ძებნის რეზულტატი:

რეიკიავიკმა რუსეთის საგარეო უწყებას ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან ისლანდია რუსეთში საელჩოს ხურავს

ისლანდიის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩო მუშაობას აჩერებს. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმეთა დროებითი რწმუნებული რეიკიავიკიდან განაგრძობს მოვალეობის შესრულებას. მედიაში 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლანდია მოსკოვში საელჩოს ხურავს. ისლანდიამ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, „შეამციროს რეიკიავიკში საქმიანობის მასშტაბები“ და შეამციროს დიპლომატიური მისიის სტატუსი. ამასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას. ისლანდია იმუშავებს საელჩოს ხელახლა გახსნაზე. „მოცემულ მომენტში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა ჩვენი სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამიტომ საელჩოს მუშაობის გაგრძელება გაუმართლებელია," ნათქვამი იყო ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტორდის გილფადოტირი აღნიშნავდა, 1944 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან, ისლანდია რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კავშირებს ინარჩუნებდა. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოდესმე პირობები რუსეთს და ისლანდიას საშუალებას მისცემს, განაახლონ ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა. „მაგრამ ეს კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული", - განმარტა გილფადოტირმა. რუსეთში ისლანდიის საელჩო 1944 წლიდან (გარდა 1951-1953 წლებისა) ფუნქციონირებს.  

აშშ-მ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა საიმისოდ, რომ მისი სამხედრო პოტენციალი შეზღუდოს. სანქცირებულთა სიაში არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები. მათ შორის კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველი,ოლექსი კუდრინი და „ალროსას“ გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი, ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე, სერხი კოროლევი. სანქცირებულთა შორისაა „ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკოი; რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე, ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ლეპინი. შავ სიაში არიან „კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", „ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა". ვაშინგტონმა შეზღუდვები ასევე დაუწესა „ტინკოფ ბანკის“, „სოლიდარობის“ და „უნისტრიმის“ ბანკებს. რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა.  

პუტინმა „საკუთარი ტყავის“ გადასარჩენად, პრიგოჟინთან შეთანხმება დადო - MI6-ის ხელმძღვანელი

ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსმა, რიჩარდ მურმა პრაღაში, თავის იშვიათ საჯარო გამოსვლაში პირველად დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ ბოსმა, ევგენი პრიგოჟინმა მართლაც დადო შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, რათა დაესრულებინა მისი „მარში“ მოსკოვში, 24 ივნისის წარუმატებელი აჯანყების დროს. რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ზეწოლას განიცდიდა“ და „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან მოლაპარაკება „საკუთარი ტყავის გადასარჩენად“ მოუწია. CNN-ის კითხვას, იყო თუ არა პრიგოჟინი „ცოცხალი და ჯანმრთელი", მურმა უპასუხა, რომ მისი სააგენტოს შეფასებით, „ვაგნერის“ ლიდერი ჯერ კიდევ „დინებას მიჰყვება.“ მურმა აღნიშნა, რომ რთული იყო დასკვნის გამოტანა თავად „ვაგნერის,“ როგორც დაქირავებული ჯგუფის ბედზე, მაგრამ ისინი „სავარაუდოდ, არ არიან „დასაქმებულები“ უკრაინაში“ და „როგორც ჩანს, მათი ნაწილები ბელორუსში ჩავიდნენ. ბრიტანეთის უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი რუსებს ომის დასასრულებლად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ბრიტანელი მაღალჩინოსანი პეკინის თემასაც შეეხო. მურის შეფასებით, ჩინეთი კრემლის მეთაურის მუდმივი მხარდაჭერის გამო „აბსოლუტური თანამონაწილეა ამ შეჭრაში." მანვე აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერამ რუსეთისადმი, მის მაღალჩინოსნებში განხეთქილება გამოიწვია. „ირანს აშკარად სურს ამ სიტუაციიდან, რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაოს,“ - აღნიშნა MI6-ის ხელმძღვანელმა. რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა. რუსეთი ირანული წარმოების დრონებს იყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის. რაც შეეხება ჩინეთს, მას რუსეთის შეჭრა არ დაუგმია.  

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა 20 ივლისს, „რედისონში“ გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. „კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდია პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა," - აღნიშნა თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა 20 ივლისს განაცხადა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა „საჭირო და საინტერესო იყო“. „სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელი პუტინზე, რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე

ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსმა, რიჩარდ მურმა პრაღაში, თავის იშვიათ საჯარო გამოსვლაში ისაუბა ვლადიმერ პუტინზე, ევგენი პრიგოჟინზე და მათ შორის მიღწეულ გარიგებაზე. ჩეხეთის დედაქალაქში ყოფნისას მან ასევე განიხილა ჩინეთის, ირანის და სხვა საკითხები, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომი აქტუალურობას სძენს. მურმა დასავლეთის ამ რანგის ოფიციალურ პირთაგან პირველმა დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ ბოსმა, ევგენი პრიგოჟინმა მართლაც დადო შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, რათა დაესრულებინა მისი „მარში“ მოსკოვში, 24 ივნისის წარუმატებელი აჯანყების დროს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ასევე ისაუბრა პრიგოჟინის ადგილსამყოფელსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, CNN-ის კითხვას, იყო თუ არა პრიგოჟინი „ცოცხალი და ჯანმრთელი", მურმა უპასუხა, რომ მისი სააგენტოს შეფასებით, „ვაგნერის“ ლიდერი ჯერ კიდევ „დინებას მიჰყვება.“ მურმა აღნიშნა, რომ რთული იყო დასკვნის გამოტანა თავად „ვაგნერის,„ როგორც დაქირავებული ჯგუფის ბედზე, მაგრამ ისინი „როგორც ჩანს, არ არიან დაკავებულები უკრაინაში“ და „როგორც ჩანს, მათი ნაწილები ბელორუსში ჩავიდნენ. ბრიტანეთის უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი რუსებს ომის დასასრულებლად თანამშრომლობისკენ მოუწოდებს მურის შეფასებით, ჩინეთი კრემლის მეთაურის მუდმივი მხარდაჭერის გამო „აბსოლუტური თანამონაწილეა ამ შეჭრაში." მანვე აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერამ რუსეთისადმი, მის მაღალჩინოსნებში განხეთქილება გამოიწვია. „ირანს აშკარად სურს ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაოს,“ - აღნიშნა MI6-ის ხელმძღვანელმა. რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა. რუსეთი ირანული წარმოების დრონებს იყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის. რაც შეეხება ჩინეთს, მას რუსეთის შეჭრა არ დაუგმია.  

უკრაინის საპორტო ქალაქებზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ჩინეთის საკონსულო დაზიანდა - Reuters

სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქებზე საჰაერო თავდასხმების შედეგად ჩინეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა, - განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ის ცნობით. რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს სულ მცირე ერთი ჩამსხვრეული ფანჯარა შავი ზღვის ქალაქ ოდესაში ჩინეთის საკონსულოსთან, მაგრამ სხვა დაზიანების კვალი არ ჩანს. რუსეთის მოკავშირე პეკინს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლადიმირ ზელენსკიმ 19 ივლისს განაცხადა, რომ ჩინეთისთვის განკუთვნილი 60,000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი, უკრაინის სხვა საპორტო ქალაქზე თავდასხმის შედეგად განადგურდა. უკრაინის ოფიციალური პირები საჰაერო თავდასხმებს თვლიან, როგორც თავდასხმას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე, რადგან კიევი მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. მიისვე თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის გზები. „პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და ე.წ. 16 „დამდები“, რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან. დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეთადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინის“ და ,,მდმას“ საქართველოში შემოტანას. ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ასევე ახდენდნენ რეალიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხების გათეთრებას. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები“.  

უკრაინა რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაციას გეგმავს

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა (NBU) მთავრობას 20 ივლისს წარუდგინა წინადადება, რომლითაც მთავრობას უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ბანკის ნაციონალიზაცია მოსთხოვა. NBU-ს თავმჯდომარემ, ანდრეი პიშნიიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება Fridman's Sense Bank-ის შესახებ, რომელსაც 2022 წლის დეკემბრამდე ერქვა Alpha Bank, პარასკევს, 21 ივლისს არის  მოსალოდნელი. გამომძიებელმა რეპორტიორებმა მაისში აღმოაჩინეს, რომ ფრიდმანის კომპანია Alpha Insurance Firm, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მანქანებს აზღვევს. უკრაინული გამოცემა kyivindependent-ის თანახმად, ასევე ცნობილია, რომ კომპანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ოფისს უწევს მომსახურებას. ფრიდმანი, რომელიც ლვოვში დაიბადა, რუსული კომპანია Alpha Group-ის დამფუძნებელია. ის ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება და დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, რის შემდეგაც თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 29 მაისს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების მფლობელობაში მყოფი ბანკების ნაციონალიზაციის საშუალებას იძლევა.  

