ძებნის რეზულტატი:
არგენტინას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, გვარამ ხანდამიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გვარამ ხანდამიშვილს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2021 წლის აგვისტოდან2022 წლის დეკემბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, 2005 წელს მინიჭებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აგრეთვე, 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იურისპრუდენციის მიმართულებით. 2017 წელს მიენიჭა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სადაც სწავლობდა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, სპეციალობა – საერთაშორისო საჯარო პოლიტიკა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
უზბეკეთი თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
უზბეკეთის ავიახაზები ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტი მარშრუტზე ფრენების სიხშირეს გაზრდის. ამის შესახებ Trend-ი იუწყება. ამჟამად საერთაშორისო ფრენები ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მარშრუტზე სამშაბათობით სრულდება. 2023 წლის 13 იანვრიდან უზბეკეთის ავიახაზები პარასკევს ამ მიმართულებით დამატებით ფრენებს განახორციელებს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 99 230; ტანკი - 2 995; ჯავშანტექნიკა - 5 974; საარტილერიო სისტემა - 1 960; სარაკეტო სისტემა - 410; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 212; თვითმფრინავები - 281. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ინდოეთმა ჩინეთთან სადავო საზღვრის გასწვრივ, ჯარების განლაგება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ჩინეთთან სადავო საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა. მინისტრის თქმით, ინდოეთი არ დაუშვებს, ჩინეთმა „ცალმხრივად შეცვალოს" სტატუს კვო საზღვარზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ვითარება საზღვარზე სტაბილურია და მხარეები ამ საკითხზე დიალოგს აგრძელებენ. ინდოეთი და ჩინეთი სადავო 3,440 კმ (2,100 მილი) სიგრძის დე ფაქტო საზღვარ იზიარებენ. ორივე მხარის ჯარისკაცებს შორის ხშირად დაძაბულობა შეტაკებებში იზრდება.
დააკავეს კაცი, რომელიც გიორგი კირთაძეს თავს დაესხა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კაცი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, დაკავებულია. გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, 19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პროკურატურა აცხადებს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების 7 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ. აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე 7, ჯამში 1 548 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 334 049 ლარის დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს. დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ. შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 620 299 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.
ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიას ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის უახლოეს მომავალში განახორციელებს. NATO ვიზიტის დაგეგმვაზე მუშაობს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში შედგება. „NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ორჯერ ეწვია უკვე საქართველოს და ველით, რომ ის რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში არსებულ სიტუაციას, მათ შორის მთიან ყარაბაღში. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ორივე მხარეს, რათა მხარეებმა იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს თბილისი შესთავაზა პლატფორმად. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი მართავენ შეხვედრას, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ პარტნიორებს“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
21 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 21 დეკემბერს თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 20 დეკემბერს, ბახმუტს ეწვია. ზელენსკი: ბახმუტის მიმართულება საკვანძოა. ქალაქი ჩვენი კონტროლის ქვეშაა „უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა დონეცკის ოლქში, რომელიც ამჟამად ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილია“, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არ იყო დაანონსებული. პრეზიდენტის სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ზელენსკიმ ფრონტის ხაზი მოინახულა, მებრძოლები მედლებითა და ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ბახმუტი უკვე დატოვა. გენერალური შტაბი რეგულარულად აღნიშნავს, რუსული არმია ყველა ღონეს ხმარობს ბახმუტის დასაკავებლად. „უკრაინის თავდაცვის ძალები, უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ყოველდღე არღვევდნენ მტრის სასტიკ თავდასხმებს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. შეგახსენებთ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: ძალიან გამხდარია, ადამიანის უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია
გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ვივამედის“ კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა. „ამასწინათაც გამოვაცხადე და ახლაც უნდა ვთქვა - ჩემი პირადი სურვილია, ამ ადამიანმა გააგრძელოს უცხოეთში მკურნალობა. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. ეს 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მთლიანად წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს", - განაცხადა მან. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ცნობილია, როდის დაასრულებს აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის მშენებლობას
ორ წელზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთზე ყველა სამუშაოს დასრულება იგეგმება. ადგილზე სამუშაოების 40% რკინიგზის ხაზზე და 70% მაგისტრალზე დასრულებულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. ეს გამოიწვევს ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნას. მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსებაა გათვალისწინებული ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის, რომელიც ამჟამად 15 მილიონ ტონას შეადგენს. „ეს ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის 25 მილიონ ტონამდე გაზრდას“, - აღნიშნა ალიევმა.
რუსეთის ფედერაციაში, ჩუვაშეთში, გაზსადენზე აფეთქება მოხდა
მედიის ცნობით, ჩუვაშეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია, აფეთქების შემდეგ, გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გაზსადენზე გაჟონვა გახდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს, 19 დეკემბერს, მსგავსი შემთხვევა ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკთან მოხდა. იქ გაზის მაგისტრალს ცეცხლი გაუჩნდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ანზორ გურულმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დააკავეს კაცი, რომელიც გიორგი კირთაძეს თავს დაესხა როგორც მან აღნიშნა, დაკავებულს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „ჩვენ მიერ უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს ს.ს.კ. 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. 127-ის მიმდებარედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდეგაც ი.ს.-მ გიორგი კირთაძის მიმართულებით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში გაარტყა ხელი. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახის საზომად 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ანზორ გურულმა.
დავითაშვილი შავი ზღვის კაბელზე: ეს პროექტი, ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას გაზრდის
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შეთანხმება - ეს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ, საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი გაჩნდა ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა ენერგოუსაფრთხოების კუთხით. „როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას ყოველთვის ასე ვსვამდით საკითხს - საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარების კუთხით, საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ძალიან აქტიურად წარმოჩინდა დაკავშირებადობის მთელი პაკეტი, რომელიც საქართველომ შესთავაზა ევროკავშირს “, - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა. ელექტროგადამცემი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, შესაძლოა, ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმოს ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელიც ყველაზე აქტუალური გახდა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - ახალი სატვირთო-სატრანზიტო ნაკადები ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით; ციფრული დაკავშირებადობა - ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ინტერნეტნაკადების საქართველოს მეშვეობით ევროპიდან აზიაში მიწოდება. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ იყო ინიცირებული - შავი ზღვის ქვეშ გამავალი ელექტროდამაკავშირებელი გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი. ამასთან, მისი განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს როლს ნამდვილად გაზრდის და ქვეყანა არამარტო სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით მიიღებს ეკონომიკურ სიკეთეებს, არამედ აქ წარმოებული, გენერირებული ენერგიის პირდაპირი ექსპორტი მოხდება ევროპულ ბაზარზე, რაც საქართველოს ენერგეტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „რადგან ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ელექტროენერგიის ყველაზე საინტერესო, თავისუფალ და გახსნილ ბაზარს, სადაც საქართველო ისეთივე თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებს, როგორც ევროკავშირის სხვა ყველა ქვეყანა, ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ - ინვესტორებისთვის შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია პირდაპირ იყოს მიწოდებული მაღალმსყიდველობითი უნარის ბაზარზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს და ყურადღება თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით, სიგელებითა და საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ: გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პოლკოვნიკი კობა ბასარია. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.
მასკი თანახმაა, უკრაინას კიდევ რამდენიმე ათასი Starlink-ის ტერმინალი გადასცეს - Bloomberg
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია თანახმაა, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტისთვის, უკრაინას კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალი გადასცეს. CNN: თეთრი სახლი და ილონ მასკი ირანელი აქტივისტებისთვის Starlink-ის გადაცემაზე მსჯელობენ ფედოროვის თქმით, მასკის Space Exploration Technologies უახლოეს თვეებში კიევს 10000-ზე მეტ მოწყობილობას გაუგზავნის. „SpaceX-ი და მასკი სწრაფად რეაგირებენ პრობლემებზე და გვეხმარებიან“, - ციტირებს ფედოროვს Bloomberg-ი, რომელმაც თქვა, რომ პირდაპირ ესაუბრა ილონ მასკს. პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 1500-ზე მეტი სისტემა გადასცა ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ SpaceX-ის წარმომადგენელმა არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ფედოროვის სიტყვებზე. Bloomberg-ის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინამ Starlink-ის თანამგზავრული კომუნიკაციების 22 ათასი ტერმინალი მიიღო. „ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ ელექტროენერგიის გარეშე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში - თუ ხელმისაწვდომი იქნება მობილური კომუნიკაციები და ტექსტური შეტყობინებები", - ციტირებს ფედოროვს Bloomberg. „რომელიც გამოყენებული იქნება კრიტიკულ სიტუაციებში კომუნიკაციების სტაბილიზაციისთვის“, - ამბობს ფედოროვი. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ Starlink-ის ტერმინალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ბრძოლის ველზეც, სადაც სატელიტური კომუნიკაციები სამხედრო პერსონალს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ხშირად ერთადერთი საიმედო გზაა.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6667 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6682 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.15 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8368 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8320 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1429 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2443 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 21 დეკემბრიდან შევა ძალაში.
ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წელს ქალაქ კაისერში გაიმართება.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე, 62 პირი დავაკავეთ, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ფონიჭალაში, 20-მდე ნარკორეალიზატორი დაკავეს ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე, ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: იორდანიის მოქალაქეები -1974 წელს დაბადებული ს. ა. და 1983 წელს დაბადებული მ.ი.; ლატვიის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული გ.გ.; ასევე, საქართველოს მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული გ.კ., 1977 წელს დაბადებული ს.კ., 1972 წელს დაბადებული ს.მ., 1989 წელს დაბადებული ზ.ბ., 1979 წელს დაბადებული ვ.კ., წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1971 წელს დაბადებული ზ.ი. და 1984 წელს დაბადებული ტ.ი., 1981 წელს დაბადებული მ.უ., სხვადასხვა დანაშაულისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., 1979 წელს დაბადებული გ.ქ., 1982 წელს დაბადებული ნ.ც. და ამავე წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჯ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ., 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ., 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ც., 1994 წელს დაბადებული ს.ბ., 1971 წელს დაბადებული ა.ხ., 1995 წელს დაბადებული ლ.ო., 1976 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ი.ფ., 1998 წელს დაბადებული ლ.ლ., 1998 წელს დაბადებული მ.ბ., 1979 წელს დაბადებული ს.ბ, 1976 წელს დაბადებული ქ.ბ., 2001 წელს დაბადებული კ.ლ., 1988 წელს დაბადებული მ.ბ., 1997 წელს დაბადებული მ.ზ., 2004 წელს დაბადებული ნ.ს., 2003 წელს დაბადებული ს.მ., 2002 წელს დაბადებული ლ.ხ, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ., 2003 წელს დაბადებული ნ.გ., 2004 წელს დაბადებული თ.ჭ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ., 2002 წელს დაბადებული ა.ლ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ს., 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.დ., 1990 წელს დაბადებული ა.ბ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ხ.კ., 1970 წელს დაბადებული კ.ბ. და 1983 წელს დაბადებული ლ.კ. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, "კეტამინი", "ლირიკა", "ოპიუმი" და "მარიხუანა". ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებს, პოლიციამ უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე დააკავა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არიან თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ლატვიის, ნიგერიისა და სომხეთის მოქალაქეები. განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე, საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისთვის დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1987 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბ.თ., 1991 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ნ.ნ, 1989 წელს დაბადებული ლატვიის მოქალაქე რ.კ., 1980 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე რ.ს., ასევე, სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული დ.ი. და 2001 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰ.პ., 1987 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დ.ე., აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ს.ა., 1985 წელს დაბადებული ლ.წ., 1976 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ტ.რ., 1980 წელს დაბადებული დ.დ., 1983 წელს დაბადებული ა.მ., 1962 წელს დაბადებული ზ.ჯ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.გ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული. მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა. „პოლიციამ ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება. პოლიცია განაგრძობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებას, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ასევე განაგრძობს აქტიურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და გავრცელების წინააღმდეგ“, - განაცახდა თეიმურაზ კუპატაძემ.
ავსტრიის ელჩი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე: მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს გრძელვადიანი გზაა
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს არის გრძელვადიანი გზა. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, არ იყო ადვილი, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თომას მიულმანიმ ავსტრიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. რა წერია ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიიღო „ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. ჩვენ ახლა უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს, გაფართოების ლოგიკაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ ის მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად, დაჩქარებულად და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა, შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა. პირველი: ევროპული საბჭოს შეკრება და დავალება კომისიას, რომ მოსაზრება გამოეტანა და შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ვინმეს თუ ჰქონდა შეკითხვა მისწრაფებასა და მიმართულებაზე, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. პასუხი ნამდვილად არის არა! მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით პროცედურის მხრივ - ეს არის გრძელვადიანი, დიდი გზა. ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ადაპტირებულიყო ევროპულ სტანდარტებთან. ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ კარგი დღის წესრიგი გაქვთ. როდესაც ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ როდესაც დავიწყე მუშაობა, მაშინ შევედით ჩვენ ევროკავშირში. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ისე სწრაფად არ ვპროგრესირებდით როგორც გვსურდა, მაგრამ წინსვლა გვქონდა. ავსტრიის პოლიტიკური აზროვნება და მიდგომებიც შეიცვალა. წლების განმავლობაში გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, ჩვენმა პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, რომ რეალურად წინსვლა ყოფილიყო და ეთანამშრომლათ. არ იყო ადვილი, განსაკუთრებით, სოციალ -დემოკრატები ყოყმანებდნენ. ჩვენი მიდგომის ადაპტირება მოვახერხეთ და ევროკავშირში მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ასეთი იქნება თქვენი მომავალი, გისურვებთ წარმატებას, მაგრამ არამხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით, თუ შეგვიძლია“, - განაცხადა თომას მიულმანიმ IPN-ის ცნობიძთ.