ძებნის რეზულტატი:

ავსტრალია აშშ-სგან C-130J Hercules-ის ტიპის 20 თვითმფრინავს შეიძენს

ავსტრალია სამეფო საჰაერო ძალების ფლოტის გაძლიერებაზე თითქმის 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მთავრობა 20 ახალ C-130J Hercules-ის ტიპის თვითმფრინავს აშშ-დან 9,8 მილიარდ დოლარად შეიძენს. აღნიშნული თვითმფრინავი გამოიყენება თავდაცვის პერსონალის, აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული მარაგისთვის. ის რეგულარულად გამოიყენება სამძებრო-სამაშველო მისიებში, კატასტროფის შემთხვევის დროს და სამედიცინო ევაკუაციისას. C-130J მონაწილეობდა თითქმის ყველა ძირითად თავდაცვით ოპერაციაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. „C-130J Hercules არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ავსტრალიისთვის, როგორც ერისთვის. ქვეყანაში ხანძრისა და წყალდიდობის შემთხვევების, რეგიონისთვის გადამწყვეტი მარაგების მიწოდების, ასევე, სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს იყო და იქნება გადამწყვეტი აქტივი,“ - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა.  

AFP: მინისტრ ცინ განის „გაუჩინარების“ ფონზე, ჩინეთში ორი მაღალჩინოსნის ვიზიტი გადაიდო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი თითქმის ერთი თვეა, საჯაროდ არ გამოჩენილა, რამაც მედიაში კითხვები გააჩინა. მაგალითად AFP (ფრანს პრესი) წერს, რომ ცინ განი საჯაროდ არ 25 ივნისის შემდეგ გამოჩენილა, როდესაც ის პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ის არც ინდონეზიის სამიტს დასწრებია, რის შემდეგაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი არყოფნის მიზეზი „ჯანმრთელობის მიზეზებს“ უკავშირდება. ამ ფონზე ორი ვიზიტი - ჯერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და შემდეგ უკვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკინში ჩასვლა გადაიდო.  აღსანიშნავია, რომ აფრიკაში იოჰანესბურგში უსაფრთხოების საკითხებზე BRICS-ის შეხვედრაზე დასასწრებად, საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსანი, ვან ი ამ გაემგზავრა. ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს

Twitter-ს სახელი გადაერქმევა და ახალი ლოგო ექნება

ილონ მასკი Twitter-ის რებრენდიგს იწყებს. სახელს და ცნობილ ლოგოს ფრინველის გამოსახულებით, X-ით ცვლის. Twitter-ის მფლობელმა და კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კვირას განაცხადეს, რომ სოციალური მედიის ქსელს სახელი გადაერქმევა (X) და ლოგოც განახლდება. მასკი იმედოვნებს, რომ X-ით შექმნის „სუპერ აპს,“ რომელსაც შეუძლია, ბევრად მეტი გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ იყოს სოციალური მედიის პლატფორმა ინტერაქციისთვის. Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა ბოლო დროს არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა

საცხოვრებელი ქონების ფასების ინდექსი წლიურად 13.1%-ით გაიზარდა

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი. „2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6პროცენტი). 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. „საქსტატის“ ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავიქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, თბილისში. „ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევრებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. RPPI გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის: უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და რისკების შესაფასებლად; საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებსა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების დასადგენად და მათ შესაფასებლად. ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად საქსტატი ახდენს მონაცემებთა შეგროვებას საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით. ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი წარმოადგენს ე.წ. „შეთავაზების“ ფასს (offer price). RPPI-ის გასაანგარიშებლად საქსტატის იყენებს ე.წ. „მახასიათებლების ჰედონურ მიდგომას“, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. 2023 წლის მეორე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასე განაწილდა: 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 3.4%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი 1.6%-ით გაიზარდა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა, აქედან ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით მოიმატა. თბილისის უბნების მიხედვით ბინების და კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდაზეა.