ჩინეთის პრეზიდენტმა „ძველ მეგობარ“ ჰენრი კისინჯერს უმასპინძლა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა „ძველი მეგობარი“ ჰენრი კისინჯერი მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კისინჯერმა ახლახან იზეიმა 100 წლის იუბილე და 100-ზე მეტჯერ ეწვია ჩინეთს. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მის ვიზიტს ამჯერად „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“ „კიდევ ერთხელ, ჩინეთი და აშშ არიან გზაჯვარედინზე, თუ სად უნდა წავიდნენ აქედან და კიდევ ერთხელ, ორივე მხარემ უნდა გააკეთოს არჩევანი“, - განუცხადა სი ძინპინმა ამერიკელ დიპლომატს. კისინჯერმა მთავარი დიპლომატიური როლი შეასრულა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში 1970-იან წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში. „ჩინელი ხალხი არასოდეს ივიწყებს თავის ძველ მეგობრებს და ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობები ყოველთვის იქნება დაკავშირებული ჰენრი კისინჯერის სახელთან,“ - მიმართა სი ძინპინმა კისინჯერს. Reuters-ი წერს, რომ კისინჯერს ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და ის თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩინეთს რეგულარულად სტუმრობდა. „ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მსოფლიო მშვიდობისა და საზოგადოებათა პროგრესის საკითხია,“ - განაცხადა კისინჯერმა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს Xinhua-ს ცნობით. „შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, შევინარჩუნოთ შანხაის კომუნიკეს საფუძველზე შედგენილი პრინციპები, ვაფასებთ უდიდეს მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს ერთიანი ჩინეთის პრინციპს,“- განაცხადა კისინჯერმა შეხვედრაზე. მისი ვიზიტი ჩინეთში იმ ფონზე იმართება, როდესაც ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ დონეზეა.  

ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში დაკავებულებს შორის, მოქმედი ადვოკატებიც არიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა გახსნეს, დანაშაულებრივი ჯგუფის ათეულობით წევრი გამოავლინეს, დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ შსს აცხადებს. მანამდე კი, ამ თემაზე პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე დაკავებული და პასუხისგებაშია მიცემული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. „დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 18 ივლისს, აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 3 პირი: საქართველოს მოქალაქეები და მოქმედი ადვოკატები - 1984 წელს დაბადებული მ.ზ. და 1986 წელს დაბადებული ა.ფ., ასევე თურქეთის მოქალაქე 1971 წელს დაბადებული მ.ჩ. დაკავებული ადვოკატები იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც განკარგავდნენ აღნიშნული ჯგუფის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებს. ისინი, ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების: ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეტადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინისა“ და ,,მდმას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო ასევე ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული პირები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ,“ - აცხადებენ შსს-ში. ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ყოველწლიურად, 5 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავს

დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მოცულობის წლიური სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ვფიქრობთ სპეციალური განყოფილების შექმნას ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს წელიწადში 5 მილიარდ ევროს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ,უკრაინის თავდაცვის საჭიროებისთვის,“ -  აღნიშნა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ ევროპელმა მინისტრებმა ამ წინადადებაზე აზრები დღეს გაცვალეს. საკითხი კი, დეტალურად განიხილება აგვისტოს ბოლოს ტოლედოში, ესპანეთში, არაფორმალურ მინისტერიალზე. ევროკავშირი უკრაინის არმიის მხარდაჭერის მიზნით, €20-მილიარდიან ფონდს შექმნის და ქვეყნის უსაფრთხოების ვალდებულებებს იტვირთავს - Politico  

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი  გამოაცხადა, რომლითაც 39 ფიზიკური და 25 იურიდიული პირის მიმართ შემაკავებელ ზომებს აწესებს. საუბარია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერებზე, მათ შორის „ვაგნერის“ წევრებზე, რომლებიც აქტიურობდნენ როგორც უკრაინაში, ასევე აფრიკაში, მათ შორის ივან მასლოვი, „ვაგნერ“ ჯგუფის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც ხელი შეუწყო 2022 წლის მარტში, მალიში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას,“ - იუწყება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსთან დაკავშირებულ 20 ფიზიკურ პირსა და 21 სუბიექტს, ასევე, 19 ადამიანს და 4 სუბიექტს რუსეთის კულტურული და საგანმანათლებლო სექტორიდან“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კანადა აწესებს სანქციებს რუსეთის ბირთვული სექტორის ლიდერების წინააღმდეგ, რათა კრემლზე ზეწოლა გაზარდოს.   2014 წლის დასაწყისიდან კანადამ რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში, 2600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ეს პირები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უწყობდნენ ხელს.

ჩინეთმა ივნისში რუსეთის ნავთობი რეკორდული მოცულობით შეისყიდა

2023 წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა რუსეთიდან დღე-ღამეში 2.13 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო. Financial Times-ი ჩინეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი პეკინისთვის ნედლეულის უმსხვილეს მიმწოდებლად გადაიქცა, რითიც საუდის არაბეთს გაუსწრო. ივნისში რუსეთიდან იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - 2.57 მილიონი ბარელი, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაისში სხვა რეკორდი აღირიცხა, 2.3 მილიონის მოცულობით. FT-ის თანახმად, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. გამოცემის ექსპერტები იმპორტის ზრდის მიზეზებს შორის რუსეთის ნედლეულის შედარებით სიიაფეს და ჩინეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის პოტენციურ ზრდას განიხილავენ მაშინ, როცა ქვეყანა კრიზისის პირობებში იმყოფება. ჩინეთის ენერგეტიკული კვლევების ოქსფორდელი სპეციალისტი, მიხალ მეიდანი აღნიშნავს, რომ „ეს არის მოკლევადიანი უარი საუდის ნედლეულზე და ჩინელები ძალიან ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას თავიანთ მიმწოდებლებს შორის.“  

ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა იმისთვის, რომ დრონების კომპონენტების ექსპორტი აღკვეთოს

ევროკავშირის საბჭომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. სანქციები კრძალავს ირანში კომპონენტების ექსპორტს, რომლებიც ჩვეულებრივ, თავდასხმის დრონებისთვის გამოიყენება. ექვსი ირანელი, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერაში მონაწილეობენ, აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას დაექვემდებარებიან. სანქციებს წინ უძღვის უკრაინის განცხადება, რომ დასავლური წარმოების ნაწილები ირანულ დრონებში კვლავ აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ირლანდიის შემთხვევაში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ამ განცხადების შემდეგ, ირლანდიამ გამოძიებაც დაიწყო. რუსული დრონი, რომელიც 18 ივლისის ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ეწერა - „დამზადებულია ირლანდიაში.“ ამის გამო მან ახალი სანქციების საჭიროებაზე მიუთითა. ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ასევე განაცხადა 3 ივნისს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინის მოკავშირეების მიერ წარმოებული თვითმფრინავების ნაწილები აღმოაჩინა. ევროკავშირმა სანქციების შესახებ განცხადებაში მიუთითა, რომ გმობს „ირანული თვითმფრინავების რუსეთში მიწოდებას და მათ სასიკვდილო განლაგებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომში.“ რუსეთი ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებს უკრაინაზე თავდასხმისთვის სექტემბრიდან იყენებს, ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ანადგურებს ენერგეტიკულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  

პეკინი: ოდესაში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან აფეთქება მოხდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოდესაში 20 ივლისის შეტევის შედეგად, ამ ქალაქში მდებარე ჩინეთის გენერალური საკონსულოც დაზარალდა, თუმცა შეკითხვის საპასუხოდ უწყების სპიკერმა მომხდარს აფეთქება უწოდა. უკრაინის საპორტო ქალაქებზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ჩინეთის საკონსულო დაზიანდა - Reuters ჩინეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განცხადება შემდეგი ფორმულირებით არის განთავსებული: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადება იმის შესახებ, რომ ოდესაში ჩინეთის გენერალური საკონსულოს შენობა შეარყია „რუსეთის საჰაერო თავდასხმამ უკრაინაზე.“ კითხვა: წყაროები ამბობენ, რომ 20 ივლისს უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და სარაკეტო თავდასხმამ შეარყია იქ ჩინეთის გენერალური საკონსულო, დაზიანდა კედლის გარე ზედაპირი და ზოგიერთი ფანჯრის მინა. შეგიძლიათ, დაადასტუროთ ეს ინფორმაცია? გააკეთა თუ არა ჩინეთმა დემარში რუსეთთან? პასუხი: ოდესაში ჩინეთის გენერალურ საკონსულოსთან აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღამ კედლის ზედაპირის ნაწილები და ფანჯრის მინები შეარყია. საკონსულოს თანამშრომლებმა შენობა დიდი ხანია, დატოვეს და არავინ დაშავებულა. ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და აგრძელებს კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას უკრაინაში ჩინეთის ინსტიტუტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ შესანარჩუნებლად. ჩინური მხარის ეს ფორმულირებები იმით არის საინტერესო, რომ ამ დრომდე ოფიციალურ პეკინს რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის შეჭრა არ უწოდებია და არც დაუგმია მოსკოვის ქმედება. ამის პარალელურად, რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ. პეკინში 19 ივნისს მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოვიდა დაპირებით, რომ რუსეთს არ გაუგზავნის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებელ იარაღს, თუმცა ამასთანავე, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის კერძო კომპანიების მოქმედებებზე. „ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.

Ryanair-ი უკრაინაში $3 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო გეგმის შესახებ აცხადებს

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის გახსნიდან რვა კვირაში უკრაინის ბაზარზე დაბრუნდება. კომპანია გეგმავს, 75 მიმართულება გახსნას ევროპიდან უკრაინაში და 30-მდე $3 მილიარდზე მეტის ღირებულების, ახალი Boeing 737 MAX განათავსოს უკრაინის მთავარი აეროპორტების ბაზაზე.  კომპანიის დელეგაცია ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია. დელეგაციის წევრები კიევის, ლვოვის და ოდესის აეროპორტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კუბრაკოვიც ესწრებოდა. უკრაინის ყველა სხვა აეროპორტის მსგავსად, ბორისპილიც 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა. უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის მას შემდეგ დაიხურა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის საჰაერო მიმოსვლის სახელმწიფო საწარმო, Ukraerorukh-ი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცე ომის დასრულების შემდეგ გაიხსნება. Ryanair-ი უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავს  

ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩადის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მომავალ კვირას თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღან შეხვდება. ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრის ოფისში ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება. 25 ივლისს ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს უმასპინძლებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში არ ყოფილა ბოლო 15 წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ, თუმცა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შარშან ეწვია თურქეთს, ხოლო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, იაირ ლაპიდი ნიუ იორკში შეხვდა ერდოღანს.  

აშშ უკრაინას F-16 ტიპის თვითმფინავებს სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გადასცემს

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გადასცემს.  ტელეარხ Fox News-სთან ინტერვიუშიკირბიმ აღნიშნა, რომ F-16-ები უკრაინაში, „დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა.“ „მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ F-16-ები შეცვლიან სიტუაციის“,- განაცხადა ჯონ კირბიმ. მისივე თქმით, ახლა უკრაინას მეტი საარტილერიო ჭურვი ესაჭიროება.  

რუსეთის ძალები ოდესაში მარცვლეულის ტერმინალებს კალიბრის რაკეტებით დაესხნენ თავს

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ რუსეთი ოდესის ოლქში ტერორს აგრძელებს, წუხელ მტერი ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს. მისი თქმით, „მტერი აგრძელებს ტერორს და ეს ტერორი უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან.“ „ღამით მტერი ოდესის ოლქში თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურებას შეეცადა,“ - აღნიშნა ჰუმენიუკმა. მისივე ინფორმაციით, რუსებმა მარცვლეულის ტერმინალებს „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ეს ოდესის ოლქზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა. ის ადასტურებს, რომ თავდასხმა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებზე მოხდა და 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი განადგურდა.  

ჯონ კირბი: აშშ შავ ზღვაში რუსეთის ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში. მისივე თქმით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ, მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. “ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორი ქმედების გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის საკვები პროდუქტებისთვის მიემართება. ცნობისთვის, იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში.