ძებნის რეზულტატი:
ISW: პუტინი ცდილობს, 9 მაისი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ისევ აქვს გავლენა შუა აზიაზე
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, პუტინი ცდილობს, 9 მაისის აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს. კრემლის ინფორმაციით, პუტინთან ერთად აღლუმს დაესწრებიან ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. შარშან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების პირველ წელს, მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს, არცერთი სხვა ქვეყნის ლიდერი არ დასწრებია, ხოლო ყაზახეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს არ ჩაუტარებიათ გამარჯვების დღის აღლუმები 2022 წელს, ზოგიერთმა კოროვირუსულ პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გამო“, განაცხადეს ISW-ის ანალიტიკოსებმა. მათივე თანახმად, ცენტრალური აზიის ლიდერების დასწრების შესახებ ცნობების დაგვიანებული გასაჯაროება, სავარაუდოდ, მიუთითებს მათ თავშეკავებულობაზე (უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერის გამოვლენის მიუხედავად), მიუხედავად კრემლის მცდელობისა, აჩვენოს საკუთარი ძალა და გავლენა“.
კანადამ ჩინელი დიპლომატი გააძევა
კანადის მთავრობამ ჩინელი დიპლომატი, ჟაო ვეი გააძევა, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის დაშინების სქემაში მონაწილეობდა. ჩინეთს ბრალად ედება ჰონგ-კონგში დეპუტატ მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინების მცდელობა მას შემდეგ, რაც მან ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ოტავაში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევებას გმობს და საპასუხო ზომებს მიიღებს. ინფორმაციისთვის, ოტავის მიერ ჩინელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა კანადის დაზვერვის ანგარიშს, რომელიც გამოცემა Globe and Mail-ში გავრცელდა და რომლის თანახმადაც, ჟაო ვეი მაიკლ ჩონგის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობდა.
კაცი, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა, დაკავებულია - შსს
კაცი, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, 1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. „დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ სოციალისტებზე: გვექნება მსჯელობა, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე თვითონ შეიკრიბებიან
„გვექნება მსჯელობა პარტიის შიგნით, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე სოცილისტები შეიკრიბებიან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს „ქართული ოცნების“ შესაძლო გარიცხვაზე ევროპელი სოციალისტების პარტიიდან. „ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერი: არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიც საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). „პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს მიღმა აქცევს. PES-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. როგორც ცხადი გახდა, ეს აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, - განაცხადა PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ. ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) 1992 წელს დაფუძნდა. ის ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, 60 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, სრული წევრის, ასოცირებული წევრისა თუ დამკვირვებლის სტატუსით. ევროპარლამენტში PES-ის წარმომადგენელია პოლიტიკური ჯგუფი - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D), 26 ქვეყნის 144 დეპუტატით და სიდიდით მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ჩამოუვარდება (176 დეპუტატი).
შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე - ღარიბაშვილი
შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური „ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად დიდი, მსოფლიო დონის სკანდალი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და „ბიბისის“ მიერ იქნა გამოძიებული, გადაფარონ. ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და დადასტურებულია „ბიბისის“ გამოძიების შედეგად. თქვენ ნახეთ ყველამ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის, საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი, საერთოდ რაზეა საუბარი. ახლა მთავარი მინდა ვთქვა, თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელს ოპოზიცია.
რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი ახალი სამხედრო დახმარება
CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალი, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების გამოცხადებას გეგმავს. მისივე თანახმად, პაკეტი მოცავს დრონებს, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე, სხვა შესაძლებლობებს. დახმარების პაკეტი უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში, მწარმოებლებისგან მიეწოდება და არა უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან. 4 მაისს, პენტაგონმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტში პირველად შედის საავიაციო რაკეტები Hydra, რომლებიც მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის არის განკუთვნილი. პაკეტი მოიცავს არტილერიის რაკეტებს, ჰაუბიცებს, HIMARS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს, რაკეტებს და ტანკსაწინააღმდეგო შაშხანებს. უკრაინა მიიღებს მართვად რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ჭურვებს ჰაუბიცებისთვის, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ამერიკის არმიის არსენალშია და უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა მიეწოდოს. უკრაინა ასევე მიიღებს სატვირთო მანქანებს, ტრაქტორებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.
პრემიერი: უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით არახამიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინელმა პოლიტიკოსი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ამავე კომენტარის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და მშვიდობა უსურვა. „კიდევ ერხელ მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას,“- აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.
ერთპროცენტიანი, გაკოტრებული და ანტიეროვნული ძალები ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ - ღარიბაშვილი
ერთპროცენტიანი, გაკოტრებული და ანტიეროვნული ძალები ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ზურა ჯაფარიძე არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, თავის ახალგაზრდებს, მის მიერ შემოკრებილ თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებას სისულელე და არასერიოზული ვუწოდოთ, ვინაიდან ეს ერთპროცენტიანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება. ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ქვეყანა გადავარჩინეთ. აი, ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო! ესენი ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. ეს იყო მიზანი. ბატონი მეკითხებოდა, არახამიას უნდოდაო? არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ უნდოდათ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. თქვენ ქართველები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ, ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული? ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანაში უნდოდა „მეორე ფრონტის“ გახსნა, ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც უკრაინაში ხდება. თქვენ ამაზე პროტესტიც, რეაქციაც კი არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ“, - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
არასოდეს მითქვამს, რომ უმრავლესობის პრემიერი ვარ, ვარ ქვეყნის პრემიერი და ვთქვი, რომ არ დავუშვებთ ძალადობას უმცირესობაზე - ღარიბაშვილი
არასოდეს მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ. მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლას უკავშირდებოდა. შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე - ღარიბაშვილი „მე ვთქვი მთავარი და თქვენ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, ეს ფაქტები მოუყვეთ ჩვენს საზოგადოებას. ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას, მათ აგრესიულ პროპაგანდას, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 90 პროცენტი იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ, ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. ამაზე მაქვს საუბარი. გისვამთ კითხვას, თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის არმია კონტრშეტევას დაიწყებს, როცა ამისთვის შესაფერისი დრო მოვა - შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინა გულდასმით ემზადება ახალი კონტრშეტევისთვის რუსული ძალების წინააღმდეგ, რადგან თავდასხმა „ძალიან მნიშვნელოვანია“ და მან უნდა აჩვენოს წარმატება". უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შმიგალმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვემზადებით ძალიან ფრთხილად, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია და გვესმის, რომ ამ ოპერაციაში წარმატება უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, მთელ მსოფლიოს [და] ჩვენს მტერს. [...] ჩვენ დავიწყებთ კონტრშეტევას, როდესაც ამის დრო დადგება, როდესაც ის აბსოლუტურად მზად იქნება... ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ კონტრშეტევას, როდესაც გადაწყვეტილებას ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიღებს“, - განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საწვრთნელ ზონაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი ახალწვეულები გადიან სწავლებას. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეიძენს. სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ჩამონათვალში, რომლის შეძენასაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის უახლოეს მომავალში გეგმავს, არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ან რაკეტები, რომელთა მანძილი 100-დან 300 კმ-მდე აღწევს. ამასთან, Washington Post-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთი უკვე ემზადება ხსენებული შეიარაღების უკრაინისთვის გადასაცემად.
ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ის ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები. პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას", - აღნიშნავს მსხილაძე. პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
აქამდე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ახლა "მელაკუდობა" გადაწყვიტა - ვოლსკი არახამიაზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, დავით არახამიამ "მელაკუდობა" გადაწყვიტა. „არხამიას განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე ენერგიითაა ჩართული ამ რევოლუციური, სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს. ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების, შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. აქედან გამომდინარე, უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, როგორც დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.
რუსეთი შესაძლოა, აღლუმების დროს, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებდეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა 9 მაისს ქალაქებში აღლუმების დროს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციები განახორციელოს. „პროვოკაციები და ტყუილი ტირანებისა და აგრესორების მარადიული იარაღია. ჩვენ ვიბრძვით ბრძოლის ველზე. ისინი ბომბავენ სამშობიარო სახლებს და მატარებლის სადგურებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იკრიბება. “-აღნიშნა გენერალურმა შტაბმა. ISW: პუტინი ცდილობს, 9 მაისი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ისევ აქვს გავლენა შუა აზიაზე „რუსეთის „გამარჯვების წრე“ გამუდმებით ითხოვს ახალ მასშტაბურ მსხვერპლს და დანაშაულს საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ბევრი ქალაქი გეგმავს აღლუმებს 9 მაისს, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობით. შესაძლოა, რუსეთი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს. მათ არაერთხელ დახოცეს საკუთარი ხალხი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - აღნიშნავენ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა ბერლინში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას გახსნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. „სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპის დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოსახლეობას ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ ეს არის, თარიღი, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. დღეს თბილისში ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება „მშვიდობის ხიდი“ და სატელევიზიო ანძაც, ასევე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი. ევროკავშირის წარმომადგენლობამ 6 მაისს გამართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება თბილისში. სახალხო დღესასწაულს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეებს შეეძლოთ, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, დისკუსიებში მიეღოთ მონაწილეობა და ერთმანეთისთვის ევროპული გამოცდილება და შესაძლებლობები გაეზიარებინათ. „ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა! შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“, - განაცხადა ელჩმა. ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში ელჩები თავიანთ მშობლიურ ენაზე აღწერენ, რას ნიშნავს მათთვის ევროპა. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯორჯ ველას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და მალტას საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებთ. „შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებისადმი მალტის მხარდაჭერა დააფიქსირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიდერლანდები ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის F-16-ის გადაცემის შესაძლებლობას
ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას და ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან. ამის შესახებ Reuters-ი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კომეტარზე დაყრდნობით წერს. რუტემ ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან შეხვედრისას განიხილავს ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობას. „ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ F-16-ის საკითხს დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის ზოგიერთ სხვა მხარესთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა რუტემ სან პაულოში ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს. რუტემ 4 მაისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს.
საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროპულ ოჯახში მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია - კალაძე
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიზმი, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. ევროპის დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება - პაველ ჰერჩინსკი „მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ამ ძვირფას ადამიანებს. მათმა თავდადებამ და ბრძოლამ მოგვიტანა მშვიდობა და წერტილი დაუსვა კაცობრიობის უდიდეს ბოროტებას – ფაშიზმს. ვუსურვებ ჩვენს ვეტერანებს ჯანმრთელობას და მხნეობას! აქვე, ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომელთა ნაწილი დღემდე უცნობ ჯარისკაცად დარჩა. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. დღეს ასევე აღინიშნება ევროპის დღე. საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლებიც ევროპულ ოჯახში თანასწორი, დემოკრატიული, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია“, – წერს კალაძე. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცეს - ზელენსკი
ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, კიევში განაცხადა. „უკრაინა ყოველდღე აჩვენებს ჩვენი თავდაცვისუნარიონაბას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა ბრძოლაში თანაფარდობის მნიშვნელობას. „ამ კონტექსტში, დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ჭურვების შესყიდვისა და მიწოდების ტემპი, რადგან უკვე არსებობს ამ საბრძოლო მასალის საჭიროება ბრძოლის ველზე. გარდა ამისა, ლაიენის ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში, ზელენსკის Facebook-ზე ნათქვამია, რომ ამიერიდან, 9 მაისი ევროპის დღე იქნება ევროკავშირსა და უკრაინაში. „დღეს ჩვენ ვიკრიბებით კიევში ამ განსაკუთრებულ დღეს, რადგან კიევი შესანიშნავი ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად. ყოველდღე უკრაინის მამაცი ხალხი იცავს ზუსტად იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველია“, - აღნიშნულია ტექსტში.
ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს პუტინის მიერ ძალის დემონსტრირებით - შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა ევროპას, არ შეაშინოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "ძალის ჩვენებამ". ISW: პუტინი ცდილობს, 9 მაისი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ისევ აქვს გავლენა შუა აზიაზე "მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში, სანამ ეს საჭირო იქნება. მოსკოვში, აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, პუტინი დღეს ანლაგებს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ნუ შეგვაშინებს ძალის ასეთი დემონსტრირება", - თქვა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.