ძებნის რეზულტატი:

ბელარუსი: ცნობილ კალათბურთელ ალენა ლეუჩანკას 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

კალათბურთელ ალენა ლეუჩანკას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბელარუსელი სპორტსმენია, ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. 30 სექტემბერს მინსკის ლენინის რაიონის მოსამართლემ, მარინა ზაპასნიკმა ლეუჩანკას პატიმრობა მიუსაჯა საზოგადოებრივი თავშეყრის წესების დარღვევისთვის. მანამდე ლეუჩენკა, რომელიც მოძრაობა „ათლეტების თავისუფალი ასოციაციის“ წევრია, 30 სექტემბერს დააკავეს მინსკის აეროპორტში, როცა ის უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრებას აპირებდა. ლეუჩენკა იყო ბელარუსის ეროვნული ნაკრების წევრი, თამაშობდა რუსეთის სუპერლიგასა და აშშ-ის WNBA-ში. აგვისტოში 350-მდე ბელარუსელმა ათლეტმა და სპორტის სფეროს სხვა წარმომადგენელმა ღია წერილით მიმართა ლუკაშენკას. მათ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და „პოლიტიკური პატიმრებისა“ და საპროტესტო გამოსვლების დროს დაპატიმრებულთა განთავისუფლება მოითხოვეს. ლუკაშენკამ, რომელიც უარს ამბობს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე, 23 სექტემბერს ჩუმად დადო საპრეზიდენტო ფიცი. დასავლეთის ქვეყნები უარს ამბობენ ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობაზე და ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მოწოდებით გამოდიან.

"ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობაში „მოსმენის რეჟიმში“ ვიქნებოდი" - ტომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად კი „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის“ (TCEI) წევრი, ტომას ჰენდრიკ ილვესი ამ ეტაპზე არ ურჩევს საქართველოს რუსეთთან დიალოგის წამოწყებას. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის პერსპექტივაზე რადიო თავისუფლების შეკითხვას მან ასე უპასუხა: „ვიცი, არაპოპულარული იქნება, მაგრამ ვიტყვი, რომ მოცემულ მომენტში, რუსეთის ქცევის გათვალისწინებით, „მოსმენის რეჟიმში“ ვიქნებოდი. ხედავთ, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ისინი განსაკუთრებით აგრესიულები არიან. ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლიდან მოყოლებული, ისინი თვლიან, რომ შეუძლიათ გააკეთონ თითქმის ყველაფერი, რაც სურთ და აკეთებენ კიდეც თითქმის ყველაფერს, რაც სურთ, მათ შორის აშშ-შიც და ყველაზე ვულგარულ სტილში. ასე რომ, ვიტყოდი: მოუსმინეთ, რასაც [რუსები] ამბობენ და ნუ წახვალთ რაიმე დათმობაზე ამ ეტაპზე. თუკი მომავალში გვეყოლება განსხვავებული ადმინისტრაცია აშშ-ში, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და იმის გაგება - რას წარმოადგენს რუსეთი. თუკი არ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი აშშ-ში... ეს არავინ იცის... მაგრამ, ახლა არ არის დრო მოლაპარაკებებისა და დიალოგის დასაწყებად. დაიცადეთ მომავალ წლამდე და ნახეთ როგორ განვითარდება მოვლენები, როცა პუტინისთვის აღარ იქნება ასეთი ხელსაყრელი ვითარება“. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რამდენიმე რჩევას სთავაზობს: „ნატოში ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რა თქმა უნდა, არის კურსის შენარჩუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის აგრეთვე ლიბერალურ დემოკრატიად დარჩენა, რაც უპირველესად გულისხმობს: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას; კანონის უზენაესობას - არანაირი საგანგებო გარიგება არავისთვის; ადამიანის უფლებების პატივისცემას - ეს ნიშნავს ყველას უფლებების პატივისცემას და არა ცალკეული ჯგუფისა. ეს არის მინიმალური პირობები. უფრო სპეციფიკურად შეიძლება მსჯელობა რეფორმებზე, რომლებიც განახორციელეთ - რამდენად ეფექტიანია ისინი. წლებია საქართველო ახორციელებს შესანიშნავ მცდელობებს კორუფციის შესამცირებლად. ყოველთვის ვამაყობ საქართველოს პოზიციით, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალების“ რეიტინგს ვუყურებ. უნდა გააგრძელოთ ამის კეთება. გარდა ამისა, შეინარჩუნეთ ღია და თავისუფალი ეკონომიკა. იმუშავეთ ყველა იმ საკითხზე, რომელზეც გელაპარაკებათ ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში“.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

