თეგი: ასლან ბჟანია

ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე შეწყდა. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკი გახდა, რომელიც რუსეთის მფლობელობაში გადადის და ამ ფაქტს აფხაზეთის საზოგადოება  არ ეთანხმება. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ  დე ფაქტო პრეზიდენტს წლის დასაწყისში ხელმოწერილი განკარგულების შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ გადაცემას შეეხებოდა. ბჟანიამ პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“. ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შემდეგაც ასლან ბჟანიამ შეხვედრა დატოვა. ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.   

ასლან ბჟანიას თქმით, აფხაზეთი მზადაა, ბელორუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთი მზადაა, ბელორუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს“. ბჟანია ამბობს, რომ „საკავშირო სახელმწიფოს იდეა ახლოსაა აფხაზეთის მოსახლეობასთან“ და ის „შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს“. გარდა ამისა, ბჟანიას თქმით, აფხაზეთს სჭირდება „ძლიერი ალიანსი რუსეთის ფედერაციასთან“. „ცხადია, ერთპოლარული სამყარო დაინგრა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია (ამაში დარწმუნებული ვარ) წარმატებით დაასრულებს სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, სულ სხვა რეალობა იქნება. რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ხალხისთვის აშკარა იქნება, ვინ არიან ნამდვილი მოკავშირეები, რომლებიც ამ რთულ დროს მართლაც ახლოს იყვნენ და ამ ფაქტებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ჩვენ შევქმნით საკავშირო სახელმწიფოს გარკვეულ მონახაზს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა მან. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელორუსის ხელმძღვანელობასთან. მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, როგორც კი მიხვდება ამ ნაბიჯის აუცილებლობას და ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, მაშინ შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღოს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლი არ გაუგზავნის „სიგნალებს“ ალექსანდრე ლუკაშენკოს, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ანექსირებული ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარების შესახებ. აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  Twitter-ზე ოკუპირებულ აფხაზეთში, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა.  „მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - წერს ღარიბაშვილი. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.  

ასლან ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე: იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე

ბიჭვინთაში, თვითაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას და ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვიზიტი შეფასა. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ეს იყო ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტის დიდ იმედებს ვამყარებთ. დარწმუნებული ვარ, ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. განვიხილეთ არაერთი ეკონომიკური საკითხი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელორუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ ბელორუსის რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხზე, დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა: „ბელორუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრს ამბობს - რომ ჩვენი დღევანდელ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. დღეს ღამით ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთი დატოვა.  

ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკანშენკოს ჩასვლის გამო, ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად დაიბარეს

საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელორუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბელორუსის ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა.  

დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთი ფინანსურად ვეღარ დაგვეხმარება - ბჟანია

„რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“ - ხსენებული განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გააკეთა. ბჟანის თქმით, შეიძლება ისეც მოხდეს, ძალოვანმა სტრუქტურებმა ნორმალურად ვეღარ იფუნქციონირონ იქედან გამომდინარე, რომ ორი ათას რუბლზე მუშაობას ბევრი არ დათანხმდება.“ „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამართალდამცავი სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასები რუსეთის მიერ არის დაფინანსებული. რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია  ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“ ბჟანიას თქმით, სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობის შესახებ შესაბამისი კანონის დამტკიცება, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. „არავის ვაშინებ, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს. ჩვენ განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია, ამიტომ სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ 30-40-ჯერ მეტი უნდა აშენდესმ,"- განაცხადა კუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ბჟანია საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ოკუპირებულ აფხაზეთში იწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უმასპინძლოს Astoria Grande-ს. მან პირობა დადო, რომ „რუს ტურისტებს თბილად დახვდებიან.“ „რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება,“ - განუცხადა ბჟანიამ TASS-ს, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე კომენტირებისას. გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა. ლაინერი მარშრუტზე სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი მოძრაობდა. საქართველოში ლაინერის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.   „Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერი ბათუმში რეისებს შეწყვეტს, რადგან მხოლოდ ორი რეისი იგეგმებოდა და ეს რეისები უკვე შესრულებულია,“ ამტკიცებს RBC-სთან საუბარში Miray Cruises-ის პრესსამსახური. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმი ამოღებულია Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერის მარშრუტებიდან.  

