად სცალია კავკასიისთვის, ირან-აზერბაიჯანის დაძაბულობისთვის, თუ დაძაბულობა ცხელ ფაზაში არ გადავიდა", - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა. აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის განმარტებით, ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს „ხაიბარის დამპყრობლები“ უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. „საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი. ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ტარდება თურქული სამხედრო წვრთნები. იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში, ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება, თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა“, - აცხადებს ანალიტიკოსი. აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, საქართველოში, თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საზღვრის ორივე მხრიდან მიმდინარე სამხედრო წვრთნების და რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალების კონცენტრირების პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მდებარე ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. აღნიშნულ საჰაერო მარშრუტს აზერბაიჯანი ნახიჩევანთან კავშირისთვის იყენებდა. თურქეთმა კი, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, დამატებითი სამხედრო ნაწილები გადაისროლა აზერბაიჯანში, ერთობლივი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წრთვნებისთვის. „ირანი არაა ის ქვეყანა, რომ ეს ამბავი ადვილად გაატაროს. ასე რომ, ველით პასუხს თეირანის მხრიდან. საქართველოს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ვხედავთ, რომ თურქული სამხედრო სატრანსპორტო საშულებები საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ. სხვანაირად, ფიზიკურად ვერ დაუკავშირდება აზერბაიჯანს. იმის გათვალსიწინებით, რომ თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა და საქართველო კი NATO-ს მოკავშირე, რაიმე შეზღუდვა და ვალდებულება არ გვაქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უარი უთხრას თურქეთს საჰაერო სივრცის დათმობაზე. ირანის კონკრეტულ რეაგირებას რაც შეხება, ირანი ცნობილია თავისი ძლიერი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებით. ეს არ ეხება მხოლოდ აზერბაიჯანს. ეს ეხება ყველა ქვეყანას. პასუხის გაცემა არის მისი პოლიტიკის ნაწილი. ამას ვხედავთ ისრაელთან და პაკისტანთან მიმართებით. ირანი ის ქვეყანაა, რომელსაც მის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე აქვს რეაგირება. რა ნაბიჯს გადადგამს ძნელი სათქმელია. ამისთის არაერთი ბერკეტი გააჩნია. სამხედრო შესაძლებლობების გარდა, მას აქვს ასევე ეკონომიკური ბერკეტები, პოლიტიკური და ა.აშ“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. როგორც აღმოსავლეთმცოდნე Europetime-თან საუბარში აღნიშნავს, კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა არ შედის საქართველოს ინტერესებში, თუმცა, ოფიციალური თბილისის შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე, ამ მხრივ ძალზედ შეზღუდულია. რამ გამოიწვია ირანის და აზერბაიჯანის სამხედრო დაძაბულობა რამდენიმე დღის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს. „ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ. Europetime-თან საუბარში ზურაბ ბატიაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ირანი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა. ანალიტიკოსი დაპირისპირების ორ მთავარ მიზეზს გამოყოფს: ირანის პოზიციების შესუსტებას ყარაბაღის ომის შემდეგ და ისრაელთან აზერბაიჯანის თანამშრომლობას. „ვითარების დაძაბვის მიზეზების სია გრძელია და შორს წაგვიყვანს. ამ შემთხვევაში დაპირისპირების ახალი ტალღა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ძალთა ახალ ბალანსს მოჰყვა, როდესაც თეირანმა საკუთარი პოზიციების შესუსტება იგრძნო და რასაც, მისი შეფასებით, საფრთხეების მომატება მოჰყვა. თეირანისთვის მიუღებელია, როგორც აზერბაიჯან-ისრაელის და აზერბაიჯან-თურქეთის მჭიდრო კავშირები, ისე სომხეთის პოზიციების მკვეთრი შესუსტება რეგიონში, რაც აშკარად შესამჩნევია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. ამას მოყვა თუქრულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები, ამას მოჰყვა კორიდორების გახსნის მოთხოვნა სომხეთის მიმართ, რომელიც ასევე აღიზიანებს ირანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი თავისი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნის წინადადებას, მაშინ ამას აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებდა. ცხადია, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, არამხოლოდ იკეტებოდა რუსეთთან და შავ ზღვასთან ირანის დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზები, არამედ, თეირანის გადმოსახედიდან, ირანის გარშემო შეიკვრება ერთიანი თურქულ-აზერბაიჯანული რკალი, რამაც შესაძლოა, კიდევ უფრო გააღვივოს ნაციონალისტური განწყობები ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ნაციონალისტური გრძნობები გაღვივდა როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისე ირანის ჩრდილოეთში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. თვითონ აზერბაიჯანის მოსახლეობა კი სულ 10 მილიონს შეადგენს", - განმარტავს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსის განმარტებით, ისრაელის ფაქტორი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ირანი აზერბაიჯანთან დაპირისპირებას არ მოერიდა. „ცნობილია, რომ ისრაელში წარმოებული დრონები აქტიურად იყო ჩართული ყარაბაღის მეორე ომში. ამჟამად ირანი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო დანაყოფებია განლაგებული. აღნიშნული ბრალდებაც რამდენიმე დღის წინ ღიად წამოაყენა ოფიციალურმა თეირანმა. მეორე მხრივ კი, ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანს უკვე მალე ექნება ბირთვული იარაღი და ექსპერტები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ირანზე ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ თეირანს მოუსპოს ასეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ეს მოვლენები შეაფასა ირანმა, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხე და გადაწყვიტა, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარება აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, რომელშიც ჩართეს 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში - 50 000 ირანელი ჯარისკაცით“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, თუმცა იგი გრძელვადიანია და ეს პრობლემა კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს ამ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების გამწვავების შემდეგ საქართველომ მედიატორის ფუნქცია იკისრა, რის გამოც როგორც დასავლეთისგან, ისე თურქეთიდან და კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, განაგრძოს აქტიური მედიაციის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის ერდოღანი: ფაშინიანისგან პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ ფაშინიანი ერდოღანის განცხადებას პასუხობს და შეხვედრის მზაობას გამოთქვამს რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია გიორგი ბადრიძე: რუსეთი ცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფნები ისე, რომ საქართველოს იზოლაცია მოხდეს რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიეგო კოლასი: საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულების შემთხვევაში

„საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი, დემოკრატიულ ინსტიტუტების გაძლიერების და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულების შემთხვევაში“, ამის შესახებ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიეგო კოლასმა საქართველოში ჩატარებული 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები შეაფასა. დიეგო კოლასმა უპასუხა კითხვას, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები და რა გავლენას იქონიებს ის პოლიტიკურ კრიზისზე, ახალი პოლიტიკური განვითარებების დამატებით და ბოლო პერიოდში არაერთი კრიტიკული შეფასების გათვალისწინებით. „მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების, თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის გამო. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ სრულფასოვანი საერთაშორისო საარჩევნო მისია აკვირდებოდა 2 ოქტომბრის კენჭისყრას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის დასკვნებს. ევროკავშირის განცხადებაში ასევე კმაყოფილებით აღვნიშნეთ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ჩვენი რეკომენდაცია იყო და რამაც გაააუმჯობესა საკანონმდებლო ჩარჩო, რაც კარგია. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ რიგი ხარვეზები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს გადაუდებელ დამატებით ძალისხმევას, როგორც მეორე ტურის წინ, ასევე მის მიღმა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი შეშფოთება განსაკუთრებით ჟურნალისტების დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, რომლის გარეშეც არ შეიძლება, არსებობდეს ჯანსაღი, დემოკრატიული ევროპული სტილის სახელმწიფო. მე ხაზი გავუსვი ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩემი აზრით, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც საქართველო დგას, საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალისხმევა განხორციელდება; თუ დემოკრატიული ინსტიტუტები ამგვარად გაძლიერდება, სასამართლო და კანონის უზენაესობა კი ფართოდ იქნება განხილული, როგორც ღირსეული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“, - განუცხადა დიეგო კოლასმა Europetime-ს. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ელჩთან

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა

„ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც 2 ოქტომბრის კენჭისყრა შეაფასა. ჩეხი პოლიტიკოსი არჩევნებს კოლეგებთან ერთად აკვირდებოდა. „როგორც დაკვირვების შედეგად შევამჩნიეთ, შაბათის არჩევნები ძირითადად კარგად ადმინისტრირებული და მშვიდი იყო. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ არჩევნებისადმი ასეთი მიდგომისთვის. მათ აჩვენეს, რომ დაძაბულ ატმოსფეროშიც კი სურთ, თავიანთი დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა. ჩვენ ვგმობთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციას. საკუთარი თვალით ვნახეთ ძალადობის წამქეზებელი რეკლამა, მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა კანდიდატის წინააღმდეგ ზეწოლასა და მმართველი და სხვა პარტიების კამპანიის დაფინანსების დისპროპორციულობაზე. თუმცა მჯერა, ახლა ყველა პარტია დაიწყებს ფოკუსირებას იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლებიც პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, ასევე მოქალაქეებს მისცეს. ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით“, - განუცხადა Europetime-ს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდნენ. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგებოდა: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ამავე თემაზე: ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, ODIHR-ის დოკუმენტიდან დებულებები არ გამოარჩიონ და მასზე ყურადღება სერიოზულად გაამახვილონ ექსკლუზივი: რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ექსკლუზივი: მარკეტა გრეგოროვა: მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო ექსკლუზიური ინტერვიუ: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს

ჰუბერტ ქნირში: კოალიციური მთავრობის წევრები გერმანიიდან საქართველოში, ევროინტეგრაციისადმი მხარდამჭერი ძლიერი გზავნილებით ჩამოვლენ

Europetime-მა საქართელოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ექსკლუზიურ ინტერვიუ ჩაწერა. 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გარდა, ელჩმა Europetime-ის შეკითხვებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზეც უპასუხა. ელჩის თქმით, არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება. „ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებები. ისინი აკვირდებოდნენ მოწესრიგებულ და კარგად ორგანიზებულ კენჭისყრის დღეებს კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად. მეორე მხრივ, მათ შენიშნეს არათანაბარი საასპარეზო პირობები წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მცირე და ახალი პარტიებისთვის ძალიან რთულია, კონკურენცია გაუწიონ უფრო დიდ და არსებულ პარტიებს და მათ ამის შესახებ შეჯამებაც გააკეთეს. ასე რომ, ეს არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი. ჰუბერტ ქნირშმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ „რთული ამოცანა იტვირთეს“ და „ასე მოწესრიგებულად ჩაატარეს არჩევნები“. კითხვაზე, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, დარჩენილი გადასაჭრელი საკითხები კი ყველას ამოცანად რჩება. „ეს არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ეს არის არჩევნები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შედეგად გაუმჯობესებული კანონმდებლობის დაცვით ტარდება, მაგრამ ის ასევე აჩვენებს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი და ეს რჩება ყველას ამოცანად, მათ შორის პარლამენტისთვის, მთავრობისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის - მათი კონკურენციისა და ურთიერთქმედებისას არამხოლოდ არჩევნების დროს, არამედ შემდეგი არჩევნების წინ, რომელიც იწყება“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება გერმანიის არჩევნებს და მის გავლენას საქართველოზე, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. „ჩვენ ვაკვირდებით კოალიციის შექმნის პროცესს. ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა, რაც იყო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს მოიცავს ევროკავშირის ურთიერთობას თავის აღმოსავლელ მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან. მე მოუთმენლად ველი გერმანიის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტებს და ისინი თავად ჩამოიტანენ ამ გზავნილებს“, - განაცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. ასევე, ინტერვიუს თემა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, შესაძლო საფრთხეები და მის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა. ჰუბერტ ქნირშის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან. „ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით. ბოლო დროს, გერმანიაში, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი გაიზარდა. ისინი კვლავ აკვირდებიან ამ საკითხს და განიხილავენ საქართველოს მთავრობასთან, ეს არის მუდმივი პროცესი “, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან

Europetime-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ევროპარლამენტარებს ჰკითხა, რა მოლოდინები აქვთ მოახლოებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც სადამკვირვებლო დელეგაციაში შედიან და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევიან. მაგალითად, ჩეხი პოლიტიკოსი მარკეტა გრეგოროვა ყველა მხარეს საკუთარი ამომრჩევლის დამშვიდებისკენ მოუწოდებს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი კი მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიიჩნევს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ის შეახსენებს „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ის ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკიდურესად მნიშვნელოვან არჩევნებს უწოდებს 2 ოქტომბრის კენჭისყრას გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. ევროპარლამენტარს იმედი, აქვს, რომ ამას ყველა მხარე გააცნობიერებს და საქართველოსთვის, თანამშრომლობასა და არა პოლარიზაციაზე დაყრდნობით ყველა ერთად იმუშავებს. ევროპარლამენტარების მოსაზრებებს Europetime ექსკლუზიურად გთავაზობთ: ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი),მარკეტა გრეგოროვა, ჩეხი პოლიტიკოსი: არჩევნების წინ იყო ძალადობა და შიში იმისა, რომ ეს კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო. ყველა პარტიას ჰქონდა შანსი, ეჩვენებინა რისთვის იბრძვის - ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ხმის მიცემით მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, სადამკვირვებლო მისიების მუშაობის შედეგად მივაღწევთ წარმატებულ არჩევნებს ყოველგვარი გადაცდომის გარეშე. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტია“ (ქრისტიან დემოკრატები), ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ვისურვებდი, რომ არჩევნებმა არა შემდგომი დაყოფა, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებისა და ქართულ პოლიტიკაში პროევროპულ რეფორმებზე ფოკუსირების გზა მოიტანოს. ამაზე, „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, რომ ჩაატაროს ეროვნული არჩევნები თუ ადგილობრივ არჩევნებში ის მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს. ევროპარლამენტარი, საგარეო კომიტეტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები), გერმანელი პოლიტიკოსი მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას. ისევე, როგორც ქართველი ამომრჩეველი, მეც ველოდები, რომ პოლიტიკოსები ისწავლიან ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას პარლამენტში და არა ქუჩაში. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ევროპარლამენტარები ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა ექსკლუზივი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ექსკლუზივი: ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს

ფინანსისტი ირაკლი ერაძე: 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი გახდა

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. 2021 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა. ირაკლი ერაძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის გაუქმების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჰესების არ აშენება, პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ბოლო რამოდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ვიღებთ მილოცვებს ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორის, „ენკას“ პროექტიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რეალურად რას გვილოცავენ: ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უცხო ქვეყნების იმედზე დატოვებას, მზარდი ელექტრომოხმარების პირობებში თბოსადგურებისთვის მეტი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვას, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის პოტენციალის მინიმუმ განახევრებას, ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციის საბოლოოდ განადგურებას, მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ენერგომატარებლების შესაძენად, ბევრად მეტი თანხის გადახდას, საერთაშორისო სავაჭრო ანგარიშის გაუარესებას,შესაბამისად ლარის სავალუტო კურსის გაუარესებას და კიდევ ბევრ ცუდ ამბავს. მისალოცად კი ნამდვილად აქვს საქმე რუსეთს. მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. ჩავთვალოთ, რომ რუსი ჯარისკაცი დავსვით იმ ე.წ „რუბილნიკთან“, რომლის ჩართვა-გამორთვაზეა იქნება დამოკიდებული მთლიანად ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ძალიან ახლო მომავალში. ის მაინც მოვახერხოთ, რომ ამ „პატრიოტული“ მილოცვების მიღებისას მადლობა შიშნარევი, დაბალი ხმით გადავიხადოთ", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ. ფინანსისტის ცნობით, უკანასკნელი წლების სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა და 2017 წლიდან მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. როგორც Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. „მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე. მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვთ. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, დაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. რესურსის ნახევარი ამ ორ მდინარეზე მოდის. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი, რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა. ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული სტატისტიკა დღეს BPN-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ კომპანია Enka Renewables-მა ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები ნამახვანჰესის არსებული პროექტით აშენებას აპროტესტებენ. პროექტის შეჩერების მოთხოვნით არაერთი მასშტაბური აქცია მოეწყო. რიგი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ჰესის ასაშენებლად სათანადო კვლევები არ არის ჩატარებული. სახელმწიფომ ახალი ექპერტიზა დანიშნა და უცხოეთიდან საექსპერტო კომპანიები მოიწვია. "ენკას" მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის ფაქტზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე. ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?! თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე

როგორი იქნება პოსტ მერკელისეული ევროპა

26 სექტემბერს საარჩევნო უფლების მქონე 60 მილიონზე მეტმა გერმანელმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ: ერთი ხმით ისინი მათი საარჩევნო ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორე ხმით პარტიას დაუჭერენ მხარს. პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. „ანგელა მერკელის ეპოქის დასასრული ევროპას ახალი რეალობის წინაშე აყენებს. როგორი იქნება პოსტ-მერკელისეული ევროპა? რა გავლენა შეიძლება იქონიოს გერმანიის ფედერალური პარლამენტის არჩევნებმა ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე? შენარჩუნდება თუ არა ერთიანი ევროპის წარმატების იდეა?“, - ამ საკითხებზე სასაუბროდ, ბუნდესტაგში დაგეგმილ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ონლაინ ვებინარს უმასპინძლა. Europetime-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი შეკრიბა და გთავაზობთ ახლა ამ ვებინარის მონაწილეთა ანალიზს. მისი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბერლინში ლიტერატურისა და კულტურის სწავლებათა ცენტრის უფროსი მკვლევარი, ზაალ ანდრონიკაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანია იმოძრავებს წინ, ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირში და შეასრულებს კიდეც სულ უფრო მზარდ როლს მისი ეკონომიკური ძალიდან გამომდინარე. „ევროკავშირის როლი გაიზრდება არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცას უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული აუცილებლობა. გერმანიის როლი ევროკავშირში არის განმსაზღვრელი, მისი წონა არის ძალიან დიდი. გერმანია ევროკავშირიდან არასდროს გამოვა, ეს სენტიმენტი აქ არ არსებობს. გერმანია იმოძრავებს წინ, ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირში და შეასრულებს კიდეც სულ უფრომ მზარდ როლს მისი ეკონომიკური ძალიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი. რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასებით, მისი მომავალი ძირითადად ამერიკაზე იქნება დამოკიდებული და არა გერმანიაზე. „ამ ინტერესების ცენტრი ევროპიდან გადადის წყნარ ოკეანეში და მოწინააღმდეგე იქნება ჩინეთი ევროკავშირისთვისაც და ამერიკისთვისაც. ის რომ, ჩინეთი იქნება ძირითად მოწინააღმდეგე ამერიკისთვისაც და ევროკავშირისთვისაც, ამან ისევ და ისევ შესაძლოა, რუკაზე გააჩინოს საქართველო. რუსეთს ევროკავშირი და აშშ ფუნდამენტური საფრთხის როლს არ ანიჭებენ, როგორიც მას ჰქონდა წინა საუკუნეში. ჩვენთვის რუსეთი ეგზისტენციალური მნიშვნელობის საფრთხეა და ეს არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ გერმანიისთვის და აშშ-სთვის რუსეთმა პირველ ხარისხოვანი საფრთხის მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩინეთი გახდა ეს საფრთხე, აქ უკვე შეიძლება, ჩვენი გეოპოლიტიკური ხედვა დატრიალდეს და აღარ იყოს იმდენად მიბმული ჩრდილოეთზე, რამდენადაც იყო აქამდე“, - აღნიშნავს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მისივე შეფასებით, გერმანია მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს ბევრად მორიდებულად იქცევა, ვიდრე ეს მის წონას, განსაკუთრებით ეკონომიკურს შეესაბამება, რამაც შესაძლოა, პირდაპირი და უშუალო გავლენა მოახდინოს საქართველოზე. „გერმანიაში არჩევნები ერთ-ერთი განმსაზღვრელია საქართველოსთვისაც და უფრო მეტი ინტერესი გვმართებს გერმანიის მიმართ, ვიდრე ჩვენს საზოგადოებაში არსებობს“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი. გერმანიაში მოღვაწე ქართველი პუბლიცისტი ვადის განმავლობაში ანგელა მერკელის მთავარ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს. „ანგელა მერკელის ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოვყოფდი, ერთი - ლტოლვილების მიღება 2015 წელს, მიგრანტების კრიზისის დროს, ეს არ იყო პოპულარული, თუმცა იყო ეთიკური გადაწყვეტილება, რომელმაც შეარყია მერკელის შეურყეველი პოპულარობა. მეორე, ეს იყო ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმა, მწვანე რევოლუცია გერმანიაში. მერკელი ძალიან კარგ კრიზის მენეჯერად ითვლებოდა და გერმანია გამოდის მერკელის ეპოქიდან, როგორც წამყვანი სახელმწიფო ევროკავშირში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ეს გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ მერკელის პარტია არჩევნებში მოისუსტებს მას შემდეგ, რაც კანცლერობის კანდიდატი გახდა არმინ ლაშეტი, ვიცე-კანცლერს, ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრს ოლაფ შოლცს, რომელიც ასევე იყო კოალიციურ მთავრობაში, გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მოსდევს წინა კანცლერის აურა. ის რომ, შოლცი იგებს არჩევნებს, დამოკიდებულია მასზე, როგორც პიროვნებაზე და არა სოციალ-დემოკრატების შეცვლილ პოლიტიკაზე, რომელიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ნამდვილად არ შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ ესეც მერკელის ეპოქის დანატოვარია“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კანდიდატი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი იმარჯვებს, თუმცა გერმანიის კანცლერი შესაძლოა, ასევე გახდეს არმინ ლაშეტი, CDU/CSU-ს კანდიდატი, კონკურენტისგან მას 2-3% აშორებს. გამოკითხვის თანახმად, დღეისათვის, გერმანიის კანცლერს კითხვარში შეტანილი მსოფლიოს ხუთი ლიდერიდან ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. როგორც კვლევიდან ირკვევა, 67 წლის ანგელა მერკელისა და გერმანიისადმი მაღალ ნდობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მისი ლიდერობით ქვეყანამ კორონავირუსის კრიზისს კარგად გაართვა თავი. გერმანიასა და მის ლიდერზე დადებით შეხედულებას განაპირობებს ასევე ბერლინის როლის გაძლიერება ევროკავშირში, რასაც ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში გამოკითხულ რესპონდენტთა 54% ეთანხმება.

რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში

საქართველოში ვაცქინაციის მაჩვენებელმა 16 სექტემბრიდან საგრძნობლად იკლო. დღიური მაჩვენებელი 30 000-ს აღწევდა, თუმცა ახლა ეს მონაცემი განახევრებულია. ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას ჯანდაცვის სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ და კოვიდვაქცინირებულთა მცირე რაოდენობის არსებობის შემთხვევაში მძიმე მოლოდინები აქვთ. მაშინ, როდესაც რიგ ქვეყნებში ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი 60-80%-ს აღწევს, საქართველოში ჯერ მხოლოდ 27%-ია სრულად ვაქცინირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, 24 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა დაასახელა. „ვაქცინაციის კუთხით, აგვისტო ძალიან კარგი იყო, დღეში გვქონდა 23 000 აცრა. 715 000 აცრა ჩატარდა მთლიანად აგვისტოში. სექტემბრის 15-16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით. გვქონდა დღეში 24 000 აცრა. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრების რაოდენობა, ვიდრე აგვისტოში, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ გამოდის. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას კიდევ ვაკლებთ მოსახლეობას. მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმცია. რაიონულ ცენტრებში კი არ ჩამოვიყვანოთ ასაცრელად, არამედ, მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არის დიდი სიკეთე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. კვლევების მიხედვით, რომელიც NDI-მ ჩაატარა, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია (47%) სოფლის ტიპის დასახლებებში. მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45% ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71%-ია. რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის კლების მიზეზი. მაგალითად, NDI-ის კვლევებში 47% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, 35% თანახმაა, აიცრას. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მსურველები უკვე აიცრნენ და სკეპტიკოსებში განწყობა ვერ შევცვალეთ? ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ გარემოებას იზიარებს. „საქართველოში ვაქცინაციის კლების მიზეზი მრავალია, თუმცა ძირითადი ალბათ არის, ის რაც თქვენ ახსენეთ. სამწუხაროდ, ქვეყანამ ვერაფერი დაუპირისპირა ანტივაქსერულ განწყობებს საქართველოში, ქვეყანამ ვერ მოახერხა, რომ ჩაეტარებინა მასობრივი საგანმანათლებლო კამპანია, რათა მოსახლოებისათვის მიეცა ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ. ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ძნელი ხდება იმ ადამიანების გადარწმუნება, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე ორჭოფობენ. შესაბამისად, საქართველომ შეიძლება ითქვას, დაკარგა 8 თვე მაინც, რომ ასეთი კატეგორიის ხალხისთვის მიეცა ამომწურავი ინფორმაცია და ეს პროცესი რატომღაც თვითდინებასა და თვითშეგნებაზე მიუშვა. ყველანი აიცრებიან, აბა რას იზამენ, ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არ არის საჭირო - ასეთი განწყობით დაიწყო კოვიდიმუნიზაციის პროგრამა და რა სამწუხარო შედეგებიც დადგა, ყველა ხედავს. სამუშო არ ჩატარდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამოვიდა და ზოგიერთის ორაზროვანი სტატუსებით კიდევ უფრო დააბნია ის მოსახლეობა, რომელიც ორჭოფობდა. ამას დაემატა ისიც, რომ სუსტ პირველად ჯანდაცვის სისტემას არ ეყო სიმძლავრეები, რომ აქტიურად ჩართულიყო იმუნიზაციის პროცესში. ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებები კი, რომ ყველაფერი მაინც კარგად არის და იქნება, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა Europetime-თან. ცნობისთვის, NDI-სი მიერ, 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევით, აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს. 13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. აცრის დასაჯავშნად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3 ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია

ბენ ჰოჯესი: კრემლი არ მალავს უკმაყოფილებას ცენტრალურ აზიაში ექსტრემიზმის პოტენციურ ზრდაზე, ალბათ, ირანსაც არ მოსწონს ეს არასტაბილურობა, თუმცა არ თანაუგრძნობენ აშშ-ს და ჩვენს მოკავშირეებს

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ავღანეთში აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ავღანეთში შეცვლილ პოლიტიკურ ლანდშაფტსა და მის გავლენაზე დანარჩენ რეგიონსა და საქართველოზე, აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს „პრიორიტეტული მიზნების“ განხორციელებაში დაეხმარება. ამ კონტექსტში, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე ინტერვიუში ასევე მიმოიხილავს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს. _ბატონო გენერალო, ჩვენს ინტერვიუში თქვენთან ვრცლად მიმოვიხილეთ ავღანეთის საკითხი - უნდა დაეტოვებინა თუ არა ამერიკას ავღანეთი. ჩვენ ვნახეთ როგორც განვითარდა პროცესები, ელვის სისწრაფით და დრამატულადაც გარკვეულწილად... როგორ შეაფასებდით, პირველ რიგში, ავღანეთის დატოვებას მოკავშირეების მიერ და შემდეგ ასეთი ფორმით დატოვებას? ფორსმაჟორულ პირობებში, 20 წლის შემდეგ... მე ვეთანხმებოდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. უფრო დიდხანს დარჩენა დრამატული ცვლილებების გარეშე საერთო სტრატეგიისთვის, არასოდეს შეცვლიდა საბოლოო შედეგს. თუმცა ადმინისტრაციას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ უკეთ მომზადებულიყო ლტოლვილთა დიდი რაოდენობისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო გარემოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად ან ჩვენთვის მუშაობდნენ. ასევე, ადმინისტრაციას უნდა გაევლო კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, გაყვანის გრაფიკთან დაკავშირებით. და მაინც, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მფრინავების, ჯარისკაცების, საზღვაო ქვეითებისა და იქ მყოფი დიპლომატების გამბედაობა, რომლებმაც ფაქტობრივად სისრულეში მოიყვანეს ეს პროცესი. _„თალიბანის“ ხელში აღმოჩენილი ავღანეთი 20-წლიანი პერიპეტიების შემდეგ, რაზე მიანიშნებს, რა გაკვეთილია და გამოცდილება ამერიკელებისთვის? ჩვენ დავუშვით რამდენიმე შეცდომა და პირადად მე ვიყავი ამ შეცდომების ნაწილი. პირველ რიგში, ჩვენ/მე ვფიქრობდით, რომ პაკისტანი იყო მოკავშირე. რასაკვირველია, ეს ასე არ იყო და ჩვენ ძალიან დიდხანს ვუკეთებდით იგნორირებას ამის გამაფრთხილებელ ნიშნებს. მეორე რიგში, ჩვენ დავუშვით უზარმაზარი შეცდომა, როდესაც გადავერთეთ ერაყზე ზუსტად იმ დროს, როდესაც ვგეგმავდით ავღანეთში პირველადი მისიის დასრულებას. მესამე, აშშ-ის მთავრობას უნდა დაეწესებინა გადასახადი ყველა ამერიკელ მოქალაქეზე, რომ დაფარულიყო ავღანეთსა და ერაყში გაწეული ომის ხარჯები... ამერიკელთა უმრავლესობას ეს ომები არ შეხებია, გარდა მათი, ვისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ მისიებში ან ცხოვრობდნენ აშშ-ის სამხედრო ბაზების სიახლოვეს. შედეგად, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა რომელიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ კონგრესზე იყო ძალიან მცირე იმისთვის, რომ ეს ომები ან მოგვარებულიყო, სწორად წარმართულიყო ან სულაც დასრულებულიყო. მეოთხე, ჩვენ დავუშვით შეცდომა იმ მოდელში, რომელიც გამოვიყენეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარებისთვის; ანუ გავაკეთეთ ისე, რომ დაგვმსგავსებოდნენ ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც ჩვენსავით უნდა ჰქონოდათ დიდი რაოდენობით საცეცხლე ძალა, საჰაერო მხარდაჭერა, უსაზღვრო ლოგისტიკა და ათასობით კონტრაქტორი, რათა უზრუნველყოთ ამ რაოდენობის ტექნიკის მოვლა და შენახვა. ეს მოდელი ჩამოიშალა, როცა ჩვენ დავიწყეთ გასვლა. მე ვერ შევძელი ამის გაცნობიერება, როდესაც იქ ვმსახურობდი, რადგან ვხედავდი კარგ, პროფესიონალ ავღანელ ოფიცრებს. ვერ გავაცნობიერე ასევე ის, რასაც სინამდვილეში ვხედავდი საკუთარი თვალებით - საუკეთესო ავღანური ერთეული ძალიან გავდა თალიბებს - პიკაპებით, ჩაფხუტების გარეშე, აშშ-ის არმიის მწვანე ბერეტიანი ვიცე-პოლკოვნიკის წინამძღოლობით. და ბოლოს, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საწყისი მიზნის ხედვა, რაც მდგომარეობდა ავღანეთში ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მოწყობისთვის ხელის შეშლაში. გადაწყვეტილება, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი ავღანელებისთვის გადაგვეცა, მოგვიანებით მივიღეთ. ამიტომაც დავრჩით ავღანეთში 20 წელი, იმის მცდელობაში, გაგვეკეთებინა ის, რაც თავდაპირველად არ გვქონია დაგეგმილი და რაც არასოდეს განუმარტავს არც ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკელი ხალხისთვის. _ვინ არის გამარჯვებული ან დამარცხებული ავღანეთის პროცესებში? რა საფრთხეებს შეიცავს „თალიბანის“ მმართველობა? ხომ არ იქნება ეს პროცესები ხელისშემწყობი ფაქტორი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსული გავლენის ზრდის? ხომ არ კონსოლირდება კიდევ უფრო მეტად რუსულ-ჩინური გავლენები? მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად წამგებიან მდგომარეობაში ავღანელი ხალხი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ქალები და გოგოები. პაკისტანი აუცილებლად ინანებს იმას, რომ მხარს უჭერდა „თალიბებს“, რადგან მათ ახლა ბევრად უფრო მეტი ლტოლვილი ჰყავთ ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად არასტაბილური სიტუაცია დასავლეთ საზღვარზე. ჩინეთი პასუხს აგებს ავღანეთში მინერალური რესურსების დაცვასა და წვდომაზე. მათ საერთოდ არ ადარდებთ ავღანეთში ადამიანის უფლებები, თუმცა მათი შეშფოთების საგანი იქნება უიღურების მოსახლეობაზე ისლამისტი ექსტრემისტების გავლენის ზრდა. კრემლი არ მალავს თავის უკმაყოფილებას ცენტრალურ აზიაში ისლამური ექსტრემიზმის ზრდის პოტენციალთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ირანსაც არ მოსწონს ეს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ შიიტების და სუნიტების დაპირისპირებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი არ თანაუგრძნობენ აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს. _საქართველოს ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის, იქცეს სატრანზიტო კორიდორად და ჰაბად აზია ევროპას შორის. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთის მოზიდვა საქართველოს გავლით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ავღანეთში შეცვლილი პოლიტიკური ლანდშაფტი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გაზრდილი რუსული გავლენები აისახება თუ არა დანარჩენ რეგიონზე და საქართველოზეც, თუნდაც კონკრეტულად ამ მიმართულებით? ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე იქონიებს გავლენას, თუმცა მე უფრო მაფიქრებს სერიოზული ძალისხმევის არარსებობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს დასავლური ინვესტიციებისთვის. არადა, იმდენი პოტენციალი გაქვთ, რაც სათანადოდ არ გამოყენებულა შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო. _ბატონო გენერალო, გასაგებია ის ფაქტი, რომ ყველა ქვეყანაში ცვლილება ხალხს უნდა უნდოდეს და ილტვოდეს და იბრძოდეს უკეთესისკენ... მაგრამ ხშირად, ამა თუ იმ მიზეზების გამო, (თავსმოხვეული მახინჯი წესების, დეზინფორმაციის) რომელიც ამ ეპოქაში ფაქტიურად ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილიცაა, ვერ ახერხებს თვითგამოხატვას, პროტესტს, ბრძოლას.. პანდემიამ თითქოს უფრო დაჰყო მსოფლიო, როცა უფრო უნდა გაერთიანებულიყო.. რუსეთთან და მსგავსი ტიპის ქვეყნებთან გამკლავება ერთგვარად პანდემიასთან ბრძოლას ჰგავს... ან ერთიანდები და ამარცხებ იმას, რამაც შეიძლება ხვალ შენც გიმსხვერპლოს, ან იკეტები საკუთარ ნაჭუჭში და მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობ, რაც დროებითია, რადგან ახალი ძალით და მუტაციით მოგაგნებს და არ მოგცემს სიმშვიდის საშუალებას...ხომ არ დადგა დრო ევროკავშირმა, NATO-მ იმ ქვეყნების ძალისხმევა, ვინც დასავლეთისკენ მიისწრაფვიან, უფრო ქმედითად წაახალისონ? ვფიქრობ, რომ საქართველო უკვე უნდა იყოს NATO-ს წევრი, ხოლო უკრაინა უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზაზე NATO-ს წევრობისკენ. მაგრამ არის უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ახლავე უნდა გაკეთდეს საქართველოს და უკრაინის მიერ ქვეყნის შიგნით, ხოლო აშშ-ის მხრიდან, ეს იქნება სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის. ვიდრე აშშ არ შეიმუშავებს ასეთ სტრატეგიას დიპლომატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებისთვის აუცილებელი პოლიტიკით საქართველოსა და უკრაინაში, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტურად განწყობილი NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, რომ ის მალე იქნება. საქართველომ უფრო მეტი უნდა მოიმოქმედოს, რათა გააუმჯობესოს წინააღმდეგობის უნარი კრემლის დეზინფორმაციისა და უარყოფითი გავლენის წინააღმდეგ. თუმცა, ვფიქრობ, რომ გასული წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი არსებითი გაკეთებულა. _რჩება განცდა, რომ ევროპას ავღანეთის თემიდან ყველაზე მეტად ლტოლვილების საკითხი აღელვებს... სწორედ ამ სენსიტიური საკითხის გამოც, დასავლეთში ულტრარადიკალური ძალები პოპულისტური ლოზუნგებით მოდიან სათავეებში... რაც შემდეგ კიდევ უფრო სხვა პრობლემებს წარმოშობს.. პრობლემა ლტოლვილებში, უკანონო მიგრაციაში, ნარკოტრაფიკსა და ტერორიზმში, თუ უფრო კომპლექსურია, და ტირანიული სახელმწიფოს გაძლიერებაშია? ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპული ერები, ისევე როგორც აშშ, შეშფოთებულნი არიან ლტოლვილთა ნაკადით და მისგან გამომდინარე შედეგებით. და ზოგიერთი ნაციონალისტი და მემარჯვენე ექსტრემისტი შეეცდება, გამოიყენოს ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ ავღანეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავხსნათ ჩვენი კარი და ვიპოვოთ გზები, რათა რაც შეიძელბა მეტი მათგანი დავაბინაოთ. ბევრი მათგანი, ვინც ავღანეთი დატოვა, არის განათლებული, პროფესიონალი და შრომისმოყვარე,ზუსტად ისეთი ქალები და კაცები, რომლებიც ჭირდებიან ჩვენს ქვეყნებს. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ისევე როგორც ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები. მანამდე სენატორმა რობ პორტმანმა ჩვენთან განაცხადა, რომ მუშაობა მიდის ამერიკის საფინანსო ინსტიტუტის გახსნაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ამერიკასთან. რაზეა დამოკიდებული ამ ყველაფრის განხორციელება და განხორციელების ტემპი? ეს ძირითადად დამოკიდებულია ორ რამეზე: პირველი არის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის, რომელიც მიმართული იქნება დიპლომატიური, ეკონომიკური, პრიორიტეტული მიზნების, ასევე სამხედრო მოსაზრებების გადაწყვეტაზე. ეს სტრატეგია აუცილებელია, თუ ჩვენ ვაპირებთ დროის და ფულის გონივრულად ინვესტირებას. მეორე არის ის, რომ საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა მიმზიდველი აღმოჩნდეს ინვესტიციებისთვის. ეს არის ფინანსური და იურიდიული ოპერაციების გამჭვირვალობა, ბიზნეს ინვესტიციების და საბანკო საქმიანობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, იმის გარანტირება, რომ თანხები არ გაიფლანგება ან უკანონოდ არ იქნება გადამისამართებული რამდენიმე ოლიგარქის ანგარიშებზე, რომლებიც ნამდვილად არ არიან დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდების გაუმჯობესებული მომავლით.

