ძებნის რეზულტატი:
ბჟანია: იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულობას გამოიჩენს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა. ბჟანიას თქმით, უკრაინას სურს, რუსეთისთვის "დესტაბილიზაციის სარტყლის" შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას. „ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს ცხადია, სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპონ,“ - განაცხადა ბჯანიამ. ბჟანიას იმედი აქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიჩენს თავშეკავებას და პრაგმატულობას, რადგან არ ჰგონია, რომ მათთვის ახლა ომი იყოს სარგებლის მომტანი. „აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების, ასევე ჩვენი მოკავშირეების მიერ," ამბობს რუსეთის მარიონეტი ბჟანია. შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. „მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.“ ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული პროგნოზის პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. „არსებულ შოკებს დაემატა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც, ფასების, ასევე, მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების განმავლობაში სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს. მაღალი გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის მხარეს გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების ერთობლიობა გვეხმარება დაკრედიტების ზომიერი ტემპის შენარჩუნებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოთ აღნიშნულ ინფლაციურ რისკებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
საქართველოს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ეწვია
ელჩი ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვია. ამერიკის საელჩოს ცნობით, ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რაც კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-ს პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ევროატლანტიკური სავაჭრო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკულ ცენტრს. ვიზიტის დროს ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს USAID-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება. საქართველოში ყოფნისას ელჩი მაქიი ოფიციალურად გახსნის USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას. ეს პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას. ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ადმინისტრატორის მოადგილის მეორე ვიზიტია საქართველოში, ის პირველად ქვეყანას 2022 წლის ნოემბერში ეწვია. ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ის განვითარების წამყვანი სააგენტოა, რომელიც ამჟამად საქართველოში 40 პროგრამას ახორციელებს. ეს პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც 1992 წლიდან უკვე 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია ქვეყანას. USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას, რაც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობის მიერ განცხადებული სურვილის შესრულებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტ დროს ითვლის, USAID-მა მხარი დაუჭირა ისეთი პროგრამების განხორციელებას საქართველოში, როგორებიცაა: მოსახლეობის ელექტოროენერგიით უზრუნველყოფა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვაზე ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის და შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეზე ორეინტირებული დემოკრატიული პროცესების გაძლიერება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე,“ - აცხადებენ ამერიკის საელჩოში.
ბორელი ორბანს: უნგრეთს ევროკავშირის წევრობას არავინ ავალდებულებს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა. „უნგრეთმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ბევრი რამ იცის. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი... მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ მსგავსებას საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლეიმონტში მომხდარს შორის (ევროკომისიის შტაბბინა - რედ. ). მე იქ არცერთი ტანკი და არცერთი იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი. ეს თავისუფალი არჩევანია,“ - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 18 ოქტომბერს ორბანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა და გახდა ევროკავშირის პირველი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მას შემდეგ შეხვდა, რაც მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს
26 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში - ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. აშშ-ის გავითარების სააგენტო ახალ პროგრამას - “USAID განათლება მომავლისთვის“ იწყებს. $14 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი. ამერიკული მხარის განმარტებით, USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში 5 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. აშშ-ის განვითარების სააგენტოს განცხადებით, USAID აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას და ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მშენებლობას. USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას გახსნის USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიი, რომელიც საქართველოში იმყოფება. პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
აშშ-ის საელჩო: საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, 9 ამერიკული კომპანიების წარმომადგენელი ჩამოვიდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ცხრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება. ისინი მონაწილეობას მიიღებენ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების, დიზაინის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებს,“ - აცხადებს ამერიკის საელჩო.
