ძებნის რეზულტატი:
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა
ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორს, პოლკოვნიკ მანფრედ კლაფუსსა და ბიუროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანელ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი მიესალმა და ვიზიტისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული თანმიმდევრული, პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებასა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნეს. ვიზიტისა და საუბრის ძირითად თემას საქართველოში NATO-სთან თავსებადი ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს ჩამოყალიბების პროცესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერა წარმოადგენდა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოდიფიკაციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით მამულაიშვილმა და პოლკოვნიკმა მანფრედ კლაფუსმა, რომელიც ამავდროულად NATO-ს კოდიფიკაციის კომიტეტის თავჯდომარეა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. უწყების შეფასებით, თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და მის ლოგისტიკურ სამსახურებს, NATO-ელ პარტნიორებთან უფრო მეტად თავსებადს გახდის.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის - დედაქალაქის მერია.
კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა
კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, გაზრდილია დაკარგულთა რაოდენობაც. მაშველები ამ დრომდე ეძებენ გარდაცვლილთა ცხედრებს. ამასთან, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 8 მაისი ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა.
ევროკავშირი გეგმავს, სანქციები დაუწესოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან - FT
ევროკავშირი ჩინური კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი Financial Times-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. შვიდი ჩინური ბიზნესია ჩამოთვლილი სანქციების ახალ პაკეტში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ კვირაში განიხილავენ. თუ სანქციების მე-11 პაკეტი ჩინურ კომპანიებსაც შეეხება, ეს იქნება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელშიც ჩინური კომპანიებიც შევლენ. FT-ის ცნობით, სანქციების სიაში შედის ორი კონტინენტური ჩინეთის კომპანია, 3HC Semiconductors და King-Pai Technology, ასევე, ხუთი კომპანია ჰონგ კონგიდან, მათ შორის, Sinno Electronics, Sigma Technology, Asia Pacific Links, Tordan Industry და Alpha Trading Investments. ჩამოთვლილთაგან ზოგი ჩინური კომპანია, მაგალითად, King-Pai Technology უკვე სანქცირებულია აშშ-ის მიერ. ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი მოუწოდებს ევროკავშირს, თავი აარიდოს „არასწორ გზას“, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მტკიცე ზომებს მიიღებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა, 121 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.
ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 20-დან 150 ლარამდე იზრდება
კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. პროექტით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.
უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივლისს გაიმართება, განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტის სპიკერმა შერზოდ ასადოვმა. „უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 9 ივლისს არის დაგეგმილი“, - ამბობს სპიკერი. ეს განცხადება მოჰყვა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებმაც საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა. თავის მხრივ, 65 წლის მირზიოევმა, რომელსაც 2 წელზე ნაკლებია, რაც ამჟამინდელი, მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პრეზიდენტის პოსტი უკავია, განაცხადა, რომ რეფორმების გასატარებლად ახალი მანდატი სჭირდება. „დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მკვეთრი და რთული პროცესები მიმდინარეობს, განვითარების სწორი და ეფექტიანი გზის პოვნა და მისი განხორციელება ყველაზე მწვავე და აქტუალური საკითხი ხდება“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გადაიდო. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას მიმალვა არ უცდია. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 პირის - თორნიკე აკოფაშვილის, გიორგი მიქაძისა და ტარიელ დალაქიშვილის წინასასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულნი. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“; 9 მარტს კი, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რა საკითხები განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანჯელო ფარუჯას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ ურთიერთობებში გაჩნდა კავშირების გაღმავების საჭიროება. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში. „მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირებზე, მათ შორის სექტორულ კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე, აგრეთვე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილი ანჯელო ფარუჯას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესზე ესაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს მალტა მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ანჯელო ფარუჯა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ მალტის გამოცდილებაზე ესაუბრა და ამ საკითხზე საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ფაშინიანი 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი, 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს მიიღებს მონაწილეობას. „პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით დღეს, სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 9 მაისს გაიმართება“,- აცხადებს ფაშინიანის ოფისი.
ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა კიევზე უპილოტო თვითმფრინავებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა - კლიჩკო
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსეთმა კიევზე, ომის დაწყების შემდეგ, დრონების გამოყენებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ New Your Times-ი წერს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სკოლა. ყველაზე სერიოზულად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა სვიატოშინსკის რაიონში. „ეს იყო უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე მასიური თავდასხმა დედაქალაქზე, მთელი ომის განმავლობაში,” - განუცხადა კლიჩკომ ჟურნალისტებს. უკრაინაში დღეს განაცხადეს, რომ კიევის ოლქზე ღამით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამასთან. იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის 18 რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს
რუსეთის სულ მცირე 18 რეგიონში ტყის ხანძარია. ტიუმენისა და კურგანის რეგიონებში შვიდი ადამიანი დაიღუპა.14 დაშავდა. ხანძარმა 42 სახლი გაანადგურა. რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ შუმკოვმა მოსახლეობას საფრთხის არსებობის შემთხვევაში ევაკუაციისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქონების სრული დაკარგვის შემთხვევაში დაზარალებულები მიიღებენ 50 ათას რუბლს. კურგანის რეგიონში სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღიძრა. რუსული მედიის ცნობით, 8 მაისის დილისთვის რუსეთში 154 ტყის ხანძარი მძვინვარებდა. რეგიონული ხელისუფლება და ორგანიზაცია „გრინპისი“ სტიქიურ კატასტროფაში ადამიანების დანაშაულს ხედავენ. მათი ვარაუდით, ხანძარი ბალახის დაწვისა და ჩაუმქრალი კოცონების გამო ჩნდება.
გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, იტყობინება კომისიის პრესსამსახური. „ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ევროპის დღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. კომისიას ოფიციალური ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. დღეს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. უკრაინამ ოფიციალურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის ფონზე გააკეთა. 2022 წლის ივნისში მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
კრემლის განცხადებით, პუტინმა ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების დღე 8 სახელმწიფო მეთაურს - აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მეთაურებს მიულოცა. კრემლის თანახმად, პუტინი გამარჯვების დღეს ულოცავს საქართველოსა და მოლდოვის ხალხს. ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები უკრაინა.
5 ივლისის საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ ორ პირს მსჯავრი დაუმძიმა
5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს - გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი მაღრაძესა და გიორგი წარუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ერთი წლითა და 3 თვის ვადით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, რომელიც მათ მოიხადეს. თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი სასჯელს კიდევ ერთი წელი და 9 თვე მოიხდიან. გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავეს, რაც შეეხება გიორგი წარუაშვილს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. ამ გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, პროკურატურა სწორედ აღნიშნული ორი პირის მიმართ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სხვა ეპიზოდზე არიან მსჯავრდებულები, მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. კერძოდ, ზაზა ჭაავასთვის, მურად დევლარიშვილითვის შეფარდებული პატიმრობა ერთი წლის ვადით, ძალაში დარჩა, რომელიც მათ უკვე მოხდილი აქვთ. რაც შეეხებათ გენო გერმანიშვილს, გიორგი ხეჩუაშვილს და თედო ბურდულს, მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, რაც ასევე ძალაში დარჩა, ისინი სასჯელს ამ დრომდე იხდიან. მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, „ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, „ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები.
პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე პროექტი დამტკიცდა
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე. წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“. პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა. წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები. ინფორმაციისთვის, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.
უკრაინის დროშის ჩამოგლეჯის საქმეზე, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო სამართალწარმოება ვაკის პარკში უკრაინის დროში ჩამოგლეჯის საქმეზე. „ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", - აცხადებენ შსს-ში რადიო თავისუფლების ცნობით. ამავე თემაზე: შევატყობინეთ უკრაინის საგარეო უწყებას და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე
23 წლის განმავლობაში პირველად, საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიას ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით, თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტით, გერმანიაში ჩავა. მაკრონის ვიზიტი 2-დან 4 ივლისამდე შედგება. შტაინმაიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი 23 წლის განმავლობაში. „ეს განსაკუთრებული მოვლენა ორი ქვეყნის ათწლეულების მეგობრობის ახალი თავის დასაწყისს ნიშნავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის სამ ქვეყანაში ვიზიტით ჩადის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანაში გაემგზავრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრი დღეს იწყებს ვიზიტს და მისი ტურნე მოიცავს გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდტი, სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, 8-დან 12 მაისამდე ეწვევა გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას“, - განაცხადა სპიკერმა. ცინის ვიზიტი გერმანიაში, გასულ თვეში ბერბოკის პეკინში მოგზაურობის ფონზე დაიგეგმა, რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთი. ბერბოკი ამბობდა, რომ ჩინეთი ახორციელებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მიმართავს რეპრესიულ ქმედებებს ქვეყნის შიგნით.