ძებნის რეზულტატი:

გერმანია ინდოეთისთვის წყალქვეშა ნავების აშენების თაობაზე 5,2 მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებს - Bloomberg

გერმანული Thyssenkrupp AG (TKAG.DE) სავარაუდოდ გამოაცხადებს ინდოეთის საზღვაო ძალებისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის მიწოდების პროექტის შესახებ, განაცხადა  გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნიუ დელიში ვიზიტისას. მანამდე, პისტორიუსი შეხვდა თავის კოლეგას რაჯნათ სინგს, იმ დროს, როდესაც სამხრეთ აზიის ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს შიდა თავდაცვის წარმოება, რადგან მიზნად ისახავს, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის მზარდ ყოფნას ინდოეთის ოკეანეში. Thyssenkrupp AG-ის საზღვაო ფილიალი და ინდოეთის Mazagon Dock Shipbuilders Limited-ი, სავარაუდოდ, ერთობლივად განაცხადებენ 5,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის შესახებ, რომლის მიზანიც ინდოეთის საზღვაო ფლოტისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის აშენებაა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს ეწვევა ობიექტს მუმბაიში, სადაც Thyssenkrupp AG-თან გარიგება სავარაუდოდ გაფორმდება, აცხადებენ წყაროები. ჩვენ ვისაუბრეთ სამხედრო შესყიდვებში კონკრეტულ თანამშრომლობაზე. ეს შეიძლება იყოს ექვსი წყალქვეშა ნავი TKMS-დან (Thyssenkrupp Marine Arm)“ - განუცხადა პისტორიუსმა მედიას. ინდოეთსა და გერმანიას 2000 წლიდან აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ძლიერდება 2011 წლიდან მთავრობათაშორისი კონსულტაციებით, მთავრობათა ხელმძღვანელების დონეზე. მედია წერს, რომ რუსეთის გახანგრძლივებული ომი უკრაინაში, უბიძგებს ნიუ დელის, მოსკოვს მიღმა გააფართოოს სამხედრო ტექნიკის წყაროების მთავარი მიმწოდებელი. უფრო ადრე, გერმანიამ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მიეწოდებინათ ნიუ დელისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს ინდოეთს, თანდათან უარი თქვას რუსეთზე დამოკიდებულებაზე თავდაცვის სექტორში. Bloomberg-ი აპრილში წერდა, რომ ინდოეთმა რუსული იარაღის შესყიდვები აშშ-ის სანქციების შიშის გამო შეაჩერა. ინდოელი სამხედროების თქმით, რუსეთმა ვერ მიაწოდა იარაღი ნიუ დელის, რომლის მიწოდებაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული შეფერხების მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო, რამაც დიდი რაოდენობით ტანკები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა გაანადგურა. Reuters-ი წერდა, რომ რუსეთს ინდოეთისთვის უნდა მიეწოდებინა ორი S-400 Triumf-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.  

ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა - არასამთავრობო ორგანიზაცია

ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში, ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა კაშხალზე აფეთქების გამო, განაცხადა ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია UAnimals-მა 6 ივნისს. „მხოლოდ გედებსა და იხვებს შეეძლოთ გაქცევა", - წერს ორგანიზაცია. ამის შესახებ UAnimals-მა შეიტყო ზოოპარკის ხელმძღვანელობის წყაროსგან, რომელმაც უსაფრთხოების მიზეზების გამო, ანონიმურობის პირობით ისაუბრა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“  

გაეროში უკრაინის ელჩი: კახოვკის ჰესის განადგურება ტერორისტული აქტია - ეს არის კრემლის პასუხი მშვიდობის შესახებ მოწოდებებზე

რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია მაქსიმალური ნგრევისა და მსხვერპლის გამოწვევა, - განაცხადა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერჰი კისლიცამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მან გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ რუსეთი ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს, კაშხალი უკრაინამ ააფეთქა. რუსეთმა დაადასტურა, რომ საერთოდ არ არის დაინტერესებული დეესკალაციითა და მშვიდობით. ელჩის განცხადებით, ნაკლებია იმის შანსი, რომ ქვეყანამ, რომელიც მარიუპოლში, ბუჩასა და იზიუმში ომის დანაშაულთა ჩადენას უარყოფდა, კახოვკის ტექნოგენურ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა აღიაროს, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთი ადრეც აქტიურად განიხილავდა კახოვკის ჰესის განადგურებას. კისლიცამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ კაშხლის აფეთქება არის კრემლის პასუხი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებებზე, რაც აჩვენებს, რომ რუსეთს არ აინტერესებს დეესკალაცია და მშვიდობა. კისლიცას თქმით, საჭიროა რუსეთის შეჩერება და გაუვნებელყოფა, ამიტომ, მისი დამარცხება იქნება რეგიონის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილი.  

ჩვენ არ მივატოვებთ, დავეხმარებით უკრაინას - ჯო ბაიდენი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.  „ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“, - განაცხადა ბაიდენმა. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან  მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.  

პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას - "ქართული ოცნება"

იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. „თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“. „რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ დისკრეციას ანიჭებს. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატები, რაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები, რომლებთან დაკავშირებითაც რაიმე მეტ-ნაკლებად არსებითი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული წესი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში სწორედ ცესკოს საბოტაჟის წახალისების მიზნით, მიზანმიმართულად ჩაიდო. ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს. მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.  

რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი, - ამის შესახებ ინფორმაციას „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ ავრცელებს. ”აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს მარცხენა სანაპიროს დატბორვის უფრო დიდი და მკაფიო ინტერესი აქვთ, მათივე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და ძალების დაზიანების მიუხედავად, ვიდრე უკრაინელებს“, - აღნიშნულია ანგარიშში. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან  მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.  

ჩინეთს შეუძლია, რუსეთი რამდენიმე წელიწადში ჩაანაცვლოს და ყაზახეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდეს - Bloomberg

2030 წლისთვის ყაზახეთის ვაჭრობა ჩინეთთან, გადააჭარბებს ვაჭრობას მთელ ევროკავშირთან. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ სანქციებმა ის უკანა პლანზე გადაიყვანა, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში, წერს Bloomberg. ჩინეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთს გაუსწრებს ყაზახეთთან ვაჭრობის კუთხით, განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ამასთანავე ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას მისი „მთავარი სავაჭრო პარტნიორების“ წინააღმდეგ, ყაზახეთი არ იქნება ტერიტორია, რომლის გავლითაც სანქციების გვერდის ავლა მოხდება“. ყაზახეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ცნობით, გასულ წელს ჩინეთ-ყაზახეთის ვაჭრობა მესამედით გაიზარდა და 24 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ 2 მილიარდი დოლარით ნაკლებია რუსეთთან ვაჭრობასთან შედარებით.  „სანქციებმა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება შეაფერხა და ზოგიერთი სანქცირებული რუსული კომპანია ვეღარ ყიდულობს ყაზახურ პროდუქციას, მეტი რუსი მწარმოებელი ირჩევს, ფოკუსირდეს შიდა ბაზარზე“, - აღნიშნა ჟუმანგარინმა. რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობების შემცირების გამო, ყაზახეთი განიხილავს ისეთ ალტერნატივებს, როგორიცაა, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა ჟუმანგარინის განმარტებით, ჩინეთი რჩება „პრიორიტეტულ დანიშნულების ადგილად". აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ჩინეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში თოყაევმა მიზნად დაისახაბ, რომ 2030 წლისთვის ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის გაორმაგდეს და 40 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 15 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, მჭიდი და 23 ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული მ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ მ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 16 ვაზნა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული კ.ბ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ა. ს ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 ვაზნა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს, ყვარლის და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. 1993 წელს დაბადებული ნ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო, 4 ხელყუმბარა და 5 ამფეთქი ფალია. 1991 წელს დაბადებული ვ.ო.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ხოლო, 1967 წელს დაბადებული გ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ გადაჭრილი სანადირო თოფი და 5 ვაზნა ამოიღო. იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცაგერის, თერჯოლის, ზესტაფონის რაიონული სამმართველოების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს. 1979 დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ნ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია გადაჭრილი თოფი. 1957 წელს დაბადებული თ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 200 საბრძოლო ვაზნა და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1979 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია - გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 40 ვაზნა. ხოლო, 1983 წელს დაბადებული კ.უ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია - მაუზერის და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, 2 მჭიდი, 5 ვაზნა და 5 კაფსულ-დეტონატორი. სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი - 1963 წელს დაბადებული მ.კ., 1982 წელს დაბადებული მ.ც. და 1969 წელს დაბადებული გ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 2 შაშხანა, ტყვიამფრქვევი და 93 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 06:24 საათზე დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ეპიცენტრი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 32 კმ-ში, სოფელი უკანა ფშავი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა. ცნობისთვის, საქართველოში მიწისძვრა, გუშინ, 6 ივნისსაც მოხდა. ეპიცენტრი ამ შემთხვევაშიც სოფელი უკანა ფშავი იყო.  

ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს

ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დაასრულეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „კურსის დახურვის ცერემონია საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მონაწილეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა, მალხაზ მერლანმა და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა, ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. მათ სამხედროებს წარმატებები უსურვეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. კურსის ძირითადი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეების სამთო-ტექნიკურ მომზადებას დაეთმო. სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კლდეზე ცოცვის, სამთო აღჭურვილობის მოხმარების, ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, მდინარის გადალახვის, მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის, კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებისთვის საჭირო ხერხები და ტექნიკა შეისწავლეს. ღონისძიების დასასრულს მსმენელებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ნაკრძალში ვიზიტორთა ცენტრს ხე დაეცა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა. დაზიანდა სახურავის ერთი ნაწილი, ჭერი და ინვენტარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიაქიას ებრძვიან ასევე, მარნეულში. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მარნეულსა და სოფლებში. უხვმა ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.  

ვრცელდება დეზინფორმაცია გამოცდების დაწყების თარიღზე - გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში: მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას

აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ჯოზეფ ბილბო ხაზს უსვამს, რომ რომ ქართველი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი სწავლებები, მათ შორის ნდობის მაღალი ნდობის არსებობს ადასტურებს.   „მსოფლიოში მრავალი მისია შევასრულეთ ერთობლივად და ახლაც მხარდამხარ ვაგრძელებთ წვრთნას. ეს ადასტურებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის არსებული ნდობის მაღალ დონეს“, - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში. ცნობისთვის, ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე, სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კახოვკის ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა, 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, კახოვკის ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს. "საუბარია არა მხოლოდ ახალი ჰიდრავლიკური აგრეგატების დამონტაჟებაზე, არამედ უზარმაზარი კაშხლის მთლიანობის აღდგენაზე. რუსი ოკუპანტების მიერ, კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებას შეიძლება რუსეთმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა", - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა.  უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან  მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.  

მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ინსტიტუტებიდან $764 მლნ-ის რესურსი მოიძია - ანგარიში

საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 421 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მოიძია. მთავრობის ერთი წლის ანგარიშში თავმოყრილი ინფორმაცია 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა განვითარების პარტნიორთან პრიორიტეტული პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის. შეთანხმება გაფორმდა: გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB); ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). დოკუმენტის თანახმად, წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა დაახლოებით 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მოლაპარაკებები და კონსულტაციები დაწყებულია: გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD); რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD); საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD); აზიის განვითარების ბანკთან (ADB). საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების დასაფინანსებლად. წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა, მოლაპარაკება და კონსულტაციები გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB), დაახლოებით, 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი. 2022 ივნისში მიღწეულია შეთანხმება სავალუტო ფონდთან მხარდამჭერი პროგრამის − ე. წ. Stand by Arrangement პროგრამის დამტკიცების შესახებ, ხოლო 22 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA) პირველი მიმოხილვა დაამტკიცა, რის შედეგადაც, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარი. „მთავრობა აგრძელებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა პროგრამის ყველა პირობა. მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი და ინკლუზიური და ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორების მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

პაველ ჰერჩინსკი: მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა. ელჩის თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება. „როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერი - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები - წლის ბოლოს შეხვდებიან და გადაწყვეტენ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ელჩის პოზიციაა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. „რადგან მეკითხებით, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

სუნაკი: დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ უნდა შექმნან ალიანსი, რომელიც „დაიცავს ჩვენს ეკონომიკას“

„ეკონომიკური და თავდაცვითი თანამშრომლობა „უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ალიანსის ორი საყრდენი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, სამშაბათს, აშშ-ში გამგზავრების წინ. ვიზიტის დროს სუნაკი შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესის წარმომადგენლებს და აშშ-ის ბიზნეს ლიდერებს. „დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ უნდა შექმნან ალიანსი, რომელიც „დაიცავს ჩვენს ეკონომიკას“, ეს საკითხი იქნება ჩემი ვიზიტის ფოკუსში“, - განმარტა სუნაკმა. „დიდი ბრიტანეთი და აშშ ყოველთვის მუშაობდნენ ჩვენი ხალხებისა და ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად. რადგან ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები იცვლება, ჩვენ უნდა ავაშენოთ ალიანსი, რომელიც ასევე დაიცავს ჩვენს ეკონომიკას. „ჩვენ სამხედროებს შორის თავსებადობამ მოგვცა უპირატესობა ბრძოლის ველზე ჩვენს მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო დიდი ეკონომიკური თავსებადობა მოგვცემს გადამწყვეტ უპირატესობას მომდევნო ათწლეულებში“, - განაცხადა სუნაკმა.  

აშშ და საუდის არაბეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ - ბლინკენის ვიზიტი

აშშ და საუდის არაბეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და განსაკუთრებით, სუფთა ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების გაფართოებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის კომენტარში, რომელიც მდივან ენტონი ბლინკენისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის შეხვედრას ეძღვნება. ლიდერები განიხილავენ სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში, უსაფრთხოებას იემენში, ადამიანის უფლებებსა და ორმხრივ თანამშრომლობას. ბლინკენი ოთხშაბათს, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან მინისტერიალს დაესწრება და განიხილავს უსაფრთხოების, სტაბილურობის, დეესკალაციის, რეგიონული ინტეგრაციისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებს. „მდივანმა გამოხატა მადლიერება საუდის არაბეთის ლიდერობის მიმართ მინისტერიალის მასპინძლობისას და ხაზი გაუსვა ჩვენს ერთობლივ მცდელობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა სპიკერმა მეთიუ მილერმა განცხადებაში. „მხარეებმა დაადასტურეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ მიმართული ერთობლივი ვალდებულება ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მეშვეობით იემენში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, - აღნიშნა მილერმა.  

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. „რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე)“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ ბავშვის სკოლაში შეყვანა.  

ელჩი პრემიერის გერმანიაში ვიზიტზე: უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას. „როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ცალსახად, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კავშირს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, იმისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ 27 წევრი ქვეყანა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს, რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.