ძებნის რეზულტატი:

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ, $2.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ადმინისტრაცია

2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი) – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარი- ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით. „2022 წლის ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337,345,577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126.4% აღდგენაა, 2021 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +195,063,713 (+137.1%) აშშ დოლარით“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ლოიდ ოსტინი: ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი იმპულსი, რათა უკრაინამ გააგრძელოს ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა „ძალიან წარმატებული" იყო, სადაც წევრებმა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადეს. ოსტინმა აღნიშნა, რომ ჯგუფი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან კრიტიკული აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებისთვის. „ჩვენ ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი იმპულსი მთელი ზამთრის განმავლობაში, რათა უკრაინამ გააგრძელოს კონსოლიდაცია და ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ოსტინმა.

ბრიტანეთმა ევროპაში პირველი კოსმოდრომის ამოქმედების ლიცენზია მიიღო

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა პირველი ბრიტანული კოსმოსური პორტის ამოქმედების შესახებ ლიცენზია გასცა. კორნუოლში მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებულია და მოსალოდნელია, რომ ამ წლის ბოლოს დედამიწის თანამგზავრის გაშვება მოხდება. კორნუოლში მდებარე კოსმოდრომი პირველი იქნება არამხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროპაშიც. მთავრობის შეფასებით, ბრიტანეთში საკუთარი კოსმოდრომის არსებობა მომდევნო ათწლეულში მის ეკონომიკას 4,5 მილიარდ დოლარს მოუტანს.

პროფესიული განვითარების საბჭომ ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა

პროფესიული განვითარების საბჭომ ოთხ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა, - ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი ხუთი საკითხი განიხილეს და რვა ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 285 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 210 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 49 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სენატორი მენენდესი: აშშ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული უნდა დარჩეს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო. დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი უძღვებოდა. მან სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობის გააქტიურებაზე ისაუბრა. შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადა, რომ აშშ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული უნდა დარჩეს. „ეს არის ერი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და დღეს ჩვენ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას, ოპოზიცის ლიდერების დაპატიმრებას და განგრძობით მცდელობებს, შეფერხდეს სწორედ ის დამოუკიდებელი რეფორმები, რომებიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის სჭირდება. აშშ უნდა დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული“, - განაცხადა ბობ მენენდესმა.  

პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ ლალიაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ღარიბაშვილმა ნიკოლოზ ლალიაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო „სტუდია მაესტროს” პოლიტიკური რედაქტორი, ,,ტელეიმედის “ გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა თარაშ პაპასქუას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თარაშ პაპასქუას დამთავრებული აქვს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს საელჩოებში - პოლონეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.  

სენატორი შაჰინი: საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე

საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე, ამის შესახებ სენქატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა. ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ ეს დახმარება, შესაძლოა, საქართველოს ქმედებებს უნდა დავუკავშიროთ, მაგრამ ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა დამარწმუნეს, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა. სენატორ შაჰინის თქმით, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე. „საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება, იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დისკუსიით შევძლებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე, რომლითაც შეგვიძლია, დაგეხმაროთ, რადგან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

კარენ დონფრიდი: ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის განცხადებით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ქმედება და განცხადებები, რომლებზეც შტატები შეშფოთებას გამოთქვამს, არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს. „ჩვენ გამოვთქვით წუხილები იმ შემაშფოთებელ განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ვიხილეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. მისი ეს განცხადება მოჰყვა სენატორ ჯინ შაჰინის შენიშვნას იმის შესახებ, რომ „საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე“. სენატორი შაჰინი დონფრიდის მოსაზრებას დაეთანხმა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე. „საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება, იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დისკუსიით შევძლებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე, რომლითაც შეგვიძლია, დაგეხმაროთ, რადგან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

უკრაინის სამი საზღვაო პორტიდან, სურსათის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა.  Financial Times: რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის დერეფანი, ექსპორტისთვის გამოიყენოს ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება სტამბულში მიიღეს, ხოლო ინიციატივის განხორციელების გარანტი გაერო და თურქეთი იყვნენ. გარდა ამისა, უკრაინა ოფიციალურად მიმართა პარტნიორებს, რომ მარცვლეულის დერეფანი ნიკოლაევის პორტიმაც გამოიყენოს. შავი ზღვის გავლით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინამ პირველი აგვისტოდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია 38 ქვეყანაში გაიტანა. „უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პორტების მთელი საექსპორტო პოტენციალი, რათა მსოფლიომ სწრაფად მიიღოს საჭირო მარაგი", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.  22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.  

რუსეთის ძალები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, წააგეს სტრატეგიულად და ოპერაციულად - გენერალი მარკ მილი

რუსეთის ძალები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, წააგეს სტრატეგიულად, ოპერაციულად და  ტაქტიკურად, – ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.  ის მიიჩნევს, რომ უკრაინის სწრაფად გამარჯვებისა და ომის უახლოეს მომავალში დასრულების შანსი მინიმალურია. მისი თქმით, რუსეთს კვლავ აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ, უკრიანულმა მხარემ სათანადო სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Warner Bros-მა რუსეთში, თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros-მა, რუსულ ჰოლდინგ National Media Group-ის არხებს სტუდიური ფილმების მაუწყებლობა აუკრძალა, თუმცა სალიცენზიო ხელშეკრულებები კიდევ წელიწადნახევარია ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას The Bulletin of the Film Distributor წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. NMG მოიცავს: რუსეთის პირველ არხს, STS-ს, REN TV-ის, Domashny-ის, მეხუთე არხს. ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზიას, მათ შორის STS Media-ს, ViP Comedy-ის, TV1000 Action-ს, Da Vinci-სა და სხვა. 2016 წლის დეკემბერში, ჰოლდინგის პრეზიდენტი კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. 2014 და 2022 წლებში NMG-ის ერთ-ერთი აქციონერის, Rossiya Bank-ის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. შეგახსენებთ, რომ უოლტ დისნეიმ, Warner Bros-მა და Sony Pictures-მა რუსეთის კინოთეატრებში ფილმების ჩვენება შეაჩერეს. ასევე, რუსეთში უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-იმ, Sony-იმ, Paramount-მა და Universal Pictures-მა მუშაობა და პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს. ამ კომპანიების ფილმები, რუსული ბაზრის თითქმის 80% შეადგინა.  

უკრაინის ძალებმა, კიევის თავზე ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

წინასწარი მონაცემებით, კიევის თავზე ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.  ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამის არხზე ავრცელებს. „მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ინფორმაცია ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ნ.მ.-სა და ნ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 149,73 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 16 100,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.  

ლაშა ხუციშვილი: მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია

მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. როგორც მან აღნიშნა, პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა, გასული წლის 10.5 პროცენტიანი ზრდის შემდეგ. „2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5 პროცენტია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 6,500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 26,6 პროცენტი შეადგინა, რაც აღემატება 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ დონეს. მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7 პროცენტზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. „მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა. თუმცა, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები და საგარეო სექტორმა იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ აღდგენაში, ვიდრე 6-პროცენტიანი ზრდის სცენარში იყო ნავარაუდევი. „ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია. წლის დასაწყისში ჩვენ ველოდით ტურიზმის 70 პროცენტიან აღდგენას, თუმცა ჩვენ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60 პროცენტამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. როგორც გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტი 37.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34.3 პროცენტით გაიზარდა. „საერთო ჯამში, ექსპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, უმნიშვნელო კლებაა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებში, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები და ეს კლება რუსეთის სანქცირებითაა გამოწვეული. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ ნახევარში 923 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აჭარბებს 2018-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, მზარდი ჯამური ინვესტიციების ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდისთვის.  

დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით. ჩემსა და ბატონ პაპუაშვილს შორის შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეგრძელებინა ერევანში აპრილში დაწყებული განხილვები. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი სფერო – განათლების, კულტურის, ტრანსპორტის და სხვა. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურას ეხება და უზრუნველყოფენ ჩვენს ჩართვას საერთაშორისო ინფრასტრუქტურებში. ამასთან, ვისაუბრეთ სომხური სათვისტომოს მნიშვნელობაზე, ხაზი გავუსვით სომხური სათვისტომოს როლს სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების საქმეში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი პარლამენტების საგარეო ურთიერთობების, კულტურისა და განათლების კომიტეტების ხელმოწერილ მემორანდუმს“, – განაცხადა სიმონიანმა.  

კარენ დონფრიდი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. „ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რა აშშ-ის ინტერესების წინსვლისთვის რეგიონში, მე მივესალმები და ვაფასებ თქვენს რჩევას. სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა დონფრიდმა და ამ კონტექსტში მდივან ბლინკენის ძალისხმევას გაუსვა ხაზი, რომელმაც არაერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი გამართა მხარეებთან. „ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის წახალისებას, რომ მათ განაგრძონ მოლაპარაკებები და ამას ვაკეთებთ მჭიდრო პარტნიორობით ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთისა და სომხეთის დიალოგს ურთიერთობების ნორმალიზებაზე და ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. რეგიონში სტაბილურობის გაზრდის პოტენციალი ჩნდება. ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის ფონზე“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესში შედის. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ურთიერთობები სომხეთთან, არასდროს ყოფილა ასეთი მყარი. კარენ დონფრიდის თქმით, ის მომავალ კვირას ერევანში დაგეგმილ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ადამიანის უფლებების საკითხი, აზერბაიჯანისთვის გამოწვევად რჩება. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ვმუშაობთ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა. „ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. 

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარების ოდენობა

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარების ოდენობა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: •            პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; •            მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები - 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; •            მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები - 85 მილიონი ლარი; •            ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები - 70 მილიონ ლარამდე; •            დასაქმების ხელშეწყობა - 80 მილიონ ლარზე მეტი; •            საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 310 მილიონი ლარი; •            მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები - 290 მილიონი ლარი.     გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:   •            70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:   მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი; •            70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:   მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი; დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;   •            მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით; •            სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით; გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.  

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით იზრდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა. მისი თქმით, მიმდევნო წელს, დაფინანსება დამატებით 314 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 510 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის: თავდაცვის სამინისტრო - 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 მილიარდ 70 მილიონი ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 180 მილიონი ლარი. ჯამური - 2 მილიარდ 510 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე, მიიმართება შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით. ლაშა ხუციშვილის თქმით, გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, განხორციელდება ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა. თავდაცვის შეიარაღებისთვის გათვალისწინებულია 175 მილიონ ლარამდე, ხოლო ჯარის ლოგისტიკური ხარჯებისთვის 285 მილიონ ლარამდე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 216 მილიონ ლარზე მეტი.  

საქართველო მზადაა, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - პაპუაშვილი

საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე "შეხვედრაზე ვისაუბრეთ საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. მისასალმებელია, რომ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოსა და სომხეთის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცედ არის ურთიერთგადაჯაჭვული. საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად", - განაცხადა პაპუაშვილმა.