პროკრუატურა: საცხოვრებლად უვარგის ნაკვეთებს მოტყუებით ყიდდნენ

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, სადაც თითქოსდა შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ. პროკურატურის თანახმად, აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ღირებულებას და დაინტერესებულ პირებს ქონების ნამდვილ ფასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ. „აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს სხვა მიწის ნაკვეთებს აჩვენებდნენ, რომლებზეც რეალურად საცხოვრებელი სახლები იყო განთავსებული, მათთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ. ხსენებული სქემით, ბრალდებულები ხუთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 221 725 ლარს დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, 6 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს საპატიმრო გირაო შეუფარდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ხორვატიის პრემიერი: ევროკავშირისა და NATO-სკენ საქართველოს სწრაფვას მხარს ვუჭერთ

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხორვატია ევროკავშირისა და NATO-სკენ საქართველოს სწრაფვის მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პლენკოვიჩს იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, წინსვლა იქნება. მისივე თქმით, ხორვატია საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს. „ეს არის საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ხორვატია და საქართველო მოსახლეობის ნიშნით, გეოგრაფიული ნიშნით ძალიან მსგავსია. საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ამ გზაზე შედგებიან. მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსის მქონენი არიან, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 ვალდებულება განესაზღვრა. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი. მიხარია, რომ საქართველო ამ ვალდებულებებს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ განვიხილავთ ამ საკითხებს სამივე ქვეყანასთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვნახავთ პროგრესს ინსტიტუციურად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა. რაც შეეხება საქართველოს ამბიციას NATO-ში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა სამიტზე და „გააჟღერა“ გზავნილები და საქართველო ამჟამად, რახან ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, ფორმალურად მოახდინა ანექსია რუსეთმა და ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. ადრე ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის რეგიონები მსგავსი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, „სამხრეთ ოსეთის“ ნაწილიდან თბილისამდე „ადმინისტრაციული საზღვარი“ არსებობს და 40 წუთის სავალზეა დედაქალაქთან, ამიტომ, ძალიან ახლოს არის ეს ხაზი,” - განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებასაც დაესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოეხმაურა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ. „თუ ეს რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, გავაკეთო კომენტარი. ამ ეტაპზე არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება. მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო, შეგვიძლია, სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რაც შეიძლება, არასდროს მოხდეს,“ - ამბობს წილოსანი. ინტერნეტგამოცემა SOVA-მ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით დაწერა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება. „ზოგადად საკანონმდებლო დონეზე საქართველოში მოწესრიგებულია ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას, აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, მათ შორის, ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ორგანოში. არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები, სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი, მე ვარ პარლამენტის წევრი და შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული," - განაცხადა ნინო წილოსანმა. რაც შეეხება კითხვას, უწყობს თუ არა „ქართული ოცნება" ხელს რუსულ ექსპანსიას, როცა შეზღუდვებს არ უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან, წილოსანმა აღნიშნა, რომ სურვილი არ აქვს ქსენოფობიური განცხადებები აკეთოს. ცნობისთვის, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთიდან შესრულებული პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.  

La Republica: იტალია ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას აპირებს

გამოცემა La Republica-ს ცნობით, იტალიამ გადაწყვიტა, რომ  ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საინვესტიციო შეთანხმებიდან გავიდეს და შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი არ განაახლოს.დოკუმეტს ვადა 2023 წლის ბოლოს ეწურება. მისივე ინფორმაციით, იტალიის მიერ ამ ინიციატივის დატოვების საკითხი 27 ივლისს, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება. კერძოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავენ და როგორც მედია იუწყება, მელონი ბაიდენისგან ელოდება წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას.  

საქართველომ თურქეთს ანკარის მიერ ძებნილი გადასცა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის და გაუპატიურებაში დახმარებისთვის იძებნებოდა. „თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. საქართველოს პროკურატურა, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან წარმატებით თანამშრომლობის მზადყოფნას მომავალშიც გამოხატავს,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში: საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ელის „სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.“ პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში. „ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, ის მიღწევებია, რაც ჩვენი მთავრობის დიდმა ძალისხმევამ მოიტანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ - ევროკავშირის ლიდერებმა - გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს, რითაც უპრეცედენტო მუხტი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ერთ წელზე მეტის გავიდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას სრულად აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. „ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია არსებული გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონალური ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი აქვს. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები კი, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა. მათ შორისაა NATO-ს მისიები ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ NATO-ს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო „ურყევად აგრძელებს“ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას. „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის. ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში. დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის. მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ანდრეი პლენკოვიჩი: გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში

„გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით,“ - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას ევროინტეგრაციის გზაზე ტექნიკურ პროექტებში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. „მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობების, უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, მივესალმებით სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას, ხორვატიის მხრიდან საქართველოში-„კონჩარი“, „იანდერ ლაბორატორი“, „დოკინგ სპან“ და სხვა კომპანიები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ საქართველოში, საქართველოს ბაზარზე, თავიანთი პროექტებით და გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებში. გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტის ფარგლებში და ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და იხილეს, რა არის ჩვენი გამოცდილება იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია, შეიძლება, ასე ითქვას და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევრო დირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში. ყველა ეს მიმართულება ძალიან მომთხოვნია. რამდენიმე კლასტერი არსებობს, რომელიც კარგად განსაზღვრავს ამ პუნქტებს,“- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.  

ტაივანის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

ტაივანის სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალის საცავში აფეთქების შემდეგ, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. იტყობინება ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო (MND). აფეთქება დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. (GMT +8), როდესაც ტექნიკური პერსონალის შემოწმების დროს 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები აფეთქდა. მიმდინარეობს გამოძიება. საბრძოლო მასალის საცავს, სადაც აფეთქება მოხდა, მე-6 არმიის სარდლობის მესამე განყოფილება მართავს. ბაზა კილუნგის შიდა ნავსადგურის აღმოსავლეთ მხარეს, ქალაქის ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.  

ნორვეგიაში კიბერშეტევა 12 სამთავრობო უწყებას შეეხო

კიბერშეტევის შედეგად, ნორვეგიის თორმეტი სამთავრობო უწყება დაზარალდა. ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას ნორვეგიის ონლაინ გაზეთი ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმა, რომელსაც პოლიცია იძიებს, უწყებების საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმებზე განხორციელდა. მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მინისტრმა, ზიგბიორნ იელსვიკმა განაცხადა, თავდასხმასთან დაკავშირებით მიღებულია მთელი რიგი ზომები და მთავრობა ყურადღებით აკვირდება არსებულ სიტუაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის მასშტაბებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მედიის ცნობით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმას იყენებს ყველა სამინისტრო, გარდა პრემიერის აპარატისა, ასევე თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა.  

განათლების სამინისტრო რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს

საქართველოს განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის. უწყებაში აღნიშნავენ, რომ განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელეს. „როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,” - განმარტავს სამინისტრო განცხადებაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს  

ალიევი: ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სატრანსპორტო თანამშრომლობა მართლაც უაღრესად მომგებიანი იქნება ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამავდროულად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს გააძლიერებს კავშირებს ქვეყნებს შორის. ქვეყნები გახდებიან უფრო ურთიერთდაკავშირებულნი, უფრო ინტეგრირებულნი. ამის შესახებ ალიევმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში დამატებითი გზა იქნება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 70% უკვე შესრულებულია. ასე რომ, აზერბაიჯანის გავლით, არ იქნება მხოლოდ ერთი მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით, არამედ, იქნება ზანგეზურის დერეფნის გავლითაც. ეს ყველაფერი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს მეტი ტვირთის გადასაზიდად. ამავდროულად, აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირება ასევე განხორციელდება საქართველოს საზღვაო პორტების საშუალებით. ჩვენ დიდი ინტერესით ვუყურებთ ზოგიერთ საინვესტიციო შესაძლებლობებს ამასთან დაკავშირებით. ასე რომ, სატრანსპორტო თანამშრომლობა მართლაც უაღრესად მომგებიანი იქნება ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამავდროულად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს გააძლიერებს კავშირებს ქვეყნებს შორის. ქვეყნები გახდებიან უფრო ურთიერთდაკავშირებულნი, უფრო ინტეგრირებულნი. ჩვენ ვგეგმავთ მრავალი ახალი საწარმოო ობიექტის შექმნას. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ მხოლოდ ტრანზიტორი. დიახ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს კარგია. ეს გაძლევთ დამატებითი შემოსავალი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ დიდი ინდუსტრიული ზონები აზერბაიჯანში და რეალურად მივდივართ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ჩინური კომპანიებისთვის შეიძლება, მიმზიდველი იყოს წარმოება ჩვენს ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ამ თვეში გაიხსნა. მართლაც, ეს უფრო ფართო სურათია, რომლის წარმოდგენა ახლა შეიძლება,“ - აღნიშნა ალიევმა.  

