ძებნის რეზულტატი:
ბახმუტში მტერი პოზიციებს კარგავს - უკრაინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრ სირსკი წერს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალები წინსვლას განაგრძობენ. "ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები განაგრძობენ წინსვლას. ბახმუტთან მტერი პოზიციებს კარგავს", - წერს სირსკი. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმი ამოქმედებულია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 8 მოქალაქე.
საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის ტაქსებმა როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე სპეციალური მანიშნებელი უნდა გამოიყენონ - კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე მიმართავს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნებელი, რათა არ დაჯარიმდნენ. „ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ჰყავთ 10 წლამდე ასაკის ავტომობილი, მივეცით საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ წინა საქარე მინაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, აუცილებელია სპეციალური ტაქსის მანიშნებელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავტობუსო ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნებელი ან სტიკერი – ეს იწვევს დაჯარიმებას. მანიშნებელიც და სტიკერიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გაითვალისწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწერილი იქნება ჯარიმა. ჯარიმების გამოწერა არავის სიამოვნებს, უბრალოდ, დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც არის გაწერილი და რომელთან დაკავშირებით თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, მერის ინფორმაციით, დღეისთვის გაცემულია 1 600-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება, რეგულაცია არ იცვლება – ისინი საავტობუსო ზოლში მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმით უფლებით სარგებლობენ. ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე QR კოდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით მგზავრს შეუძლია, ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.
აშშ-მ ირანის და ჩინეთის კომპანიებს სანქციები დაუწესა
აშშ-მ დაასანქცირა ირანის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის შვიდი წარმომადგენელი და ექვი უწყება, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანსბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მოპოვებაში დაეხმარნენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლაა ირანზე, რომ მან სარაკეტო პროგრამის გაფართოება შეწყვიტოს. აშშ-ის ცნობით, კომპანიებმა მგრძნობიარე ცენტრიფუგები, მეტალები და რადარის მასალები მიჰყიდეს გავლენიან უწყებებს სანქციების სიაში მოხვედრილ ირანის თავდაცვის სამინისტროში და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის (MODAFL) სააგენტოში.
პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო
პეკინი სერიოზულად შეშფოთებულია ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვან ვენბინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი იმედოვნებს, ყველა მხარე უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიმართ ერთგული იქნება და იმუშავებს ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ასევე, მოქალაქეებისა და სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა. „ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო. ჩვენ ღრმად დამწუხრებულები ვართ, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური გავლენის გამო, რაც მან გამოიწვია“, - განაცხადა ვან ვენბინმა. პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან. მისივე თანახმად, აზერბაიჯანი სომხური მხარისგან ელოდება ორმხრივ პოლიტიკურ ნებას სამ კონკრეტულ სფეროში უთანხმოების დასაძლევად, რომლებიც ორმხრივი დისკუსიების დღის წესრიგშია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვსა და კიშინეუში შესაძლებელი გახადა მხარეთა პოზიციების უკეთ გაგება. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი ჯერ არ არსებობს.
რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს
რომის პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება. ვატიკანმა განაცხადა, რომ ლაპაროტომია და ოპერაცია მუცლის კედელზე ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდება ოთხშაბათს ნაშუადღევს და რომ პაპი საავადმყოფოში დარჩება "რამდენიმე დღე". როგორც ცნობილია, 86 წლის პაპს აღენიშნებოდა განმეორებადი ტკივილები და გაუარესებული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია მუცლის თიაქრით.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ერთი დღით გახსნა
ოკუპირებული ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი დღეს დილიდან, გამონაკლისის სახით, ერთი დღით გაიხსნა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. მისივე თანახმად, დღეს, დილის 7 საათიდან კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის გზა გახსნილია. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გზის გახსნის გადაწყვეტილება ლომისობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს. მოსაბრუნის (ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, რაზდახანის) საგუშაგოზე გადაადგილება გამარტივებული წესით 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. „ლომისობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ნებადართულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამარტივებულ რეჟიმში გამშვებ პუნქტ „რაზდახანის" გავლით 7 ივნისის 8:00 სთ-დან 8 ივნისის 20:00 სთ-მდე", - აღნიშნულია დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს, ანატოლი პლიევს დაევალა. რადიო თავისუფლების ცნობით, ოკუპირებულ ახალგორთან განთავსებული მოსაბრუნის (რაზდახანის) ე.წ გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30 რიცხვამდე იხსნება ხოლმე. ამ შემთხვევაში გამონაკლისი რელიგიური დღესასწაული გახდა. ამ დღეს ქართველები და ოსები ლომისის სალოცავში ერთად აღნიშნავენ ხოლმე და გზის გახსნა ორივე მხარის ინტერესში იყო. მისივე თანახმად, „ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. გაგლოევი ახალგორელებს დაჰპირდა რომ გზას გახსნიდა. ჯერჯერობით, მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება“.
ცნობილია რაზე ისაუბრეს, თბილისის მერმა და თურქეთის ელჩმა
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხები განიხილეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მეგობარ თურქეთს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისსა და ანკარას შორის, ასევე სტამბოლთან სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. „ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენ ქალაქებს შორის, გამოცდილების გაზიარება. ახლო მომავალში ვგეგმავთ თურქეთში ვიზიტს, რათა ადგილზე გავეცნოთ სხვადასხვა სფეროში დანერგილ სიახლეებს. სიამოვნებით გავიზიარებთ მაგალითად, ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკასაც. ამ მხრივ ჩვენ ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, ალი ქაან ორბაიმ აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საქართველოს განვითარებასა და სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. „თბილისი ულამაზესი ქალაქია. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთი ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელობა. ჩვენ მზად ვართ თბილისთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის, რადგან საქართველოს განვითარება და მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია თურქეთისთვის“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.
სოხუმის მტკიცებით, თბილისი ამახინჯებს „რეგიონში განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს“
სოხუმი ამტკიცებს, რომ თბილისი ამახინჯებს „რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე რეალურ სურათს“. ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის ანგარიშს, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 ივნისს ქვეყნის პარლამენტს მიმართავს. დეპარტამენტის დე ფაქტო შეშფოთება გამოიწვია მოხსენების ნაწილმა, რომელიც ეხება „ინტენსიურ მუშაობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გასაძლიერებლად. სოხუმში ამ სიტყვებს თბილისის მცდელობად აღიქვამენ, „პროვოკაციებსა და შეცდომებზე“ პასუხისმგებლობა „მეზობელ სახელმწიფოებს“ დააკისროს. ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ადანაშაულებენ ჟენევის დისკუსიების მუშაობის „საბოტაჟში“, რადგან თბილისი უარს ამბობს სოხუმთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე“. „ნებისმიერ მცდელობას, რომ არსებულ წინააღმდეგობებს ქართულ-რუსული კონტექსტი მიენიჭოს, არის ხელოვნური და აბსოლუტურად უშედეგო. გარდა ამისა, საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს უკიდურესად ნეგატიური როლის შესრულებას ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წელს (5 ოქტომბერს) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთი რაუნდი გაიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 4-5 აპრილს რიგით 57-ე რაუნდი ჩატარდა, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა – რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ძალების გაყვანისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება. მთავრობა აქცენტს აკეთებს ჰააგის გადაწყვეტილებაზეც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით. „ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. მთავრობა ანგარიშში ევროკავშირთან ურთიერთობას დეტალურად მიმოიხილავს. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილებისთანავე ქვეყანა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას შეუდგა და ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს მთავრობის შეფასებით, გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. „გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს NATO-ში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში საუბარია, რომ ინტენსიური ძალისხმევა იყო მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მთავრობის მხრიდან პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს. პროცედურის მიხედვით, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტს პირველ ივნისამდე წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი ანგარიშს საგაზაფხულო სესიის, ივნისი ბოლომდე ისმენს.
შუა დერეფანი ყაზახეთისთვის მთავარი ალტერნატიული მარშრუტია - მინისტრი
შუა დერეფანი ყაზახეთისთვის ამჟამად მთავარი ალტერნატიული მარშრუტია, განაცხადა ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა, ალიბეკ კუანტიროვმა ასტანის საერთაშორისო ფორუმის წინ გამართულ ბრიფინგზე, იუწყება Trend-ი. „რეგიონში დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, და თურქეთთთან ერთად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე საგზაო რუკას და მოლაპარაკება ვაწარმოეთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა. კუანტიროვმა ხაზი გაუსვა რომ, რა თქმა უნდა, მარშრუტზე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში დამატებითი ინვესტიციებია საჭირო და ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, რადგან ეს მარშრუტი მნიშვნელოვანია ფართო რეგიონისთვის. „ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ყაზახეთისთვის, არამედ, მთელი ცენტრალური აზიისთვის. ამ კუთხით ჩინეთთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა ასევე ჩვენი მთავარი აქცენტია“, - აღნიშნა ყაზახმა ოფიციალურმა პირმა. მისივე თანახმად, შუა დერეფანი ასევე არის ჩინეთის ინიციატივის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ „ლოგიკური ნაწილი“. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ოკუპირებული ყირიმი მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება - დანილოვი
მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპრის მარცხენა ნაპირი წყლით იფარება და ევაკუაციის გზებიც ჩაკეტილია. ამჟამად ქალაქ ალიოშკი იტბორება. ასევე, ნაწილობრივ დატბორილია ათამდე დასახლება. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ. მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.
სმენადაქვეითებული არასრულწლოვან გოგონებზე, სავარაუდო, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო. თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედია: ყაზახეთის, სომხეთისა და ჰონგ-კონგის ბანკები რუსული კომპანიების გადარიცხვებს ბლოკავენ
სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ-კონგის ბანკებმა რუსული კომპანიების გადახდების ბლოკირება დაიწყეს. საუბარია პარალელური იმპორტის საშუალებით მიწოდებული პროცესორების, მიკროსქემებისა და სხვა ელექტრონიკის საფასურებზე. წერს რუსული გამოცემა „მედუზა“ Коммерсант-ზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ კონგის ბანკების შიშს, რომ ისინი აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარებიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, აკრძალეს რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო უცხოური კომპონენტების ექსპორტი. თუმცა რუსი მწარმოებლები პოულობენ სანქციების გვერდის ავლის გზებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს. ეს სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს შვიდ ჩინურ კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ასევე, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ორ მწარმოებელს არაბეთის გაერთიანებული საამიროეობიდან და ერთს - სომხეთიდან. ევროკავშირი შიშობს, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ.
მალიარი: ბახმუტის მიმართულებით შეტევას, მესამე დღეა, ვაგრძელებთ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიარაღებული ძალების შეტევა ბახმუტის მიმართულებით, უკვე მესამე დღეა, გრძელდება. ჰანა მალიაჰის ინფორმაციით, აღმოსავლეთი რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, ბრძოლები გრძელდება რამდენიმე მიმართულებით. „დაძაბული ვითარება შეიმჩნევა მარინკაშიც, მაგრამ ბახმუტის მიმართულება კვლავ რჩება იმ ეპიცენტრში, სადაც რამდენიმე დღეა, დაცვიდან შეტევაზე გადავედით, დღეს მესამე დღეა. და იქ მტერი იძულებულია, მტკიცედ დაიჭიროს თავისი პოზიციები, მაგრამ არ გამოსდის, მათ არ აქვთ საკმარისი ძალა, ჩვენ ახლა ვანადგურებთ მტრის დიდ ძალას და ვხედავთ, რომ ისინი სიღრმიდან გადაანაწილებენ თავიანთ რეზერვებს, რათა შეინარჩუნონ ძლიერი თავდაცვა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ პარალელურად, Washington Post-ი წერს, რომ თეთრ სახლში ადასტურებენ უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებას. აშშ-ის ოფიციალური პირების აზრით, მთავარი მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე სახმელეთო ხიდის გაჭრა, რომელიც აკავშირებს რუსეთს მის საოკუპაციო ძალებთან ყირიმში. ამერიკული მედიის ცნობით, როგორც ჩანს, უკრაინის სტრატეგიის ნაწილია თავდასხმა რამდენიმე ზოლის გასწვრივ, რომ შეძლონ ძალების გადაადგილება, მათ შორის ყველაზე დიდი შესაძლებლობის სამიზნეებზე დასარტყმელად. „ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჯერ არ მიუღიათ დასკვნა, რუსეთმა დაანგრია კაშხალი თუ უკრაინამ. მაგრამ მისმა დაკარგვამ შეიძლება, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს ორივე მხარისთვის. უკრაინისთვის ახლა უფრო რთული იქნება დნეპრის სამხრეთით წინსვლა, მაგრამ ასევე შეიძლება, უფრო რთული იყოს რუსეთის ჯარებისთვის მანევრირება და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცვა“, – წერს WP.
ჩუტყვავილა არის, ბევრი შემთხვევაა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია - იმნაძე
ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი - ჩვეულებრივ, ერთი წელია მატების პერიოდი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩუტყვავილა მძვინვარებს, ტყუილია. ჩუტყვავილა პერიოდულად მატულობს ხოლმე. არის წლები, როცა ბევრია, არის წლები, როცა ცოტაა. ახლა ჩუტყვავილას მატების პერიოდში ვართ. ჩუტყვავილა დიდებში უფრო რთულად მიმდინარეობს, ხოლო ბავშვებში, საბედნიეროდ მსუბუქად გვხვდება. ეს შეიძლება ერთი წელიწადი გაგრძელდეს. ჩუტყვავილას სეზონურობა კი არ აქვს - ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი მოიმატებს ძალიან, მერე ერთი-ორი წელიწადი ნაკლები შეიძლება იყოს. ეს არის ჩუტყვავილას ეპიდემია. ჩუტყვავილა არის, ბევრია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი. ჩვეულებრივ ერთი წელია მატების პერიოდი", - განაცხადა იმნაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა „მისი დამოუკიდებლობა კითხვება აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით“. პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის საქმიანობას - "ქართული ოცნება" „მოგეხსენებათ დღეს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება ეროვნული ბანკის საქმიანობას. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ, მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა“, - განაცხადა მსხილაძემ.
დროა, ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, გრძელვადიან მშვიდობაზე იზრუნოს - პაპუაშვილი
დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატოს მოედანზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „როგორც ტრანზიციაში მყოფი ქვეყანა, რომელიც ძლიერ, მედეგ და დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, საქართველო ჯერაც გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ფრანგი და სხვა მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას და ჩვენი ხედვის განხორციელებას მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატოსა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატოს მოედანზეა. პრეზიდენტი მაკრონი ევროპული მიზნების გამორჩეული მხარდამჭერია. დროა, ევროკავშირმა იზრუნოს გრძელვადიან მშვიდობაზე წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზით. ჩვენს ორ სახელმწიფოს საერთო ისტორიისა და კულტურის საინტერესო პერიოდები აკავშირებდათ. დღეს კი, ჩვენ ვერთიანდებით დემოკრატიისა და ევროპული მომავლის საერთო მიზნებით. ღმერთი ფარავდეს ამ ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს. დაე, კიდევ მრავალი ათწლეული ვითარდებოდეს ჩვენი პარტნიორობა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ, უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფოთა საბჭოს, შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატას, რომ გადადგა ნაბიჯი შვეიცარიული იარაღის რეექსპორტის განბლოკვისთვის. დმიტრო კულება მადლობას უხდის შვეიცარიას სოლიდარობისთვის იმ ფონზე, რომ ის ნეიტრალიტეტს იცავს. „ჩვენ მოუთმენლად ველით შემდგომ ნაბიჯებს“, - წერს კულება. მანამდე, პირველ ივნისს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა საბჭომ არ დაამტკიცა ხსენებული ცვლილება. ზედა პალატის მიერ საკითხის კენჭისყრის შემდეგ კი, კანონში ცვლილებებს ისევ განიხილავენ. ცნობისთვის, შვეიცარიის სახელმწიფო საბჭომ, პარლამენტის ზედა პალატამ, უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვა. გადაწყვეტილებას 22 მომხრე და 17 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ოთხი კი, თავი შეიკავა. ცვლილებების მოწინააღმდეგეები შვეიცარიის მიერ ნეიტრალიტეტის დარღვევის რისკზე საუბრობდნენ. რეექსპორტი შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არ არღვევენ და იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იყენებენ. საბოლოო გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, ცვლილებას მხარი უნდა დაუჭიროს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტის ქვედა პალატა). პირველ ივნისს ეროვნულმა საბჭომ მსგავსი ინიციატივა უარყო.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6137 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6137 ლარი გახდა. "ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6137 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6173 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8001 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7992 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.