ძებნის რეზულტატი:

პრიგოჟინმა ბელორუსში „ქონების მართვის კომპანია“ დაარეგისტრირა - მედია

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ბელორუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა. გავრცელებული ცნობებით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. რეგისტრაციის მისამართი ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში მდებარეობს, რომლის მახლობლადაც „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი „აჯანყების“ შემდეგ განთავსდა. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 200 ბელორუსული რუბლია, რაც დაახლოებით 7 ათას რუსულ რუბლს უდრის. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავად პრიგოჟინია, მისი მფლობელი კი - რუსული კომპანია „კონკორდი“, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის. ბელორუსული კომპანიის საქმიანობის ერთადერთი სახეობაა „უძრავი ქონების მართვა.“ პრიგოჟინის თვითმფრინავი „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, რუსეთიდან ბელორუსში მეოთხედ ჩაფრინდა - მედია

ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა

ვარშავამ დაიბარა რუსეთის ელჩი პოლონეთში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლონეთს დაემუქრა. მას შემდეგ, რაც 5000 ვაგნერის მებრძოლი ბელორუსში ჩავიდა მათი ხანმოკლე აჯანყების შემდეგ, პოლონეთმა განაცხადა, რომ საზღვარს გააძლიერებს. პუტინი კი 21 ივლისს ამტკიცებდა, რომ პოლონეთი „ოცნებობს ბელორუსულ მიწებზე" და რომ ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას: „ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით,“ – აღნიშნა პუტინმა. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ სტალინმა პოლონეთს მიწები აჩუქა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, „სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასიათასობით პოლონელის სიკვდილზე“. „ისტორიული სიმართლე სადავო არ არის. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ,“ – განაცხადა მორავეცკიმ. რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.  

ინგლისის ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი დაარქვეს

ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა. BBC-ს ცნობით, გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ჰარლოუს დეპუტატი, რობერტ ჰალფონი ესწრებოდა. დეპუტატის თქმით, ჰარლოუ ზელენსკის სახელობის ქუჩისთვის შესაფერისი ადგილია, რადგან ეს ქალაქი აშენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ლონდონელი ოჯახებისთვის. „ახალი ქალაქი ჰარლოუ წარმოიშვა, როგორც ფენიქსი ფერფლიდან. ჩვენ გვინდოდა, უკრაინელებისთვის გვეჩვენებინა, რისი გაკეთება არის შესაძლებელი. რუსეთზე გამარჯვების შემდეგ მათ ექნებათ ახალი ლამაზი ქალაქების აშენების შესაძლებლობა,“ - განაცხადა რობერტ ჰალფონმა.  

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიმართა და ფიცის დადება მიულოცა. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 8-კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.  ფიცის დადების ცერემონიას ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.  

სახელწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰეიდი გომესს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული პარტნიორობის მომავალში კიდევ უფრო განვითარების პოტენციალზე, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობას, რომელიც საქართველოზეც აისახება. აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგამს, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთი სტრატეგიული პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე ასევე მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხი, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება. ხაზი გაესვა აღინიშნული პროექტის სტრატეგიულობას საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ასევე ითქვა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო - აშშ - ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრის ახლო მომავალში გამართვის საკითხი. გენადი არველაძემ ჰეიდი გომესი პირადად მოიწვია თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე აშშ - ის, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. ეკომომიკის მინისტრის მოადგილე აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ზელენსკი: შავი ზღვა რუსეთს არ ეკუთვნის