ავსტრალია უკრაინას $12.7 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის 20 მილიონი ავსტრალიური დოლარის (12,7 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტში სხვა საშუალებებთან ერთად შედის განაღმვის მოწყობილობა, პორტატული რენტგენის აპარატები, ლითონის 3D პრინტერი და კონტრ-დრონის სისტემები. ავსტრალიაში შემუშავებული აღჭურვილობა დამზადებულია ავსტრალიური თავდაცვის ინდუსტრიის ოთხი ინოვაციური კომპანიის მიერ: DroneShield, Micro-X, Minelab და SPEE3D. ამ ახალი მხარდაჭერის პაკეტით, ავსტრალიის საერთო დახმარება უკრაინაში დაახლოებით, 910 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი, ავსტრალიის თავდაცვის ძალების 100-მდე პერსონალთან ერთად, გერმანიაში 6 თვით განლაგდა. ეს განლაგება უკრაინის საერთაშორისო ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ნაწილია. თვითმფრინავი „რამშტეინის“ საავიაციო ბაზაზე დაეშვა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არც თვითმფრინავი და არც ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან. „ავსტრალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რათა დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შეჭრისგან,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.
უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, გერმანიაში ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი განლაგდა
უკრაინის საერთაშორისო ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ფარგლებში, ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი, ავსტრალიის თავდაცვის ძალების 100-მდე პერსონალთან ერთად, გერმანიაში 6 თვით განლაგდა. თვითმფრინავი „რამშტეინის“ საავიაციო ბაზაზე დაეშვა. ავსტრალიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არც თვითმფრინავი და არც ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან. „სიამაყით ვადასტურებ, რომ E-7A Wedgetail-ი ჩამოვიდა გერმანიაში თავისი მნიშვნელოვანი მისიის დასაწყებად. ავსტრალიას აქვს პატივი, უზრუნველყოს ეს თვითმფრინავი, რათა დაეხმაროს უკრაინაში შემოსული ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო დახმარების სასიცოცხლო ხაზის დაცვას,“ -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. Wedgetail-ის განლაგება ნაწილია მთავრობის იმ ვალდებულების, რომელიც მან NATO-ს ვილნიუსის სამიტზე აიღო. „ავსტრალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რათა დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შეჭრისგან,“ - აღნიშნა ენტონი ალბანესმა, როდესაც უკრაინისთვის ახალი მხარდაჭერის პაკეტის შესახებ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ავსტრალია უკრაინას $12.7 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
ერევანმა და თეირანმა ხელშეკრულება გააფორმეს: “ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანის და სომხეთის შავ ზღვაზე წვდომას“
თეირანი და ერევანი აშენებენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის ნაწილს, რომელიც ირანს საქართველოსთან სომხეთის გავლით დააკავშირებს. ირანმა და სომხეთმა აგარაკ-ქაჯარანის გზის მონაკვეთის მშენებლობის თაობაზე ორი კონტრაქტი გააფორმეს. ეს $210 მილიონიანი კონტრაქტები 21 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციას, და ვარდანიძორიდან გვირაბის გასასვლელამდე 11 კმ გზის მშენებლობას ითვალისწინებს. „ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი ირანის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს 550-დან 490 კმ-მდე ამცირებს. „როგორც სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის ნაწილი, ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანის და სომხეთის შავ ზღვაზე წვდომას. პროექტი შავ ზღვასა და ევროპის ქვეყნებთან წვდომას სომხეთისა (მეგრი-კაპან-გორისი-ერევანი-აშტარაკი-გიუმრი-ბავრა) და საქართველოს ტერიტორიის გავლით უზრუნველყოფს,“ - წერს ირანული მედია. მისივე თანახმად, 32-კილომეტრიანი ქაჯარანი-აგარაკის მონაკვეთს აფინანსებს სტაბილიზაციისა და განვითარების ევრაზიის ფონდი, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტი. როგორც ცნობილია, ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრის მეჰრდად ბაზრფაშისა და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გნელ სანოსიანის თანდასწრებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული გზა ირანულმა კომპანიებმა უნდა ააშენონ. ბაზრფაშის თქმით, სომხური მხარე 210 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დაფინანსებას აპირებს. კონტრაქტს ხელი სომხეთში ირანის დელეგაციის ვიზიტის დროს მოეწერა. ამ ვიზიტის დროს ბაზრფაშმა მოლაპარაკებები გამართა სომხეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წლიური ვაჭრობის ღირებულების 3.0 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს. ბაზრფაშმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა შეიძლება, სამჯერ გაიზარდოს. ირანი თავის მხრივ, მზადაა მეორე სასაზღვრო ხიდის ასაშენებლად ნორდუზის რეგიონში. ის ირანში სომხური საინვესტიციო კომპანიების ყოფნას მიესალმა. სექტემბრის დასაწყისში, ARMENPRESS-ი წერდა, რომ სომხეთი ცდილობს, თავისი საქონლის ექსპორტი მოახდინოს ირანის გავლით რეგიონის არაბულ ქვეყნებსა და ინდოეთში, რადგან ქვეყანა ასევე ცდილობს, გაზარდოს ვაჭრობა ისლამურ რესპუბლიკასთან. „სომხეთი და ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ლოგისტიკური მარშრუტით ტვირთების განხორციელების პერსპექტივას, ხოლო სომხური მხარე მაქსიმალურად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ მეგაპროექტის განხორციელებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი ტერიტორიის გამოყენებას. ასევე განიხილება ირანის ტერიტორიით სომხური საქონლის არაბულ ქვეყნებსა და ინდოეთში ექსპორტის ვარიანტი და ამ კონტექსტში მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით იპოვონ გამოსავალი და გაამარტივონ ამ გზაზე ორივე მხრიდან დაწესებული პროცედურები,“ - განაცხადა სომხეთის კომერციულმა ატაშემ, რანს ვარდან კოსტანიანმა. კოსტანიანის თქმით, ორივე მხარე ეძებს ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის შემდგომი განვითარებისთვის.
ალიევსა და ფაშინიანს შორის ბრიუსელში, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ,ნიკოლ ფაშინიანს შორის ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი აცხადებს. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიზეზად დროის უკმარისობა დაასახელა. "ჩვენი მიზანია, ყარაბაღში მცხოვრები სომხები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. გრანადაში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის გათვალისწინებით, რომელსაც ალიევი არ დაესწრო, ახლა ვცდილობთ, ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა ბრიუსელში გავმართოთ. ნელი პროცესის მიუხედავად, გვჯერა, რომ შედეგი დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება,“ - აღნიშნა კლაარმა, თუმცა მომდევნო შეხვდრის დრო არ დაუზუსტებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელის შეხვედრაში.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში გაიმართა. დამატებითი დეტალები ოფიციალურად არ გასაჯაროებულა. გუშინ, 24 ოქტომბერს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ერდოღანი: ისრაელში ვიზიტის გეგმა გავაუქმეთ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელში ჩასვლის გეგმას აუქმებს. ერდოღანი პარლამენტში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, “მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფია“, რომელიც თავის მიწას იცავს. „თქვენ შეგიძლიათ, დასავლეთთან ერთად „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს,“ - მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელში ჩასვლას 7 ოქტომბრამდე აპირებდა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ “პოლიტბიუროს“ ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს 22 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა. „როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ანკარა მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორამდე მივიდეს და რომ იქ დაშავებულები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ,“ ნათქვამი იყო თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ქვეყანა ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი მხარეებს შორის. „პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აცხადებდა ანკარა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.
პოლონეთი ბელორუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს
პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის ცნობით, ŻUBR-23-ის მიზანია ჯარსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდა. ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები. წვრთნების დროს სასაზღვრო პროვინციებში სამხედრო პერსონალი და ტექნიკა გადაინაცვლებს, ზოგან საცეცხლე პუნქტებიც დამონტაჟდება.
ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ გაფართოების პირველი ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აშკარად გადამწყვეტი კვირები მოდის საქართველოსთვის, 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. ელჩი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, ევროკავშირს დაუახლოვდეს. „8 ნოემბერს, ყველანი ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, ეს მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში იქნება, რომელიც აჩვენებს იმას, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი პროგრესი. ეს ანგარიში იქნება რეკომენდაცია ევროკავშირისთვის, ხოლო 14 და 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, ამაზე მთავრობაც და ოპოზიციაც თანხმდება. დაველოდოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველი დღე მნიშვნელოვანია და დრო არ უნდა დაიკარგოს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. პაველ ჰერჩინსკი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ელჩის თქმით, პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით. მისი თქმით, საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ლაიენი: წელს ჩვენი მუშაობა ფოკუსირებულია 90-მდე ფლაგმანურ პროექტზე, მაგალითად, გაგვყავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები შავ ზღვაში საქართველომდე და ცენტრალურ აზიამდე
“გლობალური კარიბჭე“ არის 300 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობას. „გლობალურ კარიბჭეს“ აქვს იმის მასშტაბი, რომ ცვლილებები განახორციელოს. ის წარმოადგენს ახალ მიდგომას დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, „გლობალური კარიბჭის“ ფორუმის გახსნაზე განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „გლობალური კარიბჭე“ გულისხმობს ქვეყნებისთვის უკეთესი არჩევანის მიცემას. „ჩვენ აქ ვართ, რომ ერთად წინ ვიმოძრაოთ, რადგან ბოლო წლებში ხშირად იგრძნობოდა, თითქოს მსოფლიომ უკან გადადგა ნაბიჯი. ჩვენ ვიცით, რომ 18 დღის წინ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელმა თავდასხმამ რეგიონში მეტი კონფლიქტი და ტანჯვა გამოიწვია; რუსეთს გაჩაღებული აქვს აგრესიული იმპერიალისტური ომი მისი უფრო პატარა, დემოკრატიული მეზობლის, უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვიმყოფებით კლიმატურ კრიზისში, ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში ვართ პანდემიის შემდეგ, რომელმაც წაგვართვა ადამიანების სიცოცხლე, დააზარალა საარსებო რესურსები და ვაჭრობა. ეს არის დიდი გამოწვევები, რომლებიც ყველას გვეხება და ჩვენს თანამშრომლობას მოითხოვს. ამ და მომავალი თაობების ბედი, როგორც არასდროს, დამოკიდებულია ჩვენი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ხარისხსა და რაოდენობაზე, ინვესტიციებზე ხელმისაწვდომ სუფთა ენერგეტიკაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ინვესტიციებზე, რათა უკეთესად აღვჭურვოთ ჩვენი სამუშაო კადრები ისეთი უნარებით, რომლებიც შეესაბამება ხვალინდელი დღის სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ, ევროპამ წარადგინა ევროპის უდიდესი საინვესტიციო პროგრამა. როგორც იცით, ჩვენ მას „გლობალურ კარიბჭეს“ ვუწოდებთ – ეს არის 300 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსებასა და მშენებლობას. „გლობალურ კარიბჭეს“ აქვს იმის მასშტაბი, რომ ცვლილებები განახორციელოს. ის წარმოადგენს ახალ მიდგომას დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „გლობალური კარიბჭე“ გულისხმობს ქვეყნებისთვის უკეთესი არჩევანის მიცემას, რადგან მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ინვესტიციების ვარიანტები არა მხოლოდ შეზღუდულია, არამედ ზოგჯერ დიდი საფასურიც ჯდება. ზოგჯერ ამ საფასურის გადახდა ბუნებას უწევს, ზოგჯერ – დასაქმებულებს, რომლებსაც ეზღუდებათ უფლებები, ზოგჯერ უცხოელი დასაქმებულების ჩაყვანას ითვალისწინებს, ზოგჯერ კი საფრთხე ექმნება ეროვნულ სუვერენიტეტს,“– განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპაში მკაფიო სტრატეგიული ინტერესი აქვთ, გააერთიანონ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად. „არცერთი ქვეყანა არ უნდა აღმოჩნდეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არსებითი ინფრსტრუქტურის დაფინანსების ერთადერთი ვარიანტი მისი მომავლის გაყიდვაა. ჩვენ ევროპაში გვაქვს მკაფიო სტრატეგიული ინტერესი, გავაერთიანოთ ძალები გლობალური გამოწვევების გადასალახად. გლობალური გამოწვევები კი არის – ვირუსი, რომელმაც საზღვრები არ იცის, კლიმატურმა ცვლილებებმა საზღვრები არ იცის და იგივე ეხება ტერორიზმის შედეგებსა და ომს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება თქვენს უსაფრთხოებაზეა დამყარებული და პირიქით. ჩვენი კონკურენტუნარიანობა იზრდება, როდესაც თქვენი ეკონომიკები იზრდება და ვითარდება. ჩვენი მედეგობა უფრო მტკიცეა, როდესაც თქვენ, ჩვენი მეგობრები ასევე უფრო მედეგები ხართ, მაშინ ჩვენ, ყველა ვიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ ევროპამ აირჩია, უფრო ახლოს იყოს თავის პარტნიორებთან. „გლობალური კარიბჭის“ დაარსებიდან ორი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ შედეგებს,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაეინმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარტნიორებთან თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა, რომელთა შორის შავ ზღვაში საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირბელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა დაასახელა. „მხოლოდ წელს ჩვენი მუშაობა ფოკუსირებულია დაახლოებით 90 ფლაგმანურ პროექტზე. მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, ვისაც სურს, გაერთიანდეს ვაქცინებისა და მედიკამენტების საკითხზე მუშაობისას. ბანგლადეშსა და ვიეტნამში ჩვენ დავიწყეთ პროექტები მზის, ქარისა და წყლის ენერგეტიკის სფეროში, რისი ღირებულებაც, ჯამში, ერთ მილიარდ ევროს აღემატება. ჩვენ გაგვყავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელები შავ ზღვაში საქართველომდე და ცენტრალურ აზიამდე, ჩვენ ვაკავშირებთ რკინიგზებს და ელექტროქსელებს დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, რათა ისინი დავაახლოოთ ჩვენს ერთიან ბაზართან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0055 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8607 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ევროკავშირის ელჩი: ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ წელიწადნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა „წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.“ ჰერჩინსკიმ დაასახელა ის მიმართულებები, სადაც ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. „ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
პაველ ჰერჩინსკი: ვისაც მე შევხვდი, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციური ძალებიდან, არავის არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას
არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ 12 რეკომენდაციის შესრულებას, ელჩის შეფასებით, წელიწადნახევარში მეტის გაკეთება შეიძლებოდა. „როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს. არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის "მაუწყებლის შესახებ" კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
ევროკავშირის ელჩი: ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა. მისი თქმით, პრეზიდენტი გეგმავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ძალიან აქტიური იყოს. „ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ ბევრი ვიშრომოთ, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარის პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც. „მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება და „გლობალური კარიბჭის“ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. მან, ასევე, რამდენიმე შეხვედრა გამართა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენს წინაშე ინტენსიური დღის წესრიგია და ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
გურამ გურამიშვილი: შუა დერეფანი და საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის უსაფრთხო და სანდო ალტერნატივაა
„საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საზღვაო და სანავსადგურე ციფრული სისტემები ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის, განსაკუთრებით, შუა დერეფნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება რეგიონული და საერთაშორისო ვაჭრობისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ნავსადგურების გაერთიანების სისტემის (PCS) საიმპლემენტაციო ფაზის გახსნით შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შუა დერეფნის მთავარი სატრანზიტო პუნქტის როლი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუდმივი და უწყვეტი ვაჭრობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფანი და საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო და სანდო ალტერნატივას ცენტრალური აზიისა და ევროპის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. „შესაბამისად, საქართველოს ნავსადგურების გამტარუნარიანობისა და შესაძლებლობების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად, ხოლო აღნიშნულის მიღწევა თანამედროვე ციფრული სისტემებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია,“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. „საქართველოს ლოგისტიკური და სატრანსპორტო განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატებისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) როლი საქართველოში საზღვაო გაციფრულების პროცესში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველო, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის ცენტრად გვევლინება, რომელსაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის პოტენციალი, მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია.ნავსადგურების გაერთიანების სისტემა (PCS) არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას აკავშირებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის დახმარებით და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სანავსადგურო სექტორში ამჟამად მიმდინარეობს „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა, რომლის საპილოტე ვერსიის ამუშავება იგეგმება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. „მისი დანერგვა მოახდენს გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციას და უფრო ეფექტურს გახდის გემის გაფორმების პროცესს. ნავსადგურის გაერთიანებული სისტემა გააუმჯობესებს სანავსადგურო და ლოგისტიკური პროცესების მართვას,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინსტროში.