ძებნის რეზულტატი:

ელჩი დეგნანი: ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი მრავალფეროვანი დახმარებით, მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანნმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპასუხებდა რიგი დეპუტატების განცხადებებს, რომ შეერთებული შტატების დახმარების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მიემართება. კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყო. ელჩი დეგნანი NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს ელჩის თქმით, ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის. კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის. „რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ სად მიდის ეს (აშშ-ის, რედ.) დახმარება, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მიწის თხილის ფერმები აქვთ და მათ, ვინც დახმარება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე, მათ, ვისაც მოცვის, რძის პროდუქტების საწარმოები აქვთ და მუდმივად იღებენ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ალბათ, სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ში გაცვლითი პროგრამებით მიდიან და იქ იღებენ განათლებას. ასევე, საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს, რომლებიც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით მოგზაურობენ აშშ-ში. რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება, მათ შორის, თავდაცვის, სანაპირო დაცვის, სამართალდამცავი უწყების, სასაზღვრო პოლიციის დახმარების პროგრამები. ასევე, ნაწილი ჩვენი დახმარებისა, მიდის ძალიან კარგი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს. ეს არის მათი ძირითადი მიმართულება. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ, დახმარების ძალიან კარგი ჩამონათვალი და ისტორია გვაქვს, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხს, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და ჩვენი სურვილია, რომ ამ მრავალფეროვანი დახმარებით, მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს, ეს იქნება მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობით თუ ინდივიდუალურად და არასამთავრობოების საშუალებით. შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, განაცხადა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ“.

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტი გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი დასაქმებული. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. უწების ცნობით, ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. „პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება. სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ კრიტიკული შეუსაბამობები დადგენილ იქნა და სამუშაოები შეჩერებულ იქნა2022 წლის ივლისშიც. მხოლოდ 2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ. შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ნორვეგიის სახელმწიფო მდივანმა დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანს საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული მიზანია, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლებსა და დაბებში. „ამ მიზნით ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები, რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობისათვის კი, სერვისების მიწოდებას ინოვაციური პროექტი – მობილური იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.ბ ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა დღესაც გრძელდება. სულ მალე დასრულდება მუშაობა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე. JUSTapp მობილური აპლიკაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, იუსტიციის სახლის სერვისები სახლიდან გაუსვლელად მიიღონ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ბრეგაძემ ნორვეგიის სახელმწიფო მდივანს ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რატი ბრეგაძე გან კარინ ჯულს ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.  

ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ღარიბაშვილი

ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს. „ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილური ვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%- იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პრეზიდენტმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022 გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე. "ქართული პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 25-მდე ქართული კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და 12 სტარტაპი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშერიამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქართული სტარტაპების მხარდაჭერისათვის, კონფერენციაში მონაწილეობისა და იმ საქმიანობისათვის, რომელიც მან პარლამენტში, დიასპორასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისათვის გასწია. „მე მართლა ამაყი ვარ, რომ თქვენ აქ ხართ დღეს, ამას ავხსნი რატომ. ქალბატონი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა დიასპორის კომიტეტს, ვიდრე მე ამირჩევდნენ. მან შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ ორმაგი მოქალაქეობით და კიდევ მრავალი სხვა შესაძლებლობით. როდესაც მე ეს კომიტეტი გადმოვიბარე, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ არის ქალბატონი პრეზიდენტისგან, მე ვნახე, რომ ჩვენ გვყავს ორმილიონამდე დიასპორის წევრი მთელს მსოფლიოში და ძირითადად, მოდიან ადამიანები, ვისაც აქვთ დიდი პრობლემები, მაგრამ ვისაც აქვთ შესაძლებლობები და ნიჭი ისინი ჩრდილში რჩებიან, ამიტომ ,,Globalize პლატფორმას“ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მათ აღმოგვაჩენინეს ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ძალიან კარგად მახსოვს პირველად სალომე კუკავა (კონფერენციის ორგანიზატორი და კომაპნია ,,Globalize" დამფუძნებელი), როდესაც ქალბატონ პრეზიდენტს ვთხოვე აუდიენცია და გადავწყვიტე, რომ ამეხსნა ქალბატონი სალომესთვის, (მე დღესაც ახალი ვარ ამ მიმართულებით, და ხშირად ვკითხულობ, როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპერობა და ინოვაცია საქართველოში). ქალბატონმა სალომემ ძალიან მარტივად შემაწყვეტინა და მითხრა, რომ მე ამ მიმართულებას ძალიან კარგად ვიცნობ, მათ შორის, ამ მიმართულებით წარმატებული ადამიანები არიან ჩემი ოჯახის წევრები. დანარჩენი გამოკითხეთ მერე, ,,Unicorn“ ყავს ოჯახის წევრი. და აი დღეს არის შედეგი, რომ ის ჩვენთან ერთადაა. შეგვპირდა, რომ ის აუცილებლად დაუჭერდა მხარს სტარტაპერებს და ინოვაციებს საქართველოს გარეთ და მადლობელი ვარ მისი“, - აღნიშნა ბექა ოდიშერიამ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, განცხადებით, ,,გლობალაიზ საერთაშორისო კონფერენცია“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა სტარტაპკომპანიებისადმი და პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში. მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევს ქართულ სტარტაპებს. ,,ასეთი ფორმატი და პლატფორმა ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას. ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ინვესტორების მეტ ინფორმულობას და ასევე, ქართული კომპანიების ბრიტანულ ბაზარზე დამკვიდრებას,“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა.  

პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს

პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წყაროებსა და მოპოვებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს.  „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს. „ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე,“ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალი 1-2 დეკემბერს პოლონეთში, ლოძში იმართება.  რუსეთსა და პოლონეთს შორს ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.  

ჩინეთის ელჩი: მზად ვართ, საქართველოს უცხოური კაპიტალის მოზიდვაში ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ

საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ცინმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჩინეთის ელჩის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართელოში ინვესტიციები. „ჩინეთსა და საქართველოს მაღალი ხარისხის პოლიტიკური ურთიერთნდობა აკავშირებთ. ძალიან კარგი პოლიტიკური საფუძველი არსებობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩაერთო „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ თემაზე საერთაშორისო ღონისძიება ჩაატარა. ჩინეთში არის სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა. ინვესტიციების მიმართულებას ბაზრის მოთხოვნები განსაზღვრავს. საქართველოში, ყველაზე დიდი ინვესტორი ჩინეთიდან, „ჰუალინგ ჯგუფი“ გახლავთ. ისინი თბილისის ზღვაზე ავითარებენ უძრავ ქონებას. ასევე - სასტუმროების ბიზნესს, მათ ინვესტიციები საბანკო სექტორსა და ქუთაისის ინდუსტრიული ზონის განვითარებაშიც განახორციელეს. საქართველოს ინფრასტრუქტურულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ასევე, მნიშვნელოვანია ახალი ენერგიების კუთხით თანამშროლობა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ძალიან მცირეა, შესაბამისად, ქართული ბაზარი პატარაა და ეს არის ერთ-ერთი დაბრკოლება. ამიტომ, აუცილებელია, რომ საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და კარგად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში, დააინტერესოს ჩინელი ინვესტორი, თუ რატომ უნდა განახორციელოს საქართველოში ინვესტიციები. პატარა ბაზარია, თუმცა უნდა დააინტერესოს იმით, რომ გლობალური მიწოდების ბაზარზე გავა.  მინდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ჩინეთის გამოცდილება გაგიზიაროთ. რეფორმების საწყის პერიოდში, ჩინეთში დიდი რაოდენობით განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიზეზი, იაფი მუშა ხელი იყო, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა გვაქვს. ჩინეთში მუშა ხელი დღეს ძვირია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ჩინეთში კვლავ გრძელდება უცხოური ინვესტიციების განხორციელება. რა არის ამის მიზეზი: ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ საწარმოო ჯაჭვებს.  ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩინურ კომპანიებს ვაჩვენოთ საქართველოს უპირატესობა, ასევე მნიშვნელოვანია ხელსაყრელი საინვესტიციო პირობების შექმნა. ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა, სამხრეთ კორეა, სინგაპური, სადაც მთავრობები ძალიან კარგ პირობებს ქმნიან. ვფიქრობ, ამ მხრივ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. მთავრობამ ხელსაყრელი პირობების შექმნას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე უნდა შეუწყოს ხელი და ბაზრის კანონზომიერებიდან გამომდინარე მოიზიდოს ინვესტიციები. ვიეტნამი და კიდევ სხვა ქვეყნები, უცხოური კაპიტალის მოზიდვაში ჩინეთის გამოცდილებას აქტიურად იზიარებენ და ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსაც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, შავი ზღვაში, საქარიას საბადოს მიმართულებით გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა.  შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი თურქეთის საბადოების რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება. „არ არის მოსალოდნელი ტარიფების ცვლილებაც“. მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპში, კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმებს. „ორი ლიდერის (თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - რედ.) შეხვედრის დროს მიღწეულია შეთანხმება, თურქეთში, მეორე ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ არის სალაპარაკო“, - განმარტა მინისტრმა.  დონმეზმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შეძლო გადაემოწმებინა თურქი კონტრაქტორებისა და მომწოდებლების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დროს. მისი თქმით, სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება ორივე მხარეს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება.  

პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე, ელექტრონული ბარიერის პირველი მონაკვეთი ამოქმედდა

პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ე.წ. ელექტრონული ბარიერის პირველი სეგმენტი, რომლის სიგრძე 21 კილომეტრია, ექსპლუატაციასი შევიდა. პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე მავთულის ღობეს ააშენებს „მომდევნო დღეებში ელექტრონული ღობის შემდეგი სეგმენტები ამოქმედდება“, - ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა Twitter-ზე დაწერა. „ამ კვირაში დასრულდა მუშაობა პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ელექტრონული ბარიერის პირველ 21 კილომეტრიან მონაკვეთზე. ბიალისტოკში საკონტროლო ცენტრი უკვე მუშაობს. უახლოეს დღეებში ექსპლუატაციაში შევა შემდეგი სეგმენტები (ელექტრონული ღობის - რედ.)“, - ნათქვამია შეტყობინებაში. ამავდროულად, ნოემბრის დასაწყისში, პოლონეთის ხელისუფლებამ, რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვარზე, დროებითი ღობის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა. საუბარია 2,5 მეტრი სიმაღლისა და 3 მეტრის სიგანის სამ რიგ მავთულზე.  ბარიერის მშენებლობასთან ერთად, პოლონეთი რუსეთის ფედერაციის საზღვარზე ელექტრონულ წინაღობასაც დაამონტაჟებს, რომელიც ვიდეო მონიტორინგისა და მოძრაობის ჩაწერის სისტემით იქნება აღჭურვილი.  

პრეზიდენტი: ,,Globalize UK 2022“-ის ინიციატივაში უდიდესი პოტენციალია და მე მისი მხარდამჭერი ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტი, ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,Globalize UK 2022-ზე სიტყვით გამოვიდა.  სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  „რატომ მოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ამ კონფერენციის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით, აქ წარმოდგენილია ის ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს ესაჭიროება. პირველ რიგში, გლობალიზება. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილად ყოფნა გვჭირდება. ზოგს შესაძლოა, სურდეს ჩვენი იზოლირება, ზოგს შესაძლოა, სურდეს იხილოს საქართველო, რომელიც უკან და უკან მიდის. მაგრამ, თუ საქართველოს მომავალ სამყაროში არსებობა სურს, ის გლობალური სამყაროს ნაწილი უნდა გახდეს. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პატარა ქვეყნისთვის, გარკვეულ დარგებში ჩვენ საკმაოდ ვართ  წარმოდგენილი - იქნება ეს ღვინო, სპორტი თუ კულტურა და ტექნოლოგიები. ქართველები ყოველთვის ძალიან ინოვაციურები იყვნენ. და როდესაც პირველად შევედი ქართულ პოლიტიკაში, გამაოცა ხანშიშესული, თუ შუახნის ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სხვადასხვა ინოვაციებით მოდიოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არსად წასულა, რადგან იდეები ყოველთვის იყო. იმ დროს, არ არსებობდა რეალური გზა, რომლითაც უბრალო იდეის პრაქტიკულ ინიციატივად, ან ბიზნესად განვითარება იქნებოდა შესაძლებელი. დღეს კი მსოფლიოში ეს ხდება. შეგიძლია იდეები რეალობად აქციო, აქციო ქვეყნისა და დარგის განვითარების გლობალურ ინსტრუმენტად. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დარგში საქართველო იწყებს სვლას და საქართველო ,,სტარტაპია“ და ვფიქრობ, წარმატებული ,,სტარტაპი“, ჩვენ უნდა ვაქციოთ ის წარმატებულად. ასე რომ, აქ გაერთიანებულია საქართველოსათვის საჭირო ყველა ელემენტი - ინოვაცია, ახლგაზრდობა, ქალები, ტექნოლოგია. თუ არ ვცდები, გუშინ პარლამენტის წარმომადგენელმა, რომელიც აქ იმყოფება, ამბობდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, როგორიც გაზია - ჩვენ გვაქვს ღვინო, ეს ბუნებრივი რესურსია. ჩვენ გარკვეულწილად, გვაქვს ელექტროენერგია და მეტის ქონა შეგვიძლია. რაც გვაქვს, ესაა დიდი რაოდენობით ადამიანური ძალა, ადამიანური გონება და საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის სურვილი. თითოეული ქართველი და შესაბამისად, დიასპორა, უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი, რომელმაც დატოვა ქვეყანა, უკან ბრუნდება, თუ სხვა გზას ირჩევს, ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან და ყოველთვის სურს სულ ცოტა საქართველოს ექსპორტი და როგორც იცით, ახლა ჩვენი მოსახლეობის ¼ საზღვარგარეთაა, რაც საუკუნეების განმავლობაში, არ იყო საქართველოში. ეს ამ ბოლო 20-30 წლის ახალი ელემენტია. და ეს კაპიტალია. კაპიტალია,  როცა შეგვიძლია დიასპორასთან ამ კავშირის შენარჩუნება და როცა დიასპორა ჩართული გვყავს ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში. ეს ინიციატივა, ეს წამოწყება, მათი ჩართულობის,  ერთგულების შენარჩუნების და ზრდის ერთ-ერთი გზაა, რადგან, ეს საქართველოსთან ამ კავშირს საინტერესოს და ცოცხალ ხიდს. ეს არამხოლოდ გარედან ეხმარება თქვენს ოჯახებს, გარკვეული სოციალური პროექტების მხარდაჭერით, (რაც ძალიან კარგია), არამედ ეს ხდება საქართველოს განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქართული დიასპორის ძალიან დიდი ნაწილი დაინტერესებულია, ამ გამოწვევასთან გამკლავებით. ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ საშუალებები და მათთან უფრო ახლოს უნდა მივიტანოთ ინფორმაცია, რათა იცოდნენ სად და რა მიმართულებით შეუძლიათ განვითარება. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ინიციატივაში უდიდესი პოტენციალია და რა გზითაც  იქნება შესაძლებელი მსურს, მისი მხარდამჭერი ვიყო. გუშინ უკვე ვუთხარი ორგანიზატორებს, რომ, პრეზიდენტის სასახლის კარი ღიაა, ნებისმიერ დროის გარკვეული ღონისძიებებისთვის - ინვესტორების მიღებისა თუ დიასპორისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართულები ასეთ პროცესებში. სწორედ ესაა პრეზიდენტის სასახლის დანიშნულება, რომ იყოს გარკვეული ინიციატივების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. და კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ამ ინიციატივას ძალიან ღირებულს ხდის, არის ის, რომ ის ძალიან თავისუფალია. ეს არ არის ის, რასაც ან მთავრობა, ან საზოგადოება განკარგავს. ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი და ვფიქრობ, რომ ყველა წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს აქ ყოფნა სწორედ ამას ნიშნავს, რომ ის მხარდაჭერილია, მაგრამ ის, ამავე დროს, თავისუფალი უნდა იყოს. უნდა დარჩეს იმათ რაც არის, რაც თავისუფალ ინიციატივას ეფუძნება და ასეთ სწორედ ეს აძლევს მას ძალას. დაბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ მომავალი წლის ივლისში, ჩვენი ,,ქალთა საერთაშორისო კონფერენცია“ მეორედ ჩატარდება, რომელიც  უსაფრთხოების, მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებს ეძღვნება. გვექნება მრავალფეროვანი პანელები. ერთ-ერთი მათგანი ქალებს და ტექნოლოგიებს უნდა მიეძღვნას. ასე რომ, ამ კონფერენციაში „გლობალაიზ პლატფორმის“ წარმომადგენელთა ადგილიც იქნება. ძალიან მაინტერესებს, ამ იდეებიდან და ინოვაციებიდან ზოგიერთი იმისკენ თუ იქნება მიმართული, ამ ახალი ტექნოლოგიების, სტარტაპების და „გლობალაიზ პლატფორმის“ გამოყენებით, რა შეიძლება გაკეთდეს რათა კონფლიქტები გადავლახოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობისას მომავალში. ეს მხოლოდ გახსნითი შეკითხვაა. დაბოლოს, აქ დავასრულებ. მცირე სიურპრიზი მაქვს. მსურს მოვუხმო ანა რობაქიძეს. არ წარგიდგენთ მას, ვფიქრობ, აქ მყოფთაგან ყველამ იცის მის შესახებ. გთხოვ, მოდი აქ. [ვიცი, სხვა მრავალი წარმატებული ქალია და არ მსურს ვთქვა, რომ მხოლოდ ერთია], რადგან დღეს შენ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხარ, რომ მომავალ კონფერენციაზე, ან მომავალ წელს მეტი და მეტი შენნაირი იყოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე, როგორც მაგალითი და სიმბოლო დაგაჯილდოვო პრეზიდენტის ღირსების მედლით, როგორც ყველა სხვა [წარმატებული ქალის] სიმბოლო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   

ზელენსკის თქმით, უკრაინამ საინფორმაციო ომში, რუსეთის დამარცხება მოახერხა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინამ საინფორმაციო ომში, რუსეთის ფედერაცია დაამარცხა. ამის შესახებ მან, ირლანდიის სტუდენტური საზოგადოების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. „მე მჯერა, რომ ეს გზა ძალიან კარგად გავიარეთ. ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ჩვენი ესმით. ინფორმაცია ჩვენს ხელში ძლიერ იარაღად იქცა. ჩემი აზრით, აქ ასეთი ვითარებაა: რუსეთს მეტი იარაღი აქვს ბრძოლის ველზე, თუმცა საინფორმაციო სივრცეში ჩვენ შევძელით მათზე გამარჯვება“, - თქვა ზელენსკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შვეიცარია, 1989 წლის შედეგ, ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

შვეიცარიის შეიარაღებული ძალები, 22-დან 29 ნოემბრის ჩათვლით PILUM 22-ის ფარგლებში, ერთობლივ წვრთნებს გამართავენ, რომელშიც ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მედიის ცნობით, ეს ქვეყანაში 1989 წლის შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იქნება.  „ჩვენი მიზანია, კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყნის და მისი მოქალაქეების თავდაცვისუნარიანობა შემოწმდეს“, - განმარტავს შვეიცარიის მთავრობა. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად ნეიტრალურ შვეიცარიაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ NAT0-სთან უფრო ღრმა პარტნიორობისა და არმიის გაძლიერების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა. სექტემბერში, შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირთან და NATO-სთან მჭიდრო თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირებს მოიძიებენ. ამავდროულად, ტრადიციულ ნეიტრალიტეტსაც შეინარჩუნებენ.   

რომის პაპი კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს: მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა

რომის პაპი ფრანცისკე, აცხადებს, რომ ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რათა ომი დასრულდეს.  კითხვაზე, სჯერა თუ არა მოსაკოვისა და კიევის შეთანხმების, რომის პაპმა უპასუხა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია და ამის მისაღწევად არცერთი მხარე არ უნდა დანებდეს.  „მაგრამ თითოეულმა უნდა მიუძღვნას თავისი გული დემილიტარიზაციას, უნდა შეძლოს ძალადობის განმუხტვა. ჩვენ ყველანი პაციფისტები უნდა ვიყოთ. უნდა გვსურდეს მშვიდობა და არა მხოლოდ ზავი, რომელიც მხოლოდ ხელახლა შეიარაღებას ემსახურება. რეალური მშვიდობა, მხოლოდ დიალოგის შედეგია. მშვიდობა არ მიიღწევა იარაღით, რადგან ის, არ ამარცხებს სიძულვილსა და ბატონობის წყურვილს, რაც ისევ გაცოცხლდება. შესაძლოა, სხვა გზით, მაგრამ მაინც გაცოცხლდება“, - განაცხადა რომის პაპმა.  

პოლონეთი ადასტურებს, რომ ლავროვს ეუთოს სხდომაზე დასწრების უფლება არ ექნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ, AFP-ს დაუდასტურა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალზე, რუსეთის დელეგაცია და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაიშვება. პოლონეთი, სერგეი ლავროვს, ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თავის ტერიტორიაზე არ უშვებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტერიალი, 1-2 დეკემბერს ლოძში იმართება.  ამჟამად ეუთოს პოლონეთი თავმჯდომარეობს. ეუთო წევრია 57 ქვეყნა, მათ შორისაა რუსეთი და უკრაინა.  

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დაწყებითი სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დაწყებითი სკოლის მოსწავლე, 99 წლის პრისცილა სიტიენეია (Sitineyi), კენიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, მოხუც ქალს, რომელმაც განათლების მიღება გადაწყვიტა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ის და მისი 12 წლის კლასელები, საბოლოო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. პრისცილა სიტიენეიამ სკოლაში სწავლა 2010 წელს დაიწყო. მანამდე, 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თავის სოფელში ბებიაქალად მუშაობდა. ქალის ისტორია მოთხრობილია ფრანგულ ფილმში, სახელწოდებით Gogo. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, პრისცილა სიტიენეია საფრანგეთში ჩავიდა და პირველ ლედი ბრიჯიტ მაკრონს შეხვდა.   

ყაზახეთის უმსხვილესი სახელმწიფო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგის Baiterek-ის ხელმძღვანელმა კანატ შარლაპაევმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.  თუმცა, ამ დროისთვის მისი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისი განცხადება დააკმაყოფილა. რუსეთის მოქალაქეობა დატოვა შარლაპაევის ქალიშვილმა, რომელიც 2017 წელს მოსკოვში დაიბადა. Baiterek-ის ხელმძღვანელს ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა.  შარლაპაევმა Baiterek-ის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, 2022 წლის თებერვალში დაიკავა. მანამდე მუშაობდა Citibank Russia-ის რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მთავარ ფინანსურ დირექტორად, Citibank Kazakhstan-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტად. მანამდე, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვმა, Revolut fintech სტარტაპის დამფუძნებელმა ნიკოლაი სტორონსკიმ, მეწარმე და ინვესტორმა რუბენ ვარდანიანმა, IT ინვესტორმა და Mail.ru ჯგუფის ყოფილმა თანამფლობელმა იური მილნერმა და ცნობილმა ფინანსისტმა ტიმურ ტურლოვმა. ამ შემთხვევებში, მიზეზად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დასახელდა.   

მთავარეპისკოპოსი ზენონი, საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა -საქართველოს საპატრიარქო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით. კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას. წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან. აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს. უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ

„ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ხალხს, რათა განვსაზღვროთ, რას მოხმარდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი სურვილების განხორციელებაში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.„მოგეხსენებათ, ამერიკელი ხალხი სოლიდარულია საქართველოს ხალხისა და მათი სურვილისადმი, საქართველო იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს და შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზანთან დაკავშირებით - ქვეყანა სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და გახდეს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. შეერთებული შტატების მიერ, დახმარების სახით გამოყოფილი დაფინანსება, ათიათასობით ქართველი ჯარისკაცის მომზადებას მოხმარდა, ათასობით მონაწილე კი, აშშ-ში, სხვა, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გაემგზავრა. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობასთან დაკავშირებით. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს აშორებს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. რა სფეროებს მოიცავს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ხალხს, რათა განვსაზღვროთ, რას მოხმარდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი სურვილების განხორციელებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად; ჩვენ მზად ვართ, მთავრობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

 პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თუ არ დავუჭერენ მხარს, ომი მათთანაც მივა. პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე მავთულის ღობეს ააშენებს „ჩვენ 100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია”, - განაცხადა მორავეცკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკების რეკორდული ოდენობაა.  პოლიციის ცნობით, კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დემონტირებულია 8 ფერმა, დაკავებულია 20 ადამიანი. ამასთან, ამოღებული მარიხუანის სავარაუდო ღირებულება 125 მილიონი ევროა.