მედიის ცნობით, ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერს, ასლან ბჟანიას, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის“ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და აუცილებელი გამოკვლევა უტარდება. 2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.  

ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. ბჟანიას პრესსამსახურის თანახმად, „საფუძვლიანი დიაგნოსტირების შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.“ სარეაბილიტაციო პროცესის გავლის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს, ის მოსკოვში მივლინებას გააგრძელებს  

ბჟანია: საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს „პრეტენზია საქართველოს მიმართ“. ამავდროულად, ასლან ბჟანიამ განაცხადა: „ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, დავთმოს ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის.“ „რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას," - განაცხადა ბჟანიამ. ასლან ბჟანია უკმაყოფილოა იმით, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე ყოველწლიურად ტარდება. ის აცხადებს, რომ „სარწმუნოდ იცის“, რომ ამ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი „გროვდება“. „ეს ახლაც ხდება - გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ. და ჩვენ ვგეგმავთ რეაგირებას," - აღნიშნავს ბჟანია. დე ფაქტო ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელორუსის "საკავშირო სახელმწიფოს „შეუერთდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ შემთხვევაში მოხდება.  

ბჟანია: რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“ მონაწილეობა სურს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო, ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. აუდიენცია 4 ოქტომბერს კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარე საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსში“ გაიმართა. კონკრეტულად რომელ „ინტეგრაციულ პროცესებში", გაურკვეველია კრემლის ოფიციალურ საიტზე გასულ ღამით გამოქვეყნებული სტენოგრამიდ რადიო თავისუფლების ცნობით, პუტინმა ბჟანიას „აფხაზეთის „აღიარების, გამარჯვების და დამოუკიდებლობის“ დღეები მიულოცა. პუტინის თქმით, „სიტუაცია კარგად ვითარდება“, „შარშან „აფხაზეთთან სავაჭრო ბრუნვამ“ 73% შეადგინა, 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს და გრძელდება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.“ კრემლის ცნობით, მიხედვით, ბჟანიამ პუტინს მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთთან ურთიერთობებს „დამატებითი იმპულსი მიეცა“ და „მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი“, რომელიც „აახლოებს პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში“. ბჟანიამ „დიდი ნაბიჯი“ უწოდა ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „აფხაზეთის მოქალაქეები“ რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. თავის მხრივ, ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის განთავსების გეგმის შესახებ განაცხადა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რაიონში,“ - განაცხადა ბჟანიამ. ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.  

ბჟანია: ვიმდოვნებ, საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, ზელენსკი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და „დასავლეთი მათზე ან დუნედ, ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებით მსგავს შეხედულებებს იზიარებენ.“ „ეს განცხადება იმას მოწმობს, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფიის გაფართოებას და რუსეთის გარშემო არასტაბილურობის დამატებითი სარტყლის შექმნას... იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს,“ - განაცხადა ბჟანიამ. „ინტერფაქსის" ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“ მუდმივად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მოქმედებს „მოკავშირეებთან ერთიანი ფრონტით“.  

ასლან ბჟანია: აფხაზეთისთვის რუსული ფულადი დახმარება მცირდება

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა.  ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის მიერ დაფინანსების მოცულობა თანდათან მცირდება. „თუ შევადარებთ საინვესტიციო პროგრამის მოცულობებს, დღეს ის ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ათი წლის წინ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მადლიერი ვართ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისა. ეს ძალიან არსებითი წვლილია აფხაზეთში, თუმცა, უნდა ვისწავლოთ, დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ,” - განაცხადა ბჟანიამ. ბჟანია: ვიმდოვნებ, საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს  

