ძებნის რეზულტატი:

ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და მუხტარ ტლეუბერდიმ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი ესწრებოდნენ. 27 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.  

ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია

ქვანახშირის ფასებმა აზიის ბაზარზე რეკორდულ დონეს მიაღწია და ტონაზე $400 დოლარს პირველად გადააჭარბა. გასულ კვირას, ავსტრალიის პორტ ნიუკასლში ნახშირის ადგილზე ფასები ტონაზე $402,5 მიაღწია. Bloomberg ქვანახშირზე ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტს უკავშირებს. ევროპაში, ნახშირზე ივლისის ფიუჩერსები ტონაზე $421 დოლარად გაიყიდა, რაც ამ რეგიონისთვის ისტორიული მაქსიმუმია, - აღნიშნავს სააგენტო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება.  ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

ლარსის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა და ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  

მოლდოვის პროკურატურამ იგორ დოდონს ახალი ბრალი წაუყენა

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ პრორუს ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს დღეს ახალი ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მოლდოვის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. ექსპრეზიდენტს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება 2008-2009 წლებში, როდესაც ის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი იყო. „მას ბრალად ედება 2008 წლის მაისში ბრძანების გაფორმება, რომლის საფუძველზეც 2008 წლის მაისში „ენერგოკომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გააფორმა ხელშეკრულება უნგრულ კომპანიასთან ელექტროენერგიის გაბერილ ფასად შესყიდვის თაობაზე, რამაც სახელმწიფოს $11,9 მილიონის ზარალი მიყენა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამ ქმედებებმა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ცნობისათვის, დოდონს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლიდან 2020 წლამდე ეკავა. 2022 წლის 24 მაისს სამართალდამცავმა უწყებებმა მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტის, იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა პასიური კორუფციის, უკანონო გამდიდრების, ღალატისა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ სოციალისტური პარტიის დაფინანსების საქმის ფარგლებში. 26 მაისს მას 30 დღით შინაპატიმრობა შეეფარდა. მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული არ აღიარა და საქმეს პოლიტიკურად უწოდა.

ანტალიაში, უძრავი ქონების შესყიდვაში, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები დაწინაურდნენ

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2017-2021) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თურქეთში, ანტალიაში 41,7 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი შეიძინეს. თურქეთის სამხრეთ ნაწილში, უძრავი ქონების შესყიდვის კუთხით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირველ სამეულში  რუსეთი, ირანი და გერმანია არიან. უძრავი ქონების სააგენტო Helmann-ის თავმჯდომარემ, სელმან ოზგუნმა, Anadolu Agency-ს განუცხადა, რომ ანტალია თურქეთში უძრავი ქონების ინვესტიციების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთის „ტურისტული დედაქალაქი“ მხოლოდ სტამბოლს ჩამორჩება. რეგიონი ასევე ლიდერობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და აქ განთავსებული კომპანიების დამფუძნებლების რაოდენობით, განაცხადა ოზგუნმა. „100-ზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება ანტალიიდან ათობით ქვეყანაში. მუდმივად საცხოვრებლად აქ ხალხი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდის. ადგილობრივი და გლობალური ბრენდების ინვესტიციები არ წყდება“, - განაცხადა ოზგუნმა. მისივე თქმით, ანტალიის თავისებურებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ინვესტორები რეგიონში უძრავ ქონებაში ინვესტირებას ამჯობინებენ. 2017 წლიდან 2021 წლამდე უცხოელებმა ქვეყნის მასშტაბით 206 768 უძრავი ქონება შეიძინეს, საიდანაც 20,2% ანტალიაშია.  

პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკის სიღრმე - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ მან ბავარიაში, G7-ის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება The Guardian. „ამ შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც ვარდება რუსეთის ლიდერი“, - თქვა ჯონსონმა. „კიდევ ერთხელ, ჩვენი ფიქრები უკრაინის უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთანაა. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საქციელი მხოლოდ გააძლიერებს გაერთიანებული სამეფოსა და G7-ის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ უკრაინას, რამდენი ხანი დასჭირდება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. დღეს, კრემენჩუკში, პოლტავას რეგიონში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრს რაკეტები ესროლეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ავიადარტყმის შედეგად, ამ დროისთვის 11 ადამიანია დაღუპული.   

სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბ-ბინაში შვედეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. შეხვედრისას შვედეთისა და ფინეთის მიერ წარდგენილ გაწევრიანების განაცხადებზე იმსჯელეს.   სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს.   „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.    გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.   ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან   თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან.   „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა.   ანკარა ოფიციალურად ითხოვს:   შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.  

თურქეთის პროვინციებში სტიქიის გამო განგაშის „წითელი კოდი“ გამოცხადდა

თურქეთში, კასტამონუს პროვინციაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ღამის საათებში წყალმა სახლები დატბორა. დააზიანა ინფრასტრუქტურა. გაანადგურა პარკები და ბაზარი. განხორციელდა სამი სოფლის ევაკუაცია. უხვი ნალექის გამო თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში განგაშის „წითელი კოდია“ გამოცხადებული.  

კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს

კანადამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. შემაკავებელი ზომებია დაწესებული ბელორუსის მიმართაც. პრემიერის ოფისი აღნიშნავს, რომ კანადის ახალი სანქციები დაწესებულია ექვსი ფიზიკური პირისა და 46 სუბიექტის მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის თავდაცვის სექტორთან, ასევე, 15 უკრაინელ ფიზიკური პირის მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ოკუპაციას რუსეთის მიერ, 13 სამთავრობო და თავდაცვის სფეროს წარმომადგენლის წინააღმდეგ, ასევე, სანქციები შეეხება ბელორუსში - ორ უწყებას. „კანადის პოზიზიცია ურყევია - უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობიან ცხოვრებას. ვლადიმერ პუტინმა და მისმა რეჟიმმა გამოიწვია წარმოუდგენელი ტკივილი და ტანჯვა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენს G7 კოლეგებთან ერთად, კანადა აძლიერებს ჩვენს მუდმივ და კოორდინირებულ ზეწოლას, რათა დასრულდეს ვლადიმერ პუტინის არჩეული ომი“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გერმანიაში G7 სამიტის დროს.

სალომე ზურაბიშვილი: მინდა, ვატიკანიდან მივმართო საქართველოს პატრიარქს, როცა თქვენი „ავე მარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ევროპის გულში ვართ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვის გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართა. „მინდა, ვატიკანიდან მივმართო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს! თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გუშინ მიანიჭეთ სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება. როცა თქვენი „ავე მარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში და ეს ყველასთვის უდიდესი სიამაყე და უდიდესი სიხარული იყო. სიხარული იმ დროს, როცა სასიხარულო ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად. ეს არის ის ნიშანი, როცა საქართველო შემოდის „სიქსტის კაპელაში“, ეს არის დაგვირგვინდება ჩვენი ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობებისა, რომლის 30 წლისთავსაც აღვნიშნავთ დღეს, და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს, ეს ჩვენი ორი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ძმობის დაგვირგვინებაცაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიად საქმეში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ და ბედნიერი, რომ დასტური მისი უწმინდესობა, რომის პაპის ფრანჩესკესგან სწორედ მე მომეცა, როცა შარშან ოფიციალური ვიზიტით აქ ვიმყოფებოდი და სწორედ ამ დარბაზში, ერთი წლის წინ, გამოვაცხადეთ ეს უდიდესი და სასიხარულო ამბავი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმის აღსრულებას ყველა სახელმწიფო უწყებების ჩართულობა სჭირდებოდა: დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს, საპატრიარქოს, საპატრიარქოს გუნდს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ამაში მიიღო  მონაწილეობა. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქმეს, ის საქმე გამოდის და გამოდის ყველაზე მაღალ დონეზე. ეროვნული თანხმობა სხვა არაფერია, სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა და ამ ეროვნულ თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმის ფაქტსაც გამოეხმაურა. „მინდა, აქედან მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და დღეს მომხდარი კიდევ ერთი უსასტიკესი ფაქტის გამო, ჩვენი სრული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუშინდელი სიხარული და ბედნიერება დაფუძნებულია იმ ღრმა იმედზე, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო რუსული სარაკეტო დარტყმა კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ასეთ სისასტიკეზე და მხარს უჭერს უკრაინის დაცვას. ბაიდენის თქმით, G7 გააგრძელებს პუტინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე დარტყმას, ხელს შეუშლის ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვებს მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად და პუტინს წაართმევს რესურსებს, რომლებიც მას სჭირდება ომის საწარმოებლად. „ერთად G7 გამოავლენს ურყევ, ერთიან ვალდებულებას უკრაინის მხარდასაჭერად და დაეყრდნობა ჩვენს უპრეცედენტო სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს – სანქციები, რომლებიც დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს მსოფლიო ეკონომიკიდან კიდევ უფრო იზოლაციაში მოაქცევს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე.

აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი

შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და „უპრეცედენტო სანქციების“ გამკაცრებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამის შესახებ თეთრმა სახლმა G7 სამიტის დროს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა 30-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი მთელ მსოფლიოში, რათა დაუწესოს მკაფიო ხარჯები რუსეთს და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით კოალიცია გააგრძელებს პუტინზე ზეწოლას. განცხადების თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ის ექსპორტი რუსეთში, მათ შორის კრიტიკული ტექნოლოგიური საშუალებების ჩათვლით, რაც პუტინს სჭირდება სამხედრო ძალების შესანარჩუნებლად, დაახლოებით 97%-ით შემცირდა. რუსეთის საქონლის იმპორტი მთელი მსოფლიოდან შესაძლოა, 40%-ით შემცირდეს. „ჩვენი ზომები ხელს უშლის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებს, გაამყაროს დაავადებული ეკონომიკა და პუტინს წაართმევს რესურსებს, რომლებიც მას სჭირდება ომის საწარმოებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

პოლტავას ოლქში, კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“ რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,, დმიტრო ლუნინმა განაცხადა. 27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

დღეს NATO-ს სამიტი იწყება

NATO-ს ლიდერები მადრიდში, ესპანეთში იკრიბებიან, რათა განიხილონ ალიანსის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევბი. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და მილიარდი ადამიანს უსაფრთხოების დაცვას. როგორ იმოქმედა რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე? რას აკეთებს ალიანსი სხვა გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ჩინეთის მზარდი გავლენა და უსაფრთხოებაზე გავლენის შედეგები? რა შედის NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორია ალიანსის მომავალი ადაპტაციის გეგმა უფრო კონკურენტუნარიან სამყაროში, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებსაც NATO-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე განიხილავენ. მადრიდის სამიტთან ერთად, საჯარო ფორუმი გაიმართება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ალიანსის მომავლის შესახებ დისკუსიისთვის იწვევს. მას მასპინძლობს ოთხი წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცია - ელკანოს სამეფო ინსტიტუტი, გერმანიის მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო - საჯარო ფორუმზე გამოვლენ ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღებები მთელი მსოფლიოდან. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი ესპანეთი სამიტს მასპინძლობს NATO-ში გაწევრიანების 40 წლისთავზე. ესპანეთი გახდა მე-16 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1982 წლის 30 მაისს.  მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას“, - განუცხადა ექსკლუზიურად Europetime-ს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 27 ივნისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.  უფრო ადრე, ამ მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. ცნობისთვის, სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამიტს წინასწარი ინფორმაციით, ვიდეოჩართვით დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში, სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ. „24-26 ივნისს რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. ეს იარაღი დიდი ალბათობით მოიცავდა საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც ისროლეს როგორც ბელარუსის, ასევე რუსეთის საჰაერო სივრციდან", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში NATO-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. დღეს NATO-ს სამიტი იწყება საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან  

არგენტინა ევროპას თავის გაზს, G7-ის სამიტზე შესთავაზებს

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი შვიდეულის (G7) სამიტზე ევროპულ ქვეყნებს არგენტინულ გაზს, როგორც რუსულის ალტერნატივას, შესთავაზებს. ამის შესახებ პორტუგალიური სააგენტო Lusa იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამისთვის ფერნანდესი გამოიყენებს თავის ორ გამოსვლას და ექვს ორმხრივ შეხვედრას, რომელიც სამიტის განმავლობაში შედგება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, ფერნანდესი გახდა ლათინური ამერიკის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიწვია და არგენტინა G7-ის პარტნიორ ქვეყნად გამოაცხადა. „ზოგადად ლათინური ამერიკისთვის და განსაკუთრებით არგენტინისთვის, დიდი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა მსოფლიო სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნების, მინერალებითა და სასუქებით მიწოდების სფეროში კონფლიქტში მყოფი მიმწოდებელი ქვეყნების ნაცვლად“, - აცხადებს არგენტინის ყოფილი მრეწველობის მინისტრი (2018-2019) დანტე სიკი. მას მიაჩნია, რომ „ევროპას ახალი მომწოდებლები სჭირდება და მათ მშვიდობიან რეგიონებში დაეძებს“. ერთი კვირის წინ არგენტინის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მაისში რესპუბლიკაში ფიქლის ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობამ ქვეყნისთვის, რეკორდულ დონეს მიაღწია და დღე-ღამეში 241 ათასი ბარელი და 76 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. დეპარტამენტის ცნობით, მთლიანობაში ნავთობის მოპოვებამ მაისში 584 000 ათასი ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალია 2011 წლის ნოემბრის შემდეგ. გასულ თვეში არგენტინაში გაზის მოპოვების მაჩვენებელი 136 მილიონი კუბური მეტრი იყო. წლის განმავლობაში ზრდამ შესაბამისად, 14% და 12% შეადგინა.  

ტეხასში მიტოვებულ სატვირთოში, სულ მცირე, 46 ცხედარი იპოვეს

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოს გარეუბანში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში - 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადარჩენილებს სიცხე და სხეულის გადახურება აღენიშნებოდათ. სან ანტონიო, აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კმ-ში მდებარეობს და კონტრაბანდისტების სატრანზიტო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. სან ანტონიოს მეხანძრე-მაშველმა ჩარლზ ჰუდმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 18:00 საათზე მივიდნენ, მას შემდეგ რაც სამაშველო სამსახურმა გარდაცვლილების შესახებ ცნობები მიიღო. მანამდე ადგილობრივებმა იპოვეს ტრაილერი, რომლის გვერდით ცხედარი შენიშნეს. კარების გაღებისთანავე შიგნით კიდევ რამდენიმე ცხედარი დაინახეს, სატვირთოს არ ჰქონდა კონდიციონერი და მისაბმელის შიგნით წყალი არ იყო.  

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.  

წელს სახელმწიფომ ₾170 მილიონის ქონება გაყიდა

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. უწყების თანახმად, წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170,297,378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118,000,000 ლარის ნაცვლად, 127,558,754 ლარი გადაირიცხა, თვითმმართველობების ბიუჯეტში - 26,370,851 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის ბიუჯეტში კი 1,154,734 ლარი მიიმართა. დაჩქარებული პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში, წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1,190 აუქციონი გამოაცხადა. "პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. სტატისტიკის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში 34,833,394 ლარის ქონება გაყიდა, მეორე კვარტალში კი 92,725,360 ლარის ქონება. 2022 წლის განმავლობაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ყველაზე მსხვილი აუქციონი ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს გაყიდვა იყო, რომელიც საქართველო რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად შეიძინა. 10 მილიონ ლარად გაიყიდა ყოფილი რიყის დოქები, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა შეიძინა. ასევე, 10 მილიონ ლარად გაიყიდა ფოთის პორტის მიმდებარედ 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთი. რამდენიმე დღის წინ ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 მსხვილი ობიექტი გამოიტანა, რომელთა საერთო ღირებულება 43.7-მილიონი ლარია. სახელმწიფო ქონების პრივატიზება