ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილმა და აზერბაჯანის პრემიერმა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

15 დეკემბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს. ალი ასადოვმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მოკითხვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებს ვრცელი დღის წესრიგი აქვს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღინიშნა მიმდინარე წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, ასევე აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და ეკონომიკის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე შედგა აზრთა გაცვლა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.   

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით, 34 მილიონ 418,9 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს 7,4%-ით მეტია გასული წლის იანვარ-ნოემბრის ტრანზიტის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ტრანსპორტირების 78,8% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში BTC-ით 27 მილიონ 121 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს 12,5%-ით მეტია 2021 წლის 11 თვესთან შედარებით. ამ პერიოდში BTC-ით 4 მილიონ 668,9 ათასი ტონა სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 45,36%-ით მეტია 2021 წლის პირველი 11 თვის მაჩვენებელზე. შეგახსენებთ, რომ ამჟამად BTC მილსადენით ძირითადად ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან ხორციელდება, რომელიც წარმოებულია აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკზე და კონდენსატს შაჰ-დენიზის საბადოდან. გარდა ამისა, სხვა მოცულობის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება BTC-ით, თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6691 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.45 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8346 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8487 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.41 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1431 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2923 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტებმა ომის დაწყების დღიდან 447 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 447 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „15 დეკემბრისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 447 და დაშავდა 856 ბავშვი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ალექსანდრე ვინიკოვი: NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე განხორციელების პროცესშია

Europetime-თან ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი შეაჯამებს 2022 წლის აქტუალურ ასპექტებს NATO-საქართველოს ურთიერთობებში. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება და სხვა აქტუალური საკითხები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრ ვინიკოვთან ვიდეოინტერვიუს ფოკუსშია, რომელსაც Europetime სრულად მალე შემოგთავაზებთ. „მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად მივიჩნევთ, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის კონტექსტში. საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე განხორციელების პროცესშია. გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) კვლავ დააფიქსირეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა მიიღეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. განცხადება ასევე ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე იყო მიღებული“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.

განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა - ახვლენიანი

ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანათავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება. 2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მლნ ლარს მიაღწია. ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის შედეგად: გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი; სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ექვსი სკოლისა და რვა საბავშვო ბაღისთვის. 2021-22 სასწავლო წლისთვის სახელმწიფომ 2 400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც გამოიყო ხუთი მილიონი ლარი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად, კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა და წელს პირველად სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაფინანსების მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ ელექტრონულად, სპეციალურად შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, რაც გაზრდის პროცესების მართვის ეფექტიანობას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.  

TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა იზრდება

ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანული მონაკვეთით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 42, 424,6 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, ტვირთბრუნვამ კი 10,518,6 მლნ ტ-კმ შეადგინა. ინფორმაციას აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ტვირთების გადაზიდვა) 26.9%-ით და (ტვირთბრუნვა) 32.6%-ით მეტია. 10 თვის განმავლობაში საავტომობილო ტრანსპორტით 22 918.6 ათასი ტონა ანუ ტვირთის 54%, რკინიგზით 13 896.2 ათასი ტონა ანუ 32.8%, წყლის ტრანსპორტით 5 609.8 ათასი ტონა ანუ 13.2% გადაიზიდა. დერეფნის გასწვრივ გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის წილმა 27,1%, ანუ 11,498,4 ათასი ტონა შეადგინა.  

ილია დარჩიაშვილმა იაპონიის ეკონომიკის მინისტრთან, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს,  იაუსტაში ნიშიმურას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  საუბრის ძირითადი თემა საქართველო-იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათი განვითარების პერსპექტივები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ქვეყნის სტაბილური, მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების, ხელსაყრელი სატრანზიტო და ბიზნეს შესაძლებლობების გათვალისწინებით. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. შეხვედრაზე აღინიშნა იაპონური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესი და ის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც საქართველოში უკვე მიმდინარეობს  იაპონური კორპორაციების მონაწილეობით. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მხრიდან ამის უმთავრეს საბაბად დასახელდა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ის მოწინავე რეიტინგები, რომელსაც ქვეყანა ინარჩუნებს მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ასევე მნიშვნელოვან საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობის შესახებ. ბიზნესკავშირების გააქტიურების კარგ შესაძლებლობად დასახელდა ბიზნესფორუმების გამართვა, სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი პროექტებისა და ვიზიტების განხორციელება. მინისტრმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით და ასევე აღნიშნა მინისტრ ნიშიმურას პირადი წვლილი საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარებაში და იგი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.  

სოზარ სუბარის თქმით, ევროკავშირში, ვის დავალებებს ასრულებენ არ იცის

 ევროკავშირი ყოველდღიურად კარგავს სუვერენიტეტს - ჩვენ გვინდა ძლიერ ევროკავშირში წევრობა და არა ისეთ ევროკავშირში, რომელიც მართლა არ ვიცი, ვის დავალებებს ასრულებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო „რისი თქმაც შემიძლია, არის ის, როგორ კარგავს ევროკავშირი სუვერენიტეტს ყოველდღიურად. გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება, სინამდვილეში, მიიღება სხვაგან. ევროპარლამენტში ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია, მათ სწამდეთ, სჯეროდეთ. მით უმეტეს ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტური ტყუილია, რასაც ისინი წერენ. სამწუხაროა, როდესაც ასეთ რამეს ვხედავთ. ჩვენ გვინდა ძლიერ ევროკავშირში წევრობა და არა ისეთ ევროკავშირში, რომელიც მართლა არ ვიცი, ვის დავალებებს ასრულებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.  

პრეზიდენტი: საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის

 ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები მეტ მნიშვნელობას იძენს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას ემყარება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამასთან, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მათივე ცნობით, საქართველო და აზერბაიჯანი არსებული გამოწვევების ფონზე, ადასტურებენ, რომ უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.  

აზერბაიჯანი: სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვის ბოლომდე გაიმართება

ამ თვის ბოლომდე სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე „პირველი დღიდან აზერბაიჯანული მხარე იყო სამშვიდობო შეთანხმების ინიციატორი", - განაცხადა მინისტრმა. „აზერბაიჯანის ღიაობა დიალოგისთვის კიდევ ერთხელ მოწმობს თანამშრომლობის პირობებში საკითხების გადაწყვეტის მხარდაჭერას. აზერბაიჯანმა ეს მიდგომა ადრეც აჩვენა. გზის მშენებლობისას, რომელიც ლაჩინის გზის ალტერნატივაა. კონტაქტები დამყარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა მოთხოვნებიც გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.  შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.  

შვეიცარია, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოცულობას ზრდის

აზერბაიჯანი დაინტერესებულია შვეიცარიასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელნურ ალიევმა აზერბაიჯანულ-შვეიცარიულ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. „ამას მოწმობს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. ბოლო დროს შვეიცარიამ 48 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა SOCAR-ის შვილობილი კომპანიის მნიშვნელოვანი როლი შვეიცარიაში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას ელნურ ალიევმა აღნიშნა, რომ მხარეები აპირებენ გააფართოონ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა პარლამენტებისა და წამყვანი სამინისტროების დონეზე. „ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული 28 დოკუმენტი უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  

რუსები 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს წვრთნიან, ეჭვი არ მეპარება, რომ მეორედ შეეცდებიან კიევზე წამოსვლას - ზალუჟნი

The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთის არმიამ კიევზე იერიში ხელახლა მიიტანოს.  „რუსები დაახლოებით 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს წვრთნიან, ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მეორედ შეეცდებიან კიევზე წამოსვლას. რუსულმა მობილიზაციამ იმუშავა. სიმართლე არაა, თითქოს მათი პრობლემები იმდენად მძიმეა, რომ ვერ იბრძოლებენ. ისინი იბრძოლებენ. მეფე ეუბნება, რომ წავიდნენ და ისინიც მიდიან. ჩეჩნეთის ორი ომის ისტორიას ვსწავლობდი - ასე იყო ყველაფერი. შესაძლოა, ისინი ისე კარგად არ არიან აღჭურვილები, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენენ ჩვენთვის. ჩვენი შეფასებით, მათ 1.2-1.5 მილიონი ადამიანის რეზერვი აქვთ… რუსები დაახლოებით 200 000 ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ კიდევ ერთხელ წამოვლენ კიევზე", - ამბობს ზალუჟნი. მისი თქმით, ომისთვის კრიტიკული თვეები ახლოვდება. The Economist-ი ასევე წერს, რომ დიდი ალბათობით გაზაფხულზე, რუსეთს შეუძლია დონბასიდან, სამხრეთიდან, ან თუნდაც ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით დიდი შეტევა წამოწყოს.   

აშშ-მ როსბანკისა და რუს ოლიგარქ პოტანინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Rosbank-ისა და მისი თანამფლობელის, Interros-ისა და Norilsk Nickel-ის აქციონერის, ვლადიმერ პოტანინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. WSJ: აშშ, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინის წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას გეგმავს კომპანია Norilsk Nickel-ი, რომლის მთავარი აქციონერი Potanin-ია, სანქციებს არ დაექვემდებარა. პარალელურად, სანქციები დაწესდა ვიცე-პრემიერების ანდრეი ბელუსოვისა და დიმიტრი ჩერნიშენკოს, ასევე 29 რუსი გუბერნატორის წინააღმდეგ.  

NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება

NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითრებას მიესალმება. შესაბამისი კომენტარი NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-თან გააკეთა. „მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობას მოემსახურება. ეს მათ შორის მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ობიექტები შავი ზღვის სანაპიროზე“, - განაცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა. ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის - ჯოზეფ ბილბო პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. „ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა გააძლიეროს მათი გამძლეობა და თავდაცვა. საქართველოსთვის, ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებში, ასევე საქართველოს დავეხმარებით საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის ანტისარაკეტო სისტემები მიაწოდა

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნა. გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ ასევე მიაწოდა უკრაინას 34 სასწრაფო დახმარების მანქანა, 18 სატვირთო მანქანა, 12 ჯავშანტექნიკა, ასევე 78,500 ტყვია ყუმბარმტყორცნისთვის და არტილერიისთვის. მანამდე 10 დეკემბერს, გერმანიის საელჩომ უკრაინაში განაცხადა, რომ გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სააგენტო (THW) უკრაინას გადასცემს სხვადასხვა ენერგეტიკული კლასის, 19,5 მილიონი ევროს ღირებულების 470 ელექტრო გენერატორს. საელჩოს ცნობით, 150 გენერატორი უკვე უკრაინაშია.

პრეზიდენტმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე თანახმად, ბრწყინვალების ორდენი სამშობლოს, მთისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალული ქართული პოეზიის ღირშესანიშნავ წარმომადგენელს, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხალხური შემოქმედებითი ტრადიციების ღირსეული გაგრძელებისათვის, წარჩინებული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, აქ, ორბელიანების სასახლეში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო იმართება. მგონი, ეს ერთგვარ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, მაგრამ ტრადიციად რომ ვაქციოთ, ალბათ, ყოველ ჯერზე არ გვექნება ბედნიერება, რომ ტარიელ ხარხელაურს ვუმასპინძლოთ. პოეტებს სახელით იცნობენ, სახელით იხსენებენ და ისინი ამ სახელით შედიან ისტორიაში. თქვენ, კი, უკვე ხართ საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. მინდა, მთელი საქართველოს სახელით, თქვენს მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტანი არიან ის ადამიანები, ვისაც ამგვარი პატივისცემა ეკუთვნის.  ბედნიერი იქნებოდა საქართველო, რომ მეტნი იყვნენ ადამიანები, ვინც ღირსნი იქნებოდნენ ასეთი პატივისცემისა და იმედი მაქვს, რომ სხვა დროც დადგება და გვეყოლება მეტი სამაგალითო ადამიანი. მეტი პოეტები შეიძლება არა, რადგან დიდი პოეტები ხშირად არ იბადებიან და ყოველ ეპოქაში ერთი ალბათ, უკვე ძალიან დიდ რამეს ნიშნავს.  აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობენ: - რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემებია, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა?  სწორედ ახლაა პოეზიის დრო, ახლა ისე, როგორც არასოდეს. თუ არის რამე, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, სხვა რამ დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ეს ძალიან გვჭირდება. არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება, მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. დრო გავა და ჩვენ მივხვდებით, რომ ეს ალბათ, არის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველასთვის, რომ ქართულმა კულტურამ იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი. ძალიან დიდი მადლობა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  ორბელიანების სასახლეში მოწვეული სტუმრების წინაშე პოეტის ლექსები წაიკითხეს და სიტყვით მიმართეს: წიგნის პასუხისმგებელმა რედაქტორმა გიორგი ფარეშიშვილმა, მწერალმა ხასო ხანგოშვილმა, პოეტმა გელა დაიაურმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ, პოეტმა ოთარ ფალიანმა, მთარგმნელმა მექა ხანგოშვილმა.

ზელენსკი: რაც უფრო ადრე დაასრულებს პუტინი ომს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Economist-ს განუცხადა, რომ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეუძლია ომის დასრულება. ამისთვის მან თვის ჯარისკაცებს უნდა უბრძანოს, დატოვონ უკრაინის ტერიტორია. „რაც მალე დასრულდება ომი და რუსეთი აირჩევს გზას, აღიაროს მისი დაწყების ტრაგიკული შეცდომა, მით უფრო დიდხანს დაიცავს რუსეთის პრეზიდენტი თავის და მისი გარემოცვის სიცოცხლეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვის წინააღმდეგია. მისი თქმით, უკრაინა არ უნდა გაჩერდეს, ვიდრე არ გაათავისუფლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიას და არ დაუბრუნდება 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, რადგან თუ ეს არ მოხდა, პუტინი „დაბრუნდება". ვოლოდიმი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს უკვე მოხდა, როცა რუსეთი ჯერ უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა და შემდეგ 2022 წელს ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.  

ზელენსკი: კონფლიქტის გაყინვის დაშვება პუტინს წაახალისებს

კონფლიქტის გაყინვის დაშვება პუტინს უბრალოდ წაახალისებს, დიპლომატია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პუტინი თავის ჯარებს დააბრუნებს 1991 წლამდე არსებულ პოზიციებამდე, შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში გააკეთა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება კომპრომისებს ტერიტორიის შესახებ. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხანგრძლივი რუსული ოკუპაცია უკვე წამლავს უკრაინელთა გონებას.

ოლექსი რეზნიკოვის თქმით, რუსეთის ძალები იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი თებერვალში დიდ შეტევას ამზადებს. „[წვევამდელები] სულ მცირე სამი თვე ემზადებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იერიშის შემდეგი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში გეგმავენ, როგორც წინა წელს. ეს მათი გეგმაა”, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა. ოლექსი რეზნიკოვის ვარაუდით, ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთი გააგრძელებს საკუთარი მოქალაქეები მობილიზაციას. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა წარმატებით შეუძლია ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დაცვა, ჩნდება იმის მტკიცებულებები, რომ კრემლი ახალ ფართო იერიშს გეგმავს.