ძებნის რეზულტატი:

შალვა პაპუაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი წარმატებულად წარმოაჩინა

საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Twitter-ის გვერდზე წერს. „საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე და ხელი შეუწყო საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის გადაყვანას ევროპულ კალაპოტში“, - წერს შალვა პაპუაშვილი. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 8 წელი გავიდა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია  

დიდი ბრიტანეთი უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის და მარცვლეულის ექსპორტის გასამარტივებლად £10 მილიონს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტის მიზნით, რათა რუსული აგრესიის ფონზე ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელი შეუწყოს. „გარდა იმისა, რომ აფერხებს მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის გავლით - მარშრუტით, რომლითაც უკრაინის მარცვლეულის 96%--ია ექსპორტირებული, რუსული თავდასხმები აფერხებს სარკინიგზო ექსპორტს. ამის საპირისპიროდ, დიდი ბრიტანეთი თავის წვლილს შეიტანს 10 მილიონი ფუნტი სტერგლინის გამოყოფით, რაც მოხმარდება უკრაინის რკინიგზის აღჭურვილობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტს და ქვეყანას მარცვლეულის რკინიგზით გატანაში დახემარება“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთვრობის ოფიციალურ პრესრელიზში. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისივე თანახმად, დიდი ბრიტანეთი მჭიდრო კონტაქტშია უკრაინის მთავრობასთან იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს თავისი სარკინიგზო სიმძლავრე და გააგრძელოს მატარებლებისა და მარცვლეულის გადატანა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთი არამხოლოდ  აფერხებს უკრაინას მისი მარცვლეულის ექსპორტში, არამედ, მზარდი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთი იპარავს მარცვლეულს უკრაინიდან, კონტრაბანდულად გადააქვს საზღვარზე. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

დავითაშვილი: სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად, არ მაქვს ანგარიშები უცხოურ ბანკებში

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა. დავითაშვილის თქმით, არახამიამ ბრალდებებზე მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. „რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც ადრეც მოგვისმენია, წინა შემთხვევებში ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა, დღესაც იგივეა, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე, დავით არახამიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. გარდა ამისა, ის აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა დავითაშვილს ჰკითხეს, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უცხოეთში ანგარიშები. დავითაშვილმა კითხვას ასე უპასუხა: „ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად არ გამაჩნია უცხოურ ბანკებში ანგარიშები".  

მაია სანდუ: საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კიევის რეგიონის რამდენიმე ქალაქი მოინახულა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. „დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი დავიწყეთ კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების მონახულებით. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა ომში ცხოვრობს. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთონ, რომ აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული იქნას კონფლიქტში ჩადენილი გაუმართლებელი დანაშაულები. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია“, – წერს მაია სანდუ. ასევე წაიკითხეთ: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინას ეწვია  

თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

17-28 ოქტომბერს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება. Eternity (Eternity)-2022-ის დაგეგმვის შესახებ პირველი შეხვედრა თურქეთში, პირველი არმიის სამეთაურო შტაბში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა.   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2021-ის სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობისამაღლებას ითვალისწინებს.   საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 გასულ წელს ჩატარდა. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.

USAID: ახალი მთავრობათაშორისი შეთანხმება ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის ოფისს, რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მთელ ქვეყანაში

USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერება ხელი. USAID-ის ცნობით, ღონისძიება ხვალ, 28 ივნისს, 17:30-ზე არტ მუზეუმში  გაიმართება. „USAID-სა და სახალხო დამცველს შორის ეს პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და დაეხმარება სახალხო დამცველის ოფისს, გააფართოოს თავისი საქმიანობა რეგიონებშიც. ამასთანავე, ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის ოფისს, აღმოაჩინოს და რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მთელ ქვეყანაში“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა და პრესისთვის კომენტარს გააკეთებს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.  

ზელენსკიმ G7-ის სამიტის მონაწილეებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ. ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. „უკრაინა გრძნობს G7-ის ქვეყნების მხარდაჭერას. გმადლობთ უსაფრთხოების და ფინანსური დახმარებისთვის რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიდი შვიდეულის ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით", - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კერძოდ, აგრესორის მიერ ექსპორტირებულ ნავთობზე „ლიმიტირებული ფასის„ დაწესებით. ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერე „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება

ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა. „მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 27 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. ამასთან, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, სავარაუდოდ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება, გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა. Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.  

NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის

NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO სწრაფი რეაგირების ძალებს მასიურად გააფართოებს. „ჩვენ მოვახდენთ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ტრანსფრმაციას და გავზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს მადრიდში, NATO-ს სამიტის წინ. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი NATO სამიტზე გამოაცხადებს, რომ რუსეთი ალიანსის პარტნიორი აღარ არის და ის საფრთხეა უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს. NATO-ს სამიტს ესპანეთი, მადრიდი 2022 წლის 28, 29 და 30 ივნისს უმასპინძლებს. ცნობისთვის, 25 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირების ძალებს გამოიყენებს. რა ამოცანებს უსახავს NATO სწრაფი რეაგირების ძალებს, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.  ასევე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალიანსი ისტორიულ საიტზე, წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ჭოუ ციენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი შესრულდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ამილახვარი მონაწილეობდა.  

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს

უკრაინელმა სამხედროებმა 10-ზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელეს. შესაბამისი განცხადება სამხრეთ თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა გააკეთა. მისი თქმით, ამ დროისთვის შავ ზღვაში არასასურველი ამინდის პირობებია. ამრიგად, მტერმა მორიგეობით დატოვა ორი სარაკეტო ხომალდი, რომლებიც ატარებდნენ 16 საკრუიზო რაკეტას. „ჩვენ ახლა ვამოწმებთ შედეგებს, მაგრამ უკვე გვაცნობეს, რომ კიდევ ერთი Pantsir-S1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა დაზიანდა“, - განაცხადა ჰუმენიუკმა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გველების კუნძულზე [კუნძული ზმეინი] რუსულ გარნიზონზე შეტევა განახორციელეს. შესაბამისი განცხადება სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ Facebook-ზე 21 ივნისს გაავრცელა. უკრაინის შეიარაღებული ძალები კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა - ოპერატიული სარდლობა რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.  ცნობისთვის, საქართველოსთვის მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს განაცხადა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? ამ შეკითხვას Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას NATO სამიტზე დაამტკიცებს.  „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები

შემოსავლების სამსახური: თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს - კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  ასევე წაიკითხეთ: ლევან დავითაშვილი: ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და ტვირთით გემი შემოვიდა, ეს ფაქტია. საბაჟოს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია  

შვეიცარიის სასამართლომ CREDIT SUISSE ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო

Credit Suisse (CSGN.S) შვეიცარიის ფედერალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო.  ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საუბარია 2004-2008 წლებში ბულგარული კრიმინალური დაჯგუფების მიერ ნარკოტიკების რეალიზაციით გამომუშავებული ფულის გათეთრების და ბანკში შენახვის ხელშეწყობაზე.  სასამართლომ ორშაბათს განაცხადა, რომ აღმოაჩინა ხარვეზები Credit Suisse-ში როგორც კრიმინალურ ორგანიზაციასთან კლიენტებთან ურთიერთობის მართვასთან დაკავშირებით, ასევე, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით. „ამ ხარვეზებმა შესაძლებელი გახადა კრიმინალური ორგანიზაციის აქტივების გატანა“, - აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში. Credit Suisse-ს 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (2,1 მილიონი დოლარი) ჯარიმა ემუქრება. გარდა ამისა, Credit Suisse-ის ერთ-ერთ მენეჯერს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ფულის გათეთრების საქმეში, 20 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა.  

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება. მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს“,- აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ  

რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე

ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დარგში და რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით Europetime საკითხით დაინტერესდა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია. ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლები 2017 წელი - 97,9 ათასი ტონა; 2018 წელი - 107,1 ათასი ტონა; 2019 წელი - 100,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 102,4 ათასი ტონა; 2021 წელი - 139,9 ათასი ტონა; საქსტატის მონაცემებით, ხორბალი შემდეგ რეგიონებში მოდის: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სხვა რეგიონები (აჭარა, იმერეთი მცხეთა-მთიანეთი). ციფრები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით წამყვანია კახეთი, სადაც ხორბლის მოსავლის 80% მოდის, მეორეა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები)  ხორბალი 15%;  სიმინდი 68%;  კარტოფილი 92%;  ბოსტნეული 63%;  ყურძენი 145%;  ხორცი 49%;  რძე და რძის პროდუქტები 81%;  კვერცხი 97%. Europetime- თან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს. „აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს ფიფია. ეს სურათი საქსტატიდან მიღებულ ციფრებშიც იკვეთება. ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2022 წელი: ავსტრია - 0,30 ათასი ტონა; გერმანია - 0,30 ათასი ტონა; ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2021 წელი: რუსეთი - 337 694.72 ათასი ტონა; აშშ- 24 355.52 ათასი ტონა; სომხეთი - 2 493.50 ათასი ტონა; ყაზახეთი - 2 000.01 ათასი ტონა; თურქეთი - 71.00 ათასი ტონა; ავსტრია - 44,37 ათასი ტონა; საბერძნეთი - 43.00 ათასი ტონა; სლოვაკეთი - 20.01 ათასი ტონა; უკრაინა - 20.00 ათასი ტონა; საფრანგეთი - 3,20 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა. მცირე პარტიების იმპორტი გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა. რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო, ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე Europetime სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა.   ET: თვეზე მეტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით?   ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს.   ET: ჩვენთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულება საქართველოსთვის სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?   რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს.   ET: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს?   დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით მოსავლის აღების პირობებში, ამინდი გვიშლის ხელს, თორემ ხორბლისა და ქერის პირველი მოსავალი უკვე აღებული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა, უკეთესი მოსავალი გვექნება. იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება, ერთის მხრივ, უნდა მოვსინჯოთ ახალი სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ვცადოთ ხორბლის წარმოების მასშტაბების გაზრდა და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ფერმერებს.   ET: რა შედეგზე აპირებთ გასვლას? ბუნებრივია არსებობს შესაბამისი გათვლები.   ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს.   ET: გეგმავს თუ არა ხელისუფლება ხორბლის მარაგების შევსებას და ბაზრის დივერსიფიცირებას?   ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციის გერმანიის საელჩო ავრცელებს. საქართველოში ვიზიტისას 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან. გერმანიის საელჩოს ცნობით, მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის. იმავე პროგრამის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება. საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს. „განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30 წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.  

მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. საბჭოს ჩინჩალაძის გარდა ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არ განუხილავს. ის ამ თანამდებობაზე უკვე მეორე ვადით აირჩიეს. მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას წინააღმდეგობას უწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი კანდიდატურა არ დაემტკიცებინა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც კლანად მოიხსენიებენ.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, მოსამართლეების უმრავლესობამ ჩინჩალაძის კანდიდატურის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და განსხვავებული აზრი დარბაზში არ გაჟღერებულა.  

პარლამენტმა პროცედურული ხარვეზის გამო, „ალტ-ინფოს“ წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროცედურული ხარვეზის გამო „ალტ-ინფოს“ პარტიის („კონსერვატიული მოძრაობის“) წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა. 25 000 ამომრჩევლის სახელით კანონპროექტების წარდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფად დარეგისტრირებას ითხოვდნენ: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია. მოძრაობის წევრები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითხოვდნენ. კერძოდ, მათი სურვილია აიკრძალოს ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებაც, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს. „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, კანონით აიკრძალოს ისეთი საჯარო ღონისძიებებისა და დემონსტრაციების ჩატარება, რომელთა მთავარ ან ერთ-ერთ მიზანს „მონაწილეთა სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაცია, პოპულარიზაცია და პროპაგანდა წარმოადგენს“. ამასთან, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვასაც, რომლის დროსაც შესაძლოა, მოხდეს „ომის და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება“. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ცნობიღ, იმ მიზეზით, რომ მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი მასალები რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და თითოეულ კანონპროექტს თან არ ახლდა განმარტებითი ბარათი, კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი არ დაარეგისტრირა.