დღეს, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბი აშკენაზიმ და საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელის საელჩოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 1 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში. „ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან. დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის. ისრაელის საელჩოს სურს განსაკუთრებით აღნიშნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიასა და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის (წინა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში) შეტანილი პირადი წვლილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ

1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. რაც შეეხება მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, აღნიშნულ ქალაქებში მათთვის სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გრძელდება. სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდა ფოთსა და გორში. დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელსა იმ კონკრეტულ სკოლებში, სადაც კორონავირუსის შემთსხვევა დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობამ გასულ კვირას, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღო. მათივე ცნობით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

სერგეი ლავროვი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მოსკოვში შეხვედრას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰან ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგრაბ მნაცაკანიანთან სატელეფონო საუბრები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს. ”სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულების მცდელობას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, რისი მიზანიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად და დიპლომატიურად მოგვარების პირობების შექმნაა. მან ასევე დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი შესაბამისი კონტაქტების ორგანიზების პლატფორმად იქცეს, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრისთვის", - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. მათივე ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების აუცილებლობას.

“ბანკების მიერ სესხების მესამედ გადავადება არ მოხდება” - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მოსალოდნელი არაა, რომ ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, განიხილება თუ არა ბანკების მხრიდან მოქალაქეებისთვის სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ შეთავაზება, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ “ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება”. თუმცა, მისივე თქმით, საბანკო სექტორი მზადაა იმისთვის, რომ მსესხებლებს ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შესთავაზონ საშეღავათო პერიოდი. „პირველი ორი გადავადება, 3-3 თვით იყო საყოველთაო ტიპის. ამ პერიოდში ბანკებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეანალიზებინათ, ვინ შეძლებდა სესხის დაფარვას და ვინ ვერა, ამიტომ გადავადება მთლიან პორტფელზე გაავრცელეს. პირველად გადავადების შეთავაზება მსესხებლების ნახევარმა გამოიყენა, ხოლო მეორედ შეთავაზებისას შემცირდა იმ მსესხებლების რაოდენობა, ვინც ისარგებლა. ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს, რომ საყოველთაო ტიპის გადავადება იქნება. თუმცა, საბანკო სექტორის მხრიდან დახმარების მზაობა არის, ისინი ინდივიდუალურად ემუშავებიან კლიენტებს და ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ საშეღავათო პერიოდი. საყოველთაო ტიპის გადავადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესში არაა“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ. შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის 3 თვით გადავადება პირველად მარტში შესთავაზეს. ამასთან, მაისში საშეღავათო პერიოდი მსესხებლების ნაწილს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. კერძოდ, გადავადება ავტომატურად შეეხო იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახურის დაკარგვის გამო სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიიღეს დახმარება და ასევე სურვილის შემთხვევაში, შეთავაზება ეხებოდა მათაც, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა.

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3419-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

27 წლის მამაკაცმა გალში აფხაზური დროშა დაწვა

გალის რაიონში, „აფხაზეთის გამარჯვების“ ზეიმის პარალელურად, ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო, საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ირაკლი ბებუა დააკავეს. ბებია, გავრცელებულ ვიდეოში დროშის დაწვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს „აფხაზური დროშის“ და აფხაზების საწინააღმდეგო. ახალგაზრდა მამაკაცი ყველა განაწყენებულ აფხაზს ბოდიშს უხდის და ამბობს რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობების აღდგენა სურს. სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები დაკავებულის სიკვდილით დასჯას, საჯაროდ დახვრეტას ან დაწვას მოითხოვენ. უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. „უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

რუსეთი და საფრანგეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. კრემლის ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს, ორმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა და იმსჯელა მთიანი ყარაბაღისთვის ბოლო წლებში ყველაზე მძაფრი ბრძოლების შეჩერების მიზნით დიპლომატიური ზომების მიღების თაობაზე. კრემლის ინფორმაციის თანახმად, „ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ და მთლიანად შეწყვიტონ ცეცხლი, განმუხტონ ვითარება და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება". ორი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან გააკეთონ განცხადება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის და ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის სახელით მოლაპარაკების განახლების შესახებ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ. აზერბაიჯანის და სომხური ძალები აპირებენ გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები, რაც ფართომასშტაბიან და შესაძლოა, თვით რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის, მთიანი ყარაბაღისთვის, რომელსაც 1990-იანი წლებიდან სომხური ძალები აკონტროლებენ, ბრძოლაში ჩაბმული არიან შეიარაღებული დრონები, ტანკები, შვეულმფრენები და არტილერია. ბრძოლები მიმდინარეობს ორ მხარეს შორის გამყოფი ზოლის თითქმის ყველა მონაკვეთზე.

სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში „ფრანს-პრესის“ თანამშრომლებს თავს დაესხნენ

ავტომობილი, რომლითაც „ფრანს-პრესის“ თანამშრომლები მთიან ყარაბაღში გადაადგილდებოდნენ, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტამდე, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ქალაქ მარტუნის დაბომბვის შედეგად გამოცემა Le Monde-ს ორი ჟურნალისტი, ARMENIA TV-ის ოპერატორი და 24News-ის ჟურნალისტი დაშავდნენ.

"ვინც სომხეთს უჭერს მხარს, პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყველა, ვინც სომხეთს უჭერს მხარს, პასუხს აგებს კაცობრიობის წინაშე. “ყველაფრის გადადება და თურქეთისთვის ცილისწამების მცდელობა სომხეთის მთავრობას ვერ გადაარჩენს. ვაფრთხილებ მათ, ვინც მხარს უჭერს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს, რომ ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის სინდისის წინაშე. დაე, ალაჰი იყოს ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების მფარველი!" - აღნიშნა ერდოღანმა. მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი თითქმის 30 წელია გულგრილად განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. „მიუღებელია ის, რომ იმის ფონზე, რაც ხდება, მათ ცეცხლის შეწყვეტა სურთ. თუკი ვინმეს ეს სურს, მაშინ ოკუპანტებმა უნდა დატოვონ ეს მიწები. ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს სურთ დაბრუნდნენ თავიანთ მიწებზე. მე ეს განვიხილე პუტინთან და მაკრონთანაც. ისინი ყოველთვის ისხდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ახლა შედეგის დროა,“- განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, რეგიონში მყარი მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიიდან სომხეთის გასვლაა.

რას გულისხმობს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი წყვილების გაერთიანების პეტიცია

პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენილი წყვილების გასაერთიანებელი პეტიცია გულისხმობს, კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, კონკრეტული ცნობის წარდგენის შემთხვევაში, სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება მიეცემა. როგორც პეტიციის ავტორი, თათა სადუნაშვილი ამბობს, ეს არის პირველი ონლაინ პეტიცია, რომელმაც საკმარისზე მეტი რაოდენობის ხელმოწერები დააგროვა და იმედოვნებს, რომ საკითხის განხილვისას პარლამენტი ამას გაითვალისწინებს. მისივე თქმით, ევროკავშირის უკვე 13-მა ქვეყანამ მიიღო შესაბამისი კანონი და თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს. მაგალითად, დანიის შემთხვევაში, საჭიროა იქ ჩასულმა პირმა საზღვარზე წარადგინოს შემდეგი საბუთები — დანიის მოქალაქის პასპორტი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეს იწვევს ქვეყანაში; სახელმწიფო დაზღვევა, სადაც დატანილია ყველა პირადი მონაცემი; ცნობა, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია დანიის პოლიციის საიტზე. ცნობას მიმწვევი პირი ხელს აწერს, რომ ნამდვილად მიწვეულ პირთან იმყოფება ურთიერთობაში მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში. ასევე, ქვეყანაში ჩასულმა პირმა უნდა წარადგინოს ფოტო-ვიდეო მასალა საზღვარზე. ამასთან,აუცილებელია, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი ტესტი კორონავირუსზე. სადუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული საბუთების წარდგენას ახლავს რისკებიც, მაგრამ დანიის მაგალითზე, გაყალბების შემთხვევაში, პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტიც ისეთი რეგულაციით მიიღებს კანონს, რომ გაყალბების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. "რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო მოძრაობა, შექიმნა ფეისბუქზე ჯგუფი, სადაც გაწევრიანდნენ მულტინაციონალური წყვილები, რომლებიც საზღვრებს მიღმა იყვნენ დარჩენილი. ეს კამპანია უკვე გაიზარდა, ბევრმა ქვეყანამ მიიღო კანონი და ბევრიც რიგშია. რამდენიმე კვირის წინ აისახა საიტზე საქართველოც, როგორც კანონის მიღების მოლოდინში მყოფი ქვეყანა", — აღნიშნა თამარ სადუნაშვილმა. მისივე თქმით, პირადად გამოიყენა ეს რეგულაცია, როცა დანიელ საქმროსთან საზღვარზე შესაბამისი საბუთების წარდგენით შეძლო ჩასვლა მაშინ, როცა საქართველოს დანიასთან საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდა. პეტიციის ავტორი და ხელმომწერები უახლოეს მომავალში ელოდებიან იურიდიული კომიტეტის მიერ საკითხის განხილვასა და პასუხის მიღებას. 30 სექტემბერს 663 მოქალაქემ პარლამენტში დაარეგისტრირა პეტიცია მოთხოვნით, გაერთიანდეს კორონავირუსის პანდეემიის დროს დაშორებული ოჯახები და წყვილები. პეტიცია განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. წყარო

