ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“: ევროპისგან შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას მოველით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პრემიერმაა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უნდა იყოს "სამართლიანი". „ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, "ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად". პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც "ბუნებრივი ხიდის" მნიშვნელობაზე. „საქართველო - ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად... შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისათვის, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა," - აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.

ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსზე: შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე განაცხადა, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია - კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრაქტიკულად, მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის რიტორიკას, კობახიძე ამბობს, რომ მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება და შესაბამისად, მათ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა უწევთ. „საბოლოოდ, მათი რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიგვეღო, თუმცა ნახეს, რომ მოცემულობა სხვა მიმართულებით შეიცვალა - რეალურად მწიფდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება და არათანმიმდევრულობა. მათი გათვლა იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა, თუმცა ვითარება იცვლება, შესაბამისად, მათ უწევთ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა და აქ გამოჩნდა მათი არათანმიმდევრულობა,“ - განაცხადა კობახიძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან აღნიშნა, “სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, საქართველო რეფორმებს გააგრძელებს.“ „გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან, მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერი არის კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ ერთი ღია ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციის, და მხარდამჭერი იმის რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზავნილი არის მარტივი, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში და სიტუაცია ძალიან რთული არის მთელს მსოფლიოში, მოგეხსენებათ უკრაინის ომის გარდა ამხელა სიტუაცია, რომელიც ძალიან დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები ჩვენს რეგიონზე, მთლიანად მსოფლიოზე, ამიტომ ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა დავდგეთ ძლიერად, მტკიცედ, გავაგრძელოთ რეფორმები, მე ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეფორმებს, კოორდინაციას ევროპელებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მაგრამ დაველოდოთ და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ძალიან მალე ცნობილი“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.  

„მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორი: საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ, საქონლის წარმოების კერა

„დაკავშირებადობის შესახებ საუბარი ძალიან დროულია და კარგია, რომ საქართველომ იპოვა თავისი როლი. „დაკავშირებადობა“ აერთიანებს სხვადასხვა საკითხებს და ქვეყნებს“, - განაცხადა  „მსოფლიო ბანკის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლზ ჯეი კორმიერმა, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ სადისკუსიო პანელში - “Meaningful Connectivity Enabler for Global Growth“ მონაწილეობდა. ჩარლზ ჯეი კორმიერის თქმით, დაკავშირებადობა არის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ეფექტური ვაჭრობისთვის. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და შეუძლია განავითაროს ახალ ბაზრებზე გასვლა. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ევროპასთან საქართველოსა და რუმინეთის გავლით. „ამ ფორუმის კიდევ ერთი მთავარი დღის წესრიგია დიგიტალიზაცია, მას აქვს უზარმაზარი ტრანსფორმაციის პოტენციალი რეგიონისთვის და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, დიგიტალიზაციაზე წვდომა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და განავითარებს ინოვაციებს. ამ დერეფნის განვითარება ნიშნავს წარმოების განვითარებას. ამრიგად, ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან შავი ზღვის კაბელის პროექტზე, უნდა გავუწიოთ სრული ტექნიკური დახმარება და უზრუნველვყოთ, რომ პროექტს ჰქონდეს სათანადო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ზღვის ფსკერი მდგომარეობის სწორი შეფასება, დავრწმუნდეთ, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ბაზარზე გასატანად,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმ დირექტორმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.  

ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი: ყურის არაბულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაღრმავდა

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობის, საქართველოსა და ყურის არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა, რომელიც თბილისში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში „ვაჭრობა მომავლისთვის“ მონაწილეობს. პანელური დისკუსიის სპიკერები საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან საკითხებს და ამ კუთხით ქვეყნების თანამშრომლობის მთავარ ასპექტებს განიხილავენ. როგორც პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი პლატდფორმაა ამ საკითხების საერთაშორისო ფორმატში გასახილველად. „ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხებზე, აბრეშუმის გზა ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის 6 ქვეყნისთვის და ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, 2017 წელს ჩვენ გავაფორმეთ სამოქმედო გეგმა ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის, რომლის შედეგადაც გაღრმავდა ურთიერთობები და გაფორმდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ჩვენ ვმუშაობთ ახალ სქემებზე, ახალ გეგმებზე, რომ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,“ - განაცხადა ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივმა. ფორუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში ასევე მონაწილეობენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის რესპუბლიკის შიგა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორი ელჩი ერინ ელიზაბთ მაკკი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური მდივანი ელჩი ლაზარ კომანესკუ, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯეისემ მოჰამედ ალ ბუდაივი.  

ელჩი ერინ მაქიი: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას „შუა დერეფანში“, რადგან ეს გააძლიერებს ქვეყანას და დაახლოებს მას ევროკავშირთან

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა ელჩმა ერინ მაქიიმ, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ელჩმა ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე - „ვაჭრობა მომავლისთვის“ ისაუბრა. „ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს ქვეყანას და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს,“ - განაცხადა ერინ მაქიიმ. მან „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს,“- განაცხადა ერინ მაქიიმ. მისი თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.  

უკრაინამ დისტანციური მართვის ბორბლებიანი დრონი შექმნა

უკრაინის სამხედრო ინდუსტრიამ შექმნა ახალი უპილოტო სახმელეთო მანქანა (UGV), რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების ტარება და ჯავშანტექნიკის ქვეშ მისი მართვა შეუძლია. ამის შესახებ პროექტის სპიკერმა ვიქტორია კოვალჩუკმა Business Insider-ს განუცხადა. „მთავარი იდეა ის არის, რომ რობოტი (Ratel S) გამოიყენება როგორც მობილური ქობინი, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს ან სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებს ატარებს,“ -  განაცხადა კოვალჩუკმა და აღნიშნა, რომ მანქანას შეუძლია, 40-50 წუთის განმავლობაში იმუშაოს საშუალო სიჩქარით ან ორ საათამდე ნელი სიჩქარით. Ratel S-მა გამოცდა უკვე გაიარა და ისმალე შეუერთდება უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის უამრავ სხვა ინოვაციურ პროექტს, რომელიც უკრაინამ ამ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შეიმუშავა.  

ოლექსი დანილოვი: უკრაინაში, უახლოეს მომავალში, საბრძოლო მასალის წარმოება გაიზრდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო და კერძო საწარმოების ხარჯზე საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის, შესაბამისი ტექნიკა უკვე მონტაჟდება. „ჩვენმა პარტნიორებმა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ - ამ აგრესიის დაწყებიდანვე, 2022 წლის აპრილ-მაისიდან, ქვეყნებმა დაიწყეს დამატებითი შესაძლებლობების აშენება, ეს არ არის იოლი საქმე, მათი ერთ-ორ თვეში შექმნა შეუძლებელია. საიდუმლოს გეტყვით: ჩვენი კერძო კომპანიებიც მუშაობენ ამ საკითხზე, მათ შეუკვეთეს შესაბამისი აღჭურვილობა, გარკვეული აღჭურვილობა უკვე დამონტაჟებულია საწარმოების დახურულ ზონებში - და უახლოეს მომავალში ვიხილავთ საკუთარი წარმოების ზრდას,“ - აღნიშნა დანილოვმა. მისი თქმით, მხოლოდ სახელმწიფო ვერ უმკლავდება ამ საკითხს და მაქსიმალურად ცდილობს კერძო ბიზნესის მიზიდვას. დანილოვის მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე არის ადგილები, სადაც შესაძლებელია წარმოების უსაფრთხოდ დაწყება.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ანაკლიის პორტს კანონის შესაბამისად მოქმედი ფირმა გააკონტროლებს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო. ამერიკელმა სენატორებმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად. ჯეიმს ო'ბრაიენს შაჰინმა ანაკლიის პორტში ჩინეთის ინტერესებზეც დაუსვა შეკითხვა.  „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს, რომელიც დაკავებული იქნება მოპარვით ან მოსყიდვით ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, ეს ეხება ანაკლიის მსგავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ო'ბრაიენისთვის ცნობილია, რომ ტენდერს ორი ფინალისტი ჰყავს - ერთი სინგაპურისა და ჩინეთის ერთობლივი კონსორციუმია და მეორე - დასავლური კონსორციუმი. აქვე აღნიშნა, რომ პროექტის დასრულებამდე მრავალი წელია დარჩენილი.  ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, DFC-მ (აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაცია) ფოთის პორტისთვის ძალიან დიდი სესხი გამოყო. „ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში სხვა საშუალებების განვითარებაზეც, რომ უფრო მეტ დატვირთვასთან გამკლავება შეძლონ... ამის ნაწილია, დავრწმუნდეთ იმაში, რომ იქნება კონკურენცია და რომ ფირმა, რომელიც ანაკლიას გააკონტროლებს, კანონის უზენაესობის შესაბამისად იმუშავებს,“ – აღნიშნა ო'ბრაიენმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ. ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა." „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ხალხს... ჩვენ ფოკუსირებული ვართ დემოკრატიის დაცვაზე,“ - ციტირებს გამოცემა ერინ მაქიის, რომელიც მედიის წარმომადგენლებს თბილისში, განათლების სფეროში 14 მლნ დოლარით დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის გახსნის ღონისძიების შემდეგ ესაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID-ი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროგრამას "განათლება მომავლისთვის საქართველოში". $14-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია "ქემონიქსი". USAID-ის პროგრამა "განათლება მომავლისთვის საქართველოში" 5 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. ერინ მაქიი თბილისში ასევე დაესწრო "აბრეშუმის გზის ფორუმს." ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე კომენტარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.“ გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები. ისინი გამოკითხვის დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. სუსში მათ „გაუთქმელობაზე“ აწერინებენ ხელს. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე, ორგანიზაცია "კანვასის" (ყოფილი "ოტპორი") ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი და გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს.  

