ძებნის რეზულტატი:

კიევის ცნობით, ინდოეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მხარს დაუჭერს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო უკრაინაში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰარშ კუმარ ჯაინს შეხვდა. ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გალუშჩენკომ ინდურ მხარესმიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევებით გამოწვეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განადგურების, ასევე, უკრაინელთა დიდი რაოდენობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვის შესახებ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკული კომპანიები დიდ ძალისხმევას მიმართავენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. „ზამთრამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ელექტროენერგიის მიწოდების ჯაჭვები, რაც შეიძლება მალე. სიტყვა „გადაუდებელი“ ძალიან სუსტია იმის აღსაწერად, თუ რამდენად სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს", - განაცხადა გალუშჩენკომ. თავის მხრივ, ინდოეთის ელჩმა უკრაინული მხარე დაარწმუნა სრულ მხარდაჭერასა და მზადყოფნაში, კიევს საჭირო დახმარება მიაწოდოს. უკრაინაში, ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია რამდენიმე დღეა, არ მიეწოდება. რუსეთის იერიშების შედეგად, ელექტროსადგურების 40% დაზიანდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.  

ანდრიუს კუბილიუსი: შეთანხმება მიღწეულია, ევროპარლამენტი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული.   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა „ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროპარლამენტის პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.   მთავარი ხაზია:   „ევროპარლამენტი რუსეთს აღიარებს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და ქვეყნად, რომელიც ტერორისტულ საშუალებებს იყენებს“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.   უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ძლიერი და მებრძოლი ქალების დიდი ისტორია აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში, "ოქსფორდის კავშირში" "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ყურადღება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე იმ ადგილას, სადაც ბევრი შესანიშნავი პიროვნება, ბევრი შესანიშნავი ქალი იმყოფებოდა. ეს ის ადგილია, რომლის პრეზიდენტიც იყო ბენაზირ ბჰუტო - კავშირის პირველი მუსლიმი პრეზიდენტი და ასევე, გამორჩეული ქალი, დედა ტერეზა. ამიტომ ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გესაუბროთ აქ და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები არსებულ სიტუაციაზე. არ მსურს ბევრი ვისაუბრო, რადგან არ მგონია, რომ ის ფაქტი, რომ ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში და რეგიონში, იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყო უშუალოდ სპეციალიზებული იმ კითხვებზე პასუხების გაცემაში, რაც საზოგადოებაში ქალების საკითხებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საკითხმა არ უნდა განსაზღვროს ქალი პრეზიდენტი. მინდა უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არც თუ ისე კარგადაა ცნობილი და ხშირად, როდესაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს ვხვდები, მეუბნებიან – „შენ პირველი ქალი პრეზიდენტი ხარ. ეს რთული უნდა იყოს“, რადგან ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც უფრო აღმოსავლურ ქვეყანას, ვიდრე ევროპულს და, ალბათ, როგორც ძალიან არაფემინისტური პოლიტიკითა და ქალისა და კაცის ძალიან მკაცრი გამიჯვნის მქონე ქვეყნად. ჩემი სურვილია, ეს მითიური შეხედულებები გავფანტო, რადგან საქართველო ასეთი სულაც არ არის. უძველესი დროიდან, ჩვენი მითოლოგია იწყება ქალებით - მაგალითად, მედეა, საქართველოში მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა სწორედ 17 წლის ქალის მეშვეობით შემოვიდა. ჩვენი პირველი წმინდანები ქალები იყვნენ. ჩვენს მთავარ მეფეს/დედოფალს - მას მეფედ მოიხსენიებდნენ, რადგან ის საქართველოს დიდი აღორძინების პერიოდში თანასწორი და ძლიერი იყო და ასე გაგრძელდა მომავალშიც. ძალიან საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საქართველოს მთელი წინააღმდეგობა, (მანამდე კი სხვა იმპერიების წინააღმდეგ) ქალების ხელში იყო, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდნენ. იმ პერიოდში, ბევრი მათგანი გადაასახლეს და მოკლეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძლიერი, მებრძოლი ქალების ისტორია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, 1918 წელს, პირველი კონსტიტუცია ქალებს არჩევის უფლებას აძლევდა და პირველ ასამბლეაზე ხუთი ქალი იყო არჩეული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირველი მუსულმანი ქალი იყო, რომელიც ყველა ასამბლეათა შორის პირველად აირჩიეს. ეს გაგრძელდა, რადგან საბჭოთა რეპრესიების დროს, ქალები უშუალოდ რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, რომლებიც ხშირად შვილებთან ერთად, დეპორტირებულნი იყვნენ ცენტრალურ აზიაში, ძალიან რთულ გარემოში. ჩვენს უახლოეს ისტორიაში, 1991 წლის დამოუკიდებლობამდე, საქართველოში განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების უახლეს პერიოდში, 1989 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკები თბილისში შევიდნენ, გამოიყენეს [მომწამვლელი] გაზი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და იქაც, ქუჩაში მყოფი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ქალები იყვნენ და ყველაზე მეტი მსხვერპლიც სწორედ ქალებს შორის იყო. შესაბამისად, ჩემი არჩევა არ არის რევოლუცია საქართველოში. იყო სხვა რამ, რისთვისაც მომიწია ბრძოლა და შეიძლება დღესაც მიწევს, მაგრამ არა იმ ფაქტის გამო, რომ ქალი ვარ. ვისურვებდი, რომ არ გვქონდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაწუხებს და რომელსაც ვიზიარებთ ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად. ისეთი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების განვითარებასთან. ეს იქნება ოჯახური ძალადობა, თუ ის ფაქტი, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არაა თანაბარი ანაზღაურება ბევრ საჯარო სამსახურში, მაგრამ ამაშიც გვაქვს პროგრესი. ჩვენ არ გვყავს საკმარისი ქალები პარლამენტში და ეს, ჩემი აზრით, დაკავშირებულია პოლარიზაციასთან, სიძულვილის ენასთან და ძალიან მკაცრ პოლიტიკასთან, რომელსაც დღეს ვხედავთ. მგონი აქაც არ ვართ გამონაკლისი. მაგრამ მთლიანობაში, იქ სადაც მოსახლეობას ვხვდები და დავდივარ ქუჩებში ან ზოგიერთ სოფელში და ვეკითხები გოგოებს, რომელიც მოდიან ჩემთან ფოტოებისა და სელფების გადასაღებად, ვეკითხები მათ - "გინდათ ერთ დღეს გავხდეთ პრეზიდენტი?“ და პასუხი არის - „დიახ, რატომაც არა". ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიღწევა ქალი პრეზიდენტისთვის - რომ ეს ყველაფერი გახდეს რუტინული", - განაცხადა პრეზიდენტმა.  

დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუსმენს

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და  “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება. დღესვე, პარლამენტი  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,  მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს. მიხეილ ჩხენკელს,  ინტერპელაციის წესით, კითხვებით. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა:  ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. მიხეილ ჩხენკელი პლენარულ სხდომაზე  ოთხ კითხვას გასცემს პასუხს. მათ შორის, კითხვები სტატუსშეჩერებული სტუდენტებს, კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციას, სკოლების ინტერნეტიზაციას და ტექნიკით აღჭურვის პროგრამას შეეხება. თითოეული ინტერპელაციისთვის მაქსიმალური დრო 5 საათი და 25 წუთია განსაზღვრული. ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს. დებატებში მონაწილეობისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო  უფრაქციო პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.  

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს. ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 17 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

„ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს - "ხალხის ძალა"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში საკანონმდებლო წინადადების მომზადებას გეგმავენ. „გუშინ, ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, „ენჯეოების“ დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ. სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არაა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ყველამ იცის, რომ კონსტიტუციურად ყველაზე დიდი ძალაუფლების მატარებელი პირი - ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში სახელმწიფოს არ მართავს. ამასთან, დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის, პრეზიდენტის ნაცვლად, ვინ მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს. დღევანდელ ამერიკულ მმართველობას რომ ხედავდნენ, ამერიკის დამფუძნებელ მამებს - ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ჰემილტონს ან მედისონს, ალბათ, მძიმე დეპრესია დაეუფლებოდათ. უხეში ხარვეზებით ჩატარებულ კონგრესის არჩევნებზე, რომლის შედეგების შეჯამებას კვირაზე მეტხანს მოუნდნენ, ბევრს აღარ ვისაუბრებთ. ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც, სადაც სახელმწიფოების უმრავლესობას სუვერენიტეტი არსებითად დაკარგული აქვს. დღევანდელ სამყაროში დემოკრატია ნიშნავს “აგენტოკრატიას”. ფართოდ დანერგილი მოდელის მიხედვით, ყალიბდება სამთავრობო კოალიციები, რომლებშიც პარტიების უმრავლესობა უცხოური გავლენის აგენტურას წარმოადგენს. ასეთ პირობებში კი, სამთავრობო კოალიცია არა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ, თავიდან ბოლომდე, გარე ინტერესების გავლენის ქვეშ მოქმედებს. ამგვარი ვითარება გვქონდა საქართველოში 2004-12 წლებში, როდესაც ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული. ყველა უბედურება - ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მონოპოლიზება, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარება და სხვ. - არა მხოლოდ რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით ხდებოდა. რადგან დემოკრატია ფსევდოლიბერალების ლექსიკონში სინამდვილეში აგენტოკრატიას ნიშნავს, დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება ნებისმიერი პროცესი, რომელიც აგენტოკრატიის დემოკრატიით ჩანაცვლებას განაპირობებს ან, პირიქით, რომელსაც დემოკრატია აგენტოკრატიისკენ არ მიყავს. სწორედ ამიტომ საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ უცხოელი პატრონები ორწლიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. ზუსტად ორი წლის წინ მოხდა ის, რასაც ისინი დღემდე ვერაფრით ეგუებიან - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო და „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლება არ გადააბარა, ანუ დემოკრატია აგენტოკრატიით არ ჩანაცვლდა. აგენტოკრატიის აღდგენა ვერც 19 აპრილის შეთანხმებამ მოიტანა. შესაბამისად, ისინი მუდმივად გააგრძელებენ საუბარს ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, ვიდრე საქართველოში აგენტოკრატიის აღდგენას არ მიაღწევენ. ასევე, საინტერესოა, რომ ფსევდოლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა „დამოუკიდებელი“ „გარედან მართულის“ სინონიმია. მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს გარედან მართულ სასამართლოს, დამოუკიდებელი მედია - გარედან მართულ მედიას და ა.შ. ამ მოდელის მიხედვით, სასამართლო უნდა მართონ მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა ენჯეოებმა, ხოლო დამოუკიდებლად მხოლოდ ის მედია შეიძლება მოიხსენიებოდეს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება და სახელმწიფოში აგენტოკრატიის დამყარების ან გამყარების საქმეს ემსახურება. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით და ამიტომ, მოლდოვის ფონზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო. ეს სიმართლეა, თუმცა, მთავარ სიმართლეს საზოგადოებას არც ამ შემთხვევაში ეუბნებიან. არის ერთი, გადამწყვეტი პარამეტრი, რითაც მოლდოვა „წინ უსწრებს“ საქართველოს - საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა არის აგენტოკრატია, რის გამოც მას სრულად ეპატიება დსთ-ს წევრობაც, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც, დასავლურ სანქციებზე არმიერთებაც და აღვირახსნილი კორუფციაც. მოლდოვური აგენტოკრატიისგან განსხვავებით, ქართული დემოკრატიის ბამბაც ჩხრიალებს და ამ პირობებში, სუვერენულ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, არავინ მიანიჭებდა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს ერთადერთ მიზნად. ამ რეზოლუციების მთავრი ავტორები არიან ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლები - კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფონ კრამონი, ფოტიგა და სხვები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მათი და „ნაცმოძრაობის“ საერთო პატრონების კარნახით მოქმედებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება დაისვას კითხვა, სჭირდება თუ არა საქართველოს ისეთი ევროპა, სადაც მხოლოდ აგენტოკრატია ფასობს, ხოლო დემოკრატია თავდასხმისა და აგრესიის მთავარი ობიექტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება, ოღონდ გვჭირდება იმ ღირებულებებით, რომლებსაც ევროპა ტრადიციულად ეფუძნებოდა. საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაში ტრადიციული ღირებულებებისა და მართვის ტრადიციული მოდელის აღდგენაში. ჩვენ ვოცნებობთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორადაც ის შუმანმა, მონემ, ადენაუერმა, ჩერჩილმა და ევროკავშირის სხვა დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) იღებენ მონაწილეობას. "შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ კუთხით რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის ერთობლივ ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელსაც საფუძველი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეყარა, ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრებმა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე და ამ გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. ამ კუთხით ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 2023 წლიდან რუმინეთი უკვე მეორედ გახდება ნატო-ს საკონტაქტო საელჩო, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ოლივერ ვარჰეი: ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 12 მთავარი გზავნილი საქართველოს „ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს!“, – წერს ოლივერ ვარჰეი.  

ფხენიანიდან ნასროლი რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტა, იაპონიის ეკონომიკურ ზონის აკვატორიაში, ჰოკაიდოს დასავლეთით ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.  იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ იაპონური თვითმფრინავებისა ან გემების დაზიანების შესახებინფორმაციას არ ფლობს. 18 ნოემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ DPRK-მ აღმოსავლეთის მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.  

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა.  ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.  

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.  2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 52 ათასი კაცით (6.0%) და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა (6.2%) და 444.3 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა. 2022 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 43.1 ათასით (10.7%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 30.8 ათასითაა (11.0%) შემცირებული. 2022 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (1.8 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.8 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 45.4 პროცენტი და 44.9 პროცენტი შეადგინა.  2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 67.3 პროცენტს შეადგენს.

შსს: დაკავებულია 22 წლის ბიჭი, რომელმაც ახლად გაცნობილი ქალი ნაქირავებ ბინაში ცივი იარაღით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინორმაციით, 36 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცი დააკავეს. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს: აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს

ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. „მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს", -აღნიშნულია წერილში.  

რა სფეროებს მოიცავს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება

სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ოფისის მონაცემებით, 1992 წლის შემდეგ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება $5,7 მილიარდს შეადგენს. ოფისის თანახმად, ეს ფაქტები 2021 წლის ივნისის მონაცემებს ასახავს. Europetime არსებული დოკუმენტებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გთავაზობთ, რომლის განვითარებასაც საქართველოში აშშ უჭერს მხარს. 2020 ფისკალური წელი: USAID-ის დახმარება საქართველოსთვის $133.5 მილიონია.  ამ ფინანასური დახმარებიდან, თანხა შემდეგი მიმართულებით გადანაწილდა:  მშვიდობა და უსაფრთხოება $52,73 მილიონი; ეკონომიკური ზრდა $39,85 მილიონი; დემოკრატია და ადამიანის უფლებები - მმართველობა - $35,86 მილიონი; განათლება, სოციალური სერვისები - $4,97 მილიონი; ჰუმანიტარული დახმარება - $0.13 მილიონი; COVID19-ის პანდემიის დროს, პრევენციისთვის, საქართველომ, აშშ-სგან $27,2 მილიონი მიიღო.  სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს საჯარო დებატებს საკვანძო საკითხებზე, მოქალაქეთა ზედამხედველობას მთავრობაზე. 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების დროს, USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პარტნიორებმა ასობით დამკვირვებელი გაგზავნეს 17 ოლქში, სადაც არჩევნები იმართებოდა. აშშ-ის საელჩოს თბილისის სახალხო დიპლომატიის განყოფილებამ (PDS) 2020 წელს მცირე გრანტები გადასცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადვოკატირების ჯგუფებს, რაც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის კულტურას და აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას უფლებამოსილებას, უზრუნველყოს უფრო ეფექტიანი საჯარო ზედამხედველობა და ჩართულობა მთავრობასთან. ძალისხმევა მხარს უჭერს საქართველოს, რომ პოლიტიკური პროცესი უფრო დემოკრატიული გახდეს. დამოუკიდებელი მედია და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა დამოუკიდებელი, სანდო და დაბალანსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა; რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და დამოუკიდებლად, მაღალი ხარისხით  გაშუქების შესახებ საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, აშშ-ის დახმარების მთავარი მიზანია. ჟურნალისტიკაზე ფოკუსირებული გაცვლების მხარდაჭერის გარდა, 2020 წელს ჩატარდა მედიაწიგნიერების ტრენინგი 1700 საშუალო სკოლის მოსწავლისა და უნივერსიტეტის სტუდენტისთვის და სულ მიაღწია 120 000-ზე მეტს, ონლაინ რესურსების საშუალებით, რამაც საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა ინსტრუმენტები, ყალბი ინფორმაციის ამოსაცნობად. სამართალდამცავი ორგანოების დახმარება ტრენინგი და ტექნიკური დახმარება ეხმარება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და განახორციელონ რეფორმები ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.  INL დაეხმარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კრიმინალურ ლაბორატორიას ძირითადი პოლიტიკის, პროცედურების და სახელმძღვანელოების შემუშავებაში.საშუალება მისცა მას, მიეღო აკრედიტაცია რამდენიმე სასამართლო დისციპლინაში, რითაც გააუმჯობესა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობა. ხელი შეუწყო მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფას პოლიციის სწავლების გზით, რაც დაეხმარა საქართველოს მთავრობას, უფრო პროფესიულ დონეზე კონტროლის უნარი, რომელიც პატივს სცემს მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებებს. შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტისთვის ექსპორტის კონტროლისა და მასთან დაკავშირებული საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამამ ინვესტირება მოახდინა მიზნობრივი და რისკების მართვის მოწინავე სისტემის და ექსპორტის კონტროლის ელექტრონული ლიცენზირების სისტემების შემუშავებაში. დახმარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობებს უკანონო ტრეფიკინგის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან და სამართალდამცავ საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ მართული პროგრამების მეშვეობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მუდმივი იურიდიული მრჩევლები (RLA) უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის სექტორის დახმარებასა და ტრენინგს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვის. მაგალითად, კიბერ და ბავშვთა ექსპლუატაციის დანაშაულებში ქართველი პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებამ საშუალება მისცა საქართველოს, ეთანამშრომლა აშშ-სთან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა გაესამართლებინათ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ქსელის რამდენიმე წევრი. USAID ასევე მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუტების მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, რათა გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა; გააუმჯობესოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მცირე წარმომადგენლობითი ჯგუფების წევრებისთვის; გააძლიეროს ინსტიტუციური კონტროლი და ბალანსი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებთან მუშაობის გზით, ინსტიტუციური ზედამხედველობისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. კარენ დონფრიდის თქმით, აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, $6 მილიარდზე მეტი გამოუყო USAID-ი ხელს უწყობს მთავრობის საჯარო სამსახურის რეფორმების წინსვლას, ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) ამზადებს მოსამართლეებს, ადვოკატებს და სასამართლოს პერსონალს ინტელექტუალური საკუთრების, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის, გადახდისუუნარობის და სხვა კომერციული სამართლის თემებზე. 2020 წლის თებერვალში, CLDP-ის (კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა) მიერ დაფინანსებული ორდღიანი სემინარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ეროვნული და რეგიონული შესყიდვების ოფისებისთვის, საქართველოს ევროკავშირის სისტემასთან გათანაბრებაში დაეხმარა. ცნობისთვის, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ აიყვანა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. ამ თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია, რომელიც  ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას ეფუძნება, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა. 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საქმეში, დემოკრატიის გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გამყარების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი.

რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამოიშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დაშავდნენ სხვა მუშებიც. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.  

ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ

შუა დერეფნის კონცეფცია, ძალიან შეესაბამება ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან ვითანამშრომლოთ შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, დღეს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების მხრივაც გეგმავს.  „გვჯერა, რომ შუა დერეფნის პროექტი საქართველოს, ევრაზიის დამაკავშირებელი პროექტების რეალიზაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ჭოუ ცინმა. ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას, ყველაზე ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს მსოფლიოში. „ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთში, ყველაზე მეტი ავტობანი და ურთულესი კონსტრუქციის ხიდები აშენდა ხმელეთსა და ზღვაზე. ჩინეთს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ აქვს კარგი გამოცდილება, არამედ, კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ინფრასტრუქტურა ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს: აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს „აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით! მოუთმენლად ველით რეგიონალური თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.  

ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ვაშაძეს: არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი

არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე საუბრობდით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვის ფორმით: "რატომ არ არის დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება და აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას?" ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.  

ჩინეთის ელჩის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს

პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დავისახოთ, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, 18 ნოემბერს, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინეთის ელჩის თქმით, სამწუხაროა, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვის მოცულობა სწრაფად არ იზრდება.  „სამწუხაროა, რომ დღეს, ტვირთების დიდი ნაწილი არ მოდის შუა დერეფანზე. ჩვენ ვხედავთ დაბრკოლებას აზერბაიჯანის მხრიდან. ხშირად, საბაჟოზე ჩერდება ტვირთები, ამიტომ, აუცილებელია, დაისახოს გეგმები იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა, კავშირები, რადგან ამის გარეშე საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობას უპირატესობა ეკარგება“, - აღნიშნა ჭოუ ცინმა.  ამასთან, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი. ასევე დაგეგმილია ახალი პროექტები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია შუა დერეფნის გასავითარებლად. „ჩვენთვის საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ განვითარებადი ქვეყანაა. ჩინეთი, როგორც დიდი სოციალისტური ქვეყანა, თავის მოვალეობად თვლის, დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს. თანამშრომლობის მიზეზია კიდევ ის, რომ ჩინეთსა და საქართველოს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად, ძალიან კარგი პოლიტიკური გარემოა. ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები გადავიდეს ახალ საფეხურზე“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.   

ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. "როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტთა წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, მათი დედაპარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ ლანგრით მიართვეს მიზეზი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო, გამოეყოთ ამ ჯგუფიდან“,- აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.