რას გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია და როგორ იცავს ის დიპლომატებს

ე.წ. ფარულ ფაილების საქმეს ევროკავშირი მედიაში ინფორმაციის გავრცელებიდან 5 დღის შემდეგ გამოეხმაურა და მას ძალიან სერიოზული საკითხი უწოდა. ამავდროულად განაცხადა, რომ ამ თემას ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში განიხილავს. უფრო კონკრეტულად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა: „ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომლებიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით“. Europetime დაინტერესდა, რას ითვალისწინებს ვენის კონვენცია და რას ნიშნავს ის დიპლომატიურ ურთიერთობებში. როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე Europetime-თან აცხადებს, ვენის კონვენციით, ყველა დიპლომატიური მისია თავისი თანამშრომლების ჩათვლით დაცულია ადგილსამყოფელი ქვეყნის მხრიდან, ნებისმიერი სამართლებრივი დევნის, შევიწროების, მათ შორის მიყურადებისა და თვალთვალისაგან. „მე არ ვამბობ, რომ ქვეყნები ამას არასდროს აკეთებდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად, საკუთარ ქვეყანაში დიპლომატიურ მისიებს ავტორიტარულ ქვეყნებში უსმენდნენ, ან ქვეყნებში, სადაც ამ დიპლომატიურ მისიას განიხილავენ მტრული ქვეყნის წარმომადგენლად. ყველა შემთხვევაში, ეს არის გამოვლინება ერთი მხრივ, საერთაშორისო სამართლის დარღვევისა, უპატივცემულობისა და იმ ქვეყნის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებისა, რომლის დიპლომატიურ წარმომადგენელს უკანონოდ უსმენენ. ეს არის დამაზიანებელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ოფიციალურად, ეს ურთიერთოები არის პარტნიორული და მეგობრული“. როგორც ცნობილია, ამ საკითხს მხოლოდ ვენის კონვენცია არ არეგულირებს, როგორც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი Europetime-თან აცხადებს, ყოველ ჯერზე, როდესაც მყარდება დიპლომატიური ურთიერთობა; როდესაც იხსნება უცხო ქვეყნის საელჩო, თითოეული ქვეყანა აძლევს უსაფრთხოების და დიპლომატიური იმუნიტეტის გარანტიებს ახალი საელჩოს გახსნისას შესაბამის ქვეყანას. „თითოეული დიპლომატის, ელჩის აკრედიტაციისას, ქვეყნები ერთმანეთს უდასტურებენ სწორედ ამგვარ პრივილეგიებს, რომ მიმღები ქვეყანა ყველანაირად იცავს უფლებებს და უცხო ქვეყნის დიპლომატის, განსაკუთრებით, ელჩის იმუნიტეტს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მიერ არის დარღვეული. მე არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, გამოვრიცხავ, სხვა ქვეყნები უსმენდნენ დიპლომატებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მეგობრული ქვეყნების მხრიდან ამის გაკეთება სრულიად მიუღებლად ითვლება და თუ ამას აკეთებენ, ისე აკეთებენ, რომ საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. როდესაც საქართველო უსმენს თავისი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, ამით ნეგატიურ მესიჯს გზავნის და მეორე წესი არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, არ უნდა მოუსმინო, არ უნდა უთვალთვალო და არ უნდა გამოგიჭირონ რომ უსმენ“. რას ნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლის მინიშნება ნაბიჯების გადადგმაზე, გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ „პირველ რიგში, ეს მიუთითებს უნდობლობის ზრდაზე. „ეს უნდობლობა საქართველოს მიმართ ნელ-ნელა ჩამოყალიბებულია“, - აღნიშნავს დიპლომატი და ამის ერთ-ერთ მაგალითად ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმების გაფორმება მოჰყავს. „ის იმიჯი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, პროევროპული, პროდასავლური კურსის მქონე დემოკრატიის ავად თუ კარგად მშენებელი ქვეყნისა, სამწუხაროდ, დასავლეთში სერიოზულად არის შელახული და ახლა უკვე იქნება საკითხი პირდაპირ აბსოლუტური უნდობლობისა, რადგან როგორც აღმოჩნდა, პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც უსმენენ და ამ ფაქტს საიდუმლოდ ვერც კი ინახავენ“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. დიპლომატი მოსმენების შესახებ კონკრეტული ქვეყნების მაგალითებსაც იხსენებს: „ყველაზე კარგი მაგალითია, როგორ უსმენდნენ აშშ-ის საელჩოს საბჭოთა კავშირში და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ რუსეთშიც ასე ხდება. მაგალითად, შეერთებული შტატების მთავრობამ მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, ამერიკის ელჩისთვის გადაცემული საჩუქარი, ხეზე ამოტვიფრული ღერბი, რომელიც წლების განმავლობაში ეკიდა ელჩის კაბინეტში, წარმოადგენდა მოსასმენ მოწყობილობას და ის დღეს ინახება შეერთებულ შტატებში, შესაბამის მუზეუმში. მეორე მაგალითია, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თითქმის აშენებული საელჩო მთლიანად დაშალა რუსეთში, როდესაც მის სტრუქტურაში აღმოაჩინა, რომ კედლებში იყო ჩამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობები. ხაზს ვუსვამ, ეს ეხებოდა ცივი ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, ყოველ შემთხვევაში არამეგობრულ ქვეყნებს“. ცნობისთვის, სახელმწიფოები, ვენის კონვენციის მხარეები აღნიშნავენ, რომ ყველა ქვეყნის ხალხები ოდითგანვე ცნობენ დიპლომატიური აგენტების სტატუსს, მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა დაპრინციპებს-სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, საერთაშორისო მშვიდობისა დაუშიშროების მხარდაჭერას და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობას; დარწმუნებული არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობის განვითარებას მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების განსხვავების მიუხედავად, შეგნებული აქვთ, რომ ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა მხრივ გამორჩენის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ ნაყოფიერად აღასრულონ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენელი ორგანოების ფუნქციები;ადასტურებენ, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმები კვლავაც დაარეგულირებენ საკითხებს, რომლებსაც უშუალოდ არ ითვალისწინებს ამ კონვენციის დებულებანი. შეგახსენებთ, 12 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა ე.წ. ფარული მასალები, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, ჟურნალისტების და ასევე რიგი ქვეყნების ელჩების მოსმენას უკავშირდება. მისი შინაარსი რიგმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმაც დაადასტურეს. ავთენტურობა ოფიციალურად დადგენილის არ არის, პროკურატურამ 14 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიება დაიწყო.

კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა

Europetime-მა ამერიკელი კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი ექსკლუზიურად ჩაწერა. კონგრესმენმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „მე ვფიქრობ, ეს კარგი პერსპექტივაა, რადგან თავისუფალი ვაჭრობა არის ის, რაც უკვე ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა კარგი შესაძლებლობაა“, - განუცხადა ალექს ქსავიერ მუნმა Europetime-ს. რაც შეეხება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხს, განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგალითად, პორტებში. ალექს ქსავიერ მუნი აცხადებს, რომ ეს ამერიკის ინტერესებშია. „მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ინტერესებშია, მსოფლიოს ინტერესებშია ასეთი ინვესტიცია“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა Europetime-თან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ამ თემებზე 7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ელჩსაც ესაუბრნენ. „კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა. ჩვენს ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი სენატორმა რობ პორტმანმა, როდესაც მისივე კოლეგა ჯინ შაჰინთან ერთად ივნისში სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ამავე თემაზე: საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები შეხვედრებზე სხვა საკითხებთან ერთად, თავისუფალი ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. ამავე თემაზე მათ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზეც იმსჯელეს. „საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ“, - აღნიშნა კონგრესმენმა ალექს მუნმა შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები. „აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. „შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალკიანმა. მანამდე, კონგრესმენმა კეროლ მილერმა საქართველოში ჩამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტი ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათ შორის ვაჭრობის სფეროზე იქნება საუბარი. ,,ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. მნიშვნელოვანია დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა კეროლ მილერმა. თავის მხრივ, კონგრესმენ ბრაიან სტილის განცხადებით, საქართველოში დაგეგმილი შეხვედრებისას სავაჭრო და ეკონომიკურ მიმართულებებს განიხილავენ. „ძალიან მიხარია, რომ აქ, საქართველოში ვიმყოფები. საქართველოსა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ. შეხვედრებისას განვიხილავთ სავაჭრო და ეკონომიკის საკითხებს“, - აღნიშნა ბრაიან სტილმა. მისმა კოლეგამ რობ პორტმანმა საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, როდესაც სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს.

ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარები ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმება. მას მოლოდინი აქვს, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის. „ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ როგორც მუნიციპალური არჩევნები, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი კი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ასევე წაიკითხეთ: ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა „ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