ძებნის რეზულტატი:
AXIOS: ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 3-ვარსკვლავიანი გენერალი გაგზავნა
გამოცემა Axios-ი ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში დასახმარებლად, ისრაელში სამვარსკვლავიანი გენერალი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კიდევ რამდენიმე ოფიცერი გაგზავნა. მედიის ცნობით, ისრაელში გაგზავნილ ოფიცრებს შორისაა გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმს გლინი, რომელიც აქამდე საზღვაო ქვეითთა სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაციებშიც მონაწილეობდა. ამერიკელი სამხედროები ისრაელელ კოლეგებს უზიარებენ გამოცდილებას, რაც მათ ISIS-ის წინააღმდეგ მოსულში ბრძოლის დროს მიიღეს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ომში ბაიდენის ადმინისტრაციის ჩართულობასა და მის სამხედრო დაგეგმარებაში ამერიკის როლს უსვამს ხაზს. Axios-ი წერს, რომ სავარაუდოდ, გლინი უშუალოდ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ისრაელში არ დარჩება და ამერიკაში დაბრუნდება.
ირაკლი შოთაძე: 2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან
„ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დღეს, 24 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მედიასთან. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. როგორც შოთაძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უწყებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. „გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ ხსენებული საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოძიების დეტალებზე. ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. გამოძიება მიმდინარეა, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს, რომელზეც საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა ისაუბრა, ვერ გავცდები, ისევ და ისევ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ. 2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც,“ - განაცხადა შოთაძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩადის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა. აშშ-ში კვირამდე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს შეხვდება. BBC ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრების დროს ამერიკული მხარე უბიძგებს ჩინეთს, უფრო მეტად კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინოს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ჩინეთის საგარეო უწყყების ხელმძღვანელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ვან ი ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. ჩინეთის საგარეო მინისტრი: ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება
ირაკლი შოთაძე: პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის
საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის. მან ასე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეიძლება, ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების საქმეზე გამოძიება დაიწყოს. „ამ შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე. კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია და არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია,“ - აღნიშნა შოთაძემ. ჟურნალისტის კითხვას, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, შოთაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ. კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ.“
რუსეთი და ირანი კვლავ იმედოვნებენ, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატს შეუერთდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, “3+3“ ფორმატთან შეერთებას გადაწყვიტოს. „ყველა თანხმდება იმაზე, რომ “3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში განაცხადა. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში “3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგეს,“ - აღნიშნა ლავროვმა. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ე.წ. 3+3-ის პლატფორმის შეკრების დროს იმედი გამოთქვა, რომ ფორმატს საქართველოც შეუერთდება. „ვიმედოვნებთ მომდევნო შეხვედრებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიის პრობლემების განხილვას დაეთმობა, საქართველოს კონსტრუქციული და ეფექტიანი მონაწილეობის მომსწრე გავხდებით," – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. “3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“. ამის შესახებ ნათქვამია მონაწილეთა შემაჯამებელ განცხადებაში. აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 23 ოქტომბერს, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად შეგახსენებთ, ე.წ. 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო, თუმცა სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადებით დაგმო. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა 23 ოქტომბერს თეირანში გაიმართა. როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.
იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოში დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში დააკავეს იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელსაც იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა ედება ბრალად. შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული პირი იტალიელია და მას საქართველოში, დანაშაულში თანამზრახველები არ ჰყოლია. მისივე თქმით, დაკავებული ექსტრადიციით იტალიას უახლოეს მომავალში გადაეცემა. „იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურა დასრულებულია. მისი იტალიაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება. ბრალდება არის იტალიურ ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ, იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაულისთვის,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით, 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება
გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წლის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, ირაკლი შოთაძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კითხვას, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ. კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ.“ შეგახსენებთ, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. ოპოზიციის, მმართველი გუნდისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს
23 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მოკავშირე ძალებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში 3000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 5 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. მანევრები სომხეთთან საზღვრებთან ტარდება. სააგენტოების ცნობით, წვრთნები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად სომხების კონტროლს 2020 წლიდან აღარ ექვემდებარება. პარალელურად, თეირანში ე.წ. 3+3 ფორმატის მონაწილეები შეიკრიბნენ. შეხვედრას რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველო არც ამჯერად იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით
უკრაინული ძალების მიერ ყირიმსა და მიმდებარე წყლებზე სრული საცეცხლე კონტროლი დროის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. „მსოფლიოში ბევრისთვის ყირიმი იყო არგუმენტი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, სავარაუდოდ, მიუღწეველი იყო. რუსეთის კონტროლი შავ ზღვაზე და ოკუპანტის ფლოტის არსებობა ქმნიდა ილუზიას, რომ რუსეთის დომინირება შავ ზღვაში თითქოსდა დაუძლეველია,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრიანის პრეზიდენტის თქმით, ეს ილუზია ქრება, რადგან რუსეთის სამხედრო ფლოტი თანდათან გარბის ყირიმიდან. „რუსეთის სამხედრო ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს არის ისტორიული მიღწევა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის - უფრო სწორად, მისი ნარჩენების - ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნა. მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ Апостроф TV-სთან ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოზე. სკიბიცკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს. მისივე განმარტებით, ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის თქმით, რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დისლოკაციის შეცვლა განპირობებულია ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის გახშირებული იერიშებითა და ოპერაციებით. რა დასკვნა აქვს ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე
მოლდოვა და რუმინეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
მოლდოვისა და რუმინეთის ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება 23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. წვრთნები მოლდოვის ეროვნული არმიის სამხედრო სასწავლო ბაზაზე ჩატარდება. რუმინეთი და მოლდოვა რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. გარდა ამისა, რუსეთის მუდმივი თავდასხმები პორტსა და ინფრასტრუქტურაზე სამხრეთ უკრაინაში, მეზობელ მოლდოვასა და რუმინეთს საფრთხეს უქმნის. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს გარდა ამისა, 20 ოქტომბერს ცნობილ გახდა, რომ რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს.
შსს-მ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ი.გ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძე: ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული. მისივე თქმით, ხელისუფლება საკითხის მოგვარებაში ბოლომდეა ჩართული. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა საკითხი არის ურთულესი, საკითხი არის რთული. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს იმას, რომ აქ შედეგი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. თუმცა საკითხი არის რთული,“ - განაცხადა კობახიძემ. EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას ირაკლი კობახიძე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის საკითხს და მოსკოვის მიერ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაწყების შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნულს „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა. „პირველ რიგში, ეს პროცესი დაიწყო ზუსტად 2009 წელს. ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ იმ ავანტიურისტული ნაბიჯების საფუძველზე, რომელიც გადაიდგა, მათ შორის 2008 წელს ანუ მათ დაგვიტოვეს ეს პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულ ამ აქტს, ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა სათანადო რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს ჰონდა უკვე შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა კობახიძემ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით
“ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი ტყვეობის დეტალებს იხსენებს
„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის იოხევედ ლიფშიცი თავისი ტყვეობის დეტალებს აღწერს. იოხევედ ლიფშიცმა თელ ავივის იხილოვის საავადმყოფოს წინ ჟურნალისტების წინაშე ისაუბრა. ლიფშიცის თქმით, კიბუც ნირ ოზიდან ის მოტოციკლეტით გაიტაცეს, შემდეგ მიწისქვეშა გვირაბების დახლართული ქსელები გაიარა. ნირ ოზის 400 მცხოვრებლიდან 180 მოკლეს ან გაიტაცეს. „მე გავიარე ჯოჯოხეთი, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით,“ - ამბობს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული. 85 წლის ქალის თქმით, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გვირაბების ქსელის ერთ მონაკვეთში კი ქალი დაახლოებით 25 ტყვესთან კიდევ იმყოფებოდა, რის შემდეგაც რამდენიმე ხანშიშესულ მძევალთან ერთად განცალკევებულ ოთახში გადაიყვანეს, სადაც პერიოდულად ექიმები მიდიოდნენ. ლიფშიცმა აღნიშნა, რომ მისი გამტაცებლები აშკარად დიდი ხნის წინ მოემზადნენ მძევლების ასაყვანად. იოხევედ ლიფშიცის 83 წლის ქმარი ოდედი ამჟამადაც ტყვეობაში იმყოფება. მისი მდგომარეობის შესახებ იოხევედმა ლიფშიცმა არაფერი იცის. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
ირაკლი კობახიძე: არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ
ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კლავაც გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ამასთან, სახელლმწიფო დეპარტამენტი Europetime-ს უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ საპასუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად უნდა გადადგას. „თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ უარყოფითი პროცესები ერთოდა თან წინა საპარლამენტო არჩევნებს, მათ შორის, გახსოვთ, იგივე პარალელური ხმის დათვლის გაყალბება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის. ყველა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმას, თუ როგორ ტარდება სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა. თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით ბუნებრივია, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენ ინტერესებში,“ - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ - ექსკლუზივი
მაკრონი “ჰამასის“ დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიციის გაფართოების ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, საერთაშორისო კოალიცია, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში იბრძვის, “ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაფართოვდეს. იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ტერორიზმს საფრანგეთისა და ისრაელისთვის საერთო მტერი უწოდა. ისრაელში ვიზიტით მყოფი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე შეუძლია “ჰამასის“ წინააღმდეგ „ბრძოლა.“ „მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლონ,“ ამბობს მაკრონი.
უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული “ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის გარდაქმნა - მედია
უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული “ჰაერი-ჰაერი“ ტიპის (AIM-9 Sidewinder) რაკეტები “მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებად წარმატებით გარდაქმნა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Financial Times (FT) უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. AIM-9X2 ან AIM-9M-ის ტიპის რაკეტები Sidewinder-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის მოკლე დისტანციის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია, როგორც F-16-ის, ასევე Gripen-ის ტიპის მოიერიშეების მიერ. „ეს (AIM-9) რაკეტები ექსპლუატაციიდან იყო გამოსული. ჩვენ ვიპოვეთ მათი ხმელეთიდან გაშვების გზა. ეს არის ერთგვარი თვითნაკეთი საჰაერო თავდაცვა,“ - ამბობს ოფიციალური წარმომადგენელი. „მოდიფიცირებული ჭურვები უკრაინას დაეხმარება ზამთრის გადალახვაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის სამიზნე გახდება,“ აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელსაც FT ციტირებს.
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა და შემდეგ უკვე პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის გადაყენება ვერ მოახერხა. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, რომელიც პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილეა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები, პირიქით, აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს. სამნიძის თქმით, პრეზიდენტთან საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, სხვა მიმდინარე პროცესები და იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები იყო. „ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი და ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები, ასევე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები. აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ასევე, ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა. მე ვკითხე იმაზე, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით და შევთანხმდით, რომ ამაზე საუბარი დღეს მთავარი თემა არაა. მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად გააცნობს. ერთი რამ არის ნათელი, რომის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, თუ როგორ, ამას თავად გაგაცნობთ,“ - განაცხადა სამადაშვილმა. თავის მხრივ, „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას. მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე არ უსაუბრიათ. „ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით; სწორ პოზიციაზეა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩვენი ქვეყნის აქტიურობაზე, ევროპულ მომავალზე. ვიზიტების გაგრძელებაზე მისი პასუხი იყო ის, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს, საარჩევნო კონფიგურაციებზე პრეზიდენტს არ უსაუბრია,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. „შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს,“ - განაცხადა ანი წითლიძემ.
ჩინეთის ორი თვის წინ გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ბოლო სამ თვეში მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. გენერალი ლი შანგფუ, რომელიც ორი თვის განმავლობაში არ ჩანდა საზოგადოების წინაშე, თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლებულია. ამის შესახებ Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს. მედია: ჩინეთის თავდაცვის მინისტრს კორუფციაში დადანაშაულების გამო სავარაუდოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6997ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6997 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8703 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8595 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
პრემიერ-მინისტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, შეხვედრასთან დაკავშირებით, Twitter-ზე წერს ირაკლი ღარიბაშვილი. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.