თეგი: არაბთა გაერთიანებული საამიროები

ისრაელის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პირველი ვიზიტით ეწვია

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების გზავნილისთვის, რადგან რეგიონის ხალხს სხვა ალერნატივა არ აქვს“, -განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი აირჩია

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი​ აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას WAM-ი ავრცელებს. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში, 13 მაისს გარდაიცვალა.  

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ბოლო წლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი დონის ვიზიტები. "განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. აღინიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროექტია არაბული ინვესტიციით დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ითქვა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით მიმდინარე თვეში დაიწყება დიალოგი. პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ფედერალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აბდულა ალ მაზრუი, აბუ დაბის განვითარების ფონდის ოპერაციების დირექტორი ადელ ალ ჰოსანი, Dhabi Group-ის მმართველი დირექტორი სამი ედვარდ ადამსი, კომპანია Etihad Credit Insurance – ის აღმასრულებელი დირექტორი მასიმო ფალკონი, დუბაის მრეწველობისა და ექსპორტის კორპორაციის გენერალური დირექტორი საიდ ალ ავადი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ერთობლივი ბიზნეს საბჭო შეიქმნება - შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილსა და საამიროების სახელმწიფო მინისტრის აჰმედ ალ-საეღს შორის შეხვედრის მსვლელობისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  „ჩვენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის ერთობლივი საბჭოს დაფუძნების შესახებ, რომელიც წაახალისებს ორი ქვეყნის ვაჭრობას და საინვესტიციო პროექტებს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. მისი თქმით, მიმდინარე წელს ოფიციალურად დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. „საამიროები მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დროულად გაფორმებას და ამიტომაც, მათ მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების წელს დაწყებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ახალ ბიძგს მისცემს საინვესტიციო პროექტებს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.  „ვფიქრობ, რომ ძალიან ინტენსიური, მაღალი დონის დიალოგის რეჟიმში ჩვენ შევძლებთ, რომ არაბთა გაერთანებულ საამიროებთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და პრიორიტეტული მიმართულებებად დაასახელა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და სხვ. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვისაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, რაც წაახალისებს ტურისტულ ნაკადებს ორივე ქვეყნიდან. „ყურის ქვეყნები, მათ შორის, გაერთიანებული საამიროები, როგორც გამორჩეული ქვეყანაა, მნიშვნელოვანი პერსპექტიული ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.   

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან სამთავრობო მომლაპარაკებელთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთვის, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობით უნარიანი ბაზარი,“ – განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, პოტენციურად დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს. საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“.  

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.  

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების მრჩეევლი, საუდის არაბეთში საიდუმლო მისიით იმყოფებოდა - მედია

არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი საიდუმლო მისიით იმყოფებოდა საუდის არაბეთში. არაბეთის გაერთიანებული საამიროები სექტემბერში ცდილობდა, დაერწმუნებინათ საუდის არაბეთი, რომ არ შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ეს პოზიცია მხარს უჭერს ჯო ბაიდენის შეხედულებას ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით. გაზეთის ცნობით, სექტემბერში, აბუ დაბიმ ამ მისიით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი გაგზავნა რიადში. მისივე ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეიხ ტაჰნუნი ფარულად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამად ბინ სალმანს. ემირატები შიშობდა აშშ-ის უარყოფით რეაქციასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის მწარმოებლები შესაძლოა, რუსეთის მოკავშირეებად ჩაითვალონ. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ ნავთობის გამომუშავების შემცირება, ეკონომიკურად აუცილებელი არ იყო, რითაც თეთრი სახლის შეხედულებას გამოეხმაურა. „არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან.გასულ თვეში, არაბეთის გაერთიანებული საამიროები დაემორჩილა OPEC+-ის გადაწყვეტილებას, შეემცირებინა წარმოების კვოტები დღეში 2 მილიონი ბარელით, ამავდროულად, გაუგზავნა სიგნალი დასავლეთს, რომ მას შეეძლო ბაზარზე მეტი ნედლი ნავთობის მიწოდება საამიროდან“, - წერს WSJ. ქვეყნები, რომლებსაც წარმოების შემცირების გამო, არასასიამოვნო განწყობა ჰქონდათ, იყვნენ UAE, ერაყი და ბაჰრეინი, იტყობინება თავის მხრივ, Financial Times-ი. „ამასობაში, აშშ-საუდის არაბეთის ალიანსში მკვეთრი გაუარესებაა. OPEC+-ის შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა ნავთობის ჯგუფი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 27-ე კონფერენციაზე, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი იორდანიაში ჰაშიმიტური სამეფოს ელექტროსადგურიდან, მზის ენერგიის შეძენას გეგმავს. სადგურის მშენებლობას ემირატების კომპანია აფინანსებს. იორდანია, თავის მხრივ, ისრაელიდან წყალს ხმელთაშუა ზღვის გამწმენდი ქარხნიდან შეისყიდის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანამშრომლობა ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის სემდეგ, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.  

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართეს შეხვედრა - Reuters

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები გასულ კვირას შეხვდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა განეხილათ სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამმა წყარომ განაცხადა. სანაცვლოდ, საუბარია უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენაზე. წყაროების თქმით, მოლაპარაკებები ყურის არაბული სახელმწიფოს შუამავლობით მიმდინარეობდა და არ მოიცავდა გაეროს, მიუხედავად გაეროს ცენტრალური როლისა მოლაპარაკებაში. არცერთი მხარე არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. უკრაინის ელჩმა თურქეთში კი, ვასილ ბოდნარმა Reuters-ს განუცხადა, რომ „სამხედრო ტყვეების გათავისუფლება რუსული ამიაკის ექსპორტის გახსნის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილია. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ამის გაკეთების გზებს ნებისმიერ შემთხვევაში“, - აღნიშნავს ელჩი. მანვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. პუტინმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები იმუშავებენ ევროპის პორტებში ჩარჩენილი რუსული სასუქების განბლოკვაზე და ამიაკის ექსპორტის განახლებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს. გაერომ რუსეთს შესთავაზა, რომ სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკის გაზი მილსადენით გადასულიყო უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია Trammo ყიდულობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტრანზიტი შეჩერდა.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი არ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $100 მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა. გენერატორები კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურისთვის (სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, გათბობის ცენტრები) არის განკუთვნილი.  პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის სახელმწიფო ფონდი აკონკრეტებს, რომ უკრაინაში ამ ეტაპზე 1300 გენერატორი ჩაიტანეს, 1200 კი, უკრაინამ დეკემბრის ბოლოს მიიღო. ხსენებული პირველი პარტია გაიგზავნა რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში - ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ოდესა, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და კიევის რეგიონები, მეორე პარტია სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკის, ლუგანსკის, დონეცკის რეგიონებსა და კიევში გაიგზავნება.  

ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

15 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსხურის ანგარიშში ნათქვამია, რომ აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში ალიევის პატივსაცემად საპატიო დაცვა მოაწყეს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არაბეთის გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრი აბდულა ბინ სულთან ბინ ავად ალ-ნუაიმი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.  

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისკენ. პრემიერმა ელჩს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მისი ვიზიტის დროს გაერთიანებული საამიროების მთავრობის მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.  

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.   ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მას არაბთა გაერთიანებული საამიროების ადამიანური რესურსების და ემირატიზაციის მინისტრი აბდულრაჰმან ალ ავარი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია კავშირებს აძლიერებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) და იტალია თავიანთი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აბუ დაბიში არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს საშუალებას მისცემს, „საერთო ძალისხმევა მიმართონ პოლიტიკური, დიპლომატიური, საერთაშორისო, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისა და პირდაპირი ინვესტიციების გაფართოებისა და გაღრმავებისკენ“. ქვეყნები ასევე „გააძლიერებენ თანამშრომლობას ემისიების შემცირების, ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და დაბალი ნახშირბადის გადაწყვეტილებების სფეროებში“. „შეთანხმება ასევე გააძლიერებს „ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დააჩქარებს დაბალი ნახშირბადის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში. მელონი პირველი ვიზიტით ეწვია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა 2022 წლის ოქტომბერში.   

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინას $100 მილიონის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარება გამიზნულია ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონების მცხოვრებლებისთვის: ისინი მიიღებენ თბილ ტანსაცმელს და ჰიგიენურ საშუალებებს. როგორც ცნობილია, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინას 5 მილიონი ენერგოეფექტური ნათურის მიწოდება შესთავაზა. პირველი პარტია სავარაუდოდ მალე მიიღებს.  

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი დაიწყო

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი დაიწყო თბილისში ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებს შორის. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები 17 მარტს დასრულდება და განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.   „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ გაუხსნის. შეთანხმება დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში 2022 წლის სექტემბერში, მეორე კი დუბაიში 2022 წლის დეკემბერში  გაიმართა.  

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ქართული პროდუქციის 97.5% ტარიფის გარეშე შევა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) 10 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ქალაქ დუბაიში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ. ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”) ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს. „მოხარული ვარ, რომ ხელი ეწერება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”). ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ჩვენს ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უმაღლესობას − შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში. მე ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენო უმაღლესობავ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ეს ახალი ეტაპი, ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და გამარტივებას. დიდი მადლობა, გილოცავთ!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში. „მიხარია, რომ დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში. მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ლიდერობით არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იღვწის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს. დიდი მადლობა!“- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საიმპორტო ტარიფი მოიხსნება საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორიცაა საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი, და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ, კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით. ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდას და არსებული სავაჭრო პოტენციალის სრულად გამოყენებას. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მესამე და საბოლოო რაუნდი თბილისში მიმდინარე წლის მარტში გაიმართა,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დაშავებული ბავშვები ღაზის სექტორიდან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

ღაზის სექტორში დაშავებული ბავშვები სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ. ბავშვების ჯგუფის გადაყვანა იმ დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზის სექტორიდან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას გეგმავს.    

მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურს ქართული მხარე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანიასთან ერთად ააშენებს

ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა’’ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის დასრულების შემდეგ ,,მასდარის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის პირველმა მოადგილემ,  რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. მისივე თქმით,  უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის  პერსპექტივები. ,,მასდარის“ დირექტორის,  მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით, პროექტი, რომელსაც კომპანია საქართველოში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია. „მასდარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი კომპანიაა განახლებადი ენერგიის სექტორში. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებია თქვენს ქვეყანაში. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის გამომუშავების პროექტის განხორციელების მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და რაც მთავარია, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივას ვხედავთ,“- აღნიშნა ,,მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.  

BRICS-ს ხუთი ახალი სახელმწიფო შეუერთდა

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას პირველ იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ეს ქვეყნები 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს. BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი მოდის. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს. აქამდე BRICS-ში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.  

აზერბაიჯანი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები განახლებადი ენერგიის სფეროში ერთობლივ პროექტს იწყებენ

აზერბაიჯანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანში მზისა და ქარის სადგურის სამი ძირითადი პროექტის (1 გვტ სიმძლავრის) მშენებლობის ითვალისწინებს. იუწყება Euronews-ი. პროექტები მოიცავს 445 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ბილასუვარში, 315 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ნეფჭალაში და 240 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს აბშერონ-გარადაღში. მოსალოდნელია, რომ ქარხნები გამოიმუშავებენ საშუალო წლიურ ენერგიას 2 მილიარდ 3025 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიით, რაც თავის მხრივ, დაზოგავს 496 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს წელიწადში და ხელს უშლის 943 ათას ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფას.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტები - პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარე, შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი. „ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, თურქეთმა, აზერბაიჯანმა და ჩინეთმა, ვენესუელამ მიულოცეს. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მეთიუ მილერი საქართველოს არჩევნებზე: გვინდა, გამოძიება ვნახოთ, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ ბორელი: გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ ევროკომისიის, ევროკავშირის მინისტრების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და NATO-ს პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რას პასუხობენ სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვას, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე         პრეზიდენტის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია