ძებნის რეზულტატი:

ევროპის საინვესტიციო ბანკი უზბეკეთს შუა დერეფნის ოპერაციებში ინტეგრაციაში დაეხმარება - მედია

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გეგმები უზბეკეთში, სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, მიმართულია ინიციატივებისკენ, რომელიც მდგრადი, კლიმატისადმი ნეიტრალური ეკონომიკური მოდელისკენ გადასვლას ეხება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია EIB-ში წყაროზე დაყრდნობით წერს. „უზბეკეთში EIB პრიორიტეტს მიანიჭებს მდგრადი კავშირის პროექტებს, განსაკუთრებული აქცენტით ინიციატივებზე, რომლებიც შუა დერეფნის ოპერაციებში ქვეყნის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული,“ აღნიშნა წყარომ. EIB-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მცდელობები მჭიდროდ ემთხვევა ევროპის გლობალური კარიბჭის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაძლიერებას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, ასევე, ხელს უწყობს არსებით მხარდაჭერას, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკვე გაუწია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს სამხრეთ. კავკასიაში. ელჩი ერინ მაქიი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდას გეგმავს

საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (IRU) აპირებს, TIR სისტემის გამოყენებით შეამციროს ლოდინის დრო შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანის საზღვრებზე. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთან IRU-ს პრეზიდენტმა რადუ დინესკუმ გააკეთა. „TIR არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულება, რომელიც ამცირებს საზღვარზე ლოდინის დროს TIR სისტემის გამოყენებით. ელექტრონული TIR სისტემა აუმჯობესებს უსაფრთხოებას და საიმედოობას სახელმწიფო და საგზაო ტრანსპორტის ოპერატორების თვალსაზრისით, ასევე, ელექტრონული ზედნადების (ECMR) გამოყენების კუთხით,“ - აღნიშნა დინესკუმ. დინესკუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა საქონლის ნაკადი შუა დერეფნის გავლით. „თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის ყველა ქვეყანამ შეძლოს საქონლის ამ ნაკადის განთავსება და გააუმჯობესოს არამხოლოდ მძიმე ინფრასტრუქტურა, როგორიცაა გზები, პორტები, რკინიგზა და ა.შ. არამედ, აუცილებელი რბილი ზომები, რაც გულისხმობს პროცედურებისა და დიგიტალიზაციისკენ სვლას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ამ დერეფანზე ლოდინის დროის შესამცირებლად და უფრო მაღალი სიჩქარის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა IRU-ს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან“, გათიშეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან", მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს. მანამდე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარეშე ესაუბრა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მისი დისტანციურად ჩართვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული." „ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს,“ - განაცხადა მოსამართლემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერებისა და ადვოკატების უკმაყოფილება მოჰყვა. „საავადმყოფოდან ერთვება ადამიანი, გეუბნებათ ვასრულებო. სიტყვის უფლებას არ აძლევთ და თიშავთ? თუ უკვე ასრულებდა, რატომ არ დაასრულებინეთ? ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება, პროცესი ვერ გაგრძელდება, მისი მონაწილეობის გარეშე," - განაცხადა ბექა ბასილაიამ, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სააკაშვილს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ ის თანახმა იყო, მის ადვოკატებს გაეგრძელებინათ სხდომა.  

31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, რიყეზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოს დრო გახანგრძლივდა, რის გამოც, 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე რიყეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება.  თბილისის მერიის ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარცხენა სანაპიროდან (რიყეზე გამავალი გვირაბიდან) იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით.    

რიკოთის გზის სრულად გახსნა 2024 წლის ბოლომდე იგეგმება

2024 წლის ბოლომდე რიკოთი მთლიანად გაიხსნება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატების „ევროოპტიმისტების“ კითხვებს უპასუხა. „რიკოთის მაგისტრალზე სრულად არის დაცული საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი - რიკოთი ეს არის მშენებლობა საგზაო სფეროში, რომლის ანალოგი ჩვენს ქვეყანას არ აქვს, რაც თავის მხრივ, გამოწვევა იყო, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევის წარმატებული დაძლევის შედეგი 27 კმ-იანი დასრულებული ნაწილით ვიხილეთ. რიკოთის 52 კმ-იანი მონაკვეთი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო (E60) და (E70) მაგისტრალური გზის ყველაზე გამომწვევი და რთული მონაკვეთი რელიეფისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, რომლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, უსაფრთხოების ხარისხისა და განვითარების გეგმაზე სახელმწიფომ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. გაიხსნა რიკოთის 27 კმ-იანი მონაკვეთი. ამ მასშტაბის სამუშაოები, ასე ერთიანად, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობა ევროკავშირთან, რომელიც სწორედ ასეთი მასშტაბური პროექტებით არის შესაძლებელი. აღნიშნული მაგისტრალი დაყოფილია 4 მონაკვეთად, რომელიც 51 გვირაბის და 97 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული 4 მონაკვეთიდან გავხსენით 27 კმ-იანი მონაკვეთი ხევიდან შორაპნამდე, რომელიც 38 გვირაბისა და 65 ხიდისგან შედგება. მთლიანობაში, ყველაზე გრძელი ხიდი საქართველოში სწორედ ამ მონაკვეთზეა, რომლის სიგრძე 1 362 მ-ია ხოლო, ყველაზე გრძელი გვირაბი კი 1 640-მ-იანია. ჯამურად, მხოლოდ ამ მონაკვეთზე, გვირაბების სიგრძე შეადგენს 23 კმ-ს ხოლო ხიდების სიგრძე კი 14 კმ-ს. ხელოვნური ნაგებობების რაოდენობა და მათი სიგრძე მეტყველებს იმაზე, რომ ვსაუბრობთ ამ მონაკვეთის რელიეფურად ყველაზე რთულ მონაკვეთზე. სწორედ ასეთი საინჟინრო გადაწყვეტილებებით და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის შედეგად, მოხერხდა იმ ძირითადი სარგებელის მიღება, რასაც 8 კმ-ით მანძილის დამოკლება და აღნიშნული გზის 45 წთ-ის ნაცვლად, 20 წთ-ში გავლა. მთლიანობაში, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ მონაკვეთზე. 51 გვირაბიდან 48 არის უკვე გაჭრილი. 97-დან 83 ხიდი არის აშენებული. ბუნებრივია, დანარჩენ ხიდებზე და გვირაბებზე სამუშაოები გრძელდება,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე. რაც შეეხება 149-ე კმ-ს, მინისტრის თქმით, აქ აღმოჩენილი იყო ნაპრალები, რომლებზეც დაკვირვების შედეგად, ის შეფასდა როგორც მომეტებულ საფრთხედ, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ რიკოთი დაკეტილიყო. „მყისიერად დავიწყეთ გზის გაფართოება. ამის ხარჯზე არსებული დამაგროვებელი ბუფერი 3-ჯერ გაიზარდა, აღიმართა კედელი და დაწესდა შესაბამისი სპეციალური რეჟიმი, რომლის პირობებშიც სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა გვექნებოდა იმდაგვარად, რომ დაწესებული 24-სთ-იანი ვიზუალური მონიტორინგის პირობებში, საჭიროების შემთხვევაში, მოხდებოდა რეაგირება. ეს რეჟიმი უზრუნველყოფდა იმას, რომ ერთდროულად ერთ წერტილში ნაკადები ყოფილიყო რეგულირებული. ღონისძიებები გრძელდება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ რიკოთზე ნებისმიერი შეზღუდვა მოვხსნათ, მიმდინარე სამუშაოების პარალელურად,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან სომხეთის ურთიერთობებზე

სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, თურქეთთან კი, ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს. „აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენს გეგმებშია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ გეგმის წინსვლა სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის,“ - განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტის წევრებს. მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტი მსოფლიო წესრიგის ნგრევის პირობებში არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან. „ამ აღქმიდან გამომდინარე საკვანძო, პრაქტიკული საკითხი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება და აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესახებ გლობალური დისკუსიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვმდებარეობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება გვქონდეს, მათთან ურთიერთობაში იმალება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, ოფიციალური ერევანი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმებები უახლოეს მომავალში მიიღწევა. „იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვახორციელებთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა სომხეთისა და თურქეთის სპეციალური დესპანების შეხვედრების შემდეგ,“ - განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერის თქმით, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი ამ ეტაპზე უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმებების გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.  

“კანდიდატის სტატუსზე უარი, "რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება" - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CBS NEWS-თან

საქართველოს პრეზიდენტმა CBS NEWS-თან ისაუბრა რუსეთზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსა და აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. Europetime ინტერვიუს თარგმანს სრულად გთავაზობთ. _უკრაინაში ომი უკვე მეორე წელს ითვლის. როგორ აისახება ეს ომი აქაურ ცხოვრებაზე? ეს, რა თქმა უნდა, შეხსენებაა იმისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და ფაქტია, რომ ეს ყოველთვის პირდაპირი საფრთხეა. უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ნიადაგს ტესტავს. _თქვენ ფიქრობთ, რომ რუსები საქართველოში ნიადაგს ახლა ამოწმებენ? პრეზიდენტი: დიახ, ახლა. _როგორ? პრეზიდენტი: აქ, მათი მარტივი გზა, ჰიბრიდული ომია. _ვლადიმერ პუტინი უკრაინაში 2022 წელს შეიჭრა. სხვა მიზეზებთან ერთად, მან თქვა, რომ ეს, იქ [უკრაინაში] მცხოვრები რუსების დასაცავად გააკეთა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შიშობს, რომ პუტინს მსგავსი კამპანიის განხორციელება საქართველოშიც შეუძლია. უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველო 100 ათასი რუსის სახლი გახდა. ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან. _რუსებს სჯერათ რომ სახლში არიან? ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ. მაშ რატომ არ ამბობს საქართველო: არა რუსებს საქართველოს საზღვრებში! ეს ხელისუფლების საკითხია. _არ ხართ თქვენ ხელისუფლება? მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები... სამწუხაროდ. **** ქალაქში ხშირია ანტირუსული და უკრაინის მხარდასაჭერი გრაფიტები, რომლებზეც გამოხატულია საქართველოს დროშა ევროკავშირის, აშშ-სა და ნატო-ს დროშებთან ერთად. საქართველოს საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, მისი პოსტი ცერემონიალური გახდა. მას შემდეგ, რაც ის ევროპაში წავიდა, რათა ეცადა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისათვის გზა გაეკვალა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი, აუკრძალა ევროპაში მოგზაურობა და შეეცადა მის იმპიჩმენტს, მაგრამ მარცხი განიცადა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად განაგრძო ლიდერებთან შესახვედრად საკუთარი სახსრებით ფრენები ევროპაში. _ისე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით? ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი საზოგადოება სვამს: - ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] ისაა, რაც მათ [მთავრობას] ნამდვილად სურს, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია? _ეს გადამწყვეტი მომენტია. ფიქრობთ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი, აშშ საკმარისად გულისხმიერი და მხარდამჭერია ამ მომენტში საქართველოს მიმართ? პრეზიდენტი: ასე არ ვფიქრობ და მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე 5 წელია, პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში, მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები - იქნებოდა ეს [აშშ-ს] პრეზიდენტთან, თუ ვიცეპრეზიდენტთან... სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო. _რისი აღიარება? აღიარება იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება. _ევროკავშირმა გაწერა მოთხოვნების სია საქართველოსთვის, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს მოთხოვნები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ადგილობრივი ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შემცირებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის ელოდებიან. რა მოხდება თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს? ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან

„ძალიან გამაღიზიანებელია, როცა შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან,“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი CBS NEWS-თან ინტერვიუში საუბრობს. კითხვას, რუსებს სჯერათ რომ სახლში არიან, პრეზიდენტი პასუხობს: „ისინი ისე იქცევიან და სჯერათ ამის, რომ საკუთარ სახლში არიან. ასე რომ, უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ. _მაშ რატომ არ ამბობს საქართველო: არა რუსებს საქართველოს საზღვრებში! ეს ხელისუფლების საკითხია. _არ ხართ თქვენ ხელისუფლება? მე არ მაქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები... სამწუხაროდ.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ შესაძლებელია, ევროპაში ომის საფრთხე არსებობდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიის მოსახლეობა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ევროპაში შესაძლებელია, ომის საფრთხე არსებობდეს. მას მიაჩნია, რომ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, გერმანიის საზოგადოებისთვის შედეგები ექნება. კერძოდ, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა და ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას. „ჩვენ უნდა გავხდეთ ბრძოლისუნარიანები," - განაცხადა პისტორიუსმა. მისივე თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბორის პისტორიუსმა მანამდე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შეზღუდვას.  

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა [მთავრობის სხდომაზე] განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია -დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ. ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მთავრობის ადმინისტრაცია: ქირურგიული ოპერაციები, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება

ონკოლოგიური ქირურგია ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. საქართველოს მთავრობის ცნობით, მათ შორის იქნებიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ეს შეეხება როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ ოპერაციებს. „სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საია: მარტის აქციებზე დემონსტრანტებს, უმეტესად, შემთხვევითობის პრინციპით აკავებდნენ

ახალგარზდა იურისტთა ასოციაციამ 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს. საია-ს შეფასებით, კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. 7-8 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პარალელურად, გამოვლინდა აქციის მონაწილეთა მასობრივი უკანონო დაკავებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიმართ ძალადობის ფაქტებიც. დემონსტრანტებს, უმეტესად, აკავებდნენ შემთხვევითობის პრინციპით, კერძოდ - არა კონკრეტულ სამართალდამრღვევ პირებს ინდივიდუალურად, არამედ ხშირად მათაც, ვინც აქციის დაშლის ოპერაციისას, უბრალოდ, „ხელში მოჰყვებოდათ“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 7-8 მარტს ადმინისტრაციული წესით სულ 146 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე სულ 55 ზარი შევიდა. სახალხო დამცველმა მოინახულა 101 დაკავებული პირი, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ თბილისისა და სხვა რეგიონების დროებითი მოთავსების იზოლატორებში. საიას ინფორმაციით, 09.03-13.03 (ჩათვლით) პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე სულ 203 ზარი შევიდა, რომლებიც 7-9 მარტს დაკავებული პირების ადგილსამყოფლის დადგენასა და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევას უკავშირდებოდა, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში მომზადდა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საია.  

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსერვატორიის Facebook გვერდზეა განთავსებული. „30 ოქტომბერს კონსერვატორიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა. მონაწილეობდა ორი კანდიდატი: ასოცირებული პროფესორი მაია (მაკა) ვირსალაძე და პროფესორი გიორგი შავერზაშვილი. კანდიდატებმა წარადგინეს სამოქმედო გეგმები და პროგრამები. ხმას აძლევდა აკადემიური საბჭოს ექვსი წევრი ფარული კენჭისყრით. ხმათა უმრავლესობით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი შავერზაშვილი. ამ პოზიციაზე არჩეული კანდიდატი იმუშავებს მაქსიმუმ ექვსი თვე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენისას შავერზაშვილმა 13-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის მიზანია, კანონით განსაზღვრულ ვადაში შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ წარმატებით ჩაატაროს რექტორის არჩევნები. გიორგი შავერზაშვილი კონსერვატორიის საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრია. კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე ნანა შარიქაძეს უფლებამოსილება ამოეწურა. 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”. მისივე შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს,” - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება არჩევნების პროცედურის შეწყვეტას, სამინისტრო კულტურის აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა 27 სექტემბერს სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გამართეს.

შემოწმებული კლინიკების 20%-ს რეანიმაციის და ქირურგიის ნებართვები შეუჩერეს

საქართველოში შემოწმებული კლინიკების 20% რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც დარღვევები გამოვლინდა, ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. „შემოწმებული კლინიკების დაახლოებით, 20% ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. არ იყო იქ მხოლოდ რეანიმაცია, იყო ქირურგიის სტანდარტიც და მათ შესაბამისი ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ. ზოგს ან რეანიმაცია, ან ქირურგია, თუმცა, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, ასე დავარქმევდი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა ისედაც სრულად უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  

რუსთავის მერი: ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა

რუსთავის მერიამ, საკრებულოს ოპოზიური პარტიების ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, უწყებამ ქალაქის სასამართლოში სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანა. ლაცაბიძის თქმით, არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო, ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოიყვანოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს. რუსთაველები კარგად ხედავენ, საქართველოს მთავრობის თანადგომით, რამდენი ახალი პროექტი ხორციელდება ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ მომავალი წლისთვისაც და ამ ფონზე, ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო, სერიოზულ ზიანს მოუტანს ქალაქს. რუსთავის მერიის ორწლიან მცდელობებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრებს, დეპუტატების ფუნქცია შეესრულებინათ და ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განეხილათ, შედეგი არ მოჰყვა. არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს ოპოზიციური პარტიები, უხეშად არღვევენ რეგლამენტს, სხდომაზე განსახილველად არ გააქვთ და უკან დასაბუთების გარეშე აბრუნებენ მერიიდან გადაგზავნილ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. „რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ამ ქმედებით, ერთის მხრივ ფერხდება ქალაქის განვითარება, ზარალდება რუსთავის მოსახლეობა და ხელი ეშლება მერიის საქმიანობას, მეორეს მხრივ, კი საკრებულო კარგავს კანონით მინიჭებულ ფუნქციას,“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე. ლაცაბიძის თქმით, რუსთავის მერიამ, ამის თაობაზე წერილობით არაერთხელ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა მას. „ჩვენ წერილობით არაერთხელ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოვთხოვეთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რათა საკრებულოს საქმიანობის ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა და წესად აქცია, დასრულებულიყო, თუმცა, უშედეგოდ. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს საკუთარი მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა. როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როცა რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარებას გამიზნულად ეშლება ხელი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი ავამოქმედოთ და ეს უპრეცედენტო მავნებლობა დავასრულოთ,“ - განაცხადა რუსთავის მერმა. თავის მხრივ, საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით, საკრებულო ყოველჯერზე ცხდილობ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც მოქალაქეები ინტერესებზეა მორგებული. „მე ვთვლი რომ კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურა, თვე არ გავა, რომ არ მიჩივლონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა,” - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

ისრაელმა ღაზის სექტორში დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ღამით დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა. „სექტორში დამატებითი ძალები შევიდა. ჩვენი აქტივობა იქ მხოლოდ გაძლიერდება,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. ჰაგარის თქმით, ბოლო ბრძოლის დროს, როდესაც ისრაელის სახმელეთო ჯარები ჰამასის პოზიციებისკენ მიიწევდნენ, დაჯგუფების ათობით შეიარაღებული მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს. მან ტაქტიკური მანევრის ერთ სახეობაზე ისაუბრა. „ჩვენ ვახორციელებთ გაფართოებულ სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო ჯარები, ტანკები, ქვეითები, ჯავშანტექნიკა მოძრაობენ ტერორისტებისკენ, რომლებიც პოზიციებს იკავებენ ამა თუ იმ კომპლექსში ჩვენზე თავდასხმის მცდელობის მიზნით. შემდეგ მათ ჰაერიდან ვესხმით თავს,“ - აღნიშნა ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელმა შაბათს განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპზე გადავიდა, კვირას კი განმარტა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გააძლიერებენ.  

მოლდოვაში დაიბლოკება 31 ვებგვერდი, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან კონტროლდება

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა (SIS) გასცა ბრძანება ქვეყანაში 31 ინტერნეტპორტალის დაბლოკვის შესახებ, რომელთა უმეტესობა, 21 პირდაპირ რუსეთიდან ოპერირებს. ამის შესახებ SIS-ის უფროსმა ალექსანდრუ მუსტეატამ 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან დაბლოკილი ვებგვერდები ოლიგარქებს ილან შორსა და ვლადიმერ პლახოტნიუკს დაუკავშირა. მამანდე, 24 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 22 რუსული მედიასაშუალების ვებგვერდის დაბლოკვა გადაწყვიტა.

საფრანგეთი რადიკალიზმის გამო რუსეთის 39 მოქალაქის გაძევებას განიხილავს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი, რადიკალიზმის გამო რუსეთის 39 მოქალაქის გაძევებას განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რადიკალიზმში ეჭვმიტანილი 60-მდე რუსი ადმინისტრაციული პატიმრების ქვეშ იმყოფება. აქედან 39 რუსეთის ხელისუფლების თანხმობით უნდა გააძევონ. „ჩვენ შევადგინეთ 39 რუსეთის მოქალაქის სია, რომლებსაც განსაკუთრებით ვაკვირდებით და რადიკალიზაციაში გვაქვს ეჭვი. ეს სია გასულ კვირას რუსეთის ხელისუფლებას წარვუდგინეთ,“ - განაცხადა მინისტრმა. არასში მასწავლებლის დომინიკ ბერნარდის მკვლელობის შემდეგ, მთავრობას მტკიცე იმიჯის შექმნა სურს. ამ გზით აღმასრულებელი ხელისუფლება გამოხატავს თავის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განდევნოს პირები ეგრეთ წოდებული S-დოსიედან (უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სია).კერძოდ, ხელისუფლებამ პრეფექტებს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „კავკასიიდან 16-დან 25 წლამდე ემიგრანტებს.“ საფრანგეთმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშ პირთა სიაში რუსეთის 60 მოქალაქე შეიყვანა  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7048 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8603 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის დინამიკა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს.  ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზე აველინო ბეტანკურს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე − საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.