ძებნის რეზულტატი:

Indorama Group-ის დირექტორი: ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ინვესტორები არიან წარმოდგენილები. სადისკუსიო პანელში „აბრეშუმის გზის ღირებულების ჯაჭვები“ სინგაპურული კორპორაციის Indorama Group-ის დირექტორმა, პრაკაშ კეჟრივალმა მიიღო მონაწილეობა. „საქართველოში ჩვენს მფლობელობაშია რუსთავის აზოტის 100 %-იანი წილი. ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი. საქართველოს ძალიან მიმზიდველი ბიზნესგარემო აქვს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა ინვესტორებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც ეხმარება მანუფაქტურული ინდუსტრიის განვითარებას და პროდუქტების ევროკავშირისთვის შეთავაზებას”, - განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო კორიდორებში, პორტებში საჭიროა ინვესტიციების ჩადება, რაც დაეხმარება ექსპორტის გაზრდას ევროპის მიმართულები. ამასთან, Indorama Group-ის დირექტორის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, რუსთავის აზოტის ექსპორტი არ შემცირებულა. „გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ფასების კორექტირება, ბოლო ერთ წელიწადში ფასები დასტაბილურდა და ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გასწორდა, ასევე მიწოდების ჯაჭვიც დასტაბილურდა,“ - განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.  

შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ბიზნესმენი გაამართლა

შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული, წარმოშობით რუსი ბიზნესმენი გაამართლა. სერგეი სკვორცოვი გასული წლის ნოემბერში, სტოკჰოლმის მახლობლად დააკავეს.  სკვორცოვს რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის დასავლური ტექნოლოგიების გადაცემა ედებოდა ბრალად. თუმცა სტოკჰოლმის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სკვორცოვის საქმიანი გარიგებები "მხოლოდ დასავლეთიდან ტექნოლოგიის შესყიდვისთვის იყო გამიზნული და არ ისახავდა მიზნად შვედეთის ან შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, რაც შეიძლებოდა, რომ ჯაშუშობა ყოფილიყო.  პროკურორი ამტკიცებდა, რომ სკვორცოვმა ინფორმაციის მისაღებად, ჯაშუშური ქსელები გამოიყენა, რასაც ექსპორტის რეგულაციებისა და სანქციების გამო, სხვაგვარად ვერ გააკეთებდა. ამასთან, ბიზნესმენი ეხმარებოდა საქონლის შეძენასა და ტრანსპორტირებას, შეცდომაში შეჰყავდა მომწოდებლები ყალბი ინფორმაციის მიწოდებით და ყალბი პირადობის ქვეშ მოქმედებით. მოსამართლემ საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურორმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბიზნესმენის საქმიანობა ჯაშუშობას უტოლდებოდა.  

სლოვენიური კომპანია უკრაინას სადაზვერვო დრონებს უგზავნის

სლოვენიურმა თვითმფრინავების მწარმოებელმა C-Astral-მა უკრაინას სადაზვერვო დრონები გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინული მედია Defense News-ზე დაყრდნობით წერს.  ბოლო კვირებში უკრაინას სლოვენური წარმოების სადაზვერვო დრონი სისტემები (Bramor C4EYE/Belin) მიეწოდება. კომპანია დრონების გადაცემის ზუსტ თარიღსა და გადაცემული დახმარების ზუსტ რაოდენობას არ ასაჯაროებს. Belin-ის ტიპის დრონები ძირითადად სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენება. ხსენებული დრონის სისტემას სამი საათის განმავლობაში 40 კილომეტრის მანძილზე მოქმედება შეუძლია. სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს დრონების გადაცემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და გაურკვეველია, C-Astral-მა დრონები დამოუკიდებლად მიაწოდა უკრაინას თუ მთავრობასთან თანამშრომლობით.  