შავი ზღვა არ ეკუთვნის რუსეთს, რადგან სხვა ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ასევე არიან იქ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს, 21 ივლისს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ასპენის უსაფრთხოების მე-14 ყოველწლიურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ ვეძებთ გზებს (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განბლოკვისთვის - რედ.). ჩვენ ვესაუბრეთ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, მე პირადად ვესაუბრე მას. მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რათა განმეხილა შექმნილი კრიზისი.  შავი ზღვა რუსეთის ფედერაციას არ ეკუთვნის: არიან უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ჩვენ ვსაუბრობთ შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს არსებითი პრაგმატული ადამიანური ურთიერთობები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამართლებრივი ურთიერთობა ყველასთან, რუსეთის გარდა. რუსეთს მიაჩნია, რომ შავი ზღვა არის წმინდა რუსული“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს, არ დაკარგოს ერთიანობა, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის დღევანდელ რეალობაში. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ შავ ზღვაში არსებული ვითარება განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია შავის ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისა და მდგრადი მუშაობისთვის." „სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. განვიხილეთ ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულება და შემდგომი ნაბიჯები უკრაინის NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასებები შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და რისკებზე, რომლებიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება. გარდა ამისა, განვსაზღვრეთ პრიორიტეტული და სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია შავის ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისა და მდგრადი მუშაობისთვის," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

Bloomberg: ჯეიმს კლევერლიმ ჩინელი დიპლომატის „გაუჩინარების“ ფონზე, პეკინში ვიზიტი გადადო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლერლიმ პეკინში,  ამ თვეში დაგეგმილი ვიზიტი გადადო იმ ფონზე, რომ ჩინელი დიპლომატი ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა. ამის შესახებ Bloomberg-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის არყოფნა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტი გადადო.  ამავე წყაროს ცნობით, ორი ქვეყანა ვიზიტისთვის ალტერნატიულ თარიღებს განიხილავს. ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს  

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი უკრაინაში დაიღუპა

უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი, როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა. სააგენტო წერს, რომ ჟურნალისტი დაიღუპა „უკრაინული დაბომბვის დროს“, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვასილიევკიდან სოფელ ვლადიმიროვკისკენ. ამავე წყაროს ცნობით, დაიჭრა მათი ფოტოჟურნალისტი კონსტანტინ მიხალჩევსკიც. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ჭურვებით განხორციელებულ იერიშში მოყვა რუსეთის რამდენიმე ჟურნალისტი. დაიღუპა „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი როსტისლავ ჟურავლიოვი. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, დაშავებულები არიან „იზვესტიის“ კორესპონდენტი, რომან პოლშაკოვი და ოპერატორი, დმიტრი შიკოვი, ხოლო მათ შორის, ვინც ცეცხლის ქვეშ მოექცა, იყვნენ TASS-ისა და ტელეკომპანია „როსიის“ კორესპონდენტები. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან ომს ათობით უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი და ბლოგერი ემსხვერპლა. მათ შორის, ვერა გირიჩი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი, გასული წლის აპრილში კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უკრაინელი ფოტოგრაფი, მაქსიმ ლევინი რუსმა ჯარისკაცებმა შარშან მოკლეს. ხოლო რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა კიევის დაბომბვისას დაიღუპა.  

ზელენსკი: მჯერა, რომ ვუახლოვდებით ეტაპს, როდესაც შესაძლოა, კონტრშეტევის ტემპი დაჩქარდეს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსული ჯარების შევიწროების დაწყება მოხერხდა მხოლოდ ერთი კვირის წინ - გაცილებით გვიან, ვიდრე ამას კიევი მოელოდა, რადგან მანამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდათ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა, იარაღი და არ ჰყავდათ სათანადოდ მომზადებული მებრძოლები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოპერაციის დაწყების იძულებით შეფერხებამ რუსეთს საშუალება მისცა, დაენაღმა მისთვის საჭირო ტერიტორია და აეგო თავდაცვითი ზღვრები, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფრონტზე დინამიკა შეიცვლება. ამ თემაზე ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ოთხდღიან ფორუმზე ვიდეჩართვისას ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა წინა შეფასება, რომ კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე მას ისურვებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინა უკან არ იხევს.“ „ის თანდათან ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც შესაბამის ქმედებებს შეუძლია, კონტრშეტევის ტემპი გაზარდოს. მესმის, რომ უკეთესია დავინახოთ, რომ გამარჯვება უფრო ადრე მოვა. ეს არის ის, რაც ჩვენც გვინდა," - აღნიშნა ზელენსკიმ. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

შვედეთი უკრაინის აღდგენისთვის $581 მილიონს გამოყოფს

შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენისთვის  522.6 მილიონი ევროს (581 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. თანხები მოხმარდება უკრაინაში რეკონსტრუქციისა და რეფორმების შესახებ სტრატეგიას, რომელიც 2023-2027 წლებში უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ შედეთში საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, იოჰან ფორსელმა 21 ივლუსს, უკრაინის ეკონომიკის მინისტრ, იულია სვირიდენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინული მხარის განმარტებით, ეს არის ყველაზე დიდი დაფინანსება შვედეთის ისტორიაში და უკრაინა გახდა მისი მიმღები. შვედეთის მიერ გაღებული თანხები ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, მწვანე განვითარების, სამეწარმეო, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში ინიციატივების განხორციელებისკენ იქნება მიმართული. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

რუსი ჩოგბურთელი ვერა ზვონარევა პოლონეთში არ შეუშვეს

რუს ჩოგბურთელს, ვერა ზვონარევას პოლონეთში შესვლა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზეზით აუკრძალეს. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. 38 წლის ზვონარევა იმ სპორტსმენთა სიაშია, რომლებიც ვარშავის ღია ტურნირის განაცხადში არიან. „სასაზღვრო დაცვამ რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა საფრანგეთის ვიზის გამოყენებით ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბელგრადიდან ვარშავაში რეისით,“ - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სერბეთიდან ჩასვლის შემდეგ, ჩოგბურთელი ვარშავის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დარჩა და მონტენეგროში, პოდგორიკაში გაფრინდა“. რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა.  

ზელენსკიმ სტოლტენბერგს NATO-უკრაინის საბჭოს მოწვევის წინადადებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, NATO-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა. „ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - უკრაინა-NATO-ს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა, იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. „ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი NATO-ს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოიწვიოს საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რა მოხდა მოსკოვის მახლობლად, სადაც შეიარაღებული კაცი კრემლისკენ „მარშირებით იმუქრებოდა“ - დეტალები

მოსკოვის ოლქში, სოფელ შერვუდის მახლობლად, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი ერთ-ერთ სახლში სახლში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიციას ესროლა და ამბობდა, რომ კრემლში შეღწევას აპირებდა. ტელეგრამ არხ „ბაზას“ ცნობით, კაცი ყვიროდა, რომ „ცოტა ხნის წინ დაბრუნდა “სპეცოპერაციიდან." (ასე რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ომს უწოდებენ). ამასთან, მძევლების აყვანის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. კრემლის მიერ კონტროლირებადმა TASS-მა დაწერა, რომ სახლში ხალხი არ იყო, „ბაზა“ კი, იტყობინება, რომ მათ მოახერხეს სახლის დატოვება. „ბაზას“ ინფორმაციით, პირი კალაშნიკოვის თოფით იყო შეიარაღებული. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სპეცრაზმი (SOBR) და პოლიციის სპეციალური ძალების (OMON) მებრძოლები. TASS-ის წყარო უსაფრთხოების ძალებიდან ირწმუნება, რომ შეიარაღებულმა კაცმა „მოლოტოვის კოქტეილიც“ ისროლა, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ კაცმა ავტომატური იარაღიდან სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომლებმა რაიონის პოლიციას გამოუძახეს. პარალელურად ის სკანდირებდა „პოლიტიკურ ლოზუნგებს“ და ამბობდა, რომ კრემლში შესაღწევად იარაღის მთელი არსენალი შეკრიბა. რუსული სამართალდამცავი უწყების ცნობით, „მოქალაქემ არ უპასუხა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს, უგულებელყო ჩაბარების მოწოდებები, ესროლა პოლიციელებს, რის შემდეგ აცგამოყენებული იყო სამსახურებრივი იარაღი და სპეციალური საშუალებები." ოფიციალური პირის ინფორმაციით, შეიარაღებული კაცი რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის მცხოვრები იყო. ოფიციალური ცნობებით, ის ლიკვიდირებულია. ზოგიერთი რუსული მედია ამტკიცებდა, რომ კოტეჯი, რომელშიც შეიარაღებული შეიჭრა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, მოსკოვის მიმართ მეგობრულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს ეკუთვნოდა, რომელსაც მასობრივი პროტეტის შემდეგ რუსეთმა თავშესაფარი შესთავაზა. გავრცელებული ცნობით, კოტეჯი გასაყიდად არის მზად და მისი ამჟამინდელი მფლობელი ინციდენტის დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა. Associated Press-ი წერს, რომ ინციდენტმა მედიის ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ხანმოკლე „აჯანყება“და კრემლისკენ მარშირება წამოიწყო.  

უკრაინამ რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა

Sense Bank (ყოფილი ალფა-ბანკი უკრაინა) ოფიციალურად გახდა სახელმწიფოს საკუთრება. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. უკრაინა რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაციას გეგმავს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა (NBU) მთავრობას 20 ივლისს წარუდგინა წინადადება, რომლითაც მთავრობას უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ბანკის ნაციონალიზაცია მოსთხოვა. გამომძიებელმა რეპორტიორებმა მაისში აღმოაჩინეს, რომ ფრიდმანის კომპანია Alpha Insurance Firm, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მანქანებს აზღვევს. უკრაინული გამოცემა kyivindependent-ის თანახმად, ასევე ცნობილია, რომ კომპანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ოფისს უწევს მომსახურებას. ფრიდმანი, რომელიც ლვოვში დაიბადა, რუსული კომპანია Alpha Group-ის დამფუძნებელია. ის ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება და დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, რის შემდეგაც თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 29 მაისს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების მფლობელობაში მყოფი ბანკების ნაციონალიზაციის საშუალებას იძლევა.  

აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი მილიონერი გარდაცვლილი იპოვეს - მედია

40 წლის რუსი მილიონერი ბიზნესმენი, ტექნოლოგიური კონგლომერატი ICS Holding-ის დამფუძნებელი ანტონ ჩერეპენნიკოვი, რომელზეც აშშ-ის სანქციები ვრცელდებოდა, მკვდარი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ოფისში, მოსკოვში. რადიო თავისუფლების ცნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა სიკვდილის წინასწარ მიზეზად გულის გაჩერება დაასახელეს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თებერვალში ჩერეპენნიკოვს სანქციები დაუწესა იმის გამო, რომ ის იყო „ციტადელის“ საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი და ხელმძღვანელი“. აშშ-ის ხელისუფლების თქმით, „ციტადელმა“ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპიუტერული ქსელებიდან ფინანსური და პერსონალური ინფორმაციის მოსაპარად არის შექმნილი. სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, ICS Holding-ი ასევე დაკავშირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან.  

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსს პროგნოზირებენ

25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება. თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.  

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმებმა 22-23 ივლისის ღამეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოდესის ფერისცვალების ისტორიულ ტაძარს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.   ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა ძლიერ დაზიანდა ან განადგურდა თავდასხმის შედეგად, მათ შორის საკათედრო ტაძარი. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან ხატი ამოიღეს, (კასპეროვის ხატი). ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ცნობისთვის, ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. ის 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა. სარესტავრაციო სამუშაო წარმოებს 1999 წლიდან, ძირითადად შემოწირულობებით. 2010 წელს, როდესაც ოდესის ეპარქიის გადაეცა, ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.  

კულება: ეს არის თავდასხმა გლობალურ საზოგადოებაზე, მოვუწოდებ ყველას, დაგმოს ომის დანაშაული

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთნ დაკავშირებით აცხადებს, რომ „რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს UNESCO-ს მიერ დაცულ საკულტო ადგილებს ოდესაში.“ „ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული,“ - წერს კულება Twitter-ზე. ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.  

რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. „რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი... რუსულ ბოროტების გამართლება შეუძლებელია. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება დამარცხდება. და ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ. აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი, რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.