ძებნის რეზულტატი:
ბჟანიასთან შეხვედრის დროს ლუკაშენკომ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ სიტუაციას შეუფერებელი უწოდა
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ის თვალს ადევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას. ლუკაშენკომ აღიშნა, რომ სააკაშვილი ოდესღაც პრეზიდენტი იყო და რაც ახლა ხდება, უბრალოდ შეუფერებელია. ინფორმაციას ამის შესახებ Belta ავრცელებს. „რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, ისეთ დონემდე დაშვება, როგორც ეს ვითარდება, უბრალოდ არასაკადრისია. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია შეფასება, არ ჩავრთულვართ ამ თუ სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ამასთან, ლუკაშენკო სვამს შეკითხვას, „რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე“. „ერთი აზრი არ მშორდება: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე. ნუთუ არ შეიძლებ,ა ადამიანებს შორის, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა არსებობდეს? იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს დაგვიგეგმავს თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში პირველი ვიზიტით ჩავიდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ANSA იტყობინება. ის ბუჩასა და ირპინს ეწვევა და დღის მეორე ნახევარში მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მელონი ხაზს გაუსვამს, რომ იტალიის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი დარჩება. მელონიმ თანამდებობა 2022 წლის ოქტომბერში დაიკავა. მისი მთავრობა უკრაინას ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს. ქვეყნის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა უკრაინის დახმარების მეექვსე პაკეტი. ორშაბათს, 20 თებერვალს, მელონი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას შეხვდა.
ენტონი ბლინკენი: ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სტრატეგიული მარცხია. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ეს განცხადება ორშაბათს უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს მოჰყვა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა, როგორც "ძლიერი მოკავშირის" "სიმბოლური" ვიზიტი. „ერთი წლის შემდეგ ცხადია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი ყოველმხრივ სტრატეგიული მარცხი იყო. ეს არის უკრაინელი ხალხის გამბედაობის გამო. მაგრამ ეს ასევე არის მოკავშირეებისა და პარტნიორების სიძლიერისა და ერთიანობის გამო მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბლინკენმა. ბლინკენმა შეაქო საბერძნეთის "ძლიერი" და "გამოკვეთილი" მხარდაჭერა უკრაინისა და NATO-სადმი და ხაზი გაუსვა საბერძნეთის ძალისხმევას "ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებისკენ" და ალექსანდრიის პორტის გავლით გადაზიდვების ხელშეწყობისკენ.
რუსეთი და ბელორუსი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
ბელორუსულ-რუსული სწავლება Union Shield 2023 რუსეთში 22-დან 26 სექტემბრამდე გაიმართება, განაცხადა საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ვალერი რევენკომ. რევენკომ განაცხადა, რომ ბელორუსისა და რუსეთის ურთიერთქმედება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ყოველთვის ნაყოფიერად ვითარდებოდა. „ამ დროისთვის სამხედრო ალიანსი შეუცვლელი პირობაა ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დონეზე წელსაც გაგრძელდება. დაგეგმილია 150-ზე მეტი სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიება“, - განაცხადა რევენკომ.
ცაგერში მეწყერში მოყოლილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ცაგერში მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს მეწყერში მოყოლილი კაცი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშო 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა. სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში. პუტინის თქმით, ვიდრე დისკუსიას დაუბრუნდებიან, უნდა ესმოდეთ, რა მიზანი აქვთ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს. „იძულებული ვარ, დღეს განვაცხადო, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას სტრატეგიული შეტევითი იარაღის ხელშეკრულებაში. ვიმეორებ: შეთანხმებიდან არ გადის, აჩერებს მონაწილეობას, მაგრამ ვიდრე დისკუსიას დავუბრუნდებით, ჩვენ თვითონ უნდა გვესმოდეს, რა მიზანი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, და როგორ გავითვალისწინებთ მათ სტრატეგიულ არსენალს, ანუ დარტყმის მთლიან პოტენციალს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვა 57%-ით გაიზარდა - მინისტრი
2023 წლის იანვარში აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 843 000 ტონა შეადგინა, რაც 57%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - წერს ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში გადაზიდული საქონლის მოცულობა 306 000 ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე: „რკინიგზით 535 000 ტონა საქონელი, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტით 308 000 ტონაა გადაზიდული“.
2024 წელს ბულგარეთი შეძლებს მისთვის საჭირო გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან - ენტონი ბლინკენი
საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) საშუალებით, მომავალ წელს, ეს უკანასკნელი შეძლებს გაზის თითქმის 100 პროცენტის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ის საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება. „მაგალითად, ბულგარეთი რუსეთზე იყო დამოკიდებული, ახლად აშენებული საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორი, ეს გაზსადენი ბულგარეთს საშუალებას აძლევს, ჩაანაცვლოს ეს წყარო. მომავალ წელს ბულგარეთი თავისი შიდა საჭიროებისთვის გაზის თითქმის 100 პროცენტს შემოიტანს აზერბაიჯანიდან და შეერთებული შტატებიდან ამ ინტერკონექტორის შედეგად“, - განაცხადა ბლინკენმა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) ოფიციალურად 2022 წლის ივლისში გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა.
ვახტანგ გომელაური: 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით
საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება, - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. მინისტრის თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები. „2022 წელს, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის, ევროპოლისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, პარტნიორ სახელმწიფოებთან ხორციელდებოდა ეფექტიანი ურთიერთობა, რაც წელსაც გრძელდება. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს მიერ დაკავებულია 307 ძებნილი პირი, მათ შორის 37 პირი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველოს პოლიციის მიერ ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 56 ავტომობილი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პოლიციის ატაშეების უშუალო ჩართულობით, 8 ერთობლივი საპოლიციო მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რა დროსაც დააკავეს 45 პირი, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტები. საქართველოს პოლიციის ატაშეები წარგზავნილნი არიან 16 სახელმწიფოში, საიდანაც ჯამში მათ მიერ იფარება 24 სახელმწიფო. მიმდინარეობს საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველო წარგზავნის 2 პოლიციის ატაშეს ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური: 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რომლის დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა
გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 230 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 949 ნომრის ამომცნობი და 4 281 ზოგადი ხედვის კამერა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. „2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სულ დამონტაჟებულია 6 230 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 949 ნომრის ამომცნობი და 4 281 ზოგადი ხედვის კამერა. საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე სულ ამოქმედებულია სიჩქარის კონტროლის 377 სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1 493 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი. კომპლექსური აქტივობების შედეგად, აღსანიშნავია ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენცია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, კომპლექსური აქტივობების შედეგად, აღსანიშნავია ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენცია. 2022 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, რა დროსაც დაფიქსირდა სხეულის დაზიანება, 394 ფაქტით შემცირდა. მსივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება.„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არაერთი გატარებული რეფორმის მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევები კვლავ გამოწვევად რჩება. 2022 წელს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით, თქვენი გვერდში დგომითა და თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომელთა მიხედვითაც გამკაცრდა სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები, ამასთანავე, განისაზღვრა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ასევე, სავალდებულო გახდა მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური: მინდა, შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას - NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წლის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით.„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოს მხრიდან პასუხისმგებელი ერთ-ერთი ძირითადი უწყება, წარმატებით ახორციელებს საზღვაო უსაფრთხოების პროექტს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. ევროინტეგრაციის პროცესში უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა უწყებამ, არაერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე, ევროპულ სააგენტოებთან -Frontex-თან, Europol-თან და თავშესაფრის საკითხებზე ევროკავშირის სააგენტოსთან, რაც დადებითად არის შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და მემორანდუმების გაფორმების მიზნით, სხვადასხვა ეტაპზეა მოლაპარაკების პროცესი რიგ პარტნიორ სახელმწიფოებთან.
ვახტანგ გომელაური: თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას
„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, 2023 წელს გაგრძელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლებისა და გადაიარაღების პროცესი. „2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით. სრულად განახლდა სამთო-სამაშველო, მყვინთავი მაშველების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების აღჭურვილობა. სამინისტრომ მეხანძრე-მაშველებისთვის შეიძინა სპეციალური ფორმები, ასევე, ცეცხლგამძლე ტანსაცმელი და მათი საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ეტაპზე 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანას შეისყიდის. ვახტანგ გომელაურის თქმით, თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას - ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება. „2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. ასევე, მინდა ვისაუბრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომლის თანახმად, მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე, მათ მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანოპონპროექტი შემაშფოთებელია - ბორელი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს „უცხოურ გავლენის აგენტებზე“ და ინიციატივას შემაშფოთებელი უწოდა. ბორელმა საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია. „სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც. შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის", - წერია ბორელის წერილობით პასუხში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დაარეგისტრირეს. შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ანტიდემოკრატიულია მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.
გერმანია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს ურჩია, მომავალ კვირაში თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. „რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა არ არის რეკომენდებული. ჩვენ ვაფრთხილებთ უკრაინის მოსაზღვრე ადმინისტრაციულ რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, ბრაიანსკი, ვორონეჟი, როსტოვი, კრასნოდარი) მოგზაურობის შესახებ. 2023 წლის 20 თებერვლიდან 26 თებერვლამდე რუსეთის მთავრობა გეგმავს ღონისძიებების სერიას“, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე შეახსენა მათ, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. „ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევას. საელჩო მათ საკონსულო დაცვას ვერ უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6365 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6365 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6365 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8198 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი - ადგილზე, ხოლო მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური. მინისტრის თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები, „სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერები გაიხსენეს
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის იუნკერებმა 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენი განახორციელეს, რომელიც 1921 წელს დაღუპულ იუნკერებს მიუძღვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. იუნკერები 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
„ქართული ოცნება“ „ხალხის ძალის“ ალტერნატიულ კანონპროექტს - „ამერიკულ ანალოგს“ მხარს არ დაუჭერს
ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. „ჩვენ გვექნება კონსულტაციები ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება სწორედ ამის გამო. მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია, რომ სურდათ ამერიკული ვარიანტის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მგონია, რომ მართლაც დააზიანებს ენჯეოსექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. თუ უნდოდათ მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა. მგონია, რომ ცოტა ზედმეტია სიბრაზე, თუ ნებისმიერს, ვინც თქვა, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობა, ემოციებით და თქვეს, მოდი, დავაკოპიროთ, პირდაპირ შემოვიტანოთ ეს რეგულაციები, მე ეს მთლად სწორი არ მგონია. ამიტომ, მე წინასწარვე ვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა ვერ ექნება ამერიკულ კანონპროექტს, რადგან მართლაც, როგორც რუსულ ვარიანტში, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს“, – განაცხადა მდინარაძემ. "ხალხის ძალა" პარლამენტს განსახილველად უცხოური გავლენის თაობაზე უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად ალტერნატიულ კანონპროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დაარეგისტრირეს. ამ პირველ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს
დიმიტრი ხუნდაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგიას“, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გვქონდა თავიდან შეთავაზება, რომ წარგვედგინა პირდაპირ ამერიკული ვარიანტი, მაგრამ მათ მიერ იყო წინადადება, რომ უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა ამერიკული პროექტი წარგვედგინა. ჩვენ მივიღეთ მათი შემოთავაზება და წარვადგინეთ, პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა ამერიკულ ვარიანტს. ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა და დაიწყო აქტიური ისტერია ამის გარშემო, რომ თითქოს რუსული კანონის ანალოგია. ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე გავაცანით სხვაობა, თუ რით განსხვავდება ამერიკული ვარიანტისგან და ავუხსენით საზოგადოებას, რომ რუსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არავითარი აკრძალვის მექანიზმები ქართულ ვარიანტში არ იკითხება, ის შიშები და სპეკულაციები არის უსაფუძვლო. რადგან ასე წარიმართა პროცესი, მივიღეთ გადაწყვეტილება წმინდა ამერიკული ვარიანტი ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ, ანუ არჩევანი გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა და ვფიქრობ, მეტი საშუალება ექნება საზოგადოებას და ოპონენტებს მსჯელობის. ვიტოვებ იმედს, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება" დაიჭერს ამ კანონპროექტს მხარს, მაქვს იმედი, რომ არ დარჩევა სპეკულაციის საფუძველი ოპოზიციას და მხარს დაუჭერენ. ანუ ახლა გვაქვს ორი არჩევანი. კარგია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრუნდებიან პარლამენტში, ანუ ამ ინიციატივამ უკვე ერთი პოზიტივი შემოუტანა, რომ ისინი მიატოვებენ ქუჩას. მინდა ვუსურვო პარლამენტს წარმატებული განხილვა და ამერიკული ვარიანტის მხარდაჭერა," - განაცხადა ხუნდაძემ. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დაარეგისტრირეს. ამ პირველ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს