ძებნის რეზულტატი:

დავითაშვილის თქმით, საქართველო სტაბილური ქვეყანა და სანდო პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ მაღალი ინტერესი მიუთითებს, საქართველო სტაბილური ქვეყანაა ევროპისთვისაც და აზიისთვისაც და ქვეყნის როლი ბოლო წლებში გაიზარდა, როგორც სანდო პარტნიორის, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას.“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს არის არამხოლოდ სატრანსპორტო კავშირები, არამედ, მათ შორის ენერგეტიკული, ციფრული კავშირები, ბევრი მიმართულებით სავაჭრო კავშირები. მისი თქმით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ გაიმართება. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნეს-სექტორიდან. „ფორუმი ასევე ძალიან წარმატებული იქნება კონკრეტული პროექტების თვალსაზრისითაც - მოლოდინი გვაქვს, რომ ხელი მოეწერება ბევრ შეთანხმებას, რომლებიც კონკრეტული პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნება“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია - თბილისი კიდევ ერთხელ არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ ისაუბრონ მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე. მისი შეფასებით, აღნიშნული ფორუმიც ამის ნაწილია - შეხვედრის ადგილი, სადაც მეზობელი ქვეყნის პირველი პირები ჩამოდიან. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს როლს და მეგობრულ პოზიციას. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს, მაგრამ ასევე ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ კავშირებს, ეკონომიკის გაღრმავებას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  

აშშ-ის მხარდაჭერით, სანავსადგურო სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემა დაინერგება

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის დახმარებითა და აშშ-ის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სანავსადგურო სექტორში ამჟამად მიმდინარეობს „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა, რომლის საპილოტე ვერსიის ამუშავება 2024 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონოიკის სამინისტრო ავრცელებს. „მისი დანერგვა მოახდენს გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციას და უფრო ეფექტურს გახდის გემის გაფორმების პროცესს. ნავსადგურის გაერთიანებული სისტემა გააუმჯობესებს სანავსადგურო და ლოგისტიკური პროცესების მართვას,“ - აცხადებენ სამინისტროში.  

ლევან დავითაშვილის ამერიკელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელს მამუკა წერეთელსა და ამერიკელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და პრიორიტეტული მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების მეტად დაახლოების მნიშვნელობაზე. მათ შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა საფინანსო სფერო, ტურიზმი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, აგროსექტორი, მრეწველობა, განახლებადი ენერგეტიკა, უძრავი ქონება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ. დადებითად შეფასდა ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქმიანობა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის ახალი კავშირების დამყარებისა და არსებულის განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და აშშ - ს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დინამიკა. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორისაა. ხაზი გაესვა ექსპორტის ზრდის დინამიკას 2022 – 2023 წლებში. ამასთან, აღინიშნა, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია. ითქვა, რომ აშშ - ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) მხარდაჭერით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განაახლა პორტალი www.tradewithgeorgia.com, რომელიც ექსპორტიორებს ეხმარება, უკეთ წარმართონ თავისი საქმიანობა და პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები მოიძიონ. ასევე დადებითად შეფასდა აშშ - დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების დინამიკა - ამ მაჩვენებლით შეერთებული შტატები საქართველოს მე-7 მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა,“ - ნათქვამიე ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნაზე. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი. აშშ-ის საელჩო: საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან  

რუსეთი და უკრაინა ჰუმანიტარულ საკითხებზე კონტაქტებს აგრძელებენ: რომელი ქვეყნები ასრულებენ შუამავლის ფუნქციას

მიუხედავად აქტიური საომარი მოქმედებებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების არარსებობისა, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები კონტაქტს განაგრძობენ. კომუნიკაცია მიზნად ისახავს ძირითადად ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, მათ შორის პატიმრებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლას და რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებას. ამის შესახებ The Washington Post-ი მოლაპარაკებების უკრაინელ მონაწილეებზე დაყრდნობით წერს. ზოგიერთ შემთხვევაში, მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით იმართება, მათ შორის თურქეთის, ვატიკანია, ყურის სახელმწიფოებია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით. გამოცემის ცნობით, ზოგჯერ რუსი და უკრაინელი წარმომადგენლები, კერძოდ, სტამბოლში პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს, ან ტელეფონის საშუალებით ურთიერთობენ. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი უსოვმა, რომელიც პატიმართა გაცვლის საკითხზე საკოორდინაციო ცენტრს ხელმძღვანელობს, რუსეთთან საკომუნიკაციო არხების არსებობა დაადასტურა. ოლეგ კოტენკო, რომელიც დაღუპულთა ცხედრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში ადრე უკრაინის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ ამ კომუნიკაციის შედეგად დაახლოებით 1700 ცხედარი დააბრუნეს უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლება ცხედრების გაცვლის შესახებ სტატისტიკას არ ავრცელებს. გაცვლა, როგორც წესი, სუმის რეგიონში რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარზე ხდება, სადაც ამჟამად აქტიური საომარი მოქმედებები არ წარმოებს. ვატიკანის შუამავლობით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის, მაგალითად, მზარეულების ან ექიმების გათავისუფლების შესახებ აწარმოებს. ამ მისიის შედეგები არ არის ცნობილი. კატარი, თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად, შუამავლის როლს ასრულებს უკრაინიდან ბავშვების დაბრუნების საკითხში. უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის დიმიტრი ლუბინეცის თქმით, ამ საკითხზე რუს კომისარ ტატიანა მოსკალკოვასთან მისმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ მოიტანა. მიმდინარე წლის მარტიდან, ბავშვების მცირე ჯგუფების დაბრუნება დაიწყო უკრაინაში, მათთვის მშობლებისა და მეურვეების რუსეთში ჩასვლის გარეშეც კი, რასაც ჩვეულებრივ მოითხოვს რუსეთის ხელისუფლება. როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს შესაძლებელი გახდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოცემის შემდეგ. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ეწვია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი ეწვია. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დახვდა. დრიტან აბაზოვიჩი ქვეყანას დელეგაციასთან ერთად ეწვია. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად ხვალ გაიხსნება.  

„ჰამასი“ ISIS-ს უდრის - ისრაელის პასუხი თურქეთის პრეზიდენტს

„თურქეთის პრეზიდენტის მცდელობებიც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ შეცვლის იმ საშინელებას, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა და ვერც იმ ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის,“ - ასე უპასუხა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, “მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფია“, რომელიც თავის მიწას იცავს. მისი თქმით, „ისრაელი მთელი გულით უარყოფს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ თურქეთის პრეზიდენტის უკმეხ სიტყვებს.“ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესი საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც განზრახ და სასტიკად კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, სამოქალაქო პირები აჰყავს ტყვედ და საკუთარ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს. თურქეთის პრეზიდენტის მცდელობები დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი წამახალისებელი სიტყვებიც კი ვერ შეცვლის საშინელებებს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, და იმ ცალსახა ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის,“ - განაცხადა ჰაიატმა.  