"უკვე სასურველია, რომ სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ გამოვიყენოთ ყველა დიდ ქალაქში" - ამირან გამყრელიძე

სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა აჭარის შემდეგ, ყველაზე დიდი ყურადღება იმერეთის რეგიონისა და თბილისისკენ არის მიმართული. „ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაფიქსირდა 96 შემთხვევა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას. იცით, რომ აჭარაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედებულია, ეს ნიშნავს, რომ ყველა რესტორანი და კაფე-ბარი იკეტება ღამის 10:00 საათზე, ასევე შიდა ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე, ავამოქმედეთ იქ სლოგანი ხანდაზმებულებისთვის, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, სასურველია, რომ „დავრჩეთ სახლში“ და ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა, არავინ დასჯის, არ დააჯარიმებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, იმ შეთხვევაში თუ ღია სივრცეში დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, სასურველია პირბადე ვატაროთ, ამასთანავე გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, ვისაც ეს არ უჭირთ. „გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდემია ყველგან და, მათ შორის, ჩვენთანაც ძალებს იკრებს, სასურველია, რომ უფრო გაფართოებული და ინტენსიური პრევენციული ღონისძიებები ვაწარმოოთ, ეს არის, ძირითადად, პირბადის გამოყენება იმიტომ, რომ ეს უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებით დაზუსტებულია, რომ პირბადე არის ყველაზე მძლავრი იარაღი დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. ამიტომ, უნდა ვიხმაროთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში, ღია სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხორციელდება და ვისაც არ უჭირს მისი ხმარება იხმარონ გარეთაც, არაფერი ცუდი ამაში არ იქნება. განსაკუთრებით თუ არ იცვება დისტანცია,“- განაცხადა გამყრელიძემ.

დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ვიწყებთ კაარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს,“- წერს ტრამპი. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჰოუფ ჰიქსს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინში გადავიდნენ.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით დაიფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია, ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა კი 1.02 მილიონს შეადგენს. შესაბამისი მონაცემები ვებგვერდ worldometers-ზეა განთავსებული. მსოფლიოში ინფიცირების ყველა მეტი 7.4 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 6.3 მილიონი შემთხვევით იკავებს. მე-3 პოზიციაზე კი ბრაზილიაა 4.8 მილიონი ინფიცირებულით. რაც შეეხება ვირუსის მსხვერპლს, კორონავირუსის ფატალური შემთხვევებით კვლავ აშშ ლიდერობს 212 000 გარდაცვლილით. მე-2 და მე-3 პოზიციებს კი ისევ ბრაზილია და ინდოეთი იკავებენ.

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7093 -ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვირუსისგან გარდაცვლილია 43 ადამიანი. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი გააკრიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თუ რუსეთი 2020 წლის 12 ნოემბრამდე არ დათანხმდება პირდაპირ საქართველოსთვის ან ევროპის საბჭოს შუამავლობით თანხის გადახდაზე, მაშინ 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნება შუალედური რეზოლუცია, რაც ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად პირველი პროცედურული ნაბიჯია. „სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რის გამოც მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ამასთან, რუსეთს მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა. ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. აღნიშნულის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მივმართავ აჭარის მოსახლეობას, რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, ამიტომ სასურველია და რეკომენდირებულია, ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ იყენებს, ეს რა თქმა უნდა, დასჯადი არ იქნება, მაგრამ რეკომენდირებულია დღეს, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით 7-8 -ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, რომ პირბადე აჭარაში გამოვიყენოთ გარეთაც”, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, სწრაფ იზოლაციას დაექვემდებარება. „ინფიცირებულებიდან ჭარბობს, რა თქმა უნდა, სიმპტომიანი და კონტაქტში მყოფი პაციენტები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. ამაზე გამახვილდა დღეს ყურადღება საკოორდინაციო საბჭოზე, ერთ-ერთი მთავარი ახალი მიდგომა რაც გვექნება იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწაფ იზოლაციას. თუ არის სახლში თვითიზოლაციის საშუალება, რჩება ბინაზე, თუ არა და კარანტინში გადაყვანას გულისხმობს 14 დღის განმავლობაში. 14 დღე ყოფნა კარანტინში ან იზოლაციაში, ყოვლეგარი კვლევის გარეშე, ამაზე ახალი პროტოკოლი შემუშავდება. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 7093; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3714; მათ შორის გარდაცვლილი - 46; კარანტინის რეჟიმში - 5392; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;

"რუსეთს აწყობს ყარაბაღის დაპირისპირება, რათა ორივე მხარე დასუსტდეს და მთლიანად კავკასიაში საკუთარი პოზიციები გააძლიეროს"

27 სექტემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება ისევ განახლდა. საბრძოლო შეტაკებები ორმხრივი მსხვერპლის ფონზე მიმდინარეობს. რა პროცესები მიმდინარეობს, მოსალოდნელია თუ არა გამწვავება და როგორია საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის როლი, „ევროპათაიმი“, რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურა ბატიაშვილს ესაუბრა. - ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განხლებულ შეტაკებებს და რითი განსხვავდება წინა და ამჟამინდელ მდგომარეობა ერთმანეთისგან? - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაზე ძლიერი შეტანკებები, რაც კი ბოლო 27 წლის მანძილზე ყოფილა. ამაზე მსხვერპლი და დაჭრილთა რაოდენობაც მიუთითებს. განსხვავება ტექნიკური თვალსაზრისით არის ის, რომ ინტენსიურად გამოიყენება ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, როგორიცაა, დრონები და მფრინავი აპარატებით, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ დაზვერვა ხდება, არამედ თავად ამ აპარატებსაც მიაქვს შეტევა. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, კი დიდი განსხვავება არ ჩანს, რადგან თუ დავაკვირდებით პირველი და მეორე დღის აზერბაიჯანული მხარის შეტევებს, მესამე და მეოთხე დღეს დავინახეთ, რომ უფრო გაჩერებულია და მხარეები საარტელერიო და დრონების საშუალებით ამუშავებენ ერთმანეთს. რუსეთი ერთგარი შუამავლის როლს ირგებს და თითქოს არ ერევა, ეს ჩანს, მაგრამ განსხვავებით წინა შეტაკებებისგან, ვხედავთ თურქეთის აქტიურ ჩართულობას. - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიიდან, სადაც საკუთარი დროშა უკვე აღმართეს, გასვლას არ აპირებენ, რამდენად შესაძლებელია მდგომარეობა უფრო გამწვავდეს? - გამწვავება ყოველთვის შესაძლებელია. ორივე მხარეს აქვს რეზერვი. ჯერ არ გამოუყენებიათ შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები და იმედია აქამდე არც მივა საქმე. ასეთი ალბათობაც შესაძლებელია არსებობდეს, თუმცა ჯერ ორივე მხარე თავს იკავებს. ორივემ იცის რომ გამოყენების შემთხვევაში, იგივე იარაღს მეორე მხარეც გამოიყენებს. - რამდენად საფრთხის შემცველია არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია? - საქართველოსთვის რამდენიმე სახის საფრთხე არსებობს, ერთი ეს არის პოლიტიკური, რადგან ყოველთვის ვერ შეძლებ ასეთ სიტუაციაში ნეიტრალიტეტის ბოლომდე შენარჩუნებას, გაჭირდება ძალიან ყოველშემთხვევაში. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ორივე მხარის მცდელობებს, თავის მხარეს გადაიყვანონ და მოკავშირედ გაიხადონ. მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ არსებობს სამხედრო საფრთხე, რომ რუსეთმა სომხეთის დახმარების საბაბით, მოითხოვოს სახმელეთო კორიდორის გაჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთის. ამავე დროს ჩვენ ვხედვათ, რომ არსებობს ეკონომიკური საფრთხეები. კონკრეტულად ორივე ქვეყანა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. თუ კონფლიქტი დროში გაიწელა და ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ, აისახება საქართველოზეც, ისევე როგორც საზღვრების გახსნის შემდეგ ეს ქვეყნები ვერ შეძლებენ ტურისტების გამოგზავნას. მათ თუ პრობლემები შეექმნებათ, შემცირდება ინვესტიციები, რისი რესურსიც მათ არ ექნებათ. ასევე აქვს ჰუმანიტარული განზომილება, თუ ტოლვილთა ნაკადები გაჩნდა, ამ მიმართულებითაც მოგვიწევს მუშაობა. - როგორ შეაფასებთ პრემიერ მინისტრის მხრიდან მხარეებისთვის მოლაპარაკების ადგილად თბილისის შეთავაზებას? - შეთავაზება სწორია, უბრალოდ ეს არის უფრო კეთილი სურვილები, ვიდრე რეალობა. არ მგონია მხარეები ამას დათანხმდნენ. საქართველოს არც ამის გამოცდილება აქვს და არც რესურსი. არ ვამბობ რომ ეს კარგია, მაგრამ ფაქტია. ამის რესურსი აქვს რუსეთს, რუსეთი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ ორ ქვეყანას შეუძლია დაჯდეს და ილაპარაკოს. როდესღაც მხარეები დათანხმდებიან მოლაპარაკებას, უბრალოდ, ჯერჯერობით აცხადებენ, რომ არ არიან მზად. ჯერ უნდა მოხდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და დანარჩენი შემდგომში იქნება. - რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა ტრადიციულად მოირგოს მაშველის როლი, როგორც ეს 2008 წელს მოხდა და ამ შემთხვევაშიც ჩაერთოს? - რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის რომ ახლა შედარებით არ ერევა არ ნიშნავს, რომ მართლა ნეიტრალურის პოზიცია აქვს. რეალურად აწყობს ეს დაპირისპირება, რათა ორივე მხარე დასუსტდეს და მერე მოირგოს შემრიგებლის როლი, რითაც საკუთარ პოზიციებს გააძლიერებს როგორც ამ ქვეყნებში, ისე მთლიანად კავკასიაში. - როგორია თურქეთის როლი და მოსალოდნელია თუ არა, რუსეთ-თურქეთის ინტერესები გადაიკვეთოს? - ტრადიციულად თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანს უჭერდა მხარს, დღესაც და მომავალშიც ასე გააკეთებს. ერთი ერია და კულტურულ-ისტორიული კავშირები გააჩნიათ. ვხედავთ, რომ თურქეთი უფრო აქტიურია საგარეო პოლიტიკაში, მას აქვს ამბიცია რომ არის რეგიონული ლიდერი და შესაბამისად, იქცევა. ამ ლიდერობის სურვილში დაპირისპირებულია რუსეთთთან, რაც ვნახეთ ლიბიაში, სირიაში, ახლა ხდება ყარაბაღში. ეს მომავალშიც გაგრძლებდება და მითია ის, რომ რუსე- თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. რეალურად ისინი ზოგჯერ ხდებიან ტაქტიკური მოკავშირეები და არა სტრატეგიული, რადგან გრძელვადიანად მათ სრულად განსხვავებული ინტერესები და პოლიტიკა აქვთ. ამ საუკუნეში გაშლილი დროშებით ომი ნაკლებად მოსალოდნელია. ისინი ადგილზე საკუთარი მოკავშირეების საშუალებით ებრძვიან ერთმანეთს. პირდაპირ ძნელად წარმოსადგენია და ეს კატასტროფა იქნებოდა. პირდაპირი ომის სიმძიმე ორივე მხარეს ესმის და ამიტომ მიმდინარეობს მოკავშირეების საშუალებით. - რეგიონში სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ალბათ საქართველოსაც მოუწევს ლტოლვილთა ნაკადის მიღება. როგორია რისკები და საფრთხეები, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის... - ეს არ არის ხელწამოსაკრავი თემა, ყველას გვაწუხებს, იმიტომ რომ გარდა პანდემიისა, საქართველოს ეკონომიკური საშალებები არ აქვს ათიათასობით ლტოლვილის მისაღებად. სპეციალურად "ევროპათაიმისთვის"

სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს - იმედი გვაქვს, მალე გამოჯანმრთელდებით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. „კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ სოლიდარობით გადავლახავთ. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ.