ძებნის რეზულტატი:

ლევან იოსელიანის ინიციატივას, საპროცედურო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამასთან, ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებას საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შემდეგების მიხედვით.  ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.   

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური აუდიტორობის კანდიდატს, ცოტნე ყავლაშვილს მოუსმინეს. ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. „სახელმწიფო აუდიტი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა. იგი არის საქართველოს პარლამენტის მთავარი ინსტიტუტი რომელიც საჯარო ფინანსების და ხალხის ფულზე კონტროლს უზრუნველყოფს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტია. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაღალ დონეზე მუშაობდეს და მისი ხელმძღვანელი იყოს მაღალპროფესიონალი“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.  ირაკლი კოვზანაძემ დეპუტატებს კანდიდატის ბიოგრაფია გააცნო. "სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება და ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუცია გახდეს კიდევ უფრო წარმატებული და ეფექტიანი“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.  

უკრაინა: რუსული ძალები ოკუპირებულ მარიუპოლში ადგილობრივებს აკავებენ

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში პატრულირება და პირადობის მოწმობის შემოწმების პროცესი გააძლიერეს.  მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები აძლიერებენ სამობილიზაციო კამპანიას ადგილობრივებს შორის და ატარებენ კონტრპარტიულ ზომებს. ანდრიუშჩენკოს თქმით, ადგილობრივების დაკავებების ფაქტები უკვე დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. უკრაინა დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს აწარმოებს და ტერიტორიებს ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სამაშველო ვერტმფრენები ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან იქნება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

"სამაშველო ვერტმფრენები, რომლის შესყიდვაც ხდება, ხელმისაწვდომი მომდევნო წლიდან იქნება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე განმარტა, ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარით იზრდება. „ამ ვერტმფრენების მოწოდება მომდევნო წელს იქნება, ეს არის, როგორც სამაშველო ისე სახანძრო. ექნება სრული ეკიპირება - სამაშველო და სახანძრო ფუნქცია. საჭიროება გაცილებით მეტია, შეიძლება თვითმფრინავებიც გვჭირდებოდეს და დამატებით სახანძრო მანქანებიც და არამხოლოდ სახანძრო, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით ბევრი საჭიროებაა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რა შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება - ჯუანშერ ბურჭულაძე  

მთავრობათაშორისი თანამშრომლობის და მდგრადობის გაზრდის მიზნით, აშშ ქართულ მხარესთან ერთად, სპეციალურ კურსს მასპინძლობს

მთავრობათაშორისი თანამშრომლობის და მდგრადობის გაზრდის მიზნით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, კურსს მასპინძლობს. კურსი საქართველოს რიგი სამინისტროების, უწყებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ტარდება. საელჩოს განმარტებით, ეს კურსი სიმპოზიუმებისა და სამუშაო ჯგუფების სერიის ნაწილია, რომელიც კრიზისული ან საგანგებო სიტუაციების მომზადებაში, მთლიანად, მთავრობის მდგრადობისა და მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაზრდას ემსახურება.  

ირანი აცხადებს, რომ მზადაა, სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულებას შეუწყოს ხელი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი მზადაა, სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულებას შეუწყოს ხელი. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციის კომენტირებისას, ნასერ კანანმა აღნიშნა, რომ სამეზობლო პოლიტიკიდან გამომდინარე ირანმა პოლიტიკურ ძალისხმევას რაც შეიძლება მალე მიმართა. მისივე თქმი, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანის პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან, რომლის დროსაც, ირანის პრეზიდენტმა დააფიქსირა ირანის შეხედულებები და პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით და სომხურ მხარეს თავისი რეკომენდაციები წარუდგინა.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა და ხელმძღვანელები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში რამდენიმე სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა და ლიდერები დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონის კალინოვსკაიას დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაქსიმ კოჟემიაკა დაინიშნა, ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის ნოვოტროიცკის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე - სერგეი პერეტიატკო, კახოვკის რაიონის სოფელ ზელენოპოდის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად - ევგენი პოზნიაკი, სკადოვსკის რაიონის მირნის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად - ვალენტინა გოლოვატაია. 7 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების არაერთი ადგილობრივი ადმინისტრაციის მენეჯმენტში საკადრო ცვლილებები განახორციელა.  

პოლ გობლი: ომი დიდხანს, ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება

ერევანში პელოსის ჩასვლის დღეს, ბლინკენი აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა, რასაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ერევანში, ასევე - რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს და სხვა აქტუალურ საკითხებს.  პოლ გობლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციაზეც მუშაობდა, ამბობს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს ET: მადლობა ინტერვიუსთვის. გამომდინარე იქედან, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი ერევანში, ამ თემით დავიწყებთ. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ნენსი პელოსის ჩასვლა სომხეთში ასეთ დროს და რა შეგიძლიათ თქვათ მის გზავნილებთან დაკავშირებით? სომხებს ბევრი ამერიკელი თანაუგრძნობს, განსაკუთრებით, გასული საუკუნის ტრაგედიების შემდეგ. ნენსი პელოსის ვიზიტი და მისი განცხადებები ერევანში, სწორედ ამ რეალობას ასახავს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ერევანში მისი ჩასვლის დღეს, აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანულ მხარეს დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა. ამას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრეს. ET: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარის შემდეგ, მოვისმინეთ მოსაზრებები მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირებისგან, რომ მოსკოვი შესაძლოა, შეეცადოს კონლიფქტის გაღვივებას. ამავე დროს, მას მოუწოდეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა რეგიონში, რათა მხარეებს დახმარებოდა მშვიდობიან გადაწყვეტაში. თქვენ როგორ ხედავთ რუსეთის როლს? მოსკოვის როლი უფრო მარგინალურია. მას არ აქვს არცერთი მხარის ნდობა და არც საკმარისი ჯარი, რომ პრობლემა ამ გზით გადაჭრას. ამან სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, მეტი ბიძგი მისცა.ET: რაც შეეხება მიმდინარე ომს, უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება? უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. მის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება. ET: ომი გადამწყვეტ ფაზაშია - აცხადებენ უკრაინის პარტნიორები, რა გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო, თუნდაც დასავლეთიდან და რა იქნება ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი? დასავლეთს სურს უკრაინის გამარჯვება, მაგრამ არ სურს გააკეთოს ისეთი რამ, რაც პუტინს მიიყვანს დასკვნამდე, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დანებდეს ან გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ასეთი, ერთგვარი შებოჭილობა არსებობს დასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ET: რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა ახლო სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზეც? საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი. ჩემ მიერ ხსენებული პირველი საკითხის გადაწყვეტა მას თვითონ მოუწევს, მაგრამ ხელსაყრელი იქნება, თუ დასავლური ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ეს უნდა იყოს თბილისის პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა ეუთოს თანამშრომელი 13 წლით „დააპატიმრეს"

ეუთოს მისიის უსაფრთხოების თანაშემწეს, დმიტრო შაბანოვს, რომელიც აპრილში დააკავეს, ოკუპირებულ ლუგანსკში 13 წლით „თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს“. ოკუპანტების მტკიცებით, შაბანოვმა „გაიარა სპეციალური მომზადება შეერთებულ შტატებში“, შემდეგ კი, სავარაუდოდ, შეაგროვა ინფორმაცია ბოევიკების გადაადგილების შესახებ.  

"ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ

საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ ახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. ექვსმილიარდიან დახმარებას, - მოძრაობა „ხალხის ძალას“ წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნებიან „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას კელი დეგნანის მეუღლე: ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან პოზიციას, რომელსაც აშშ წარმოადგენს „უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს გამონათქვამი, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე. თუმცა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას, საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მთავარი, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, არის ის, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას. მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომით საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო. თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დემოკრატიის განსამტკიცებლად დააფინანსეს, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებთ. დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა სააკაშვილის რეჟიმის მაგალითზე ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრეს, თავისი შინაარსით სულ სხვა არსის მატარებელია, მაგრამ ამ მოდელზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას სამომავლოდ შემოვინახავთ. საქართველო არის მოაზრებული გარკვეული როლისთვის, რომელიც მან საელჩოს კარნახით უნდა შეასრულოს და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ როლის გაანალიზებაა. ფაქტია, რომ მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა. ამ ფუნქციისთვის ამზადებდნენ წლების მანძილზე ისინი უკრაინასა და საქართველოს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განადგურებაზე არ წავიდა, რასაც ამერიკელები ვერაფრით გვპატიობენ. დაფინანსების კუთხით, რამდენიმე ფაქტორია განსაკუთრებით საინტერესო: ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა; 2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო. შედარებისთვის, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი; ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი – 700 მილიონ დოლარზე მეტი „ენჯეოების“ საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება; გასული წლების განმავლობაში, ამერიკელების მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 2 პროცენტს გამოყოფდა, რაც ქვეყანას, ბუნებრივია, სერიოზულ ტვირთად აწვება. რაც მთავარია, ერაყისა და ავღანეთის მისიებში 30 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა, რითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსგან ზუსტად 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერა მიიღო (ამერიკელების მიერ ერთ ამერიკელ სამხედროზე დახარჯულ თანხას ქართველი სამხედროების რაოდენობაზე თუ გავამრავლებთ, სწორედ 2,5 მილიარდ დოლარს მივიღებთ). საქართველოს მიერ გაღებულ ადამიანურ მსხვერპლზე, რომელიც შეუფასებელია, ბუნებრივია, აღარაფერს ვამბობთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხავია, 2013 წლიდან დღემდე საქართველომ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი მიიღო ამერიკისგან თუ ამერიკამ საქართველოსგან. თუ ჩვენს მიერ მოყვანილი რომელიმე მონაცემი არაზუსტია, მოვუწოდებთ საელჩოს, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრინციპით და რა მიზნობრიობით გამოიყოფოდა ამერიკული დაფინანსება საქართველოზე გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, გამოყოფილი დაფინანსებიდან, რეალურად რა თანხა დარჩა საქართველოში და რა თანხა დაბრუნდა ამერიკაში. სამწუხაროდ, საელჩოს მიერ დღემდე გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალზე მწირია და ქართულ საზოგადოებას დაფინანსების დეტალების შესახებ მკაფიო წარმოდგენას არ უქმნის, რაც ჩვენს უარყოფით ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს ხელისუფლებას შარშან ევროკავშირის 75-მილიონიანი სესხის არგამოყოფით. ამერიკული დაფინანსება სახელმწიფოსთვის და მისი ეკონომიკური გაძლიერებისთვის რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი რომ იყოს, ბუნებრივია, მისი გაჩერებით დღემდე არაერთხელ დაგვემუქრებოდნენ. ეს რომ ასე არ ხდება, ჩვენთვის იმის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი არც ქვეყნის განვითარებისთვის და არც სახელისუფლო სისტემის გამყარებისთვის არ არის განკუთვნილი და ის, უმეტესწილად, სწორედ საქართველოში ამერიკული ინტერესების გატარებას ხმარდება. აქედან გამონაკლისი იყო დაფინანსების რამდენიმე კომპონენტი – მაგალითად, მცირე მასშტაბის ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტების სწავლის დაფინანსება, აგრეთვე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხაზით გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც განათლების სფეროს მოხმარდა (თუმცა, განათლების სფეროში ამერიკულმა ინტერვენციამ ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, რა მოუტანა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას ყველაზე გვიან გავშლით). ჩვენ მიერ განმარტებული ყველა გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი. ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული, ეს უკვე ვთქვით და ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას ბევრად მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ბოლოს, კიდევ ერთხელ გვსურს დავუსვათ საელჩოს შეკითხვა, რა არის მისი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, როდესაც საქართველოზე ფინანსებს გამოყოფს და ამ დაფინანსების დანიშნულებას განსაზღვრავს. საინტერესო იქნება, საელჩომ თავისი სტრატეგიული ამოცანის ჭრილში წარუდგინოს ქართულ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გამოყოფილი თანხების დანიშნულების შესახებ. დარწმუნებული ვართ, ამგვარი დეტალური ინფორმაცია საზოგადოებამ რომ მიიღოს, მისთვის ნათელი გახდება, რომ დაფინანსების გამოყოფისას, ამერიკელებს არა ქველმოქმედებისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მოტივი, არამედ საკუთარი აგენტების გავლენის გაფართოების ინტერესი ამოძრავებთ, რომლებმაც საქართველო, უკრაინასთან ერთად, გლობალური ამერიკული სცენარის თვალდახუჭულ თანააღმსრულებლად უნდა აქციონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს მეტი გამჭვირვალობისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ. თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ქართული საზოგადოების აღქმაში სწორედ ჩვენს მიერ გამოტანილ შემაშფოთებელ დასკვნებს გაამყარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.  

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩს: ვერ ვხვდები, „ქართული ოცნება“ რა შუაშია

ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და ესაუბროს, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი პარტია ყოფილი თანაგუნდელების, ე.წ. ოთხეულის განცხადებებს. კელი დეგნანი: ვაშინგტონიდან კითხვებია, მმართველი პარტია და მთავრობა რატომ არ ემიჯნებიან „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების დეზინფორმაციას კელი დეგნანის მეუღლე: ისინი კელის კი არ ესხმიან თავს, არამედ თავს ესხმიან პოზიციას, რომელსაც აშშ წარმოადგენს "ვერ ვხვდები, აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ, ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად, ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა, მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი", - ამბობს პაპუაშვილი. "ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ  

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი: დოლარი - 2.8412 ლარი, ევრო - 2.8364 ლარი, ფუნტი - 3.2319 ლარი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 სექტემბრისთვის ამოქმედდება.    

კანადამ ქართველი მეზღვაურების სამუშაო დიპლომები აღიარა

საქართველოსა და კანადას შორის მეზღვაურთა დოკუმენტების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი და ქართველი მეზღვაურებისათვის კიდევ ერთი დასაქმების ბაზარი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კანადის ფლოტში 660-მდე გემი ირიცხება, რომელთა საერთო ტონაჟი 2.9 მილიონს შეადგენს. კანადა 2010 წლიდან საზღვაო შრომის კონვენციის წევრი ქვეყანაა და მისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სრულად დაცულია მეზღვაურების უფლებები და სამუშაო პირობები, ასევე, უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებს, 72 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება, რომელთაგან 20-მდე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.  

ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მეორე ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მეორე ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 49 შემთხვევაში ფაქტი დაფიქსირდა განმეორებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის, მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით ფარმაცევტულ რეფორმას ახორციელებს. ცვლილების მიხედვით მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. ამასთანავე დაინერგა, წამლის გენერიკული რეცეპტის გაცემის სისტემა. პირველი მარტიდან 16 სექტემბრამდე 1 522 640 ელექტრონული რეცეპტი გამოიწერა. 11 აპრილიდან 16 სექტემბრამდე პერიოდში კი გენერიკული სახით გაიცა 956,000 დანიშნულება. რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით ხორციელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე – გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. „რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი, ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებას შეძლებენ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს მარცხნივ მოხვევით, შეეძლებათ, რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრაონ. აღნიშნული სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება. რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლებენ, ვარაზისხევის ქუჩის საშუალებით, გმირთა მოედანზე გადაადგილდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტობუსები: N306, N 310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 ვარაზისხევის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდებიან და კოსტავას ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ვაკიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი: N512 გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევის ქუჩით. უკუმიმართულებითაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ამავე ქუჩის გამოყენებით. რაც შეეხება ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, N301, N345, N359, N388, N397 და მიკროავტობუსი – N540 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით, უკვე არსებული სქემით იხელმძღვანელებს. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი – N540 მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

რატომ ვერ იყენებს საქართველო სრულყოფილად, ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებულ შესაძლებლობებს - მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი). ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $683.8 მილიონით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 % შეადგენს. მეორეა ფეროშენადნობები $365.1 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს $192.7 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი). საქართველოს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ისევ ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, ამასთან, უცვლელი რჩება საექსპორტო სამეულის წილიც. რატომ ვერ ახერხებს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime  - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს რომ არ იცვლება საექსპორტო ბაზრები და პროდუქცია. რა არის ამის მიზეზი? საქართველოში ექსპორტის პრობლემა სულ დგას... ეს გრძელვადიანი პრობლემაა. წმინდა ექსპორტის სახით, რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, საკმაოდ ცუდი სურათი გვაქვს და ასევე უარყოფითია სავაჭრო სალდო. სურათი უფრო უარესი იყო, თუმცა ახლა 2022 წლის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემს გაუტოლდა. იმპორტი ცალსახად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასეთია ტრენდი. ET: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ექსპორტის წილი გაიზარდოს? მსოფლიოს 300 ქვეყნიდან, დაახლოებით 100-თან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობა არ არის მუდმივი, არის პერმანენტული და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადიც კია. დივერსიფიცირების ამ ნაწილში ვხედავ პრობლემას, რომ უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ამ ნაწილშია საჭირო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და სამთავრობო სექტორის როლი. გვაქვს დიდი პოტენციალი ევროპის ბაზარზე. იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) 11 ათასამდე პროდუქტზე გვაქვს პრეფერენცია, ნულოვანი ბაჟი. თავიდან იყო GSP, ხოლო შემდეგ გახდა GSP+ როცა სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან პრეფერენციებს ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ასეულ, დაახლოებით 300-მდე პროდუქტზე. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან უწყებაც კი არ არის, რომელიც გვეტყვის, ევროკავშირის ბაზარზე DCFTA -ის ფარგლებში რამდენი დასახელების პროდუქტი გადის. ეს მაშინ, როცა ამ პრეფერენციებს გააჩნიათ ზღვრები და პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტზე ზღვარი 10 000 ტონაა, როცა ამ ზღვარს მიუახლოვდებით, იქიდან წამოვა კითხვა: რა ხდება საქართველოში წარმოება გაზარდა თუ რა ვითარებაა? ვალდებული ვართ ამ კითხვას ვუპასუხოთ.  ET: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ჩვენ ამ საკითხზე მეცნიერულად ვმუშაობდით და ვერცერთმა სტრუქტურამ პასუხი ვერ გაგვცა, რომელი პროდუქცია სარგებლობს პრეფერენციით და რა რაოდენობით გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტრომ საგარეოსკენ გაიშვირა ხელი, საგარეომ სტატისტიკისკენ და „ვიტრიალეთ“ წრეში. ამ 11 ათასი დასახელების პროდუქტიდან, პრეფერენციას რამდენზე ვიყენებთ, ამაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა არ არის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ევროპული სივრცე ბევრ ქვეყანას მოიცავს. ET: ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი მაღალი სავაჭრო აქტივობა ექსპორტის კუთხით. რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ეს ბაზარი? რუსეთთან მიმართებით ყოველთვის არსებობს რისკი. ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ამიტომ, რუსეთს თუ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტი ექნება, ეს პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, რისკების მატარებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორია, არამედ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანასთანაც კი არ უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დამოკიდებულება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, როგორიც გვაქვს რუსეთთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანასთან წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ნეგატიური მოვლენაა, საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით. ეს ქვეყანა არასანდო პარტნიორადაა ცნობილი და მეორე მხრივ, რუსეთი არ უწყობს ხელს წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას და ბევრ შემთხვევაში ჩავარდნები ახასიათებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ქართული წარმოება. ET: ადგილობრივი წარმოება რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს? ქართული წარმოება პრაქტიკულად არ გვაქვს. საექსპორტო ათეულშია ძირითადად ნედლი მასალები, ნახევარფაბრიკატები. რასაც საბოლოო პროდუქტის სახე აქვს მიღებული ესაა ღვინო, წყალი და ა.შ. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემები გვაქვს წარმოების ნაწილში. პრინციპში, ჩვენ გატანის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია პროდუქტი იწარმოებოდეს. ამ შემთხვევაში წარმოების ხარისხიც მნიშვნელოვანია. თუმცა ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს, რომელიც წარმოების მიმართულებით საბაზრო ეკონომიკასთან „შეერთდებოდა“ და დაძრავდა ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას, საგადასახადო ნაწილში და საკრედიტო სისტემასთან მიმართებაში. ჩვენთან გადასახადები ნაკლებია, მაგრამ რეალურად თუ ავიღებთ საბანკო პროცენტსა და გადასახადებს, ერთად ძალიან დიდი საგადასახადო ტვირთი გამოდის. ამ კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის ყველა ქვეყანას და მათ შორის აზიის ქვეყნებსაც. ამ საკითხს ანალიზი და გააზრება სჭირდება. ET: კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპის ბაზარზე პოზიციებს ვთმობთ? მეორე, რის გამოც ჩვენ ევროპულ სივრცეში ვთმობთ სავაჭრო პოზიციებს, ესაა ჩვენი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. კურსის გაუარესება სტაბილური ბაზრებთან გვაშორებს და ვინაცვლებთ ნაკლებად სტაბილური ბაზრებისკენ, რომლებიც მეზობლადაა და არასტაბილური სავალუტო ვითარება ახასიათებთ. სავალუტო რყევებია რუსეთის და თურქეთის სავალუტო სივრცეებშიც. ჩვენს ვალუტასთან მიმართებით, ამ ქვეყნების ვალუტების კურსი კიდევ უფრო უარესდება. მათთან პროდუქტი იაფდება და ჩვენ იმპორტის ნაწილში უფრო მეტად ვებმებით. საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2022 ელის იანვარ-აგვისტო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%; სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%. (საქსტატის მონაცემები)   

მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანს მოუსმენენ, ინტერპელაციის წესით კი, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარასკევს, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება. „ინტერპელაციის წესით გაგზავნილია კითხვები ოთხ ადრესატთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, განათლების მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტთან და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. მიმდინარე კვირას იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. შესაბამისად, ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებენ პარასკევს მოსვლას. ამიტომ, ინტერპელაცია გადაიწევს ნოემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს, 18 ნოემბერს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.  

საქართველო და კატარი მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშაონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხთან. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები. მინისტრები მიესალმნენ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას რაც დადებითად აისახება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. ამ მხრივ კმაყოფილებით აღინიშნა კატარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტი და გამართული შეხვედრები, მათ შორის კატარის ამირთან. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი რაც ქვეყნებს შორის არსებობს ამ მიმართულებით, მათ შორის კატარში ქართული პროდუქციის მზარდი იმპორტი და ქვეყნის მსხვილ სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციის რეალიზაცია. მინისტრები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ შესაბამისი უწყებების ჩართულობით ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად სათანადო სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების მიზნით. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ტურისტულ მიმოსვლას და კატარელი ტურისტების მხრიდან საქართველოს ღირსშესანიშნაობებით მაღალ დაინტერესებას. ამ მხრივ აღინიშნა კატარის ავიახაზების წარმატებული საქმიანობა საქართველოში და პირდაპირი რეისები, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კატარის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, ევროკავშირის გრანტი გადაეცა

ევროკავშირმა, გამარჯვებულ ქალაქ ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, პროექტ EU4Culture საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში 300,000 ევრომდე გრანტი გადასცა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.  დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 19 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მერი და EU4Culture პროექტის თანამშრომლები. „ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირის 30,000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს, პროექტის კონსორციუმმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულ, ქალაქ - ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით 300 000 ევრომდე დაფინანსება გადაეცა.  პროექტი, სამივე ქალაქს, შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგ პროგრამებს“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად, რეგიონის ქალაქი, ზუგდიდი კულტურის განვითარების სტრატეგიას განახორციელებს. ქალაქ ზუგდიდს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდოს ზუგდიდის ცნობადობა, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და გააქტიუროს კულტურული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კატალინ გერმანმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი კუპიანსკი. ძნელია უყურო იმას, თუ რა გააკეთეს აქ დამპყრობლებმა

ჩვენი კუპიანსკი. ძნელია უყურო იმას, თუ რა გააკეთეს აქ დამპყრობლებმა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.  ომის შესწავლის ინსტიტუტი: უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კუპიანსკი მთლიანად დაიკავეს „ნგრევა, დაცემა, ტკივილი ამ ყველაფრის ყურება რთულია. მაგრამ უკრაინის დროშასთან ერთად, დანგრეული აღდგება, ისევ ნორმალური ცხოვრება იქნება. იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც გვაშორებს დამპყრობლებისგან. წესრიგი და ცივილიზაცია ბრუნდება უკრაინასთან ერთად“, - წერს ზელენსკი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.