თეგი: საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრი იქნება ლევან დავითაშვილი, მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შეუნარჩუნდება. ოთარ შამუგია იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. პრემიერმა ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა. „რჩება ჩვენი გუნდის წევრად, მას თავის გეგმები აქვს და ამის შესახებ თავად მოგახსენებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული წესები, რომელთა მიხედვითაც პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აიკრძალა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგულაციების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ტარების უფლებით რეგისტრაციას ექვემდებარება ის სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე მეტია ან იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 60 სმ-ს. ასევე, დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. „საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავების სასროლი ბურთულების პნევმატური იარაღი (paint ball). ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დეტალურად გაიწერა პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესი. კერძოდ: - რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; - მოქალაქე ვალდებულია, პნევმატური იარაღი შეინახოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გამოირიცხოს მასთან გარეშე პირთა დაშვება; - პნევმატური იარაღის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და აღნიშნულ იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი; - პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ჭურვებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში; - ტარების ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (ტირი, სასროლეთი, ნადირობისთვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება
ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, – ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც პასუხობენ მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას. „საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში“.
საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„, კომპანია Todini-სთან, Astald-თან და „მაგთის“ ამერიკელ მფლობელთან დავების იურიდიულ მომსახურებაზე ₾135 მილიონი დახარჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიშის თანახმად 2017-2021 წლებში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვა საქართველოს ბიუჯეტს 135 მლნ ლარი დაუჯდა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში 96 მსხვილი კონტრაქტი, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან გაფორმდა. კვლევის თანახმად, კონტრაქტების 85% სამ უცხოურ კომპანიაზე მოდიოდა. ესენია: ამერიკულ კომპანია White & Case - 81 მლნ ლარი, ინგლისური კომპანია Hogan Lovells International - 23 მლნ ლარი და ამერიკულ-ინგლისური კომპანია Gaillard Banifatemi Shelbaya - 11.5 მლნ ლარი. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, Hogan Lovells International 2020 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანიაა. ანგარიშის მიხედვით, კომპანია „ფრონტერასთან“ დავის იურიდიული მომსახურებისთვის სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ კომპანია Hogan Lovells International-ს 20 მლნ ლარი გადაუხადა. სახელმწიფოს, 18 მლნ 200 ათასი ლარი დაუჯდა კომპანია Todini-სთან გზების მშენებლობის თაობაზე მიმდინარე დავა. იუსტიციის სამინისტრომ, იურიდიული მომსახურება კომპანია White & Case-სგან შეისყიდა. სამინისტრომ ამავე კომპანიას 12 მლნ 800 ათასი ლარი ჩაურიცხა, კომპანია Astald-თან გზების მშენებლობის თაობაზე მიმდინარე იურიდიული დავის მომსახურებისთვის. 8 მლნ 400 ათას ლარი კი იუსტიციის სამინისტრომ Gaillard Banifatemi Shelbaya-ს გადაუხადა, კომპანია „მაგთის“ მფლობელ ამერიკულ კომპანიებთან Telcell Wireless-სა და International Telcell Cellural-თან არსებული საარბიტრაჟო დავის გამო. სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ არსებული საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. იურიდიული მომსახურება იუსტიციის სამინისტრომ ამჯერადაც კომპანია White & Case-სგან შეისყიდა. იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა. უწყებამ ბოლო 5 წელიწადში 82 მლნ 200 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 14 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა პირდაპირი შესყიდვის გზით. შემდეგ მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც 22 მლნ 5 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 19 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. 21 მლნ 300 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტით კი მესამე პოზიციაზეა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". კვლევის თანახმად, 2017 წლამდე იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო - 2011-2016 წლებში გაფორმებული 32 მსხვილი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს არ აღემატებოდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა
საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძის დანიშვნის შესახებ იუწყება. რევაზ ჯაველიძე დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. „სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე - მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე. რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია. მან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე. „დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს - კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს
„ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას. ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომელ ელჩს ვინ სად დანიშნავს. ამ ყველაფერზე კომენტარებს უთუოდ გავაკეთებ, როდესაც თბილისში ვიქნები და არა მაშინ - როდესაც ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს გზა გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშილმა. პრეზიდენტი იტალიაში ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
საქმეს - „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს - „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ განიხილავს. საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა. „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმმა მიიჩნია, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დავის საგანია საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმციით, თავდაპირველად ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროპელი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, აგრეთვე რეგიონში არსებული ვითარების ფონზე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს 23 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენიდან 3 ათწლეულის განმავლობაში, გარდამავალი დემოკრატიის პირობებში. „პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ, როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ასევე ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით. „შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), ისევე როგორც 2021-2027 ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარულ, ისე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი ყველა შესაბამის ფორმატში დააყენებს აღნიშნულ საკითხს. აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და ერთგული კონტრიბუტორი მიმდინარე ოპერაციებში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოზე. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპარლამენტის მხრიდან - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და კომიტეტის წევრები - ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იტალიური კომპანია "Demaclenko" საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
იტალიური კომპანია "Demaclenko" საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ განცხადებას "Demaclenko" ავრცელებს. იტალიური კომპანია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეიმ" ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟის შესახებ 90.5-მილიონიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკვალიფიკაცია მოყვა. "საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის განკარგულებით საბოლოო ლეგიტიმაცია მიეცა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევებით ჩატარებულ განსაკუთრებით დიდი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცესი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანია შპს "ემ თი ეიმ" წარმართა. საქმე ეხება ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩასატარებლად გათოვლიანების სისტემის შეძენა-მონტაჟს. აღნიშნული მიზნით, სავარაუდო კორუფციული სქემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან იგეგმებოდა 137,828,652.00 ლარის გადახდა, რაც დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 47 მილიონი ლარით აღემატებოდა პროექტის რეალურ ღირებულებას.სახელმწიფო შესყიდვის პროცესში უხეშად დაირღვა როგორც საქართველოს მოქალაქეთა (გადასახადის გადამხდელთა), ასევე იტალიური კომპანია "დემაკლენკოს“ უფლებები, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მონტაჟის სფეროში მსოფლიოში არის ცნობილი და საქართველოშიც აქვს განხორციელებული რამოდენიმე წარმატებული პროექტი.გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:1. „დემაკლენკომ“, კონკურენტ კომპანია ,,ტექნოალპინთან“ შედარებით, წარადგინა 45 მლნ ლარით იაფიანი შეთავაზება. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში, გაურკვევლი და კანონით გაუთვალისწინებელი პროცედურით მოხდა ტექნოალპინის შეთავაზების შემცირება. შემცირების მიუხედავად, დემაკლენკოს შეთავაზება სახელმწიფო ბიუჯეტს მაინც ბევრად ნაკლები თანხა უჯდებოდა, თუმცა გამარჯვებულ კომპანიად მაინც „ტექნოალპინი“ გამოცხადდა;2. „დემაკლენკოს“ აქტიურობამ და მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა იძულებული გახადა შპს ,,ემ თი ეი“, საქართველოს მთავრობა და „ტექნოალპინი“ მთლიანობაში დაახლოებით 47 მილიონი ლარით შეემცირებინათ 137 მილიონ ლარიანი შესყიდვა;3. ცალსახაა სერიოზული გადაცდომები პროექტის მომზადების პერიოდში, რომლის ტექნიკური პარამეტრები მიზანმიმართულად მთლიანად მოერგო კონკურენტ Technoalpin-ზე.4. 2018 წლიდან ოფიციალურად არის ცნობილი, რომ 2023 წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. შესაბამისად, ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები: რატომ ჩატარდა არაკონკურენტული, არაგამჭვირვალე, დაჩქარებული შესყიდვა გამარტივებული წესით? შესყიდვის ეს ფორმა იმთავითვე ხომ არ იქნა დაგეგმილი კორუფციული სქემების გაადვილების მიზნით?5. აღნიშნული შესყიდვის პროცესში დაირღვა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ყველა ძირითადი პრონციპი:ა) ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებუელბად განისაზღვრა ობიექტურ ღირებულებაზე 47 000 000 ლარით მეტი ფასი.ბ) ჯანსაღი კონკურენციის განვითარება - ელექტრონული ტენდერის ნაცვლად ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა;გ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა - უპირატესობა მიენიჭა კომპანიას, რომელზეც იმთავითვე იქნა მორგებული შესყიდვის პირობები;დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა - შესყიდვის პროცედურა არ ჩატარდა საჯაროდ და გამჭვირვალედ.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია Demaclenko:1. სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვს შპს ,,ემ თი ეი“- სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროთ 11 699 870 ლარის გადახდა;2. მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით;3. წერილობითი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს;4. მიმართავს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს;5. გამოიყენებს სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს საკუთარი უფლებების დასაცავად.კომპანია Demaclenko-ს ინტერესებს ,,კოჟორიძე და იურისტები“-ს ადვოკატები დაიცავენ", - ნათქვამია განცხადებაში.
პიტერ სტანო: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ანაკლიის პორტი ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია
იმ ახალ რეალობაში, რომელიც მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა, ანაკლიის პორტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის დასავლური კაპიტალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ მოხდება ევროპული ან ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით, ეს ძალიან კარგი იქნება. ერთი მხრივ, ეს გაზრდის ჩვენს რეგიონულ მნიშვნელობას. მეორე მხრივ, დააახლოებს საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამერიკული კაპიტალი არის ორმაგად საინტერესო, რადგან ის არის გაცილებით სანდო, ვიდრე რუსული კაპიტალი ან აქამდე შემოსული ინვესტიციები. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური კაპიტალი გაჩნდეს, რადგან ეს კაპიტალი მოდის იმ სახელმწიფოებიდან, სადაც ბიზნესეთიკა და კანონის უზენაესობა განსხვავებულ დონეზეა, - ამბობს გობრონიძე. მისივე თქმით, სახელმწიფომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში, რუსეთთან არსებული კონფორნტაციის ფონზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებზე რუსული კაპიტალის შემოდინება არ მოხდეს. „რუსულ კაპიტალს თან ახლავს რუსული ბიზნესეთიკა, რომელიც კორუფციული სახელმწიფოსა და ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე რუსული კაპიტალი არ უნდა იყოს მიმზიდველი. დასავლური ინვესტიციები მაღალი სტანდარტის გარდა, საქარველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვისაც საინტერესოა“, - ამბობს გობრონიძე. „ევროპული კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებულები“, - ეს განცხადება მედიასთან გასულ კვირას საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. მანამდე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცახდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს როგორც აშშ-დან ისევე ევროკავშირიდან. ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატიკური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობაა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით“, - განუცხადა Europetime-ს ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. „ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას ვიღებთ“, - ამბობს დემურ გიორხელიძე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, ხელშეკრულების გაწყვეტიდან, თითქმის ორი წლის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს სახელმწიფო ააშენებს. რა მოცულობის კაპიტალს დააბანდებს სახელმწიფო ამ პროექტში, არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის“ 2 მილიონ 850 ათასი ლარია გამოყოფილი. 2021 წლის ფაქტით ამ პროგრამაზე მილიონ 288 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2020 წელს-703 ათას ლარზე მეტი. „ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს. „მსოფლიოში არის პრეცედენტები, როცა პორტებს სახელმწიფო ფლობს. მაგალითად, ყაზახეთის აქტაუს პორტი, მაჰაჩყალის პორტი, თურქმენბაშის პორტი და ბაქოს პორტი სახელმწიფო საკუთრებაა“, - ამბობს Europetime-თან ინტერვიუში „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს სურვილი ექნება, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი აღნიშნავს, რომ არის სხვა მოდელებიც, როცა სახელმწიფო, პორტებში მხოლოდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს ფლობს, ხოლო დანარჩენ ოპერაციებს კერძო სექტორი ასრულებს. „მაგალითისთვის გამოდგება ამსტერდამისა და როტერდამის პორტები, სადაც ჰიდროტექნიკური შენობები, ქალაქის მერიის საკუთრებაა“. „მსხვილი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლი, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონკურენტული გარემო და ამა თუ იმ სექტორის კონკურენტუნარიანობას ხელი შეეწყოს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისივე თქმით, ესაა მთავრობის მკაფიო ხედვაა, რომელსაც უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იზიარებენ, რადგან „კონკრეტული ფლაგმანი პროექტები ცალკე განხილვის საგანია“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტში 49%-ის მფლობელი კერძო სექტორი იქნება. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობა კაპიტალის მოზიდვის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს. „საარბიტრაჟო დავა რომელიც მიმდინარეობს, არ ეხება პროექტს, ეს არის სახელმწიფოსთან დავა, შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან. შესაბამისად, ჩვენ არ დაველოდებით გადაწყვეტილებებს და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ“, - აცხადებს დავითაშვილი. ლევან დავითაშვილის თქმით, პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ანაკლიის პორტი - შუა დერეფანი და „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ახალ რეალობაში ევროკავშირის ფოკუსშია და გარკვეულწილად, მისი სიმძლავრეების განვითარება, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის შექმნაზეა დამოკიდებული, (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ამ დერეფნის გაძლიერებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ანაკლიის პორტს, რადგან გაზრდილი ტვირთნაკადის პირობებში, რომელიც შუა დერეფანში ფორმირდება, ბათუმისა და ფოთის პორტების სიმძლავრე არ ჰყოფნის. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გაძლიერებისთვის, ამ მიმართულების ერთ-ერთი მოთამაშე ყაზახეთი ინვესტორებს ეძებს. ხოლო თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. პროცესში ჩართულია საქართველოც. „ბაქო-თბლისი-ჯეიჰანის“ მილსადენით, ყაზახური ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო. ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ზაფხულში, ჩინეთმა რუსეთში თავისი გლობალური პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა. მანამდე რუსეთი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. 2021 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ პროექტის ფარგლებში $2 მილიარდის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა. ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის. ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის სახელითაა ცნობილი. „რათა ამ ვითარებაში გადარჩეს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში ჩინეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს და ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს“, - ამის შესახებ რუმინეთის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ბრინზამ განაცხადა, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს სწავლობს. შუა დერეფანთან მიმართებით, ინტერსებზე მედიასთან კომენტარი საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმაც გააკეთა. მისი თქმით, შუა დერეფნის კონცეფცია, ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას სრულად შეესაბამება. „ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ვითანამშრომლოთ შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში“, - ამბობს ჭოუ ციენი. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან ამბობს, რომ საქართველოსთვის ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა საინტერესოა და რუსეთთან შედარებით, ანალოგიურ რისკებს არ შეიცავს. „ბუნებრივია, რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარე სახეზეა კონკურენცია. საქართველო ვერ იქნება ვერც რუსული და ვერც სხვა ინტერესების გამტარებელი. როცა ჩვენს რომელიმე სტრატეგიულ პარტნიორს თუ არ სიამოვნებს რეგიონში ჩინეთის ინტერესები, ალტერნატივა უნდა შემოგვთავაზოს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე. ანაკლიის პორტი - პრეისტორია ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის 24 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნეს. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წელს დატოვა. 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ, (ამ დროს პრემიერი გიორგი გახარიაა) განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტდა. ცნობილია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა. კონსორციუმის შემადგენლობაში შედიოდა Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას ამ დროისთვისაც აწარმოებენ. 2022 წლის აგვისტოში, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ გამარტივებული შესყიდვის გზით 1 მილიონ ლარს „ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებაში“ დახარჯავს. მანამდე, კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებს. შავი ზღვის აკვატორიაში ღრმაწყლოვანი პორტები აქვს რუმინეთს (კონსტანცას პორტი), ბულგარეთს (ბურგასი), უკრაინას (ოდესის პორტი, ილიჩევსკი და იუჟნი), თურქეთის (ერდერიმი და რიზე), ხოლო რუსეთს (ტუაფე და ნოვორასიისკი) და ტამანის პორტი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პორტი აფხაზეთის საზღვართან მდებარე ანაკლიაში, 400 ჰექტარ ფართობზე უნდა აშენებულიყო. ეს პორტი მოემსახურებოდა ყველაზე დიდ, პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას, ექსპერტები სამ მიმართულებას ასახელებენ - ესაა ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა.
ცნობილია, 2023 წელს მოსახლეობის რომელ ჯგუფებს დაუფინანსებს კომუნალურ ხარჯებს მთავრობა
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას 2023 წელსაც განაგრძობს. ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი დაუფინანსდებათ. „სოციალური მიმართულებით ყველა ის პროგრამა, რაც მოქმედებდა ამ დრომდე, შენარჩუნებულია. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირების კომპონენტი, რომელიც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, დაახლოებით 12 თეთრამდე უსუბსიდირდებათ 1 კვტ/საათზე ტარიფი, ხოლო 70-150 ათასი ქულის მქონე ოჯახებში, სუბსიდირება მოხდება 3.5 თეთრის ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა.
საქართველოს მთავრობა UNICEF-ის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს
საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის. შესაბამის ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. „470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის პირველ მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ინფორმაციისთვის, გასული წლის პირველი აგვისტოდან უკრაინიდან დევნილი ოჯახები საქართველოს მთავრობისგან ყოველთვიურად 300-ლარიან დახმარებას იღებენ, რასაც ოჯახის თითოეულ წევრზე 45-ლარიანი დახმარება ემატება. თბილისში მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება უფასოა.
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დავოსში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სასტუმროების და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს საქართველოს მდიდარი რესურსებისა და დიდი პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კატარის საინვესტიციო საზოგადოება კატარის სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც შიდა და უცხოურ ინვესტიციებზეა სპეციალიზებული. ჰოლდინგი 2005 წელს დაარსდა აქტივების დივერსიფიკაციის გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით. 2021 წელს კატარის საინვესტიციო საზოგადოებას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა. ჰოლდინგის წარმომადგენლები გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდნენ.
მთავრობის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა და მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს.„პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მოადგილეებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და რომელსაც სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს.აღინიშნა, რომ კონსორციუმის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, 49%- ზე კი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში 7,8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს“, - წერია გავრცელებულ პრესრელიზში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. 2023-01-19 18:17:00 ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება - მთავრობის სტრატკომი
მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება, - მთავრობის სტრატკომის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. „განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, - მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას". პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში. პრემიერ-მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ „ფეიკნიუსების“ საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,-აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.
"მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის - ჰერითიჯ ფაუნდეიშენის კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. "2023 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს. საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:• Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა);• Risk of bribery (მექრთამეობის რისკი);• Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests. (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის).2022 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. შედარებისათვის, 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა", - აცხადებს მთავრობა.
„გარდაბანი 3“-ის მშენებლობის დასაწყებად აუქციონი გამოცხადდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდება, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თბოსადგურის ასაშენებლად აუქციონის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. „მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა. მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიახლის შესახებ მედიასთან დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური პირობები განსაზღვრა. „ინვესტორის შერჩევის მთავარი პირობა ასევე იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი 1 მგვტ-სთვის. იცით, რომ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად და იმისთვის, რომ ელექტროენერგია რაც შეიძლება, დაბალ ფასად მივიღოთ, გვინდა, ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. ეს ის პარამეტრებია, რომელიც ქსელის სტაბილურობისთვის არის განსაზღვრული. „როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმეთვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა. დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებების მისაღებად, აუქციონი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროცესს, სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით, კორპორაცია უხელმძღვანელებს“, – აღნიშნულია ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციაში.
მინდა, მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ - პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან
მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით მიმართვისას განაცხადა. „მიუხედავად იმისა, მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია. ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების თვალსაზრისით ყველა ნაბიჯს ვახორციელებ ამ მიზნების მხარდასაჭერად. ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია, ეროვნული შერიგება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ვამაყობ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ხელშეკრულება ბოლომდე რომ შესრულებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. სამჯერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეწყალებით იმისთვის, რომ შემსუბუქებულიყო პოლიტიკური დაძაბულობა და შეთანხმება, რათა დადებულიყო, ეს გადაწყვეტილება, იყო მაღალი პოლიტიკური ფასის გამომწვევი პოლარიზებულ ატმოსფეროში. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ იმ დროს, როდესაც წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, დისკრეციული უფლებამოსილება პრეზიდენტისა უნდა იყოს თანასწორად პატივმიგებული მცირე თუ დიდი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ და ჩემი კონსტიტუციური ვეტოს გამოყენებით, იმ კანონმდებლობის თვალსაზრისით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. შეიძლება, ჩემი ვეტო იყოს დაძლეული უმრავლესობის მხრიდან, მას მხარს დაუჭერს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რადგან ეს ეხება ძირითად პრინციპებს, რომლის ერთგულებიც ვართ ყველა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 3.4%-ით შემცირდა - მთავრობის ანგარიში
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა. აღმასრულებელი ხელისუფლება დასაქმების პოლიტიკაზე წლიურ ანგრიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს წარუდგინა. მთავრობის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. „უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა. პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტალიდან, სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელსაც (შესაბამისად, 47.4 და 28.3 ათასით). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების რაოდენობის ზრდით. მთავრობის ცნობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 8811 პირი სოციალურად დაუცველია. “2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით − 3 815 დასაქმდა, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება 609 პირმა აირჩია. ხელფასის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, 2022 წელს ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 6 შშმ სამუშაოს მაძიებელი. შემოსავლების სამსახურთან მოსარგებლეთა მთლიანი ბაზის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია – 3 684 მოსარგებლე. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების ფარგლებში, 2022 წელს სწავლა 1313-მა მოსარგებლემ დაასრულა, ხოლო 2023 წელს პირველ კვარტალში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების კომპონენტში 33 მიმწოდებელი ჩაერთო. სწავლების პროცესში ჩაერთო 563 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, სტაჟირების კომპონენტში 2022 წელს ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 283 სტაჟიორი, მათ შორის, 12 შშმ პირი. აღნიშნულის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია – 151 სამუშაოს მაძიებელი. საშუამავლო მომსახურების ფარგლებში 2022 წელს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 10 017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულია 671 სამუშაოს მაძიებელი. 2023 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 2716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი”, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის ანგარიში: საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი სრულად 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდება
საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი სრულად 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. „სისტემა ქვეყანაში შემომსვლელ/გამსვლელ პირებს აიდენტიფიცირებს, რათა გამოვლინდნენ ძებნილი, გაძევებული, ყალბი ან სხვისი სამგზავრო დოკუმენტებით მოძრავი პირები. პროექტი ტექნიკური ტესტირების ეტაპზეა და საჭირო ინვენტარის შესყიდვებისა და მონტაჟის ფაზაში გადავა. პროექტი სრულად ამოქმედდება 2023 წლის ბოლომდე, რაც სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება”, – აღნიშნულია ანგარიშში. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ანგარიშში საუბარია მგზავრთა წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავების კუთხით სრულად ამუშავებულ API/PNR სისტემაზე. `შესაბამისი დანაყოფი 24/7 რეჟიმში აკონტროლებს ძებნილ ან სხვა საინტერესო პირთა საქართველოში საჰაერო გზებით შემოსვლა-გასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურეები გადამზადდნენ აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში.ასევე, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულებების ფარგლებში, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა რეადმისიის განაცხადი 3 380 პირზე, აქედან დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 3 363 პირზე, ხოლო უარყოფითი – 17 პირზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია - მთავრობის ანგარიში
მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით. მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით, 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდა აღინიშნა. ასევე, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.1 მლრდ ლარით (96%), ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 0.5 მლრდ ლარით (13%) აღემატება. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.01 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაცემულ იქნა 857 მლნ ლარამდე ღირებულების 14 ათასზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტია”, – ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის ცნობით, 2022 წელს ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა. „საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 103 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია”, – აღნიშნავს მთავრობა.
საქართველო პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას წარმატებით უბრუნდება - მთავრობის ანგარიში
მთავრობის ინფორმაციით, საქართველო პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას წარმატებით უბრუნდება. აღმასრულებელი ხელისუფლება პალამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზე იყო ფრენების აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის 85%-იანი მაჩვენებელი. „მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 116%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი − 103%-ით. მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2022 წელს საქართველოს მიმართულებით, რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: კონდორი (Condor), ფლაიუან არმენია (FLYONE Armenia), ვარეშ ეარლაინზი (Varesh Airlines), ფლაიედილი (Flyadeal), არმენია ეარვეისი (Armenia Airways), პარს ეარი (Pars Air), საუთვინდ ეარლაინზი (Southwind Airlines), ეარ მოლდოვა (Air Moldova), ტაი ეარ აზია იქსი (Thai Air Asia X) და ფლაიარნა (FlyArna). 2023 წელს საქართველოს ბაზარზე შემოვა სანექსპრესი (Sunexpress). ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოდან დაბალბიუჯეტიანმა კომპანია „ვიზ ეარმა“ (Wizz Air) მოახდინა მეორე ხომალდის ბაზირება, ხოლო 2023 წლის ივნისიდან და დეკემბრიდან დაანონსდა ავიაკომპანიის მესამე და მეოთხე ხომალდების ბაზირებები“, – ნათქვამია დოკუმენტში. მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში, საშუალოდ, 350 რეგულარული რეისი სრულდება. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები შესრულდება 40-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 30-ზე მეტ ქვეყანაში კვირაში, დაახლოებით, 555 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ინსტიტუტებიდან $764 მლნ-ის რესურსი მოიძია - ანგარიში
საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 421 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მოიძია. მთავრობის ერთი წლის ანგარიშში თავმოყრილი ინფორმაცია 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა განვითარების პარტნიორთან პრიორიტეტული პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის. შეთანხმება გაფორმდა: გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). დოკუმენტის თანახმად, წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა დაახლოებით 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მოლაპარაკებები და კონსულტაციები დაწყებულია: გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB). საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების დასაფინანსებლად. წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა, მოლაპარაკება და კონსულტაციები გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB), დაახლოებით, 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი. 2022 ივნისში მიღწეულია შეთანხმება სავალუტო ფონდთან მხარდამჭერი პროგრამის − ე. წ. Stand by Arrangement პროგრამის დამტკიცების შესახებ, ხოლო 22 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA) პირველი მიმოხილვა დაამტკიცა, რის შედეგადაც, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარი. „მთავრობა აგრძელებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა პროგრამის ყველა პირობა. მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი და ინკლუზიური და ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორების მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერებს საძოვრები დროებით სარგებლობაში გადაეცათ
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 66 მიწის ნაკვეთი 45 ფიზიკურ პირს დროებით სარგებლობაში გადაეცა. როგორც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური მუშაობის შედეგად, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ნონოწმინდას, თეთრიწყაროს, გორის, ბორჯომის, დმანისის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ყვარლის, ასპინძის, მცხეთის, დაბა ასპინძის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მდებარე ჯამში 6467,4 ჰა საძოვარი ფერმერებს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ. საძოვრით სარგებლობის წლიურად გადასახდელი ქირა 81 665 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. მისი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარებია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. „სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის პირველი ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით. სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში. ამავე სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. „აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი,“ - წერია ინფორმაციაში. სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადების საკითხებზე.
მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი
მთავრობა განმარტავს, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს. ქვეყნებს შორისაა უკრაინაც. მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად. ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე. შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით იწყებს.
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ ინიციატივას. „დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს. სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს: სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება; საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციისა და პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. „მიგვაჩნია, რომ ხსენებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი: კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასის და 2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების, ეჭვებს. კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა - “ნოდარ მელაძის შაბათში” 2023 წლის 9 სექტემბერს გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები,“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საფარი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „დემოკრატიის მცველები“. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა. სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.
ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერისა და მინისტრების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო“, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიურომ, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ინფორმაციით, მათ შორის, ბიურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში, ასევე დაინტერესდება შემდეგი უწყებების დასაქმებულთა ქონებრივი დეკლარაციებით: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“; საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; კომუნიკაციების ეროვნული კომისია“; ცენტრალური საარჩევნო კომისია; „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორი“, „საქართველოს განვითარების ფონდი“, ეროვნული ბანკი, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; საპენსიო სააგენტო; სატყეო სააგენტო; შემოსავლების სამსახური; თვითმმართველი ერთეულების მერები.
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. პრემიერი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზე გააკეთებს. ბრიფინგის თემა ოფიციალურად დაანონსებული არ არის, თუმცა ამ ბრიფინგს წინ უძღვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება.
ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის გამარტებით, მან პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა, დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად, 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
ირაკლი კობახიძე: მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მინისტრები არ შეიცვლებიან და სპეკულაციებია ის, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი შეიცვლებოდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მან მთავრობის ყველა წევრს პოსტზე დარჩენა შესთავაზა. არის ერთადერთი გამონაკლისი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრმა სხვა სფეროში გადანაცვლება ისურვა. კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯუანშერბურჭულაძის არჩევანს პატივს სცემს. ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია
სამთავრობო პროგრამა პარლამენტს წარედგინა - რა წერია დოკუმენტში
სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით - “ევროპული სახელმწიფოსთვის“, დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ოთხი მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობაა. 73-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას. „2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა როგორც ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი, ასევე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების თვალსაზრისით. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად. ამასთანავე, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ამასთან, მოქალაქეებისათვის ხელშესახები შედეგის მიღების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატების პარალელურად და მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო იზრდება ქვეყნის როლი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ევროკავშირთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების რეალიზაციის მიზნით. სექტორული ინტეგრაციის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობასა და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რაც პრაქტიკულად ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან. გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას“,- ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, აღნიშნულია, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. „ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაცია. „2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე და გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა აშშ-თან თავდაცვის სფეროში. 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint” და აშშ- საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას - „Noble Parter“. ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში. აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას,“ წერია დოკუმენტში. პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა
პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე დამტკიცდა. მინისტრთა შორის მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.
ირაკლი კობახიძე: მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს
მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მას და მინისტრთა კაბინეთს ნდობა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების დროს მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული გადაადგილებები ნორმალური მოვლენაა. „გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს არის ნაკლებად პოლიტიკური საკითხი, თუმცა მესმის, რომ არის საინტერესო. ორშაბათს ალბათ ტრადიციულად გაიმართება მთავრობის პირველი სხდომა. რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, არის ძალიან ღირსეული ადამიანი, პროფესიონალური, თუმცა ვნახოთ, შეიძლება, გარკვეული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი. სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილშიც. ეს არ არის პერსონალური თემა. ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, როცა იცვლება მთავრობის შემადგენლობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მის დანიშვნას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველი სხდომა გამართა
ირაკლი კობახიძემ, რომელიც 8 თებერვალს გახდა პრემიერ-მინისტრი, მთავრობის პირველი სხდომა გამართა. მან მადლობა გადაუხადა წინა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეფექტური მუშაობისთვის და საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ახალი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პირველ სხდომაზე ისაუბრა მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და მმართველობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. „ზოგადად, ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. გვჭირდება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, გვჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასევე, ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე, ახალგაზრდობის მიმართულებით, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება არის ბუნებრივია საჭირო. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იგივეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე, ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებაზე, ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს, აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამავე სხდომიდან გაეცანით: კობახიძემ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა ირაკლი კობახიძე: შეფასდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია, იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაციები
ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად დანიშნა
პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს დაეკისრება, თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ასევე შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება. „დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, აგრეთვე, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება. გვაქვს ცვლილება ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა წარმატებები ვუსურვო,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთი ახალი კადრია მინისტრთა კაბინეტში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ დაინიშნა. მიხეილ ფეიქრიშვილი კი, რომელმაც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ჩაიბარა, ამ პოსტზე დანიშვნამდე იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო
საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა. განკარგულება 30 აპრილით თარიღდება. „საინფორმაციო ცენტრმა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში,” - წერია განკარგულებაში. ცნობისთვის, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები იძაბება. სადავო კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს კრიტიკით უპასუხეს. 2 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს. საპასუხოდ, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.“