ლატვიის პარლამენტმა რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შემზღუდავი ცვლილება დაამტკიცა

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების მფლობელებს ავალდებულებს, რომ კანონის ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში დაარეგისტრირონ მანქანა ან გაიყვანონ ის ლატვიის ტერიტორიიდან, იტყობინება სააგენტო Delfi. სამი თვის შემდეგ, რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები ლატვიის ტერიტორიაზე დაიშვებიან, თუ მძღოლი ლატვიის ტერიტორიას ტრანზიტულად გადაკვეთს. რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილი ლატვიის გავლით ტრანზიტს მხოლოდ ერთხელ შეძლებს. თუ მანქანა არ არის რეგისტრირებული ლატვიაში ან აღმოჩნდება, რომ მისი გამოყენება არაავტორიზირებულია,მფლობელს მანქანა ჩამოერთმევა. Delfi-ს ინფორმაციით, ჩამორთმეული მანქანები უკრაინაში გაიგზავნება. ლატვიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხის გათვალისწინებით, რუსეთში რეგისტრირებული მანქანების არსებობა ლატვიის ტერიტორიაზე მიუღებელია. კანონი ძალაში 15 ნოემბერს შევა. ცნობისთვის, პოლონეთი, ნორვეგია, ფინეთი და ბულგარეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას უკრძალავენ. ანალოგიური გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ლიეტუვამ და ესტონეთმაც მიიღეს.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის

ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს, - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს. ევროკავშირის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ამ საკითხთან დაკავშირებით, დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დიალოგი გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებთან. „ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ; ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად თავისუფლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა დაცვის და სიძულვილის ენის რეგულირება აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივის (AVMSD) არსებითი ელემენტია, რომელსაც საქართველო უნდა შეესაბამებოდეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა. გარდა ამისა, „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად, საქართველოს კანონმდებლობა დირექტივის კონკრეტულ დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები, კერძოდ, არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა, ამ საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის არაერთმა ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება და მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობაში ეჭვი შეიტანა. ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას. როგორც ვიცით, საქართველომ ასეთი მუშაობის გაგრძელების ვალდებულება აიღო. ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება, საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს. რაც შეეხება „უხამსობის“ ცნებას, ის დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დიალოგი გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებთან,“ - განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. “მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მიღებულია  

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით. „ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, იყო სამმხრივი შეხვედრაც. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვარ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 26 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა. შატო მუხრანში შედგა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს რაკლი ღარიბაშვილს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვს შორის სამმხრივი შეხვედრაც. შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელდა. ნიკოლ ფაშინიანმა 26 ოქტომბერს თბილისში გამართულ ფორუმზე წარადგინა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც სომხეთსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. ასევე გაეცანით: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა  

მედია: სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მიგრანტებს შორის სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა

უნგრეთის და სერბეთის საზღვარზე 27 ოქტომბერს სროლა იყო მიგრანტებს შორის, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ სერბეთის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება. სროლა მიტოვებულ სასოფლო სამეურნეო საწყობში სოფელ ხორგოშთან მოხდა, ნათქვამია შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა დიდი რაზმი.ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ორ სახელმწიფოს ჰყოფს 175-კილომეტრიანი საზღვარი, რომელსაც მავთულხლართიანი ზღუდე გაჰყვება. უნგრეთმა ზღუდე 2015 წელს სერბეთის მხრიდან ევროკავშირისკენ მიგრანტთა დიდი ტალღის მოზღვავების გამო ააგო. სერბეთის და ევროკავშირის წევრი უნგრეთის საზღვრის არეალში ძალადობის და სროლის შემთხვევები გახშირდა.  

