ძებნის რეზულტატი:

ახალი ზელანდია რუსეთსა და ბელორუსს დამატებით სანქციებს უწესებს

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელორუსს დამატებით სანქციებს უწესებენ. ახალი სანქციების სამიზნეა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, გასამხედროებულ ჯგუფები და პირები, რომლებიც უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობენ. „ეს სანქციები ეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 14 ფიზიკურ პირს და სუბიექტს. ისინი ავითარებენ, აწარმოებენ ან ყიდულობენ იარაღს, ელექტრონულ კომპონენტებსა და ტექნოლოგიას (როგორიცაა მიკროელექტრონიკა და ნახევარგამტარები), რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საწარმოებლად. „ბელარუსი ჯუ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთს, რადგან ის აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას. ბელორუსის რეჟიმმა დაადასტურა, რომ რუსეთის კონტროლირებადი ბირთვული იარაღი განლაგებულია მის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. ახალი ზელანდია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გავრცელებას და გაზიარებას და ამ ნაბიჯს ხედავს, როგორც პირდაპირ საფრთხეს უკრაინის, მისი მეზობელი მოკავშირეებისთვის, ასევე, ეს არის რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართული შემდგომი მცდელობა“, - განაცხადა მინისტრმა.  

ახალგაზრდას, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კითხავენ

21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციას ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებს.  შემთხვევა თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ლაშა ჟღენტი ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს იმ პოლიციელებს, რომლებმაც ის გასაჩხრეკად ძმასთან ერთად სახლის სიახლოვეს გააჩერეს. „მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მანქანაშიც მირტყეს თავში“, - ამბობს ის „მთავარ არხთან.“ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს მისი ძმაც, ლუკა ჟღენტი. ახალგაზრდების დედამ სოციალუ ქსელში დაწერა, რომ მომხდარის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ბიჭების 76 წლის ბებიას, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობრივ ქმედებას შეესწრო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ეს დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ - ამ მუხლით გამოძიება დაიწყო 160-ზე მეტ შემთხვევაში.  

ეკა ბესელია ექსპრემიერ გახარიასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს.  ეკა ბესელიამ ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გახარიას ახალი პროცესის შექმნის რესურსი და გამოცდილება აქვს. „გიორგი გახარიას უდავოდ აქვს ის რესურსი, რომ მისი გამოცდილებით, თუ თავისის შესაძლებლობებით შექმნას ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მასთან ერთად და უფრო ფართოდ დავინახავდი ამ კონფიგურაციას. მათ შორის [ყოფილი მინისტრები შეიძლება ვნახოთ] რატომაც არა. ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო მთავრობაში, რომლის რესურსი გამოსაყენებელია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ჩვენ ევროპული ოჯახი ძალიან გვჭირდება", - განუცხადა ბესელიამ „მთავარ არხს.“ კითხვა, შესაძლებელია თუ არა ამ გაერთიანებაში ვიხილოთ სხვა ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ბესელიამ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია. მანამდე, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს, მათ შორის, გიორგი გახარიასთან. „ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც, ამიტომაც ყველაფერ ამას ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, რომ იფიქრონ გამსხვილებაზე. შესაძლოა, იყოს რამდენიმე კონფიგურაცია, ეს ცუდი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი ვერსია იქნებოდა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ უნდა იყოს ორი არჩევანი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, არ იყოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ და კიდევ იყოს ერთი ალტერნატივა, რომელიც წარსულით დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები, ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთი ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ და ვერ ვიქნები და დანარჩენი არ ვიცი როგორი კონფიგურაცია იქნება. ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც მე მახსოვს იყო „ქართული ოცნების“ იდეასთან და ყველა ვისაც ჰქონდა პრინციპები და საკუთარი შეხედულებები, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს არ მოგვწონს, თითქმის ყველა წამოვიდა [„ქართული ოცნებიდან“]. შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე - „ოცნების“ ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში. [ამ საკითხზე] მაქვს კონსულტაციები ყველასთან, ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ასევე გიორგი გახარიასთან, მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია, მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, 20 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.  

CIA-ს დირექტორის თქმით, რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში გემებზე თავდასხმის ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს. „ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, რომ რუსები განიხილავენ ცრუ დროშის ოპერაციებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეძებენ გზებს, რომ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმები განახორციელონ და შემდეგ შეეცადონ, უკრაინა დაადანაშაულონ,“ - განაცხადა უილიამ ბერნსმა. CIA-ს დირექტორი პრიგოჟინზე, უკრაინის კონტრშეტევასა და რუსეთის „თავდაცვის სისუსტეებზე“ ინფორმაციისთვის, „ცრუ დროშის" ოპერაცია გულისხმობს პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებას, როდესაც ერთი მხარე საკუთარ მოქმედებას ნიღბავს მოწინააღმდეგის დადანაშაულების მიზნით. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას დეზინფორმაციით ნიღბავს შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და  მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს. როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა. აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. „როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება         კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ

ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალდებულებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კერძო კომპანიის ყოფილ დირექტორის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვისა და აკაკი ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძეს მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა. ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. აკაკი ნოზაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მინიმალურის, 2 000 ლარის გირაოს გამოყენებას, ზურაბ ამაშუკელის ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 2000 ლარს სთავაზობდა, ალექსანდრე ბელოუსოვის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 3 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და ის მისამართლეს 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა, რათა აღნიშნულის გადახდა შეძლებოდა. "მაქსიმალურად ვცდილობ გამოძიებას მივეხმარო, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, გამოძიების ეტაპზე 3-ჯერ დავტოვე საზღვარი და უკან დავბრუნდი",- განაცხადა არჩვაძემ. ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას თაღლითობას, თაღლითობის მცდელობას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავებიან. პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლებისა და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ცნობისთვის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.  

სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოში აჩვენეს - PHR

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვის მიმართ, რომელიც ჰომოფობიურ ვიდეოში აჩვენეს, დამცავი ორდერი გამოსცა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) წარმომადგენელი იუწყება. (PHR) სასამართლოში ბავშვის ინტერესებს იცავდა. ორგანიზაციის იურისტი ანა თავხელიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს: „სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს.“ ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ გამოსცა 9-თვიანი ორდერი, რომლის ძალითაც ხსენებული ვიდეოს გამავრცელებელს აეკრძალა ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა ორგანიზაცია „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრ, ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც Facebook-ზე გაავრცელა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი არასრულწლოვნის მონაწილეობით.   

ზელენსკიმ ზალუჟნის და სხვა ლიდერებს დაავალა, „მარცვლეულის ინიციატივის“ გასაგრძელებლად მოემზადონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების უზრუნველსაყოფად ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მთავარ მეთაურს ზალუჟნის, სარდალ ნეიჟპაპას და მინისტრ კუბრაკოვს [მიიღეს ბრძანება] მოამზადონ ზომების ნაკრები „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების გასაგრძელებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, შეიმუშაოს მსგავსი დიპლომატიური ნაბიჯები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა უკრაინის პორტებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე, თურქეთთან და გაეროსთან ძალაში რჩება. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“

მედია: საქართველოში „იუნისტრიმით“ გადარიცხვები შეჩერებულია

მედიის ცნობით, „იუნისტრიმის“ სისტემა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულის გადარიცხვისთვის, მუშაობას აჩერებს. „იუნისტრიმი“ ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში გადარიცხვების სისტემების სიიდან უკვე გაქრა, გადარიცხვები შეჩერებულია საქართველოს ბანკშიც. მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინებიან საკრედიტო ორგანიზაციები. 2022 წელს ამ სისტემის გამოყენებით რუსეთიდან საქართველოში 11 მლნ დოლარი გადმოირიცხა. „Юнистрим“ -ის გარდა ამერიკული სანქციები შეეხო „Тинькофф Банк“-ს, „Локо-Банк“-ს და ბანკს "Солидарность"-ს „Тинькофф“,-მა საქართველოში გადარიცხვები ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა.  

ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმებაზე: ვიცით, რომ პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდა მიიღონ ზომები

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციისას, ან თურქეთში ვიზიტის დროს. „რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას," - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანის განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა გამოიწვევს სურსათზე ფასების ზრდას, შიმშილს ზოგიერთ რეგიონში და მიგრაციის ახალ ტალღებს. „ვფიქრობ, ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ბატონ პუტინთან და უზრუნველვყოფთ, რომ ეს ჰუმანიტარული მოძრაობა გაგრძელდეს. ვიცით, რომ მას დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ზალუჟნის და სხვა ლიდერებს დაავალა, „მარცვლეულის ინიციატივის“ გასაგრძელებლად მოემზადონ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“  

ეკომომიკის მინისტრის მოადგილე აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან აარუნ ვენკატარამანთან. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სავაჭრო ბალანსი დადებითი დინამიკით ხასიათდება, ხოლო აშშ-ს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში კომერციის დეპარტამენტის მიერ „სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის" დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში შედგება. გენადი არველაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობზე და სახელმწიფო პროექტებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პარტნიორების მოძიების მიზნით. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან. „ამერიკულმა მხარემ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოზიტიურად შეაფასა. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ვაჭრობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებში,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.   

აზარაშვილი ეპილეფსიის მედიკამენტზე შესაძლო ხელოვნური დეფიციტის შექმნის საკითხს განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ მსგავსი ქმედება არის სამწუხარო ფაქტი. „რეალურად, მთელი გასული კვირის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი პრეტენზია იყო როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ საჭირო ერთადერთი მედიკამენტი იყო დეფიციტში, ვერ ნახულობდნენ ვერცერთ აფთიაქში. შესაბამისი რეაგირება მაშინვე მოვაყოლეთ. როცა ეს ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებსა და საწყობებში, აფთიაქებში არ იყო და საწყობებში დავინახეთ. კომპანიებს განზრახ არ ვამბობ, რადგან მოკვლევის ეტაპზეა. ათასობით კოლოფი იქნა საწყობებში ნანახი. აქ შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები, მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. სავარაუდოდ, ეს დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი, იქნებ გაზრდილიყო. ეს არის სამწუხარო ფაქტი. 7 ათასამდე მედიკამენტია ბაზარზე და ბაზაში. ჩვენ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვექნება. გამოვავლენთ და შესაბამისი რეაგირება იქნება სანქციების და ადმინისტრაციული კუთხით, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. კონკურენციის სააგენტო უფრო მეტ დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პრობლემა აღმოფხვრილია,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მისივე თქმით, რეფერენტული ფასი სამწუხაროდ, გაიზრდებოდა, საწყობში ეს ნაშთები უწყებას რომ არ აღმოეჩინა. „დღეს საწყობში საკმარისი მარაგებია, მომდევნო ერთი თვის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს,“- განაცხადა აზარაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრომ 20 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა.  

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის მიზნით, განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში ექნებათ, რომელთა წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოეწერა. მინისტრის თქმით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება. თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს „კიდევ რაც მინდოდა მეთქვა არის ონკოლოგიური ბავშვების პროგრამასთან დაკავშირებული. იმ კლინიკებთან, რომელიც შეირჩა, უკვე მოეწერა კონტრაქტებს ხელი. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და ამ პროცესის ორგანიზება სპეციალური ბორდის მეშვეობით, თუ რომელი ბავშვს რომელ კლინიკაში შეგვიძლია შევთავაზოთ გაშვება, ადგილზე იმკურნალებს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. რაც ბავშვისთვის ყველაზე უფრო სასურველი პროცესია დაავადების განსაკურნებლად, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. შესაბამისი საბჭო უცხოელი ექიმების ჩართულობით უკვე შევქმენით, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც ამა თუ იმ კლინიკაში შეიძლება გაეწიოს. შემდეგ მოხდება მშობლებისთვის შეთავაზება. შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს რეკომენდაცია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება და საქართველოშიც და თვითონ მშობელს შეეძლება გადაწყვეტა, თუ სად ურჩევნია. საქართველოში იქნება თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ორივე შემთხვევაში ვაფინანსებთ სრულად,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ზურაბ აზარაშვილმა ის კონკრეტული კლინიკებიც დაასახელა, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვები შეძლებენ მკურნალობას. „საქართველოში იაშვილის კლინიკაშია გარკვეული სერვისები, ასევე ისრაელში „იხილოვის“ კლინიკა , ასევე ესპანეთში „ქირონის“ კლინიკა, სადაც პროტონოთერაპიაც შეგვეძლება გავუკეთოთ და თურქეთში „ანადოლუს“ კლინიკა,“ - განაცხადა მინისტრმა.  

მთავრობა: სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება

მთავრობის განცხადებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.  „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება,“ - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.  

პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი ბელორუსის წინააღმდეგ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვლება. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. „სავარაუდოდ, პოლონელი ლიდერები NATO-ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას ეყრდნობიან, რათა უშუალოდ ჩაერთონ უკრაინის კონფლიქტში იმ მიზნით, რომ საკუთარი თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მოწყვიტონ. დაიბრუნონ თავიანთი ისტორიული მიწები, როგორც ფიქრობენ, ამჟამად დასავლეთ უკრაინაში. ცნობილია, რომ ისინი ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. რაც შეეხება უკრაინის რეჟიმის პოლიტიკას, ეს მათი საქმეა. მათ თუ უნდათ, უღალატონ თავიანთ ქვეყანას და გაყიდონ რაღაცები, როგორც ამას ყველა მოღალატე აკეთებს, რათა გადაუხადონ პატრონებს, ეს მათი საქმეა. ჩვენ არ ჩავერევით. რაც შეეხება ბელორუსს, ის საკავშირო სახელმწიფოს ნაწილია. ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით,“ – აღნიშნა პუტინმა. რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.  

ალიევი: წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება. ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. „შესწავლითი სამუშოა უკვე დაწყებულია და ველოდებით, რომ პრეზენტაცია ალბათ სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება,“ – განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას. მისივე თქმით, „გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისიაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ.“ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ევროკავშირის კომპანიები შავი ზღვის კაბელების პროექტში ჩაერთვებიან და საქართველოსთან მჭიდროდ იმუშავებენ - ანალიზი NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს  

კელი დეგნანი: მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული კანონი, რომელიც მარტში უკან გაიწვიეს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან. ელჩმა ამის შესახებ მედიის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია, რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებში იმუშაონ. აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული სიტუაციებია“, - განაცხადა კელი დეგნანმა. საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. ამერიკის საელჩომ განცხადებაში მიუთითა რომ ეს „საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე" იყო. საბოლოოდ, ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ჩააგდო.  

ალიევი: იმედი მაქვს, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები

„სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი წარმატებით განხორციელდა და უკვე ორ წელზე მეტია, აზერბაიჯანი გახდა ევროპის მნიშვნელოვანი გაზის მიმწოდებელი“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას თემაზე - „ახალი მედია მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.“ იტყობინება AZERTAC-ი.  „ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს სანდო პარტნიორად ასახელებს, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კი აზერბაიჯანს გაზის პან-ევროპულ მიმწოდებელს უწოდებს. და ეს ასეა, რადგან ევროპისკენ ჩვენი გაზის მიწოდების გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება და, იმედია, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ქვეყანა, კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები,“ - აღნიშნა ალიევმა.  

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების ფონზე აცხადებს, რომ შავ ზღვაში „წვრთნებს“ მართავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2023 წლის 20 ივლისიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, „კიევის რეჟიმის“ მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 21 ივლისს იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა საბრძოლო ამუნიციის გამოყენებით „წვრთნა“ ჩაატარა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში. „შავი ზღვის ფლოტმა განახორციელა სამხედრო წვრთნა რეალური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომლის სამიზნე გემი იმყოფებოდა სამხედრო მომზადების პოლიგონზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში," ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.  

ზელენსკიმ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის გამართვას აპირებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისასა განაცხადა. „ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. განიხილება შავი ზღვის რეგიონი, სურსათის უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკების გამართვას გვიან საღამოს გეგმავს. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ „პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდა მიიღონ ზომები.“ კონტექსტი რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებიდან მეოთხე დღეს აცხადებს, რომ შავ ზღვაში „წვრთნებს“ მართავს. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ელჩი დეგნანი: იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე

2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე დაუსვა მედიამ შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს 21 ივლისს. დიპლომატის თქმით, მომავალი არჩევნები ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, მივიდნენ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე და მისცენ ხმა. ასე რომ, იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს - ცესკო