გუტერეში მის განცხადებაზე ისრაელის რეაქციით “შოკირებულია“

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის "შოკირებულია" რეაქციით, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ მის განცხადებას მოჰყვა. ის ამბობს, რომ აშკარად დაგმო ისრაელის მიმართ განხორციელებული "ტერორისტული აქტები", რომლის დროსაც ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები "ვაკუუმში" არ მომხდარა. „შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით - თითქოს მე ვამართლებდი "ჰამასის" ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, ეს პირიქით იყო... მე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში "ჰამასის" მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას - ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას. ნამდვილად, მე პალესტინელი ხალხის წყენაზე მე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე ჩემი ინტერვენცია, ვგულისხმობდი პოზიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს გულისხმობს," - განაცხადა გუტერეშმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცნობისთვის, ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა. გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებდა, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე. BBC-ის ცნობით, თავის თავდაპირველ განცხადებაში გუტერეშმა განაცხადა, რომ „პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს „ჰამასის„ შემზარავ თავდასხმებს." ამასთან, Financial Times-ის ცნობით, მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ღაზაში საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევის“ შესახებ. „სამოქალაქო პირების დაცვა არ ნიშნავს 1 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციას სამხრეთით [ღაზას სექტორში, სადაც არ არის თავშესაფარი, საკვები, წამალი და საწვავი, შემდეგ კი, თავად სამხრეთის დაბომბვის გაგრძელება,“ - განაცხადა გუტერეშმა. გუტერეშმა ასევე აღწერა “ჰამასის“ თავდასხმები, როგორც "საშინელი", მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი "ვაკუუმში არ მომხდარა" და არ ამართლებს "პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას."  

ფინეთის პოლიციის ვარაუდით, Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია

ფინურ-ესტონურ გაზსადენის დაზიანება სავარაუდოდ, ჩინური გემის ღუზამ გამოიწვია. გამოძიების ვერსიით, საექსპერტო ანალიზის მონაცემი აღნიშნულ კვალს ადასტურებს. მოხდა თუ არა მილსადენის დაზიანება განზრახ, უნებლიედ თუ გამოწვეული იყო სხვა მიზეზით, ეს გამოძიების მომდევნო ფაზის საგანია. ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ „მოვლენების თანმიმდევრობა დადგენილია მტკიცებულებებისა და მონაცემების საფუძველზე და, სავარაუდოდ, ზიანი გამოიაწვია გემმა Newnew Polar Bear, რომელიც ჰონგ კონგის დროშით დაცურავდა,“ - წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიების ეროვნულმა ბიურომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი გაზსადენის დაზიანების გამოძიებაში. გამოძიების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ტექნიკურად დაზუსტებულია, თუ როგორ დაზიანდა გაზსადენი.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომლებიც წინა ელჩის პირობებში იყო, აღარ განმეორდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური ამ ადამიანის მიმართ. მანამდეც ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას. ვფიქრობ, მანამდე რაც იყო, ნეგატიური, უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც ამერიკის, არც საქართველოს ინტერესებს. მინდა, გამოვთქვა დიდი იმედი და ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტების განხორციელებას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს უსიამოვნო პრეცედენტები აღარ განმეორდეს, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას. მინდა, მას პირადად მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი დასაწყისისთვის და იმედი მაქვს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას. ამერიკას ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ამიტომ, ყოველგვარი ნეგატიური, უსიამოვნო თუ ხდებოდა ურთიერთობებში, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის ჩვენი ყველას სურვილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ჰონგ-კონგი აანონსებს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს „გარე ძალების“ წინააღმდეგ

ჰონგ კონგის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ლი აცხადებს, რომ ნახევრად ავტონომიური ქალაქი, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საკუთარ კანონს 2024 წელს შექმნის. მისი თქმით, „ზოგიერთი ქვეყანა ძირს უთხრის ჩინეთს და ჰონკონგში „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ დანერგვას საკუთარი სარგებლობისთვის.“ France24 წერს, რომ ლი გულისხმობდა ბრიტანეთისა და ჩინეთის მიერ შეთანხმებულ მმართველობის მოდელს, რომლის მიხედვითაც, ქალაქი შეინარჩუნებს გარკვეულ ავტონომიას და თავისუფლებებს. „გარე ძალები აგრძელებენ ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევას,” - აღნიშნა ჰონგ-კონგის ლიდერმა. პოლიტიკურ მიმართვაში, პეკინის მიერ დანიშნულმა ლიდერმა ისაუბრა ჰონგ-კონგის ეკონომიკის აღდგენის გზებსა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ბრძოლის მეთოდებზე. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჰონგ-კონგში მეტი თავისუფლებისა და ავტონომიის მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რის შემდეგაც ჩინეთმა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა. ლიმ, რომელიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მისი როლის გამო, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ეროვნული უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.  

ევროკავშირი პუტინს პოლონეთის საზღვარზე ჯარის განლაგების უფლებას ვერ მისცემს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ფორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელში დაუშვებლად მიიჩნევენ უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინაშე. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა კიევში მარიონეტული მთავრობა შექმნას და პოლონეთის საზღვარზე რუსული არმია განათავსოს," - განაცხადა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინი ალბათ ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, როგორ დაუჭერდნენ მხარს კიევს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები. ბორელის თქმით, უკრიანელები დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ თავს და მათ სჭირდებათ ევროპული დახმარება.  

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარაძე. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. თბილისში ელოდებიან სომხეთის პრემიერსაც.  

სტოლტენბერგი: ზოგიერთ ინვესტორს მცდარი აზრი აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია არაეთიკურია

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, NATO-ს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ NATO-ს ურთიერთობა ინდუსტრიასთან უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. სტოლტენბერგის თქმით, ინდუსტრიის ლიდერები NATO-ს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ. „ზოგიერთ ინვესტორს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია, მაგრამ არაფერია არაეთიკური მოკავშირეების დაცვაში ან საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებაში. ნამდვილად, ინდუსტრიის გარეშე, არ არსებობს თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება. მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმოება უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ასევე გავაძლიეროთ საკუთარი შეკავება და თავდაცვა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

პრემიერი: საქართველო მოწადინებულია, იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონულ ჰაბად

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მოწადინებულია, იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონულ ჰაბად. პრემიერმა დღეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე ბრიუსელში ისაუბრა. „ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას, მოდერნიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში,  იქ - სადაც ეკუთვნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე მინდა ვისაუბრო. ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს - გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი ბრიუსელში ორგანიზებული „გლობალური კარიბჭის“ 2023 წლის ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე „სატრანსპორტო დერეფნების“ შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო მოწადინებულია იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონალურ ჰაბად," - დაწერა მან მოგვიანებით Twitter-ზე.    

BBC: ყირგიზეთმა შესაძლოა, მალე მიიღოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის მსგავსია

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ყირგიზეთის პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც რუსული კანონის მსგავსი იქნება. კანონმდებლებმა „არასამეწარმეო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში და ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. „კანონპროექტის ბუნდოვანი ფორმულირების თანახმად, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც იღებს ფულს სხვა ქვეყნებიდან და „ცდილობს, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ აზრზე“ უცხო სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაითვლება „უცხო წარმომადგენელად,“ იტყობინება BBC. ყირგიზი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის კანონის თითქმის იდენტურია. მათ მოუწოდეს კანონმდებლებს, უკან გაიწვიონ კანონპროექტი. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყო საჭირო.   

რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მანამდე, მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის პოსტზე ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა მოხსნეს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და 2020 საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების წარუმატებელ მცდელობაში კონგრესის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა. ჯონსონი იყო ტრამპის იურისტთა გუნდის წევრი და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ორივე იმპიჩმენტის დროს იცავდა. უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ გამოდის. კერძოდ, ჯონსონმა კიევისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის წინააღმდეგ მისცა ხმა. ჯონსონს 220-მა თანაპარტიელმა დაუჭირა მხარი, მაშინ, როდესაც პოზიციაზე ასარჩევად 218 ხმა სჭირდებოდა. „დემოკრატიული პარტიის“ ყველა 209 დამსწრე წარმომადგენელმა, ისევე როგორც ყველა წინა ჯერზე, მხარი ფრაქციის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს დაუჭირა. ლუიზიანას შტატის წარმომადგენელი, 51 წლის ჯონსონი, წარმომადგენელთა პალატაში 2016 წლიდან იმყოფება და აქამდე რესპუბლიკური ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 30 სექტემბერს კევინ მაკკარტიმ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ხმების მობილიზებით უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება და ამით ქვეყანამ თავიდან აიცილა პირველი ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა. 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს.  

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „მლეთის ინციდენტზე“ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ცნობებს ეხმაურება. ის ფაქტს სამწუხარო ინციდენტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგია. საბედაშვილის თქმით, არსებობს მცდელობა, რომ მლეთაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებულ სიახლედ შეიფუთოს საზოგადოების დაშინების მიზნით, თუმცა მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან. „სამწუხარო ინციდენტია, უბრალოდ აქაც რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქოს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება განსაკუთრებით ახალი აქტივობები. აქ არ არის საუბარი განსაკუთრებულზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოჩენა საოკუპაციო ხაზზე ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, მაგრამ აქ არის საუბარი სიახლეებზე. ჩვენ, როდესაც მუდმივი, განგრძობადი ოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით, ჩვენ ეს პროცესები უნდა შევაფასოთ მისი დაწყებიდან დღემდე. რაც შეეხება მლეთას - ისტორია მლეთასთან დაკავშირებით არის შემდეგი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ, პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით ხდება მათი გამოჩენა უშუალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება წლების განმავლობაში ვიბრძვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე საქართველოს მოსახლეობა შარშანაც იმყოფებოდა, შარშანწინაც და იმის წინათაც. სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შარშანაც, იმის წინაც და იმის წინა წლებშიც, ამ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოდიოდნენ ხოლმე, ჩვენ მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან, რომ ამ ტერიტორიებზე არ მოხდეს მოქალაქეების დაკავება, ან უკანონოდ დაკავებულები მალევე გათავისუფლდნენ და ა.შ. სამწუხარო ინციდენტია, მაგრამ ეს არის 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგი. ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს ადგილი და ამ ადგილის დაკავების შემდეგ მოხდება სტრატეგიული გზების და ხეობების კონტროლიო - ძალიან დიდი ბოდიში, 2009 წლიდან პატრულირებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, წელს გახდა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის? ახლა?! - აცხადებს გიორგი საბედაშვილი „რუსთავი 2-თან.“ სოციალურ ქსელებში დღეს ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ჩანდა, რომ სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რამდენიმე რუსი სამხედრო სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა, ამბობდა, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების საოკუპაციო პატრული სამუშაოს ატარებს, რაც მათი დიდი ხნის გაცხადებული ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ „რაც ახალგორის ოკუპირება მოხდა, რუსეთის მხარემ გაავლო თავისი ე.წ. საზღვარი და იქ კვირაში ორ-სამჯერ ამოდის რუსული ჯარის პატრული.“ „მეტი არაფერი მომხდარა ახლაც. წლების განმავლობაში ასე ხდება და ვიღაცამ ეს როგორც სიახლე, ისე დადო. ამოდიან, რამდენიმე ხანი რჩებიან, ათვალიერებენ და ჩადიან უკან. ერთ ნაბიჯს აქეთ გადმოდგამენ თუ იქით გადადგამენ, ამას ვერავინ გააკონტროლებს. იქ ეს ხაზი რომ არსებობს საერთოდ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ზოგადად, მაგრამ ახლა სიახლე და განსაკუთრებულობა ეს არ არის,” – ამბობდა დეკანოზი.

აშშ უკრაინას $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - მედია

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 150 მილიონ აშშ დოლარამდე დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პაკეტში შედის GMLRS-ის რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის, სამხედრო აღჭურვილობა NASAMS-ისთვის, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, AIM-9 Sidewinder-ის ტიპის რაკეტებ და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მას შეუძლია, მხარი დაუჭიროს როგორც ისრაელს, ისე უკრაინას. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს  

უელსის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

უელსის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. „ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში!” წერს უკრაინის საელჩო დიდ ბრიტანეთში. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა. 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.  

ო'ბრაიენი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთი ცდილობს, ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით

ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის - ეს განცხადება, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.  ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. “საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ,“ - განაცხადა ობრაიენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო. „საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად. წყარო - ამერიკის ხმა