ძებნის რეზულტატი:
9 მაისს, მოსკოვში, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა - CNN
მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. CNN-ის ცნობით, ასევე წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. მისივე თანახმად, რუსეთის რამდენიმე რეგიონში გაუქმდა გამარჯვების დღის აღნიშვნა, არასაკმარისი სამხედრო იარაღის გამო. „თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, წლევანდელ აღლუმში 10 000-ზე მეტი ადამიანი და 125 ერთეული სხვადასხვა ტიპის იარაღი, აღჭურვილობა მიიღებდა მონაწილეობას. გასულ წელს, სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამხედრო აღლუმში 11000 ადამიანი და 131 ტიპის იყო ჩართული. ამასთან, მოეწყო ავიაშოუ 77 თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩართილობით, მაგრამ მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე, სამშაბათს მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანაა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა“, - წერს CNN. თავის მოკლე მიმართვაში პუტინმა შეაქო რუსული ჯარები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში, რასაც კრემლი უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" და თქვა, რომ ქვეყანა "ამაყობს" ყველა იმით, ვინც ფრონტზე იბრძვის. „შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკები. დღევანდელ აღლუმზე კი, არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა“, - წერს CNN. აღლუმი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა. ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა განაცხადა, რომ მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს, აღლუმში მონაწილეობდა 131 საბრძოლო მანქანა. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. ომამდელ წელთან შედარებით, ტექნიკის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ შემცირდა.
ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „2023 წლის 10-11 მაისს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან (COEST), სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) დირექტორებთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვუჩიჩის შეფასებოთ, საქართველო და აზერბაიჯანი სერბეთის საუკეთესო მეგობრები იქნებიან
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში კოსოვოს შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები მომავალში, საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან. მანამდე ბელგრადმა მოითხოვა ცვლილებები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კერძოდ, სერბეთი ითხოვს, რომ რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სიტყვები - „და ევროპის საბჭოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფო“. „ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. თუ არ დამთანხმდებიან, რეიკიავიკში არ წავალ სამიტზე. ცხადია, პრინციპები არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გასულ თვეში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. მას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთიაც, რომელმაც ოფიციალურად ცნო კოსოვო. უკრაინამ, ისევე როგორც, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, კენჭისყრაში თავი შეიკავეს. ევროპის საბჭოს ისტორიაში მე-4 სამიტი 16-17 მაისს რეიკიავიკში გაიმართება. მანამდე ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.
პარლამენტმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, 9 მაისთან დაკავშირებული, კრიტიკის გამომწვევი ფოტო შეცვალა
ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მოსახლეობას საბჭოთა სიმბოლიკის შემცველი ფოტოთი მიულოცა, შემდეგ კი, ეს ფოტო შეცვალა. საუბარია რაიხსტაგის თავზე აღმართული საბჭოთა დროშის ფოტოზე, რომელიც პარლამენტმა 9 მაისის მისალოცად გამოიყენა. პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ცნობისთვის, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში 2011 წლიდან აკრძალულია. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
უკრაინამ ჩინური კომპანია Great Wall Motor-ი, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა
უკრაინული მედიის ცნობით, კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ჩინური კერძო კომპანია Great Wall Motor-ი, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახურმა იტყობინება. კომპანია აწარმოებს და ყიდის მანქანებს ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორიცაა, GWM-ი Haval-ი, WEY, TANK-ი, POER-ი და ORA. კომპანიის ანგარიშის თანახმად. გაყიდვებმა რუსეთის ფედერაციაში 2021 წელს, 4,973 მილიარდი იუანი (დაახლოებით $780 მილიონი) შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (2,2 მილიარდი იუანი). „ამ თანხების მნიშვნელოვანი რაოდენობა გადასახადების სახით შედის რუსეთის ბიუჯეტში, რომელიც შემდეგ მხარს უჭერს დამპყრობელთა არმიას და ყიდულობს იარაღს, რომელიც კლავს უკრაინელებს”, - ხაზგასმით აღნიშნა NACP-მა და ასევე განაცხადა, რომ ამ გზით Great Wall Motor-ი აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერას. შესაბამისად, აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. „კომპანიის მენეჯმენტს არასოდეს უცდია, დაეგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, - წერს უკრაინული მედია.
რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი, შეზღუდვების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მოიცავს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილებს, რომლებიც რუსეთში, მესამე ქვეყნის მეშვეობით გადააქვთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ. მესამე ელემენტი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩრდილოვანი ორგანიზაციების აკრძალვა რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ რუსეთი. ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან“, – განაცხადა ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის ძირითადი გზავნილები ასეთი იყო: განვიხილეთ უკრაინის პროგრესი ევროკავშირის გზაზე. პატივისცემე გამოვხატე უკრაინის ძალისხმევისამი, რომელიც რეფორმებზე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მუშაობს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერისა და ექსპერტიზის იმედი მთელი პროცესის განმავლობაში. ვავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა გავანადგუროთ და მისი შემოსავლების წყარო დავხუროთ. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. „უკრაინა ყოველდღე აჩვენებს ჩვენი თავდაცვისუნარიონაბას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა ბრძოლაში თანაფარდობის მნიშვნელობას. „ამ კონტექსტში, დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ჭურვების შესყიდვისა და მიწოდების ტემპი, რადგან უკვე არსებობს ამ საბრძოლო მასალის საჭიროება ბრძოლის ველზე. გარდა ამისა, ლაიენის ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში, ზელენსკის Facebook-ზე ნათქვამია, რომ ამიერიდან, 9 მაისი ევროპის დღე იქნება ევროკავშირსა და უკრაინაში. ევროკავშირი პორტებს ჩაკეტავს გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ - Bloomberg
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია „გვინდა გამოვეხმაუროთ საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების, დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებების მორიგ ტალღას, რომელმაც ბოლო 2 დღეა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაცია, ისევე როგორც ამ უწყების წარმომადგენელი კონკრეტული პირები არაერთხელ გამხდარან პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტი, პერმანენტულად ისმის ბრალდებები, რომ თითქოს ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, რომ ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესს ატარებს, თუმცა არასდროს არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია გაჟღერებული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები. ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, სამწუხაროდ ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებით და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტირებას ახდენენ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამჯერად აღნიშნული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო, რომელიც ცესკოში პარტია „ლელოს“ წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა და მით უფრო ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, კარგად იცის, თუ რამხელა რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტით, პროფესიონალურად ჩატარდეს. კარგად ხედავს იმ სისტემის უპირატესობას, რომლის დანერგვაც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი საზრუნავია. ხედავს იმ აშკარა წარმატებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ამ მიმართულებით აქვს და სამწუხაროა, რომ ყველა ამ წარმატების უგულებელყოფა ხდება პოლიტიკური ინტერესების და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო. საგულისხმოა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ აქვს იმ პროცესთან, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივების პოლიტიკური ასპექტების განხილვა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევა არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები აქცენტს საარჩევნო ადმინისტრაციაზე აკეთებენ და უსაფუძვლო ბრალდებების გახმაურებით ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან მის მიმართ უნდობლობა. არსებული რეალობიდან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს დისკრედიტაციული კამპანია მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა წარმატების დასაჩრდილად. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ჩაატარა შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. ამ არჩევნებმა უმაღლესი შეფასება მიიღო მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების, უცხო ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, მათ შორის, იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ. ამის მიუხედავად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც აზიანებს როგორც უწყებას, ისე მთლიანად საარჩევნო გარემოს. და ბოლოს საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ამ ეტაპზე დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რაც 2024 წლის პარლამენტის და ყველა მომდევნო საერთო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს. აღნიშნული რეფორმის განხორციელება დაკავშირებულია კოლოსალურ სამუშაოსთან. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებისა და ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისთვის. გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დელეგაცია საქართველოს ეწვევა
10 - 12 მაისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დელეგაცია საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში იქნებიან კრისტიანე ლაიბახი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), მონიკა ბეკი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შვილობილი კომპანიის DEG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი), ვერენა კიოტკერი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის კორპორატიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი), ვერონიკა გარსია დელ არკო (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი). დელეგაციის წევრები ასევე არიან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად გააშუქებენ ამ ვიზიტს საქართველოში. „გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოში 1993 წლიდან არის აქტიური და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. სტუმრობის მიზანია იმ პროექტების დათვალიერება, რომლებსაც საქართველოში გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ახორციელებს, ისევე როგორც ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ქართველ პარტნიორებთან. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ელჩთან ერთად დაგეგმილია შეხვედრები სსე - ში (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა), სადაც სტუმრები დაათვალიერებენ ენერგოქსელების ცენტრალურ სამართავ სისტემას და იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ენერგოდამოუკიდებლობა, განახლებადი ენერგიები და ქართული ელექტრო სექტორის როლი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს. საუბარი გაიმართება რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ბიომრავალფეროვნების კუთხით. პროგრამაში ჩანიშნულია შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან. საუბრის თემა იქნება ურბანული მობილობა. დელეგაცეების წევრები გაეცნობიან ქალაქის საგზაო საკომუნიკაციო ქსელის გეგმასა და საგზაო მიმოსვლის ამჟამინდელ მდგომარეობას. სტუმრები ასევე ეწვევიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს“, - იუწყება გერმანიის საელჩო.
ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის თავდაცვის მინისტრი ჰელენა კარეირასი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. კოლეგებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰელენა კარეირასს მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მინისტრებმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ჰელენა კარეირასი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ჰელენა კარეირასი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მიმართავენ
დღეს, 21:00 საათზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმართავენ - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მიშელის მიმართვა ვიდეოფორმატში იქნება. "დღეს, 21:00 საათზე, ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს და ევროპის დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად მიულოცავს. საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვების შემდეგ, ათონელის ქუჩაზე სუხიშვილების, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტისა და და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიევის შეფასებით, საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავესთან ერთად მონაწილეობა, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია
კიევი 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ ღონისძიების მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაამართლა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევა უკრაინის საგარეო უწყების განცხადება სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში ჩასვლასა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას ეხება. „მიგვაჩნია, რომ ამ სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავის გვერდით, რომელმაც აღლუმის წინა ღამეს 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ზიზღის გამოვლინებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: 9 მაისს, მოსკოვში, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა - CNN
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს 9 მაისისთვის ბახმუტის დაპყრობა სურდა, თუმცა ვერ შეძლო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ქალაქ ბახმუტის 9 მაისამდე აღება. „მათ ვერ შეძლეს ბახმუტის დაპყრობა. ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომლის დასრულებაც მათ ცხრა მაისისთვის სურდათ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქალაქი ბახმუტი მთლიანად განადგურებულია. „სამწუხაროდ, ქალაქი აღარ არსებობს. ყველაფერი მთლიანად განადგურებულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცეს - ზელენსკი
საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომითაა შესაძლებელი - კალაძე
საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომითაა შესაძლებელი, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, სხვა რა არის, თუ არა მის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადება, რომ „ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა“. „თქვენ ვერ დამისახელეთ ვერც ერთ განცხადებას, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მე გამეკეთებინოს ანტიდასავლური განცხადება. თუ თქვენ ანტიდასავლურს უწოდებთ იმ კონკრეტული ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხს, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის მიმართ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, ყოველთვის იქნება შესაბამისი პასუხი, როდესაც არის მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს. ან როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავია, არც ეს არ უნდა გაატარო, მაქსიმალურად უნდა მიაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
შოლცი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით. ოლაფ შოლცის განცხადებით, „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ევროპის შესახებ და ეს ეხება უკრაინას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში – საქართველოს“. მისივე თანახმად, გეოპოლიტიკური ევროპა ასევე იზომება იმით, ასრულებს თუ არა დაპირებებს მისი უშუალო მეზობლების წინაშე. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვუთხარით: თქვენ ჩვენ გეკუთვნით. ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, - აღნიშნა შოლცმა. ევროპის პოლიტიკის შესახებ საკვანძო სიტყვაში კანცლერი (SPD) კიდევ ერთხელ გამოვიდა ევროკავშირის რეფორმირების მოწოდებით. „თქვენ გჭირდებათ გეოპოლიტიკური, გაფართოებული, რეფორმირებული და მომავალზე ორიენტირებული ევროკავშირი“, - განაცხადა შოლცმა.
სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს
სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 30 000 ლარამდე თანხა წაიღეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს მოხდარის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
პაკისტანის ყოფილი პრემიერი დააკავეს
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია „სამართლიანობისთვის მოძრაობის“ თავმჯდომარე, იმრან ხანი დააკავეს. ხანი ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, უზენაესი სასამართლოს შენობის კომპლექსის ტერიტორიაზე, 9 მაისს მივიდა კორუფციაში ბრალდებებთან დაკავშირებულ მოსმენაზე დასასწრებად მივიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ყოფილი პრემიერი სამშენებლო კომპანიისგან მრავალმილიონიანი ქრთამის აღებასთან დაკავშირებით დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის ყოფილმა ძელმძღვანელმა ადრე უარი თქვა ნებაყოფლობით გამოცხადებაზე, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა. 2022 წლის აპრილში თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ შორის კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით.
შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება - კალაძე
შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. შარლ მიშელის შეთანხმება გახსოვთ ყველას, რომელიც ვერ შედგა, ერთ-ერთ პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკო-სთან მიმართებაში. ხდება ამის გამოსწორება, რადგან ეს დოკუმენტი ძალაში არ შევიდა და ახლა პარლამენტის მხრიდან ამ ყველაფრის გამოსწორება ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
აშშ-მ უკრაინისთვის $1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. პენტაგონის თანახმად, პაკეტი მიზნად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა. „შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებების და უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო შესაძლებლობები მიეწოდოს,” - წერია განცხადებაში. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა; დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა; 155 მმ საარტილერიო ჭურვები; კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება; და წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება.
რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღდმეგ - ბლინკენი კოენს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენთან. ოფიციალურმა პირებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი შეშფოთების გლობალური საკითხები, მათ შორის ბოლოდროინდელი მოვლენები სუდანში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მოუწოდა ისრაელის მხარეს და პალესტინის ხელისუფლებას, გადადგან მეტი ნაბიჯები რეგიონის სტაბილიზაციისთვის. გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის ხელმძღვანელობით ისრაელს ეწვია. ამ ვიზიტის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი.
9 მაისი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - სამხედრო აღლუმით, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით და მიტინგით აღნიშნეს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი. ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ჰიტლერის გერმანია 1945 წელს განადგურდა, თუმცა 90-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება მიიტაცეს „ნაცისტებმა გამსახურდიას მეთაურობით“, ხოლო მოგვიანებით“ უკრაინაში „ბანდერას იდეურმა მემკვიდრეებმა“ გააჩაღეს „ტერორი და ომი“. გაგლოევის თქმით, ოსი მებრძოლები, რომელთა ბაბუებმა 1945 წელს ფაშიზმზე გაიმარჯვეს, დღეს რუს ძმებთან ერთად ნაციზმს უკრაინაში ებრძვიან. „რესის“ ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალში სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და შსს-ს და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები, 30 ერთეული სამხედრო ტექნიკით. ამავე სააგენტოს ცნობით, გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ამ მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში, არამედ უკრაინის დღევანდელ ომში დაღუპულთა ფოტოებიც. აფხაზური სააგენტოს, „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 9 მაისი ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა „საზეიმო მსვლელობით“ აღნიშნეს სოხუმის სანაპიროზე. ჩატარდა "უკვდავი პოლკის" მსვლელობაც და მიტინგი, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოქვეყნდა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მილოცვაც. ბჟანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიმართავს, რომ მათ სიმამაცის მაგალითი მისცეს „1992-1993 წლების სამამულო ომის დროს აფხაზეთის ყველა დამცველსაც“. რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტები არ იყვნენ კრემლის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის. დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე, პრეზიდენტ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრნენ ბელორუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. წყარო - რადიო თავისუფლება