ძებნის რეზულტატი:
არის პრობლემები, რომლებიც მასწავლებლებს აწუხებთ, გვინდა მოსმენა - ამილახვარი
ხვალ მასწავლებლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილება, რომელიც მათ აწუხებთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „მოგვმართეს უკვე, პირადად მეც მომმართეს, შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა მათთან გასაუბრება, მათი მოსმენა, როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მოვიწვიე მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია და შევქმენით სამუშაო ჯგუფი ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც სწორედ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე იმუშავებს, რომელიც დღეს აწუხებს და ადარდებს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ხვალინდელი შეხვედრის. ეს შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებშიც იქნება, გახდება უფრო ინტენსიური, რომ მოვიცვათ, რაც შეიძლება ფართო მასები მასწავლებლების“, – განაცხადა ამილახვარმა.
უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. მისივე შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში და კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. 20 იანვარს, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-თან აღნიშნა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენსნ ანუ ზრდამ 24.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ. აშშ დოლარს – 21.0 პროცენტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარმარტში, 1 860.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 673.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 666.9 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 376.0 მლნ. აშშ დოლარით.
იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს 216.9 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 180.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 176.9 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 568.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 490.0 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 261.8 მლნ. აშშ დოლარით.
NATO-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ჩავიდა, იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. სტოლტენბერგს კიევში შსს-ს თანამშრომლები შეხვდნენ. სავარაუდოდ, ის დღეს რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. სტოლტენბერგი ვიზიტი დაანონსებული არ იყო.
საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს
საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია. „აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემენ
დანია და ნიდერლანდები ერთობლივად შეიძენენ Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს უკრაინას 2024 წლის დასაწყისისთვის გადასცემენ, იტყობინება დანიის სამაუწყებლო კორპორაცია 20 აპრილს. დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა დანიის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 80 ტანკი გადაეცემა. პულსენის თქმით, ეს დაპირება დანიას აქცევს „ერთ-ერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინას ყველაზე მეტი ტანკი გადასცა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად ცნო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დასაშვებად ცნო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 20 აპრილს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს საქმე ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პუნქტში ნახსენები არიან არჩილ ტატუნაშვილი, დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია. სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. საქართველო რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პიროვნების პატივისცემის უფლება, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა. სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას, ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს. სარჩელში საქართველო სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევები განიხილოს არამხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციები, არამედ, როგორც კონვენციის ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები, რაზეც სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეებზე არსებობს ინდივიდუალური სარჩელებიც, რაც სტასბურგმა აქამდე მიიღო, ამიტომ სახელმწიფოთაშორის საქმეში მხოლოდ განიხილავს ბრალდებებს ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესახებ, ხოლო სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ამის სავარაუდო ილუსტრაციას. „საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილს - ქართველ მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც გაიტაცეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის მცდელობისას, უკანონოდ ჩამოართვეს თავისუფლება, აწამეს და მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება; რომ რუსეთმა არ ჩაატარა კონვენციის შესაბამისი გამოძიება მისი უკანონო დაკავებისა და მკვლელობის გამო, და დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას უკანონო დაკავებისა და მკვლელობის შესახებ, ორი ეთნიკური ქართველის, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ სხვა ვითარებაში დააკავა და მოკლა“, - წერია ევროპული სასამართლოს პრესრელიზში. ევროპული სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, „2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მან სამხედრო ბაზები და რუსი ჯარისკაცები ორივე რეგიონში განათავსა“. „საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა „ბორდერიზაციის“ პროცესს საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვრებს საოკუპაციო ხაზად მოიხსენიებს. ამის საპირისპიროდ, რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვრებს საერთაშორისო საზღვრად განიხილავს იმ მოტივით, რომ რუსეთმა ორი სეპარატისტული ერთეული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“, - წერს ევროპული სასამართლო პრესრელიზში. შეგახსენებთ, რუსეთი ევროსაბჭოდან გასული წლის მარტში გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. ამის მიუხედავად, ევროპის საბჭო მიუთითებს, რომ რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. 16 სექტემბერს რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. „სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია საქმის განხილვაზე, რადგან ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენდნენ კონვენციის სავარაუდო დარღვევას, ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია ევროპული კონვენციის მოქმედებას შეაჩერებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები განეხილა არამხოლოდ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციად, არამედ კონვენციის ცალკეულ დარღვევად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საქმეები ასევე იყო სამი ინდივიდუალური საჩივრის საგანი. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოთაშორის საქმეში მხოლოდ განიხილავდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს და განიხილავდა სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ასეთი პრაქტიკის სავარაუდო ილუსტრაციებს. უფრო მეტიც, სასამართლო დათანხმდა, რომ არცერთი მოვლენა, რომელიც მოხდა 2009 წლამდე – ანუ „ბორდერიზაციის“ პროცესამდე – არ უნდა იყოს გათვალისწინებული. რუსეთის მთავრობის პრეტენზიის საპასუხოდ, რომ განცხადება შეტანილი იყო ზოგადი საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად და არა კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე ეხებოდა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს ჰქონდათ პოლიტიკური ასპექტები, სასამართლოს არ შეეძლო, უარი ეთქვა საქმის განხილვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის უარყოფის საფუძველი და არ დააკმაყოფილა რუსეთის პრეტენზია“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ 20 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზს, რომელიც გამოტანილ გადაწყვეტილებას ეძღვნება.
როდის დასრულდება წერეთლის გამზირისა და „დიდუბის ხიდის" რეაბილიტაცია ცნობილია
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და 2024 წლის იანვარში დასრულდება. წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე, საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა „დღეს დავიწყეთ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლას. რეაბილიტაციის ფარგლებში ფაქტობრივად მთლიანი გამზირი განახლდება. როგორც აღვნიშნე, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება, საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება, ასევე გარე განათების ბოძების მონტაჟი მოხდება. ასევე გამწვანებული თარგები და მიწისქვეშა ურნები მოეწყობა. ამ პროექტთან ერთად, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სამუშაოების ვადებს, ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში, მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის ბიუჯეტი 28 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო ხიდის ნაწილში ეს არის 4 200 000 ლარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში წარმოებდეს და ასეც გვაქვს დაგეგმილი, რადგან სამუშაოები იმ ვადებში დასრულდეს, რაც მოსახლეობისთვის გვაქვს ნათქვამი. ამიტომ, იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.
საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შემდეგ, რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაური გადადგა
რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაური, ადმირალი სერგეი ავაკიანცი გადადგა. მანამდე ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაზე მოულოდნელად შემოწმდა. ვიცე-პრემიერ იური ტრუტნევის განცხადებით, სამხედრო ლიდერი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. ადმირალი უმეთაურებს შტაბს, რომელიც სამხედრო-სპორტული მომზადების და პატრიოტული აღზრდის ცენტრებს გაუწევს კურირებას. ასეთი ცენტრები 12 რეგიონში, მათ შორის მოსკოვის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში შეიქმნება. რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტი მზადყოფნაში 14 აპრილს მოიყვანა, რასაც კრემლში რუტინული უწოდეს. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, შემოწმების ფარგლებში სამხედრო მანევრები 25 ათასი სამხედროს მონაწილეობით. გეგმის თანახმად, უნდა მოეგერიებინათ სახალინსა და კურილის კუნძულებზე გადასმული დესანტი. „ინსპექტირების მთავარი მიზანია შეიარაღებული ძალების უნარის გაზრდა ოკეანისა და ზღვის მიმართულებიდან სავარაუდო მტრის აგრესიის მოსაგერიებლად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუნ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით კი, რუსეთის საზღვაო ძალები წვრთნების დროს მზადყოფნაში იქნებოდნენ და განლაგდებოდნენ საწვრთნელ ადგილებში, სადაც საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებდნენ.
ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა - შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა. "რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 34 %-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 10.5 %-ით აღემატება", - განაცხადა შამუგიამ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი ზამთრის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, სტრატეგიულ თავდაცვაზე გადადის
რუსეთის არმიის ელიტარული ნაწილები განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, მტერი არ მიმართავს იგივე ძალისხმევას, რასაც 2022 წლის თებერვალში. „რუსებს არ აქვთ განზრახვა გაიმეორონ ის მცდელობები, რაც ჩვენ ვნახეთ გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტერი უკვე დამარცხდა ან უკრაინას საფრთხეს არ უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მათი ტექნიკის უმეტესობა მოძველებულია, მათ მაინც აქვთ საკმარისი აღჭურვილობა“, - განაცხადა ანდრი იუსოვმა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დაკავება რჩება რუსი სამხედროების „მანიაკალურ მიზნად“. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ემზადება თავისი მიწების ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. იუსოვის თქმით, ზამთრის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსული ძალები გადადიან საერთო სტრატეგიულ თავდაცვით პოზიციაზე. უკრაინული მედიის თანახმად: რუსეთის გეგმა, „სამ დღეში აეღო კიევი“, მარცხით დასრულდა, როდესაც უკრაინულმა ძალებმა წარმატებით განდევნეს რუსული ძალები 2022 წლის აპრილის დასაწყისში. უკრაინის სამხედროებმა განაგრძეს წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ქალაქი ხერსონი მოგვიანებით გაათავისუფლეს 2022 წლის ნოემბერში რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ. უკრაინის გენერალური შტაბის 20 აპრილის განახლების თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსმა სამხედროებმა 184,420 ჯარისკაცი დაკარგეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
2022 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინო - შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონ ლიტრამდე, 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. „2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა. შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. 2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული. პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა“, - აღნიშნა შამუგიამ.
IMAGINE DRAGONS 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს
Black Sea Arena-მ აგვისტოში რამდენიმე კონცერტი დააანონსა. შემსრულებლებს შორის - Imagine Dragons-ი და The Killers-ი არიან. Imagine Dragons კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო The Killers-ს Black Sea Arena-ზე ვიხილავთ. კონცერტების განრიგი ასე გამოიყურება: Nile Rodgers & Shick — 5 აგვისტო;FKJ — 6 აგვისტო;Damian Lazarus — 10 აგვისტო;The Killers — 15 აგვისტო;All Day I Dream — 18 აგვისტო;Imagine Dragons — 31 აგვისტო.
ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა, მკვლელობის სავარუდო მოტივად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში, თანასოფლელმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა, რის გამოც მძიმედ დაჭრილი პირი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები უცნობია.
შვეიცარიამ „ვაგნერს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიური მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა
შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიური მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. ამავდროულად, RIA FAN - რომლის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, "პრო-სამთავრობო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" ასევე დასანქცირდა. ევროკავშირმა „ვაგნერსა“ და რუსულ პროპაგანდისტულ FAN-ს სანქციები 13 აპრილს დაუწესა.
ბავშვების 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება - "საქსტატის" კვლევა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. „სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე არ დადის, ხოლო 6% - ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება. 2021-2022 სასწავლო წელს, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას ესწრებოდა, ხოლო ბავშვების 2%-ამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი. კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, აღნიშნული სერვისით ისარგებლოს. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი ფინანსების ნაკლებობაა, რომელიც შემთხვევების 87%-შია აღნიშნული. საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29%) შემდეგ სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები მოდის. მშობლების უმრავლესობა სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით კმაყოფილია. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასკოლო პერიოდში კვებაც, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) სკოლაში საკვებს ყოველდღიურად იღებს, ხოლო 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება. საკვების მიღების ბარიერები მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის უფრო მეტადაა გავრცელებული (45%) ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%) სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერი სკოლის სიახლოვეს საკვები ობიექტის არარსებობაა (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაშია დასახელებული, რომლებიც სასკოლო საათებში საერთოდ არ იკვებებიან. ასევე, ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო. „ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ბავშვების 5% ფიზიკურ დასჯას დაექვემდებარა, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, ბავშვების ერთ%-ზე ნაკლებს შეეხო”,- აღნიშნულია კვლევაში.
დენის შმიგალი: თითქმის 60 ქვეყანა უკვე შეთანხმდა, უკრაინას დასახლებების აღდგენაში დაეხმაროს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 20 აპრილს განაცხადა, რომ „თითქმის 60“ ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინას ქალაქების, დაბების და სოფლების აღდგენაში. მისივე ინფორმაცით, 300-ზე მეტმა დასახლებამ რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას 1500-მდე ინდივიდუალურ სხვადასხვა მხარესთან უკვე მოაწერა ხელი. „ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის; ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში“, - განაცხადა შმიგალმა. კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
იენს სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია
„ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ ვარ მარტივი გზავნილით: NATO უკრაინის გვერდით დგას“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. „დღეს დილით ბუჩას ვესტუმრე და იქ ნანახმა ღრმად შემაძრწუნა. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. პასუხისმგებელებმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდექით 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. ჩვენ დღეს თქვენს გვერდით ვდგავართ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თქვენს გმირულ ბრძოლაში და თქვენი ქვეყნის დასაცავად. და ჩვენ გვერდით ვიქნებით ხვალ, როდესაც თქვენ აღადგენთ თქვენს ქვეყანას და ვიმუშავებთ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლისთვის. წლების განმავლობაში მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს. გასული თებერვლიდან მოკავშირეებმა 150 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაიღეს, მათ შორის 65 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება. ამან თქვენს ჯარებს საშუალება მისცა, რუსეთი კიევიდან, ხერსონიდან და ხარკოვიდან უკუეგდო. მოკავშირეები ახლა უფრო მეტ თვითმფრინავებს, ტანკებს და ჯავშანტექნიკას აწვდიან კიევს. NATO-ს უკრაინის ფონდი კი სასწრაფო დახმარებას უზრუნველყოფს, მათ შორის სამედიცინო მომარაგებას, მობილური სატელიტური სისტემების ჩათვლით. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ნიმუში, რომელიც უნდა შეწყდეს. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობაზე. მე მტკიცედ მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი, მძლავრი მექანიზმები უკრაინის უსაფრთხოებისთვის. უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია და დროთა განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში. დღეს მე და პრეზიდენტმა განვიხილეთ მხარდაჭერის მრავალწლიანი ინიციატივა. ეს დაგეხმარებათ საბჭოთა პერიოდის ტექნიკიდან და დოქტრინებიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსთან სრული თავსებადობა. ეს არის უკრაინისადმი NATO-ს გრძელვადიანი ერთგულების დასტური. NATO დგას თქვენთან ერთად დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება. ასე რომ, პრეზიდენტო ზელენსკი, კიდევ ერთხელ გმადლობთ მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველი, რომ მოგესალმოთNATO-ს სამიტზე ვილნიუსში, ივლისში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.