ძებნის რეზულტატი:

კიმ ჩენ ინმა ქვეყნის პირველი ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაშვების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის პირველი ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაშვების ბრძანება გასცა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ამ მიზნით ფხენიანმა მუშაობა დაასრულა. კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ თანამგზავრს აპრილის ბოლოს გაუშვებს. მისივე განცხადებით, „დაზვერვის შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის საფრთხეების დასაძლევად“. ჩრდილოეთ კორეაში ახლა ამ ამოცანის შესრულების მიზნით, მოსამზადებელი კომიტეტის შექმნას განიხილავენ, რომელიც  მისიის დაგეგმილ დროში განხორციელებას გაუწევს მონიტორინგს.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5170 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5170 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5170 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5197 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7651 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ელჩი დეგნანი: ამ ოთხი ადამიანის დაცვა არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ყველა პარტიას, რომ გამოიყენონ პარლამენტის ინსტიტუტი, რომ ამომრჩევლების საჭიროებებზე იმუშაონ და არ მოვუწოდებდით პარლამენტში მუშაობის ბოიკოტირებისკენ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩავარდნაზე. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს ის ბრალდებები, რომლებიც მოსამართლებთან დაკავშირებით ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - აქ არ არის არანაირი შეცდომა, სრულიად დარწმუნებით ვამბობთ, რომ არსებობს სავიზო სანქციების საფუძვლები გამომდინარე იქედან, რომ ეს 4 ადამიანი ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში. ამ პროცესს წინ უძღოდა ხანგრძლივი შესწავლა, ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის რაც არის საჯაროდ ხელმისაწვდომი - შემდეგ უკვე ინფორმაცია მივიდა სახელმწიფო მდივნამდე და მან დაამტკიცა სავიზო სანქციები. შესაბამისად, ამის საფუძველი სრულიად სწორია. რაც შეეხება გამოძიებას, ეს საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.  ზოგადად, ამ 4 ადამიანის მიმართ სოლიდარობა არ ნიშნავს მოსამართლეების იმ უმრავლესობის მიმართ სოლიდარობას, რომლებიც არიან ძალიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერები. 4 ადამიანის დაცვა, როლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში, არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩი იმედოვნებს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლება ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას სასამართლო სისტემაში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მასალაში გამოყენებულია საელჩოს თარგმანი შეგახსენებთ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, დღესაც კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ქართველი მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაციის გავლაზე უარი განაცხადეს. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს - ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს.  მისივე თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. „გუშინდელი დღიდან, 18 აპრილიდან წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. ხვალ დილიდან დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირია ქალაქისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.    

ელჩი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ

„აშშ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია და გარწმუნებთ, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ 100%-ით ვიზეიმებთ ქართველ ხალხთნ ერთად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს ქართველი მოსამართლეების დასანქცირება უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ევროკავავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ელჩის განმარტებით, სავიზო სანქციები ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად არის მოთხოვნილი. „ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რათა საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ, კორუფციასთან ბრძოლის მიმართ და ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ. ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ამ საკითხის - გასული წლების განმავლოვაში მრავალი რეფორმა გატარდა, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო პერიდში არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რომ სასამართლო სისტემა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ ინსტიტუტად. ამასთან დაკავშირებით, არსებობს უამრავი რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიის 5 ბოლო რეკომენდაცია, რომლებიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, იმუშაობ დამოუკიდებლად. საქართველოს სასამართლო სისტემას ჰყავს ბევრი პროფესიონალი, კეთილსინდისიერი მოსამართლე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ სამუშაო გარემოს და პოლიტიკური ფიგურის თუ ბიზნეს ფიგურის ჩარევის გარეშე მუშაობას. ასე რომ, სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ რეკომენდაცია მოდის როგორც ჩვენგან, ისე ევროკავშირიდან, ვენეციის კომისიისგან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით, მუშაობა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ელჩმა. მასალაში გამოყენებულია საელჩოს თარგმანი  

ელჩი დეგნანი კეზერაშვილზე: აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა ჩატარდეს

დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება , - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ. ელჩის შეფასებით, კეზერაშვილთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია და ბრალდებების მხრივ, მეტი სამუშაოა გასაწევი. „საშუალება არ მქონდა, BBC-ის გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესიდან გვქონდა ინფორმაცია. და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.  

