ძებნის რეზულტატი:

ლიეტუვა რუსებს, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბინადრობის უფლებას ართმევს

ლიეტუვამ ქვეყნის შიგნით მცხოვრებ 100-ზე მეტ რუსს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა, რადგან ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია. Euronews-თან გაზიარებულ მონაცემებში, ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2022 წელს 38 რუსს ჩამოართვეს მუდმივი საცხოვრებლის უფლება, დამატებით 97-ს  - ამ წელს. სულ  კი - 135-ს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მიუხედავად მზარდი შეზღუდვებისა, მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მსურველი რუსების რიცხვი გაორმაგდა 2021-2022 წლებში და თითქმის 4000-ს მიაღწია. ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (VSD) გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გააძევა რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვოდო, რომელიც თავს „ჟურნალისტად“ მოიხსენიებდა.  „მას ჰქონდა „არალოიალური შეხედულებები ლიეტუვის მიმართ, ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდას სოციალურ მედიაში და ჰქონდა კონტაქტები რუსულ და ბელორუსულ სადაზვერვო სამსახურებთან“, - აცხადებს ლიეტუვის უწყება.  ვოდო საკუთარ თავს LinkedIn-ზე, თავისუფალ ჟურნალისტს უწოდებს, რომელიც რამდენიმე რუსულ საშუალებებში მუშაობდა, თუმცა Euronews-ი წერს, რომ არ შეუძლია ამ ანგარიშის ავთენტურობის გადამოწმება. მედიის თანახმად, მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში, ბალტიის პატარა სახელმწიფოში უსაფრთხოების შეშფოთება გაამძაფრა. რუსეთის ანკლავის კალინინგრადის მოსაზღვრე კიევის მტკიცე მოკავშირე ოდესღაც სსრკ-ს ნაწილი იყო და ახლა უფრთხის რევიზიონისტულ რუსეთს.  

ISFED-ის ცნობით, სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესის 27 მონაწილე სამინისტროს უჩივის

2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომში სამინისტრო) საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, რომელთაგან 27-მა „სამართლიან არჩევნებს” სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია 27 პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს. 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ჯამში რეგისტრირებული იყო 3205 პირი, რომელთაგან გამოცდაზე არ გამოცხადდა 1366 პირი. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგება - წერითი გამოცდა და ზეპირი გასაუბრება. გამოცდაზე გამოცხადებული 1839 ადამიანიდან გასაუბრების ეტაპზე 755 გადავიდა. 2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით სამინისტრომ ჩაატარა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება. მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ. ორგანიზაციის თანახმად, სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე. 2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ. განათლების სამინისტროს პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ გაუვრცელებია.  

DRI: სადაო კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს

ოკუპირეულ აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. DRI-ს თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის იქ ქონების შეძენასთან დაკავშირებული აკრძალვები არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი. „წლების განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ცდილობდნენ და წარმატებით ახერხებდნენ საკითხის განხილვის გადავადებას. თუმცა, რუსული მხარის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის ცხელ დღეებში აფხაზეთის პარლამენტი „აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტია. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასლან ბჟანია დე ფაქტო პარლამენტისგან კანონპროექტის მიღებას ივლისის თვეშივე მოითხოვს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა. მართალია, ქონების საკუთრებაში ქონა ვერ გახდება ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის უფლების ან მოქალაქეობის მიღების საფუძველი, თუმცა, აფხაზური საზოგადოების ძირითადი ნაწილი კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. მათი აზრით, ახალი კანონმდებლობის მიზანი ოკუპირებული აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსების საკუთრებაში გადაცემა იქნება“, - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, რომელიც სადავო კანონპროექტს მიმოიხილავს. „მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგ იმ მოტივით ილაშქრებს, თითქოსდა ის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას, თუმცა, აშკარაა რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი რუსი „ინვესტორების“ მიმართ. აფხაზების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აფხაზეთის საკუთრებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგავს. რუსული ინვესტიციების ჩადება გალის რეგიონშიც მოიაზრება ძველი სასტუმროების ადგილზე,“- წერს ორგანიზაცია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია. მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგ იმ მოტივით ილაშქრებს, თითქოსდა ის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას, თუმცა, აშკარაა რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი რუსი „ინვესტორების“ მიმართ. აფხაზების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აფხაზეთის საკუთრებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგავს. რუსული ინვესტიციების ჩადება გალის რეგიონშიც მოიაზრება ძველი სასტუმროების ადგილზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია ამ თემაზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ბელორუსის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები კერძო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთობლივ წვრთნებს იწყებს. მისივე თანახმად, წვრთნები „ბრესტსკის“ პოლიგონზე ჩატარდება და მასში ბელორუსის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. „წვრთნები ერთ კვირას გასტანს და მასში „ვაგნერის“ წარმომდგენლებთან სასწავლო-საბრძოლო ამოცანები იქნება დამუშავებული,“ - ნათქვამია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. მანამდე პრიგოჟინი აცხადებდა, რომ „ვაგნერი“ ბელორუსში „მსოფლიოს მეორე არმიის“ შექმნას გეგმავს. რუსეთში „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, მედიაში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნას ასახავს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს.  

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლებისა და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ პროკურატურა იტყობინება. უწყების ცნობით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს. „საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ უკვე დააკავა და ბრალდებულების სახით პასუხისგებაში მისცა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი ინდივიდუალური მეწარმე. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორის და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. 2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა და ყოფილმა ინჟინერ-მშენებელმა შეადგინეს ყალბი ინსპექტირების აქტები, რომლითაც დაადასტურეს არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც. ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ ყოფილმა დირექტორებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც. კლინიკის სამშენებლო სამუშაოების ყოფილმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, შეადგინა ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც დაადასტურა არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა 7 ივლისს შეეფარდათ.  

გენერალი სირსკი: უკრაინამ შექმნა პირობა ბახმუტის გათავისუფლებისთვის, ოკუპანტები ნახევრად ალყაში არიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ახლა ყველა პირობაა შექმნილი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დაბრუნებისთვის კიევის კონტროლის ქვეშ, რუსი დამპყრობლები ნახევრად ალყაში არიან. სირსკის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია და შექმნან პირობები ბახმუტის სრულად ალყაში მოქცევისთვის. გენერალი სირსკი უკრაინის კონტრშეტევასა და ბახმუტის „სტრატეგიულ მნიშვნელობაზე“ გენერლის თქმით, ვაგნერ ჯგუფის კონტრაქტორებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქალაქის აღების მცდელობებს, განიცადეს ისეთი მძიმე დანაკარგები, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში გამოუსადეგარი გახდნენ. „უკრაინა ბახმუტის აღებას ათჯერ ნაკლები დანაკარგებით შეძლებს,“ - განაცხადა სირსკიმ.  

2007 წლის iPhone აუქციონზე 190 000 დოლარად გაიყიდა

პირველი მოდელი, გაუხსნელი iPhone 4GB, აშშ-ში აუქციონზე (LCG Auctions) 190,372.80 დოლარად გაიყიდა, იტყობინება BBC. ლოტმა სულ 28 შეთავაზება მოიზიდა და თავდაპირველზე თითქმის 400-ჯერ მეტ ფასად გაიყიდა. 4GB პირველად 2007 წელს Apple-ის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის დროს გამოუშვეს.ორი თვის შემდეგ კი, ტექნოლოგიურმა გიგანტმა მისი გაყიდვები შეაჩერა. Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ჯობსი 2011 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

რუსეთმა იაპონიის ზღვაში 20 ივლისს ჩინეთთან ერთად დაიწყო სამხედრო-საზღვაო მანევრები, რომელთა მიზანიც მოსკოვის განცხადებით, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. სწავლება 23 ივლისამდე გაგრძელდება. რუსეთის განცხადებით, წვრთნების მიზანია „სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის გამტკიცება ორ ქვეყანას შორის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.“ 2019 წლის შემდეგ ეს რუსეთ-ჩინეთის უკვე რიგით მეექვსე ერთობლივი პატრულირებაა ამ რეგიონში. მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა მას მერე, რაც რუსეთი შარშან უკრაინაში შეიჭრა და პეკინმა კრემლის ეს მოქმედება არ დაგმო.  

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზით დატვირთული ტანკერის მიღებაზე უარი განაცხადა

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ რუსული თხევადი გაზის ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა, რის გამოც ტანკერი იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო. Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, სერჯიო მასამ, ადგილობრივ ტელეკომპანია C5N-ს განუცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა საწვავის მიწოდება სანქციების გამო დაბლოკეს. აღსანიშნავია, რომ არგენტიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ აქვს დაწესებული. „Enarsa-მ ტანკერის მიღება დაბლოკა, რადგან არღვევს ხელშეკრულებას, კომპანია, რომელსაც თხევადი გაზი შემოჰქონდა, სანქცირებულია,“ - განმარტა მასამ ინტერვიუში, თუმცა კომპანია არ დაუსახელებია. შპს Gunvor Group-ი - სავაჭრო სახლი, რომელმაც მიწოდება უზრუნველყო, განაცხადა, რომ LNG-ის გადაზიდვის პროცედურა კანონიერი და გამჭვირვალე იყო. „ტრანზაქცია შეესაბამება ყველა მოქმედ ეკონომიკურ სანქციებს, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციებს“, - განმარტა Gunvor Group-მა. რუსული წარმოების ტვირთები ბოლოს არგენტინაში 2018 და 2020 წლებში შეიტანეს.  

პოლიცია ბერლინის გარეუბანში სავარაუდოდ, ლომს ეძებს

ბერლინის პოლიცია გერმანიის დედაქალაქში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის გარეუბანში ლომს ეძებს. ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ თუ ლომს გადაეყრებიან, პანიკაში არ ჩავარდნენ. „გაშეშდით და შემდეგ შეეცადეთ, იპოვოთ უსაფრთხო ზონა - მანქანა ან შენობა“, – ასეთია ექსპერტების რჩევა. BBC წერს, რომ თავდაპირველად სამართალდამცველებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა, რომლებიც ტახზე ნადირობდნენ. მოგვიანებით Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრანდერბურგის მიწაზე მდებარე ტყეში მყოფი ლომი ჩანს. მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. ზოოპარკები და ცირკები აცხადებენ, რომ მათ ლომი არ დაუკარგავთ, შესაბამისად, ჯერ უცნობია, საიდან მოხვდა ბერლინთან ახლოს ლომი. სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩართეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ლომს ახლა ტყეში სძინავს.  

პალესტინის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტით ჩადის

პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 25 ივლისს თურქეთს ეწვევა. ის რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ. მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია  

Ryanair-ი უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავს

ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის, Ryanair-ის დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო’ლირის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა, იუწყება RBC-Ukraine. დელეგაციამ, ომის დასრულების შემდეგ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება გამართა. „დაიწყო მძიმე სამუშაო: ჩვენ დეტალურად განვიხილავთ Ryanair-სა და Boryspil Airport-ის პარტნიორობას ავიაკომპანიის მიერ გამოცხადებულ სტრატეგიულ გეგმაზე უკრაინის გამარჯვების და EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) უკრაინის ცაზე ფრენების უსაფრთხოების დადასტურებისთანავე,“ - განაცხადა აეროპორტის პრესსამსახურმა. მოლაპარაკებების დროს Ryanair-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანიას შეეძლება ფრენის დაწყება ომის დასრულებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.  

გერმანია უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით გადაზიდვის გაზრდაზე მუშაობს

გერმანია მუშაობს მოკავშირეებთან, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სარკინიგზო გზით გაზარდოს მას შემდეგ, რაც რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შიმშილი არ უნდა იყოს გამოყენებული იარაღად." „მილიონობით ადამიანია დამოკიდებული უკრაინის მარცვლეულზე. ამიტომ გერმანია მუშაობს ყველა თავის საერთაშორისო პარტნიორთან, რათა უზრუნველყოს, რომ პროდუქტი არ დალპეს მარცვლეულის საწყობებში. თავიდანვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში დამატებითი სარკინიგზო ხაზები აშენებულიყო. ახლა ჩვენ ამაზე კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ,“ - განაცხადა ბერბოკმა. 17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და „რისკებით“ დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გააგრძელონ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები დაამონტაჟა.  

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, უკრაინელი ბავშვების ბელორუსში გადაყვანაში ბელორუსის წითელი ჯვრის მონაწილეობის ფაქტს იკვლევს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო ბელორუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელის, დიმიტრი შევცოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან უკრაინის უკრაინელი ბავშვების ბელორუში გადაყვანაში მონაწილეობა აღიარა. „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) მედიისგან შეიტყო, რომ ბელორუსის წითელი ჯვრის გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ ეწვია ლუგანსკსა და დონეცკს. ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულნი ამ ვიზიტის შესახებ და არცერთ აქტივობაში არ ვიყავით ჩართული, მათ შორის ბავშვებთან დაკავშირებით. ჩვენ დავუკავშირდით ბელორუსის წითელ ჯვარს, რომ გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება და რომ მომავალში შეწყვიტონ მსგავსი ქმედება,“ - ნათქვამია განცხადებაში. 20 ივლისს ბელორუსის ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის წითელი ჯვრის ხელმძღვანელი, დიმიტრი შევცოვი გაემგზავრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიით აღიარა, რომ ქვეყნის წითელი ჯვარი წაიყვანს ბავშვებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მანამდე ბელორუსის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენცოვი იქ წინა მოგზაურობისას შენიშნეს შენიღბვით, რომელზეც რუსეთის ომის სიმბოლო - „Z“ იყო გამოსახული. ივნისში, ბელორუსის წითელი ჯვრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში 700-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი იმყოფებოდა.   

რუსეთის მუქარის „საპასუხო ზომას“ კიევი 21 ივლისის 00:00 საათიდან აამოქმედებს

რუსეთის მუქარას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით პასუხობს და აცხადებს, რომ კრეისერ „მოსკვას“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ფლობენ აუცილებელ საშუალებებს ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.   უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოდის გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. გარდა ამისა, 2023 წლის 20 ივლისის 05:00 საათიდან, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის რაიონებში გადაზიდვა აკრძალულია. მეზღვაურებისთვის შესაბამისი სანავიგაციო ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 6 თვით გახანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.   შეზღუდვები ვრცელდება ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების სფეროზე, ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტსა და ფუფუნების სხვა საქონელზე.    სანქციები 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. სანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ზღვით გადატანის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი მაუწყებლისთვის ლიცენზიების შეჩერებასაც.ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი პირველად 2014 წელს აამოქმედა, 2022 წლის თებერვალში კი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააფართოვა.ევროკავშირმა სანქციების მე-11 პაკეტი 23 ივნისს დაამტკიცა.  

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში (EUSR), ტოივო კლაარს მანდატი კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 31 აგვისტომდე გაუხანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო. ტოივო კლაარი ამ თანამდებობაზე 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მისი ამოცანაა, ხელი შეუწყოს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, კერძოდ, საქართველოში კრიზისს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, ასევე, წაახალისოს რეგიონული თანამშრომლობა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მეზობელ ქვეყნებს შორის. კლაარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ევროკავშირს წარმოადგენს. ტოივო კლაარი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცენტრალური აზიის განყოფილებაში მუშაობდა. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო.    

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა - ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია. „მარაგების შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების მიერ, სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დაემთხვა საწყობებში არსებულ ნაშთებს. რის გამოც, კანონმდებლობის შესაბამისად, შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. აღნიშნული დარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, აზარალებს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია, რეგულირების სააგენტოს რეაგირების შემდეგ ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება,“ აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.  

დიდმა ბრიტანეთმა რუს მილიარდერ ოლეგ ტინკოვს სანქციები მოუხსნა

დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენ ოლეგ ტინკოვს სანქციები გააუქმა. ის შეზღუდვების ქვეშ 2022 წლის მარტში მოექცა. ყოფილმა ბანკირმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთში თავისი ძირითადი აქტივები გაყიდა. ახლა მას კვიპროსის მოქალაქეობა აქვს. ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობდა. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - ამბობდა ტინკოვი. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რატომ ამოიღეს ტინკოვი სიიდან. უფრო ადრე ტინკოვმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლისგან მუქარა მიიღო მისი მხრიდან ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით 2023 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ტინკოვმა ბრიტანეთის მთავრობას მისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართა.  

რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ივლისს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 21 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5693 ლარი ეღირება, ევრო – 2.8804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3157 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5692 ლარი ღირდა, ევრო – 2.8819 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3203 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 ივლისს შევა ძალაში.