ძებნის რეზულტატი:

USAID: ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ, საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო

აშშ საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მუშაობს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო. ამის შესახებ საუბარია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში, რომელიც მინისტრ დარჩიაშვილთან შეხვედრას ასახავს.   მისივე თაბახმად, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში, ელჩი ერინ მაქიი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა USAID-ის პარტნიორობა საქართველოს ხალხთან.   „USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და საქართველოს მოსახლეობასთან.   ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ჯინ შაჰინი: საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს

საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისი განაცხადება სენატორმა შაჰინმა საქართველოში ვიზიტამდე გააკეთა. ამერიკელმა სენატორმა (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა წევრმა ჯინ შაჰინმა, და ამერიკელმა სენატორმა, სენატის უმრავლესობის უფროსმა წევრმა და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარემ დიკ დურბინმა გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ისინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. „შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა შაჰინმა. მისივე თქმით, საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს. „სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი NATO-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას  პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად , რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან.

ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, უკრაინის ომისთვის ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ბლინკენი შაბათს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის შეხვდა.  

იტალიური მედია: პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევს ეწვევა. მელონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება იტყობინება იტალიური ყოველდღიური გაზეთი il Fatto Quotidiano. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაადასტურა, რომ მელონი მალე ეწვეოდა კიევს. ცნობისთვის, მელონი და ზელენსკი 9 თებერვალს, ევროკავშირის სამიტზე, ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს.  

რა საკითხები განიხილეს დმიტრო კულებამ და ჩინეთის მთავარმა დიპლომატმა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც კულბამ Twitter- ზე დაწერა, შეხვედრის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, უნდა ემყარებოდეს გაეროს წესდებაში არსებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. „მე ვაფასებ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავცვალო შეხედულებები სახელმწიფო მრჩეველ ვან ისთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაეროს ფუნდამენტური პრინციპი, წმინდაა ჩვენი ორივე სახელმწიფოსთვის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, სწორედ ამ პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს მასზე”, - წერს დმიტრო კულება.  

ბორელის თქმით, უკრაინას სჭირდება ნაკლები ტაში და უფრო მეტი იარაღი

ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა ბლოკის წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და განაცხადეს, რომ „ბევრი ტაში" არ არის სასარგებლო მოქმედებების გარეშე“. მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბორელმა, რომელიც ახლახან ეწვია კიევს და დაესწრო ევროკავშირის ისტორიულ სამიტს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ნაკლები ტაში და უფრო მეტი იარაღი. „(პრეზიდენტი ვოლოდიმირი) ზელენსკი და უკრაინელები უამრავ ტაშს იღებენ, მაგრამ არა საკმარის საბრძოლო მასალებს”, - განაცხადა ბორელმა. „ეს პარადოქსია. მათ ნაკლები ტაში და მეტი იარაღი სჭირდებათ“, - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი.  

ბლინკენი თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი ასევე მივიდა ადანის ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე, სადაც მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი დიპლომატებმა თვითმფრინავიდან დაათვალიერეს. თურქეთის სამხრეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 40 689 ადამიანი დაიღუპა. „თურქეთში მიწისძვრის შედეგად განადგურებული ადგილების პირადად ნახვთ, ძალიან დამწუხრებული ვარ. შეერთებული შტატები მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა თურქეთს აღდგენაში დაეხმაროს“, - განაცხადა ბლინკენმა.  

Facebook-ზე ვერიფიკაცია ფასიანი იქნება

სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დააანონსა, რომ ვერიფიკაციის (მომხმარებლის ნამდვილობის დამადასტურებელი/დამოწმების ნიშანი) ნიშნის მოპოვება ფასიანი იქნება. მისი განმარტებით, ახალი ფუნქცია ავთენტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად გააქტიურდება.ფასი $11.99-დან დაიწყება ვებზე ან $14.99 ყოველთვიურად iOS-ზე. ფუნქცია თავდაპირველად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, სხვა ქვეყნებშიც გააქტიურდება. განმარტებისთვის: ამ ნიშნის მოპოვება სავალდებულო არ არის.   

ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.  სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში, სტიქიის გამო, 180-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 წლის გოგონაცაა.  ამინდის პროგნოზის თანახმად, სან-პაულოს სანაპირო ზონაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება, რაც, სავარაუდოდ, სამაშველო ოპერაციებს გაართულებს.  

საქართველოში ციხე იყო მავთულხლართებით შემოფარგლული ტერიტორია, სადაც აბრაზე იყო წარწერა: აქ აღარ არსებობს სამართალი - იუსტიციის მინისტრი

საქართველოში ციხის ტერიტორიაზე არ არსებობდა სახელმწიფო, ეს იყო, უბრალოდ, მავთულხლართებით შემოფარგლული ტერიტორია, სადაც აბრაზე იყო წარწერა, რომ აქ აღარ არსებობს სამართალი; დაემორჩილე იმას, რასაც გეტყვიან, თორემ აქედან გამოგასვენებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განცხადა. „რაც შეეხება პასუხისმგებლობას, არსებობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულად უნდა აგოს პასუხი ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ კონკრეტულ დანაშაულზე. მაგრამ მეორე ნაწილი – ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, და მე არ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოში მთავრობას და პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მით უმეტეს, როცა აქ იყო 30 000 თუ მეტი პატიმარი. ბუნებრივია, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ მათ. რა თქმა უნდა, ის, რაც ხდებოდა ციხის ტერიტორიაზე, პირდაპირ რეაქციაში იყო იმ მოვლენებთან, რაც მაშინ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხდებოდა; და მე ეს იმთავითვე ვთქვი, რომ მთლიანად ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა, მათ შორის, პოლიტიკური შანტაჟისთვის; კერძოდ, იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეხატათ პროტესტი და რა თქმა უნდა, როგორც არჩევნებში, ისე ყოველდღიურობაში მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. თუ არ ჰქონდა, ეს არის მეორე დანაშაული, რომ, როდესაც მასობრივად ხდება ასეთი დანაშაულები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შენ უნდა აკონტროლებდე, თუ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვს, ესეც არანაკლები დანაშაულია. შესაბამისად, ასეც და ისეც იმჟამინდელი ხელისუფლება პასუხისმგებელია როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად მთელ იმ სიტუაციაზე და ისტორიის სამარცხვინო ფურცელზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ "იმედთან".  

აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს - კობახიძე

ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე ვინც რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს. მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით – 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით – 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ ოთხ წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა). რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა. აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა (https://ukvisa.blog/2019/08/01/usa-visa-refusal-rate/). რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა. დასკვნის სახით შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს. ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“, – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“.  

უკრაინა: ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. "დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო საწარმოს შენობები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტოფარეხები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ, მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  

2023 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 29.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვიდა ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 25.2 პროცენტით). „საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია. 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 83.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (87.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (69.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (51.9 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: რუსეთი (175.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (164.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (68.5 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (263.6 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (196.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (120.4 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 104.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 68.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 50.8 მლნ. აშშ დოლარით (11.1 პროცენტი). მსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების სახით, რომლის იმპორტმა 92.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 86.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 82.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), “ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს - გაერო

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს. რა საკითხები განიხილეს დმიტრო კულებამ და ჩინეთის მთავარმა დიპლომატმა ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება „ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას, უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, მაშინ ეს მიუღებელია“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს.  

ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან - ხუნდაძე

ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. „ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა „უცხოელი აგენტი“. აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება,“ - აცხადებს ხუნდაძე. ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში.  

უმუშევრობის დონე 3%-ით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით შემცირდა და 16.1% შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.8 პროცენტს და 42.1 პროცენტს შეადგენს.  

საქართველოდან EU-ში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში კი გაიზარდა - საქსტატი

საქსტატმა დღეს 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი 87.8 მილიონის საქონელი რუსეთში გავიდა. 2023 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 29.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ დსთ-ში საქართველოს ექსპორტი 68%-ით გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ექსპორტის 60%-ს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით შემცირდა. მთლიან ექსპორტში EU-ზე მხოლოდ 16% მოდის. დსთ-ს ბაზარზე საქართველომ 3.75-ჯერ მეტი საქონელი გაიტანა, ვიდრე ევროკავშირში. საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ესენია ბულგარეთი (მეშვიდე) და ესპანეთი (მერვე პოზიციაზე). დანარჩენი ბაზრები ძირითადად დსთ-ს მიეკუთვნება. საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება: რუსეთი - $87.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105%2. სომხეთი - $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%3. აზერბაიჯანი - $51.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%4. ყაზახეთი - $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433%5. ჩინეთი $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%6. თურქეთი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%7. ბულგარეთი - $25.7 მილიონი, კლება წინა წელთან -48%8. ესპანეთი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 332%9. პერუ - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 461%10. ყირგიზეთი - $16.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1,031%.  

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია - არასამთავრობო ორგანიზაციები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში“ გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ავრცელებენ. ორგანიზაციების შეფასებით, მსგავსი კანონპროექტის განხილვაც კი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააზიანებს. მათივე განმარტებით, კანონპროექტი თავისი შინაარსით საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ქვეყნის მარგინალიზაციისკენ არის მიმართული. „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოვხატავთ პროტესტს უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენის გამო. მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია, ანტიკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, დისკრიმინაციულია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ. კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე ის სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ქვეყანაში ფინანსური რესურსების შემოდინებას და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, არღვევს თანაბარი კონკურენციის პრინციპებს. შეუძლებელს გახდის ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის მე-10 "სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე" და მე-7 "განახორციელოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად" პუნქტების შესრულებას. ვფიქრობთ, რომ მსგავსი კანონპროექტის განხილვა, არამც თუ მისი მიღება, დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მისი შინაარსით მიმართულია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ და ქვეყნის მარგინალიზაციისაკენ“, - ნათქვამია "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" განცხადებაში, რომლის წევრიც 210 არასამთავრობო ორგანიზაციაა. ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.  

კარგია, რომ აქციები დაინიშნა, მაგრამ არაშესაფერისი დღეა შერჩეული - ალასანია

ძალიან კარგია, რომ აქციები დაინიშნა - ერთადერთი ის არის, რომ არაშესაფერისი დღეა შერჩეული“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა. „აქციებზე მაინცდამაინც არ გვისაუბრია. ძალიან კარგია, რომ ეს აქციები დაინიშნა და ეს მსოფლიო მასშტაბით კეთდება. ერთადერთი ის არის, რომ დღე არის არაშესაფერისად შერჩეული, რადგან ორშაბათია და თან სამუშაო საათებია. ადამიანები, როგორც წესი, ამ დროს მუშაობენ. არ ვიცი, როგორ გამოვა“, - აღნიშნა ალასანიამ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაანონსდა.