ძებნის რეზულტატი:
აშშ-მ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი. ენტონი ბლინკენის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობას თავისი ტერიტორია დაიცვას რუსეთის თავდასხმითი ქმედებებისგან, ამავდროულად რუსი სამხედროების წინააღმდეგ კონტრშეტევის გაგრძელებით.” აღნიშნული პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკვე 49-ეა Presidential Drawdown Authority მექანიზმის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც, უკრაინელი სამხედროები დახმარებას უშუალოდ ამერიკული საწყობებიდან იღებენ. ბოლო დახმარების გადაცემის შესახებ მედია 25 ოქტომბერს წერდა.
რუმინეთმა უკრაინის საზღვართან ანტიდრონების სისტემა დაამონტაჟა
რუმინეთმა უკრაინის საზღვართან დუნაის დელტაზე ანტიდრონების სისტემა დაამონტაჟა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს. ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს. რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს. რუმინეთი უკრაინის მოსაზღვრე ქალაქებში რუსული თავდასხმების რისკების გამო, თავშესაფრებს ააშენებს
სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: პოლიტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირი შეისყიდოს
სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, საბჭოთა პერიოდში სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს სამი დიდი გაზსადენით იღებდა და ახლა უკვე შესაძლებელია ამ მილსადენების აღდგენა. „იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს წლებში მოხდება. ასეთი გამოცდილება საბჭოთა წლებში გვქონდა. როგორც აღვნიშნე, გაზს ვყიდულობდით აზერბაიჯანიდან, სამი უზარმაზარი გაზსადენი გვქონდა და ახლა შეგვიძლია, აღვადგინოთ ეს მილსადენები, თუ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური საკითხი გადაიჭრება. ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ და აღვადგინოთ ეს კომუნიკაციები,“ - განაცხადა ვარდანიანმა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან სომხეთი მდებარეობს რეგიონის ცენტრში, აღმოსავლეთ და დასავლეთ მეზობლებთან საზღვრების გახსნამ შეიძლება, დიდი შესაძლებლობები შექმნას. მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, როლი შეასრულოს აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასა და ექსპორტში, ასევე საპირისპირო მიმართულებით და შეუძლია ელექტროენერგიის ექსპორტი ორივე ქვეყანაში. მანბე აღნიშნა, რომ სომხეთი ყველაზე მოკლე დერეფანია აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, ასევე საქართველოსა და ირანისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან
Europetime-თან კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის გზავნილს განმარტავს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობას აგრძელებს, რადგან ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან. „ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ჩვენი საერთო კეთილდღეობის დასაცავად. ამდენად, სამიტის საერთო გზავნილი შემდეგია: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან. ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პარტნიორობა, მათ შორის, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მომტანი იქნება. შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობას აგრძელებს, რადგან ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს საჭირო რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, ამაში მთავრობას დავეხმაროთ. ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას გავაგრძელებთ. 30 წლის განმავლობაში მხარდამხარ ვმუშაობდით დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლეოდა შესაძლებლობას, შეხვედრისას განეხილათ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები. გამოცემა AFP გასულ თვეში წერდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიდნენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელორუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებს ვიდეო ჩართვის საშუალებით მიმართა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაცია, პრაქტიკულად, შეასრულა და ევროკავშირისგან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება. „უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის 7 რეკომენდაცია და საპასუხოდ ჩვენ თქვენი ერთიანობის იმედი გვაქვს - რომ მიიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას. ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელორუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოსტინის განმარტებით, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა და აშშ გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ მისი ძალების წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება. ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე შეტევები გახშირდა „ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა. ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გასულ კვირაში ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 19-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 21 ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა. „აშშ-ის ძალებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. თუ ირანის მარიონეტების მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად,“ - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. ბლინკენი გაეროს: აშშ-ს არ სურს ომი ირანთან, მაგრამ თავს დაიცავს
ირანი: ისრაელი თუ ღაზის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც აშშ დარჩება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აშშ-ს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ისრაელი თუ ღაზის სექტორის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც შეერთებული შტატები დარჩება. „ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში. მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ამ ცეცხლისგან უვნებელი არავინ დარჩება," - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, როდესაც მან გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერებს მიმართა. ის ამტკიცებს, რომ „ჰამასი“ მზად არის, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები და რომ მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ისრაელის ციხეებში მყოფი ათასობით პალესტინელის გათავისუფლება. საპასუხოდ, გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი მწვავედ გააკრიტიკა. „ამ კაცის, მასობრივი მკვლელს ან ირანის ტერორისტული რეჟიმის ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის ადგილი გაეროში არ არის. ეს არის მორალური ლაქა გაეროსა და იმ ღირებულებებზე, რასაც ის ეფუძნება,“ - აღნიშნა დიპლომატმა.
პარტია „იაბლოკოს“ განცხადებით, იავლინსკი პუტინს შეხვდა, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განეხილა
კრემლისგან დამოუკიდებელი მედიარესურსი Meduza წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინ პარტია „იაბლოკოს“ დამფუძნებელს გრიგორი იავლინსკის შეხვდა. გამოცემის ცნობით, პარტია „იაბლოკოს“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საჭიროება იყო. ამასთან, რიგი მედიასაშუალებები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ პუტინმა იავლინსკის უკრაინის ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა. ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა „იავლინსკის პრინციპული პოზიციაა.“ მას მიაჩნია, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება და მზადაა მათში პირადად მიიღოს მონაწილეობა.
ახლო აღმოსავლეთში თავდაცვითი ძალების გასაძლიერებლად, 900 ამერიკელი ჯარისკაცი მიემართება
პენტაგონმა განაცხადა, რომ 900-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში ან მიემართება აშშ-ის პერსონალისთვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ისრაელ-ჰამასის ომის გამო დაძაბულობის მატებასთან ერთად, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყში 12-ჯერ და სირიაში ოთხჯერ დაესხნენ თავს გასული კვირის განმავლობაში, განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა. სულ 21 ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მსუბუქი დაზიანებები. შეერთებულმა შტატებმა 7 ოქტომბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ რეგიონში სამხედრო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, რათა შეაჩერონ ირანი და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები. რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები ხუთშაბათს ერაყში კვლავ გახდა სამიზნე, მაგრამ შეტევა ჩაიშალა.
ბაიდენმა ირანი გააფრთხილა
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკელი სამხედრო პერსონალი თავდასხმის სამიზნე არ გახდეს. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ირანს გაფრთხილება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი გაგზავნილი პირდაპირი შეტყობინების მეშვეობით გადასცა. „განხორციელდა პირდაპირი შეტყობინების გადაცემა,“ - განაცხადა ჯონ კირბიმ, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ, ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან თავდასხმების ზრდის ფონზე ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ან მიემართება. აშშ-მ სირიაში ირანის ობიექტებს დაარტყა - პენტაგონი
ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში რაკეტა აფეთქდა - მედია
დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ეგვიპტის ტელეკომპანია Al Qahera-ს ინფორმაციით, რაკეტის აფეთქება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი მხარის მიერ ნასროლი რაკეტა აღმოჩნდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია. „ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი. ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.
IMO-ს გენერალური მდივანი: შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანმა, კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას. მისი შეფასებით, კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“ „აბრეშუმის გზის ფორუმზე დავინახე უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია რეგიონის ქვეყნებიდან შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით - ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია. მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან - ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ, ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, მე დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. აბრეშუმის გზის ფორუმი მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად,“ - აღნიშნა კიტაკ ლიმმა ფორუმზე გამოსვლისას.
ისრაელი „ჰამასის“ “დელეგაციის“ მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ მიიჩნევს
ისრაელი „ჰამასის“ “მაღალჩინოსნების“ მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა. “ჰამასი" “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. "ჰამასის" “მაღალჩინოსნების“ ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, - განაცხადა ჰაიატმა. ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.
კონგრესის ახალ სპიკერი ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტის გაერთიანებას არ ეთანხმება
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უკრაინისა და ისრაელისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ერთად პაკეტად განხილვას არ ეთანხმება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
დავითაშვილი: შუა დერეფნის განვითარების მიზნით, საქართველოში ჩამოყალიბდა კომპანია, რომელიც ჩინეთიდან მომავალ ტვირთებს მოემსახურება
„თბილისის აბრეშუმის გზის ფურუმის“ ფარგლებში შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ასევე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს. დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა დავითაშვილმა. მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზირებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. „ასევე გამოვყოფ შეთანხმებას ყატარის სახელმწიფოსთან, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეზღვაურებს, მათი კვალიფიკაცია აღიარებული იყოს ყატარის სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით და ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“ - განაცხადა მინისტრმა.
ისრაელმა ღაზის სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით რიგით მეორე რეიდი განახორციელა
ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში მეორე „შეზღუდული შეჭრისთვის“ ტანკები და ჯარისკაცები გაგზავნა. The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს „ჰამასის“ წევრებსა და ობიექტებს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, რეიდი შუჯაიას მახლობლად, ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეითებმა, სამხედრო-საინჟინრო ძალებმა და ჯავშანტექნიკამ განახორციელეს, საჰაერო დაფარვას კი ისრაელის საჰაერო ძალების დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ. საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები „ჰამასის“კუთვნილ ობიექტებზე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გაშვებისა და სამეთაურო ცენტრების წინააღმდეგ, განხორციელდა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა და არავინ დაშავებულა.
დანია უკრაინას $520 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიაწვდის
დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას 3,7 მილიარდი დანიური კრონის, ანუ დაახლოებით 520 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიეწოდება. ამის შესახებ უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. დანიის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს T-72EA-ის ტიპის ტანკებს, BMP-2-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, თვითმფრინავებს, მცირე იარაღს და საევაკუაციო მანქანებს. „ეს არის ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რომლებზეც მოთხოვნაა უკრაინაშიც და რომლებიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მის უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმიეროვთან შეხვედრის შემდეგ შედგა.
შსს განცხადებას ავრცელებს
შსს განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რუსეთის არმიის წევრის საქართელოში ყოფნის შესახებ ცნობებს ეხმაურება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს. აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით. 2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ლევან დავითაშვილი: ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და კატარს შორის შეთანხმება გაფორმდა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა, ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა, საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას. საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანასთან, ხოლო კატარი გახდა 73-ე სახელმწიფო ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
საქართველომ და ყაზახეთმა შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველომ და ყაზახეთმა შუა დერეფნის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეთანხმება გააფორმეს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა დამატებებს 2022 წლის 25 ნოემრის შეთანხმებაში, რომელიც 2022 – 2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება.“ უწების ცნობით, აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სეტჟან აბლალიევმა. „დღეს არსებულ საგზაო რუკას დაემატა აქტივობები, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს შუა დერეფნის განვითარებას, ინფრასტრუქტურული კომპონენტის გაძლიერებას და გამტარუნარიანობის გაზრდას, ასევე ამაღლდება უსაფრთხოება, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნების და შუა დერეფნის პოზიციონირებაზე გლობალურ ვაჭრობასა და სატრანსპორტო გადაზიდვებში,“ – განაცხადა გურამ გურამიშვილმა ხელმოწერის შემდეგ. „საგზაო რუკას“ 2022 – 2027 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.