ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი კარტერი 96 წლის გახდა

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 96 წლის გახდა. ჯანმრთელობის პრობლემებმა და პანდემიამ მისი საქმიანობა საგრძნობლად შეზღუდა. ის ეკლესიაში წირვებს ვერ ესწრება და ვეღარც საკვირაო სკოლაში ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ კვლავ ჩართულია კარტერის ცენტრის ჯანდაცვისა და სამშვიდობო პროექტებში და ტელეფონით გამუდმებით ელაპარაკება დონორებს. ყოფილი პრეზიდენტი და ქალბატონი კარტერი თვალს ადევნებენ საარჩევნო მარათონს. ისინი ჯო ბაიდენს უჭერენ მხარს. აღსანიშნავია, რომ შორეულ 1976 წელს ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ კარტერს მიემხრო. კარტერის ცენტრი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების მონიტორინგის დიდი გამოცდილება აქვს, არსებობის ისტორიაში პირველად, 3 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება.

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, დღეს აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა. "2020 წლის 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1929 შეადგინა," - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება"

"მოძმე აზერბაიჯანმა დიდი ოპერაცია დაიწყო თავისი ტერიტორიების დასაცავად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მან აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ბრძოლა მანამ გაგრძელდება, ვიდრე მთიანი ყარაბაღი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება. „ჩვენი ყველა შესაძლებლობით, მთელი ჩვენი გულით მოძმე აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ და ვიდგებით. ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება,“- აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღისთვის საომარი მოქმედებები, 27 სექტემბერს დაიწყო და დღემდე ადამიანური დანაკარგის ფონზე მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს, ქვეყანაში მიღებული ნორმებით იმოქმედონ

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღისთვის შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების მოხალისეობრივ მხარდაჭერას არ საჭიროებს. „საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულების შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე. აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საელჩოს მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში. ამასთან, საელჩო ფინანსური დახმარების მსურველ პირებს თანხის ჩარიცხვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდში სთავაზობს: „არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა“. საელჩო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოც „მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“. საელჩო მიმართავს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემს „გაგებით“ მოეკიდონ შექმნილ ვითარებას, გამოიჩინონ სიფხიზლე, არ წამოეგონ „შესაძლო პროვოკაციებს“ და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. მთიანი ყარაბაღისთვის ფართომასშტაბიანი ბრძოლები 27 სექტემბერს განახლდა. დაღუპულები არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამხედრო პირები. კონფლიქტის გამწვავებაზე მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ალექსანდრ ანქვაბი - ეპიდემიასთან გასამკლავებლად, შესაძლოა, ძალები არ გვეყოს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „პრემიერ-მინისტრის“ ალექსანდრ ანქვაბის თქმით, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის კორონავირუსის ეპიდემიას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, თუკი მისი ზრდის ტემპი მოიმატებს. მან ხაზი გაუსვა, რომ „ქვეყანა ვირუსოლოგების, ინფექციონისტების, რეანიმატოლოგებისა და სხვა პროფილის ექიმების მწვავე დეფიციტს განიცდის“. „რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარების გათვალისწინებითაც კი, დაავადების რიცხვის სერიოზული ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, ძალები არ გვეყოს,“- აღნიშნა ანქვაბმა. ცნობისათვის, დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის 1 525 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 12 ადამიანი.

რუსეთში, ჟურნალისტმა ირინა სლავინამ, პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა

რუსმა ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განყოფილების წინ თავი დაიწვა. შემთხვევა 2 ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულს წინ ჩხრეკა მის ბინაში უძღოდა, რომლის დროსაც, სლავინას ფეისბუქ პოსტის თანახმად, პოლიცია მისი ოპოზიციასთან კავშირის მტკიცებულებებს ეძებდა. თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა: “გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ”. სლავინა ადგილობრივი გამოცემის, “Koza Press”-ის რედაქტორი იყო, რომელიც თავს წარადგენდა დამოუკიდებელ, ცენზურისაგან თავისუფალ გაზეთად. დაღუპვამდე 1 დღით ადრე, სლავინა წერდა, რომ პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა, რა დროსაც ეძებდნენ ოპოზიციური მოძრაობის, “ღია რუსეთის” ბროშურებსა და ანგარიშებს. აღნიშნული ორგანიზაცია პუტინის კრიტიკოსის, მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ ფინანსდება. სლავინა აღნიშნავდა, რომ წაიღეს ტექნიკა, მათ შორის, მისი ქალიშვილის ლეპტოპი და ქმრის მობილური. რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სლავინა ზეწოლის ქვეშ იყო ხელისუფალთა მხრიდან. ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განცხადებით, ის იძიებს განყოფილების წინ ქალის მიერ თავის დაწვის ფაქტს. უწყებას არ დაუკონკრეტებია მისი ვინაობა.

"უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება და საზოგადოების მიმართ მადლიერებას გამოხატავს. „ვფიქრობ, უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!”- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პრეზიდენტს, „რემდესივირით“ მკურნალობენ. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა „რემდესივირით“ დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს“, - აღნიშნა კონლიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე საათის წინ პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7564-ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანს ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს.

ლეგენდარული ლიზა სიმონე "ალილოსთან" ერთად მღერის

ლეგენდარული ლიზა სიმონე "ალილოსთან" ერთად მღერის. ის საქართველოში, ფესტივალის Jazz & Wine Kakheti-ის ფარგლებში იმყოფება. ფესტივალი, დღეს კახეთში ტარდება და ლიზა სამსონესთანერთად, მასში მონაწილეობას ბექა გოჩიაშვილის ტრიო, რუსა მანველი და დავით მაზანაშვილის ტრიო მიიღებენ.

"აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს"

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთად მუშაობა უნდა განაგრძონ, თუკი ისინი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ. „ვფიქრობთ, რომ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა თუ ყველა მათგანი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დღეებში ვხედავთ ზოგიერთ განცხადებას, რომელიც კონტრპროდუქტიულია და ნეიტრალიტეტის პოზიციის ერთგვარი ცვლილების დემონსტრირებას წარმოადგენს,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა გამოცემა Al Jazeera-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს. „ყველა ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ეს ნორმალურია. მაგრამ თუ თქვენ ასეთი მგრძნობიარე საკითხის შუამავალი ხართ, ნეიტრალური უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამავლობა ჩვენთვის მისაღები არ იქნება,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სამხედრო დაპირისპირება, მთიან ყარაბაღში, 27 სექტემბერს განახლდა. მიუხედავად, არაერთი მოწოდებისა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე, ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

"ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჯილს და მე კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა. ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“, - წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. I’m happy to report that Jill and I have tested negative for COVID. Thank you to everyone for your messages of concern. I hope this serves as a reminder: wear a mask, keep social distance, and wash your hands. — Joe Biden (@JoeBiden) October 2, 2020

საქართველომ, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ნებართვების გაცემა შეაჩერა

საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ნებართვების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით", – განაცხადა გომელაურმა. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ: „აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში. ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის. დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესია - სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“. ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანსი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. 2 ოქტომბერს ერევანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ბაქოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 30 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებათა უშედეგობაზე ისაუბრა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებული უწოდა. 27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

"სიცრუეა, თითქოს სირიელი მებრძოლები აზერბაიჯანში საქართველოს გავლით მიდიან"

საქართელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ინფორმაცია, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან. ლილუაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სოციალურ მედიაში ვრცელდება, ისევე როგორც ცნობები იმის შესახებ, რომ კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რაღა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. სუს-ის უფროსის განცხადებით, ორივე ეს ინფორმაცია სიცრუეა. "მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს, თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოს, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან. ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო , რომ გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლეების გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას. სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები" , - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

აშშ-მა 8 ბელარუს მაღალჩინოსანს, მათ შორის შს მინისტრს, სანქციები დაუწესა

აშშ-მა ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს და 7 სხვა მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. "ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დგას მტკიცედ იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების საკითხში, რომლებიც მრავალი წელია ბელარუსის დემოკრატიას უთხრიან ძირს", - განაცხადა ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით გრძელდება. 20 სექტემბერს მრავალათასიანი მსვლელობები მისნკში, გროდნოში, გომელში, ბრესტსა და მოგილევში გაიმართა. სამართალდამცველებმა 230-მდე აქციის მონაწილე დააკავეს. ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს. აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო.

გერმანიის საგარეო მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთს სანქციები დაუწესოს

გერმანიის საგარეო მინისტრი ჰეიკო მაასი ევროკავშირს მოუწოდებს, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ნერვული აგენტით ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს. ”სანქციები ყოველთვის უნდა იყოს მიზანმიმართული და პროპორციული. მაგრამ ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონვენციის ასეთი მძიმე დარღვევა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. ამ საკითხზე ავროპაში ერთი აზრი არსებობს ”, - განაცხადა მაასმა ახალი ამბების პორტალ t-online-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუკი გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორების შედეგები დადასტურდება, ევროკავშირს ამაზე აშკარა რეაგირება ექნება. შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს მომავალ სამიტზე განიხილავენ, რომელიც 15-16 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

"ზოგი ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ"

ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს შეატყობინა, რომ სომხეთმა ყარაბაღში უკანონო დასახლება შექმნა, რაც დანაშაულია, თუმცა ამაზე არავის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. „გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ აინტერესებთ, მაშინ ნურც ახლა დაინტერესდებიან. მაშინ ახლა რატომ ყვირით და ტირით? რისთვისაა ეს ხრიკები? ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ზოგიერთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობის საშუალებას არ მისცემს, მთიანი ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი მიწაა და იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ იქ ვბრუნდებით და დავბრუნდებით,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა. საიტის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 52-მდე გაიზარდა.

რუსი დეპუტატი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთის პოლიტიკამ გამოიწვია

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება სომხეთის პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სთათბიროს წევრმა ალექსეი პუშკოვმა „ტელეგრამში“ დაწერა. მისი თქმით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების ერთ-ერთი ირიბი მიზეზი გახდა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ტენდენცია, რომელიც „რუსეთთან ურთიერთობებს ეჭვქვეშ აყენებს". „სომხეთი ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებისკენ მიილტვის. ისინი კი კრიტიკულ სიტუაციაში არ დაეხმარებიან“ - აცხადებს პუშკოვი. ის ასევე წერს, რომ კონფლიქტის განახლების დრო „შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა“. ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები. წყარო

ევროკომისიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იმ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც გასულ სამშაბათს დავესწარი, კორონავირუსი დაუდასტურდა. რეგულაციების თანახმად, ხვალ დილამდე თვითიზოლაციაში ვრჩები,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“ მისივე თქმით, ხუთშაბათს კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითი იყო, განმეორებითი ტესტის ჩატარებას კი დღეს გეგმავს.