ძებნის რეზულტატი:

უკრაინული მედია: ბახმუტში, ცნობილი ამერიკელი მოხალისე პიტ რიდი მოკლეს

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ცნობილი ამერიკელი მოხალისე პიტ რიდი მოკლეს.  რუსებმა ის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევისას მოკლეს.  "GRM-ის დამფუძნებელი პიტ რიდი გარდაიცვალა უკრაინაში, ბახმუტში. პიტი იყო GRM-ის ქვაკუთხედი, რომელიც 4 წლის განმავლობაში მუშაობდა საბჭოს თავმჯდომარედ. იანვარში, პიტმა დატოვა GRM, რათა ემუშავა Global Outreach Doctors-თან უკრაინაში მათი მისიის დროს. მოკლულია დახმარების დროს“, - აღნიშნული განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა. ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა. ცნობისთვის, სამხრეთ სუდანმა სუდანისგან დამოუკიდებლობა 2011 წელს მოიპოვა და ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა გახდა.   

მედია: Turkish Airlines-მა 5-6 თებერვალს სტამბულის აეროპორტში 240-მდე ფრენა გააუქმა

„თურქეთის ავიახაზებმა“ დღეს გამოაცხადა, რომ 5 და 6 თებერვალს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში 238 ფრენას აუქმებს. ამის მიზეზად, კომპანია უამინდობას ასახელებს.  გასულ პარასკევს ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ცვლილებები განრიგში ძლიერი თოვლის გამო, რომელიც სტამბულში 5 თებერვალსაა მოსალოდნელი. კომპანიამ რეკომენდაცია გაუწია მგზავრებს, რომ წინასწარ შეამოწმონ ფრენების სტატუსი თურქეთის ავიახაზების ვებსაიტზე. სტამბულის აეროპორტი მდებარეობს თურქეთის მეტროპოლიის ევროპულ ნაწილში. სტამბულში ასევე მოქმედებს საბიჰა გოკჩენის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს მის აზიურ ნაწილში. ამ საჰაერო ჰაბში ფრენების გაუქმების ან გადაგეგმვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.  

თურქეთი გაზის ჰაბის ფარგლებში, პირველ კომერციულ ოპერაციას 2023 წელს შეასრულებს - ფატიჰ დონმეზი

თურქეთში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი და სავაჭრო ცენტრის შექმნაზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩვენ პირველი სავაჭრო ოპერაციის განსახორციელებლად 2023 წელს ვემზადებით. რუსეთმა და თურქეთმა გაზის ჰაბის უსაფრთხოების საკითხების განხილვა დაიწყეს ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის სავაჭრო ჰაბის თემაზე დისკუსია რამდენიმე ქვეყანასთან გაიმართა. თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა „ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, გამოაცხადეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ თურქული ჰაბის პროექტს“, - თქვა დონმეზმა.  ამასთან აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მხოლოდ ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) ევროპას დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. მისი თქმით, თურქეთმა იგივე რაოდენობის „ლურჯი საწვავი“ TANAP-ის მეშვეობით შეიძინა. „საერთო აზრი ჩამოყალიბდა TANAP-ის მეშვეობით მიწოდების გაორმაგებაზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ეს ასევე გულისხმობს გაზის მოპოვების ზრდას მომდევნო 3-4 წელიწადში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც თურქეთის, ისე ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ფატიჰ დონმეზმა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. "აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, - 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება. საუბარი შეეხო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა. სხდომის წევრებმა მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ უკრაინას, რუს ოლიგარქ მალოფეევისთვის ჩამორთმეულ აქტივებს გადასცემს

აშშ უკრაინას, რუსი მილიარდერისა და ოლიგარქისთვის, კონსტანტინ მალოფეევისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს.  ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა. „დღეს ვაცხადებ, რომ ისტორიაში პირველად დავუშვი უკრაინისთვის, ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოსაყენებლად გადაცემის პრეცედენტი“, - ციტირებს მის სიტყვებს მედია. „ეს აქტივები რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ ჩამოერთვა“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა. ეს განცხადება გარლანდმა ვაშინგტონში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან შეხვედრაზე გააკეთა. კოსტინის თქმით, 5,4 მილიონი დოლარის აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდება. „ცარგრადის“ ტელეარხის მფლობელი კონსტანტინ მალოფეევი 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები, შეერთებული შტატები და კანადა მალოფეევს ყირიმის ანექსიაში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ. რუსი ოლიგარქი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ყირიმისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით იყო დაკავებული. BBC-სთან ინტერვიუში მალოფეევმა თქვა, რომ მას ნამდვილად შეეძლო მნიშვნელოვანი როლის შესრულება - მაგრამ მხოლოდ სულიერი გაგებით. 2022 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა, რუსი ოლიგარქი სანქციების გვერდით ავლაში დაადანაშაულა. 2023 წლის თებერვალში ამერიკულმა სასამართლომ მალოფეევის აქტივების კონფისკაცია დაუშვა.  

ბრიტანეთის არმია უკრაინულ სატანკო ეკიპაჟებს ამზადებს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინული სატანკო ეკიპაჟების წვრთნების შესახებ ფოტორეპორტაჟი Twitter-ზე გამოაქვეყნა. სამხედროები სწავლებას უკრაინაში გადასაზიდად განკუთვნილ Challenger 2-ის ტიპის ტანკებზე გადიან. „ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ეკიპაჟებმა სწრაფად აითვისეს ძლევამოსილი ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკების კონტროლი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისთვის თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადა. 14 Challenger2-ის ტიპის ტანკი უკრაინას მალე გადაეცემა.   

ევროკავშირის საბჭომ რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ახალი ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზღვარი დღეს ოფიციალურად დაამტკიცა. „დღეს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა დაწესდეს ფასის ორი ზღვარი რუსეთში წარმოშობილი ან ექსპორტირებული ნავთობპროდუქტებისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში. პირველი ჭერი ნავთობპროდუქტებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ ნედლ ნავთობზე დისკონტით, განისაზღვრება 45 დოლარით ბარელზე, მეორე - ნავთობპროდუქტებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ პრემიუმზე ნედლ ნავთობზე - 100 დოლარით ბარელზე, ნათქვამია პრესრელიზში.  გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 5 თებერვლიდან შედის. 55-დღიანი გარდამავალი პერიოდია გათვალისწინებული რუსული ნავთობპროდუქტების გადამზიდავ გემებზე, რომლებიც რუსული ნავთობით ამ ვადაზე ადრე იყო დატვირთული. ევროკავშირის საბჭო მარტის შუა რიცხვებში ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტის მექანიზმის განხილვას დაუბრუნდება. ფასების ზღვრის გადახედვა, რეგულარულად, ყოველ ორ თვეში ერთხელ განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ იმავდროულად, პირველ თებერვალს, რუსეთში ძალაში შევიდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება (რუსეთის ნავთობის ფასის ჭერის მექანიზმის წინააღმდეგ) საპასუხო ზომების შესახებ, რომელიც რამდენიმე ქვეყნამ შემოიღო. განკარგულების თანახმად, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება აკრძალულია „უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის, იმ პირობით, რომ ამ მიწოდების ხელშეკრულებები პირდაპირ ან ირიბად ითვალისწინებს ფასის შეზღუდვის მექანიზმის გამოყენებას". ამ შემთხვევაში, აკრძალვა გავრცელდება მიწოდების ყველა ეტაპსა და საბოლოო მყიდველზე.  

პორტუგალია უკრაინას Leopard2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. კოშტამ განაცხადა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას ნაწილების მოძიებისთვის, რომლებიც პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლადაა საჭირო. „არ ვიცი რამდენი ტანკი გაიგზავნება, ამას შესაბამის დროს გამოვაცხადებთ" - თქვა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა.  ცნობისათვის, პორტუგალიის არმია 37 Leopard 2A6 ტიპის ტანკს ფლობს, რომელიც გერმანული ტანკის ერთ-ერთი თანამედროვე მოდიფიკაციაა.  

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 40%-დან 8%-მდე შეამცირა

ევროპამ 2022 წელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 40%-დან 8%-მდე შეძლო. ეს განცხადება დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ენ-კლერ ლეჟანდრმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში გააკეთა. „დღეს ჩვენ მხოლოდ 8%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო გასული წლის დასაწყისში ეს დამოკიდებულება 40%-ზე მეტი იყო“, - განაცხადა ლეჟანდერმა. „ეს არის შეუქცევადი პროცესი და ღრმა სტრატეგიული ცვლილება ევროპული ენერგეტიკული მიქსის სტრუქტურირებაში. ეს არის ცვლილება მომავლისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. მისივე თქმით, „იგივე გაკეთდა ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით“. „დღეს, ჩვენი შეფასებით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთმა ემბარგოს შედეგად ენერგეტიკის სექტორიდან $50 მილიარდი დაკარგა“, - განაცხადა ლეჟანდრმა.  

ლატვიამ ბელორუსის საზღვარზე 36 კილომეტრიანი ღობე ააშენა

ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლომდე, 36,1 კმ-ის სიგრძის დამცავი ღობე აშენდა.  ხეებისგან გაწმენდილი საზღვრის 82 კმ-დან 75-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 173 კმ-იანი სასაზღვრო ღობის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველი, 85,8 კმ სიგრძის მონაკვეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება, ხოლო მეორე, 63,9 კმ, 2024 წლის გაზაფხულზე. მშენებლობის პირველი ორი ეტაპის განხორციელების პარალელურად, მუშავდება მესამე ეტაპის ტექნიკური დაზუსტება. Citrus Solutions-მა, რომელიც პროექტს 53,57 მლნ ევროდ ახორციელებს, ფასების შესწავლის შემდეგ მიიღო მუდმივი საზღვრის შემოღობვის პირველი ცხრა პრიორიტეტული მონაკვეთის აშენების უფლება. მეორე ეტაპზე ინფრასტრუქტურის შემდეგი ექვსი მონაკვეთის აშენების უფლება Citrus Solutions-მაც მიიღო, ერთ მონაკვეთს კი შპს „ვია“ ააშენებს. მეორე ეტაპის ხარჯების მოცულობა დღგ-ს გარეშე 38,7 მილიონი ევრო იქნება. ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ბელორუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 63 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკომისიამ გასული წლის ივლისში დაამტკიცა . მედიის ცნობით, 2021 წლის შუა პერიოდიდან ლატვია-ბელორუსიის საზღვარზე შეიმჩნევა ჰიბრიდული თავდასხმა - მიზანმიმართულადაა გაზრდილი არალეგალური მიგრაციის ნაკადი, რომელიც ლატვიაში ბელორუსის რეჟიმის პოლიტიკური მხარდაჭერითაა განპირობებული. მიგრანტების შანტაჟის გამო ლატვიის გარდა ლიეტუვასა და პოლონეთსაც დაზარალდნენ. ამ მოვლენების შემდეგ ორივე ქვეყანამ ბელორუსის საზღვარზე ღობის აგება დაიწყო.  

Daily Telegraph: ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზადება, რომ PMC Wagner-ი (დაჯგუფება) ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადოს, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph-ი. აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა რა იმას ნიშნავს, რომ „ვაგნერი“  გაუტოლდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო და ალ-ქაიდა, რომლებიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ასეთ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი ზეგავლენა დაჯგუფება „ვაგნერის“ უნარზე, მოიზიდოს სახსრები, თუ აქტივები ან ფულადი ნაკადები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით არ ხდება. PMC Wagner-ის აკრძალვის შესახებ მსჯელობა ბრიტანეთში ადრეულ ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ Daily Telegraph-ი თავის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ საკითხს „მწვანე შუქს“ სწრაფად „აუნთებენ“ უკრაინაში სიტუაციის სერიოზულობისა და ამ საკითხში ერთიანობის გათვალისწინებით. გაზეთის ცნობით, ორშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში PMC „ვაგნერის“ საქმიანობის განხილვა გაიმართება. როგორც DailyTelegraph-ი წერს, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრიტანეთის მთავრობა საჯარო კომენტარისგან თავს შეიკავებს. ცნობისათვის, PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.  

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია.  ძიუდოს ფედერაციის ცნობით, მან პარიზის გრან სლემი ზედიზედ მეორე მოიგო. ქართველმა ფალავანმა ფინალში ბრაზილიელი მეტოქე დანიელ კარგნინი დაამარცხა. 

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირში ტრანსპორტირების მიზნით, ბუნებრივი აირი თავისუფალ გაზსაცავებში შეინახოს

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შესანახად თავისუფალი სიმძლავრეები უზრუნველყოს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „რამდენიმე თვეში დაიწყება ინექციების სეზონი, რადგან დღეს ევროკავშირის ქვეყნებში გაზსაცავების უმეტესობა შევსებულია, რაც ხელს უწყობს უკრაინის გაზსაცავების მიმართ ინტერესის ზრდას. ძირითადი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კერძოდ, ტრანსბალკანური გაზსადენის სიმძლავრეს. უკრაინის GTS ოპერატორისთვის ეს არის შესაძლებლობა, მოიზიდოს სერვისების ახალი მომხმარებლები“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მიკოლა კოლესნიკმა ბაქოში, სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე დაინტერესებულია სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებითა და მზადაა თანამშრომლობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის ფარგლებში. კოლესნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინის სტრატეგიული ინტერესია, ევროკავშირთან, აშშ-სთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობა, მათ შორის სამხრეთში რუსეთის ფედერაციის გავლენის შესუსტება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, უკრაინულმა გაზის შემნახველმა ოპერატორმა Ukrtransgaz-მა ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს ევროპული წესების შესაბამისად სერტიფიცირების მოთხოვნა წარუდგინა.  

კანადიდან უკრაინაში პირველი Leopard-2-ის ტიპის ტანკები გაიგზავნა

კანადიდან უკრაინაში პირველი ლეოპარდები გაიგზავნა.  ინფორმაციასა და ფოტოებს Twitter-ზე კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი ავრცელებს. „კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ“, წერს ანიტა ანანდი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ კანადამ უკრაინისთვის 4 ერთეული Leopard-2-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ 26 იანვარს განაცხადა.  

აშშ-მ ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ჩამოაგდო

აშშ-ის სამხედროებმა ქვეყნის სანაპიროსთან ჩინეთის კუთვნილი აეროსტატი ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეში გუშინ გამოჩნდა, იუწყება AP. Bloomberg: აეროსტატის ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი გადაიდო გამოცემა წერს, რომ ახლა ნამსხვრევების შეგროვების ოპერაცია მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია Fox News-მა დაადასტურა და დაამატა, რომ მოწყობილობა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სათვალთვალო აეროსტატი, აშშ-ის მონტანას ბირთვულ ობიექტების თავზე საჰაერო სივრცეში 3 თებერვალს დაფიქსირდა. Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთმა გადადგა შემრიგებლური ნაბიჯები ინციდენტის მოსაგვარებლად. კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სწუხს, რომ აეროსტატი აშშ-ის საჰაერო სივრცეში მისი კონტროლის მიღმა მოქმედი ძალების გამო მოხვდა“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა.  

ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარკინ პრჟიდაჩმა გააკეთა. „ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებითად უპასუხებს პრეზიდენტ დუდას მოწვევას და ჩამოვა პოლონეთში“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ჯო ბაიდენი 24 თებერვალს შესაძლოა, ევროპას ეწვიოს მისივე თქმით, მიმდინარეობს მზადება ვიზიტისთვის, რომელიც „პასუხობს როგორც თეთრი სახლის, ასევე, პოლონური მხარის მოლოდინებს“. „მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება პოლონეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის გაგრძელება“, - განაცხადა მარკინ პრჟიდაჩმა.  

ზელენსკიმ რამდენიმე ყოფილ პოლიტიკურ აქტორს მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს რამდენიმე ყოფილ გავლენიან პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვა. Reuters-ი წერს, რომ ზელენსკიმ პრორუსული გავლენისგან ქვეყნის გაწმენდის მიზნით მორიგი ნაბიჯი გადადგა. ზელენსკიმ არ დაასახელა სახელები, მაგრამ აღნიშნა, რომ რომ მათ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. უკრაინის სახელმწიფო მედიის ცნობით, სიაში არიან ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოფისის წარმომადგენლები. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დმიტრო ტაბაჩნიკი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ანდრი კლიუევი და იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო.  

ISW: რუსეთი ვერ ახერხებს ძირითადი შეტევითი ოპერაციების შენარჩუნებას, რაც საჭიროა ზაპოროჟიეს დასაკავებლად

რუსეთი ვერ ახერხებს ძირითადი შეტევითი ოპერაციების" შენარჩუნებას, რაც საჭიროა ზაპოროჟიეს დასაკავებლად, იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) 4 თებერვალს. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი იტყობინება, რომ რუსეთის ძალებმა განახორციელეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და ვუჰლედართან, თუმცა შეანელეს მათი შეტევები დონეცკის დასავლეთ გარეუბანში. რუსულმა ძალებმა ასევე წამოიწყეს „შეზღუდული შეტევითი ოპერაციები“ სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით და განაგრძეს ოპერაცია კრემენაიას ირგვლივ.  

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რიში სუნაკი მოწადინებულია, სამხედრო აღჭურვილობა უკრაინაში, რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი „კონცენტრირებულია იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითმა სამხედრო აღჭურვილობამ ფრონტის ხაზზე რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს“, - ამის შესახებ ნათქვამია სუნაკის ოფისის პრესრელიზში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. 14 იანვარს სუნაკმა გამოაცხადა 14 ჩელენჯერ 2 ტანკის მიწოდების შესახებ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი. „ამ ძალისხმევის ფარგლებში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე დაიწყეს წვრთნა „ჩელენჯერ 2-ის“ ტიპის ტანკებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ბრიტანეთი უკრაინას, Challenger 2-ის ტიპის ტანკებს ზაფხულამდე გადასცემს - უოლესი