კლაუს იოჰანისი: მტკიცედ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუმინეთთან ძალიან ახლოს

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა მკაცრად დაგმო რუსული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მდინარე დუნაის მახლობლად, რუმინეთის საზღვართან. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუმინეთთან ძალიან ახლოს. ეს ბოლო ესკალაცია სერიოზულ რისკებს უქმნის შავ ზღვაში უსაფრთხოებას. ის ასევე გავლენას ახდენს უკრაინის მარცვლეულის შემდგომ ტრანზიტზე და, შესაბამისად, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე," - წერს იოჰანისი. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიმოიხილავს, რატომ ასწავლიან რუს ბავშვებს საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებას

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რუსეთში სკოლის მოსწავლეებისთვის დრონების გამოყენების შესწავლაზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი დრონების, როგორც „თანამედროვე ომის მუდმივ კომპონენტად“ გამოყენებას. „რუსეთის მიერ სკოლის მოსწავლეების სამხედრო სწავლებაზე აქცენტირება, მეტწილად არის მილიტარიზებული პატრიოტიზმის კულტურის ჩამოყალიბების მცდელობა, ვიდრე ნამდვილი შესაძლებლობების განვითარება“, - ნათქვამია მოხსენებაში. პირველი სექტემბრიდან რუსი სკოლის მოსწავლეები დრონების გამოყენების შესწავლად დაიწყებენ. ასეთ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს თავდაცვის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ. რია ნოვოსტის ფედერაციის საბჭოსთან არსებული ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, რომ პირველადი სამხედრო მომზადების კურსის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებს ჩაუნერგოს „ქვეყნის სიყვარულის გრძნობა“ და მოამზადოს ისინი შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა.“ მანამდე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ საბაზისო სამხედრო სწავლება რუსეთუს სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლებში დრონების მართვის შესწავლის იდეას „რომ ბავშვებს უკვე სკოლიდან შეეძლოთ [დრონების] მართვა, აწყობა და კონსტრუირება.“  

ბერდიანსკის მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია - უკრაინის თავდაცვის ძალები

უკრაინის თავდაცვის ძალები ბერდიანსკის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებულ ძალების „ნაწილობრივი წარმატება“ იუწყება. უწყების ინფორმაციით, ხსენებულ მიმართულებაზე რუსეთის ჯარმა 1.4 კილომეტრით უკან დაიხია. „გვაქვს წარმატება, ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მელიტოპოლის მიმართულებაზე საგრძნობი ცვლილებები არ არის,“ - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული, გირაოთი გაათავისუფლეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცემისთვის დაკავებული პირი გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. მას ამ დრომდე ღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. „მოინანია ჩადენილი, მეტიც, სადმე რომ შეხვდეს ჯაფარიძეს, ხელსაც ჩამოართმევს და ბოდიშსაც მოუხდის," - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე. ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს გორში, „სმარტთან“ 17 ივნისს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ISW: არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ბელორუსში „ვაგნერს“ თავდასხმისთვის საჭირო ძალები ჰყავს

პოლონეთმა და უკრაინამ, რომლებიც ბელორუსთან საზღრებს იზიარებენ, „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლების ყოფნისა და დაქირავებული ჯარისკაცების მიერ ბელორუსის ბაზიდან შეტევის დაწყების შესაძლებლობის გამო, შეშფოთება, გამოთქვეს. ბევრმა რუსმა დაქირავებულმა, გასულ თვეში, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით დაწყებული ხანმოკლე „აჯანყების“ შემდეგ, ბელორუსში გაქცევა გადაწყვიტა. ისინი ახლა სამხრეთ ბელორუსში მდებარე სამხედრო ბანაკში იმყოფებიან და ქვეყნის სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს წვრთნიან იმ პოლიგონებზე, რომლებიც პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. თუმცა, ვაშინგტონში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) თავის შეფასებაში წერს, რომ „არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ მებრძოლებს აქვთ ისეთი მძიმე შეიარაღება, რომელიც აუცილებელია სერიოზული შეტევის განსახორციელებლად უკრაინის ან პოლონეთის წინააღმდეგ.“ „ვაგნერის“ ძალები ბელორუსში, არ წარმოადგენენ სამხედრო საფრთხეს პოლონეთისა და უკრაინისთვის, ვიდრე ისინი არ არიან აღჭურვილნი მექანიზებული აღჭურვილობით. ისინი ასეთ შემთხვევაშიც არ წარმოადგენენ NATO-სთვის მნიშვნელოვან საფრთხეს,“ - წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ისტიტუტი. პოლონეთი ბელორუსის საზღვართან ახალ სამხედრო ნაწილს შექმნის შეგახსენებთ, ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც პუტინი პოლონეთს დაემუქრა. პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან. ლუკაშენკო პოლონეთთან დაკავშირებით პუტინის რიტორიკას იმეორებს