პროკურატურამ ახმეტაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს დააკავეს. ასევე,ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბურიჩი: 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სერიოზული შეშფოთება არსებობს

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, სერიოზული შეშფოთება არსებობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის კონსოლიდირებულ ანგარიშში, რომელიც მინისტრთა კომიტეტს წარედგინა. საუბარია საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს. ანგარიშში (რომელიც მოიცავს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის პერიოდს) საქართველოში კონფლიქტის შესახებ ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის მხრივ კვლავ მცირე პროგრესია. გადაადგილების თავისუფლებისა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის სხვადასხვა შეზღუდვა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებზე მათი გავლენის თვალსაზრისით. იმ პირობებში, როცა რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისა და შერიგების ხელშეწყობის, ჯანდაცვის, განათლების უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ. ანგარიშის მიხედვით, შემდგომ ინიციატივებზე მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით.გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტის თაობაზე, პერიოდული მოხსენებების მინისტრთა კომიტეტისთვის  წარდგენა, პრიორიტეტად დარჩება. ინფორმაციისთვის, მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთო-ევროპული მიდგომების ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში. საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი დგას ევროპის საბჭოს ძირითად ფასეულობათა სადარაჯოზე და ზედამხედველობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას. შეგახსენებთ, 20 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ IV“, რომლის თაობაზე 2018 წლის აგვისტოში შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობამ. ის ეხება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას. გენერალური მდივნის 19 აპრილის ანგარიშში ეს საქმეც არის განხილული. ასევე საუბარია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ეხება 2006-2007 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და მათ გამოძევებას. საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ანგარიშებს 2010 წლიდან აქვეყნებს.

მედია: გერმანიამ უკრაინას კიდევ ერთი IRIS-T ტიპის ანტისარაკეტო სისტემა მიაწოდა

გერმანიამ ოთხი დაპირებული IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან უკრაინას მეორე გადასცა. ამის შესახებ გერმანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. დარჩენილი ორი სისტემა 2024 წლის დასაწყისში უნდა გაიგზავნოს, მაგრამ ისინი ჯერ არ არის გამოშვებული. იმავდროულად, კიევმა გერმანიას მეტი IRIS-T სისტემები სთხოვა. პირველი IRIS-T უკრაინას გასული წლის ოქტომბერში გადაეცა. მან რუსული თავდასხმებისგან კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რეგულარულ დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.   კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, რომელსაც Der Spiegel-ი ციტირებს, IRIS-T სისტემამ „ათასობით სიცოცხლე“ გადაარჩინა დედაქალაქზე რუსეთის დარტყმების დროს.  18 აპრილს გახდა ცნობილი, რომ გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა.  

ბათუმის აეროპორტს ბარგის სწრაფი სკანირების ახალი, ამერიკული წარმოების მოწყობილობა გადაეცა

ბათუმის აეროპორტს დღეს ბარგის სწრაფი სკანირების ახალი, ამერიკული წარმოების მოწყობილობა გადავეცით. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას. მსგავსი მოდელები ბათუმთან ერთად ქუთაისის აეროპორტსა და ლარსის გამშვებ პუნქტსაც გადაეცემა. საელჩოს განმარტებით, ეს დახმარება ნაწილია აშშ-ის მრავალწლიანი და მასშტაბური ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს საქართველოს, საზღვრის დაცვასა და უსაფრთხოებაში. „ეს მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაეხმარება საქართველოს უზრუნველყოს მისი საზღვრების დაცვა საფრთხისა და კონტრაბანდისგან. ეს მოწყობილობა ხელს შეუწყობს, დაიცვას ბარგი, რომელიც შეიძლება, შეიცავდეს იარაღს ან საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს ან უკანონო კონტრაბანდას. ეს ყველაფერი იმ ძალიან მჭიდრო პარტნიორობისა და კოორდინაციის შედეგია, რომელიც შეერთებული შტატების საელჩოს აქვს საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან აქ, საქართველოში. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობთ მსგავს პროგრამებზე, ტრენინგებსა და აღჭურვილობის შემოწირულობებზე. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ შესანიშნავ თანამშრომლობას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა, რომელიც ბათუმში პირადად იმყოფებოდა. რენტგენოსკანერი ქართულ მხარეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში გადაეცა.  

აშშ სანქციებს უწესებს საერთაშორისო ქსელს, რომელიც ირანს დრონების წარმოებაში ეხმარება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა იმ საერთაშორისო ქსელისადმი, რომელიც ირანს დრონების წარმოებაში ეხმარება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. სანქციები დაწესდა ირანული კომპანიის Pardazan System Namad Arman-ის (PASNA) ხელმძღვანელის, ასევე, PASNA მომმარაგებლების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ირანში, მალაიზიაში, ჰონგ კონგსა და ჩინეთში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა PASNA-ს სანქციები 2018 წლის იანვარში, ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის, (Iran Electronics Industries) (IEI) ფინანსური, მატერიალური, ტექნოლოგიური და სხვა სახის მხარდაჭერისთვის დაუწესა.  

გერმანია უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, დამატებით, 112 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია დამატებით, 112 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა იოხენ ფლასბარტმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დახმარება იძულებით გადადგილებულთა საცხოვრებლითა და სხვა სერვისებით უზრუნველყოფას მოხმარდება. ფლასბარტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო მკაფიო სურათი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. ის ირპინს, ბოროდიანკას ესტუმრა და კიევის მერს შეხვდა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იოხენ ფლასბარტი 18 აპრილს ორდღიანი ვიზიტით კიევში ჩავიდა.  

აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 19 აპრილს გამოაცხადა უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულებაც 325 მილიონი დოლარია. პაკეტში შედის მეტი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, ჯავშანტექნიკის სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ცხრა მილიონზე მეტი მცირე იარაღის საბრძოლო მასალა. პენტაგონის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი უკრაინას ასევე მიაწვდის პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობას, ლოგისტიკური დახმარების მანქანებს, ტექნიკურ აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს. შეგახსენებთ, აშშ-ისა და ნიდერლანდების მიერ დაპირებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩავიდა, განაცხადა 19 აპრილს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრ პავლიუკმა. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს განაცხადა, რომ 65 უკრაინელმა ჯარისკაცმა დაასრულა სწავლება ამ სისტემაზე მოსამზადებლად. აშშ-ის უკრაინისთვის 2,6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების წინა პაკეტი 4 აპრილს დამტკიცდა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა 35,4 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით.  

რა გზავნილით ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონი 19 აპრილს საქართველოში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში გაემგზავრა.  მანამდე, ერიკა ოლსონი სომხეთში ვიზიტით ჩავიდა 17-18 აპრილს. შეხვდა სომხეთის ოფიციალურ პირებს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილა სომხურ-ამერიკული ორმხრივი თანამშრომლობა და აშშ-ის დახმარება სომხეთ-აზერბაიჯანის დიპლომატიური მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ეს ინფორმაცია გაავრცელა ერევანში ამერიკის საელჩომ. 19 აპრილს ოლსონი უკვე თბილისში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა გარდა იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს და ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით კი, როგორც საქართველოს მთავრობა იუწყება, ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. დღესვე ამერიკელი ოფიციალური პირი აზერბაიჯანში გაემგზავრა. ბაქოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ოლსონი ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიულ და აყვავებულ მომავალს. მისივე თანახმად, ოლსონი ხვდება მთავარ დაინტერესებულ მხარეებს, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს. სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი თბილისში 2021 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მაშინ Europetime-თან განაცხადა, რომ ახლად დანიშნული მოადგილე გაემგზავრა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, რათა განეხილა რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები.

თეთრ სახლში განმარტეს, რაზე მიუთითებს პუტინის ჩასვლა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

პუტინის დემონსტრაციული ვიზიტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუთითებს იმაზე, რომ მათ იციან, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ჟან-პიერმა. კრემლმა 18 აპრილს განაცხადა, რომ პუტინი ოკუპირებულ ხერსონსა და ლუგანსკის ოლქში იმყოფებოდა. თუმცა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს სჯერა, რომ რელურად ეს პუტინის ორეული იყო. მისი შეფასებით, პუტინი შეშინებული ადამიანია და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მას ასეთი ფორმით შეუძლია სადმე ჩასვლა“. „იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, სულ მცირე 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არაერთი ჰყავს - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. მისი ნათქვამის გასამყარებლად დანილოვმა ისიც გაიხსენა, რომ უცხოელ სტუმრებს პუტინთან, მაგიდასთან დიდ მანძილზე სვამენ, ხოლო მისი ვიზიტები მთელი პროცედურაა, რომლის დროსაც მოსამზადებელი პროცესი 2-3 კვირით ადრე იწყება.

ზელენსკი: უკრაინის ცის დასაცავად უკვე სერიოზული იარაღი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება სახელმწიფო დონეზე, რათა გაიზარდოს რუსული დარტყმებისაგან თავდაცვის უნარი.  „უკრაინის ცის დასაცავად უკვე სერიოზული იარაღი გვაქვს მაგრამ ისინი უნდა იყვნენ - და დარწმუნებული ვარ, იქნებიან - კიდევ უფრო მძლავრი", - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს საღამოს ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 აპრილს გამოცხადდა. კერძოდ, მასში შედიოდა HIMARS-ის რაკეტები და საავიაციო საბრძოლო მასალები.  

წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე, საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი. „ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით. საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის. აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით. გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შტაინმაიერმა ვარშავის გეტოს მემორიალთან სიტყვაში პუტინის მიერ წარმოებული ომი ჰიტლერის ომს შეადარა

გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ვარშავის გეტოს აჯანყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას ისტორიული პარალელი გაავლო და მიუთითა გერმანიაში ნაცისტების მიერ დაწყებულ ომსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მსგავსებაზე. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, ხელყო საზღვრები და მიითვისა ტერიტორიები. ომი უკრაინაში ტანჯვას იწვევს. პოლონეთმა და ისრაელმა ეს გაიარეს - თქვენ იცით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა და მისთვის ბრძოლაა საჭირო. მაგრამ ჩვენ, გერმანელებმაც ვისწავლეთ გაკვეთილი საკუთარი ისტორიიდან. ევროპაში აღარასოდეს აღარ უნდა იყოს დანაშაულებრივი ომი, როგორიცაა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნები მაშინ არიან ძლიერები, როცა ისინი ერთობლივად მოქმედებენ. შტაინმაიერმა პატივი მიაგო ნაცისტების ბოროტმოქმედებების მსხვერპლთ და გერმანიის სახელით პატიება ითხოვა. აჯანყების გმირების მემორიალთან გამართულ საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. შტაინმაიერის სახით გერმანიის სახელმწიფოს მეთაური ვარშავაში პირველად გამოვიდა სიტყვით გეტოს აჯანყების წლისთავზე. 1970 წელს კანცლერ ვილი ბრანდტის დაჩოქების შემდეგ ვარშავის გეტოს გმირებისადმი მიძღვნილი ძეგლი გერმანიისა და პოლონეთის შერიგების სიმბოლოდ იქცა. „გერმანელები გულმოდგინედ გეგმავდნენ და სჩადიოდნენ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე. ებრაელებს ევროპასა და ვარშავაში გერმანელები წარმოუდგენელი სისასტიკითა და არაადამიანურობით სდევნიდნენ და ანადგურებდნენ“, - განაცხადა შტაინმაიერმა. მან ისრაელისა და პოლონეთის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა შერიგებისთვის მზადყოფნისთვის. გერმანელებს კი მოუწოდა, შეინახონ წარსულის ხსოვნა.  

უკრაინა: ოკუპანტების 21 დრონი გავანადგურეთ

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ 26 დრონიდან 21 გაანადგურეს და 5 მიმართულებით 55 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „გასული დღის განმავლობაში, ფრონტის აღნიშნულ სექტორებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 55-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ბახმუტისა და მარინკასთვის უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს”, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

დაბნეულობა კიევის ცაზე ნათების გამომწვევი მიზეზის გარშემო - NASA მონაწილეობას უარყოფს - The Guardian

უკრაინის დედაქალაქის ცაზე ნათებამ გამოიწვია დაბნეულობა და განგაში, რადგან ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გამოწვეული იყო NASA-ს თანამგზავრის ატმოსფეროში შეღწევით, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA კი უარყოფს, რომ კიევის თავზე მისი თანამგზავრი ჩამოვარდა. NASA-ს სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ კიევის თავზე უჩვეულო ნათების დროს თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო. უკრაინის განმარტებით, კიევის თავზე ნათება კოსმოსური თანამგზავრის ჩამოვარდნამ გამოიწვია. კიევის ცაზე უჩვეულო ნათება გასულ ღამით, დაახლოებით 22:00 საათისთვის შენიშნეს. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს(NASA) თანამგზავრი ჩამოვარდა. მისივე თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა არ ჩართულა და ხმელეთზე შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ განგაში გამოცხადდა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კიევზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის საფრთხე არ ყოფილა. უკრაინელი სამხედროების წინასწარი შეფასებით, კიევის თავზე აფეთქება თანამგზავრის/მეტეორიტის ჩამოვარდნასთან იყო დაკავშირებული.