ბჟანია: იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულობას გამოიჩენს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა. ბჟანიას თქმით, უკრაინას სურს, რუსეთისთვის "დესტაბილიზაციის სარტყლის" შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას. „ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს ცხადია, სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპონ,“ - განაცხადა ბჯანიამ. ბჟანიას იმედი აქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიჩენს თავშეკავებას და პრაგმატულობას, რადგან არ ჰგონია, რომ მათთვის ახლა ომი იყოს სარგებლის მომტანი. „აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების, ასევე ჩვენი მოკავშირეების მიერ," ამბობს რუსეთის მარიონეტი ბჟანია. შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს გაგლოევის შემდეგ, ბჟანიაც აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეიდენტი ასლან ბჟანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს აკრიტიკებს. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი ხელმძღვანელობა, დასავლეთის გავლენით, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეულ გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების უფლების შესახებ. „თავის ბოლო განცხადებაში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცალსახად დაუჭირა მხარი „საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ფაქტს. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, შევახსენოთ პრემიერ ფაშინიანს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს მთელ სომეხ ხალხს, რომლის ნაწილმაც საკუთარი წვლილი შეიტანა აფხაზეთში წარსულში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების მიმდინარეობისას. დღეს სომხური თემი აფხაზეთში წარმოდგენილია ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებში, სომხური ენა და კულტურა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია, თავისუფლად ფუნქციონირებს სომხური ეკლესიის სტრუქტურები. აფხაზეთში სომხებს აქვს ყველაფერი ის, რისი გარანტიებიც ვერ მისცა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებს, რომლებიც მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის ნგრევისა და სამშობლოს მასობრივად დატოვების ტრაგედიის პირისპირ აღმოჩდნენ. მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, უარი თქვას ინდოქტრინირებული რიტორიკისგან და საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ფაქტიური მდგომარეობა გაითვალისწინოს,” ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში. ფაშინიანი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს უფრო ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს და სამხრეთ ოსეთის ხალხს მისი აზრი არ აინტერესებს.  

ბჟანია: დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ, თბილისში

ე.წ. პრეზიდენტის, ასალან ბჟანიას აზრით, „აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია.“ ის ამტკიცებს, რომ „დასავლეთს, რომელსაც წარმოადგენს შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები, არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად.“ „მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელოობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს," - განცხადა ბჟანიამ. ბჟანიასვე მტკიცებით, „აფხაზეთმა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი კურსი და მოკავშირეები, უნდა ეცადოს გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებაზე და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე.“   ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 დეკემბერს ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს "აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები".

სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს შეიცვლება მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთზე იურისდიქციას აღადგენს,“ – წერს ნიკოლოზ სამხარაძე. ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა  

ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა „დაამტკიცა.“ „მოხდეს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ, მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება,“ - ნათქვამია ე.წ. დოკუმენტში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა  

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში, ე.წ. პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი შეიტანა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“. „კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელი რეაქციას,“ - ნათქვამი განმარტების დოკუმენტში. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება, აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე, ფიზიკური პირები. თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფიზიკური პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს იმ სახელმწიფოებისგან (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), რომლებმაც ეს რეგიონი დამოუკიდებლად ცნეს, ან იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ამ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებული, მაშინ ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ შესაბამისი პირი „უცხოეთის აგენტად“ იქნეს შერაცხილი. პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს და არ განაცხადებენ შესაბამის რეესტრში თავისი „უცხოეთის აგენტად“ შეტანის შესახებ, პასუხისგებაში იქნებიან მიცემული შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და დაისჯებიან დადგენილი წესით.  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ.“ „თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არამეგობრული ქვეყნები ავლენენ. ამაზე ღიად ვლაპარაკობ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც აზიანებენ ურთიერთობებს, ჩვენს პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირესთან,“ - აღნიშნა ბჟანიამ. მისი თქმით, ბოლო წლებში „მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური ხასიათის ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, რომელმაც შესაძლოა, ბევრი სახელმწიფოს კონტურები შეცვალოს.“ „ბევრ ადგილას საბრძოლო მოქმედებებია, აღარ არსებობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლიც 30 წელზე მეტხანს არსებობდა,“ - დაამატა ბჟანიამ. ე.წ. ოპოზიციურ პარტიაში - „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“ განაცხადეს, რომ ბჟანიას სიტყვები „თითქოს, აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ ძალებზე, სერიოზულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც დროის გამოცდას ღირსეულად გაუძლო.“ „ეროვნული ერთობის ფორუმი მსგავს განცხადებებს განიხილავს, როგორც სპეკულაციურ რიტორიკას, რომელიც ხელს არ უწყობს ქვეყანაში ისედაც დაძაბული მდგომარეობის სტაბილიზაციას.“ ბჟანიამ, „პარლამენტში“ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტიც შეიტანა.  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია რუსულ სააგენტო ტასსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმში დაინტერესებული არიან „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით.“ „მთლიანობაში ჩვენი სურვილი იქნებოდა, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა. ამის თქმა შემიძლია, ჩვენ საქართველოს ხალხთან არავითარი ანტაგონიზმი არ გვაქვს, ჩვენ პრეტენზიები გვქონდა მათთან ვინც ეს ომი გააჩაღა და მათთან, ვინც ამ ომში მონაწილეობდა. ამან შეცვალა ყველაფერი საფუძვლიანად,“ - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. ბჟანიას თქმით, დღეს „არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, დამოუკიდებლობა, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიერ.“ „ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივსდევთ. ამასთან დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით, ეს ერთი ამბავია, მეორე ამბავი ისაა, რომ გვესმის, ეს რამდენად არაა მარტივი. მაგალითად ავიარეისები, რომელიც სალონიკიდან (საბერძნეთი) სტამბოლში (თურქეთი) სრულდება, წერენ სალონიკი-კონსტანტინოპოლი, იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი იყო, მაგრამ ის ახლა ასეთი აღარაა, იყო ასე მაგრამ შეიცვლა, როდესაც ამას გაიგებენ საქართველოს ხელმძღვანელები, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას შეიძენს,“ - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა. ბჟანიამ კვლავ ისაუბრა საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ მიდგომაზე.“    

ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას თქმით, USAID-ის აკრძალვა რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორობის" ვალდებულებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.“ ბჟანიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების წერტილი კიდევ უფრო მაღალზე უნდა იყოს, რადგან ეს არის აფხაზეთის ხალხის ფუნდამენტური ინტერესი.“ „თუ USAID-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდანაა აკრძალული...ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, საქმიანობის უფლება მივცეთ რუსეთისადმი არამეგობრულ, მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, აქ აფხაზეთის ტერიტორიაზე?“- განაცხადა ბჟანიამ, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას მიმართა. „ასეა საჭირო ინალ, მკვეთრი საუბარი. დიპლომატიური ენა, რასაკვირველია მოსაწონია და მაგრამ ყოველთვის როდი ესმის საზოგადოებას და ჩვეულებრივ ხალხს. თუ ჩვენ მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს ჩვენ გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს,“ - განმარტა მან. გასული წლის ბოლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ USAID-ის პროექტები აკრძალა. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი, ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს, მოაწერა. 33 წლის „მინისტრის" გადაყენების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას. ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ინიცირებული „აგენტების კანონის" აქტიური მხარდამჭერია.  

ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებმა ნიკოლას მადუროს „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს. ბჟანიას განცხადებით, „მადუროს წარმატება არჩევნებში, ხალხის მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის დადასტურებაა.“ შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ აღიარა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა. თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მადუროს მაღალი ავტორიტეტი და მისი წამყვანი როლი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ასახავს ხალხის ნებას.“ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა. ეს მადუროს მესამე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა იქნება. ზოგადად კი, „ბოლივარი სოციალისტები“ ვენესუელას 25 წელია, უწყვეტად მართავენ. ოფიციალურად, ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტს ხმების 51 პროცენტზე მცირედით მეტი აქვს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს  - ედმუნდო გონსალესს - 44 პროცენტი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შედეგები, ისევე როგორც 2018 წლის ბოლო არჩევნებში, გაყალბებულია. ამერიკული Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო გამოკითხვებმა და ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა 30%-ზე მეტი სხვაობით გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიეცათ. არგენტინამ, პერუმ, ჩილემ, ურუგვაიმ და პანამამ უკვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა "სერიოზული შეშფოთება" გამოცხადებული კენჭისყრის შედეგების გამო და ეჭვი, რომ ისინი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას. ბრაზილია გაეროს სთხოვს, გამოიძიოს შესაძლო გაყალბება.  მადურო, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა თავისი ქვეყანა სრულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსამდე, რუსეთის დიდი მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება.  ბოლო 14 წლის განმავლობაში, 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა - ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედმა უკვე დატოვა ქვეყანა. ამ ათწლეულის დასაწყისისთვის, სიღარიბის დონე იმდენად გაიზარდა, რომ ვენესუელა გახდა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.  

ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობა“ დატოვა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ წასვლას დასთანხმდა. მისი ე.წ. პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ „გადადგომა გადაწყვიტა“ „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით.“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტი" ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა, „გადადგეს,“ 19 ნოემბერს კი, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას. დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, თუმცა ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, „გადადგეს“, თუმცა ამისთვის პირობას აყენებს