ძებნის რეზულტატი:
რუსეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 22
რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 22. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 2 სამაშველო ვერტმფრენი.
უკრაინა: კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. არის ნგრევა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო თავის Telegram არხზე იტყობინება. „ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ", - წერს კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე. უკრაინული წყაროების ცნობით, პარასკევს, გამთენიისას, საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა ქვეყნის 16 რეგიონში, ამ დროისთვის საჰაერო განგაში მთელ უკრაინაშია გამოცხადებული.
სტამბულში, ქალაქის მოქმედი მერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თურქეთში, სტამბულში ქალაქის მოქმედი მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა სასამართლოს მიერ ექრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის მისჯის ფაქტი გააპროტესტეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებული ვართ აქტივისტებმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის პორტრეტი გამოფინეს და განაცხადეს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის სეკულარულ პრინციპებს ღალატობს. ცნობისთვის, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
უნგრეთმა €870 მილიონის რუსული აქტივები გაყინა
უნგრეთმა, ნოემბრის ბოლოსთვის თითქმის 350 მილიარდი ფორინტის, ანუ €870 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა ეს მნიშვნელოვანი თანხაა, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან ნოემბრამდე ბუდაპეშტმა ბრიუსელს, მხოლოდ 3 000 ევროს დაკავების შესახებ აცნობა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2,3 მილიარდი ევროს რუსული აქტივებია გაყინული, გერმანიაში 2,2 მილიარდი, ავსტრიაში თითქმის 1,8 მილიარდი ევრო, ბულგარეთში კი 11,3 მილიონია, ჩეხეთში – 10,8 მილიონი, სლოვაკეთში – 4,9 მილიონი ევრო. 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინის 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი დაბლოკა. ამ ფაქტის შემდეგ 13 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის გადახდების დაბლოკვაზე შეთანხმდნენ.
კიევში, სარაკეტო თავდასხმის გამო, მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე შეჩერებულია
უკრაინის დედაქალაქ, კიევში მეტროს მუშაობა ყველა ხაზზე დროებით შეჩერებულია, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. უკრაინა: კრივი რიჰზე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა "მეტროს მიწისქვეშა სადგურები სარაკეტო თავდასხმის გამო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს", - განაცხადა მან. კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინული წყაროების ცნობით, პარასკევს, გამთენიისას, საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა ქვეყნის 16 რეგიონში, ამ დროისთვის საჰაერო განგაში მთელ უკრაინაშია გამოცხადებული.
რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა
რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში რუსული მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. „მი-8 ვერტმფრენი ულან-უდეში ბაიკალის აეროდრომზე დაშვებისას ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა", - წერს რუსული მედია. TASS-ის წყაროს ცნობით, ვერტმფრენს დაცემისას ცეცხლი გაუჩნდა. „ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა, ახლა ხანძარი ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ახალი სათაო ოფისი ოფიციალურად გახსნა
15 დეკემბერს, 2022-2024 წლების გახანგრძლივებული მანდატის პირველ დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალურად გახსნა ახალი სათაო ოფისი თბილისში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ დოქტორ ტიბორ კოზმას, გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრიესის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას მონაწილეობით ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. შენობის შესასვლელთან, მათ ერთად გახსნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახელწოდების შემცველი აბრა. 14 წლის შემდეგ, მისიის სათაო ოფისი კრწანისიდან გადავიდა ახალ შენობაში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64ა ნომერში, სადაც ასევე მდებარეობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. „ახალ შენობაში გადასვლა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან ერთად აჩვენებს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დამკვირვებლები განაგრძობენ დღისით და ღამით პატრულირებას, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების დასახმარებლად“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დოქტორმა ტიბორ კოზმამ. „მოხარული ვარ, ოფიციალურად გავხსნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი სათაო ოფისი რომელიც ახლა მდებარეობს იმავე შენობაში სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს უკვე ძალიან კარგ თანამშრომლობას მისიასა და წარმომადგენლობას შორის და წარმოაჩენს ევროკავშირის მზარდ ინტეგრირებულ მიდგომას“, - აღნიშნა თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში შარლ ფრიესმა. ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო მისია. მისი ამოქმედდა 2008 წლის ოქტომბერში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხელმოწერილ ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. მისიას ამჟამად ჰყავს 330-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ სამ რეგიონულ ოფისში ზუგდიდში, გორსა და თბილისში, ასევე სათაო ოფისში თბილისში. ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან, 25 წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების მიერ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა, ანა წითლიძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიმართ აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ". ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 დეკემბერს, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორს ბანკის კუთვნილი 24800 ლარი, 504 აშშ დოლარი და 1045 ევრო გასტაცა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 დეკემბერს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სამხრეთის გაზის დერეფანი სერბეთს სატრანზიტო ქვეყნად გადააქცევს - ენერგეტიკის მინისტრი
სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით, სერბეთი არა მხოლოდ გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ექნება შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ეს გაზი მიედინება სხვა ქვეყნებში, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Trend-თან განაცხადა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება უახლოეს წლებში, რასაც მოწმობს ევროკავშირის ინტერესი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ზრდაზე. აზერბაიჯანული გაზი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი რეგიონისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
რატი ბრეგაძე „ნაცმოძრაობაზე“: ოროსნებისგან ცილისწამებებს მიჩვეული ვართ
„მინდა ქართველ ხალხს ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან, - თქვა ისუტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს „აქ ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება. როცა ადამიანს აბრალებთ, რომ ის არის მკვლელი, შევახსენებ ამ ოროსნებს, რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და შესაბამისად, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეიძლება უწოდო მკვლელი. თუმცა, მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ. აქვე, სამწუხაროდ, არ ჩანს, მედია დააფიქსირებდა, კონკრეტულად ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს მათ მიერ, რაც დაუშვებელია და იმ მარაზმზე მეტყველებს, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს და კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებს იმას, რომ ისინი მართლაც არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. მისივე თქმით, ის საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. ბუავას ინფორმაციით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის. „ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, - ამბობს ბუავა.
ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, ნიახურის ციხის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე 2 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურის ძეგლის დაზიანებას გულისხმობს. ვიდეო, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც შსს-მ გამოძიება დაიწყო, სოციალურ ქსელში 15 დეკემბერს გავრცელდა. ვიდეოკადრში, ორი ადამიანი ჩანს, ერთ-ერთი მათგანი ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამს და ორივე მათგანი რუსულ ენაზე ლაპარაკობს.
ბერლინის ცენტრში გასკდა დიდი აკვარიუმი, რომელშიც 1 500 თევზი იყო
ბერლინის ცენტრში 16-მეტრიანი აკვარიუმი გასკდა. ის Radisson Blu კონპლექსის ნაწილი იყო, საიდანაც 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი გამოიძახეს. აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი იყო მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებს, რომლებმაც დაზიანებები შუშის ნამსხვევების გამო მიიღეს. AquaDom აკვარიუმი მდებარეობდა ბერლინის ცენტრში. Dom Aquaree-ს ინფორმაციით, AquaDom იყო ყველაზე დიდი თავისუფლად მდგარი ცილინდრული აკვარიუმი მსოფლიოში. აკვარიუმი გაიხსნა 2003 წელს და განახლდა 2020 წელს.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები. მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურა: ახალქალაქში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სექსუალური კავშირის იძულების ფაქტზე ერთი პირი დაკავეს
საქართველოს პროკურატურამ, ახალქალაქში გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა. „დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთში, მობილიზაციის გამო სამუშაო ძალის დეფიციტია - ცენტრალური ბანკი
რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში, მობილიზაციის გამო, „სამუშაო ძალის დეფიციტი იზრდება“. „ამჟამად, რუსეთის ეკონომიკაში წარმოების გაფართოების შესაძლებლობები, დიდწილად შეზღუდულია შრომის ბაზრის მდგომარეობით“, - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზებული იყო 318 000 ადამიანი, ხოლო ოფიციალურად გამოცხადებული გეგმით, უნდა გაეწვიათ 300 000 მოქალაქე. ასევე ნოემბერში რუსეთის ხელისუფლებამ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ ეს იურიდიულად არ დაფიქსირებულა - პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება არ არის გამოტანილი, - წერს მედია.
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად, ეს ინსტიტუტი ასრულებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს. ის არის სწორედ სამართლებრივი ურთიერთობების და იურიდიული ფაქტების დამდასტურებელი ადამიანი. ნოტარიუსთა ზღვრული ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით, თუმცა მინისტრს ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომ ეს ასაკი ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე გაეზარდა. პრაქტიკულად, ჩვენ შევიზღუდეთ ეს დისკრეციული უფლებამოსილება. გავზარდეთ ნოტარიუსების ასაკი 70 წლამდე. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ნოტარიუსებისთვის, არამედ ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლის ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. გაიზარდა სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალიც. ნოტარიუსები დაინიშნენ რუხში, ხობში, ლენტეხში, ამბროლაურში, ონში, თიანეთში, დუშეთში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და წყალტუბოში. ნოტარიუსთა რაოდენობა კი 310-ით განისაზღვრა.
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის რეკორდული თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესის სენატმა, 2023 წლისთვის რეკორდული $858 მილიარდის მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ასევე უკრაინის სამხედრო დახმარების სახსრებს მოიცავს. თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობა $45 მილიარდით მეტია, ვიდრე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატს თავდაპირველად შესთავაზა. ბიუჯეტი ითვალისწინებს აშშ-ის სამხედროებისთვის ხელფასების გაზრდას, იარაღის შესყიდვის დაფინანსებას, ტაივანის მხარდაჭერას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება და უკრაინისთვის $800 მილიონის სამხედრო დახმარებას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. „პროექტი მიღებულ ხმატა უმრავლესობით მიიღეს. მხოლოდ ცალკეულმა ლიბერალურმა სენატორებმა და „ფისკალურმა კონსერვატორებმა“, რომლებიც ხარჯებზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს ითხოვენ, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს“, - წერს მედია. კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ, თავდაცვის ბიუჯეტი 8 დეკემბერს დაამტკიცა. ახლა პროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.
ირანის ნავთობის მინისტრი ჰოსპიტალში გადაიყვანეს
მედიკოსებმა, ირანის ნავთობის მინისტრი ჯავად ოუჯი არტერიული წნევის დაქვეითების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო ISNA იტყობინება. მინისტრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.