მოსკოვი დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღირებული „ჰამასის“ “დელეგაციას“ მასპინძლობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “ჰამასის“ “დელეგაცია“ ამჟამად მოსკოვს სტუმრობს. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA, პალესტინელთა დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში მყოფ პირებს შორის არის ჰამასის მაღალი რანგის წევრი, აბუ მარზუკი. ახლო აღმოსავლეთში კრიზისში მოსკოვი „აშშ-ის დიპლომატიის ჩავარდნას“ უკავშირებს. მოსკოვი გამოდის მოწოდებებით ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამასთან, საუბრობს მშიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირების აუცილებლობაზე, რასაც გერმანიის კანცლერმა ცინიზმი უწოდა. ზახაროვამ მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალი ბაღირი კანი, და ის მოლაპარაკებას მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუხინთან. ბაღირი ირანის მთავარი წარმომადგენელია ბირთვული საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ილია II: დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის

საქართველოს საპატრიარქო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს. ილია II განცხადებაში აღნიშნავს, რომ „დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის“. „ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.  

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, მარიო ბიონდის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

მარიო ბიონდი 2023 წლის ევროპის ტურის ფარგლებში - თბილისში ჩამოდის. პროექტი - ხორციელდება საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით და საპროდუსერო კომპანია „თაგის არტის“ თანაორგანიზებით. „თაგის არტი - მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“, დაარსებიდან ოც წელს ითვლის. „ამ ხნის განმავლობაში კომპანია მუდმივად ახლის ძიებაშია, რათა შეძლოს მსოფლიო ნოვატორული სახელოვნებო პროექტების განხორციელება, ახალგაზრდა თაობისთვის მუსიკალური და საშემსრულებლო ხელოვნების კარიერის გაფართოების შესაძლებლობის მიცემა და ქართველი ნიჭიერი შემსრულებლების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნად, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, ჩარტების ლიდერი იტალიელი ვოკალისტის, სოულისა და პოპის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლის, მარიო ბიონდის შემოქმედებითი საღამო გაიმართება,“ - აცხადებენ კომპანიაში.  „თაგის არტის“ ცნობით, მუსიკოსის წლევანდელი საგასტროლო ტურნე საკმაოდ დატვირთულია: „საამაყოა, რომ ევროპის 5 წამყვანი ქვეყნის 23 ქალაქს ჩვენი დედაქალაქიც შეემატა. თბილისში მარიო ბიონდის გასტროლი, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და „თაგის არტის“ თანაპარტნიორობით ხორციელდება. მარიო ბიონდი პირველად საქართველოში 2014 წელს „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“ იყო მოწვეული. 27 ოქტომბერს ბიონდი უახლესი ალბომით „Crooning undercover” წარსდგება პუბლიკის წინაშე. ეს კონცერტი საქართველოს და საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოებისთვის გამორჩეული იქნება ფრიად საინტერესო კუთხით, კერძოდ მარიო ბიონდი ქართველ საოპერო მომღერალთან, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატთან და პრესტიჟული საოპერო ფესტივალების მოწვეულ სოლისტთან, სოფიო გორდელაძესთან ერთად შეასრულებს ლეგენდარული ამერიკელი ოსკაროსანი კომპოზიტორის ბერტ ბაკარაკის (Burt Bacharach) სიმღერას COME I OGNI ORA (კომე ი ონი ორა).“ ინფორმაციისთვის, შემოქმედებითი ორგანიზაცია „თაგის არტი - მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“, 2001 წელს დაარსდა. მისი თაოსნობით საქართველო გაიცნო არაერთმა დიდებულმა მუსიკოს-შემსრულებელმა დასაერთაშორისო აღიარების საბალეტო დასებმა. მათ შორის აღსანიშნავია სეზარია ევორას, არტურო სანდოვალის, რიშარ გალიანოს, ხოაკინ კორტესის ფლამენკოს დასის, ჰირომი უეჰარას, ფრანგული ელექტრო-ტანგოს ჯგუფ „გოტან პროჯექტის“, პაოლო ფრეზუს ტრიოს, იამანდუ კოსტას, ვინსენტ პეირანის, „სიმფონიური ისტვუდის“, ჰამილტონ დე ჰოლანდას ტრიოს, ეიფმანის სანკ-პეტერბურგის საბალეტო თეატრის და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ხელოვანის გასტროლი. 2016 წელს “თაგის არტის“ აფუძნებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმს“, რომელიც საზოგადოებაში ნდობას უმალ პოულობს.  

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: შუა დერეფანს ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია, ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შუა დერეფნისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში („The Middle Corridor in the Spotlight“), რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა რეგიონის ქვეყნებისთვის აღნიშნული პროექტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „შუა დერეფანს ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია. ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, ამასთან, შუა დერეფანი უფრო სწრაფია, ვიდრე ოკეანის მარშრუტი. ჩვენ შეგვიძლია, ყაზახეთის საზღვრიდან კონსტანცის პორტში ორ დღეში ტვირთის გადატანა, თუნდაც ჩინეთიდან კონსტანცამდე, ოკეანით ამას 44 დღე სჭირდება. უნდა აღინიშნოს - სანდო უწყებები ამბობენ, რომ შუა დერეფანი ემისიების მხრივაც კეთილგონივრული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა რაშად ნაბიევმა. დისკუსიის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის რეგიონის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას და დერეფნის ქვეყნებს შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობას პროექტის განვითარებისთვის. „შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს, ჩემმა კოლეგებმა საკმაოდ ბევრი ძალისხმევა მიმართეს იმის გასაგებად, რომ ზუსტად გვცოდნოდა - სად არის შუა დერეფნის გამოწვევები და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - სამოქმედო გეგმას,“ - აღნიშნა რაბიევმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.  

შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს ,,ერთი ფანჯრის პრინციპით" მომსახურებას სთავაზობენ. საქართველოს რკინიგზის ცნობით, სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე - ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს.  

ელჩი მაქიი: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა მხარესთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიის განცხადებით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მომდევნო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ასევე გაეცანით: ო'ბრაიენი: ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი USAID-ის წარმომადგენლის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში. „ჩვენ ვიცით, რომ ღია, თავისუფალი, აყვავებული, დემოკრატიული საზოგადოება პუტინისა და კრემლისთვის სიგნალია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა პარტიასთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და უდავო. მავნებელ მოთამაშეებს ვერ შევუშლით ხელს დემოკრატიის შელახვის მცდელობაში, მაგრამ შეგვიძლია, დავიცვათ პროცესი, რათა არჩევნების შედეგი იყოს საქართველოს მოსახლეობის სურვილზე დაფუძნებული და ეჭვის ქვეშ არ დადგეს. სწორედ ამიტომ, მხარს გიჭერთ დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში, რა ძალისხმევაც არ უნდა დასჭირდეს ამას,“ – განაცხადა ერინ მაქიიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი  

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე - არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ალი ასადოვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრას საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა. „სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - დაწერა მან Twitter-ზე. დღესვე პრემიერმა შეხვედრა გამართა სომხეთის პრემიერთან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო; ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. „განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით,“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან, რომელიც თბილისში გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსა და მონტენეგროს გაწევრიანების საერთო მიზნების გაგვაჩნია,“ - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.  

ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველოს მთავრობასთან ერთად თბილისში ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოსვლით გაიხსნა დღეს პანელური დისკუსია „ტურიზმი საზღვრებს მიღმა“ (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes). პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და პირობებზე ისაუბრა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება. პანდემიის შემდეგ მსოფლიო და ტურისტული ინდუსტრია ძალიან შეიცვალა, დღეს საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ძალიან კარგი ინვესტიციები სასტუმროებში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ხალხის გარეშე არაფერი გამოვა. ახლახან უზბეკეთში, სამარყანდში ჩვენ გავხსენით აბრეშუმის გზის უნივერსიტეტი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას თბილისში. საქართველოში ძალიან დიდი მოთხოვნაა ტურისტულ განათლებაზე და ძალიან ხელსაყრელია საქართველოში ინვესტიციების ჩადება სწორედ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადები, ტურიზმის განვითარებამ საქართველო ძალიან შეცვალა. „დღეს ტურიზმს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში, ეს არის ინვესტიციების ადგილი და ქვეყანა, სადაც უნდა დაისვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი აქტივობისთვის საინტერესოა, აღარაფერს ვიტყვი ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზე. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს - ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს,“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში, ერინ მაქიის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით; განიხილეს ის სფეროები, სადაც შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობის გაძლიერება. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობათა მნიშვნელობას და მისი გაღრმავების აუცილებლობას. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, აშშ-ის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე, აარონ რუპერტი, საქართველოს მხრიდან კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა  

ვიქტორ ორბანი: საქართველო მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, საქართველო კარგ ფორმაშია და მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი განხილვის შედეგად საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, ვახსენებთ. კარგი ქვეყანაა, საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია, მზად არის [ევროკავშირში] წევრობის კანდიდატი გახდეს. დღეს განხილვა იქნება და მოვამზადებთ ტექსტს... და ვიმედოვნებ, რომ განხილვის შედეგად, საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად ვახსენებთ,” - განაცხადა ორბანმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ლიდერები 2023 წლის 26 და 27 ოქტომბერს ბრიუსელში იკრიბებიან. განიხილება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი, რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მხარდაჭერა და სხვა საკითხები. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ჯაღმაიძე მლეთაში ჩასვლის შემდეგ: ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს

სოფელ ზედა მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან, რუსეთის საოკუპაციო ძალის ჯარისკაცების გამოჩენის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც იქ შემნილ ვითარებას Facebook ლაივის დროს გამოეხმაურა. „ლომისის ტაძარი საქართველოში რამდენიმეა. გუშინდელ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი აჭედილია. მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა. შემდგომ, ეს კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა საუბარი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც კირბალი ჰქვია. სოფელ კირბალშია სწორედ ეს ტაძარი. მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. იქაც შესაძლებელი იყო, რაღაც პერიოდის წინ გადასვლა. წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ იქ ვიღაცამ ააფრიალა ქართული დროშა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს - აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. მსგავსი ტაძრები რამდენიმე გვაქვს გორის რაიონში, ეს არის სოფელ აძვში წმინდა გიორგის ტაძარი, სოფელ ქერეში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი. ამიტომ, ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, სახელებისა და ადგილების აღრევა, რაღაც მოვლენების გადანაცვლება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს,“ - აღნიშნა ჯაღმაიძემ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები. „2009 წლიდან ე.წ. სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქით მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან. გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. როგორც გითხარით, ეს არის ე.წ. სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები,” - აღნიშნა ჯაღმაიძემ. ასევე გაეცანით: სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „მლეთის ინციდენტზე“ კომენტარს აკეთებს ცნობისთვის, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გუშინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ „ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის.“ „ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ 2 წელიწადია ვსაუბრობთ. „ქოცხელისუფლება“ კი აგრძელებს "პრაგმატული პოლიტიკის" გატარებას. ჰა, ქართველობას ვინ გვართმევს ახლა?“ - წერდა ქაცარავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და ხელოვნური ბარიერია გავლებული.