ძებნის რეზულტატი:
ნეთანიაჰუმ მის მიერ უსაფრთხოების სამსახურების გაკრიტიკების გამო ბოდიში მოიხადა
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომლითაც უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს. მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს. „შევცდი. ის, რაც მე ვთქვი პრესკონფერენციის შემდეგ, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი ამის გამო,“ - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში 28 ოქტომბერს დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა არ გააფრთხილეს „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ. ოპოზიციის ლიდერებმა ნეთანიაჰუს მისი სიტყვების უკან წაღებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.
დელავერში, ბაიდენის რეზიდენციის მახლობლად, გამანადგურებლებმა სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს
შაბათს, 28 ოქტომბერს დელავერის შტატში, ჯო ბაიდენის ვილმინგტონის რეზიდენციის ჩრდილოეთით, აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა სამოქალაქო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების უფროსმა, ენტონი გუგლიელმიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო ზონაში ადგილობრივი დროით, 14:00 საათის შემდეგ შევიდა. თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. მან სამსახურის მოქმედება სიფრთხილით ახსნა. „ამ ინციდენტს დაცვის ქვეშ მყოფის გადაადგილებაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია და შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტები ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გამოძიებას აწარმოებენ," - განაცხადა გუგლიელმიმ. აშშ-ის პრეზიდენტი ამ შაბათ-კვირას ვილმინგტონში იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში სახმელეთო მოქმედებებს ეტაპობრივად ვაფართოებთ
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა. „ღამის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლა ღაზას სექტორში და ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს,“ - აღნიშნა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა. მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ძალებისთვის რისკებს შეიცავს. „სახმელეთო ოპერაცია რთულია და რისკებს შეიცავს ჩვენი ძალებისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
რომის პაპი: ვილოცოთ უკრაინისთვის, პალესტინისა და ისრაელისთვის - ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას, დაე, ცეცხლი შეწყდეს
რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს. „მოდით, ნუ გავჩერდებით, ვილოცოთ უკრაინისთვის და პალესტინისა და ისრაელისთვის, სადაც მძიმე სიტუაციაა და ასევე, სხვა რეგიონებისთვის, სადაც ომია.“ „ღაზაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას. დაე, ცეცხლი შეწყდეს, ომი ყოველთვის დამარცხებაა - ყოველთვის, ყოველთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.
უკრაინული „ნაფტოგაზი“ გეგმავს, აღარ გაატაროს რუსული გაზი ევროპისკენ
უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს. შესაბამისი განცხადენა კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშევმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში გააკეთა. ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. ჩერნიშევის განმარტებით, უკრაინა დღემდე აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ის სჭირდებათ. მისი თქმით, ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპა დაკარგავს მიწოდებას. თუმცა, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მთლიანად უარს იტყვის რუსული გაზის მოხმარებაზე 2027 წლამდე და უკრაინა დაინტერესებულია, რომ ევროკავშირს ამაში მხარი დაუჭიროს. ალექსეი ჩერნიშევის განცხადებით, ბუნებრივი გაზის მარაგებით უკრაინა ევროპაში მესამე ადგილზეა და აპირებს საკუთარი მოპოვების გაზრდას, რათა მომდევნო წლებში წმინდა ექსპორტიორის როლს მიაღწიოს. ჩერნიშოვი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთი გატარებული გაზის საფასურს უკრაინას სრულად არ უხდის, რადგან ორიდან ერთი ადგილი, სადაც ტრანსპორტირებისთვის გამიზნული გაზის ჩატვირთვა ხდება, რუსეთის როსტოვის ოლქისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული, უკრაინის დონბასის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთმა თვითნებურად თქვა უარი ტრანზიტის საფასურის გადახდაზე. „ნაფტოგაზს“ „გაზპრომთან“ სასამართლო დავა აქვს წამოწყებული. უკრაინულ და რუსულ კომპანიებს ორის ხელშეკრულება 2019 წელს, 5 წლის ვადით გაფორმდა.
ლატვია უკრაინის პოლიციას 12 დრონს გადასცემს
რომ ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო პოლიცია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური (SPRS) უკრაინის სახელმწიფო პოლიციას 12 უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიკარდს კოზლოვსკიმ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, იგორ კლიმენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრისას მინისტრებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს ომის პირობებში უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების გამოცდილებაზე.
გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება
გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიგერიულ ყოველდღიურ გაზეთ Punch-თან ინტერვიუში განაცხადა. „შოლცი კვირას დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში ჩადის და მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას აფრიკის უდიდეს ეკონომიკასთან,“ ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ეს გერმანიის ლიდერის პირველი ვიზიტია ნიგერიაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბოლა ტინუბუს ახალი მთავრობის ინაუგურაცია შედგა. „გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან ნიგერიიდან გაზის იმპორტით და მოუთმენლად ელიან ნიგერიულ გაზის კომპანიებთან თანამშრომლობას,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია კონტინენტის უდიდეს ეკონომიკას, ნიგერიას აფრიკაში მთავარ პარტნიორად განიხილავს.
მედია: ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში ათასობით პირი შეიჭრა
ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში, ფქვილის და ჰიგიენის საბაზისო პროდუქტების წასაღებად შეიჭრა. იტყობინება Reuters გაეროს სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით. „ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამი კვირის ომისა და ღაზის სექტორის მჭიდრო ბლოკადის შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგი იწყებს ნგრევას,” - განაცხადა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზის სექტორში. ალესტინელი ლტოლვილების გაეროს სააგენტოს (UNRWA) ღაზის განყოფილების დირექტორის თქმით, ხალხი შეშინებული, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია.
ახალი კანონპროექტით, ისრაელში ინდივიდის ტერორისტად გამოცხადებაც შეიძლება
საკანონმდებლო საკითხებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შესწორება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს არამხოლოდ ორგანიზაციის, არამედ, ცალკეული ინდივიდის ტერორისტულ აგენტად გამოცხადება შეეძლება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთისა და იუსტიციის მინისტრის, იარივ ლევინის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ შესწორების მიზანს სხვადასხვა ორგანიზაციაში, განსაკუთრებით კი, “ჰამასის“ ტერორისტულ დაჯგუფებაში მოქმედი ინდივიდების დაფინანსების ჩაშლა წარმოადგენს. „ეს ცვლილება ადმინისტრაციულ ზომებს გააძლიერებს, რომელთაც ცალკეული ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება. ამასთან, ის ტერორისტული მიზნით კადრების გადაბირების, დაფინანსებისა და თანხების გადარიცხვის საკითხებსაც შეეხება," - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი: გაეროს ნაცვლად ახალი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ გაერო „ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებისთვის და უუნარობისთვის“ მწვავედ გააკრიტიკა. მინისტრის შეფასებით, „სამწუხაროდ, უკრაინასა და ისრაელში ომებმაც კი სრულებით ვერ შეცვალეს გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონირების პროცესი გაეროში.“ „მრცხვენია გაეროსი გამო. ჩემი აზრით, ჩეხეთის რესპუბლიკა არაფერს უნდა ელოდოს ისეთი ორგანიზაციისგან, რომელიც ტერორისტებს უჭერს მხარს და არ სცემს პატივს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, გავიდეთ. სამი კვირის წინ „ჰამასმა“ 1 400-ზე მეტი ისრაელელი მოკლა, ეს უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მოკლა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი უპრეცედენტო ტერაქტის წინააღმდეგ ნათლად მხოლოდ 14 ქვეყანა დადგა, მათ შორის, ჩვენც,“ – განაცხადა ჩერნეხოვამ. 27 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს.
BBC: ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ
რუსეთის საავიაციო სააგენტომ დაღესტნის მთავარი აეროპორტი დროებით დახურა მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ჯგუფი ადგილზე ისრაელის მოქალაქეების მოსაძებნად შეიჭრა. BBC წერს, რომ აეროპორტში არეულობაა. გამოცემა წერს, რომ კვირას ნაშუადღევს, დაღესტნის ტელეგრამ არხებზე დაიწყო შეტყობინებების გავრცელება, რომ ლტოლვილები, სავარაუდოდ, თელ-ავივიდან რესპუბლიკაში საცხოვრებლად რეგულარული რეისით უნდა ჩამოსულიყვნენ. ამის შემდეგ მალევე აეროპორტში ადგილობრივებმა შეკრება დაიწყეს. ზოგი ადგილზე პალესტინის დროშებით მივიდა. თავდაპირველად, როგორც ტელეგრამ არხები წერდნენ, ისრაელის მოქალაქეების ძებნაში ჯგუფმა აეროპორტის შენობიდან გამოსული ადამიანებისგან დოკუმენტების მოთხოვნა დაიწყეს. მალე ჯგუფი შენობაში შეიჭრა. რუსულმა მედიასაშუალება „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა ფოტო, რომლის თანახმად, ანტისემიტური პროტესტის მონაწილეები თვითმფრინავის ფრთაზე ავიდნენ. ამავდროულად, რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი შემდეგნაირად აღწერს მომხდარს: „შეკრებილები ეწინააღმდეგებიან პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს“; „უშიშროების ძალებმა მაჰაჩყალის აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს იქ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.“ დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა მასობრივი არეულობის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იუწყება მედია. ამ დროისთის აეროპორტი დახურულია რეისებისთვის, მაჰაჩყალისკენ მიმავალ თვითმფრინავებს სხვა ქალაქებისკენ გზავნიან. ადგილზე მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები - ქალაქში გაძლიერებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების დაცვა.
მაჰაჩყალის აეროპორტში დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა - მედია
რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში მასობრივი არეულობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღესტნის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციელები. ორის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით. მაჰაჩყალის აეროპორტი ისევ დაკეტილია. რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, აეროპორტი, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გაიხსნება, სამართალდამცველების მიერ მთელი ტერიტორიის დეტალურად შემოწმების შემდეგ. BBC: ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ
ზელენსკი: ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, რუსეთის მიერ ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილია სხვა ერების მიმართ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია რუსეთში, დაღესტანში მომხდარი მოვლენებით, როდესაც ბრბომ აეროპორტის ტერმინალი თელ-ავივიდან ჩასული ებრაელების მოსაძებნად გაარღვია. ზელენსკის თქმით, რუსეთის ლიდერები ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებენ. „ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი მაჰაჩყალაში, არამედ, რუსეთის მიერ ფართოდ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი სხვა ერების მიმართ, რომლის პროპაგანდასაც ახორციელებენ სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ წელს ანტისემიტური განცხადებების სერია გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმაც გამოიყენა ანტისემიტური ენა. რუსული ანტისემიტიზმი და სიძულვილი სხვა ერების მიმართ, არის სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. სიძულვილი არის ის, რაც ამოძრავებს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ სიძულვილთნ დასაპირისპირებლად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მაჰაჩყალის აეროპორტში დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა - მედია
რუსეთი აცხადებს, რომ სევასტოპოლზე „საზღვაო დრონებით" შეტევა იყო
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში გამთენიისას, აფეთქებები იყო. პირველი ცნობები ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 უეკიპაჟო კატერი(საზღვაო დრონი). სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერაციის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უკრაინის 36 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იმავე დღეს, რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ძლიერი ხანძარი იყო კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ხანძარი ნახევარ საათში ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა. ასევე 29 ოქტომბერს ღამით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ და BBC-მ უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფიპსკის ქარხანას, რომელიც რუს სამხედროებს საწვავით ამარაგებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 2 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. წყაროს თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ქარხნის რამდენიმე ახალი დანადგარი და დაიწვა რამდენიმე რეზერვუარი. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. ნახევარკუნძულზე დრონებითა და რაკეტებით შეტევა 2023 წლის შემოდგომიდან გახშირდა. სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
„ლივერპულის“ ფეხბურთელის გატაცებული დედა პოლიციამ გადაარჩინა, მამას კვლავ ეძებენ - Reuters
ინგლისის საფეხბურთო კლუბმა, ლივერპულმა დაადასტურა, რომ გუნდის კოლუმბიელი მოთამაშის, ლუის დიასის მშობლების გატაცებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ფლობს. კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ ფეხბურთელის დედა უკვე იპოვეს, თუმცა მამამისი კვლავ იძებნება. ლუის დიასს 29 ოქტომბერს, ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგჩატარებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელის მიმართ მხარდაჭერა „ენფილდზე“ 3-0 მოგების დროს, დიასის მაისურის აწევით გამოხატეს. დიასის მშობლები კოლუმბიაში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.
