ძებნის რეზულტატი:
საუბარი იმაზე, რომ საფრთხის შემცველ ნაგებობებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, უსაფუძვლოა - ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საუბარი იმაზე, რომ საფრთხის შემცველ ნაგებობებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ეფექტიან და კანონთან შესაბამის განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია. მოცემულ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდებათ. მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი ექსპერტული დასკვნების მიღების პირველი ეტაპი. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დასკვნის მისაღებად უკვე გაგზავნილია 209 ნაგებობის მონაცემები. გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟზე მიიღება დასკვნის მიხედვით. ამჟამად ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზეა 17 შენობა. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო. განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც. კონკრეტულ შენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით, მათ შორის ტენდერის, პირდაპირი შესყიდვის და სხვა გზით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Covid 19-ის ახალ შტამს თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს. ამასთან, ივანე ჩხაიძე დასძენს, რომ მონაცემების თანახმად, Covid 19-ის ახალი შტამით მიმდინარე ვირუსული დაავადება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. “კორონავირუსის ახალი ვარიანტი XBB.1.16 პირველად ინდოეთში მარტის დასაწყისში გამოჩნდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება გამოიწვია. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, რამდენიმე შტატში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ახალ ვარიანტს მეორე სახელიც აქვს Arcturus-ი, რაც ვარსკვლავის სახელია. ამ ვარიანტს “ომიკრონის” წინა ვარიანტთან შედარებით გააჩნია ერთი დამატებითი მუტაცია, რაც მის უფრო იოლ გავრცელებას განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს ვარიანტი შეყვანილი ჰყავს იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია - “კორონავირუსის ვარიანტები მონიტორინგის ქვეშ”. ის სხვა 6 ვარიანტთან ერთად ჯანმოს აქტიური მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. Arcturus-ი “ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც “კორონავირუსი” სხვა მუტაციებს არ ახასიათებდათ, ეს არის კონიუნქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია. ჯერ არ გვაქვს მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ Arcturus-ი დაავადების მწვავე მიმდინარეობას იწვევს. დაკვირვების თანახმად, “ომიკრონის” მსგავსი უნდა იყოს. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბოლო 1 წელში გაკეთებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი და მეოთხე დოზა, ე.წ. მეორე ბუსტერი მათ გარკვეული დაცვა გააჩნიათ ამ ვაქცინის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა არ არის ხანგრძლივი დაცვის მქონე.ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა, ალბათ, საქართველოშიც გამოჩნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია მოგვაწვდის ინფორმაციას. შესაძლოა, Arcturus-ი უფრო სწრაფად გადამდები იყოს, მაგრამ, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდოეთთან ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა არ გვაქვს, თუმცა, საქართველოში ინდოეთის ძალიან ბევრი მოქალაქე სტუდენტი სწავლობს და შესაძლებელია, რომ ეს ვარიანტიც გამოჩნდეს საქართველოში. აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე დაფიქსირდა ამ ვარიანტით განპირობებული შემთხვევების მატება. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აფიქსირებს, რომ შემთხვევების მატება ახალი მუტაციით არის განპირობებული”, - აღნიშნა ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან". შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Challenger 2-ის ტიპის 14 ტანკი გადასცა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Challenger 2-ის ტიპის 14 ტანკი საჩუქრად გადასცა. ტანკების გადაცემის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა გაავრცელა. მისივე თანახმად, უკრაინელი ჯარისკაცები Challenger 2-ის გამოყენების მიზნით უკვე მოამზადეს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინაში Challenger 2 ტიპის 14 ტანკის გადაცემის შესახებ იანვარში გამოაცხადა.
ბრიტანული დაზვერვა განმარტავს, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა უკრაინაში ომის დროს
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთი პროპაგანდას, როგორც მისი სტრატეგიის ძირითად ელემენტს სისტემატურად იყენებს. ამის შესაახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ანგარიშში ამხვილებს ყურადღებას. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების მიზნით, მრავალი არხი და მარიონეტული საშუალება შექმნა. კრემლი ცრუ ან მანიპულაციურ ინფორმაციას განზრახ ქმნის და ავრცელებს. ყოველი ცრუ პროპაგანდისტული გზავნილით კრემლი საკუთარი პირადი ინტერესების შენიღბვას ცდილობს. დაზვერვის თანახმად, ხშირად რუსეთი ცდილობს უკრაინის მთავრობის დაკნინებას და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას. „ცრუ და შეთითხნილი ინფორმაციის გასავრცელებლად რუსეთი ამუშავებს ბევრ არხს და წყაროს. რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტია „ნარატიული გათეთრება“, რომლის დროსაც რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას მარიონეტული პირების ან გადაუმოწმებელი სოციალური მედიის წყაროების მეშვეობით. იქიდან კი უფრო პოპულარულ ან თუნდაც სახელმწიფო მედიაში. ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ კრემლის ამჟამინდელი პრიორიტეტები მოიცავს უკრაინის მთავრობის დისკრედიტაციას და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას.
ბრძოლები მიმდინარეობს აეროპორტისთვის, ჩვენი თვითმფრინავი, მგონი, უნდა გადარჩეს - სუდანში ჩარჩენილი ქართველი პილოტები
ავიაკომპანია "მაი ვეის" პილოტი, B737 ხომალდის მეთაური, მამუკა მარკოზაშვილი აცხადებს, რომ სუდანში ახლა ბრძლები მიდის აეროპორტისთვის, რადგან ქვეყანაში შესვლის და გამოსვლის ერთადერთი სტრატეგიული წერტილი სწორედ აეროპორტია. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „ყველა მხრიდან ბომბავენ, უტევენ. არავითარი მორატორიუმი, დილის 05:30-დან დაიწყეს სროლები. ახლა მიდის ბრძოლა აეროპორტისთვის, ვინ ჩაიგდებს ხელში აეროპორტს. არ არის განვითარებული სახმელეთო გზები, რკინიგზა საერთოდ არა აქვთ. ძირითადი კარიბჭე ამ ქვეყანაში, რომ შემოხვიდე და გახვიდე არის აეროპორტი. ეპიცენტრი ბრძოლის არის ჩემს თვითმფრინავამდე კილომეტრ ნახევარი. თუ შემთხვევითი რაღაც არ მოხდა, მე მგონი უნდა გადარჩეს. პილონები აქვს დამაგრებული და იმით ბომბავენ" - ამბობს მამუკა მარკოზაშვილი. "ჯეო სქაის" პილოტი ამბობს, რომ ხომალდში საწვავი არის და დაახლოებით 3 საათი დასჭირდება ეკიპაჟს, რომ აეროპორტში თვითმფრინავამდე მივიდეს და გამოფრინდეს., მას შემდეგ რაც მხარეები შეთანხმდებიან. „საღამოს კიდევ მოხერხდა მათთვის წყლისა და საკვების მიწოდება, ამ ეტაპზე უკვე მაგ მხრივ, როგორც სასმელი წყალი ასევე საკვების დეფიციტი არ აქვთ შეიძლება ითქვას რომ რამდენიმე დღის სამყოფი აქვთ. რამდენიმე დღეს ვგულისხმობ 3-4 დღეზე მეტს. როგორც კი ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგვიდასტურებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ და გამოცხადებულია ვთქვათ 24 საათი იქნება 12 თუ რა დროც როდესაც შეთანხმდება მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე პრინციპში ჩვენ მზად ვართ უმოკლეს დღეში დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია. 40 წუთში რეისი გვქონდა ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა. აქედან გამომდინარე საჰაერო ხომალდში საწვავი არის საჰაერო ხომალდი ყველანაირად გამართული იყო იმ მომენტისთვის, ალბათ 3 საათი უნდა იყოს საკმარისი იმ მომენტიდან, როდესაც ეკიპაჟი და ხალხი მივა საჰაერო ხომალდთან“ - ამბობს შალვა კიკნაძე "ტვ პირველთან". ცნობისთვის, სუდანში მეხუთე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
USAID ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობას იწყებს
სერვისების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, USAID ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან მუშაობას იწყებს დღეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს სამ მუნიციპალიტეტთან, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას. ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც დღეს ხელი მოეწერა ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან, ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი. USAID-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციი, პროექტის ამოქმედების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო სერვისები და გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები. ურთიერთგაგების მემორანდუმები ასევე წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობა შეეხება თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სისტემებსა და სერვისებს, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ინფორმაციისთვის, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, USAID სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს დაუჭერს მხარს. აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პირველი წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტს შორისა შერჩეული. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, გამოხატეს ინტერესი და მზაობა, იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე. USAID-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტთან, თითოეული მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და პრიორიტეტული საჭიროებების გამოსავლენად. შედეგად, შემუშავდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
თერჯოლაში მკვლელობა მოხდა
თერჯოლაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ევაკუაცია ისტორიაში მეშვიდედ - ისტორიული იუსუფელი, რომელიც წყლით იფარება
ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში შენობები ახლად აშენებული კაშხლის წყლებშია ჩაძირული, ძველი დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია ოლქის ისტორიაში მეშვიდედ მიმდინარეობს. თურქული გამოცემა Hurriyetdailynews-ი წერს, რომ ახლა წყლის დონე კვლავ იმატებს იუსუფელში, თურქეთის უმაღლეს კაშხალში, სადაც წყლის შეკავების პროცესი გასული წლის 22 ნოემბერს დაიწყო. კაშხლის წყალი გარშემორტყმულია მიტოვებული შენობებით, ქუჩებითა და ხიდებით, ხოლო ძველი დასახლება ახლა მთლიანად მოწყვეტილია მიწას. „ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მოგონებები, ყველაფერი რამდენიმე დღეში დაიტბორება", - ეუბნება ადგილობრივი თურქულ გამოცემას. გამოცემისვე ცნობით, ამჟამად დასრულებულია რაიონში მცხოვრები ათასობით ადამიანის ახალ დასახლებებში გადაყვანის პროცესი და ვიდრე რაიონიდან წასულები ახალ დასახლებებთან შეგუებას ცდილობენ, დიდი აურზაურია სხვა უბნებშიც, სადაც წყალმა ადიდება დაიწყო. ძველ მცხოვრებლებს ბრძოლა უწევთ, რომ თავიანთი ცხოველები და სახლებში დარჩენილი ნივთები გადაარჩინონ. დატბორილ რაიონში მეცხოველეობით დაკავებული ალი სუჩუ გამოცემასთან საუბრისას წუხილს გამოთქვამს, შეძლებს თუ არა ცხოვრების გაგრძელებას იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ახლახან დასახლდნენ. „15 პირუტყვი მყავს. მუნიციპალიტეტმა ბეღელის გასაშენებლად ადგილი გამოყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება პრობლემის მუდმივი გადაწყვეტა“, - განაცხადა თურქმა მოქალაქემ. ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ართვინიდან, ამბობს, რომ არამარტო ქალაქი, არამედ მიმდებარე 20 სოფელი აღმოჩნდება წყლის ქვეშ. „მიმდინარეობს დატბორვის პროცესი, ეს თვალხილულიც არის, ერთ დღეს რომ შეხედავ, მეორე დღეს ჩანს, რომ მომატებულია. დაახლოებით, მეტრნახევრით იწევს ყოველდღიურად“, - ამბობს კუდავა „ტვპირველთან“. კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილია. კითხვას თუ რა იტბორება, ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ჰამზეთის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც უკვე წყლის ქვეშ აღმოჩნდა და ის იუსუფელთან ახლოს იყო, გარეუბანში. მეორე - ეს არის ჭალის ეკლესია, კავკასიძეების ციხე და ეკლესია. „დიდ ტაძრებს არ ემუქრება საფრთხე - იშხანი, ოთხთა პარხალი, რომლებიც ამ რაიონში მდებარეობს, საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ნესტი მოიმატებს. ამავე დროს, ახალი იუსუფელი აშენდა, სადაც გადავიდნენ ძველის მცხოვრებლები, მათ შორის ქართველები, ეს არის თანამედროვე პუნქტი, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჯერჯერობით სასტუმრო არ არის, თუმცა ესეც აშენდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა. Hurriyetdailynews-მა 2013 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „იუსუფელი - უნიკალური ადგილი მოსანახულებლად". „თუ გსურთ მოინახულოთ უნიკალური და განსაკუთრებული ადგილი თურქეთში, გირჩევთ წასვლა იუსუფელში შავი ზღვის პროვინცია ართვინში. იუსუფელი, ართვინიდან 55 კილომეტრში, არის ადგილი, სადაც ღირს მინიმუმ ერთი კვირის გატარება, რადგან ბევრი რამ არის სანახავი და გასაკეთებელი. იქ ნამდვილად არ მოგბეზრდებათ“, - წერდა ავტორი. 2018 წლის მაისში, მშენებარე კაშხალი მზად იქნება. როდესაც დასრულდება, იუსუფელის კაშხალი, ეს იქნება თურქეთის და მსოფლიოს მესამე ყველაზე მაღალი კაშხალი. წყალი კი, რომელიც აავსებს იუსუფელის ხეობებს, გაანადგურებს უამრავ ძველ ულამაზეს სოფელს და ისტორიულ ადგილს. სტატიის ავტორი აქვე ცუდ ამბავზე მიუთითებს: ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან როდესაც დასრულდება კაშხლის მშენებლობა, წყალი, გადმომავალი წყალი გაანადგურებს უამრავ ძველ ულამაზეს სოფელს და ისტორიულ ადგილს. სტატიის ავტორი ბოლოს სოლეფ თექალეში ჩადის. „ნახევარი საათის სწრაფი გასეირნების შემდეგ ტაძარს ვხედავ. ეს მონასტერი აშენდა მე-10 საუკუნის დასაწყისში და იყო ამ რეგიონის ოთხი ეკლესიადან ერთ-ერთი. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ერთი დარჩა. ეკლესია და სხვა ნაგებობები აშენდა ბაგრატ მეფის დროს. ის ასახავს რეგიონის ტიპიურ შუა საუკუნეების მონასტრის ნიმუშს. ამიტომ ეს ადგილი გახდა წმინდა ადგილი მრავალი ქართველისთვის, რომლებიც დღემდე სტუმრობენ ამ და რეგიონის სხვა ეკლესიებს“, - წერია სტატიაში. მაშინ შიშობდნენ, რომ წყლის ქვეშ სავარაუდოდ, ქართული ტაძრებიც მოექცეოდა, მათ შორის ახალთას ტაძარი. ასევე წყლით იფარებოდა სოფელ კოწახურის ჭალის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ტაძარს დღემდე ფრესკები აქვს შემორჩენილი. „ჭალაში ჩვენ ვიყავით ბოლო სტუმრები, მიუახლოვდა უკვე წყალი - ნიადაგის დონემდე წყალს 8 მეტრი აშორებს. სავარაუდოდ, ორ კვირაში წყლის ქვეშ აღმოჩნდება. ეს არის მცირე ზომის ეკლესია, კარგად შემორჩენილი, სადაც რესკონსტრუქცია მთლიანობაში იკითხება“, - აღნიშნავს უკვე დღეს ბუბა კუდავა. მისივე თქმი, ასეთია 20-30 ძეგლი. ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის უდიდესი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური ოფიციალურად 2022 წლის ნოემბერში გახსნა. თურქული მხარის მიერ გავრცელებული ოფოციალური ცნობების თანახმად: წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს; ახალი ჰესი 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს. იუსუფელის კაშხლის ექსპლუატაცია ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურათლის ხელოვნური რეზერვუარებით დარეგულირდება, რაც ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა კაშხლის მშენებლობის ზონიდან 5 844 ხე გადარგეს.
ბადრი ესებუა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი თქმით, გამოკვლევის ჩატარებას 10-15 დღე დასჭირდება. ადვოკატის ინფორმაციით, ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო სხდომები ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაგრძელდება. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
რუსეთის სამ ქალაქში, ომის საწინააღმდეგო განცხადებების შემცველი ბილბორდები გამოჩნდა
რუსეთში, ეკატერინბურგში, დონის როსტოვსა და ულიანოვსკში - 18 აპრილს გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული ომის შესახებ, რუსი სამხედროების და მათი ნათესავების ჩივილების გამომხატველი ტექსტებია ასახული. ტექსტებში საუბარია გამოუცდელი ჯარისკაცების ფრონტის ხაზზე გაგზავნასა და „საზარბაზნე ხორცად“ ქცევის შესახებ, ასევე დიდ ადამიანურ დანაკარგებზე. მედიის ცნობით, ეკატერინბურგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტექსტები მას შემდეგ გავრცელდა, რაც უცნობმა პირებმა ჰაკერული გზით შეაღწიეს სარეკლამო სისტემაში. დანარჩენი ორი ქალაქის ხელმძღვანელობა მომხდარს არ გამოხმაურებია.
კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა
კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, დღესაც კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია ქართველი მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად ისევ არ გაიარა. „კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც არ გაივლის საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას", - აღნიშნა კობახიძემ. 18 აპრილს, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არც გუშინ გაიარა.
რას გულისხმობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ახალი წესი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება, რაც ევროკავშირის ახალი მოთხოვნაა. „ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება „ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად. გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში. ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: www.europa.eu/etias. ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე“. რა არის ETIAS? ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან[1] ნებისმიერში, ბულგარეთში, რუმინეთში ან კვიპროსში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე: europa.eu/etias. გეხებათ თუ არა ETIAS? თუ ჩამოხვალთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, ევროპაში გასამგზავრებლად ETIAS ავტორიზაცია უნდა გქონდეთ. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისები არსებობს – დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, ეხება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენს სიტუაციას. 7 რამ, რაც ETIAS-ის შესახებ უნდა იცოდეთ: ETIAS არის ახალი მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებით: თუ ხართ ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნიდან, 2024 წლიდან თქვენ უნდა მიიღოთ ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში შასასვლელად. ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატებაელექტრონული ფოსტის მისამართი ონლაინ ფორმის შევსება გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით ETIAS მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი: ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციით 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეძლებთ დარჩენას ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში. თქვენი ETIAS ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში, ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რაც პირველი მოხდება. შეგიძლიათ იგი მრავალჯერადი შესვლისთვის გამოიყენოთ. ETIAS არ არის ვიზა: ETIAS ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ, არ გჭირდებათ საკონსულოში წასვლა, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება და ეს ბევრად უფრო სწრაფი და იაფი იქნება, ვიდრე შენგენის ვიზის მიღება. ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო: მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე არცერთი განაცხადი არ გროვდება: ETIAS-ის დაწყების ზუსტ ვადებს ევროკომისია მალე გამოაცხადებს. უფრთხილდით თაღლითებს არსებობს მხოლოდ ერთი ოფიციალური ETIAS ვებსაიტი: www.europa.eu/etias. როდესაც სისტემა ამოქმედდება, განაცხადის ფორმა ამ ვებსაიტზე გახდება ხელმისაწვდომი. არსებობს ათობით ვებსაიტი, რომლებიც თავს ETIAS აპლიკაციის ოფიციალურ საიტებად აცხადებენ: ისინი იყენებენ ევროკავშირის ოფიციალურ ლოგოს, ზოგი კი მოგზაურთა პირად მონაცემებს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ კომერციული შუამავლებისთვის თქვენი სახელით განახცადის შევსება კანონიერი იქნება, დარწმუნდით, რომ სანდოს მიმართეთ: ზოგიერთმა თქვენი პერსონალური მონაცემები, პასპორტის ნომერი და საკრედიტო ბარათი შეიძლება მოიპაროს. მათ ასევე შეუძლიათ მომსახურებისთვის დამატებითი საფასური გადაგახდევინონ. გახსოვდეთ: თუ თქვენ განაცხადისთვის ETIAS ოფიციალურ ვებსაიტს იყენებთ, ETIAS ავტორიზაცია მხოლოდ 7 ევრო ეღირება.
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული, პირველი ანგარიში გადასცა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. "ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს. ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. ანგარიშთან ერთად, ევროკავშირის ელჩს გადაეცა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას, მათ შორის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამერიკის საელჩო: ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი დიდი ინვესტიციაა საქართველოში
ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობაზე საუბრობს ამერიკის საელჩო და აჭარაში ელჩ დეგნანის ვიზიტზე ავრცელებს ინფორმაციას. „ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი დიდი და საამაყო ინვესტიციაა საქართველოში. ათწლეულებია ჩვენი გაცვლითი პროგრამები ქმნის სამუდამო კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის და ხელს უწყობს ახალგაზრდებს მიღებული ცოდნა ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად გამოიყენონ. ამ ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია თქვენი, ახალგაზრდების მოსმენა და გამოცდილების გაზიარება. აჭარაში ვიზიტისას ელჩი დეგნანი ათობით სტუდენტსა და მოსწავლეს შეხვდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხულოს ამერიკულ თაროსა და საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. დიდი მადლობა მასპინძლობისა და დასამახსოვრებელი საუბრებისთვის“, - წერია საელჩოს Facebook-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა - აზარაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, სამინისტრო იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად აკონტროლებს და შეზღუდვები არ ყოფილა. „ვერც თურქეთში, ვერც სხვა კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. არა მხოლოდ თურქეთიდან, შეიძლება იმავე საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც – საიდანაც შემოდის მედიკამენტები. ჩვენ იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთიდან ყველაზე მაღალი იმპორტი არის მარტში. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი გასული წლის განმავლობაში აქტიურად შემოდიოდა. მარტში უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა, აპრილშიც წარმატებით გრძელდება. საელჩოს მეშვეობით მომწოდებლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენს კოლეგებთან და [დეფიციტის] არანაირი საფუძველი არ არსებობს. სადმე რამე თუ შეიზღუდა, იქნებოდა თანდართული ბრძანება. არ გაგიკვირდათ? რატომ არ კითხულობთ, რა არის შეზღუდული? ასე ხომ არ არის, ვიღაცამ თქვა და შეიზღუდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ გარკვეულ მედიკამენტზე თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
ფინეთმა რუსული აქტივები გაყინა, მათ შორის მიწის ნაკვეთი, სადაც რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრია განთავსებული
ფინეთის აღმასრულებელმა უწყებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნითა და ევროკავშირის სანქციების საფუძველზე გაყინა მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი, ასევე, უძრავი ქონების ობიექტები, რომლებიც მასვე ეკუთვნის. 11 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 3326 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და 3926 კვადრატული მეტრი ფართობი ცენტრის საოფისე შენობა, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით, რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, გაყინულია. გაზეთ Helsingin Sanomat-ის ცნობით, ხსენებული მიწის ნაკვეთი რუსეთის მთავრობის საკუთრებაა. გაყინული აქტივების ღირებულება უცნობია.
ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი დროებით აკრძალა
ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის 20 სხვა საკვები პროდუქტის იმპორტი დროებით აკრძალა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გილიბ დონევმა გააკეთა. იმპორტის აკრძალვა 24 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აკრძალვა არ შეეხება ტრანზიტულ პროდუქციას. „ჩვენ იძულებულები ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომა, რადგან ევროპული უწყებები ჯერ ისევ განიხილავენ ადეკვატურ ზომებს. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პოზიციას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაბანკროტება, მას ვერაფრით დაეხმარება“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა. პოლონეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა Reuters-ის ცნობით. პოლონეთის განვითარების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ განმარტა, რომ უკრაინული საკვები პროდუქტების პოლონეთში იმპორტის აკრძალვა ძალაში რჩება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.
რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოს გამო, 20 აპრილის 03:00-დან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით.
რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა
რუსეთის ჯანდაცვის განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ქვევარიანტი Arcturus-ი დაფიქსირდა. Arcturus-ი ომიკრონის ქვევარიანტია და WHO-ს თანახმად ხელს უწყობს შემთხვევების ბოლოდროინდელ ზრდას ინდოეთში. მას შემდეგ ის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა და 22 მარტს მონიტორინგის ქვეშ მყოფ ახალ ვარიანტად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შტამი 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.