ელჩი ერინ მაქიი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და ევროპასთან დაახლოებას. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ერინ მაქიიმ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, USAID-ის საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ პარტნიორობის მიზანია, ხელი შეეწყოს საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა ევროპასა და აზიასთან დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული სატრანსპორტო ცენტრი გახდეს. ელჩი რობინ დანიგანი: ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლიც, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტის განვითარებას შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ეგვიპტის ცნობით, ქალაქ ტაბაში არა რაკეტა, არამედ, დრონი ჩამოვარდა

ეგვიპტური მხარის ცნობით, ტაბაში არა რაკეტა, არამედ, დრონი ჩამოვარდა. მისი წარმომავლობა ჯერ დადგენილი არ არის. ისრაელის მედიის თანახმად, ინფორმაციას ეგვიპტური გამოცემა al-Qahera news-მა გაავრცელა, რომელსაც ეგვიპტურ დაზვერვასთან კავშირები აქვს. დღეს, 27 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო. „ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, იერიში იემენიდან განხორციელდა, სადაც ირანიდან მართული აჯანყებულები, ჰუსიტები მოქმედებენ. ჩამოვარდნილ დრონზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.  ცნობისთვის, ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.  

აშშ-მ „ჰამასს“ და ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებს დამატებითი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა “ჰამასს“ და ირანის რევოლუციური გვარდიის რამდენიმე წევრს საქციები დაუწესა. ეს „ჰამასის“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მეორე პაკეტია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების სამიზნეები ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ “ჰამასთან“ დაკავშირებული კომპანიების მიერ სანქციების თავიდან აცილებას. აშშ-მ 18 ოქტომბერს განცახად, რომ რომ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ ოპერატორებსა და ფინანსურ შუამავლებს სანქციები დაუწესა. ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) სამხედრო, კარგად შეიარაღებული ელიტური შენაერთია, რომელსაც ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს ირანში. მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტმა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. „ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად,“ - აცხადებდა აშშ-ის სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.  13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კახა კალაძე: უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი

თბილისის მერი კახა კალაძე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ინვესტიციები, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმი და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. შეხვედრაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება. თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის ზრდის მიმართ არსებულ ორმხრივ ინტერესს. „ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების. 2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მზარდი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის „პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხიც,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, სიჩუანის პროვინციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სონგ ჩაოჰუამ თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.  

სლოვაკეთის ახალი პრემიერის თქმით, უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარება გარკვეულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის სხვა ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარება გარანტიებს უნდა მოიცავდეს იმის შესახებ, რომ თანხები მითვისებული არ იქნება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერთგვარი პირობის აუცილებლობას სლოვაკეთი იმით ხსნის, რომ “უკრაინაში კორუფციის პრობლემა არსებობს.“ მანვე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 400 მილიონი ევროთ, რათა უკრაინამ გარკვეული პირობებით მიიღოს 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. ფიცომ ეს პირობები ხუთშაბათს გამართული დებატების დროს წამოჭრა. Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ლიდერების ორდღიან სამიტზე, ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს უკრაინის დახმარების კრიტიკაში შეუერთდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ბიუჯეტის გადახედვის შესახებ დისკუსიისას იყო საერთო კონსენსუსი უკრაინისთვის გათვალისწინებული დამატებითი 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე. სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს. მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ 10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთს ეომონ. „ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის," - განაცხადა ფიცომ პარლამენტის ევროპული კომიტეტის წინაშე გამოსვლაში. ფიცოს მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კიდევ ორ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა. არჩევნების წინ ფიცო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობოდა და რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა.  სლოვაკეთის პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ, ოთხშაბათს ჩატარდა. მის თავმჯდომარედ კოალიციაში შემავალი პარტია „ხმის“ ლიდერი პეტერ პელეგრინი აირჩიეს. კოალიციაშია ასევე პრორუსული განწყობების სლოვაკეთის ნაციონალური პარტია.  

კაია კალასი: უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადავჭრათ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება, რომელიც უნდა გადაიჭრას. „ეს [უნგრეთი] ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებით ეს სულ უფრო რთულდება," - განაცხადა კალასმა. ესტონეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს არ აქვს მძლავრი ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც უნგრეთი აკეთებს. „უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი,“ - აღნიშნა კალასმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა.    

გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და ჯავშანტრანსპორტიორებს. გერმანიის დახმარების ახალ პაკეტში შედის: ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი; საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T; რაკეტები IRIS-T SLS კომპლექსებისთვის; რადარი TRML-4D-სთვის; საბრძოლო მასალა MARS II მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებისთვის; რვა VECTOR სადაზვერვო დრონი; ოთხი GO12 რადარი; ხუთი დრონი; სასაზღვრო სამსახურის ექვსი მანქანა; 10 000 უსაფრთხოების სათვალე; ოთხი 8x8 ტრაქტორი და ოთხი ნახევრადმისაბმელი; 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადება, რომლის მთავარი ელემენტი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა იქნება.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის

Europetime-თან კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის გზავნილს განმარტავს და აცხადებს, რომ ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან საერთო ღირებულებების დასაცავად. „ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ჩვენი საერთო კეთილდღეობის დასაცავად. ამდენად, სამიტის საერთო გზავნილი შემდეგია: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან. ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პარტნიორობა, მათ შორის, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მომტანი იქნება. შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობას აგრძელებს, რადგან ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს საჭირო რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, ამაში მთავრობას დავეხმაროთ. ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას გავაგრძელებთ. 30 წლის განმავლობაში მხარდამხარ ვმუშაობდით დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლეოდა შესაძლებლობას, შეხვედრისას განეხილათ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები. გამოცემა AFP გასულ თვეში წერდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიდნენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

სამიტის დასკვნითი განცხადება: ევროკავშირი გააგრძელებს ევროპულ გზაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას

ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას. ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია. „ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას,” - ნათქვამია დასკვნით განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის შედეგად შეექმნა. ამასთან, ევროკავშირის საბჭო გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ ევროკავშირი გაგრძელებს უკრაინის და მისი ხალხის ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. საბჭო ხაზს უსვამს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარების აუცილებლობას, რათა უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებები დააკმაყოფილოს. განცხადებაში საუბარია სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზეც. საბჭოს განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე. ხაზს უსვამენ, რომ პარტნიორებთან კოორდინაციით საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი, თუ როგორ შეიძლება რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, დააჩქაროს ამ მიმართულებით მუშაობა. Financial Times-ის ორი წყაროს ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს. ამასთან, ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაშია ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს. შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

ლაიენი ადასტურებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ "ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე G7-ის ქვეყნებთან ერთად მუშაობენ. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ვატარებთ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს... ევროკავშირს სურს გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. Bloomberg-ი 21 ოქტომბერს წერდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას იწყებს G7-ის ქვეყნები ოქტომბრის ბოლომდე გამოაცხადებენ რუსული ბრილიანტის იმპორტის შეზღუდვის მექანიზმს, რის შემდეგაც ევროკავშირი დაუყოვნებლივ დაასრულებს წინადადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის შესახებ. რა ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

კონგრესის ახალი სპიკერი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში

ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიატოვებს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში ისრაელს დაეხმარება. ამის შესახებ AP წერს. კონგრესის ახალ სპიკერი ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტის გაერთიანებას არ ეთანხმება „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში, რადგან მჯერა, რომ ის იქ არ შეჩერდება,“ - განაცხადა ჯონსონმა Fox News-ის ეთერში. მან კომენტარი გააკეთა ისრაელზეც. „ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში და ეს არის ისრაელი,“ - აღნიშნა ჯონსონმა. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის და ბაიდენი ერთმანეთს 15 წუთზე მეტხანს ესაუბრებოდნენ. „ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა. მე კმაყოფილი ვარ პრეზიდენტთან ვიზიტით,“ - აღნიშნა კონგრესის ახალმა სპიკერმა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა დაურეკა ჯონსონს და კონგრესის სპიკერად არჩევა მიულოცა. „დროა, ყველა ჩვენგანმა პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და საგარეო დახმარების მიწოდება სწრაფად უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა ბაიდენმა თეთრი სახლის ცნობით. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად  

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წელს დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, საიდანაც 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. „მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება. ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით, ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით