ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს: დაიბარეთ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და მოახდინოთ გაზრდილ ფასებზე რეაგირება

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია.  მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით „ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი სფეროს მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა. „ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ, მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ, მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი“, - აღნიშნა პრემიერმა.  

აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს - ღარიბაშვილი

აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება. „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ცესკო

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. „დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ. „ეს იყო ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამისთვის ვიბრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სხდომა იმითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“, – განაცხადა სიორიძემ. ცესკო-ს წევრის, ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას. „განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკო-ს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“,- აღნიშნა ნორაკიძემ. ამასთან, ცესკო-ს ცნობით, 2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე. „ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკო-ს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით გასწია, ასევე, ჩართულ მხარეებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხორციელდა დოკუმენტის ძირითადი პრინციპების განხილვა და მოსაზრებების მოსმენა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს“,- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.  

ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება - ხაჭაპურიძე

ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება, - ამის შესახებ ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. ორშაბათს ბოლო პროცესია, ალბათ გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას - ხაჭაპურიძე „საუბარი გვექნება დიაგნოზებზე, რითაც შესაბამის მოთხოვნას დავაყენებთ. ასევე საუბარი გვექნება სამხარაულის დასკვნაზე, დარღვევებზე, რაც მათ დასკვნებში იქნა აღმოჩენილი. მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს. აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“ , - აცხადებს ხაჭაპურიძე.  ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პარლამენტში ჟურნალისტებისთვის ქცევის წესები იმოქმედებს

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკუთარი ბრძანებას გამოსცემს. ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია. შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. „აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა. აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი. რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად - დავითაშვილი

ვიწყებთ სამუშაო პროცესს იმის დასადგენად, რა სივრცეები არსებობს ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გვსურს, რომ თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში ყალიბდებოდეს ფასები და ეს ფასები იყოს უფრო მეტად მისაღები, ვიდრე დღეს არის“,- აღნიშნა დავითაშვილმა.მინისტრი მთავრობის მეთაურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს ძირითადი სასურსათო პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გაზრდილი ფასები. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე. გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია ზოგიერთ სექტორში ადგილი ჰქონდეს კონკურენციის შეზღუდვას, აქედან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს დაევალა მოკვლევა გაეკეთებინა და ჩვენ განვიხილეთ წინასწარი შედეგები. ამასთან დაკავშირებით გვექნება მუშაობა და მივიღეთ პრემიერის დავალება, რომ სამმა სამინისტრომ მოახდინოს ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების და მათ შორის, მარჟების მუდმივი მონიტორინგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, უნდა მოხდეს დეტალური შესწავლა და გამოირიცხოს გარიგებისა და შეთანხმების ყველა ფაქტი, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ფასებზე და იწვევდეს ფასების ხელოვნურად გაზრდას. „შესაბამისი სამინისტროების ანალიტიკური ჯგუფები ჩაერთვებიან პროცესში და შეისწავლიან სხვადასხვა ალტერნატივას, შეისწავლიან საერთაშორისო ბაზრებზე საიმპორტო ფასებს, ასევე იმ გასაყიდ ფასებს, რომლებიც საბითუმოდ დღეს იმპორტიორებს, ან ძირითად ადგილობრივ მწარმოებლებს გააჩნიათ. ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და არა ფართო სპექტრზე – ეს არის ის ძირითადი სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც ინფლაცია განისაზღვრება და რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ დანახარჯებში ძალიან დიდი წილი გააჩნია“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელსაც სამუშაო ჯგუფი გადადგამს. მინისტრის აზრით, სამუშაო პროცესში გამოიკვეთება ბევრი რამ, მათ შორის შედგება დიალოგი მწარმოებლებთან, რომ ბევრი ფაქტორი ერთად გაანალიზდეს და არსებობდეს გაუმჯობესების სივრცეები ფასების დასაწევად.  

ნორვეგია უკრაინისთვის 5 წლის განმავლობაში 7 მილიარდი დოლარის გადაცემას გეგმავს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტოერემ 6 თებერვალს განაცხადა, რომ ნორვეგია გეგმავს, უკრაინას ხუთი წლის განმავლობაში 7,3 მილიარდი დოლარი გამოუყოს, იტყობინება Reuters-ი. მისივე თანახმად, ნორვეგიის პარლამენტმა ჯერ დახმარების პაკეტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.  პაკეტის ნახევარი 2023 წელს, სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება, დანარჩენი კი, ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ნორვეგიის გამოცემა Vårt Land-ის ცნობით, ნორვეგიამ შესაძლოა, უკრაინას ასევე მიაწოდოს თავისი გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტანკი, მას შემდეგ რაც გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა ამის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.  

გიორგი ხოჯევანიშვილი საპარლამენტო მანდატს და პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს

ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს, - ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა. “მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს… აქვე გარკვევით მინდა განვმარტო, რომ არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!”,- წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.  

ილია მეორე ერდოღანს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა ილია მეორე მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.  

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სამაშველო ოპერაცია სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილში ისევ მიმდინარეობს. ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ადამიანიდა დაღუპული. სირიის ხელისუფლება 810 დაღუპულისა და 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იტყობინება, წერს BBC. Anadolu-ს ცნობით, თურქეთის სამხრეთით ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1498 ადამიანი, დაშავდა 8533. მიწისძვრა თურქეთში, სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო.  

ყაზახეთში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყაზახეთში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ადგილობრივი დროით, 19:02 საათზე დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი ალმათის დასავლეთით, 628 კილომეტრში მდებარეობდა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, გარდაცვალების შესახებ საელჩოს თვითმხილველმა აცნობა. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა. თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში. თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გელა იობაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.   ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.   „უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.   საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.   გელა იობაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გასული წლის 23 სექტემბერს გავრცელდა.საქართველოს ექვსი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში რჩება.

მოსამართლემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. გადაწყვეტილებას ექსპრეზიდენტის მომხრეების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. ადვოკატების თქმით, დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. „ვივამედის“ კლინაში მყოფი მყოფი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდება და იქ ელოდება სააკაშვილის ყველა მხარდამჭერს.  

მიხეილ სააკაშვილი: ვერაფერი გამტეხს

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ვივამედის“ კლინიკიდან გამოეხმაურა. სასამართლომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა „მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“, - აღნიშნულია სააკაშვილის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. განახლება მოგვიანებით, ექსპრეზიდენტის Facebook გვერდზე მორიგი განცხადება გავრცელდა. ინგლისურ ენაზე განთავსებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი. „ახლა მე ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე და დავრჩები ციხეში ჩემი ლეტალური დაავადებებით სასამართლოს იმ ვერდიქტის მიხედვით, რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს. შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე შეაქო გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში და, ამავე დროს, მე დამესხა თავს“, - აღნიშნავს სააკაშვილი.  

მამუკა მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა უნდა მოუწოდონ, მიიღოს საკვები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა უნდა მოუწოდონ, მიიღოს საკვები. მოსამართლემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა „ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესება, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს. მოუწოდონ, რომ კალორიული საკვებიც შეჭამოს, მიუტანონ და მოუწოდონ. იმ დონეზე დავედით, ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, საჭმელი ჭამოს, მეტად კალორიული. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა, სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური ეხვეწება თავისიანების გარდა. მთელი პარადოქსი ამაშია. ერთი ადამიანი იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რაღაც უბედურება ხდება, აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება, თურმე ამის გამო უნდა მოხდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპის ამოტრიალება. მიხეილ სააკაშვილი: ვერაფერი გამტეხს ასე არ ხდება. როგორც სტრასბურგი, ასევე საქართველოს სასამართლო ერთ დასკვნამდე მიდის, უბრალოდ, არ არის ეს ყველაფერი მართალი. უნდა მიღოს შესაბამისი საკვები სააკაშვილმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

ავსტრალიელი ინსტრუქტორები დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას იწყებენ - გენერალური შტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ახალწვეულებისთვის საბაზისო სამხედრო წვრთნა დაიწყეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინული სატანკო ეკიპაჟები ქვეყანაში ჩავიდნენ, რათა Challenger 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკებზე დაეწყოთ სწავლება. 9 ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ცნობილია როგორც ტალინის პირობა, გაერთიანებულმა სამეფომ პირობა დადო, რომ 2023 წელს მოამზადებს 20 000 უკრაინელ სამხედროს. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა გააძლიერა.  

თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა. თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ მიწისძვრებს სულ 145 შემდგომი ბიძგები მოჰყვა და სულ 3741 შენობა ჩამოინგრა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი 1939 წლის მიწისძვრის შემდეგ ყველაზე დიდმა სტიქიამ შეძრა. „ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“,- ნათქვამია Twitter-ზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იგრძნობოდა რეგიონის რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის ლიბანსა და სირიაში. მიწისძვრას მსხვერპლი სირიაშიც მოჰყვა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი - გაზიანთეპი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი. 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გაზიანთეპთან, ორშაბათს, გამთენიისას მოხდა, როცა ხალხს ეძინა. თურქეთში მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქეც ემსხვერპლა.  

თურქეთში საქართველოს ელჩი: დაკარგულთა სიაში დილით, 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დაკარგულთა სიაში იყო 10 მოქალაქე, ახლა კი სამის კვალს ეძებენ. ელჩმა მოუწოდა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საელჩოს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ ადგილმდებარეობასთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშირებით. „ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან“, - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა.  

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

 „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და იწყებს პროტესტს. პარტიის ეს განცხადება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. ლევან ხაბეიაშვილის თქმით, პარტია დღეიდან იწყებს აქტივობას და ამას პირველ რიგში იგრძნობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მან ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს რეგიონებში, შეუერთდნენ პარტიის მიერ დაგეგმილ პროტესტს. ამავე ბრიფინგზე გიორგი ჩალაძემ განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.