ძებნის რეზულტატი:

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რა აშშ-ის ინტერესების წინსვლისთვის რეგიონში, მე მივესალმები და ვაფასებ თქვენს რჩევას. სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა დონფრიდმა და ამ კონტექსტში მდივან ბლინკენის ძალისხმებას გაუსვა ხაზი, რომელმაც არაერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი გამართა მხარეებთან. „ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის წახალისებას, რომ მათ განაგრძონ მოლაპარაკებები და ამას ვაკეთებთ მჭიდრო პარტნიორობით ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთისა და სომხეთის დიალოგს ურთიერთობების ნორმალიზებაზე და ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. რეგიონში სტაბილურობის გაზრდის პოტენციალი ჩნდება. ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის ფონზე“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესია. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ურთიერთობები სომხეთთან, არასდროს ყოფილა ასეთი მყარი. კარენ დონფრიდის თქმით, ის მომავალ კვირას ერევანში გამართულ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ადამიანის უფლებების საკითხი, აზერბაიჯანისთვის გამოწვევად რჩება. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ვმუშაობთ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა. „ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.  ამავე სხდომაზე კარენ დონფრიდს ჰკითხეს, რა სტრატეგია აქვს ამერიკას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით და როგორ უნდა იყოს პროგრესი მიღწეული. „აშშ საქართველოს ახლო პარტნიორია ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მათ შორის ევროატლანტიკური კავშირების განვითარებით“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. სენატორ ბენ კარდინის კითხვას, ვხედავთ თუ არა პროგრესს ახლა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა: კარენ დონფრიდმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, იმ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების (კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რედ.) მოლოდინში იყო. „მე ვიყავი საქართველოში იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ კვირაში ევროპული საბჭოსგან მოვიდა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა ევროპული პერსპექტივა, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და ეს ძალიან ემოციური იყო საქართველოში. მქონდა ლანჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ, რადგან საქართველო, როგორც იცით, იყო ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მაწუხებს... ქართველების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვფიქრობ, ეს ახდენს ზეწოლას მთავრობაზე. ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ ვუერთდებით ევროკავშირის იმ რეფორმების სიას, რომლის გატარებისკენაც ევროკავშირი მოგიწოდებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ თქვენ განახორციელებთ ამ რეფორმებს და ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს პროგრესის ნაკლებობა არსებობს. თქვენ საუბრობდით ჩვენი ელჩის მიმართ კრიტიკაზე. „საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. „მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და სურს, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის აშშ-სთან ურთიერთობებზე და მის დემოკრატიაზე. ასე, რომ მჯერა, რომ ჩვენი უწყვეტი ჩართულობა და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის“, - დაამატა კარენ დონფრიდმა. ამის შემდეგ, სხდომა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაგრძო. ჯინ შაჰინმა კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის საქართველოს მხრიდან პოზიტიურ მცდელობებს ხაზი გაუსვა, თუმცა აღნიშნა, რომ რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა. „ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ ეს დახმარება, შესაძლოა, საქართველოს ქმედებებს უნდა დავუკავშიროთ, მაგრამ ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა დამარწმუნეს, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა. „ჩვენ გამოვთქვით წუხილები იმ შემაშფოთებელ განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ვიხილეთ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს“, - უპასუხა კარენ დონფრიდმა. სენატორი შაჰინი დონფრიდის მოსაზრებას დაეთანხმა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე. „საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება, იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სენატორმა გაამახვილა ყურადღება, შავი ზღვის რეგიონია. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, როდესაც რუსეთის ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ამახვილებს ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის მიმათ. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად, კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.

2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი მატება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, ასევე, დაგეგმილია სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა. „2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში: საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი - ე.წ. DRG მოდელის დანერგვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი; „კორონავირუსთან“ დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს; ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.  

კარენ დონფრიდი: კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა, ძირს უთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას

საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა, ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს, - განაცხადა ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა განიხილებოდა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები „ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

Forbes: დიზაინერი ტომ ფორდი, მილიარდერი ხდება

დიზაინერი ტომ ფორდი, მილიარდერი გახდება მას შემდეგ, რაც თავისი ბრენდის Estée Lauder-ისთვის მიჰყიდვის პროცედურა დასრულება. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, გარიგების შემდეგ, 61 წლის დიზაინერის ქონება, შესაძლოა, $1,2 მილიარდად შეფასდეს. „ტომ ფორდის“ ბრენდის გაყიდვა კოსმეტიკის გიგანტ Estée Lauder-ზე, დამფუძნებელს მილიარდერად აქცევს. Estée Lauder-ის გარიგებით, Tom Ford-ის ბრენდი $2,8 მილიარდად შეფასდა. 2013 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ტომ ფორდი კომპანიის თითქმის 64%-ს ფლობდა და მას შემდეგ მისი წილი არ შეცვლილა. მთელი კომპანიის შეფასების საფუძველზე დიზაინერის წილი შესაძლოა, $1,1 მილიარდად შეფასდეს, გარდა ამისა, ტომ ფორდი ფლობს მინიმუმ $65 მილიონის  ღირებულების ორ სახლს ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ის, რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, ღრმად შემაფშოთებელია, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს და ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამ პროგრესზე დაყრდნობით ჩვენ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ის, რასაც ახლა ვხედავთ ძლიერ გვაშფოთებს, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარე დონფრიდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა სენატორ ბენ კარდინის კითხვას, ვხედავთ თუ არა პროგრესს ახლა საქართველოში. კარენ დონფრიდმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, იმ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების (კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რედ.) მოლოდინში იყო. „მე ვიყავი საქართველოში იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ კვირაში ევროპული საბჭოსგან მოვიდა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა ევროპული პერსპექტივა, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და ეს ძალიან ემოციური იყო საქართველოში. მქონდა ლანჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ, რადგან საქართველო, როგორც იცით, იყო ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მაწუხებს... ქართველების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვფიქრობ, ეს ახდენს ზეწოლას მთავრობაზე. ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ ვუერთდებით ევროკავშირის იმ რეფორმების სიას, რომლის გატარებისკენაც ევროკავშირი მოგიწოდებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ თქვენ განახორციელებთ ამ რეფორმებს და ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს პროგრესის ნაკლებობა არსებობს. თქვენ საუბრობდით ჩვენი ელჩის მიმართ არსებულ კრიტიკაზე. საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება. „ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება. ქალაქ თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ცნობილია 6 სახელმწიფო, რომლებიც უკრაინას ახალ შეიარაღებას გადასცემენ

რამდენიმე ქვეყანამ, უკრაინის თავდაცვისთვის საკონტაქტო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე (რამშტეინის ფორმატი) უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადა. კანადა უკრაინას $34 მილიონით დაეხმარება. კერძოდ, საუბარია სამხედროებისთვის ზამთრის აღჭურვილობაზე, დრონების კამერებზე, სატელიტურ სურათებზე. შვედეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით 287 მილიონ ევროს გამოუყოფს. დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ესპანეთი უკრაინას დამატებით 2 ერთეული Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და რაკეტებს გადასცემს. საბერძნეთი უკრაინას, 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის. გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. პოლონეთი უკრაინას მიაწოდებს საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. „თავისუფალი სამყარო ჩვენთანაა მანამდე, ვიდრე ჩვენ გავიმარჯვებთ. უკრაინის სიძლიერე ახლა არის: გაზრდილი ეკონომიკური პოტენციალი, უკრაინის არმიის უკეთესი მომზადება, თანამედროვე ლოგისტიკა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, Twitter-ზე დაწერა.  

საგარეო უწყება: საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. „თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება პროცესში პრობლემის წარმოქმნისთანავე ჩაერთო და ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. საკონსულოს წარმომადგენლები ყოველდღე იმყოფებიან კლინიკაში და ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე არიან,“ - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 16 წლის მარიამ გოგიაშვილი გარდაიცვალა.   

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ალენ სიმონიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა მუდმივად პოზიტიურ დინამიკაში ვითარდება, რაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ყველა მხარის საერთო ინტერესშია ვითარების დროული დეესკალაცია და დიალოგის განახლება გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შეიძლება მყარი საფუძველი გახდეს, რათა მხარეებმა შეძლონ ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ აღაჯანიანი, მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელაიანი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ტიგრან სეირანიანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ ბერლინმა საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ გერმანიამ საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს“. „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში“. „შეუძლებელია, რომ გერმანიიდან სენსიტიურ მისიებში იგზავნებოდეს ადამიანი, რომელი, შესაძლოა, მტრულ სამსახურშიც მუშაობდეს“, - განაცხადა კრამონმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.

სლოვენია, გაზის იმპორტის ერთ-ერთ წყაროდ, სამხრეთის გაზის დერეფანს განიხილავს

სლოვენია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია.  ამის შესახებ Trend-ს სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბოიან კუმერმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში არსებულ ვითარების გამო, რადგან სლოვენია გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „სამხრეთის გაზის დერეფანი გაზის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ გაურკვეველ და რთულ დროს ვცხოვრობთ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ გვაიძულა, რომ გაზის იმპორტისა და მოხმარების სტრატეგიისთვის გადაგვეხედა. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები რუსული გაზის მოხმარების შესამცირებლად. გაზის იმპორტი სტაბილურია და ამ დრომდე არ გვქონია მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებები, ასევე ვმუშაობთ ალტერნატიული წყაროებიდან გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ი (ტრანს-ადრიატიკის მილსადენი), რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, საბერძნეთსა და ბულგარეთს აწვდის.  

საქართველოს პრეზიდენტი „ოქსფორდის კავშირში“ „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში, „ოქსფორდის კავშირში“ „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „ოქსფორდის კავშირში“ საქართველოს პრეზიდენტს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, ოქსფორდის კავშირის ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია” დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დავიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო  

პატრიარქი ნოდარ ნათაძეზე: დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება

პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე დღეს დაკრძალეს. პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი გაავრცელა პატრიარქმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „დღეს ვემშვიდობებით ბატონ ნოდარ ნათაძეს, - ცნობილ ფილოსოფოსს, პოლიტიკოსს, ეროვნულ მოღვაწეს; პატიოსნებით, გულწრფელობით, პირდაპირობით გამორჩეულს, რომელიც ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება. აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისმა უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვითი შეწევნის ძალა“, - წერია სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ნათაძე 13 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   

მედია: გერმანიამ საქართველოდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან პრორუსი დამკვირვებელი გაიწვია

პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.   

დნიპროში, რუსეთის ძალებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანეს იერიში

ქალაქ დნიპროში, რუსეთის ძალებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანეს იერიში. ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში განაცხადა. „რუსმა ტერორისტებმა ახლახან დაბომბეს დნიპრო. რამდენიმე დარტყმა მოხდა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. არის მსხვერპლი. აფეთქების ადგილზე მაშველები მუშაობენ", - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.  მოგვიანებით, ქალაქზე საჰაერო იერიშის ვიდეო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Facebook-ზე გაავრცელა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სამი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს

„ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც აშშ-ის აზრით, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა, - „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სენატორების შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "რუსეთის აგრესიის შედეგად, დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივილიზაციურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია; უკრაინის თავგანწირვამ გაგვიხსნა უნიკალური გეოპოლიტიკური შესაძლებლობები - საფუძველი ეყრება ჩვენი რეგიონის მომავალს. ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იძულებულს ხდის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე მტკიცე საერთაშორისო გარანტორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისაუბროს არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების გეგმებზე, არამედ საქართველოში არსებულ ტოტალურ რეგრესზე. რეგიონში ძალთა ახალი გადანაწილების პირობებში საქართველოს იზოლაცია პარტნიორებისგან არის „ქართული ოცნების“ გააზრებული მოღალატეობრივი პოლიტიკა, სახელმწიფოს ღალატი. „დემოკრატიის უზარმაზარი უკუსვლა“ - ასე შეფასდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები 16 ნოემბერს სამხრეთ კავკასიის შესახებ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არა მხოლოდ გააკრიტიკეს დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის მიმართ საქართველოს მთავრობის ქმედებები, არამედ ისაუბრეს საქართველოსთვის დახმარების პირობითობაზეც კი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა დამოკიდებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ „ქართული ოცნების მცდელობები, შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი პროდასავლურ ძალად წარმოსახოს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი. აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ „ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც, აშშ-ის აზრითაც, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა. უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორად შევაფასოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რათა შევძლოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე. სენატორებს ასევე აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს. მართლაც, მთავრობის ანგარიშვალდებულებას უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები განაპირობებენ. ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის არის ის, რისი წყალობითაც თავისუფალი სამყარო ყოველთვის გვიჭერდა და დღემდე გვიჭერს მხარს. შესაბამისად, არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და განვამტკიცოთ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ. პოლიტიკური პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სწორედ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო გავერთიანდით. მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახადებს, რომ სენატორ შაჰინის განცხადებას, საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება.  სენატორი შაჰინი: საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ, ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო - ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, შაჰინის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებაზე უსამართლოა. „რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის მას ფასი არ აქვს. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა და ასეთს ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“. ძირითადი ნაწილი ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება. სენატორი შაჰინი: საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე მე მოსმენილი მაქვს ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ „ენჯეოების“ გავლით. ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ყოფილ ელჩს და არა მე და მეც პრაქტიკულად იგივეს ვიმეორებ, ამიტომ „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ. მე არ მგონია, რომ ეს მოხდება იმიტომ, რომ „ენჯეობის“ დაფინანსება არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რაიმე საწუხარი იყოს. შაჰინმა თვითონვე თქვა განცხადებაში, რომ როგორც მას უთხრეს, ასეთი საკითხი არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს

სტამბოლში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე „Logitrans-2022“ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე ისაუბრეს. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია შპს ADY Container-ი იტყობინება. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია „თურქეთში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე, კომპანიის თანამშრომლებმა, მონაწილეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და ახალი პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ტვირთის მფლობელი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ახალი თანამშრომლობის საფუძველი ჩაეყარა. პარტნიორებთან დისკუსიების დროს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე იმსჯელეს“, - აცხადებენ ADY Container-ის წარმომადგენლები. ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია

სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს. შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. „კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, უფლებამოსილების სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდა უპირობოდ. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და, აგრეთვე, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. მოპასუხის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა დაფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, იმოქმედა თუ არა რეფორმის განხორციელებისას საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შეეხებოდა საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა. ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას. ამრიგად, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (მისი მოადგილეებისათვის კი რაიმე ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის შეთავაზება შესაძლოა ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მათი თანამდებობრივი სტატუსი არ უტოლდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, თუმცა ვინაიდან საქმე შეეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ არა ჩადენილი დარღვევების ან თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო, არამედ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზეზით და, ამასთან, ყოველგვარი - დიდი თუ მცირე - კომპენსაციის გადაცემის გარეშე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ინსტიტუციური რეფორმების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი. დავის საგანი: ა) №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 55 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.) 27 1 მუხლის პირველი პუნქტისა და 28 1 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) №1681 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 27 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 28 1 მუხლის მე-5 პუნქტისა და 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 40 11 , 40 12 , 40 13 , 40 14 , 40 15 , 40 16 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 55 2 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.