მედია: დაღესტნის აეროპორტში შეჭრისა და არეულობის ფაქტზე, 60 პირი დააკავეს
დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში გამართული ისრაელის საწინააღმდეგო აქციის 60 მონაწილე დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 150 ყველაზე აქტიური მომიტინგე. მაჰაჩყალის აეროპორტში დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა - მედია BBC: ანტისემიტური აქციის მონაწილეები მაჰაჩყალის აეროპორტში შეიჭრნენ
გაეროს შეფასებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. განცხადების თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები არ გავრცელდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდის და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არამარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ, ინგლისურ ენაზეც შეიძლება, იყოს განთავსებული. „ჯანმრთელობის დაცვა და თამბაქოს კონტროლის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება უმნიშვნელოვანესია. მთავრობებმა უნდა იმოქმედონ, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა დაიცვან თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ჩარევისგან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ამ ცვლილებების მიღებით კი, პრიორიტეტი ენიჭება თამბაქოს კომპანიების ფინანსურ ინტერესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების ხარჯზე. საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი, ასევე, მოზარდების და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თამბაქოს მომხმარებელია. გაეროს განვითარების პროგრამის/ჯანმოს/დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევის“ ფარგლებში 2017 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ჯანდაცვის პირდაპირი და აგრეთვე არაპირდაპირი ხარჯებით, რაც ლარზე მეტი შეადგინა, დაღუპულთა რიცხვი კი 11,000-ს აჭარბებს. ამ ვითარების შეცვლა თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტიანი პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ ძლიერი კანონმდებლობის მიღებით, საქართველომ დადებითი ნაბიჯი გადადგა, რომლის ეფექტიანი განხორციელებით პირველი შედეგები მიიღო კიდეც. თუმცა, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლების სტაბილურად კლების და მისი კატასტროფული ზემოქმედების შესამცირებლად, როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის სრულად ამოქმედება და შემდგომი გაძლიერება არის საჭირო. თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სტანდარტული შეფუთვის რეგულაციები თავდაპირველად ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პუნქტის ამოქმედება 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო და შემდგომ კიდევ ერთხელ გადავადდა 2024 წლის პირველ ივლისამდე. ეს გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს. დღეის მდგომარეობით, ევროპისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე სადა შეფუთვას იყენებს, როგორც თამბაქოს კონტროლის ეფექტურ ღონისძიებას. ამით თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობა მცირდება, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტი იზრდება, უფრო ნაკლებად ხდება მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და, საბოლოოდ, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელიც მცირდება. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოთავაზებული ცვლილებები არ დაამტკიცოს და ვიმედოვნებთ, რომ ის განაგრძობს უმაღლეს დონეზე გაცხადებული პოლიტიკის გატარებას ჯანმრთელობის დაცვის და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ასევე დაიცავს კანონმდებლობას თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების ჩათვლით,“ - ნათქვამია განცხადებაში. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინონ საკუთარი პროდუქტის სრულად რეალიზაცია. „ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ. მეორე მხრივ, მინიმალიზირებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში ცვლილებაზე 27 ოქტომბერს იმსჯელა. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომლებიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე. ცვლილების ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მიზანშეწონილია, ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს
დიდგორის მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფიცის დადების ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. თეორიული სწავლების ფარგლებში, ისინი გაეცნენ სადისციპლინო წესდებას, გაიარეს საიჟინრო და პირველადი სამედიცინო მომზადება. პრაქტიკული მომზადების ეტაპზე კი, იუნკერებმა შეისწავლეს იარაღის გამოყენების, სროლისა და უსაფრთხოების წესები. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის განმავლობაში მათ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან შეგუებაც უწევდათ. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში საბაკალავრო პროგრამების მიხედვით გააგრძელებენ. ფიცის დადების ცერემონიალზე ,,საპატიო სიგელებით“ დააჯილდოვეს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდგორის ველზე იუნკერების მიერ სამხედრო ფიცის დადება ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს იუნკერების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ოკუპირებულ ცხინვალში „საქართველოსკენ ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეა განიხილეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრი, ზაზა დრიაევი, „საქართველოსკენ ეკონომიკური გზის გახსნის“ იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „დეპუტატმა“ აცამაზ კასაევმა ცხინვალის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის ტრანზიტის ინიციატივაზე ისაუბრა და დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ყურადღების ნაკლებობაზე მიუთითა. „ოფიციალურ ცხინვალს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ ჰქონია. თუ ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ და ასეთი საკითხები ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილება, მაშინ ასეთ განცხადებებზე რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს,“ - განაცხადა კასაევმა. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პეტრ გასიევის განცხადებით, გზის გახსნის წინადადება „კერძო ინიციატივაა.“ ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ე.წ. დეპუტატმა ზაზა დრიაევმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ მის პოზიციას გზის გახსნასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაქვს საბაჟო, გვაქვს სასაზღვრო სამსახური, ეს არის დამატებითი შემოსავალი ბიუჯეტში. პროდიქტები სამი საბაჟო განყოფილების საშუალებით შემოდის და თუ საქონლის საწყისი ფასი 20 რუბლია, აქ ჩამოსვლის შემდეგ, ეს უკვე 200-250 რუბლი ღირს,“ - განაცხადა “დეპუტატმა.“
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება აშშ-ის მიერ სანქცირებულებს ხელს აფარებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლება არამხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ, მათ ხელს აფარებს. 51 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს „ხელისუფლებას სანქცირებული პირების ინტერესების დაცვის შეწყვეტისკენ და მათ წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.“ "ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს. აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა. მრავალი წელია, ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე. მის მიმართ სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო. წლების განმავლობაში მისი სახელი არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდა, თუმცა მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. 14 სექტემბერს კი აშშ-ის ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ საქმიანობის ბრალდებაც დაემატა. სამართალდამცავებს ამ საკითხზე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ, უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა. აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია. ვფიქრობთ, დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად," - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-Georgia); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); უფლებები საქართველო. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სასამართლოს გუშაგი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; სამოქალაქო იდეა; ევროპულ - ქართული ინსტიტუტი (EGI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საზოგადოება და ბანკები; მწვანე ალტერნატივა; თანასწორობის მოძრაობა; თბილისი პრაიდი; GrlzWave; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; დემოკრატიის მცველები; ფრანკლინის კლუბი; საქართველოს მომავლის აკადემია; რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი; ჭავჭავაძის ცენტრი; დემოკრატიის ინსტიტუტი; კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise; სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC); წერტილი; Promote Georgia; ქვემო ქართლის მედია; ასოციაცია „ღირსეული სიბერე“; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“; ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა; აფხაზური ამბები; თაობათა გაძლიერების ქსელი; ქალთა ფონდი „სოხუმი“; მაისის მოძრაობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ჯიუტი; დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი; საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“; კომლი; სამოქალაქო აქტივობის ცენტრი - ლაკმუსი; ქალთა ფონდი საქართველოში (WFG); ყვარლის ევროკლუბი; დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის.